სახარება მარიამ მაგდალინელის მიხედვით
შენიშვნა: (არ არსებობს ტექსტის სრული ვერსია; მხოლოდ ამის გადარჩენა მოხერხდა)
ინგლისურიდან თარგმნა - ლევან რევაზიშვილმა
წყარო - clouds.ge
თავი IV
...განადგურდება სუბსტანცია(ყველა საგნისა და მოვლენის საფუძველი) თუ არა?
22. მხსნელმა თქვა: ყოველი არსი, ყოველი ფორმაცია, ყოველი ქმნილება - არსებობს თავის თავშივე და ერთი მეორესთვის; და ისინი იქნებიან გამოვლენილნი თავიანთ ფესვებში.
23. რამეთუ არსის ბუნება გამოვლენილია თავისსავე ფესვში და, თავისსავე ბუნებაში მხოლოდ.
24. ვისაც ყურის აქვს სასმენლად, იმან ისმინოს.
25. პეტრემ უთხრა მას: მას შემდეგ რაც ყოველივე აგვიხსენი ჩვენ, ესაც გვითხარი, - რა არის ცოდვა სამყაროსი?
26. მხსნელმა თქვა: არ არსებობს ცოდვა; ეს თქვენა ხართ, რომელნიც იქმთ ცოდვას, როდესაც სჩადიხართ საქმეებს, რომელნიც რომ მეძაობის ბუნებისანი არიან, და იწოდებიან ცოდვად.
27. ამიტომაც კეთილი დადგა თქვენს შორის, საჭიროებისთვის - ყოველი არსისა; იმისათვის, რათა დაუბრუნოს ისინი თავიანთ ფესვებს.
28. და განაგრძო მან და თქვა, - ამიტომაც არის რომ ავადდებით და კვდებით, რამეთუ განშორდით მას, რომელსაც ძალუძს თქვენი განკურნება.
29. ვისაც გონება აქვს გასაგებად, დაე, გაიგოს იმან.
30. სუბსტანციამ შვა ვნება, რომელსაც არა ჰყავს ექვივალენტი, და რომელიც გამოედინება ბუნების საწინააღმდეგოდ; შემდეგ კი, იწყება მოშლა და რღვევა - მთელს სხეულზე, სამყაროსი.
31. ამიტომაც გითხარით თქვენ, იყავით მხნედ; და თუ არა ხართ მხნედ, გაიმხნევეთ თავი იმ მრავალფეროვან საგანთა ჭვრეტით, რომელნიც ბუნებაში არიან.
32. ვისაც ყური აქვს სასმენად, იმან ისმინოს.
33. და როცა კურთხეულმა დაასრულა სიტყვა, მიუბრუნდა მათ და უთხრა: მშვიდობა გქონდეთ; მიიღეთ ჩემი მშვიდობა - თქვენში.
34. გაფრთხილდით, არავინ აგაცდინოთ გზას, ძახილით: ‘აჰა, აქ’ ‘აჰა, იქ’, რამეთუ ძე კაცისა თქვენშია.
35. მას მისდიეთ.
36. ვინც მას დაეძებს, ის იქნება მპოვნელი მისი.
37. წადით და იქადაგეთ სახარება სამეფოსი.
38. იმათ გარდა, რაზედაც მე მიგითითედ, ნურავითარ წესებს ნუ დააწესებთ. და ნუ შემოიღებთ კანონებს, ვითარცა კანონმდებელნი, რათა თავადაც არ შეიზღუდოთ სიტყვით, რომელსაც დაუმატებთ იმას, რაც უკვე გითხარით.
39. და როცა ყოველივე ამის თქმა დაასრულა, ის განეშორა მათ.
თავი V
1. მაგრამ დანაღვლიანდნენ ისინი და შეჰღაღადეს: როგორ წავიდეთ წარმართებში და ვიქადაგოთ - კაცის ძის სამეფოს სახარება, როცა თავად იგი არ დაინდეს, ჩვენ როგორღა დაგვინდობენ?
2. და წამოდგა მარიამი და, ნუგეში სცა მათ და უთხრა თავის ძმებს: ნუ სტირით და ნუ სწუხხართ, ნურც იორჭოფებთ; ვინაიდან მისი მადლი იქნება თქვენსზედ და დაგიფარავთ თქვენ.
3. არამედ, ხოტბა შევასხათ მის დიდებულებას, რამეთუ მან მოგვამზადა ჩვენ და გვქმნა - როგორც კაცი.
4. როცა მარიამმა დაასრულა ამის თქმა, მან მათი გულები კეთილისაკენ მიაქცია, და მათ იწყეს მხსნელის სიტყვათა განხილვა.
5. პეტრემ უთხრა მარიამს: დაო, ვიცით რომ მხსნელმა ყველა დანარჩენ ქალზე მეტად შეგიყვარა. 6. გვითხარი მისი სიტყვები, რომელნიც გახსოვს, რომელნიც შენ იცი და - ჩვენ არა; და რომელნიც არ მოგვისმენია ჩვენ.
7. მარიამმა მიუგო და უთხრა მას: რაც დაფარულია თქვენგან, მე გამოგიცხადებთ თქვენ.
8. და გახნა ბაგე და ეუბნებოდა მათ: მე, თქვა მან, მე ვნახე უფალი ხილვაში და ვუთხარი მას: უფალო, მე გიხილე დღეს ხილვაში; მან მომიგო და მითხრა მე:
9. კურთხეულ ხარ შენ, რამეთუ არ ირხევი ჩემს თვალთა წინაშე; ვინაიდან, სადაც გონებაა, იქ იქნება საუნჯეც.
10. მე ვუთხარი მას: უფალო, ვინც ხილვას ხედავს, სამშვინველით ხედავს მას იგი თუ, სულით?
11. და მომიგო მხსნელმა და მითხრა: ის არც სამშვინველით ხედავს და არც სულით; არამედ გონებით, რომელიც ამ ორს შორის მკვიდრობს; გონება არის, რომელიც ხედავს ხილვას და, ის არის [..დაკარგული ტექსტი..]
თავი VIII
... ეს.10. და სურვილმა თქვა: მე არ მინახავს შენი დაშვება, მაგრამ მე ვხედავ ახლა შენს ამაღლებას. რატომ ცრუობ მას შემდეგ, რაც მე მეკუთვნი?
11. მიუგო სამშვინველმა და უთხრა: მე გიხილე შენ. შენ არც გინახივარ და არც გიცვნივარ. მე გემსახურებოდი როგორც სამოსელი და შენ არ მიცნობდი მე.
12. როცა ეს თქვა სამშვინველმა, წავიდა იგი (სამშვინველი) და დიდად გაიხარა.
13. კვლავ მოვიდა იგი მესამე ძალად, რომელიც იწოდება უცოდინარობად.
14. ძალამ კითხვები მისცა სამშვინველს და ეკითხებოდა: სად მიდიხარ? ბოროტებით ხარ შეკრული; და თუმცა შეკრული ხარ, ნუ განსჯი!
15. და სამშვინველმა თქვა: რად განმსჯი? და თანაც, ფიქრობ, რომ მე არ მმართებს შენი განსჯა?
16. მე ვიყავი შეკრული, და თან - არც.
17. მე არ მცნობდნენ; მაგრამ მე ვცანი, რომ ყოველივე გარდავა - მიწიურიც და ზეციურიც.
18. როცა სამშვინველი გასცდა მესამე ძალას, ამაღლდა და იხილა მეოთხე ძალა, რომელსაც შვიდი ფორმა ჰქონდა.
19. პირველი ფორმა არის სიბნელე; მეორე - მისწრაფება; მესამე - უცოდინარობა; მეოთხე არის მღელვარება სიკვდილისა; მეხუთე არის - სამეფო ხორციელებისა; მეექვსე არის - სულელური სიბრძნე, ხორციელი; მეშვიდე არის - რისხვითსავსე სიბრძნე. ესენი არიან შვიდი ძალნი, რისხვისა.
20. და მათ ჰკითხეს სამშვინველს: საიდან მოდიხარ დამაქცეველო კაცთაო? ანდაც საით მიდიხარ, სივრცის დამპყრობელო?
21. და სამშვინველმა მიუგო და უთხრა: რაც მე მჰკრავდა, უკვე მკვდარია; და რაც გზას მაცდენდა, უკვე დაიძლია;
22. და სწრაფვანი ჩემი უკვე დასრულდა, და უცოდინარობა - მოკვდა.
23. დასაბამიდან თავისუფალი ვიყავ სამყაროსაგან, და სახეობათაგან მრავალთა; და დავიწყების ბორკილთაგან, რომელიც არის დროებითი, წარმავალი.
24. ამ დროიდან მოყოლებული, მივაღწევ განსვენებას დროში, სეზონში, მარადისობაში, სიმშვიდეში.
თავი IX
1. როცა დაასრულა მარიამმა ყოველივე, რაც მხსნელისაგან მოესმინა და გაეგო, წყნარად დაეშვა და დაჯდა.
2. მაგრამ, ანდრიამ მიუგო ძმებს და უთხრა მათ: თქვით, რაც გინდათ რომ თქვათ იმაზე, რაც მისგან მოისმინეთ; მე, ცოტათი მეეჭვება რომ მხსნელს ეთქვას ასე; ჭეშმარიტად, ძალზედ უცნაური იდეებია ამ სწავლებაში.
3. პეტრემაც კვერი დაუკრა და, მოჰყვა იმავეს განხილვას.
4. და ეკითხებოდა მათ იგი მხსნელზე: ნუთუ ნამდვილად ელაპარაკა დაფარულში, ქალს და, ჩვენ არაფერი გვითხრა - ღიად? გვმართებს მივემხროთ და ვუსმინოთ ქალს? ნუთუ ჩვენს თავს ურჩევნია მას - ეს ქალი?
5. და აცრემლდა მარიამი და უთხრა პეტრეს: ძმაო ჩემო, პეტრე, რას ფიქრობ? ნუთუ ფიქრობ რომ, მეთვითონ შევთხზე ყოველივე ეს, ჩემს გულში? ანდაც, განა ვცრუობ მხსნელის შესახებ?
6. ლევიმ მიუგო პეტრეს და უთხრა: პეტრე, შენ ყოველთვის გულფიცხი იყავ.
7. ახლა ვხედავ, რომ როგორც მოწინააღმდეგენი იბრძვიან, შენ ისევე იბრძვი ქალის წინააღმდეგ.
8. მაგრამ თუ მხსნელმა სცნო იგი ღირსად, ჭეშმარიტად, ვინა ხარ შენ რომ უარყო იგი? მერწმუნე, მხსნელი კარგად იცნობს მას.
9. ამიტომაც არის რომ მხსნელს იგი უყვარს ჩვენზე მეტად; სჯობს შეგვრცხვეს და შევიმოსოთ სრულყოფილი კაცით, და დავცილდეთ და ვიქადაგოთ სახარება; არ შემოვიღოთ სხვა წესები და სხვა რჯული - თვინიერ იმისა, რაც მხსნელმა გვითხრა.
10. და როცა მათ ეს მოისმინეს, აღიძვრნენ რათა ეხარებინათ და ექადაგათ.