ოთარ ჭილაძე - ფიროსმანი

ფიროსმანი, რასაკვირველია, პროფესიონალი მხატვარია, ნათლად გამოკვეთილი პოზიციითა და მკაცრად ჩამოყალიბებული ფილოსოფიით აღჭურვილი. მისი ფუნჯი გარკვეულ კანონებს ექვემდებარება და გარკვეული სკოლის მოთხოვნებს ასრულებს, როცა მუშამბის ნებისმიერ ნაგლეჯს, ტიტანური ძალისხმევითა და გენიოსური დაუდევრობით, სამარადისოდ ანიჭებს განუმეორებელ ხასიათსა თუ უჩვეულო განწყობას, უკეთილშობილეს იდეასა თუ უსპეტაკეს სულს... 

ფიროსმანი უკანასკნელი წარმომადგენელია ჩვენი საეკლესიო მხატვრობისა. წესით, ტაძრები უნდა მოეხატა, მაგრამ ცხოვრების უკუღმართობის გამო დუქნებს ხატავდა. და მაინც, მთელი მისი არსება, მიუხედავად ირგვლივ გამეფებული სიბნელისა, ჯიუტად ინარჩუნებს თითქოს სამუდამოდ დამთავრებული უძველესი ქართული საეკლესიო მხატვრობის შორეულ გამონაშუქს. განა მზე რომ ჩადის, ყველაფერი ერთდროულად და ერთნაირად ითქვიფება სიბნელეში?! ზოგიერთი საგანი უფრო დიდხანს უძლებს წყვდიადის შემოტევას, უფრო დიდხანს ინახავს მზის დანატოვარ სინათლეს, და სწორედ ასეთი «საგანია» ფიროსმანიც. მართალია, მისმა «ეპოქამ», მისმა «მიწიერმა დრომ» ტაძრიდან დუქანში გადაინაცვლა, მაგრამ ის მაინც უფრო სულის მხატვარია, ვიდრე – ყოფისა. უფრო სწორად, ყოფის რომელიმე უაღრესად დამახასიათებელი დეტალის აღმოჩენისა და წარმოჩენის იშვიათი უნარით კი არ გამოირჩევა მხოლოდ, არამედ ნებისმიერი დეტალისთვის კიდევ სხვა, ბოლომდე ამოუხსნელი (რასაკვირველია, ჩვენთვის) დანიშნულებისა და მნიშვნელობის მინიჭებით.

მისი «მოქეიფეები» წმინდანებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მოქეიფეებს, ოღონდ ეგაა, ჯვრებისა და ხატების ნაცვლად ხელში ჩვეულებრივი ყანწები უჭირავთ. და მაინც, მათი «ქეიფი» დროსტარების ტრადიციული სცენა კი არ არის, არამედ იდუმალი აქტია უაღრესად მნიშვნელოვანი საიდუმლოს განდობისა, ოღონდ საიდუმლოს განმდობებს სახეებზეც ეტყობათ, თვითონვე რომ არ სჯერათ, მართლა თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე მათი საიდუმლოს გამგები. არც მისი «მეთევზე» ჰგავს ბუნებრივ გარემოში მოხვედრილსა და ნადავლით ხელდამშვენებულ მეთევზეს. თუმცა, შარვალაკაპიწებული, მდინარეში დგას და ვეება თევზიც უჭირავს ხელში, ერთი სახტად დარჩენილი, გაწბილებული თუ შეშინებული კაცია, მისთვის უჩვეულო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი და, გეგონებათ, მდინარეც ელანდება და თევზიცო, ანდა საერთოდ პირველად ხედავს ერთსაც და მეორესაცო...
საერთოდ, ფიროსმანის ფუნჯის ყველა «ნაშიერი» ერთნაირად შემცბარი და გაოცებულია, თითქოს არც ერთი მათგანის სულში ჯერ არ დაბადებულა რაიმე ცუდი ზრახვა. ხოლო მაინც თუ სჩადის ცუდს, მხოლოდ და მხოლოდ იძულებით, ანდა უნებლიეთ, როგორც მოთვინიერებული ცხოველი. ისინი თითქოს იმ გარემოში კი არ დაბადებულან, რომელშიც ცხოვრობენ, არამედ შემთხვევით, მოულოდნელად აღმოჩენილან აქ და ამიტომაც არიან ერთნაირად დაბნეულები, სევდიანები, უცხოები, როგორი უცხოც, ვთქვათ, ჟირაფია საქართველოს ბუნებისთვის. მაგრამ იმავე ჟირაფისა არ იყოს, მათი შემქმნელის ჯადოქრობის წყალობით, ძნელად თუ მოინახება ჩვენს სინამდვილეში რაიმე მათზე უფრო ახლობელი, მათზე უფრო ბუნებრივი, მათზე უფრო ქართული...

1972 წელი