ფრენსის ბეკონი - ჭეშმარიტების შესახებ
„რა არის ჭეშმარიტება?“ - სარკასტულად იკითხა პილატემ და პასუხს არ დალოდებია. რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ აღფრთოვანდნენ გაურკვევლობით, თავბრუსხვევით და თვლიან, რომ მონებად იქცევიან, თუკი რომელიმე უცვლელ მრწამს გაიზიარებენ, ჭეშმარიტება კი გავლენას იქონიებს, როგორც მათი ნების, ასევე აზროვნების თავისუფლებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ფილოსოფოსთა სექტები გაქრა, ჯერ კიდევ არსებობს მერყევი გონებები, რომლებიც ამ ჩვევას ინარჩუნებენ, თუმცა მათ არა აქვთ ისეთივე გავლენა, როგორიც უძველესი დროის ფილოსოფოსებს ჰქონდათ.
სიცრუის უპირატესობა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ ჭეშმარიტების აღმოსაჩენად სირთულეების გადალახვა და ძალისხმევაა საჭირო, ან იმით, რომ როდესაც ჭეშმარიტებას მივაგნებთ, ის ადამიანების აზრებს გარკვეულ საზღვრებს უწესებს, არამედ ჭეშმარიტების ძალითა და სიცრუის მიმართ მანკიერი სიყვარულით.
ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი გვიანდელი სკოლა ამ საკითხს იკვლევდა და ჩიხში მოექცა, რადგან ვერ გაარკვია რა იყო სიცრუეში ისეთი, რაც ხალხს მოსწონდა; მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ (ხალხს) სიამოვნებას არ ანიჭებს როგორც პოეტებს, და არ მოაქვს სარგებელი, როგორც ვაჭრებისათვის, სიცურუე მოსწონთ თავად სიცრუის ბუნების გამო.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჭეშმარიტება დღის ნათელია, რომელის ფონზეც ნიღბები, სამყაროს წარმოდგენები და ზეიმი ნაკლებად დიდებული და დახვეწილი ჩანს, ვიდრე სანთლების შუქზე.
ჭეშმარიტება, თავისი ფასეულობით, შესაძლოა დაემსგავსოს მარგალიტს, რომელიც საუკეთესოდ დღის სინათლეზე გამოიყურება, მაგრამ, ის ვერასდროს აღწევს ალმასის, ან კარბუნკულის „ფასს“, რომლებიც ყველაზე კარგად სხვადასხვა განათების პირობებში ჩანს.
სიცრუის სიჭარბე ყოველთვის ზრდის სიამოვნებას. ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ თუკი ადამიანთა გონება გათავისუფლდება ქაოტური აზრების, ფუჭი იმედებისა და ყალბი შეფასებებისგან, ეს მათ გაღარიბებასა და მელანქოლიას გამოიწვევს, რაც მათთვისვე (ამ ადამიანებისთვის) იქნება უსიამოვნო.
ავგუსტინემ და იერონიმემ პოეზიას უდიდესი სიმკაცრით Vinum daemonum“ („სატანური ღვინო“, ან „დემონთა ღვინო“) უწოდეს, რამდენადაც ის კვებავს წარმოსახვას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის აჩრდილია.
ზიანის მომტანია არ ის ტყუილი, რომელიც გონებაში გაივლის და იქ ფესვებს არ გაიდგამს, არამედ იმ სიცრუე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
როგორც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხებს ადამიანთა გაუკუღმართებულ მსჯელობებსა და გრძნობებში, ჭეშმარიტება, რომელსაც ერთადერთს შეუძლია საკუთარი თავის განსჯა, გვასწავლის, რომ ჭეშმარიტების ძიება, მისადმი გამოვლენი სიყვარული და მზრუნველობა, ჭეშმარიტების ცოდნა, მისი არსებობა, რწმენა ჭეშმარიტების მიმართ და მისით ტკბობა ადამინური ნატურის უმაღლეს უნარს წარმოადგენს.
პირველი, რაც ღმერთმა შექმნა იყო ნათლი, უკანსკანასკნელი კი - გონების ნათელი და იმ დროიდან მოყოლებული, მისი „შაბათის შრომა“ ყოველთვის მისი სულის ნათლად გვევლინება. თავდაპირველად, ნათელი მან მატერიას, ქაოსს შთაბერა, შემდეგ კი - ადამიანს; აქედან მოყოლებული ის მუდმივად შთააგონებს და ნათელს შთაბერავს მის რჩეულებს.
ხომ მშვენივრად თქვა ტიტუს ლუკრეციუსმა თავის ნაშრომში „საგანთა ბუნების შესახებ“: „სასიამოვნოა ნაპირზე დგომა და ტალღებთან მებრძოლი გემების ხილვა; სასიამოვნოა ციხესიმაგრის სარკმელთან დგომა და ქვემოთ მიმდინარე ბრძოლის ყურება მთელი მისი უკუღმართობებით; მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ სიამოვნებას, როდესაც ჭეშმარიტების მყარ საფუძველზე დგახარ (რომლის მწვერვალსაც ვერაფერი დაძლევს და სადაც ჰაერი ყოველთვის სუფთაა) და აკვირდები შეცდომებს, გაურკვევლობებს, ბურუსსა და ხეობაში ატეხილ ქარიშხალს“.
ეს მართალია, მაგრამ ამ სანახაობას ყოველთვის სინანულით უნდა ვუცქიროთ და არა ქედმაღლურად, ან სიამაყით. იმის მიღწევა, რომ ადამიანის გონება შემყნარებლობით მოქმედებდეს და ჭეშმარიტების სვეტებს ეყრდნობოდეს, ნიშნავს შევწვდეთ სამოთხეს დედამიწაზე.
თუკი თეოლოგიური და ფილოსოფიური ჭეშმარიტებიდან მოქალაქეობრივზე გადავალთ, ისინიც კი, ვინც თავადაც კი არ იცავენ ამ წესებს, აღიარებენ, რომ საქმეში პატიოსნება და პირდაპირობა ადამიანური ნატურის ღირსებას წარმოადგენს, სიცრუის შეპარება კი ოქროს, ან ვერცხლის მონეტაში მინარევების დამატებას ჰგავს. შესაძლოა ეს აუმჯობესებდეს მეტალზე მუშაობის ხელობას, თუმცა მის სიწმინდეს ბილწავს.
ეს უკუღმართი და ირიბი გზები მუხანათური, ქვეწარმავლური ქმედების საშუალებებია, რაც ორ ფეხზე კი არ დადის, არამედ უსინდისოდ, მუცელზე დახოხავს.
არ არსებობს სხვა მანკი, რომელიც ადამიანს ასე სვრიდეს ლაფში, როგორც ის, თუკი მას ტყუილზე, ან ფიცის გატეხვაზე გამოიჭერენ; ამიტომაც, ძალიან კარგად თქვა მიშელ დე მონტენმა, („გამოცდილებები“, სიცრუის გამოაშკარავების შესახებ) როდესაც ის სიცრუის, როგორც ყველაზე შეურამცხმყოფელი და სამარცხვინო ბრალდების ბუნებას იკვლევდა:
„თუკი კარგად ავწონ-დავწონით, იმის თქმა, რომ ადამიანი იტყუება, ნიშნავს იმის თქმას, რომ იგი მამაცია უფლის წინაშე, თუმცა მხდალია ადამიანებთან“.
სიცრუე ცხადია უფლისათვის, თუმცა უსხლტება ადამიანს. უდავოა, რომ სიცრუის მთელი დანაშაული და მუხანათობა არაფერში არ შეიძლება გამოიხატოს ისე სრულყოფილად, როგორც იმაში, რომ ის იქნება უკანასკნელი საყვირი, რომელიც ადამიანთა მოდგმას ღვთის სამსჯავროზე გაიხმობს, რამეთუ, ნაწინასწარმეტყველებია, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქრისტე დედამიწაზე რწმენას ვერ ჰპოვებს.