ვასილე ერნუ - დაბადებული საბჭოთა კავშირში

ეს ქვეყანა 1991 წელს დავტოვე. მაიაკოვსკის სტრიქონის პერიფრაზს რომ მივმართო: „მხედავდეთ და გიკვირდეთ: მე საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვიყავი“. სსრკ - ეს არის ქვეყანა, სამშობლო, სადაც დავიბადე და ვცხოვრობდი. შეუძლებელია, გულგრილი იყო ამ ქვეყნის მიმართ - მნიშვნელობა არა აქვს, რა დამოკიდებულება გქონდათ მისდამი, გძულდათ თუ გიყვარდათ. რასაც ამ წიგნში გიამბობთ, ამას ვერც სიყვარულს დაარქმევთ და ვერც სიძულვილს (თუკი მათ შორის სხვაობა საერთოდ არსებობს); ჩემს ნაამბობში გულგრილობის ნატამალსაც ვერ იპოვით.

საბჭოთა კავშირი მხოლოდ ქვეყანა როდი იყო. ის გაცილებით მეტი გახლდათ - თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური უტოპიური პროექტი. ხშირად მაოცებს კიდეც ეს ყველაფერი და ეს გაოცება თავის ნაკვალევსა და ღრმა ნაიარევს ტოვებს. 1918 წლის შემდეგ რევოლუციური ინტელიგენციისთვის რომ გეკითხათ, ასე იტყოდა: აქ ხელოვნება კი არ ჰბაძავს ცხოვრებას, თვით ცხოვრება უნდა დაემსგავსოს ხელოვნებას. ჩვენ ყველანი XX საუკუნის უზარმაზარ პოლიტიკურ ქვაბში ვიხარშებოდით - საგმირო საქმეებით, ეპოქალური ტრაგედიებით, გამარჯვებებით თუ სისხლიანი ბრძოლებით. ერთი წიგნის ფურცლებზე ვცხოვრობდით, სადაც ყველანი ერთმანეთის თანამედროვენი ვიყავით. ჩვენი გმირები, პიროვნებები თუ პერსონაჟები, სიტყვები და საგნები, მათი დაბადებისა და არსებობის მიუხედავად, ჩვენ გვერდით, იმავე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, რომელსაც სსრკ ეწოდებოდა. ერთსა და იმავე დროს ისინი ჩვენი წინამორბედებიც იყვნენ და თანამედროვენიც.

დიახ, მე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტოპიური პროექტის მოწმე გახლდით, უტოპიისა, რომელსაც განხორციელება არ დასცალდა. საკუთარი თვალით ვიხილე ამ უტოპიის აღზევებაც და დაცემაც. შევეცდები, სწორედ ამ უტოპიის შესახებ გიამბოთ. ჩემი მონათხრობი ორმაგი გამოცდილების შედეგია. ერთი მხრივ, ესაა საბჭოთა სივრცეში მცხოვრები მოქალაქის უშუალო გამოცდილება, მეორე მხრივ კი - კულტურული „შუამავლის“ გზით მიღებული გამოცდილება. ჩემზე, როგორც პროდუქტზე made in USSR, ორივე გამოცდილებამ იქონია გავლენა. ჩემთვის მათი გამიჯვნა შეუძლებელია. ამავე დროს, ჩემს, როგორც ამ ქვეყნისა და ამ კულტურის პროდუქტის, თხრობას წარმართავს მზერა homo soveticus-ის პერსპექტივიდან. ამავე დროს, ვცდილობ თავი ავარიდო ინტელექტუალურ ანალიზს, რომლის უნარიც მოგვიანებით გამომიმუშავდა.

იმას, რის გაკეთებასაც ვცდილობ, შეიძლება საბჭოთა კავშირის ყოველდღიურობის არქეოლოგიაც დავარქვათ. სწორედ ეს ყოველდღიურობა იყო საბჭოთა კულტურისა და ცივილიზაციის მეტაფორა. წინამდებარე ტექსტი, რომელიც genus eclecticus-ის ყაიდაზეა დაწერილი, ფაზლის ფრაგმენტებივითაა, რომელთა მეშვეობითაც ვცდილობ გავაერთიანო თემები, გმირები, გარემოებები, საგნები და საკვანძო სიტყვები. ცალკეული ფრაგმენტი-ტექსტი შეიძლება დამოუკიდებლადაც წაიკითხოთ, მაგრამ მთელს ვერ დაინახავთ, თუკი ამ ფრაგმენტებს არ გაამთლიანებთ. არ მაქვს პრეტენზია, ფაზლების ამ გაერთიანებით საბჭოთა კულტურის ამომწურავი, ობიექტური და ზუსტი სახე წარმოგიდგინოთ. ეს გახლავთ სუბიექტური, პირადი არქეოლოგია, რომელიც მხოლოდ კონტურებს, სულიერ მდგომარეობას, აზროვნების მიმართულებას და გამონათქვამებს გამოკვეთს; ესაა საბჭოთა კულტურული მენტალობის მონახაზი. ამგვარი არქეოლოგია ამა თუ იმ საკითხში წვდომას, ზნეობრივი საკითხებისა თუ ღირებულებათა შესახებ მსჯელობას კი არ გვთავაზობს, არამედ გვაახლოებს მასთან, რათა უკეთ გავიგოთ, რა იყო საბჭოთა კავშირი და რას ნიშნავს მისი არარსებობა.

ბუნებრივია, გასული ეპოქის ცხოვრების შესახებ თხრობას თან ახლავს ერთგვარი საფრთხე - უნებურად ნოსტალგიამ არ შეგვიპყროს. მაგრამ ნოსტალგია, როგორც კონცეპტი, პირველ რიგში, პირდაპირ ეწინააღმდეგება homo soveticus-ის ბუნებას. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ნოსტალგია წარსულისკენ მიმართული უტოპიაა, homo soveticus კი - მომავლისკენ მიმართული. ამავდროულად, ნოსტალგია, როგორც შინ დაბრუნების ფორმა, განუხორციელებელია, ვინაიდან ჩვენთვის, homucus-ებისთვის „შინ“ აღარ არსებობს. და თუკი ნოსტალგია ჩემს ტექსტში მაინც იგრძნობა, მხოლოდ იმ სახეცვლილებით, რომელიც წარსულის შელამაზებას კი არ ცდილობს, მოგონებებს, წარსულის ფრაგმენტებს უყრის თავს. თან, თეორიულად, ნოსტალგია არც ისე შორსაა ირონიისგან (მათ აერთიანებს ობიექტსა და სუბიექტს შორის საზღვრების გაუქმება), ამიტომაც ვაერთიანებ მათ და წარსულს ნოსტალგიურ-ირონიული მზერით ვუყურებ.

წარსულისკენ გახედვისას ვაცნობიერებ, რომ საბჭოთა კავშირის გაქრობით რაღაც დაიკარგა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა. იქნებ დაიკარგა განსაკუთრებული პათოსი ან საგნებისა და მოვლენების თავისებური ხედვა, იქნებ ყოველდღიურობა (ცხოვრების ნირი) ან ენთუზიაზმი, რომელიც იდეალებისადმი რწმენისათვისაა აუცილებელი. არ შემიძლია დანაკარგის განსაზღვრა, უბრალოდ, სევდა მეუფლება ამ დანაკარგის გამო. გარკვეულწილად მჯერა, რომ ჩვენი ადამიანური გამოცდილებისთვის რაღაც არსებითი და მნიშვნელოვანი დაიკარგა. მაგრამ ამ დანაკარგის არც შეცვლა შეგვიძლია, არც გამართლება; მხოლოდ გაგება შეგვიძლია.

ზოგჯერ მინდა ვიყიდო ბილეთი სსრკ-ის მიმართულებით, მაგრამ მახსენდება, რომ იქით ბილეთები აღარ იყიდება. ვერც ერთი მატარებელი, ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ მიმიყვანს იქ. სსრკ-ისკენ მიმავალი გზა არ არსებობს მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თვით საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. იმ ქვეყანაში მოგზაურობის ერთადერთ გზად მეხსიერება რჩება.

თარგმნა - გაგა ლომიძემ