აკაკი ბაქრაძე - ლეგენდა

ერთი შემთხვევა უნდა გაგახსენოთ. იგი დოსტოევსკის ცხოვრებაში მოხდა. 

მოსკოვში ცხოვრობდა ცნობილი პედაგოგი ლევ ივანეს ძე პოლივანოვი. 1880 წელს იგი იყო რუსული სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების დროებითი მდივანი და პუშკინის საიუბილეო ზეიმის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე. ქმარს გვერდით ედგა და ბეჯითად ეხმარებოდა მარია ალექსანდრეს ასული პოლივანოვა.

პუშკინის იუბილე ჩატარდა, როგორც მთელი რუსული კულტურის დღესასწაული. 1880 წლის 8 ივნისს დოსტოევსკიმ წარმოთქვა თავისი საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა. მან ახლებურად დაანახვა პუშკინი რუსეთს და ისიც ვიცით - რა გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა მან დამსწრე საზოგადოებაზე.

მაგრამ დოსტოევსკის სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მარია პოლივანოვასათვის. 25 აგვისტოს ამ ქალისაგან დოსტოევსკიმ ბარათი მიიღო. იშვიათი გულწრფელობითა და გულახდილობით ატყობინებდამარია პოლივანოვა მწერალს თავის წუხილს.

წერილის შინაარსი ასეთი იყო:

ცოლ-ქმარ პოლივანოვებს უყვარდათ ერთმანეთი. მათი ცხოვრება მშვიდად და სიამტკბილობაში მიმდინარეობდა. მაგრამ 1874 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. ოჯახში გუვერნანტი მოიყვანეს. თავისებური შეხედულების ქალი იყო გუვერნანტი. მან მარია პოლივანოვას უთხრა, რომ ჰყავდა საქმრო, მაგრამ არ სჯეროდა სიყვარულის, ხოლო ქორწინება მიაჩნდა უზნეობად. ქორწინებაში იგი ძალადობასა და პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას ხედავდა. სჯეროდა, რომ ქალს ყოველი მამაკაცის გაბრიყვება შეუძლია. მაგრამ მოხდა ისე, რომ გუვერნანტსა და ლევ პოლივანოვს ერთმანეთი შეუყვარდათ. ეს სიყვარული მტკიცე გამოდგა. მარია პოლივანოვას თავდავიწყებით სძულდა გუვერნანტი. მისი დანახვისას გულყრა ემართებოდა. ოცნებობდა მის სიკვდილზე, სურდა მისი დახრჩობა. მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა. 8 ივნისს ორივე ქალმა მოისმინა დოსტოევსკის სიტყვა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ახლა თავად მარია პოლივანოვას დაუგდეთ ყური: «იგი მომვარდა, მომეხვია, მეუბნებოდა, რომ ძალიან უბედურია, მთხოვდა პატიებას თუ რაღაც ამგვარს. ყველა წყენა ერთბაშად გამიქრა. გარდა უსაზღვრო სიბრალულისა მისდამი, აღარაფერი დარჩა ჩემში. ჩვენ გადავკოცნეთ ერთმანეთი».

რაყიფები შერიგდნენ. ორივემ დაიჯერა, რომ ერთად შეუძლიათ ბედნიერნი იყვნენ და ლევ ივანეს ძეც გააბედნიერონ. კაცი ქალების აღტკინებას ეჭვით შეხვდა. უსიამოვნო განწყობილება დაეუფლა მას. მართლაც, როცა შერიგების პირველმა ტალღამ გაიარა, მარია პოლივანოვა მიხვდა, რომ მას პატიება არ შეეძლო. იგი არ იყო თანახმა mariage an trois (სამთა ქორწინების).

მარია პოლივანოვა დოსტოევსკის დახმარებას სთხოვდა, შველას ეხვეწებოდა. მწერალმა არ იცოდა, რა ექნა. იგი არ მოელოდა, მას არ უფიქრია, რომ მის ნათქვამს სიტყვასიტყვით გაიგებდნენ და მერე ამ მოდელის მიხედვით ცხოვრებას დააპირებდნენ. მან მხოლოდ სიყვარულის, სათნოების, ჰარმონიის ლეგენდა შექმნა. მარია პოლივანოვა კი მას სთხოვდა ლეგენდა სინამდვილედ ექცია. დოსტოევსკის, ცხადია, ეს არ შეეძლო.

დოსტოევსკიმ არ უპასუხა 25 აგვისტოს წერილს. მაგრამ პოლივანოვა არ ეშვებოდა. იგი წერილს წერილზე უგზავნიდა მწერალს და დაჟინებით ითხოვდა პასუხს, რჩევა-დარიგებას, მდგომარეობიდან თავდახსნის გზის სწავლებას. უაღრესად დაბნეულმა დოსტოევსკიმ არ იცოდა, რა ექნა. იგი ბოდიშს უხდიდა მარია პოლივანოვას. არწმუნებდა, რომ მხოლოდ პროზაიკოსია და არ იცის გზა, საშუალება, ხერხი, რომლითაც უშველის ქალს. კარგა ხანს გასტანა ამ მიმოწერამ და, ბოლოს, როგორც იქნა, მარია პოლივანოვა დარწმუნდა, რომ დოსტოევსკი მწერალია. იგი ილუზიურ სინამდვილეს ქმნის და ამის მიხედვით ცხოვრება შეუძლებელია.

8 ივნისს, თავის სიტყვით, დოსტოევსკიმ წამიერი ლეგენდა შექმნა, სადაც სიყვარული, შერიგება, ჰარმონია სუფევდა. ორივე რაყიფმა ქალმა წამით იცხოვრა ლეგენდით. ეს მშვენიერება იყო. მაგრამ, როგორც კი ლეგენდის ხიბლი გაიფანტა, რეალობა დაბრუნდა და მტრები ისევ მტრებად დარჩნენ.
გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა «ლეგენდას» იმ არაჩვეულებრივი ემოციური ძალის საზომად ვხმარობ, რომელსაც მხატვრული ნაწარმოები ახდენს პუბლიკუმზე. სწორედ ლეგენდური ძალის საშუალებით ქმნის მწერალი, საერთოდ ხელოვანი, ახალ სინამდვილეს - ილუზიურ სინამდვილეს.
«პოეტურ ინტეგრალებში» მიხეილ კვესელავამ ფრიად საყურადღებო და დამაფიქრებელი კითხვა დასვა:
«ნეტავი, რომელი სამყარო იქნება უმჯობესი, ის, რაც რეალურად იყო და არის, თუ რაც ხელოვნებასა და ლიტერატურაშია წარმოდგენილი?.. თუ პირველი - მაშინ ხომ სულ ამაოდ დამშვრალან ყველა ქვეყნისა და საუკუნის მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები თუ არქიტექტორები? ან თუ მეორე - მაშინ რატომ ისე არ ვაწყობთ ჩვენს გარემოსა და ცხოვრებას, როგორც იმათ დაუსახავთ იდეალურად?»

ამ კითხვის ჩემი პასუხი ასეთია:

ეს ორი სინამდვილე ერთმანეთს ვერ შეცვლის. არც პირველია მეორეზე უკეთესი და არც მეორე პირველზე უმჯობესი. ორივე სინამდვილეს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს. ეს ფუნქციები ერთმანეთს კი არ ცვლიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ. ისინი უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ. ერთიც აუცილებელია და მეორეც. ამდენად არც ვინმე დამაშვრალა ამაოდ.

დააკვირდით, როცა ადამიანს უანგარო და თავგანწირული მეგობრობა მოენატრება, თხზავს ტარიელისა და ავთანდილის ძმობის ლეგენდას. «მე იგი ვარ, ვინც სიცოცხლეს არ ამოკრეფს კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად».

როცა ადამიანს თავდავიწყებული, უმანკო სიყვარული მოენატრება, იგი ქმნის რომეოსა და ჯულიეტას ლეგენდას.

როცა ადამიანს პატიოსანი, კეთილშობილი, უმწიკვლო კაცი მოენატრება, იგი წერს დონ-კიხოტის ლეგენდას.

როცა ადამიანს სამყაროსთან შერწყმის ოცნება გაიტაცებს და ბუნების საიდუმლოს ამოცნობას მოიწადინებს, იგი იგონებს მინდიას ლეგენდას.

როცა ადამიანს სიმამაცე, ვაჟკაცობა, გამბედაობა მოენატრება. იგი თხზავს როლანდის სიმღერას.

ადამიანი ორ სინამდვილეში ცხოვრობს. ერთია რეალური, მეორე - ილუზიური. თუ რეალური სინამდვილე ბუნების შემოქმედების ნაყოფია, ილუზიური სინამდვილე ლიტერატურისა და ხელოვნების შექმნილია. თუ არ იქნება რეალური სინამდვილე, გაქრება ის მკვებავი ფესვი, ურომლისოდაც ვერ იარსებებს ილუზიური სინამდვილე, გაქრება იმედი, ოცნება, მისწრაფება. რეალურ სინამდვილეში ადამიანს გამოეცლება მამოძრავებელი მუხტი. ადამიანი ობოლივით იგრძნობს თავს. ერთი სიტყვით, ილუზიური სინამდვილე რწმენას ქმნის, ურომლისოდ არსებობა შეუძლებელია.

ამიტომ არ შეიძლება ერთი სინამდვილის მეორეთი შეცვლა. ისინი ერთად უნდა არსებობდნენ, როგორც ერთი მთლიანობის ორი აუცილებელი ნაწილი.

ნურავინ იფიქრებს, რომ არსებობს ადამიანი, ვინც ილუზიური სინამდვილის თვინიერ ცხოვრობს. ზოგისათვის ილუზიურ სინამდვილეს მწერლობა ქმნის, ზოგისათვის - მუსიკა, ზოგისათვის - მხატვრობა, ზოგისათვის - ქორეოგრაფია, ზოგიერთისათვის თეატრი, ზოგისათვის - კინო...
ილუზიური სინამდვილე ყოველთვის ლეგენდას შეიცავს. თუ მას ლეგენდა აკლია, მაშინ იგი რეალური სინამდვილის პირია. მისით არავინ დაინტერესდება. მის მიმართ გულგრილი დარჩებიან.

თუ გახსოვთ, დონ-კიხოტი ეუბნება სანჩოს - «იქნება გგონია, ყველა ის ამარილისები, ფილისები, სილვები, დიანები, გალატეები, ფილიდები და სხვანი ამგვარნი, რითაც სავსეა ჩვენი წიგნები, შაირები, რომანსები, სადალაქოთა თაროები და თეატრები, - ცოცხალი, ძვალ-ხორციანი არსებანი, მათ მაქებარ პოეტთა სატრფონი ყოფილიყვნენ? სულაც არა. ისინი მხოლოდ პოეტთა წარმოდგენაში ცოცხლობდნენ, მათი შაირების საგანს შეადგენდნენ, რომ თავი მიჯნურად გამოეჩინათ ან მიჯნურობის ნიჭის მქონედ მაინც!» ამის მერე დონ-კიხოტი საუბარს ასე ამთავრებს - «ჩემი მიჯნური ქალი როგორადაც მსურდა, ისეთად წარმოვიდგინე. ისეთი სიმშვენიერე და გარეგნობა მივეცი, რომ მასთან ვერც ელენე, ვერც ლუკრეცია, ვერც ძველი რომისა და საბერძნეთისა და ბარბაროსთა ყველა ქებული ქალი ფეხს ვერ გაიწვდიან. დაე, ამაზე ვისაც რა უნდა, ისა თქვას: «უმეცარნი დამძრახავენ, გონიერმა მაინც იქნებ სხვაგვარად შეხედოს საქმეს».

დონ-კიხოტი მართალია: ყოველი ადამიანი წარმოდგენით ქმნის იდეალურს და ლეგენდურის სამოსელში ხვევს მას.

ადამიანი ეტრფის სრულყოფილს. სრულყოფილი კი ლეგენდით იქმნება და იგი ილუზიურ სინამდვილეში არსებობს. მახსოვს, შალვა ნუცუბიძე გალილეის ცხოვრებას გვიამბობდა. ლექციის დასასრულს მისებურად გაიღიმა და თქვა - რა თქმა უნდა, ინკვიზიციის სასამართლოში მას არ უთქვამს «მაინც ბრუნავსო». ინკვიზიციის ჯალათები მიამიტი ბალღები არ ყოფილან და მათ დარჯაკში გამოვლილ კაცს იმისთავი აღარ ექნებოდა, ვაჟკაცობის ჩვენების მიზნით, დაეყვირა - Epur si muove! მაგრამ იტალიელი ხალხის სინდისმა ინება, რომ გენიალური მეცნიერი სწორუპოვარი ვაჟკაციც ყოფილიყო. ხალხს არ უნდა დაიჯეროს, რომ უზენაესი ძუნწია და ადაიმიანს ერთდროულად რამდენიმე სიქველით არ აჯილდოვებს.

ლეგენდის ფასი კარგად ვლინდება ერთ ამბავში, რომელსაც ჰაინრიხ მანი გვიყვება «მეფე ანრი მეოთხის სიჭაბუკეში».

თვრამეტი წლის უფლისწულმა ანრიმ მთელი ღამე გაატარა მებაღის ასულთან, ჩვიდმეტი წლის ფლორეტასთან. დილით, როცა ისინი ერთმანეთს ეთხოვებოდნენ, ჭაში ჩაიხედეს. «ამ ჭას მაინც ვემახსოვრებით და თვით სიკვდილის შემდეგაც არ დაგვივიწყებს იგი». ამის მეტად ფლორეტა აღარ შეხვედრია საფრანგეთის მომავალ მეფეს. მებაღის ქალიშვილმა კიდევ ოცი წელიწადი იცოცხლა და მხოლოდ ერთხელ მოჰკრა თვალი ანრი მეოთხეს, როცა იგი, ბედის კარნახით, მშობლიურ ქალაქ ნერაკში ჩამოვიდა. მაგრამ მაშინ ანრი ნავარელი უკვე დიდი ხელმწიფე იყო და ფლორეტა აღარ გახსენებია.

«მაშ, რატომღა ირწმუნებოდნენ ყველანი, - დასძენს ჰაინრიხ მანი, - რომ ფლორეტა ანრის გულისათვის მოკვდაო? დრო გავიდა და მისი სიკვდილის ჟამიც კი უკან გადასწიეს. სწორედ იმ დღეს, როცა ანრიმ მიატოვა იგი. და იმასაც ამბობდნენ, თითქოს ჭაში ჩავარდაო. სწორედ იმ ჭაში, რომელსაც ორივენი ჩაჰყურებდნენ, - როცა ფლორეტა ჩვიდმეტი წლისა იყო, ანრი კი თვრამეტისა. საიდან გავრცელდა ეს ხმა? იმ წუთს ხომ ისინი არავის დაუნახავს!».

საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანს უყვარს თანასწორობის ლეგენდა და ოცნებობს მასზე. ამას კი ყველაზე მკაფიოდ უფლისწულისა და გლეხი ქალის ტრფობა გამოხატავს. ჩვენი აბესალომისა და ეთერის თქმულება ხომ ამის უტყუარი საბუთია.

მიჯნურობის ლეგენდაც უყვარს ადამიანს. რა სჯობს - ჩვიდმეტი წლის ფლორეტას სიკვდილი უფლისწულთან სიყვარულის პირველი ღამის მერე თუ უსიხარულო ცხოვრება, დაბერება, დაჩაჩანაკება და ბოლოს გარდაცვალება? ადამიანის ოცნებას პირველი ურჩევნია, რამეთუ იქ რომანტიკულობაა, მშვენიერებაა და ამაღლებულობა.

ალ.გერცენი მოთხრობაში «ქურდი კაჭკაჭი» გლეხი მსახიობი ქალის ტრაგიკულ თავგადასავალს გვიამბობს. ეს ქალი ბრწყინვალედ ასრულებდა ანეტას როლს ფრანგულ მელოდრამაში, რომელსაც აგრეთვე «ქურდი კაჭკაჭი» ერქვა.

მელოდრამის მიხედვით, ანეტას ბრალად ედებოდა ქურდობა. იგი უნდა დასაჯონ. მაგრამ გაირკვევა, რომ ნივთი, რომლის მოპარვა ანეტას ბრალდებოდა, წაუღია კაჭკაჭს. უდანაშაულო მსახური გოგო სიკვდილს გადაურჩება.



ამ პიესების ავტორებს კენიესა და დ’ობინს სიუჟეტად ნამდვილი ამბავი გამოუყენებიათ, ოღონდ სინამდვილეში უდანაშაულო ქალი სიკვდილით დაუსჯიათ. ამ განსხვავების გამო გერცენის მოთხრობის ერთი პერსონაჟი ირონიულად შენიშნავს: «თქვენ იცით «ქურდი კაჭკაჭის» თქმულება. სინამდვილე არ არის ისე ნერვებდასუსტებული, როგორც დრამატული მწერლები. სინამდვილე ბოლომდე მიდის: ანეტა სიკვდილით დასაჯეს. პიესაში კი აღმოჩნდება, რომ ქურდი კაჭკაჭია და არა ქალი. და აი, ანეტა ბრუნდება ზეიმით». ამ სიტყვებში ნათლად გამოსჭვივის დაცინვა, გამოწვეული იმით, რომ მწერლობას სურს შეალამაზოს, შეამსუბუქოს ცხოვრების სისასტიკე. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მწერლის სუსტი ნერვები არაფერ შუაშია. საერთოდ ადამიანს უნდა კეთილის გამარჯვება და იგი ამის ილუზიას ქმნის. სწორედ ეს ილუზიაა არსებითი სხვაობა, რომელიც ორ სინამდვილეს - რეალურსა და ლიტერატურულს - შორის არსებობს.

ილუზიური სინამდვილე მისტიფიკაციით იქმნება.

ადამიანი, რომელსაც არ ჩაუდენია გმირობა და ვერც ვერასოდეს ჩაიდენს, გიყვება გასაოცარი გმირობის ამბავს და თან სრულად გარწმუნებთ.

ადამიანი, რომელსაც შეიძლება არასოდეს ჰყვარებია, გიამბობთ მიჯნურთა მომაჯადოებელ თავგადასავალს და თან ცრემლებს გაღვრევინებს.

ადამიანი, რომელსაც ქათმის დაკვლაც კი არ ძალუძს, მოგითხრობთ შემზარავი მკვლელობის ამბავს და თან ისეთი დამაჯერებლობით, თითქოს თავად სისხლში იყოს ნაბანავები.

მისტიფიკაცია იმდენად მეტად დამაჯერებელი და მართალია, რამდენადაც ნიჭიერია ხელოვანი. ზოგჯერ ეს მიამიტ ადამიანებს ატყუებს. ისინი შემოქმედსა და შექმნილს აიგივებენ. ასე დაემართა მარია პოლივანოვასაც, თუმცა იგი განათლებული და წიგნიერი ქალი იყო. გაიგივების პროცესი განსაკუთრებით საგრძნობია თეატრში. ალბათ იმიტომ, რომ მისტიფიცირების პროცესი მაყურებლის თვალწინ მიმდინარეობს. სიყალბეც უფრო იოლად შეიმჩნევა სცენაზე. ეს გარემოება ცხადად მიანიშნებს ერთ კანონზომიერებას: ლეგენდა არასოდეს იქმნება ტყუილის საფუძველზე. მას ბადებს ან უიშვიათესი ფაქტი ან ადამიანის სულის მოთხოვნილება.

თუ ცოტნე დადიანის ლეგენდა ფაქტის ნაყოფია, გალილეის ლეგენდა ადამიანის სულის მოთხოვნილების შედეგია. თუ გალილეის ნიჭიერებას დაემატება მამაცობაც, მივიღებთ სრულყოფილების იდეალს, რისკენაც მიისწრაფვის კაცი, რაზეც ოცნებობს იგი.

თუ არ არსებობს ფაქტი ან ადამიანის სულის მოთხოვნილება, როგორც უნდა გაისარჯოს მწერალი, ვერ შექმნის ლეგენდას. არც მის დახატულ ილუზიურ სინამდვილეს დაუჯერებს მკითხველი.

რატომ ვიჯერებთ ოტელოს და დეზდემონას სიყვარულის ლეგენდას? ჩვენ ხომ ვიცით, რომ რასობრივი განსხვავებულობის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტი ურთულესი კონფლიქტია. იგი დღესაც ვერ დაუძლევია კაცობრიობას, არა თუ მაშინ, როცა «ოტელო» დაიწერა. და მაინც, მაშინაც და დღესაც, ადამიანი ოტელოსა და დეზდემონას სიყვარულის მომხრეა. იმიტომ, რომ რასობრივი თანასწორობა ადამიანის სულის მოთხოვნილებაა. გვინდა ვიწამოთ, დავიჯეროთ, რომ თეთრკანიანი, არისტოკრატი, მდიდარი ქალი ალალად შეიყვარებდა უაზნო მავრს. მაგრამ ის, რაც მკითხველმა თუ მაყურებელმა დაიჯერა, თავად ოტელომ ვერ იწამა. ეს არის მისი ტრაგედიის საფუძველი. ოტელოში ეჭვი იაგოს არ ჩაუნერგავს, ეს ეჭვი ყოველთვის არსებობდა მასში. იაგომ უბრალოდ გააღვივა იგი, ცეცხლად აანთო. ქვეცნობიერად ოტელოს ყოველთვის ეშინოდა, სულ ეეჭვებოდა დეზდემონას სიყვარული. ქვეცნობიერად მას სულ აწამებს კითხვა - იგი, მავრი, შეიყვარა თეთრკანიანმა ქალმა? იგი, უაზნო და უბირი წარმომავლობის კაცი, მიუხედავად მისი მხედრული დამსახურებისა, შეიყვარა ვენეციელი სენატორის ასულმა? იგი, ხანდაზმული და ომებში ნაწამები ადამიანი, შეიყვარა ახალგაზრდა, მომაჯადოებელმა ქალიშვილმა? მართალია, ოტელო ამაყად აცხადებს, რომ - «ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარა, მე შევიყვარე ჩემთა ჭირთა თანაგრძნობისათვის», - მაგრამ გულის სიღრმეში მას ამ ბედნიერების არ სჯერა. ჩვენ ქართული ლიტერატურიდანაც ვიცით, რა ძნელია ქალ-ვაჟს შორის უთანასწრობის დაძლევა, იქნება იგი კლასობრივი თუ რასობრივი. ოთარაანთ ქვრივის გიორგიმ კლასობრივი უთანასწრობის გამო ვერ გაუმხილა კესოს სიყვარული. ამ გაუბედაობის მსხვერპლი გახდა იგი. კ.გამსახურდიას არზაყან ზვამბაია, რევოლუციის შემდეგ, ოცნებობს, რომ ზვამბაიებმა ისევე ადვილად წაავლონ შერვაშიძეთა ქალებს ხელი, როგორც ადრე შერვაშიძეები წაავლებდნენ ზვამბაიას ქალებს. თუმცა ეს არ ყოფილა იოლი. არზაყან ზვამბაია თამარ შერვაშიძეს მაინცდამაინც გაბედულად ვერ ექცევა. თუ გიორგისა და არზაყანს კლასობრივი უთანასწორობა ბოჭავდა, ოტელოს საქმე უფრო რთულად იყო: იქ კლასობრივი უთანასწორობაც არსებობდა, რასობრივიც და ასაკობრივიც. ამის გადალახვა ადვილი არ იყო. ამას ისეთი გაბედული, თავისუფალი და უკომპლექსო ადამიანი სჭირდებოდა, როგორიც დეზდემონა იყო. ოტელო ასეთი პიროვნება არ გახლდათ. მას არასრულყოფილების კომპლექსი ფლობდა. ქვეცნობიერად ეს კომპლექსი წარმართავდა ოტელოს ქმედებას. იაგოს მზაკვრულმა გონებამ ეს ნათლად დაინახა და მიზანსაც ამით მიაღწია.

აფრიკის ხალხების ლიტერატურაში უამრავი რომანი და პიესაა დაწერილი, რომელიც თეთრკანიანი ქალისა და შავკანიანი ვაჟის სიყვარულს გვიამბობს. გავიხსენოთ თუნდაც პიტერ აბრაჰამსის და ჯერალდ გორდონის რომანები. მაგრამ ისინი პუბლიკუმის ცნობიერებაში არ ჩარჩენილან ისე ღრმად და წარუშლელად, როგორც «ოტელო». რატომ? პასუზი იოლია: ისინი არ არიან ისეთი ნიჭიერი მწერლები, როგორიც შექსპირი იყო. მაგრამ მაინც რით, რა კონკრეტული ნიშნით არის გამოვლენილი შექსპირის უპირატესო ნიჭიერება? იმით, რომ შექსპირი ქმნის თავისუფალი ქალის ლეგენდას, ვისაც სიყვარულის არ ეშინია. დიახ, დიახ, არის სიყვარული, რომლისაც ეშინიათ. ყველა რომანსა და პიესაში, რომელნიც დღეს იწერება და თეთრკანიანი ქალისა და შავკანიანი ვაჟის სიყვარულს მოგვითხრობენ, ქალებს ეშინიათ თავიანთი სიყვარულის. არც ერთ მათგანს არ გააჩნია დეზდემონას თავისუფლება. ის ქალები გეცოდებათ, თანაუგრძნობთ, მაგრამ პუბლიკუმის ცნობიერებაში კვალს არ ტოვებენ. დეზდემონა, მიუხედავად ტრაგიკული ბედისა, არ გეცოდებათ. განა შეიძლება გეცოდებოდეთ ქალი, რომელსაც შეუძლია დასძლიოს რასობრივი, კლასობრივი, ასაკობრივი უთანასწრობა? იგი სულიერი ვაჟკაცობის, თავისუფლების ლეგენდაა. ეს ერთადერთ გრძნობას - აღტაცებას - იწვევს და გასწავლის - რა არის თავისუფლება.

ხშირია შემთხვევა, როცა ვწერთ თავისუფლებაზე, მაგრამ ვერ ვქმნით თავისუფლების ლეგენდას, ვწერთ სიყვარულზე, მაგრამ ვერ ვქმნით სიყვარულის ლეგენდას, ვწერთ სიძულვილზე, მაგრამ ვერ ვქმნით სიძულვილის ლეგენდას, ვწერთ მზაკვრობაზე, მაგრამ ვერ ვქმნით მზაკვრობის ლეგენდას, ვწერთ დანაშაულზე, მაგრამ ვერ ვქმნით დანაშაულის ლეგენდას... ერთი სიტყვით, ვყვებით ამბავს და მეტი არაფერი.

«უცხო კაცი» იმ ინჟინრის თავგადასავალს გვიამბობს, ვისაც სქამის უკეთ წარმართვა სურს, ვინუ რუტინას ებრძვის. მაგრამ არ ვიცით, რით მთავრდება ინჟინერი ჩეშკოვის ბრძოლა, გაიმარჯვებს იგი თუ დამარცხდება.

«ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი...» იმ კაცს გვიჩვენებს, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად იღვწის. ამისათვის ყოველნაირ ხერხსა და საშუალებას მიმართავს, მაგრამ არ ვიცით, რით დამთავრდება მისი საქმიანობა, მიაღწევს თუ არა იგი საწადელს.

დასკვნა მკითხველმა თუ მაყურებელმა თავად უნდა გააკეთოს საკუთარი გუნება-განწყობილების შესაბამისად.

შეიძლებოდა ამგვარ ნაწარმოებთა ჩამოთვლის გაგრძელება, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ამ ორი ნიმუშითაც ნათლად ჩანს ტენდენცია: სათქმელი სრულად არ ითქვას. ვაჩვენოთ პროცესი, მაგრამ მოვერიდოთ შედეგის აღწერას. ეს არ არის უბრალო საკითხი. არც მწერლის ნება-სურვილია, გვიჩვენებს თუ არა რეზულტატს. მწერლობა რებუსის შედგენა არ არის. იგი მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფციაა. როცა პუბლიკუმმა არ იცის, რით მთავრდება პროტაგონისტის ბრძოლა, მაშინ მან არც ის უწყის, რა კონცეფციით არის იგი დაწერილი. «უცხო კაცი» იქნება თუ «ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი» (და სხვა მათებრი თხზულებანი), ნათლად გვიდასტურებენ მათი ავტორების პოზიციის გაურკვევლობას. მათ არ სწამთ კეთილის გამარჯვება. ეს რომ სჯეროდეთ, უთუოდ გვიჩვენებდნენ ჩეშკოვისა და შინდინის გამარჯვებას. ვერც იმის თქმას ბედავენ, რომ შექმნილ სიტუაციაში კეთილი ვერ გაიმარჯვებს. ასეთი გაბედულება რომ ჰქონდეთ, მაშინ ჩეშკოვისა და შინდინის დამარცხებას ვიხილავდით.

ასეა გაჩხერილი დრამატურში კეთილსა და ბოროტს შორის და ნაბიჯი ვერც ერთი მიმართულებით ვერ გადაუდგამს.

სრულიად მკაფიოდ და ნათლად ვიცით, როგორ მთავრრდება იაგოს მზაკვრობა: დეზდემონას და ოტელოს დაღუპვით, მაგრამ ასევე მკაფიოა შექსპირის კონცეფცია: კეთილი ყოველთვის იმარჯვებს, თუმცა შეიძლება ამა თუ იმ პიროვნების სიცოცხლე შეეწიროს მას. იაგოს მზაკვრობის გამომჟღავნება კეთილის ზეიმია, მართალია, მსხვერპლიანი ზეიმი, მაგრამ მაინც ზეიმი.

ოიდიპოსი ბოლომდე იბრძვის ჭეშმარიტების მისაგნებად. შეიძლება მისი ბრძოლა შემზარავი ამბით - თვალების დათხრით - დამთავრდეს, მაგრამ სიმართლე მიგნებული და გამომზეურებული იქნება. ეს არის მთავარი. სიმართლემ უნდა იზეიმოს, თუნდაც ზვარაკის გაღების წყალობით.

კონცეფცია ნათელია და პუბლიკუმის ემოციური დამოკიდებულებაც მკაფიო. ადამიანის ცხოვრებაში სამუდამოდ რჩება ჭეშმარიტების მიგნებისათვის თვალებდათხრილი კაცის სახე. და ლეგენდაც თაობიდან თაობას გადაეცემა.

რა მსხვერპლს გაიღებს ჩეშკოვი ან შინდინი გამარჯვებისათვის? არ ვიცით. ვისაც მსხვერპლის გაღება არ შეუძლია, მას არც კეთილისათვის ბრძოლა ხელეწიფება. მაშასადამე, ჩეშკოვიცა და შინდინიც გვატყუებენ. თავის იმად გვაჩვენებენ, რაც არ არიან.

კაცობრიობას მსხვერპლის არ ეშინია. ეს უთუოდ და უთუმცაოდ დაამტკიცა მსოფლიო ტრაგიკულმა ლიტერატურამ. ყველაზე თავზარდამცემი ტრაგედიის წაკითხვისა თუ ხილვის შემდეგ ადამიანს მხნეობა ემატება. მას სასოწარკვეთილება არ ეუფლება. მხნეობა ემატება იმიტომ, რომ რწმუნდება: არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ რწმენისათვის ეწამონ; არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მოყვასის სიყვარულისათვის ტანთ თაფლი წაისვან და თაკარა მზის ქვეშ ჭია-ღუასთვის გაიმეტონ თავი.
ისინი ლეგენდას ქმნიან. ლეგენდა კი მხნეობისა და გაუტეხელობის წყაროა.

კაცობრიობას ტყუილის ეშინია. ეშინია იმის, ვინც ლაჩარია და გმირის ნიღბით დადის, ვინც ცრუა და მართლის ნიღბით დადის, ვინც გონჯია და მზეთუნახავის ნიღბით დადის, ვინც ღატაკია და მდიდრის ნიღბით დადის, ვინც უნამუსოა და სინდისიერის ნიღბით დადის.

ამ დროს ლეგენდა არ იქმნება, ულეგენდოდ კაცის სული ჭკნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხორციელად არსებობს, მაგრამ სულიერად მკვდარია. აი, საფუძველი სასოწარკვეთილებისა.
სასოწარკვეთილების ჟამს ადამიანი ეძებს უცნაურს, გაუგონარს, ლეგენდურს. რეალური სინამდვილიდან ილუზიურში გადასახლდება და ცხოვრების გასაძლებად ახალ ენერგიას, ბრძოლის უნარს იძენს.

კეთილის დასამკვიდრებლად მუდმივი და შეუწყვეტელი ბრძოლაა საჭირო. კეთილისა და ბოროტის ურთიერთობა ჰგავს სიჯანსაღისა და სნეულების დამოკიდებულებას. ერთ ღონემიხდილ ავადმყოფს ცხრა რკინისმკვნეტელა ვაჟკაცი რომ დაადგეს თავზე, ვერც ერთი ვერ გადასდებს ჯანმრთელობას სნეულს. ავადმყოფს კი შეუძლია ცხრავე დაავადოს. ეს გამოწვეულია იმ უბრალო მიზეზით, რომ ავადმყოფობა გადამდებია, ჯანმრთელობა კი - არა. ასეა კეთილიცა და ბოროტიც. კეთილი არ არის გადამდები, გადამდებია ბოროტება.

კაცობრიობის გრძელი ისტორიის მანძილზე ადამიანმა საზოგადოების მოწყობის უამრავი მოდელი შექმნა, ზოგიერთი განახორციელა კიდეც, მაგრამ უმთავრესი ჯერჯერობით მაინც ვერ მოახერხა: დედამიწის ყოველ მოქალაქეს ვერ მისცა იმდენი პური, რამდენიც საჭიროა, ვერ მოსპო უნამუსობა, ორპირობა, ღალატი, ჩაგვრა, გამცემლობა, სიძულვილი, მტრობა, მრუშობა, ქურდობა და სხვა მანკიერებანი, თუმცა ყოველ დროში თავგამეტებული ებრძოდა ბოროტს.

როგორც ითქვა, ამ ბრძოლაში ყოველგვარი ლეგენდა ადამიანის მოკავშირეა. სულერთია, იქნება იგი ამაღლებულის თუ დაცემულის ლეგენდა. თუ არსენა მარაბდელის ლეგენდა კაცს მხნეობას ანიჭებს, თეიმურაზ ხევისთავის ლეგენდა უსუსურობასა და უხერხემლობას აზიზღებს; თუ თავად მიშკინის ლეგენდა კეთილისმოქმედს აყვარებს, სმერდიაკოვის ლეგენდა საზიზღრობას აძულებს; თუ «მზის ქალაქის» ლეგენდა იდეალური საზოგადოების იმედით ავსებს, ქალაქ გლუპოვოს ლეგენდა საზოგადოების დაცემით თავზარს სცემს.

ლეგენდურობაა ის ხიბლი, რომელიც სამარადოდ რჩება ადამიანის ცნობიერებასა და მეხსიერებაში, ხოლო მხატვრული ნაწარმოების წაკითხვის ან ხილვის შემდეგ მუცალივით წამოგაძახებინებს - «გულში მჭირს, გულში, რჯულძაღლო...»

ამ ძალის გამოა, რომ არავის ავიწყდება კოლეგიის ასესორის კოვალიოვის ცხვირი, რომელიც პატრონს მოძვრა, სახელმწიფო მრჩევლის მუნდირში გამოეწყო და კარეტით დასეირნობდა პეტერბურგში (ნ.გოგოლი - «ცხვირი»).

ანდა წყლის ბინადარი კაპა და მისი ქვეყანა, სადაც უამრავი ობროდი ამბავი ხდება, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებით კი ახირებული წესით იბადებიან. დედის წიაღში წინასწარ ეკითხებიან - სურს თუ არა დაბადება. ჩვილსაც შეუძლია უპასუხოს ჰო თუ არა. რაკი ასეთი თვისება აქვთ, კაპას ქვეყნსი ბავშვები გაჩენისთანავე დამოუკიდებლად დადიან და ლაპარაკობენ. ხოლო, რაც შეეხება კაპას კულტურას, იგი თურმე არ განსხვავდება სხვა ქვეყნების კულტურისაგან (აკუტაგავა რიუნოსკე «კაპა». იაპონური კაპა შეიძლება შევადაროთ ქართულ მესეფეს).

როგორ შეიძლება დაგავიწყდეთ პაცია ცინობერი და მისი ზღაპრული თავგადასავალი (ჰოფმანი - «პაწაწა ცახესი»).

და საერთოდ, რამდენი ამგვარი მაგალითის გახსენება შეიძლება. ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ საგანგებოდ შეთხზული ფანტასტიკური სიუჟეტი ატარებს ლეგენდურ ხასიათს. არა. უაღრესად რეალისტურად დაწერილ ნაწარმოებსაც უთუოდ ახლავს და ამშვენებს ლეგენდური ელფერი.
ნასტასია ფილიპოვნა რაგოჟინის მოტანილ ასი ათას მანეთს, გაზეთში გამოხვეულს და შეკრულს, აგიზგიზებულ ცეცხლში შეაგდებს. განა განია ივოლგინს მიუბრუნდება და ეტყვის - უხელთათმნოდ, სახელოებაკაპიწებული ფულს სახმილიდან თუ გამოიღებ, შენი იყოსო.

ასი ათასი მანეთი აგდია ცეცხლში. ქალმაც და ყველა იქ დამსწრემ კარგად იცით განია ივოლგინის სიხარბე. იგი სულ ცოტა ხნის წინათ მზად იყო სახელგატეხილი ნასტასია ფილიპოვნა შეერთო, თუკი მზითევად სამოცდათხუთმეტი ათასს მისცემდნენ. მანეთისათვის ვასილის კუნძულამდე იხოხებსო, დასცინის ივოლგინს რაგოჟინი. ბუხარში კი ასი ათასი მანეთი იწვის.

ყველა თავზარდაცემული და გაოგნებული მისჩერებია განია ივოლგინს.

მაგრამ ივოლგინმა გაუძლო ცდუნებას. გადაიტანა ტანჯვა. როცა ყველა დარწმუნდა, რომ განია ივოლგინი არ მივარდება ბუხარს ფულის სახმლიდან გამოსატანად, დათრგუნა სიხარბე, იგი მოტრიალდა და კარებისაკენ წავიდა. ივოლგინი ტოვებდა ნასტასია ფილიპოვნას სახლს, მაგრამ, ორი ნაბიჯი გადადგა თუ არა, გულწასულმა იატაკზე მოადინა ზღართანი.

ნასტასია ფილიპოვნამ ასტამი აიღო, ფული ცეცხლიდან გამოიღო და გულშეღონებული ივოლგინის გვერდით დადო. ეს ფული მთლიანად მისია, - ბრძანა ქალმა, - იგი არ ეცა მას. მაშასადამე, თავმოყვარეობა მეტი ჰქონია, ვიდრე სიხარბე.

ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს «იდიოტი», არ შეიძლება ეს სცენა დაავიწყდეს. როგორც ნასტასია ფილიპოვნას საქციელში, ისე განია ივოლგინის თავშეკავებულობაში არის ხასიათის არაჩვეულებრივობა, განსაკუთრებულობა ანუ ლეგენდურობა. ამ თვისებით ორივე პერსონაჟი მტკიცედ ეუფლება მკითხველის ყურადღებას და ღრმად რჩება მეხსიერებაში.

მინდორში ბაღი ვაშენე, ღობე გავავლე ჯალჯისა,
დავთესე კიტრი ოქროსი, ლობიო მარგალიტისა,
მოვიდა ქალი ლამაზი, გასწია ღობე ეკლისა,
მოსწყვიტა კიტრი ოქროსი, ლობიო მარგალიტისა.

ოქროს კიტრი და მარგალიტის ლობიო უკვე ლეგენდაა, მაგრამ სწორედ ეს აჯადოებს მკითხველს. ჯალჯის ღობესთან შეერთებული ოქროს კიტრი სრულიად სხვა სამყაროს ქმნის და იმ მზეთუნახავსაც თვალნათლივ ხედავთ, ვინც მარგალიტის ლობიოს მოსაკრეფად მოვიდა.

საქვეყნოდ ცნობილი მწერალი და ხალხური ლექსის უცნობი ავტორი ერთნაირად ეძებს უცნაურს, არაჩვეულებრივს, განსაკუთრებულს, რომ ლეგენდურობის განწყობილება შექმნას. ეს ბუნებრივია. ჩვენ, პუბლიკუმს, ლიტერატურისა და ხელოვნების პროტაგონისტი მაშინ გვიზიდავს, გვხიბლავს და გვეუფლება, თუ მის საქციელსა და თვისებაში არის ლეგენდური ძალა.

ამიტომ შემოქმედი მოვალეა ან კალმით შექმნას ლეგენდა ან პირადი ცხოვრებით.

1982 წ.