ჯერალდინა ჩაპლინი - წინასიტყვაობა წიგნისა ჩარლი ჩაპლინი
რამდენიმე წლის წინ ჩემთან, სახლში, ტელეფონის ზარი გაისმა. ერთი ნაცნობი რეკავდა, ამასწინათ კინოფესტივალზე გავიცანი. ჩვენ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:
- ვფიქრობ, ეს უნდა იცოდეთ. ერთმა გაყოყოჩებულმა ახალგაზრდა ავტორმა მამათქვენის შესახებ სტატია დაწერა. ირწმუნება, რომ თქვენი ბებია... მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო.
- ბატონო?
- ქუჩის გოგო, მეძავი... კახპა!
- რაო?
- დიახ, დიახ! და რომ სიფილისი…სჭირდა!
- რაოო?!
- სწორედ ასეა. სტატია გამოგიგზავნეთ - წაიკითხეთ.
იმ საღამოს ჩემს გერთან ერთად ვვახშმობდი და ვუთხარი:
- ვიღაც უტიფარმა სტატია დაწერა და ბებიაჩემს სიფილისიანი კახპა უწოდა!
ჩემი გერი ფიცხი ვინმეა, მაგრამ თან პრაქტიკული. ბევრი არ უფიქრია, მაშინვე შემომთავაზა:
- კეთილი, სასწრაფოდ დავუკავშირდეთ ამ ტიპს, მადლობა ვუთხრათ ინფორმაციისთვის და მერე შევატყობინოთ, რომ თურმე შენი ბებია იმავე რაიონში მუშაობდა, სადაც ბებიამისი, დედამისი, მისი დეიდები და ყველა ბიძაშვილი!!!
სტატია რამდენიმე დღის მერე მივიღე ფოსტით. ის გაყოყოჩებული ახალგაზრდა ავტორი ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი, დოქტორი სტივენ ვაისმენი ყოფილა. თვითონ სტატია კი ძალიან შინაარსიანი და დახვეწილი იყო. ავტორს სერიოზულად უმუშავია და უამრავი ძვირფასი მასალა მოუძიებია (მოგვიანებით ეს სტატია შევიდა რიჩარდ შიკელის წიგნში „ყველაფერი ჩაპლინის შესახებ“).
რაც ვაისმენმა დაწერა, სრული სიმართლე აღმოჩნდა. გაოგნებული ვიყავი და, იმავდროულად, ცნობისმოყვარეობამაც შემიპყრო. დავურეკე მეგობარს, რომელსაც დიდი ხანია, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფუნქცია აკისრია ჩაპლინის განხრით, ნამდვილი ლენგლია ჩაპლინიადაში. ყველაფერი იცის, რაც კი ოდესმე ჩაპლინზე დაწერილა. ვკითხე, სტივ ვაისმენზე ხომ არაფერი სმენია.
- ვაისმენი? ის ფსიქიატრი? ცხადია, მსმენია! ერთი და ორი წელი კი არ გაუტარებია მამაშენს მის დივანზე (ღმერთო, მამაჩემის სიკვდილის შემდგომი ფსიქოანალიზი! ესღა მაკლდა!). წიგნს წერს, რაღაც განსაკუთრებული გამოვა. მე თუ მკითხავ, სრულიად განსხვავებული რამე იქნება.
გადავწყვიტე, დრო აღარ დამეკარგა და დოქტორ ვაისმენს დავუკავშირდი. მან დამიდასტურა, რომ წიგნს მართლა წერდა და დამპირდა, როგორც კი მუშაობას დაასრულებდა, ტექსტს გამომიგზავნიდა. ვაისმენმა დანაპირები შეასრულა და აი, წიგნი უკვე წინ მიდევს. ის მამაჩემზე დაწერილ არც ერთ სხვა წიგნს არ ჰგავს. ვაისმენი გასაკვირი ფსიქოლოგიური სიზუსტით ქსოვს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორიას და ზოგადად, ცხოვრებისა და შემოქმედების კავშირს ბრწყინვალედ იკვლევს.
ვაისმენის წიგნი მკაცრი სოციალური ისტორიის, რომანტიკისა და მედიცინის ერთობლიობაა. თავიდან ის ჩაპლინის მშობლების ცხოვრების გულახდილი ანალიზით იწყებს - თავაწყვეტილი შეყვარებულობიდან კატასტროფულ ქორწინებამდე - და განსაცვიფრებელ დასკვნებს აკეთებს. შემდეგ მკითხველს ვიქტორიანული მიუზიკ-ჰოლების სამყაროში მიუძღვება. ამ სფეროში სტივენი ნამდვილი ექსპერტია. მომხიბვლელ ისტორიებს ჰყვება ჯორჯ ლეიბორნზე, ალფრედ პეკ სტივენსზე - (დიდ ვენსზე), ჯო სანდერსზე, ვესტა ტილიზე, ნელი პაუერსა და ელა შილდსზე (ეს ქალები სცენაზე მამაკაცებს განასახიერებდნენ) და ლონდონის ქალები სცენაზე მამაკაცებს განასახიერებდნენ) და ლონდონის სამხრეთის ქუჩების, პირქუში ჰანუელის თავშესაფრის და ბოლოს, ოციანი წლების ჰოლივუდის ცხოვრებაშიც შეგიყოლიებთ.
ნუთუ ჩაპლინმა თავისი პირადი ტრაგედია მართლაც აქცია უნივერსალურ კომედიად? ნუთუ პატარა მაწანწალა სინამდვილეში ალკოჰოლიკი მამის პაროდია და მოგონებაა, ჩაპლინის ფილმების გმირი ქალები კი მის მიერ გაღმერთებული დედის ტრაგიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული სუბლიმირებული, ბუნდოვანი, მეხსიერებაში საგულდაგულოდ მიჩქმალული მოგონებები? ვაისმენი ცდილობს, ფსიქოლოგიური ახსნა მოუძებნოს უახლოეს ადამიანურ კავშირებს.
განსაცვიფრებელია, რამდენად ზუსტი გამოდგა დასკვნები, რომლებსაც პროფესიონალი, სრულიად გარეშე პირი აკეთებს. ეს ძალიან პროვოკაციული, დროდადრო სულის შემძვრელი წიგნია, მეტად აუცილებელი მათთვის, ვისაც სურს, ნამდვილად გაეცნოს მამაჩემის ტალანტს და შემოქმედებას. ეს შემოქმედების საიდუმლოსადმი მიძღვნილი უნიკალური მედიტაციაა.