ინტერვიუ ბორის გროისთან - ორმოცდაათი წლის შემდეგ - გიყვარდეს შენი მხატვრები და დახვრიტე ყველა მწერალი
ბორის გროისი დაიბადა 1947 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, გერმანიაში. სწავლობდა მათემატიკასა და ფილოსოფიას ლენინგრადის უნივერსიტეტში, მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტთან არსებულ სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის ინსტიტუტში. 1981 წლიდან - გერმანიაში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტია თანამედროვე რუსულ ხელოვნებაში. 1994 წლიდან ფილოსოფიის, ხელოვნებისა და მედიის პროფესორია კარლსრუეს ინსტიტუტში - Hochschule fur Gestaltung. 2001 წლიდან ვენის სამხატვრო აკადემიის დეკანია. მუშაობს როგორც მიწვეული პროფესორი, არის მრავალი ესესა და პუბლიკაციის ავტორი.
სტალინი და ხელოვნება, ეს სამკვდრო-სასიცოცხლო კავშირი იყო: სტალინი იყო დამკვეთი და უთვალავი ნაწარმოების მთავარ თემას წარმოადგენდა, მაგრამ აგრეთვე იყო მრავალი ხელოვანისა და ინტელექტუალის მკვლელი. ფილოსოფოსი ბორის გროისი, რომელიც 1981 წელს საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში გადასახლდა, საუბრობს სონია ცექრისთან ერთად სტალინის ეპოქის ხელოვნებაში არსებულ რისკსა და შანსზე.
სონია ცექრი: დღე, როდესაც სტალინი გარდაიცვალა...
ბორის გროისი: ამის შესახებ მირჩევნია არაფერი ვთქვა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სკოლაში სტალინის პორტრეტისათვის ჩარჩოს გაკეთება დამავალეს. მე უნიჭო ხელოსანი გამოვდექი, ამიტომ ჩარჩო დედაჩემმა დაამზადა. ეს ჩარჩო ჩემი პირველი და უკანასკნელი რედიმეიდია, ჩემი პირადი წვლილი სოც-არტისათვის (იცინის).
ს.ც. სტალინმა მხატვრები გადაასახლა, აწამებინა, აშიმშილა და დაახვრეტინა. მიუხედავად ამისა, მისმა სიკვდილმა ბევრი ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.
ბ.გ. როცა სტალინისტური რეჟიმი დამყარდა, ადამიანებმა თავდაპირველად დიდი შვება იგრძნეს. ერთი მხრივ გააცნობიერეს, რომ სამოქალაქო ომი დასრულდა, დამყარდა რაღაც ძლიერი, მონოპოლისტური სახელმწიფოს მსგავსი. მეორე მხრივ, ინტელექტუალები მანამდეც ხშირად გაუმტყუნებიათ ბურჟუაზიული პოზიციების დაცვაში, კლასობრივი მტრის მხარდაჭერაში, მაშინ კი მათ შეპირდნენ, რომ კლასობრივმა ბრძოლამ ჩაიარა და მათ აღარ შეეხებოდნენ, თუ ისინი ახალი სახელმწიფოსადმი ლოიალურობას გამოიჩენდნენ.
ს.ც. მაგრამ ამით არ აიხსნება შენარჩულებული ეიფორია.
ბ.გ. სტალინისტური რეჟიმი, ლოიალურად განწყობილი ხელოვანებისა და ინტელექტუალების მიმართ, ძალიან დიდსულოვანი იყო. მწერლებსა და არქიტექტორებს ძალიან მაღალი ჰონორარი ეძლეოდათ. არსებობდა აგარაკები და “შემოქმედებითი სახლები”, იქ მუშაობა საკმაო ფუფუნების პირობებში შეიძლებოდა. იყო სპეციალური საავადმყოფოებიც, კომფორტული საცხოვრებელი სახლები, სადაც მხოლოდ მწერლები ან რეჟისორები ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღიარებულ მწერლებსა და რეჟისორებს ჰქონდათ ის შესაძლებლობა, რაზეც დასავლეთი მხოლოდ ოცნებობდა: თითქმის განუსაზღვრელი სახელმწიფო მხარდაჭერა ფილმებისათვის, მილიონიანი ტირაჟების, გამოფენებისა და მონუმენტური პროექტებისათვის, მაგალითად, მოსკოვის მეტრო. მათთვის შესაძლებელი იყო ახალი სამყაროს შემოქმედებითად გაფორმება.
ს.ც. სტალინმა ავანგარდის პროექტი - ქვეყნის რადიკალური გარდასახვა დაასრულა.
ბ.გ. ეს ოცნების რეალიზაცია იყო. მხატვრები არ იყვნენ დამოკიდებული მომხმარებელზე, გალერეებზე, მუზეუმებსა და კრიტიკაზე. არსებობდა მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთა, მაგრამ ეს ასევე იყო მთელი ქვეყნისათვის სახის შეცვლის საშუალება. ეს დამათრობელი მდგომარეობა იყო.
ს.ც. არა მხოლოდ საბჭოთა ხელოვანნი მოექცნენ ამ ცდუნების გავლენის ქვეშ. 1943 წელს ჰაინრიხ მანი წერდა საბჭოთა კავშირზე: “იქ ჩემს ნაწერებს მასიურად კითხულობენ, და მე მას აღვიქვამ, როგორც ჩემს მიმდევარს, რომელიც კარგად მიცნობს”. ეს მხოლოდ პატივმოყვარეობა იყო?
ბ.გ. რას ნიშნავს პატივმოყვარეობა? ხელოვანი, რომელიც პატივმოყვარე არაა, ჰგავს სპორტსმენს, რომელიც ლოგინში წევს.
ს.ც. და მაინც, ლირიკოსი გუმილიოვი ჯერ კიდევ 1921 წელს დახვრიტეს. მაშინ სტალინი ჯერ არ იყო ხელისუფლების სათავეში. მოგვიანებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ბაბელს, პილნიაკს, იასენსკის; მანდელშტამი ბანაკში დაიღუპა; მაიაკოვსკიმ, ესენინმა და მარინა ცვეტაევამ თავი მოიკლეს, სია გრძელდება, მაგრამ გადარჩენილები აგრძელებდნენ ხატვას, მუსიკისა და ლექსების წერას - ხშირად სტალინის სახელზე.
ბ.გ. ეს აღიქმებოდა როგორც ბრძოლა ერთადერთი შანსისათვის, და ის ფაქტი, რომ ბრძოლაში შეიძლება დაიღუპო არ იყო უჩვეულო. მაშინ უკვე არსებობდა პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის გამოცდილება, სადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ამას ხშირად არ ითვალისწინებენ დასავლეთში. მას, ვინც სტალინის დროს შემოქმედებითად აქტიური დარჩა, ასე სურდა. ოციანი და ოცდაათიანი წლების დასაწყისში შესაძლებელი იყო ემიგრციაში წასვლა, მაგრამ ისევე, როგორც ბელი, გორკი, შკლოვსკი ან ერენბურგი, ბევრი უკან დაბრუნდა. მათ სურდათ ეს ბრძოლა და ეს გამარჯვება.
ს.ც. ხელოვნების ჰიბრისი-ფიქრობდა იგი, რომ შეძლებდა თანაქმედებას?
ბ.გ. ყოველ შემთხვევაში, მათ ჰქონდათ საზოგადოებრივი იდეალი. ჩვენ, პოსტკომუნისტური, არაოფიციალური კულტურის წარმომადგენლები სოციალურად პასიურები ვიყავით. როდესაც პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი გახდა, 90-იანი წლების დასაწყისში, ბევრმა უბრალოდ ქვეყანა დატოვა.
ს.ც. თვალშისაცემია, რომ სტალინის უმთავარესი მსხვერპლი ლიტერატორები იყვნენ.
ბ.გ. დიახ, მხატვრებს ეს ნაკლებად შეეხო: როდჩენკო თავისი ცხოვრების ბოლოს ყვავილებს ხატავდა, მალევიჩი სახელმწიფომ დაკრძალა. არ უნდა დავივიწყოთ: ლენინი, ბუხარინი, ტროცკი თავად ავტორები იყვნენ. სტალინის ნაწერებშიც იგრძნობა ეს ამბიცია. სიმონოვი აღწერს, თუ როგორ ასწორებდა და კომენტარებს უკეთებდა სტალინი რუსული რომანების ასეულობით გვერდს. სტალინისტური მმართველობა და ლიტერატორები ერთსა და იმავე ასპარეზზე მოქმედებდნენ და თუ რომელიმე მწერალ კოლეგას შეგიძლია თავი წააცალო, აბა ვინ გაუძლებს ამ ცდუნებას (იცინის).
ს.ც. რატომ არ გახდა კინო სტალინიზმის “წამყვანი მედია”?
ბ.გ. სტალინი ყოველ დღე უყურებდა და თვითონვე ამტკიცებდა ფილმებს. ეს ცენზურაზე მეტი იყო. მას ფილმები ლიტერატურის გაგრძელებად და მასზე უფრო მძლავრ საშუალებად მიაჩნდა, მაგრამ იგი არ იყო რეჟისორი.
ს.ც. ჰიტლერი, წარუმატებელი მხატვარი, აწყობს გადაგვარებული ხელოვნების გამოფენებს, ხოლო სტალინი, საშუალო დონის ლიტერატორი, მწერლებს აკვლევინებს.
ბ.გ. ეს მართალია, მაგრამ ჰიტლერი არ მოქმედებდა როგორც მხატვარი, მხატვრული გაფორმება შპეერმა აიღო თავის თავზე. უფრო მეტი ანალოგიები შეიძლება გებელსთან მოიძებნოს, როგორც წარუმატებელ მწერალთან.
ს.ც. ეს ნიშნავს, რომ მიხაილ ბულგაკოვი მხოლოდ ერთი მკითხველისთვის, სტალინისათვის წერდა.
ბ.გ. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ სტალინზე გავლენას იქონიებდა. მანდელშტამმა ორი-სამი ლექსი უძღვნა მას, პასტერნაკმა პიდაპირ მიმართა. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ პუშკინსა და ნიკოლოზ I-ის დროს უკავშირდება. ეს ეხება პოეტის და მმართველის დამოკიდებულებას, კონკურენციას და თანამზრახველობას. ბევრ ხელოვანს სურდა სტალინიზმის დროს მსგავსი კავშირის დამყარება. ბახტინის წიგნში კარნავალზე საკმაოდ მრავალფეროვნად არის აღწერილი 30-იანი წლების ვაკხანალია, აღმავლობისა და დაცემის მონაცვლეობა. ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” ასევე კარნავალურია. სტალინიზმი საშინელი და მხიარული კარნავალი იყო, რომელსაც ვერავინ გადაურჩებოდა.
ს.ც. მიუხედავად რეპრესიებისა და დევნისა, სტალინიზმმა ნაციზმისგან განსხვავებით, დიდი ხელოვნების ნიმუშები წარმოქმნა. თორმეტი წელი საკმარისი დრო არ იყო?
ბ.გ. ცხადია არა, მაგრამ ნაციონალ-სოციალისტური ოცნება მხოლოდ გერმანელებს აერთიანებდა, ხალხურ ნიმუშებთან მიბრუნება კი, ხელოვნების კონსერვატულობას განაპირობებდა. ამის საპირისპიროდ კომუნისტური ოცნება უნივერსალურია. ამ შემთხვევაში ამოსავალი ის იყო, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა კომუნიზმს უნდა შეერთებოდა, ამ იდეისთვის ავანგარდს თავისი ხელოვნების კონცეფცია უნდა შეექმნა.
ს.ც. მაგრამ რამდენად უნივერსალური იყო სოციალისტური რეალიზმი?
ბ.გ. არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ 30-იან წლებში ავანგარდი აღიქმებოდა როგორც აკრძალვათა სისტემა. აკრძალული იყო რეალისტური სურათების ხატვა, ძველი ორნამენტების გამოყენება, სიუჟეტური ფილმების გადაღება. სოციალისტური რეალიზმი წარმოადგენდა რეაქციას ავანგარდის რედუქციულ რეჟიმზე, რომელიც წარმოიშვა, როგორც ხელოვნების ისტორიის ყველა საშუალების მასათა ბრძოლაში გამოყენების მოწოდება. შემდგომ ავანგარდი “ფორმალიზმად” იქნა შერაცხული, მაგრამ სოციალისტური რეალიზმი მომავლისკენ დარჩა ორიენტირებული, მას არა ძველის, არამედ ახლის წარმოჩენა სურდა.
ს.ც. მან სტალინზე დიდხანს იარსება.
ბ.გ. მაგრამ მხოლოდ როგორც ზომბიმ. სტალინიზმის დასასრული უტოპიის დასასრულიც იყო. ამ ხელოვნებას არ გააჩნდა მიზნები, აღარ ჰყავდა დიდი ფიგურები.
ს.ც. და აღარც სტალინის პორტრეტები: პარტიის XX ყრილობის შემდეგ, სტალინი საკუთარი აკრძალვების მსხვერპლად იქცა.
ბ.გ. დიახ, მის პორტრეტებს ტელევიზიასა თუ კინოში იშვიათად აჩვენებდნენ. მისი სახელი უარჰყვეს. სტალინგრადს სახელი გადაერქვა, სტალინის ნაწერები აიკრძალა. მე წილად მხვდა ბედნიერება მოვხვედრილიყავი პეტერბურგის, მაშინდელი ლენინგრადის, რუსული მუზეუმის ფონდში. იქ ერთ მშვენიერ დღეს, სტალინის პორტრეტი აღმოვაჩინე მალევიჩის ნამუშევრებს შორის! შემდეგი სტალინის პორტრეტი, რომელიც მე ვნახე, კომარსა და მელამიდს ეკუთვნოდა.
ს.ც. ... რომელიღაც სამხატვრო სახელოსნოში, რომლის თემას 80-იან წლებში სტალინის პორტრეტები წარმოადგენდა.
ბ.გ. მაშინ ეს წარმოუდგენელი ტაბუს მსხვრევა იყო. სტალინის პორტრეტები მხოლოდ დისიდენტების წრეებში თუ მოიპოვებოდა, ახლა კი სტალინის საბჭოთა პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტრეტები რუსულ მუზეუმებში ჰკიდია. ამ შემოდგომას ფრანკფურტში კურატორობას გავუწევ სტალინის ეპოქის ხელოვნების გამოფენას.
წყარო - „არტური“, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება CONTEMPORARY VISUAL ART #1, 2004