ედგარ პო - კლდოვანი მთების ამბავი
1827 წლის შემოდგომით, ვირჯინიის შტატში, შარლოტსვილის ახლოს რომ დავსახლდი, შემთხვევით გავიცანი ბატონი ოგასტეს ბედლოუ. ყოველმხრივ საყურადღებო გახლდათ ეს ყმაწვილი ჯენტლმენი და მეც დიდი გულისყურითა და ცნობისმოყვარეობით მოვეკიდე ამ ნაცნობობას.
თუ ვინ იყვნენ მისი სულიერი და ხორციელი ნათესავები, ვერ დავადგინე. ვერც მისი ოჯახის შესახებ გავიგე ვერაფერი. ვერც ის მითხრეს, თუ საიდან იყო ჩამოსული. კი გეუბნებით, ყმაწვილი ჯენტლმენი- მეთქი, მაგრამ მისი ასაკი ძალიან საეჭვო შექმნილიყო ჩემთვის. თქმა არ უნდა, ყმაწვილი ჩანდა, თავადაც ამას ამბობდა, ყმაწვილი ვარო, მაგრამ ზოგჯერ ვიფიქრებდი ხოლმე, ასი წლისა უნდა იყოსმეთქი. ყველაზე უფრო გასაოცარს ამ კაცის აღნაგობას შეარქმევდით. უჩვეულოდ მაღალი და გამხდარი, წელშიაც მეტად მოხრილი იყო. მჭლე და გრძელზე გრძელი კიდურები ჰქონდა; შუბლი - ფართო და დაბალი, სახე - უსისხლო, პირი ვეება და მოძრავი, მთლად კბილებ- ჩოღერა, ოღონდ საღი, აქამდე ამის მსგავსი მე არც არაფერი მინახავს. სასიამოვნო ღიმილი ჰქონდაო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ როგორღაც თქვენს გულს კი იგებდა ამით და, ამასთან ერთად, სულ ერთთავად სევდით მოცული იღიმებოდა. დღენიადაგ წარუვალი ჩანდა მისი კაეშანი. თვალები უჩვეულოდ დიდრონი ჰქონდა და კატისებრ მრგვალი, გუგები უპატარავდებოდა და უდიდდებოდა ხოლმე სინათლის დაკლება-მომატების კვალობაზე, ვითარცა ეს კატისებრთა ოჯახის ცხოველებს სჩვევიათ. თვალის თეთრონი საკვირველად აუელვარდებოდა მღელვარების ჟამს და თითქოსდა კი არ ირეკლებოდა, შიგნიდან გამოსცემდა სხივებს სანთლის ან მზის მსგავსად, ჩვეულებრივ კი ბუნდი და ლიბრგადაკრული მთლად აზრმოკლებული ჩანდა და ასე იფიქრებდით, დიდი ხნის დასამარებული გვამისააო.
თავადაც დიდად სწყინდა, როგორც ჩანს, თავისი ასეთი გარეგნობა და ხშირადაც ახსენებდა, თითქოსდა უნდოდა აეხსნა თუ გაემართლებინა, რამაც პირველად გული მომიკლა, მაგრამ სულ მალე შევეგუე ამას და აღარც მიმძიმდა იმასთან ყოფნა. თითქოსდა სურდა, უფრო გადაკვრით ეთქვა, ვიდრე პირდაპირ მოჰყოლოდა მტკიცებას, მართალია, დღეს ასეთს მხედავთ, მაგრამ ერთ დროს რომ გენახეთ, ძალიანაც მოგეწონებოდით, ნევრალგიის გაუთავებელმა შეტევებმა მიმიყვანა ამ დღემდეო. წლების განმავლობაში ერთი ექიმი ნახულობდა, გვარად ტემპლტონი, მოხუცი ჯენტლმენი, ასე, სამოცდაათი წლისა უნდა ყოფილიყო. პირველად სარატოგაში შეხვდა და იმ დღიდან მოყოლებული ამ კაცმა დიდად უშველა, ანუ, ასე სჯეროდა მას. დაბოლოს, ბედლოუმ, მდიდარი რომ გახლდათ, ხელშეკრულება დაუდო ექიმ ტემპლტონს. ამ ხელშეკრულების თანახმად, ექიმს მიეცემოდა გასამრჯელო, რათა მთელი დრო და თავისი საექიმო გამოცდილება ამ ავადმყოფისთვის მოეხმარა.
თავის სიყმაწვილეში ექიმ ტემპლტონს ბევრი უმოგზაურია და პარიზში ყოფნის ხანს მესმერის ერთგული მიმდევარი გამხდარა. მაგნეტურ ხერხებს იშველიებდა ეს კაცი და პაციენტს მწვავე ტკივილები შეუმცირა; ამ წარმატების შედეგად, რაღა თქმა უნდა, ავადმყოფი გარკვეულწილად გაიზიარებდა იმ მოძღვრებას, ამ ხერხებს რომ ესაძირკვლებოდა. მაგრამ იმ ექიმმა, ყველა ენთუზიასტის დარად, სულაც მოისურვა მოწაფის გადმოყვანა თავის რწმენაზე და იმდენად იყოჩაღა, რომ ის წამებული კაცი მრავალგზის გახდა ცდისპირი. ბევრ ცდას ის შედეგი ჰქონდა, ჩვეულებრივი რომ იყო ამ უკანასკნელ ხანებში და დღეს უკვე ხანდახან თუ იპყრობს ყურადღებას ან სულაც ვეღარ ამჩნევენ, მაგრამ იმხანად, აქ მოთხრობილი ამბავი რომ მოხდა, თითქმის არც იყო ცნობილი ამერიკაში. მე იმის თქმა მინდა, რომ ექიმ ტემპლტონსა და ბედლოუს შორის ნელინელ, ცხადლივ დამკვიდრდა რაპპორტ-ი, ანუ მაგნეტური დამოკიდებულება. მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ხსენებული რაპპორტ-ი ჩვეულებრივი ძილის საზღვრებს სცილდებოდა-მეთქი; ოღონდ უფრო სწორი იქნებოდა, თუ ამას ძილქუშის მძლავრობას დავარქმევდით. პირველი ცდა მაგნეტური ძილის გამოწვევისა სრულიად გაუცუდდა მესმერისტს. მეხუთედ თუ მეექვსედ ნაწილობრივ მიაღწია მიზანს და ისიც დიდი ძალისხმევის შედეგად. მხოლოდ მეთორმეტეჯერ მოუპოვებია სრული წარმატება. შემდგომ ამისა, პაციენტის ნება მალე ემორჩილებოდა მკურნალის განკარგულებას, და იმხანად, როდესაც პირველად გავიცანი ორივენი, სულ მცირეოდენი შეგონება სჭირდებოდა ექიმს და ძილი მაშინვე მოიცავდა ავადმყოფს, რომელსაც შეიძლება არც კი სცოდნოდა, თუ იყო ვინმე ამ დროს მასთან. ახლა კი, 1845 წელს, მსგავს საოცრებას ყოველდღიურად ათასები ხედავენ და მე ვბედავ ეს თითქოსდა შეუძლებელი მოვლენა აღვწერო, როგორც სრული რეალობა.
დიდი ტემპერამენტის მქონე გახლდათ ბედლოუ. მგრძნობიარე, აღგზნებული, აღტაცებული, ძალუმი და მრავალფეროვანი წარმოსახვა იცოდა, რაც, თქმა არ უნდა, კიდევ უფრო გაცხოველებოდა მორფს შეჩვეულ კაცს, ბევრსაც ყლუპავდა ამ ბალღამს, ურომლისოდაც ვეღარც წარმოედგინა არსებობა. ჩვეულებრივ, დიდ დოზას დააყოლებდა ხოლმე საუზმეს, უფრო სწორად, ერთ ფინჯან მაგარ ყავას და შუადღემდე აღარაფერს ჭამდა, მერე კი მარტოდმარტო ან ძაღლის თანხლებით დიდხანს დაეხეტებოდა უკაცრიელ, სევდის მომგვრელ მთებში, შარლოტსვილის დასავლეთითა და სამხრეთით რომ მდებარეობს და რომელსაც კლდოვან მთებს უწოდებენ.
ერთ მოქურუხებულ, თბილსა და ნისლიან-ბურუსიან დღეს, ნოემბრის მიწურულს, წლის იმ დროს, უცნაური interregnum ( უმეფობის ხანა (ლათ.) რომ არის, რასაც ამერიკაში „ინდიელის ზაფხულს“ (ოქროს შემოდგომა) ეძახიან, ბატონი ბედლოუ, ჩვეულებისამებრ, მთაში სახეტიალოდ წავიდა. დღე გავიდა და ის ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.
საღამოს რვა საათი იქნებოდა და კარგა მაგრადაც შევშინდით, რად დააგვიანდაო და საძებნელადაც უნდა წავსულიყავით, რომ უცებ გამოჩნდა საღ-სალამათი, ოღონდ ჩვეულებრივზე უფრო აგზნებული კი გახლდათ. თავის მოგზაურობასა და დაგვიანების მიზეზზე რომ გვიამბო, გაოცებული დავრჩით.
- თუ გახსოვთ, - გვითხრა მან, - დაახლოებით დილის ცხრა საათზე გავედი შარლოტსვილიდან. მაშინვე მთებს მივაშურე და ათისთვის ერთი, სრულიად უცნობი ხევი ვნახე. დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი იქაურობას იმ მიხვეულ-მოხვეულ ვიწროებში მიმავალი. დიდებული სანახავი იყოო ის მთელი არემიდამო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ იმდენად უდაბური და მოწყენილი ჩანდა, რომ აღტაცებული დავრჩი. თითქოსდა სრულიად შეურყვნელი იყო ეს მივარდნილი ადგილი. ფიქრი ვერ მომეცილებინა, რომ იქ, სადაც მე მივდიოდი, ამ მწვანეკორდიანსა და ნაცრისფერ ქვა-ღორღზე კაცს არ გაეჭაჭანებინა... შესასვლელი ისე შეზღუდული იყო და მიუდგომელი, რომ იმ ღარტაფში მისასვლელად ერთი და ორი კი არა, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას შემთხვევით გავლა დაგჭირდებოდა. ამისდაკვალად სულაც არ ჩანდა შეუძლებელი, რომ თავგადასავლების მძებნელთაგან მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი პირველი, ვინც ამ უდაბურ ადგილას ფეხი დაადგა.
სქელი და უცნაური ნისლი თუ კვამლი, როგორც ეს გვიანი ზაფხულის დროს იცის, მძიმედ ჩამოშლილიყო, ყოველი საგანი მოეცვა ჩემ გარშემო და, რაღა თქმა უნდა, ეს საგნები ციებცხელებიანი კაცის თვალით დანახულს დამსგავსებოდა. იმდენად განუჭვრეტელი იყო ეს სასიამოვნო ბურუსი, რომ თორმეტ იარდზე უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, სავალი მეტად მიხვეულ-მოხვეულიყო, მზე არ ჩანდა და მალე აღარ ვიცოდი, საით მივდიოდი. ჩვეულებრივ ეფექტს მიაღწია ამ დროს მორფმა და მთელ ამ არემიდამოს დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ფოთლის თრთოლა - ბალახის ფერი - ფუტკრის ზუზუნი - ნამის ელვარება - ნიავის ფშვინვა - ტყის სურნელება, მთელი ამ სამყაროს ჩქამი იყო სათავე მხიარული და ნაირფერი, უწესრიგოდ მოძალებული აღფრთოვანებული ფიქრებისა.
რამდენიმე საათს მივდიოდი ასეთ ყოფაში. ნისლი სულ უფრო დაბლა განრთხმულიყო და მთლად გარშემომხვეოდა. ბოლოს ხელის ფათურითღა მივიკვლევდი გზას და მაშინ ენით უთქმელმა შფოთიანობამ მომიცვა, როგორღაც ავნერვიულდი, ვჭოჭმანობდი, კანკალმა ამიტანა. ფეხის გადადგმისა მეშინოდა, ვაითუ, სადმე უფსკრულში გადავიჩეხო-მეთქი. ისიც გამახსენდა, თუ რა უცნაური ამბები მოუყოლიათ ამ კლდოვანი მთების შესახებ, თითქოსდა ველური, სისხლისმსმელი ტომები ბინადრობდნენ ამ ტევრებსა და გამოქვაბულებში, ათასნაირი ბუნდი ზმანება დამეუფლა და თავგზა ამიბნია. ზმანება-მეთქი, რომელთა ბუნდოვანება კიდევ უფრო აძლიერებდა ჩემს სასოწარკვეთილებას. უცებ ჩემი ყურადღება მიიპყრო ხმამაღლა დოლის ცემამ.
დიდად გამიკვირდა, რაღა თქმა უნდა, სად დოლის ცემა და სად ეს მთები-მეთქი. მთავარანგელოზის საყვირის ხმაც კი არ გამაოცებდა ასე. მაგრამ შიშისა და ცნობისმოყვარეობის ახალი, კიდევ უფრო გამაოგნებელი მიზეზი დავინახე, თითქოსდა გასაღებების დიდი შეკვრა ყოფილიყო, ჟღარუნი და ჩხერება მომესმა და იმავე წამს შავტუხა, ნახევრად შიშველმა კაცმა ჩამირბინა ყვირილ-ყვირილით. ჩემთან ისე ახლოს იყო, რომ იმისი სუნთქვა მომეახლა სახეზე. ცალ ხელში ფოლადის რგოლებით გაწყობილი რომელიღაც იარაღი დაეკავებინა. მიიმალა თუ არა ნისლში, ფეხდაფეხ მიჰყვა ხვნეშა-ხვნეშით თვალებაბრიალებული ვეებერთელა ცხოველი. ნამდვილად არ შევმცდარვარ, ეს იყო აფთარი.
ამ ურჩხულის დანახვაზე ისე აღარ შევშინებულვარ, რადგან ახლა კი დავრწმუნდი, მომეჩვენა-მეთქი და ყოველი ღონე ვიხმარე, რათა გონს მოვსულიყავი, გაბედულად და ცოცხლად მევლო. თვალებს ვიფშვნეტდი. გავყვიროდი. ხელები დავიჩქმიტე. წყარო დავინახე უცებ, დავიხარე, დავისველე კისერი, ხელ-პირი. ამან მიშველა, გონს მოვედი და მოვიცილე ის ჩემი შემაწუხარი გუნება-განწყობილება, წამოვდექი, ახლა კი სულ სხვა კაცი ვარ-მეთქი, გავიფიქრე და მტკიცედ და მშვიდად განვაგრძე ის ჩემი უცნობი სავალი.
დაბოლოს, დაძაბულობისგან ქანცგაწყვეტილი, მძიმე ჰაერისგან სულშეხუთული ერთი ხის ძირას ჩამოვჯექი. მზემ გამოიხედა უცებ და ფოთოლთა ტევრის ბუნდი ჩრდილი დაეფინა ბალახს. ერთხანს გაოცებული დავცქეროდი ამ ჩრდილს. გავშეშდი კიდევაც გაკვირვებისაგან. მაღლა ავიხედე. ეს ხე პალმა იყო.
თავზარდაცემული წამოვიჭერი - მძინავს-მეთქი. ეს ფიქრი რაღას მიშველიდა. ვხედავდი და ვგრძნობდი, სრულ ჭკუაზე ვიყავი. ამ სრულ ჭკუაზე მყოფი აღვიქვამდი მთელ სამყაროს ახალ და ენით უთქმელ შეგრძნებებისას. იმწუთასვე თაკარა სიცხე დადგა. საკვირველი სურნელება მოჰყვებოდა ნიავს. ჩქაფუნი ჩამესმა, თითქოსდა აქ უნდა ყოფილიყო წყალუხვი, მდორე მდინარე, რომლის ხმასაც შერთვოდა მრავალრიცხოვანი ბრბოს უცნაური ყაყანი.
ჩემს მაშინდელ ყოფას ზუსტად ვერ აგიწერთ; ვიდრე გაოგნებული ყურს ვუგდებდი ამ ხმებს, თითქოსდა ჯადოქარმა ჯოხი აიქნიაო, ქარის უეცარმა და ძალუმმა კვეთებამ ამ არემიდამოს ნისლი შემოაცალა.
თურმე მაღალი მთის ძირას ვმდგარვარ და გავცქეროდი ვეებერთელა ველს, რომელზეც მიიკლაკნებოდა დიდებული მდინარე. იმის სანაპიროზე მოჩანდა აღმოსავლური ქალაქი, რომლის მსგავსი არაბულ ზღაპრებში შეგვხვედრია, თუმცა ეს, ჩემ წინ მდებარე, უფრო საკვირველი სანახავი იყო. იმ ადგილიდან, საიდანაც მე დავყურებდი, თითქოსდა რუკაზე დაუხატავთო, ყოველი კუთხე და კუნჭული ჩანდა ამ ქალაქისა. აურაცხელი მცხოვრებლით მოფენილი ქუჩაბანდები ყოველმხრივ კვეთდნენ ერთმანეთს და უფრორე ხეივნებს მოგვაგონებდნენ, ვიდრე ქუჩებს. თვალისმომჭრელი ფერებით გამოირჩეოდა სახლები, სადაც კი მიდგებოდით, ყველგან დაინახავდით საკვირველად მოხატულ-მოჩუქურთმებულ აივნებს, ვერანდებს, მინარეთებს, სამლოცველოებს. ბაზარი დუღდა და გადმოდუღდა, სულო და გულო, რა არ გამოეტანათ აქ - აბრეშუმები, მუსლინები, მოელვარე დაშნები, უძვირფასესი ქვები და სამკაულები. ყოველ მხარეს და ყოველ ნაბიჯზე დაინახავდით ალმებსა და პალანკინებს, ტახტრევნებით დაჰყავდათ ბანოვანები, მძიმედ დააბიჯებდნენ ბრწყინვალედ მორთული სპილოები, ყველგან იდგა საოცრად გამოჭრილი კერპები; მოოქრულ-მოვერცხლილი იყო დოლები, დროშები, გონგები, კვერთხები. და ამ ბრბოში, ჯაჯღანსა და არეულ-დარეულობაში, ურიცხვ შავ და ყვითელ ტურბანებიან და ლაბადებიან, მოფრიალე წვერებიან ხალხში დაეხეტებოდა აუარება მორთულ-მოკაზმული წმინდა ხარი. ამავე დროს, აქვე ჭყივილ-წივილით დაშლიგინებდა ასევე მორთული მაიმუნების ჯარი, დაძვრებოდნენ მეჩეთების ლავგარდანებზე, მინარეთებსა და სამლოცველოებზე. ხალხით გაჭედილი ქუჩებიდან, სადაც კი გაიხედავდით, ეშვებოდა კიბეები, რომელთა ბოლო საფეხურები საბანაო ადგილებს ებჯინებოდნენ, თავად მდინარე კი ამ დროს თითქოსდა ძლივს მიედინებოდა დამძიმებული უამრავი გადატვირთული გემით. აღარც კი ჩანდა მდინარის ზედაპირი. ქალაქის ირგვლივ წამოჭიმულიყო პალმებისა და ქოქოსების დიდებული კორომები, ათასწლოვანი გიგანტური გასაოცარი ხეებითურთ. აქა-იქ მოჩანდა ბრინჯის მინდვრები, ჩალით დახურული ქოხმახები, წყალსატევი, მივარდნილი ტაძარი, ბოშათა ბანაკი, ტანწერწეტა ქალიშვილი, დოქით თავზე მარტოდმარტო ამ დიდებული მდინარის ნაპირისკენ მიმავალი.
თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ თქვათ, ზმანება იყო ეს და მეტი არაფერიო, მაგრამ ასე არ არის. რასაც მე ვხედავდი, რასაც მე ვფიქრობდი, რასაც მე ვგრძნობდი, არ ჰგავდა სიზმარს. ნამდვილად სრულ გონებაზე ვიყავი. პირველად კი შემეპარა ეჭვი, ფხიზელი თუ ვარ-მეთქი, მაგრამ მალე დავრწმუნდი, ცხადლივ ვხედავდი ყველაფერს, მართლაც, ვინმეს რომ სძინავს და ძილში ეჭვი გაუჩნდება, თუ მძინავსო, ამ ეჭვის დაზუსტებას ვერ ახერხებს და იმწუთასვე იღვიძებს. ასე, მაგალითად, ნოვალისი არ ცდება, როდესაც ამბობს: „თუ გვესიზმრება, გვძინავსო, მაშინ მალე გავიღვიძებთ კიდევაც“. ყველაფერი, რაც ვნახე, სიზმარი უნდა ყოფილიყო უთუოდ, სიზმარი და მეტი არაფერი, მაგრამ რაკი ვეჭვობდი და ვყოყმანობდი, ვიფიქრე, სხვანაირ ფენომენს გადავყრივარ-მეთქი.
- ვერ დავიჩემებ, რომ ცდებით, - შეაწყვეტინა ექიმმა ტემპლტონმა, - მაგრამ მერე რა მოხდა, მიამბეთ, თქვენ ადექით და იქ ქალაქში ჩადით...
- ჰო, მე ავდექი, - განაგრძო დიდად გაოცებულმა ბედლოუმ და თან ექიმს შესცქეროდა, - ავდექი-მეთქი, როგორც თქვენ ბრძანეთ, და ქალაქში ჩავედი. აუარება ხალხში გამოვიარე, ქუჩებში გამოსულიყვნენ და ერთი მიმართულებით მიდიოდნენ, ყოველ ნაბიჯზე ეტყობოდათ, რომ საშინლად განრისხებულიყვნენ. უცებ, შეუცნობელი იმპულსის გამო, დიდი გულისყურით დავიწყე იქაურობის თვალიერება. თითქოსდა ვიცოდი, რომ მნიშვნელოვანი ამბები უნდა გადამხდენოდა, თუმცა, არ ვიცოდი, რა და როგორ. ვხედავდი იმ ბრბოს და ვგრძნობდი, ძალიან მტრულად ვიყავი განწყობილი მისადმი. დავუსხლტი და სწრაფად წამოვედი, ქალაქს შემოვუარე და სხვა გზით შემოვედი. ყველგან ღრიანცელი იდგა, ჯავრით ყაყანებდნენ. სანახევროდ ინდოელთა, სანახევროდ ევროპელთა მსგავსად მორთული პატარა ჯგუფი დავინახე, მეთაურები ჰყავდა, ჯენტლმენები, რომელთაც ბრიტანული ფორმის მსგავსი ტანსაცმელი ეცვათ და ქუჩებიდან აურაცხელი ბრბოს გაყრა უნდოდათ. ბრძოლის ველზე დაცემულის იარაღი ავისხი და უმცირესობის მხარე დავიჭირე; არც კი ვიცი, ვის შევები მთლად გააფთრებული, ნერვული სასოწარკვეთილებით მოცული; ბევრნი იყვნენ და მალე გვაჯობეს, უკან დავიხიეთ და რომელიღაც შენობას შევაფარეთ თავი. ბარიკადები ავაგეთ და ახლა რამდენიმე ხნით დაცული ვიყავით. შენობის სახურავთან ერთი სათვალთვალო სარკმელი იყო და იქიდან დავინახე, აბობოქრებული ურიცხვი ბრბო ერთ, მდინარეზე გადმოდგმულ დიდებულ სასახლეს მიაწყდა და იერიშით შიგ შეჭრას ლამობდა. ანაზდად სასახლის ზედა ფანჯრიდან ვიღაც ჩამოუშვეს, დიაცური შესახედაობის კაცი, იმის თანმხლებთ თავიანთი ტურბანებისაგან თოკი შეეკრათ და იმით. ნავი დახვდა იქვე და მდინარის მეორე მხარეს გადავიდა.
ახლა ასე მოვისურვე. მოკლე, მაგრამ მგზნებარე სიტყვით მივმართე ჩემს ამხანაგებს, იმათთაგან რამდენიმე გვერდში ამომიდგა, შენობიდან გამოვცვივდით და შლეგური იერიში წამოვიწყეთ. ჩვენს გარემომცველთა ბრბოში შევიჭერით, პირველად შედრკნენ და უკუმიდგნენ. შემდეგ მხნეობა მოიკრიბეს, გააფთრებით შემოგვიტიეს და ისევ უკუმიდგნენ. ამ დროს კარგა დიდი მანძილით დავცილით იმ შენობას და სადღაც, ვიწრო ქუჩებში მოვხვდით არეულ-დარეულები, თავგზააბნეულები, ზემოდან დაგვყურებდა მაღალი სახლები, რომელთა ქვეშ არც არასდროს ჩამოუღწევია მზის ნათელს. ქალაქის კაცნი ფიცხლად გვიტევდნენ, შუბებს გვიღერებდნენ, ისრების სეტყვა დაგვაყარეს. გასაოცარი ისრები ჰქონდათ, მალაურ დახვეულ კრისს მოგვაგონებდნენ, მოსრიალე გველების მსგავსს. ამ შავი, გრძელტარიანი ისრებისათვის შხამიანი წვერი დაეტანებინათ. მარჯვენა საფეთქელში მომხვდა ერთი ისარი. ტორტმანით წავიქეცი. იმავე წამს სულისამომხდელმა უღონობამ მომიცვა. ერთი გავიბრძოლე... სუნთქვა შემეკრა... და... მოვკვდი.
- ახლა კი, - გავუღიმე მე, - ვეღარ იტყვით, სიზმარი არ იყოო ის თქვენი თავგადასავალი, როგორღა დაგვიმტკიცებთ, მკვდარი ვარო?
ეს სიტყვები რომ ვთქვი, რასაკვირველია, დიდ წინააღმდეგობას მოველოდი ბედლოუსაგან; მაგრამ როგორ გავოცდი, როდესაც შევნიშნე, მერყეობდა, შეკრთა, მთლად გაფითრდა და აღარაფერი მიპასუხა. ტემპლტონს შევხედე. გაშეშებული და გაოგნებული იჯდა თავის სავარძელში - კბილები უკაწკაწებდა და სადაცაა თვალები წამოუცვივდებოდა ბუდიდან. განაგრძეთო! - უთხრა მან ბოლოს ხრინწიანი ხმით ბედლოუს.
- კარგა ხანს, - თქვა მან, - ჩემი ერთადერთი გრძნობა თუ შეგრძნება არყოფნის წკვარამი იყო, აზრი სიკვდილისა. დაბოლოს, თითქოსდა სული ჩემი უეცრად და ძალუმად რაღაცამ გაანათა, მსგავსად ელექტრობისა. სინათლე და მოქნილობა აღვიქვი ამასთან ერთად. სინათლე კი არ მიხილავს, შევიგრძენი. თითქოსდა იმავე წამს მიწიდან წამოვდექი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი სხეულს, მხედველობის, სმენისა და შეხების უნარი დამკარგვოდა. ბრბო აღარსად ჩანდა. ბუნტი ჩათავებულიყო. გარკვეულწილად დამშვიდებულიყო ქალაქი. ჩემ ქვემოთ გვამი ეგდო, საფეთქელში ისარი ჰქონდა გაყრილი, თავი შეშუპებოდა და დამახინჯებოდა. მაგრამ ყოველივე ამას მე კი არ ვხედავდი, ვგრძნობდი. სრულიად აუმღვრეველი გახლდით. გვამსაც არ შევუშფოთებივარ. რამე ნება-სურვილი არ მქონდა, მაგრამ რაღაცამ კი მაიძულა მოძრაობა. შევფრთხიალდი, მსუბუქად გამოვეშურე ქალაქიდან, გარშემოვუარე მას და იმავე გზით გამოვედი, რომლითაც შევედი. ხეობის იმ ადგილს რომ მივატანე, სადაც აფთარს გადავაწყდი, რაღაცამ დენივით დამკრა; სხეულიც შევიგრძენი და ნება-სურვილიც გამიჩნდა. ისევ გავხდი ის, რაც ვიყავი და სასწრაფოდ შინისკენ გამოვწიე, მაგრამ იმას, რაც გადამხდენოდა, არ დაეკარგა რეალობის სიცხადე და ახლაც, ამწუთშიაც კი ვერ გეტყვით, სიზმარი იყო-მეთქი.
- არც იყო, - ძალიან ჩაფიქრებული ჩანდა ტემპლტონი, - მაგრამ კი არის ძნელი სხვა რამე დავარქვათ. სავარაუდოა, რომ თანამედროვე ადამიანის სული განსაცვიფრებელი ფსიქიკური აღმოჩენების კარიბჭესთან მისულა. მოდი და ახლა ამ აზრს დავჯერდეთ. დანარჩენი შეიძლება ასე აიხსნას. აბა, ერთი ეს ფერადი სურათი ნახეთ, კი მინდოდა უფრო ადრე მეჩვენებინა, მაგრამ გაურკვეველი შიშის გამო დღემდე ვერ შევძელი.
დავხედეთ იმ სურათს, ვერაფერი ისეთი მნიშვნელოვანი ვერ შევნიშნე, მაგრამ ბედლოუს კი თავზარი დასცა. შეხედა თუ არა, კინაღამ გრძნობა დაკარგა. პატარა პორტრეტი იყო და მეტი არაფერი, ზედმიწევნით ზუსტად, არა ვცდები, იმეორებდა მისი სახის ნაკვთებს. ყოველ შემთხვევაში, ასე გავიფიქრე სურათის შეხედვისთანავე.
- აბა, დააკვირდით, - თქვა ტემპლტონმა, - ამ სურათის თარიღს, აი, აქ, ამ კუთხეში, ძლივსღა ჩანს - 1780. სწორედ ამ წელიწადს დაუხატავთ ეს პორტრეტი, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ბატონი ოლდების სურათია, კალკუტაში გავიცანი ის კაცი, უორენ ჰასტინგსის მმართველობის ხანს, ოცი წლისა ვიყავი მაშინ. პირველად რომ სარატოგაში გნახეთ, ბატონო ბედლოუ, სწორედ გასაოცარი მსგავსება თქვენსა და ამ პორტრეტს შორის იყო მიზეზი, რომ გაგიცანით, დაგიმეგობრდით და ბოლოს ხელშეკრულებაც კი დავდეთ. მას მერე სულ თქვენი კომპანიონი ვარ. სწორედ ამას მიველტვოდი, ნაწილობრივ ან სულაც იმის გამო, რომ გული მიკვდებოდა იმ ჩემი დაღუპული ამხანაგის გახსენებაზე. ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობა დამეუფლა და ცოტათი შევშფოთდი კიდევაც თქვენთან შეხვედრის ხანს.
თქვენ რომ გამოწვლილვით აღწერეთ, თუ რა მოგეჩვენათ იმ მთებში, ცხადლივ მოგვაგონებს ინდოეთის ქალაქ ბენარესს წმინდა მდინარის სანაპიროზე. ის ბუნტი, ბრძოლები და სისხლის ღვრა მართლაც მომხდარა შეიტ-სინგის აჯანყების დროს, 1780 წელს. მაშინ ჰასტინგსი ძლივს გადარჩენილა ცოცხალი. ტურბანებისაგან გაკეთებულ თოკს რომ ჩამოჰყვა, თავად შეიტ-სინგი გახლდათ. შენობაში შეცვენილი ჯარისკაცები იყვნენ სიპაები და ბრიტანელი ოფიცრები, მათ ხელმძღვანელობდა ჰასტინგსი. იმათ შორის მეც ვიყავი და ყოველი ღონე ვიხმარე, რათა წინ აღვდგომოდი იმ ოფიცრის მიერ ანაზდეულად და საბედისწეროდ წამოწყებულ იერიშს. იგი ქუჩებში შეება ბრბოს და ბენგალელის მოწამლულმა ისარმა მოუღო ბოლო. ის ოფიცერი ჩემი უძვირფასესი მეგობარი იყო. გვარად ოლდები. ამ ხელნაწერში შეგიძლიათ ამოიკითხოთ (თქვა ეს და რვეული გამომიწოდა, სწორედ ახლახან დაეწერა რამდენიმე ფურცელი), რომ იმ დროს, როდესაც თქვენ მთებში ის ამბავი გადაგხდათ, მე აქ, სახლში გამოწვლილვით აღვწერდი იმ ამბავს რვეულში.
დაახლოებით ერთი კვირა გავიდა ამ საუბრის შემდეგ, როცა შარლოტსვილის გაზეთმა შემდეგი ცნობა გამოაქვეყნა:
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ბატონ ოგასტეს ბედლოს გარდაცვალებას, ამ ჯენტლმენის კეთილი გული და მრავალი ღირსება დიდხანს იყო შარლოტსვილის მოქალაქეთა თაყვანისცემის საგანი.
ბატონ ბ-ს უკვე რამდენიმე წელიწადი აწუხებდა ნევრალგია, რომელმაც ბევრჯერ კინაღამ ბოლო მოუღო; მაგრამ ეს ავადმყოფობა არ ყოფილა მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი. იგი ერთი მეტად უჩვეულო შემთხვევის გამო გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კლდოვან მთებში სეირნობის ხანს ოდნავ გაცივდა და ციებ-ცხელება შეეყარა, ამას დაერთო თავში მოჭარბებული სისხლის მოწოლა. შვება რომ მიენიჭებინა მისთვის, ექიმმა ტემპლტონმა სისხლის ადგილობრივ გამოშვებას მიმართა. წურბლები საფეთქლებზე დაასვეს. თავზარდამცემი იყო ავადმყოფის უეცარი სიკვდილი და, როგორც აღმოჩნდა, წურბლებთან დოქში სრულიად შემთხვევით მოხვედრილიყო ჭიაყელას მსგავსი შხამიანი გველისძუა, რომელსაც ზოგჯერ მეზობლად მდებარე ტბორში პოულობენ. სწორედ იგი მიკვროდა მისი მარჯვენა საფეთქლის მცირე ძარღვს. სამედიცინო წურბელასთან მისი დიდი მსგავსების გამო შეცდომა მეტად გვიან შეუნიშნავთ.
N. B. შარლოტსვილის შხამიანი გველისძუა შეგიძლიათ გამოარჩიოთ წურბლისაგან სიშავით და, განსაკუთრებით, იმ ხვეული და ჭიაყელისებური მოძრაობით, გველმა რომ იცის“.
ამ საყურადღებო შემთხვევაზე ხსენებული გაზეთის რედაქტორთან რომ ვსაუბრობდი, უცებ ვკითხე, როგორ მოხდა, რომ დაღუპულის გვარი ასე დაუწერიათ-მეთქი, - ბედლო.
- მგონია, - ვუთხარი მე, - რაღაც იცით და იმიტომ, მაგრამ მე სულ ასე ვფიქრობდი, რომ ეს გვარი უ-თი მთავრდებოდა.
- რაღაც იცითო? არა, - მიპასუხა მან, - ეს ბეჭდვის უბრალო შეცდომაა. ამ გვარს, ბედლოს, ყველგან და ყოველთვის ბოლოში უ დაერთვის და არც არასდროს გამიგონია, რომ სხვაგვარად დაეწეროთ იგი.
- ჰოდა, - ჩავიბურტყუნე მე და მივტრიალდი, - სწორედ უთქვამთ, ყოველივე გამონაგონზე უცნაურია ჭეშმარიტებაო, რადგან თუ ბედლოს უ-ს გარეშე უკუღმა წავიკითხავთ, გვარი ოლდები იქნება, ეს კაცი კი მეუბნება, ბეჭდვის შეცდომააო.