ორჰან ფამუქი - სტამბოლი

კონრადის, ნაბოკოვის, ნაიპოლის მსგავსად სხვა წარმატებულმა მწერლებმაც გამოიცვალეს ენა, სამშობლო, კულტურა, ქვეყანა, კონტინეტი, ცივილიზაციაც კი და წერა ასე გააგრძელეს. მაგრამ თუ ისინი ამ გადასახალებებითა და მომთაბარეობით ძლიერდებოდნენ, მე სწორედ ჩემს სახლთან, ქუჩასთან, გარემოსთან, ჩემი ფანჯრის ხედსა და ქალაქთან მუდმივი კავშირის წყალობით ვიქეცი ასეთ მწერლად.

ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც.

ტკივილი ჩემი არსებობის გააზრებაზე მეტად იმას მასწავლიდა, რომ არსებობს მწარე სინამდვილე, რომელსაც უნდა გაექცე.

რა განსხვავებაა იმ ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთს იმის წარმოდგენა მოსწონს, რომ ნაპოლეონია, მეორემ კი ზუსტად იცის, რომ ნაპოლეონია? პირველი ბედნიერი ფანტაზიორია, მეორე კი შიზოფრენიით დაავადებული უბედური.

ბავშვობაში ძალიან მაწუხებდა, დაბალი რომ ვიყავი. ფანჯრიდან გადახედვა არ შემეძლო.

უფროსები უშნოები, თმიანები და უხეშები ზედმეტად მოუხერხებლები და მოუქნელები, ზედმეტად საღად მოაზროვნეები იყვნენ. ოდესღაც მათაც იცოდნენ, რომ ჩვენში არსებობს მეორე, საიდუმლო სამყარო, მაგრამ დიდი ხნის წინ დაკარგეს ოცნებისა და გაოცების უნარი.

მაღაზიის ვიტრინაში ზუსტად ისეთი სახელმძღვანელო იდო, ჩემს ძმას რომ ჰქონდა, რაც ჩემთვის იმის ნიშანი იყო, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება ჩვენი სახლის მცხოვრებლების ცხოვრებას ჰგავს. ეს იყო პირველი გაკვეთილი, რომელიც ქუჩაში სეირნობისას ავითვისე.

ჩვენში იშვიათად ნახავ წითელს, ნარინჯისფერსა და მწვანეს. მათი შემხედვარე უცხოელი ფიქრობს, რომ ეს ხალხი რაღაც გაურკვეველი მორალური პრინციპების გამო ცდილობს, თავისი ჩაცმულობით ყურადღება არ მიიპყროს. მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი ის მძიმე სევდაა, რომელიც სისადავეს შობს. დამარცხებისა და დანაკლისის გრძნობამ, რომელიც უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ნელ-ნელა შემოვიდა ქალაქში, სიღარიბისა და სიძველის კვალი დაატყო ყველაფერს - სტამბოლის შავ-თეთრი პეიზაჟებით დაწყებული მის მკვიდრთა ჩაცმულობით დამთავრებული.

სტამბოლელები იძულებულნი არიან, თავიანთი ქალაქის წარსულს ძირითადად შავ-თეთრად ხედავდნენ და ეს ხედვა ყველაზე უკეთ ესადაგება იმ სევდას, რომლითაც ისინი ცხოვრობენ. 

ბოსფორის არსებობა დამარცხების, კრახის, დამთრგუნველობის გრძნობას ეწინააღმდეგება და ჯაბნის მას. იგი ყოველთვის უკავშირდება სიცოცხლის ნებელობას, გრძნობების სისავსეს, სიხარულის განცდას. ბოსფორი სტამბოლის სულია. მასში იკრებს ქალაქი ძალებს. 


ზაფხულობით, დილის საათებში, მიყვარს იმ საოცარი სინათლის ყურება, რომელშიც ზეცის წითელი ნათება და წყლის საიდუმლო სიბნელე ერთმანეთს ერწყმის. ვუყურებ და მისი საიდუმლოს ამოხსნას ვცდილობ. მიყვარს იმის ყურება, როგორ ნელა იცვლება აღელვებულ-აქაფებული წყლის ფერი (რომელიც გიჟურად შეაქანებს ხოლმე დინებაში მოხვედრილ ნავს) ის ისეთივე საოცარია, როგორიც მონეს ნახატის - „გუბურები დუმფარებით“ - ფერების ცვალებადობა, როცა მას მიუახლოვდები და სხვა მხრიდან შეხედავ.

ისე მგონია, რომ სტამბოლს არ აქვს ცენტრი, რომ ის უსასრულოა, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში ბოსფორზე სეირნობისას მეჩვენებოდა ხოლმე, როცა ზღვის ერთ უბეს მეორე მოჰყვებოდა და ყოველი მოსახვევის მერე, რომელიც ნაპირს მიუყვებოდა, ხედი საოცრად იცვლებოდა.



ჯიჰანგირში, სადაც ჩვენ გაღარიბების შემდეგ გადავედით, პირველად გავიგე, თუ რას ნიშნავს სტამბოლური უბანი და მივხვდი, რომ ჩემი ქალაქი უბნების არქიპელაგია, სადაც ადამიანები ერთმანეთს, ასე თუ ისე, იცნობენ და არა- ბინების ქაოტური თავმოყრა, სადაც ერთმანეთისგან კედლებით გამოყოფილი მცხოვრებლები ერთმანეთს არ იცნობენ და არც იციან, ვის ვინ მოუკვდა, ან ვინ რას ზეიმობს.

სევდა თვალებს გვიბნელებს, რეალობას ფარავს და ცხოვრებას გვიმსუბუქებს. ის შეიძლება შეადარო ორთქლს, ფანჯარას წვეთებად რომ დაედება, როცა ოთხში ჩაიდანი დუღს. 

სტამბოლის სევდა - მისი მუსიკის ხასიათია, მისი პოეზიის მთავარი აზრიც და ცხოვრებაზე გარკვეული შეხედულებაც, სულიერი მდგომარეობაც, რაღაც სუბსტანციაც, რომლის გარეშე სტამბოლი სტამბოლი არ იქნებოდა, ანუ ყველაფერი ერთადაა, ამიტომ, ქალაქი თავის სევდას სიამაყით და ღირსებით ატარებს (ყოველ შემთხვევაში ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის). 

სტამბოლელები თავიანთ სევდას ერთად განიცდიან.

იმ სახელმწიფო თუ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ წასვლა, რომლებიც ითხოვდნენ, ევროპელივით მოქცეულიყავი მაშინ, როცა აზიელად ყოფნა გინდოდა, ან პირიქით, აზიელივით დაგეჭირა თავი, როცა ევროპელობა გსურდა, სტამბოლელი მწერლებისთვის იყო ერთადერთი ქვეცნობიერი საშუალება მარტოობის შესანარჩუნებლად. 

ბიბია სახლიდან ძალიან იშვიათად გადიოდა. როგორც უმრავლესობა, ვისთვისაც ქალაქის უმთავრესი ნაწილი მათი სახლია.

იმის მიხედვით, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ადამიანები ამა თუ იმ მოვლენას, შეგვიძლია გავიგოთ, სად ვიმყოფებით - დასავლეთში თუ აღმოსავლეთში.

იგი თავს გრძნობდა ორ სამყაროს შორის აღმოჩენილ სამხედრო ტყვედ, რომლებიც ადამიანს ერთადერთ გზას უტოვებს - იყოს მუსლიმი, ან ქრისტიანი.

ყოველთვის, როცა თვალწინ (ალაჰი) დამიდგებოდა, ვგრძნობდი, რომ ის იყო ყველაზე ძლიერი უმაღლესი არსება. მისდამი დიდ პატივისცემას ვგრძნობდი, მაგრამ მაინცდამაინც არ მეშინოდა. იმიტომ კი არა, რომ უცოდველად, ან უმანკო ჩვილად ვთვლიდი თავს, არამედ იმიტომ, რომ ვგრძნობდი - ამ შორეულ და უმნიშვნელოვანეს არსებას ჩემი სულელური ფანტაზიები და პატარ-პატარა ცოდვები არ აღელვებდა.

მე ალაჰის კი არ მეშინოდა, არამედ ჩემნაირებისკენ მომართული მორწმუნეთა რისხვის. გარდა ამისა, მეშინოდა იმ ხალხის სისულელის, ვის გონებაში ღვთიური სიბრძნის ანარეკლის კი არ იყო.

მთელი შენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ადამიანებთან რუდუნებით აწყობილი ურთიერთობა, დაგროვებული ნივთები - დროის წინაშე ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანი ჩანს. სწორედ ამის გაცნობიერება ამიჩქროლებს ხოლმე გულს.

ცოცხალი ქალაქის პორტრეტის შექმნა და მისი ატმოსფეროს, მისი სუნთქვის გადმოცემა, მისი ყოველდღიური ცხოვრების ყველა წვრილმანის დაჭერა მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია.

სულ მენატრება ის დრო, როცა ჩემი ქალაქი ცარიელი, თითქმის უკაცრიელი იყო.

ღარიბი უბნებისა და ბალახით დაფარული ნანგრევების სილამაზით დასატკბობად აუცილებელია, ამ ადგილებისთვის „უცხო“ იყო.

ხშირად სწორედ ღარიბი უბნებია ყველა ეროვნული ღირებულების წყარო.

ლამაზი ხომ მხოლოდ ის არ არის, რაც კარგად შეინახა, არამედ ხანდახან სწორედ ის, რაც ვერ გადარჩა, რაც ინგრევა და ქრება. სტამბოლელების „ბრწყინვალე სტამბოლის“ სახე უდავოდ მისი ნანგრევების სევდასთანაა დაკავშირებული. აი, რატომ არ უყვართ ქალაქელებს, როცა ძველ, გაშავებულ და დამპალ ხის სახლებს რესტავრაციას უკეთებენ და ღია ფერის საღებავებით ღებავენ.

თუ საკუთარ თავს ბედნიერებაში დაარწმუნებ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არაფერი დაგრჩენია, მართლაც შეიძლება დაიჯერო, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ ასეთი ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება.

უცხოელებს ყველაზე ხშირად სწორედ სტამბოლში ავიწყდებათ, რომ ქალაქის არსის შესაცნობად მხოლოდ იმის დანახვა არ არის საკმარისი, რაც გარეთ ხდება, ისიც უნდა იცოდე, რა ხდება კედლების მიღმა.

სტამბოლის პეიზაჟში გემების ყველაზე დიდი წვლილი მათი გამონაბოლქვია.

მხატვრისთვის მთავარია ფორმა და არა - საგანთა არსი, რომანისტისთვის მნიშვნელოვანია მოვლენების ურთიერთკავშირი და არა - მათი თანმიმდევრობა, მემუარისთისთვის კი - მოგონებების სიმეტრია და არა - მათი სინამდვილე.

მუსიკის ტაქტივით, ნახატივით და საინტერესო ამბის სიუჟეტივით ცვალებადი ცხოვრება, ადრე თუ გვიან, დასრულდება, ქალაქის ხედები კი სამუდამოდ დარჩება ჩვენს ოცნებებსა და მოგონებებში.
შესაძლოა, ჩვენი ქალაქი და ოჯახი უბრალოდ, იმიტომ გვიყვარს, რომ სხვა გზა არ გვაქვს. მაგრამ, ის ხომ უნდა გვესმოდეს, რა გვიყვარს ქალაქში და საკუთარ თავს ავუხსნათ, რატომ გვიყვარს.

შესაძლოა, ჩვენი ქალაქი და ოჯახი უბრალოდ, იმიტომ გვიყვარს, რომ სხვა გზა არ გვაქვს. მაგრამ, ის ხომ უნდა გვესმოდეს, რა გვიყვარს ქალაქში და საკუთარ თავს ავუხსნათ, რატომ გვიყვარს.  


გამომცემლობა „დიოგენე“, 2012 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში