ვოლტერი - ცენზურის საფრთხე და პრესის თავისუფლება

1733 წელს, მაღალი რანგის სახელმწიფო კომისრისადმი გაგზავნილ კრიტიკულ წერილში ფრანგი ფილოსოფოსი ვოლტერი (მარი არუე) XVIII საუკუნის ფრანგულ პრესასა და ლიტერატურაში გაჩენილ უკიდურსად მკაცრ ცენზურაზე საუბრობს.

ვოლტერს ცენზურის პრობლემა აწუხებს და საკუთარ წერილში სახელმწიფო კომისარს სთხოვს:

„გევედრებით, ფრთებს ნუ შეუკვეცთ ჩვენს მწერლებს იმდენად, რომ შინაურ ფრინველს დავამსგავსოთ ისინი, ვინც შესაძლოა არწივად იქცეს; ზომიერი თავისუფლება გონებას ჰაერში ლივლივის საშუალებას აძლევს, მონობა კი ხეიბრად აქცევს. თუკი რომში ლიტერატურულ ცენზურა იარსებებდა, სამყაროს არ ეყოლებოდა არც ჰორაციუსი, არც დეციმუს იუნიუს იუვენალისი და არც ციცერონის ფილოსოფიური ნაშრომები გვექნებოდა; ისევე, როგორც ინგლისს არ ეყოლებოდა არც პოეტები  და არც ფილოსოფოსები, ჯონ მილტონი, ჯონ დრაიდენი, ალექსანდრ პოუპი და ჯონ ლოკი თავისუფლები რომ არ ყოფილიყვნენ.

დაკმაყოფილდით რამდენიმე სერიოზული დანაშაულის შემცველი ფაქტით, რაც სამარცხვინო წიგნების უკანონოდ გამოცემას უკავშირდება და სრულად ნუ დაუპირისპირდებით ნაშრომების არალეგალურ ბეჭდვას. სანამ ის სამარცხვინო წიგნები მოურიდებლად არის გამოცემული, მინიმუმ, ნება დართეთ პიერ ბეილის მისმა ნაშრომმა საფრანგეთში იტრიალოს. ნუ მიაწერთ კონტრაბანდას ქვეყნის დიდებული და პატისვსაცემი შვილის ნაშრომს.

მოსამართლეები, რომლებიც საავტორო უფლებების საკითხს არეგულირებენ, ჩივიან, ძალიან ბევრი წიგნია გამოცემულიო. ეს ისეთივე სულელურ ბრალდებაა - ვაჭართა გილდიის ხელმძღვანელი რომ ჩიოდეს, პარიზში ძალიან ბევრი საკვებიაო.

ხალხი იმას ყიდულობს, რასაც თავად ირჩევს. დიდი ბიბლიოთეკა პარიზს ჰგავს, სადაც დაახლოებით რვაასი ათასი ადამიანია: ადამიანი მთელ ბრბოსთან ერთად როდი ცხოვრობს, შენ თავად ირჩევ კონკრეტულ საზოგადოებას და ცვლი მას. ასეა წიგნებიც: ბევრი მეგობრიდან რამდენიმეს ირჩევ. 

დღესდღეობით შვიდი ან რვა ათასი საკამათო წიგნი იქნება, და 15 ან 16 ათასი რომანი, რომელსაც არ წაიკითხავ; აუარება ბროშურა, რომელთაც წაკითხვის შემდეგ ცეცხლში მოისვრით. გემოვნებიანი ადამიანი მხოლოდ იმას წაიკითხავს, რაც კარგია, მაგრამ სახელმწიფო მოხელე ნებართვას უნდა გასცემდეს კარგზეც და ცუდზეც.

ადამიანთა ფიქრები ვაჭრობის მნიშვნელოვანი საგანი გახდა. ჰოლანდიელი გამომცემლები წლის განმავლობაში მილიონ ფრანკს გამოიმუშავებენ იმით, რომ ფრანგებს ტვინი აქვთ. სუსტი რომანი იმ წიგნებს შორისაა, რომლის დაძლევა სულელებსაც შეუძლიათ. ჩვენ დავცინით ამ ტიპის რომანებს და ვიტანთ მათ არსებობას. ასეთი რომანები არსებობის წყაროა მათი ავტორებისთვის, გამომცემლებისთვის, რომლებმაც ის გაყიდეს, ტექსტის ამკრეფთათვის, მბეჭდავისთვის, ქაღალდის დამამზადებლისთვის, ამკინძავისთვის, გადამზიდისთვის, და ბოლოს ცუდი ღვინის მაღაზიის მფლობელისთვის, სადაც ყველა ჩამოთვლილი პირი გამომუშავებულ ფულს ხარჯავს. ამას გარდა, წიგნი ერთი, ან ორი საათით ართობს იმ ქალებს, რომლებსაც მოსწონთ სიახლეები როგორც ლიტერატურაში, ასევე ყველა სხვა სფეროში. ასე და ამვარად, შესაძლოა ჩემი აზრი საშინლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ორ მნიშვნელოვან რამეს წარმოშობს - სარგებელსა და სიამოვნებას“.

ამ მიმართვიდან ოთხი დეკადის შემდეგ, 1775 წელს, რუსოსადმი მიწერილ წერილში, რომელშიც პლაგიატის საფრთხეებზე საუბრობს, ვოლტერი ლიტერატურული დაპირისპირებების თემასაც მიმოიხილავს და წვრილმანებს გამოყოფს:

„რა მოუვა კაცობრიობას, თუკი რამდენიმე მამალი ფუტკარი რამდენიმე დედა ფუტკარს თაფლს მოჰპარავს? ავტორები უმნიშვნელო კამათზეც ალიაქოთს ტეხენ: დანარჩენი მსოფლიო ყურადღებას არ აქცევს, ან დასცინის მათ. მათი დაპირისპირება და თავად ისინიც ყველაზე უმნიშვნელონი არიან იმ პრობლემებს შორის, რასაც კაცობრიობა აწყდება; თუმცა მიუხედავად მათი გარყვნილებისა, ჩვენ მაინც უნდა გვიყვარდეს ისინი, უნდა ჩავეჭიდოთ ასეთ საზოგადოებას, მის ღვარძლიან, ბილწ სიამოვნებებს...“