ფილიპ როთი - დევნილობაში
ნაწყვეტი ფილიპ როთის რომანიდან - "პორტნოის სინდრომი"
კვირა დილით, კარგად რომ მოთბება, ჩვენი უბნის ოცი კაცი შვიდინინგიანი სოფტბოლის თამაშს იწყებს (ის წლებია, მოედნის ცენტრალური ნაწილი მოკლე რომ იყო). ცხრაზე შეუდგებიან და შუადღის პირველი საათისთვის ამთავრებენ ხოლმე.
თითოეულ თამაშზე ფსონად დოლარი იდება. მსაჯობით უბნის კბილის ექიმი, მოხუცი ვოლფენბერგი მსაჯობს, რომელსაც კოლეჯი აქვე, ახლოს აქვს დამთავრებული - საღამოს კურსები ჰაი სტრიტზე გაუვლია, მაგრამ ჩვენთვის აქაური დიპლომი ოქსფორდისაზე ნაკლებად არ ფასობს. მოთამაშეებს შორის არიან: ჩვენი ყასაბი, მისი ტყუპისცალი სანტექნიკოსი, უბნის ბაყალი და იმ ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი, სადაც მამაჩემი ბენზინს ყიდულობს ხოლმე - ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე მამაკაცები. თუმცა მათ ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს თვალში ესენი მხოლოდ „კაცები“ არიან. დანესტიანებული სიგარები თამაშის დროსაც პირში აქვთ გაჩრილი, ბოლოებს უღეჭავენ. ბიჭები კი არა, კაცები! ღიპები! კუნთები! შავი ბალნით დაფარული მკლავები! მელოტი თავები! ახლა რა ხმები აქვთ? ერთი კვარტლის იქით ისმის მათი შეძახილები, ზარბაზანი რომ დააქუხო, უფრო შორს მისი ხმაც ვერ გაისმება.
წარმომიდგენია, რა ხმის იოგები აქვთ - სარეცხის თოკებივით მსხვილ-მსხვილი! დირიჟაბლებივით დაბერილი ფილტვები! ამათ ცხოვრებაში ვერავინ ეტყვის: „რას დუდღუნებ შენთვის, ხმა ამოიღე!“ თან როგორ ბილწსიტყვაობენ! მოედანზე რომ სიტყვები ისმის, უბრალო ღლაბუცი არ გეგონოთ, ეს უკვე ღადაობის კასკადია და ჩემნაირ ბიჭუნას, რომელიც მახვილსიტყვაობის ხელოვნებას ახლა ეუფლება, წარმოუდგენლად აღაფრთოვანებს. განსაკუთრებით ბიდერმანი იკურთხება - კაცი, რომელსაც მამაჩემი „გადარეულ რუსს“ ეძახის. კუთხის საკონდიტროსა და საბუკმეკეროს მფლობელი ბიდერმანი, რომელმაც რაღაცნაირი „ჭოჭმანით“ იცის ხოლმე ჩაწოდება და ეს მხოლოდ სასაცილო კი არა, ძალიან მაგარი სანახავია. „აბრაკადაბრა!“ - დაიძახებს ერთს და ბურთს ღონივრად მოისვრის ხოლმე. ექიმ ვოლფენბერგს სულ ასე ეუბნება: „ბრმა მსაჯი გამიგია, მაგრამ ბრმა კბილის ექიმი?“ ამის წარმოდგენისას ხელთათმანს იხდის და შიგ შუბლში იტყაპუნებს. „მიდი, ითამაშე! მასხარა! - გამოსძახებს ექიმი ვოლფენბერგი, ალი-კვალი კონი მექი (ლეგენდარული ფიგურა ამერიკული ბეისბოლის ისტორიაში - მოთამაშე, მენეჯერი და გუნდების მფლობელი) ორფერი ტყავის დასვრეტილ ფეხსაცმელებსა და პანამაში. - ითამაშე-მეთქი, ბიდერმან, თუ არ გინდა, რომ ენის წაგდებისთვის გაგაპანღუროთ!“ „ნეტავ, ხელობას როგორ გასწავლიდნენ, დოკ? სტომატოლოგიურ სასწავლებელში ბრაილის შრიფტით აკითხებენ?“
ამ დროს მოედანზე ხმაურითა და გნიასით შემოდის კაცი, რომელიც ბეტონის სარევ მანქანას უფრო ჰგავს, ვიდრე ჰომო საპიენსს - ხილ-ბოსტნეულის ბაზრის მეფე, ელი სოკოლოვი. უჰ, რა პისკს (პირი - იდიში) აღებს და რა სიტყვებს უშვებს (როგორც დედაჩემი იტყოდა)! ნახევარი ინინგის განმავლობაში მოედნის ცენტრიდან მთავარი ბაზის მისამართით სულ გინება ისმის, მერე კი, როცა მისი გუნდი გადადის შეტევაზე, ელი პირველ ბაზაზე დგება და ახლა საპირისპირო მხარეს მიედინება გინების ნიაღვარი. სხვათა შორის, რასაც ელი პირიდან უშვებს, არაფრით უკავშირდება იმას, რაც ამ დროს მოედანზე ხდება.
თუ კვირა დილით არ მუშაობს, მოედანზე მამაჩემიც მოდის და რამდენიმე ინინგს ჩემთან ერთად უყურებს ხოლმე. ელი სოკოლოვს (ისევე, როგორც სხვა მოთამაშეებს) ბავშვობიდან იცნობს. ადრე ყველანი ნიუარკის ცენტრში ცხოვრობდნენ - სანამ დედაჩემს გაიცნობდა ჯერსი სიტიში გადმოვიდოდა. მამაჩემი ამბობს, რომ ელი ყოველთვის ასეთი იყო: „ნამდვილი შოუმენი“. როცა ელი მეორე ბაზისკენ გარბის და მთავარი ბაზის მისამართით უწმაწური სიტყვების კორიანტელს აფრქვევს (სადაც ჯერ ბეტერიც კი არ დგას - მხოლოდ ექიმი ვოლფენბერგია, რომელიც იქაურობას ცოცხით გვის), ტრიბუნაზე ხალხი აღფრთოვანებისგან ჭკუას კარგავს: იცინიან, ტაშს უკრავენ და ყვირიან: „ერთი-ორი ტკბილი სიტყვა უთხარი, ელი! მიდი, სოკოლოვ, არ დაინდო!“ ბოლოს ექიმი ვოლფენბერგი, რომელიც საკუთარ მოვალეობას, არაპროფესიონალი მსაჯის კვალობაზე, მეტისმეტად სერიოზულად ეკიდება (იმიტომ, რომ გერმანელი ებრაელია), ხელს მაღლა სწევს, თამაშს აჩერებს, რომელიც სოკოლოვმა ისედაც თავდაყირა დააყენა, და ბიდერმანს მიმართავს: „ამ მეშუგენეს (ბრიყვი, სულელი - იდიში) მოედნის ბოლოში ხომ ვერ გაისტუმრებ?“
რა საყვარლები არიან ყველანი! ამ დროს მე პირველ ბაზასთან ხის ტრიბუნაზე ვზივარ, გაზაფხულის სურნელთან ერთად ბეისბოლის ხელთათმანის მომჟავო სუნი მომდის - ოფლის, ტყავისა და ვაზელინის - და სიცილით ვკვდები. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო ოდესმე სხვა ადგილას. რატომ უნდა წავიდე აქედან? რატომ უნდა ვიცხოვრო სხვაგან, როცა ყველაფერი, რაც შეიძლება ამ ცხოვრებაში მომინდეს, აქ მაქვს? მასხრობა, ხუმრობა, ღადაობა - თუ გართობა და სიცილი გინდა, აქ უნდა იყო! მიყვარს აქაურობა! და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი საშინელ სერიოზულობას ინარჩუნებს. მეშვიდე ინინგის მერე უნდა ნახოთ, როცა ფსონად დადებული დოლარი მოგებულის ხელში გადადის. ახლა არ მითხრათ, რომ იმ დოლარს არ მისტირიან! დამარცხება და გამარჯვება სახუმარო საქმე არ არის... და მაინც, არის! აი, ეს მხიბლავს ყველაზე მეტად. შეჯიბრში გააფთრებით იბრძვიან, მაგრამ მასხრობას და მაიმუნობას მაინც არ ეშვებიან. შოუს აწყობენ! რა კარგია, რომ ებრაელ კაცად გავიზრდები! სიცოცხლის ბოლომდე უიქვეიკის კვარტალში ვიცხოვრებ, კვირაობით, ცხრიდან პირველ საათამდე, ჩენსელორ ავენიუზე სოფტბოლს ვითამაშებ - კლოუნი და ჟინიანი მეტოქე, მოლაყბე ბრძენი და სახიფათო ჩამწოდებელი!
გამომცემლობა „დიოგენე“, 2013 წ.
სერია - ამერიკელები | დიოგენე