ფიოდორ დოსტოევსკი წინასიტყვაობა წიგნისა - ძმები კარამაზოვები

ეძღვნება ანა გრიგორიევნა დოსტოევსკაიას*

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება; ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს. (სახარება იოანესი, 12, 24)

ავტორისაგან

ჩემი გმირის, ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვის ცხოვრების აღწერა ერთგვარად საგონებელში მაგდებს, რადგან თუმცა კი ალექსეი ფიოდოროვიჩს „ჩემს გმირს“ ვუწოდებ, ისიც კარგად ვუწყი, რომ არავითარი გმირი ის არ არის და აქედან გამომდინარე, წინასწარვე ვხვდები, რა კითხვებსაც დამისვამენ:

მაინც რატომ აირჩიეთ ნაწარმოების გმირად ალექსეი ფიოდოროვიჩი, რით არის გამორჩეული? ან ასეთი რა მოიმოქმედა? ვინ არის და რით გააცნო ხალხს თავი? მისი ცხოვრებისეული ფაქტების წვდომაში რატომ უნდა დახარჯოს მკითხველმა დრო? ყველაზე მეტად სწორედ ეს ბოლო კითხვა მაშინებს, რადგან მხოლოდ ერთადერთი რამ შემიძლია ვუპასუხო: „იქნებ ეს ყოველივე თქვენვე ამოგეკითხათ რომანში“.

თუმცა მაშინ რაღა ვქნა, რომანი რომ წაიკითხონ, ვერავითარი დასკვნა ვერ გამოიტანონ და არ დამეთანხმონ, რომ ჩემი ალექსეი ფიოდოროვიჩი, მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნებაა? ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ გულისტკივილით ვჭვრეტ, მართლაც ასე მოხდება. ჩემთვის ეს ადამიანი ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ მეეჭვება, მკითხველსაც დავუმტკიცო ეს მოსაზრება.

მოსაზრება, რომ იგი დიდი მოღვაწეა, ოღონდ ჯერ ჩამოუყალიბებელი და სიცხადეშეუძენელი. თუმცა, გასაოცარიც კი იქნებოდა, ჩვენს დროში სიცხადე მოგვეთხოვა ვინმესგან. ერთი კი უცილობელია: ძალზე უცნაური ვინმეა, შეიძლება ითქვას, ახირებულიც.

მაგრამ უცნაურობა და ახირებულობა უფრო ვნებს, ვიდრე ყურადღების ღირსად ხდის ადამიანს, განსაკუთრებით, როცა ყველა იმისკენ მიილტვის, კერძოსა და წვრილმანს თავი მოუყაროს და ამ არეულობაში თუნდაც რაიმე საერთო აზრს მიაგნოს.

ახირებულები კი უმეტესად თავკერძები და განკერძოებულები არიან. ხომ ასეა? აი, თუ ამ უკანასკნელ თეზისს არ გაიზიარებთ და მიპასუხებთ: „ასე არ არის“ ან „ყოველთვის ასე არ ხდება“, მცირედი იმედი მომეცემა კიდეც ჩემი გმირის, ალექსეი ფიოდოროვიჩის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რადგანაც არა მხოლოდ ახირებულია „მუდამ“ თავკერძა და განკერძოებული, პირიქით, ისეც ხდება, რომ სწორედ ის ატარებს მთლიანის გულისგულს, დანარჩენები კი, მისი თანამედროვენი - ყველა, თითქოს ერთიანად დაბრმავებულა, რატომღაც ერთადვე შეუქცევიათ ზურგი და მოსწყვეტიან მთლიანს... იქნებ არც შემეტოპა ამ ზედმეტად უინტერესო და აბურდულ ახსნა-განმარტებებში და სულ უბრალოდ, წინასიტყვაობის გარეშე დამეწყო თხრობა.

ვისაც მოეწონებოდა, მაინც წაიკითხავდა, მაგრამ უბედურებაც ის გახლავთ, რომ ჩემს ნაწერში ამბავი ერთია, რომანი კი - ორი. მთავარი რომანი მეორეა - ჩემი გმირის მოღვაწეობა უკვე ჩვენს დროში, სწორედ ჩვენს ამ მიმდინარე ყოფაში. პირველი რომანი კი ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ დაიწყო და არც მთლად რომანი ეთქმის, მხოლოდ ერთი მონაკვეთია ჩემი გმირის სიყმაწვილის ხანიდან.

ამ პირველი რომანის გარეშე ვერაფერს გავხდები, რადგან მის გარეშე მეორე რომანიც გაუგებარი იქნება და ამგვარად, უფრო რთულდება ჩემი თავდაპირველი გასაჭირი: თუკი მე, ესე იგი, ბიოგრაფი, ვთვლი, რომ ასეთი თავმდაბალი და ჩამოუყალიბებელი გმირისთვის ერთი რომანიც საკმარისია, რაღა საჭიროა ორის დაწერა, ანდა რით აიხსნება ჩემი მხრიდან ესოდენი ქედმაღლობა? ამ ყოველივეზე ფიქრით დაბნეულმა გადავწყვიტე, ყველაფერი უცვლელად დამეტოვებინა.

ცხადია, გამჭრიახი მკითხველი უკვე კარგა ხანია მიხვდებოდა, რომ თავიდანვე აქეთ მიმყავდა საქმე და მხოლოდ იმას ფიქრობდა, ასე ტყუილად რატომ ვფლანგავდი უაზრო სიტყვებსა და ძვირფას დროს? ამაზე კი უკვე დაზუსტებით შემიძლია გიპასუხოთ: უაზრო სიტყვებსა და ძვირფას დროს ჯერ ერთი იმიტომ ვფლანგავდი, რომ თავაზიანობა მოითხოვს ასე, და მეორეც, ვეშმაკობდი, რომ სათქმელი მქონოდა: „როგორც გენებოთ, მაგრამ წინასწარ მაინც გაგაფრთხილეთ-მეთქი“.

უნდა ვაღიარო, მიხარია კიდეც, ჩემი რომანი „არსებული ერთი მთლიანიდან“ თავისთავად ორ ნაწილად რომ გაიყო. პირველი ნაწილის გაცნობის შემდეგ მკითხველი უკვე თვითონ განსაზღვრავს, უღირს კი მეორის კითხვა დაიწყოს? ცხადია, არავინაა შეზღუდული. წიგნი შეიძლება პირველი ნაწილის ორიოდე გვერდის წაკითხვის შემდეგაც მოისროლო და აღარასოდეს გადაშალო.

მაგრამ ისეთი დახვეწილი მკითხველიც ხომ არსებობს, რომელსაც მიუკერძოებელი მსჯელობისთვის აუცილებლად სჭირდება რომანის ბოლომდე წაკითხვა. ასეთებად კი, მაგალითად, რუსი კრიტიკოსები შემიძლია დავასახელო.

ამდაგვარ მკითხველებთან კი ნამდვილად არ მეთანაღრება გული: მიუხედავად იმისა, რომ ძალზე აკურატულნი და კეთილსინდისიერები არიან, ყველა კანონიერ უფლებას ვაძლევ, რომანის პირველივე ეპიზოდზე შეწყვიტონ კითხვა. აი, სულ ეს არის ჩემი წინასიტყვაობა. გეთანხმებით, იქნებ ზედმეტიც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რაკიღა დავწერე, დაე, დარჩეს კიდეც. ახლა კი საქმეს მივხედოთ.