ფრანსისკო უმბრალი - ანეკდოტები
რასაკვირველია, აქ არაფერს ვიტყვი პოლიტიკურ ანეკდოტებზე, ამ ბოლო დროს პრესაში რომ გამოჩნდა ჩვენი არცთუ განებივრებული მკითხველის გულის მოსაფხანად, მხედველობაში მაქვს ზეპირი იუმორის ტრადიცია, ეგებ უგერგილოც, თაობიდან თაობას რომ გადაეცემა და ლამის ყველას პირზე აკერია.
ძველისძველ ანეკდოტებზე მოგახსენებთ – თუთიყუშებზე, მღვდლებზე, რქებდადგმულ ქმრებზე, მონაზვნებსა და ენაბრგვილებზე; ასეთი ანეკდოტები კიდეც შემორჩა და დღესაც დიდ გასავალშია, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული წარმოსახვის უნიათობა შეგვახსენოს, მითუმეტეს, თავყრილობების დროს სათქმელსალაპარაკო როცა შემოგველევა, მაშინ წამოყოფს ხოლმე თავს.
ანეკდოტი ზოგჯერ ერთგვარი ყავარჯნის მაგივრობასაც გვიწევს, როცა ჩვენი წარმოსახვა, შემოქმედებითი აღმაფრენის ეს სუროგატი წაიფორხილებს ხოლმე. ჩვენ ანეკდოტებს უსიამო სუნი დაჰკრავს, სიბრიყვის, მოძველებულ-გაცვეთილისა, ისეთი, გადამთიელი თუთიყუში რომ წამოაყრანტალებს დილაადრიან; ჩვენ კი აღარც გვეცინება, რადგან მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი გვსმენია, ზეპირადაც ვიცით და ვერც რასმე სასაცილოს ვხედავთ. ანეკდოტის სოციოლოგიური კვლევა რომ ჩაგვეტარებინა, მთავარი თემისა თუ პრობლემის გამოჩხრეკაც არ გაგვიჭირდებოდა, ასე რომ აწვალებს ჩვენ კოლექტიურ ცნობიერებას; აი, მაშინ კი გამომზეურდებოდა სექსი და რელიგია რომ ყოფილა მთავარი; ამასთან ისიც დიდი მიამიტობა იქნებოდა, თუ ანტიკლერიკალური ანეკდოტების მოძალებას ანტიეკლესიურობის ნიშნად მივიჩნევდით; მაგრამ საქმე სულ პირიქითაა; ეს უფრო გადმობრუნებული კლერიკალიზმია, რწმენაში ორჭოფობის მანიშნებელი, ოდითგანვე რომ მოსდგამს ესპანელს, ისედაც საფიქრებელ-სადარდებელი არ გამოელევა და თავისი მრევლის მიღმა არც იყურება; ხოლო ჩვენი ტრადიციული კლერიკალური, თუნდაც ანტიკლერიკალური (თავად განსაჯეთ) ანეკდოტები, უდიერი და უგემოვნო, არა მარტო მოქალაქეობრივ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს, არამედ იმის სამწუხარო მაჩვენებელიცაა, რომ ესპანელმა ვერა და ვერ შესძლო თავისი სულიერი ცხოვრების სიღრმისეული სიძნელეების გააზრება. კერძო საუბრებში, როცა კი მღვდლებზე შეთხზული ანეკდოტები გამოერევა, ამას უხამსი ხუმრობებიც მოჰყვება ხოლმე. ვერ ვიტყვით, თითქოს ჩვენი ხალხი წარმოსახვის, ფანტაზიის უნარს მოკლებულია, არადა, ამ ანონიმური ზეპირი შემოქმედების ავტორები აშკარად ჩვეულებრივი ანონიმების ავტორებს უფრო ემსგავსებიან. ესეც არ იყოს, კიდევ ერთი ფორმაც ვიცით – "პლაგიატი პირიქით", რაც იმას კი არ გულისხმობს, რომ სხვისი შეთხზული მიითვისოს, არამედ პირიქით საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი სხვას მიაწეროს თუ გადააბრალოს. ეტყობა, ამიტომაცაა, რომ ესპანური ანეკდოტების უმეტესობის ავტორებად ასახელებენ ხოლმე ხან კუვუდოს, ხან ვალიე-ინკლანს, ან დონ ხასინტო ბენავენტეს, ეუხენიო ო'ორსს და სელასაც კი. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი ანეკდოტი, რასაც აბრალებენ, არცერთ მათგანს არ ეკუთვნის, მაგრამ ესპანელებმა რატომღაც გადაწყვიტეს ამ საეჭვო შინაარსის, ზეპირი შემოქმედების ავტორობა მაინცდამაინც ამ მწერლებისთვის დაებრალებინათ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ამისთანა უნიჭო ანეკდოტების ნამდვილ ავტორებს რცხვენიათ თავიანთი ფანტაზიის ასეთი ნაყოფისა, ანდა სულაც შედეგისა ეშინიათ. ესეც არ იყოს, ეტყობა იმასაც ვარაუდობენ, რომ თუკი საკუთარ ქმნილებას ცნობილ ავტორებს მიაწერენ, ამით საკუთარი შემოქმედების პოპულარობასაც უზრუნველყოფენ.
ინგლისური ანეკდოტების უმეტესობას ან ბერნარდ შოუს აკუთვნებენ ან ოსკარ უაილდს, ფრანგულებს – ვოლტერს, მით უმეტეს ანტიკლერიკალურს. ამ მწერლებს მართლაც რომ შეექმნათ ის ანეკდოტები, რასაც აბრალებენ, მაშინ სხვას ვეღარაფერს დაწერდნენ თავიანთ სიცოცხლეში. აბა, როგორ შესძლებდა კევედო დაეწერა თავისი უმშვენიერესი ნაწარმოებები, ანდა ვალე-ინკლანი როდისღა მოასწრებდა თავისი პიესებისა და რომანების შეთხზვას, თუნდაც ბენავენტე და შოუ როგორ მოასწრებდნენ თეატრისთვის პიესების შექმნას, თუნდაც უაილდი ყველა ჟანრის ნაწარმოებების შეთხზვას, ანდა ვოლტერი – "კანდიდისა", რომელი ერთი დავასახელოთ, თუნდაც დღეში თითო ანეკდოტი მოეგონებინათ, ამდენს როგორ შესძლებდნენ? მაგრამ რაღაც მზაკვრული მაინც უნდა იყოს ნაგულისხმევი იმ "მიწერა-დაბრალებაში", თანაც სახელოვან, ცნობილ მწერლებს რომ არჩევენ, ალბათ მარტო იმაზე არ ფიქრობენ, რომ ისინი დააკნინონ, მათი ესთეტური თუ ადამიანური ღირსებები შელახონ, არადა უნებურად ასეც გამოდის.
ასე და ამგვარად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ალბათ ანეკდოტები არც არავის შეუთხზავს და არც არავის ეკუთვნის, თავისთავად დაბადებულან და ეგაა, თუმცა ზოგჯერ ისეთი მახვილგონივრული, დახვეწილი, კრიტიკული ანდა სულაც პოეტური სულით გამსჭვალული ანეკდოტებიც გამოერევა ხოლმე, რომ გვენანება კიდეც მათი ავტორები რომ არ ვიცით ვინაა, რათა დამსახურებული პატივი მივაგოთ, ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ანეკდოტების უმეტესობა უგემოვნო, უაზრო და უხამსია, ასეთ შემთხვევაში გასაგებია, რატომაც არ უნდა მის ავტორს გამოჩენა; ეს კი იმას ჰგავს, კაცი ფანჯრიდან ჭუჭყიან წყალს რომ გადაასხამს და თან გამვლელებს გადასძახებს "ფრთხილადო!". სახეს კი არ გამოაჩენს, არ დაენახვება. ამ ბოლო ხანებში ჩვენში საკმაოდ ბლომად გამოჩნდა პოლიტიკური ანეკდოტები; ამ თავისებური ზეპირსიტყვიერების ჟანრის ასეთ აყვავებას სხვა მიზეზიც ახლავს; ეს ჟანრი მაშინ იფურჩქნება ხოლმე, როცა და სადაც ოფიციალურად აქვს საზოგადოებას გამოწერილი დუმილი; ასე რომ პოლიტიკური ანეკდოტი ერთგვარად თავისუფლად ამოსუნთქვას თუ ჯავრის ამოყრას უფრო ემსგავსება დიდი ხნის დუმილის შემდეგ. ასეთი ანეკდოტები თუნდაც იმაში გვეხმარება, რომ კარგად გავიგოთ და დავინახოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ერთგვარი მამოძრავებელი ზამბარები, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება; ის ანეკდოტები, რომელთაც სამართლიანად დაიმსახურეს "მდარე გემოვნების მუზეუმში" გამომზეურება, ისეთივე უხამსი, უგემოვნო, გამოუსადეგარი ნარეცხი წყალივითაა, მით უმეტეს, როცა მათ ცნობილ, ღირსეულ პიროვნებებს, საპატივცემულო ადამიანებს მიაწერენ, მაინც დავიწყებისთვისაა განწირული; არადა ანეკდოტი შეიძლება ხალხისთვის ჯავრის ამოყრის, კრიტიკის გზაც გახდეს, საკუთარი აზრი და გრძნობა გამოხატოს. მაგრამ ანეკდოტი ანეკდოტისთვის, უხამსობა უხამსობისთვის, ნასესხები წარმოსახვა თუ ფანტაზია მაინც ვერ იბოგინებს, ხოლო ესპანელი თავისი კულტურული დონის ამაღლებაზე თუ იხსენებს, "ყავარჯნებიც" აღარ დასჭირდება. საბედნიეროდ იმის იმედიც გვაქვს და საფუძველიც, რომ ასეთი ანეკდოტები სიდედრებზე, რქიან ქმრებსა თუ მოლაყბე თუთიყუშებზე თანდათან კლებულობს, უკვე კაფეებსა და თავყრილობებზეც იშვიათად ისმის ამისთანა უწმაწური ანეკდოტი და ჭორი, რადგან ჩვენ ხალხს მაინც შემორჩა სიტყვის გრძნობა, მდიდარი წარმოსახვა, ენის პატივისცემა, ჯერ ისევ ცოცხლობს ტრადიცია, მამა-პაპათგან რომ მოსდგამთ და თავადაც უნდა გადასცენ შთამომავლობას, კევედოსა და იტის პროტოპრესვიტერისგან ნაანდერძევი თუ ზეპირი გადმოცემების გზით აქამდე რომ მოაღწია. ორი ბავარიული ლუდის მხარშავებისა კიდევ შეიძლება გავიგოთ, რომელთა ცხოვრებაში არაფერი ხდება და მარტო ოტოსა და ფრიცის ანეკდოტების მეტი გასართობი არაფერი აქვთ, მაგრამ ამას ესპანელებს ვერ გააგებინებ.
ახლა, როცა ჩვენ წრეში ვინმე ისეთი გამოერევა, რომელსაც ერთი სული აქვს, სანამ ასეთ უწმაწურ ანეკდოტს ან ჭორს მოგიყვება, მაშინვე უნდა ადგე და გაეცალო; ახლა მღვდლების, სიდედრებისა თუ სექსის ამბები აღარავის აფიქრებს და აღარც მსმენელი ჰყავს, ამიტომ ასეთი ვინმე მაინც თუ გამოერევა, მას იმის უფლებაც აღარ ექნება, ჩვენ გვერდით იჯდეს და ჩვენთან ერთად ყავა სვას. მადლობა ღმერთს, ის ძველი, უხამსი ანეკდოტები გზას უთმობენ ახალ, სხარტ, კრიტიკულ, შემეცნებით და მახვილგონივრულ პოლიტიკურ ანეკდოტებს. ესპანელი კი რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავს, ცოდნის წყაროს დაეწაფება, მით უფრო იშვიათად მოგვიყვება ამისთანა უგერგილო ანეკდოტებს.
„ლიტერატურული გაზეთი“ N98; 7-20 ივნისი, 2013 წელი.
თარგმნა - მერი ტიტვინიძემ