კობო აბე - საბავშვო ოთახი

აბა გაიხედეთ. აი, იქით...არა, დღეს არ ჩანს...კარგ ამინდში სწორედ აგერ, იქ დაინახავთ სატელევიზიო კოშკის წვეროს...

უქმე დღეა, შეიძლება ჩვეულებრივი კვირადღეც, ელექტრომატარებლის ბოლო გაჩერების მახლობლად ხალხით გაჭედილ რესტორანში ათასგვარი სუნი ტრიალებს. მის ერთ მყუდრო კუთხეში, მორყეულ, პატარა მაგიდას ერთმანეთის პირდაპირ უზის ქალი და კაცი. ქალს დაკონსერვებული ხილისა და შოკოლადის ნაყინი უდევს, კაცს ფინჯნით ნაღებიანი ყავა უდგას.კაცს, ეტყობა, იმის გამო, რომ სიგარეტის გამუდმებით ქაჩვასთან ერთად აჩქარებით ხვრეპს ყავას, სასულეში წვეთი გადასცდა და ბოლს ნესტოებიდან უშვებს.ქალის მზერაში კვლავინდებურას სრული გულგრილობა გამოსჭვივის. ორივე ეს პირველივე შეხედვით ჩანს, - ჯერჯერობით ვერა და ვერ შეეწყო ერთმანეთს. როგორც ახალ საგარეო ტანსაცმელს ვერ ეთვისებიან.

კაცი შებოჭილად განაგრძობის.

- გულახდილათ, რომ გითხრათ, ვოცნებობ, ოდესმე ზედ კოშკის წვეროზე ავიდე და მივამაგრო დაფა, რომელზეც ასეთი წარწერა იქნება: „აქ ნავთია“. გესმით?

ჭუჭყიანი ცა სულ უფრო და უფრო მძიმდება და ახლაც კი მზადაა ქალაქს ჩამოემხოს. ჩამოემხობა და გაჭეჭყილი ქალაქი თანდათან გადაიქცევა ნავთობის შემცველ უზარმაზარ მინდვრად. აკი ამტკიცებენ ქვანახშირი მცენარეებისგან წარმოიქმნა ნავთობი კი ცხოველებისგანო.

გაიხედეთ, იქ, ქვემოთ ქუჩაა, ხოლო ქუჩაში ტევა არაა იმათი, რომელთაგან ნავთობი წარმოიქმნება. ამიტომაც ვაპირებ მხოლოდ ერთი რამ ვისწავლო - ნავთობის მოპოვების ტექნიკა.

ქალს თვალთა კუთხეებში პირველად უჩნდება ღიმილის ნაოჭები, მაგრამ ტუჩებს კუმავს, ღიმილს ენის წვერით მაშინვე ილოკავს ნაყინთან ერთად და ბოდიშის გამომხატველი კილოთი ჩურჩულებს:

- მეგობრების კი ყოველთვის მეუბნებოდნენ, იუმორის გრძნობა არა გაქვსო, მაგრამ იმაში, რასაც თქვენ ამბობთ, მგონია, ბევრი იუმორია.
- თქვენ რა, გაცივდით?

კაცი ხველებით ლაპარაკობდა; ქალმაც რამდენჯერმე, უნებლიეთ, ჩაახველა ხელის გულში, როცა ხველა მოათავა, ჩვეულებრივი ხმით თქვა:

- არა, ალბათ კვამლი გადამცდა.
- ჰო, მაშინ საშიში არაფერია, თორემ გაციებულზე, ნაყინის ჭამა უკიდურესი უგნურებაა.

ქალის მზერა ჯაცუს თვალებში აღწევს, წამიერად ყოვნდება, იქ მსუბუქ თრთოლას ტოვებს და ფანჯრისკენ გადარბის.

- მართლა არ ჩანს სატელევიზიო კოშკი...
- არ ჩანს, სმოგის ბრალია.
- საინტერესოა კია, აქვთ თუ არა უფლება ხალხს, სმოგის გამო აღშფოთდეს? არა გგონიათ რომ ეს ფრიად პრობლემური საკითხია?
- შესაძლებელია. - ქალს თვალის კუთხეებში ისევ უკრთება ღიმილი, მაგრამ უფრო მოვალეობის გრძნობის გამო.
- თუ ჭუჭყზე ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, ხალხიც და სმოგიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

კაცს თითებგადაჭდობილი ხელები მაგიდის კიდეზე ჩამოუწყვია, მხრები ოდნავ გაუსწორებია. მისი ნიკაპი და კისერი სინათლის არეშია და ქალი ყურადღებას აქცევს, რომ ხვანჩზე მოუპარსავი თმის ღერები შერჩენია. კაცი თვალს ადევნებს ქალის მზერას, თვალებს ხრის, გადაჭდიბილი ხელები მაშინვე ყელსახვევის კვანძთან მიაქვს, ღრმად ამოისუნთქებს და აღფრთოვანებით ამბობს:

- ყოველ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთთან გულახდილნი უნდა ვიყოთ, ხომ მართალია? უკვე იმ ასაკისა არა ვართ, გვერიდებოდეს...
- ჰო, მეც ასე ვფიქრობ.

ქალს სახის გამომეტყველება უცებ ეცვლება, თავს მაღლა სწევს და ჩალისფერი კოსტიუმის საყელოს სწრადას იწიწკნის. მკრთალი ვარდისფერი ლაქი უფრო თვალსაჩინოს ხდის მის ლამაზ გრძელ ფრჩხილებს. საინტერესოა, კაცმა მიაქცია თუ არა მათ ყურადღება?


- საჭიროა ამთავითვე შევემზადოთ საიმისოდ, რომ გულახდილობამ შეიძლება გარკვეული უხერხულობა გამოიწვიოს.
- ასე გგონიათ?
- ჩვენ საქორწინო კანტორის კართოტეკის მეშვეობით შევხვდით. ეს სინამდვილეა და ვერსად გავექცევით...მაგრამ თუ ეს სინამდვილე ნიადაგ დაგვაწვება მძიმე ტვირთად...
- სრულიად არაა მძიმე ტვირთი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის...
- მართლა?
- ჩვენ უბრალოდ სხვებზე ოდნავ უფრო მშიშრები ვართ, ცხოვრებას ნაკლებ შეწყობილნი, არასაკმაოდ ფხიანი, ეგაა.
- რას იზამ, ეს მე მამშვიდებს, - კაცი მკერდზე დაკრეფილ ხელებს შლის, გვერდზე იხრება და ჯიბეში სიგარეტს ეძებს. - გულახდილად რომ ვთქვათ, მეც სრულიად არ მაწვება ეს ტვირთად, უფრო მეტიც, როცა საკითხი ქორწინებას ეხება, კართოტეკას თავგამოდებით ვუჭერ მხარს. თუ გინდა, ქორწინება რაციონალური იყოს, სიყვარულს და სხვა შემთხვევით მომენტებს გადაჭრით უნდა აქციო მხარი. მეთანხმებით?
- ჩვენ უბრალოდ ცხოვრებას შეუწყობელნი ვართ.
- დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, სავსებით სწორი ბრძანდებით, - კაცი ფანჯრისკენ იხრება, ყავას სულმოუთქმელად სვამს ბოლომდე, ცეცხლი აჩქარებით მიაქვს სიგარეტთან, ხოლო თავისუფალი ხელით ყელსახვევის წიწკნას იწყებს.
- ერთი სიტყვით ვისურვებდი, რაც შეიძლება ჩქარა შემეტყო თქვენი ზრახვები...
- ზრახვები?
- თუ არ შეგეფერებით, გულახდილად მითხარით, არ შემეფერბი-თქო. მე მზად ვარ ყველაფრისთვის.
- მე...იცით...ადრე ვფიქრობდი, რომ თქვენთან შეხვედრა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა...
- რატომ? თქვენ ხომ ალბათ გულმოდგინედ შეისწავლეთ ბარათში ჩაწერილი ჩემი პასუხები?
- ისე გულმდოგინედ, ზეპირადაც კი მახსოვს ისინი.
- მოგონებით არაფერი მომიგონებია.
- არა, განა ამ აზრით ვამბობ...არ შეიძლება კითხვებზე ისე უპასუხო, როგორც საგამოცდო ნაშრომში პასუხობენ.
- საგამოცდო ნაშრომში? - კაცმა მუხლებზე დაყრილი ფერფლი გადაფერთხა და შეურვებით გააქნია თავი.
- ჰო, მართლაც საინტერესო შედარებაა, თითქოს სკოლის მასწავლებელი იყოთ. მართალი კი ბრძანდებით, რაც არის არის. თქვენ უფრო მეტს მოელოდით, ვიდრე მარტივი და საგამოცდო ნაშრომისგან, და აი, ჩავიჭერი კიდეც. მოგეხსენებათ, ფირმის უბრალოდ მოსამსახურე ვარ და მისხალი არ მომეძევება იმაზე მეტი, რაც ბარათში ჩავწერე.
- და მიფაჩნიათ, რომ ბარათის მიხედვით შეგიძლიათ ყველაფერი განსაზღვროთ? მაშასადამე, ჩემი ბარათის მიხედვით...
- შემიძლია, რასაკვირველია. აი, რას გეტყვით. შედეგები სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც მოველოდი, როცა კარტოთეკის გამოყენება მინდოდა.

ქალი სწრაფად ხრის თვალებს და ქვედა ტუჩს იკვნეტს. კილოში უჩნდება გაუბედაობა, რის დაფარვაც არ ძალუძს.

- მერედა არ გეჩვენებათ, რომ ერთობ ნაჩქარევი დასკვნა გამოითანეთ ძნელი დასაჯერებელია, კაცმა ბარათში საკუთარ თავზე თვითონ დაწეროს მთელი სიმართლე.
- ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნათელია ერთი რამ - თქვენ სწორედ ის ადამიანი ბრძანდებით, ვინც მე მჭირდება.
- მერე...
- ადამიანი, ვინც მე მჭირდება. მეტი რაღააა საჭირო?

ქალი ტუჩებს კუმავს, ოხვრას იოკებს, სკამის საზურგეს აწვება, მუხლებს ატყუპებს და ერთგვარად ანაზებს მის ცოტა არ იყოს მოუხეშავ სხეულს.

- ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ თქვენ ცხოვრებას სავსებით შეუწყობელი ადამიანი ხართ...და არც თუ შორსმჭვრეტელი. ხომ მართალია?.. მე მშვენივრად მივხვდი, რომ ძალზე სპეტაკი, მიამიტი ადამიანი ბრძანდებით...აი, რატომ ვემყარები მხოლოდ და მხოლოდ ამ...
- სისულელეა. - კაცს ქალის კბილებშ გაჩრილ სიგარეტთან ცეცხლი მიაქვს. -იცით, რა სამუშაოს ვასრულებ ფირმაში?
- თუ თქვენ მიერ შევსებულ ბარათს დავუჯერებთ, კოსმეტიკურ საქონელს აწარმოებთ.
- საქონელს ვამოწმებ.

ქალმა პირველად გაიცინა გულიანად. ის ერთობ მარჯვედ ეწეოდა სიგარეტს.

- შეუძლებელია არ ვენდო კაცს, რომელმაც იუმორი ჩამინერგა.

კაცი თავს ოდნავ ხრის გვერდზე, სიგარეტს აქრობს და შემკითხველ მზერას აპყრობს ქალს.

- იცით, რა არის კოსმეტიკური საქონელი? იმათთვის, ვინც რეკლამის განყოფილებაში მუშაობს, შესაძლოა, ეს ის საგნებია, რომელნიც ქალის კანს სილამაზეს ანიჭებენ, ხოლო ჩვენთვის, ტექნიკური განყოფილების მუშაკებისთვის, ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენთვის კოსმეტიკური საქონელი ცხიმები და პოლიმერებია, რომელნიც აშკარა გარეშე მოვლენებს არ იწვევენ და შეიძლება იაფად დამზადდეს დიდი რაოდენობით.
- საშინელ რამეებს ამბობთ.
- ასე გგონიათ?
- შეიძლება მართალიცა ხართ, მაგრამ მაინც... - ქალი აოლებულ საფერფლეში რამდენიმე კოვზ გამდნარ ნაყინს ასხამს.
- თქვენი სიტყვები რაღაც უსაიმოვნო გრძნობას მიტოვებს, ნამდვილად.
- მე კი ყოველივე ეს მაინც და მაინც არ მანაღვლებს. გულმოდგინედ ვეკიდები შემოწმებებს და სინდისი სრულიად არ მქენჯნის. ამიტომაც ვეკიდები შემოწმებებს და სინდისი სრულიად არ მქენჯნის. ამიტომაც არავითაც უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ სმოგის თაობაზე. ამბობთ,მიამიტი ხარო...მინდა ამთავითვე ყველაფერი შეთანხმებული გვქონდეს. დიახ, მე ის კაცი ვარ, ვინც იცის, რა არის სიყალბე, კაცი, ვინც ამ სიყალბეშია ჩაფლული.
- თქვენ, ერთობ მგრძნობიარე ხართ...
- მგრძნობიარე? მე მკვლელი ვარ!
- მკვლელი!
- თვრამმეტი კაცი მოვკალი, ზუსტად მახსოვს და ღამღამობით არასდროს შევუწუხებივარ კოშმარებს.

ქალი სიგარეტს უკიდებს, მაგრად ქაჩავს ოდნავ იკავებს სუნთქვას და კვამლს ნელ-ნელა უშვებს ჭერისკენ.

- მაშასადამე, ხელს მთხოვს ერთ-ერთი იმ ურჩხულთაგანი, რომელთა შესახებ ყოველკვიურ ჟურნალებში წერენ ხოლმე?
- შესაძლოა, ამან გული გატკინოთ, მაგრამ ურჩხული სრულიად ჩვეულებრივი ყოფილი ჯარისკაცია.
- ა-ა, მაშ ომში დახოცეთ ეს ადამიანები?..
- თქვენი ფიქრით რაკი ომში ხოცავენ, ეს სრულიად ბუნებრივია, ხომ?
- ომში ლაპარაკი შეიძლება იყოს მარტოოდენ კანონიერ თავდაცვაზე.
- მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა აუცილებელი თავდაცვის ზღვარის გადამეტება. ესე იგი ნებისმიერ თავდაცვას უსათუოდ ამარაგებენ, ასე ვთქვათ, მცველი სარქველით. ომში კი თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო სახეობაა. მაშასადამე, ომი აუცილებელი თავდაცვის ზღვარის გადამეტების დაკანონებული ჯაჭვია.
- მე სრულიადაც არ ვაპირებ ომის გამართლებას.
- რატომ? მე კი, მაგალითად, ომის წინააღმდეგ გალაშქრებას არ ვაპირებ. თუმცა ვამბობ: მკვლელი ვარ, მკვლელი-მეთქი, ლაპარაკი ხომ სულ უბრალო რამეზე - რაღაც თვრამეტ კაცზეა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მე უბრალო ჯარისკაცი ვიყავი, თანაც ცუდად ვისროდი. ჰო, კარგი, ერთი ფანჯარაში გაიხედეთ. გამვლელთა ეს ბრბო სავსეა მფრინავებით, არტილერისტებით, რომელნიც წინათ დიდი წარმატებით იბრძოდნენ. თუ თვითონ არა, იქ მათი ძმები ან შვილები არიან. აბა რომელ მათგანს მოუბრუნდება ენა ჩემს დასაძრახად?
- ბუნებრივია არავის. არც უნდა დაგძრახონ.
- ამავე მიზეზით არც მე ვძრახავ მათ.
- მგონი, ვხვდები, უფრო სწორედ ვიწყებ მიხვედრას, რატომ რჩებოდით ასე დიდხანს ცალუღლად.
- მე კი ვამჯობინებდი გაგეგოთ, თუ რატომ ვაპირებ გავერიდო ცალუღლობას.
- ძალიან მინდა გავიგო, მაგრამ...
- მე ხომ ვამბობ, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, ვინც მე მჭირდება-მეთქი.
- მე არც ისე თავდაჯერებული ვარ.
- არ მეეჭვება.
- მე და თქვენ ცხოვრებაში შეუწყობელნი ვართ. მშვენივრად მივხვდი, რომ ადვილად გეკოდებათ გული, რბილი კაცი ხართ...და მაინც რატომ გჭირდებათ აუცილებლად, ვერ ამიხსნით უფრო კონკრეტულად და ნათლად?..მეთანხმებით?..ჩვენ ხომ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ...
- მართალს ამბობთ, შეიძლება სავსებით კონკრეტულად აგიხსნათ, ჩემი გადაწყვეტილება რომ წუთიერი აღტყინებით იყოს ნაკარნახევი, განა საქორწინო კანტორის კართოტეკას მივმართავდი? არა, ჩემი გადაწყვეტილება სავსებით კონკრეტულია, ასევე კონკრეტული აი, როგორც ეს მაგიდა ან საფერფლე.
- გმადლობთ, ერთობ თავაზიანი ბრძანდებით...მაგრამ მე კაცივით მოუხეშავი ნიკაპი მაქვს, ყურები - უშნო, ტუჩები კი -ბოროტი...
- სამაგიეროდ შესანიშნავად გესმით ბავშვების აღზრდა. ეს როგორც მე შავამჩნიე, თქვენი მოწოდებაა.
- თქვენ მართლაც დიდი ბავშვივითა ხართ. -ქალი მხიარულად იცინის. მისი შესახედაობის მიხედვით ვერ იტყვი, რომ უკმაყოფილოა საუბრით, რომელიც ლაბირინთში ხეტიალს ჰგავს.
- კი, მაგრამ ბავშვსა და ბავშვის მსგავს მოზარდს შორის დიდი განსხვავებაა. მე სწორედ ბავშვებზე მოგახსენებთ. განა არა გაქვთ მოვალეობის გრძნობა იმ ბავშვთა მიმართ, რომელნიც უნდა გადაარჩინოთ, გამოგლიჯოთ სამყაროს, სმოგის სიმძიმით ნავთობიან მინდვრებად რომ იქცევა?

ქალი სკამის საზურგეს აწვება და კიდევ უფრო მაღლა სწევს შეტყუპებულ მულებს. ეს ცოტა არ იყოს დაუფიქრებელი პოზაა.

- ჩემი ფიქრით, ყველა მონაცემი გაქვთ, მორწმუნე გახდეთ. მე ღმერთი არ მაქმს და ამიტომ მიმაჩნია, რომ ბავშვები, ერთობ საყვარელი ბავშვებიც კი ბუნებრივ პირობებში უნდა იზრდებოდნენ. პედაგოგიკაც უარყოფს სტერილურ გარემოში აღზრდას.ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ლაპარაკია ცოლ-ქმრობაზე, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვიფიქრო.
- გინდათ თქვათ, რომ არ აგაღელვებთ, თუ ჩვენი შვილები ადამიანებს მოდებული ეპიდემიის შიგ კერაში აღმოჩნდებიან?
- ჩვენი შვილები?
- რა თქმა უნდა, სწორედ ჩვენი შვილები. მე ისეთი ალტრუისტი როდი ვარ, სხვისი შვილების აყვანის გულისთვის გთხოვოთ ხელი.
- დროზე ადრე ამის შესახებ როგორღაც უცნაურია...

ქალი ლამის ყლაპავს ფრაზის ბოლოს, რაც მართლაც ძალზე ქალურია. შეიძლება ასე გამოიხატება მისი შეცბუნება. კაცი მაშინვე ამჩნევს ამას და მტკიცედ პასუხობს, თუმცა კილოში დავბნეულობა უკრთის:

- ცდებით. მე ჩემს შვილებზე, უკვე არსებულ შვილებზე ვლაპარაკობ.

ქალს სახე უნაცრისფერდება.

- უცნაურია. თქვენი ბარათი, ყურადღებით წავიკითხე და შიგ წერია, რომ ბავშვები არა გყავთ.
- ა-ა, ბარათში...-კაცი ტუჩებს ილოკავს და ცარიელ ფინჯანში იცქირება.-დიახ, ბარათში მართლაც...
- ტყუილი ჩაწერეთ?
- იქ არავითაც განსაკუთრებული ტყუილი არაა.
- ოჯო? დაწეროთ ტყუილი, რომელიც ერთ წამში გამომჟღავნდება...
- აბა უკეთ როგორ ვთქვა?..ისეთი ბავშვებზე...ისეთ ბავშვებზე როდია ლაპარაკი, რომელთა შესახებაც ბარათში უნდა ჩაიწეროს...
- მალული ბავშვი?
- თითქმოს ჰოც და არაც...
- ალბათ უკანონო შვილია, რომელიც აქამდე არ გიღიარებიათ?
- ხომ გეუბნებით, სულაც არაა ლაპარაკი ისეთ ბავშვებზე. რომელთაც აღიარებენ ან არ აღიარებენ-მეთქი.
- არაფერი მესმის.
- ჩვეულებრივი მნიშვნელობით ისინი ამქვეყნად არ ცხოვრობენ და ცხოვრების ფერხულში მათი ჩაბმა ასევე შეუძლებელია...

ქალი ისევე მიშტერებია კაცს, თავს ოდნავ ხრის გვერდზე, ეშმაკურად ეღიმება, აჩენს კბილებს და თავს აქნევს, თითქოს თავის აზრებს ეთანხმებაო.

- ყველაფერი გასაგებია...თუ ეს გაქვთ მხედველობაში ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.
- რა არის გასაგები?
- თქვენ ისინი უბრალოდ სიზმარში გინახავთ,
- დიახ, შესაძლოა სიზმარში, მაგრამ ეს აცხადებული საუბარია. ბავშვები სუნთქავენ, ხელ-ფეხს ამოძრავებენ; აცხადებული სიზმარია.
- საინტერესოდ, საინტერესოდ ჰყვებით...
- მე უკვე გითხარით და გიმეორებთ, ბავშვები მართლაც ცოცხალნი არიან. ბიოლოგიური აზრით რეალურად არსებული ბავშვებია. თუ არ შეგიძლიათ თუნდაც ეს დამიჯეროთ...
- სად ცხოვრობენ?
- რა თქმა უნდა, ჩემს სახლში. ჩემი სახლის სარდაფში. სარდაფს ვეძახი, მაგრამ იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, არა აკლიათ რა...ესაა იდელური საცხოვრებელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ სრულიად გამოყოფილია გარე სამყაროსგან.
- საინეტერესოა...შემდეგ...
- ის, რაც გიამბეთ, ცარიელი ლაყბობა როდია.
- მე სრულიად სერიოზულად გისმენთ.
- ბავშვი ორია. უფრო ცამეტი წლისაა, უმცროსს ახლახან შეუსრულდა ცხრა...მაგრამ მე ერთი რამ მაწუხებს - იქნებით თუ არა ბავშვების მეგობარი, არსებობს თუ არა ამის შესაძებლობა, თუნდაც უმცირესი? ნება მომეცით იმედი მაინც მქონდეს ამისა.
- რა გაეწყობა, რაკი მართლა ეს გნებავთ...
- მაშინ, ნება მომეცით კიდევ ერთი რამ გკითხოთ...თქვენ რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ...არა, მე ამაოდ ვირჯები. კითხვას, რომელსაც ამგვარი წანამძღვარი აქვს...
- ერთი ბიცოლა მყავდა, შორეულზე შორეული ნათესავი. და ის ნათესავი კატებს ინახავდა.
- კატებს?
- კატების ოთხს თაობას - სულ ოცდაათ სულს, რომელნიც არასდროს არავის უნახავს.
- თქვენ მე და თქვენს არანორმალურ ბიცოლას ერთ სიბრტყეზე გვაყენებთ.
- ბიცოლაჩემი სულაც არ ყოფილა არანორმალური. უახლოესი თევზის სავაჭროს მეპატრონე მას ყოველდღე ოცდაათი კატის საჭმელს უზიდავდა. კატები მართლაც არსებობდნენ. და მათ არსებობაში არასოდეს შევეჭვებულვარ. ოცდაათი კატის შემოწმებას რა უნდა, თუ ეს ნამდვილად აუცილებელია ვინმესთვის.
- ო, თქვენ უეჭველად, ის ადამიანი ბრძანდებით, ვინც მე მჭირდება. და მაინც შეგეკითხებით: როგორ ცას ისურვებდით თქვენი შვილებისთვის ამ სმოგგადაკრულ ცის მაგივრად?
- ზღვის სანაპიროს ზაფხულის თვალისმომჭრელად ლაჟვარდ ცას.
- რატომ?
- ანდა შეიძლება შემოდგომისას. შემოდგომა განსაცვიფრებელი სეზონია, როცა არ ცხელა, მწიფდება ხილი...
- ეგ არარეალურია.
- ასე გგონიათ?
- ამ ორ ბავშვს მარტოს მოუწევს ამომწყდარ დედამიწაზე ცხოვრება. სეზონს მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. ბავშვებს სჭირედება მკაცრი წრთობა, რათა გადარჩნენ, ნებისმიერი უბედურებას გაუმკლავდნენ.
- სმოგსაც?
- არა, სმოგი და ადამიანი ერთმანეთს გამორიცხავენ, ერთმანეთს სპობენ. სწორედ ამიტომ თავიდანვე(აქ ეკონომიური მიზეზებიც გახლდათ) უდაბნოს ცა ავირჩიე.
- ბავშვებს უდაბნო? მეტისმეტი სისასტიკე ხომ არაა?
- მაგრამ მახლოვლად პატარა ოაზისი შევქმენი და იცით, რა მოხდა?
- რა მოხდა?
- ბავშვებმა ზუსტად გარეული ცხოველებივით მარტოკა სუნის მიხედვით მიაგნეს წყალს.
- ძალზე საინტერესოა. ჩაის ხომ არ შეუკვათავთ ჩემთვის?
- იქნებ ჩემს სახლში დაგველია? ჩაი თავზე საყრელად მაქვს. გარდა ამისა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ბავშვებს შეხვედროდით...
- როცა თქვენ სახლში მოვხვდები, მეც ვნახავ უდაბნოს ცას?
- არა. უდაბნო მოვსპე და ბავშვები მესამე ყინულოვანი ხანის ჯუნგლებში გადავასხლე. ხოლო რაკი იქ დინოზავრები დაეხეტბიან, უზარმაზარებიცა და სულ პატარებიც, რაკი ყოველი ცოცხალი ქვანახშირად და ნავთობად იქცევა, ამ ხანას ძალე ბევრი საერთო აქვს თანამედროვეობასთან.
- ასეთ შემთხვევაში თქვენი შვილები ბოლოს და ბოლოს იქამდე ხომ არ მივლენ, სადამდეც ჩვენ მივედით? ჩვენმა წინაპრებმაც ხომ ოდესღაც დინოზავრების სწორედ იგივე ეპოქა გაიმეორეს...
- ცდებით. ჩემს შვილებს პირველყოფილი ადამიანებივით ცხოვრება არ მოუწევთ. ჩვენ გამდიდრებულნი ვართ ცოდნითა და ტექნიკით. ამას გარდა, თუ თქვენ ბავშვებს სწავლაში გამუდმებით დაეხმარებით, მათი წინსვლის პროცესი, ბუნებრივია, სულ სხვანაირი იქნება, ვიდრე პირველყოფილი ადამიანებისა.
- მერედა, როგორ აუხსნით ბავშვებს ყველაფერ იმას, რაც თანამედროვეობას ეხება?
- რისთვის უნდა ვუამბო ამის შესახებ?
- გარე სამყაროსგან მათი სრული გამოცალკევებაც ხომ შეუძლებელია. ქუჩიდან ისმის ავტომანქანების პიპინი, კარზე აკაკუნებენ საქონლის დამტაფერბლები...
- სარდაფში სრულებით არ აღწევს ბგერები. თუმცა ერთხელ გვარიანად ვინერვიულე. ტკინაბეტონის კედელში ჩატანებული წყალსადენი მილი გამსკდარიყო და სარდაფი წყლით ივსებოდა. იძულებული გავხდი ბავშვები სკივრში ჩამეკეტა და წყალსადენის ოსტატი გამომეძახა. ბავშვები სკივრში კი ჩავკეტე, მაგრამ ჭუჭრუტანიდან მაინც ყურებდნენ, როგორ მუშაობდა ოსტატი, სულ დავიბენი. როგორ ამეხსნა, ვინ იყო იგი?
- კი, მაგრამ თქვენ ხომ გხედავენ, მაშადამე , ადამიანებზე რაღაც წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, საეჭვოა, წყალსადენის ოსტატს ასე ძლიერ გაეოცებინა ისინი.
- არა, მე მათ შთავაგონე, რომ ჩვენ სამის გარდა სხვა ადამიანები არ არსებობენ.
- და ამისთვის იძულებული გახდით ისტორიაში შესწორება შეგეტანათ, ხომ?
- ბავშვებს ასე ავუხსენი: ყურადღებით მისმინეთ. ის, ვინც ახლა ნახეთ, ურჩხული მაქციაა, რომელიც მამათქვენის სახით მაგოცხადათ-მეთქი...
- ა-ა, მაშადამე, ყველაფერი ზღაპრად აქციეთ?
- დიახ, დიახ, წორედ ასეა. შემდეგ ვუთხარი, ურჩხული შეიძლება ხან გამოჩნდეს, ხან გაქრეს-მეთქი...ასეთი ახსნა ფრიად ხელსაყრელია. ავიღოთ, მაგალითაც, საჭმელი. უწინ დიდ გასაჭირი მადგა-ვერა და ვერ ვიყენებდი რაიმე სახით დამუშავებულ პროდუქტებს. მას შემდეგ რაც ურჩხული მაქცია ადვილად იქცევა ყველაფრად, სოსისადაც და ჩინურ ატრიდაც კი...

ქალმა გაიცინა, ფეხები გაჭიმა და ხელები მუხლებზე დაიყრდნო. შებოჭლობა გაუქრა, ისევ დაუბრუნდა ქალურობა. პოზა თავისუფალი, მშვიდი გაუხდა.

- წავიდეთ. ვნახოთ, რას შვრებიან იქ თქვენი ბავშვები...ბავშვების ხელმძღვანელობა, ჩამოყალიბება მარტო სწავლის დროს კი არა, რამდენადმე თამაში დროსაც სჭირდება!..
- ისე, როგორ წარმოგიდგენიათ აი, ის არსებანი? ისევ ადამიანებად მიგაჩნიათ?
- არა, ურჩხულ მაქციებად. ან უფრო სწორად იმად, ვისგანაც ნავთობი წარმოიქმნება... ირგვლივ კი ხშირი კედრები - ქვანახშირის ხანის პირველყოფილი ტყეა.

ისინი ზეზე დგებიან. დგებიან ერთდროულად, თითქოს მოილაპარაკესო. მაგრამ დანახარჯს მარტო კაცი იხდის. ლიფტში ქალი კაცის მხრებს გუნებაში თავისას უდარებას (მათი მხრები ღიღქმის ერთ სიმაღლეზეა), შემდეგ სახეში უცქერის და წყნარად იცინის. კაცმა პასუხად არც კი გაუღიმა, პირიქით, თვალი მოჭურა. იდაყვზე ხელი მოჰკიდა და ოდნავ შეაყოვნა. ორივე ისევ გამოდის სმოგში. მათი ტანსაცმელიც კი უკან ერთნაირადაა დაჭმუჭვნილი. თითქოს ერთად უკვე ათი წელი უცხოვრიათ და ერთსა და იმავე კანონს ეყრდობოდნენო...
ელექტრომატარებლის მეოთხე გაჩერება და ტაქსით რამდენიმე წუთში მივლენ კაცის სახლში. კაცი ჩვეულბრიმასებს ავტობუსით დადის, მაგრამ თღეს, რა თქმა უნდა, თავს შეიძლება ასეთი ფუფუნების ნება დართოს. კაცის სახლი მართლა არსებობს. ეს არის წესიერ უბდნებად დაყოფილ ეგრეთ წოდებულ საგარეუბნო ზონაში აგებული ჩვეულებრივი დიდბლოკიანი სახლი. სახურავის ფერითაც კი არ განირჩევა ვერდით მდგომი შენობებისგან. სახურავი თუნუქისა აქვს, მწვანე ფერისა, იმავე საღებავითაა შეღებილი წყალსადინარი მილები. მაგრამ ქალი ახლა ვერაფერს ხედავს გარდა იმისა, რომ ეს რეალური სახლი არსებობს.

კაცი და ქალი კვლავ უსხდან მაგიდას და ახლა ჩაის სვამენ. მაგიდა სხვა ფორმისაა, ვიდრე რესტორნისა, მაგრამ ისევე მორყეული. ქალიც სიგარეტის ცარიელ კოლოფს ჭმუჭნის და ერთ-ერთ ფეხს ქვეშ უდებს.

- რას შვრებიან ახლა ბავშვები?
- რომელი საათია?.. - კაცი მაჯის საათს დასცქერის და ფიქრობს. - ანლა ნადირობენ.

ქალი იცინის, სკამის საზურგეს აწვება და თმას ისწორებს, შემდეგ იმით გაოცებული, რომ ოთახი მოწყობილია, ამბობს.

- თქვენ მართლაც მთლად, მთლად მარტო ყოფილხართ...

კაცი მუშტრის თვალით უცქერის. მისი თანაგრძნობა თბილ გრნობას აღუძრავს.

- გულახდილად უნდა გითხრათ, არ ვისურვებდი, ისევ საქორწინო კართოტეკა დამჭირვებოდა. ბავშვები სხვათა შორის ერთობ მარჯვედ ნადირობენ.
- დღეს ნადავლი როგორია, დიდი, პატარა?
- ვეება დინოზავრი რომ იქნება, ნაღდია.
- კი, მაგრამ ურჩხული მაქცია მათ არ გააკვირვებს?
- მე მათ ბევრი რამ ვუამბე თქვენს შესახებ.
- მეც დამჯერე ბავშვი ვიქნები.

ქალი თვალების სიმაღლეზე წევს ჩაის ფინჯანს, თითქოს უნდა კაცს მიუჯახუნოსო. ასევე იქცევა კაციც, მაგრამ მოძრაობაში წინანდებურად ეტყობათ ერთგვარი შებოჭილობა. შეიძლება იმიტომ, რომ მათ ასაკს დაუოკებელი მხიარულება არ შეშვენის.

- მაგრამ ჩემი შვილები საოცრად შთაბეჭდილებიანი არიან და ამიტომ...
- რა თქმა უნდა,- სწრაფად ეთანხმება ქალი. - დღეს წუთით შემოვედი...უკვე გამომშვიდობებას ვაპირებ... ყველაფერი თავისი რიგით უნდა წავიდეს...ბავშვებს დრო დასჭირდებათ, რათა ჩემთან შესახვედრად მოემზადონ.
- არა, უმჯობესია თვით ბავშვებს ვკითხოთ. თუ გვიპასუხებენ, დრო არ გვჭირდებაო, საქმე რაღას გავაჯანჯალოთ.
- ჰო, რა თქმა უნდა, - ქალი ისე გაწითლდა, თვალებზე ცრემლი მოადგა.-აბა ჰკითხეთ. თუ მოშივდათ, შემიძლია საჭმელი გავუკეთო.
- არა, ჭამა ჯერ ადრეა მათთვის.
- მაშ რა უბდა ვქნა?..

ქალი კიდევ უფრო ძლიერი გაწითლდა, მაგრამ კაცმას ამას თითქოს არავითარი ყურადღება არ მიაქცია. ფინჯნისკენ გადაიხარა,ხმაურით მოხვრიპა და უთხრა:

- კეთილი, ახლავე ვკითხოთ...ჩაი გავათავოთ და ვკითხოთ...

და ორივე გობში თაჩარგული ფრინველებივით გულისყურით სვამს ჩაის.
მოულოდნელად კაცი დგება, ტუჩებს ხელის ზურგით იწმენდს. ქალიც დგება, აშკარად დაბნეულია. კაცი წინ მიდის, ქალი უკან მიჰყვება.

- ეს სამზარეულოა.
- უჰუ.
- ეს სააბაზანოა.

კაცი კარს აღებს, შედის შორენკეცით მოპირკერთებულ სააბაზანოში. ქალი მორჩილად მიჰყვება. სააბაზანოში ქალი სულს ნაბავს. რა გასაკვირია. იატაკის შორეუნკეცის ნაწილი აღებულია და ქვევით ციცაბოდ ეშვება ტლანქად შეჭედილი ხის კიბე.

ქალი ნაძალადევად იღიმება, იმედოვნებს მეც გამიღიმებენო პასუხად, მაგრამ კაცი არ იღიმება, მართლაც ნამდვილი ხუმრობა უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თუ კი ამ დროს თავი სერიოზულად უჭირავთ.

- გეთაყვა, აანთეთ სანთელი და კარი მიხურეთ.

როცა ქალმა კაი მიხურა, იგრძნო, თითქოს ყურები დაუგუბდა. არა, არა, ყურები კი აერ დაუგუბდა, უბრალოდ სამარისებური სიჩუმე ჩამოდგა. კარის ნაწიბურს სქელი ქეჩა ჰქონდა აკრული.

- იქ ქვემოთ საბავშვო ოთახია...

ქალი შესაძლოა შეაჩერა კილომ. როგორითაც ეს ითქვა, კილომ, როგორითაც კაცმა წარმოთქვა „საბავშვო ოთახი“... წარმოუდგენლად იდუმალმა, თბილმა და იმავე დროს გულწრფელმა და ზეიმურმა კილომ. ეტყობა, ქალს ჯერჯერობით შესაშფოთებელი არაფერი სჭირს...გამორიცხული არაა, რომ ყოველ სახლს აი, სწორედ ასეთი საბავშვო ოთახი აქვს, ხოლო თვითონ უბრალოდ საქმის ვითარება არ ივის-იქნებ სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი საბავშვო ოთახი?

კაცი კიბის შუა ნაწილამდე ეშვება და, ბუნებრივია, ქალს სრულიად უყოყმანოდ უწვდის ხელს.

- ფრთხილად, თავი.

კიბის ბოლოს კიდევ ერთი კარია. მთლიანად ქეჩააკრული, ცხოველის ტყავივით ბანჯგვლიანი სქელი კარი. მძიმე ურდული აქვს გაყრილი. კაცი ურდულს სწევს და კარს აღებს.

ქალს მაშინვე თვალში ეცა მწვანე მოქუშული ტალღები...სინათლის მოქანავე მუქი მწვანე ზოლები. შემდეგ ისმის შხრიალი, თითქოს ზღვის ნაპირის ქვიშაზე ტელეგრაფის ბოძს მოათრევენო.

- ქვანახშირის ხანის ჯუნგლებია,- ესმის ქალს კაცის ჩურჩული.
- შეიძლება ამ შხრიალს მხოხავი დინოზავრი გამოსცემს.
- რა ვეება ჯუნგლებია, ჰა?
- ასე მხოლოდ გეჩვენება. ეფექტი მიღწეულია ნახევრად გამჭვირვალე ეკრანებისა და შუქჩრდილების მეშვეობით. ამიტომ აქ სიტყვა „ვეებას“ პირდაპირი მნიშვნელობით ვერ იხმართ.
- თუ დააკვირდებით, კედრებსაც დაინახავთ.
- იქ კი ჭაობიცაა. შეხედეთ, მის ზედაპირზე წყალი ბრწყინავს.
- მერედა რა დახუთული ჰაერია.
- ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი ამ ოთახს დასჭირდა...ერთი აქეთ წავიდეთ.

მოულოდნელად რომელიღაც მხეცის ღრიალი ისმის.

- ეს რა არის?
- არგოზავრი. მტაცებელი დინოზავრის ერთ-ერთი სახეობაა.
- როგორ მოახერხეთ...
- მაგნიტაფონის ლენტი, ხმის ჩაწერა და მისი ჯანი. რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ, არავინ იცის ასეთი ხმით ღრიალებდა თუ არა დინოზავრი. ამჟამად შემორჩენილ ქვეწარმავალთა შორის არის მყვირალა ხვლიკი, მაგრამ მის ყვირილს არავითარი საერთო არ აქვს მხეცის ღრიალთან, უფრო ბაყაყის ყიყინს ჰგავს. ისე, სიმართლეზე გაცილებით მნიშვნელოვანია პედაგოგიური ეფექტი. კინოსა და ტელევიზორის ეკრანებზე ურჩხულთა ხმები მათსავე სიდიდეს შეესაბამება. ის რაც თქვენ ახლა გაიგონეთ, ტელევიზორიდანაა ჩაწერილი...ო-ო, ამ გზაზე წასვლა აღარ შეიძლება. იგი უკვე კედელზე ისახება. აქეთ მოდით.
- ბავშვები სადღა არიან?
- ისინი ახლა საიდანღაც გამოხტებიან. მოულოდნელ თავდასხმას არიან მიჩვეულნი.
- უჰუ...

ეს იმ წამს მოხდა, როცა ქალმა თავი დაიქნია. მის მარცხნივ მდგომი კედრის ტოტები ანაზდად გადაიწ-გადმოიწია და გამოჩნდა მკვეთრი ლაჟვარდი ცა, გამოიჭყიტა ორმა ბავშვმაც, რომელნიც პირდაპირ გაუგებარია, რა სასწაულით იკავებდნენ აქ თავს.
ერთი,ეტყობა, უფროსი, ქალს მშვილდს უმიზნებს, მეორე მის გვერდით ცალ მუხლზე ჩაჩოქილა და რეზინს ღეჭავს, ხელში გამზადებული ისრები უჭირავს, რათა ძმას მიაწოდოს. საოცრად ფერმკრთალი ანუ უფრო სწორად ითქმის უფერსული, ნახევრად გამჭვირვალე სახეები აქვთ...მათი თავი რაღაც დაჭმუჭნილივით ჩანს-ეტყოვამ დიდი ხანია არ დაუბანიათ. თმა ბამბასავით მოთელვიათ, კაცი დაბნეული ყვირის, მაგრამ უკვე გვიანაა-მშვილდიდან პირველი ისარი გამოფრინდა და უნებურად უკან გამხტარი ალის ყელს წაედო. ისე გაიზუზუნა, გეგონებოდათ, ჰაერი შოლტით გაკვეთესო. რკინაბეტონის კედელზე დაძგერებისას მის მიერ გამოცემულ ვგერაში დამანგრეველი ძალა, დაუნდობლობა გამოსჭვიოდა. ეს კი სრულებით არ ესადაგებოდა, ბიჭის ხელში მჩინარ პატარა მშვილდს.

ქალი მწვანე შუქის ზოლში გარბოდა. მის სმენამდე აღწევდა კაცის ყვირილი:

- არ შეიძლება, რას აკეთებთ!

კაცს წვრილი, წრიპინა ხმით უპასუხეს:

- ურჩხული მაქციაა!
- არა, არა, ეს დედაა. თვლა უნდა გასწავლოთ.
- ტყუილია, ურჩხული მაქციაა...

ქალი კარს აჯახუნებს, კიბეზე მოქრის, ესმის, როგორ გააქვს ფხრიწინი მის კაბას, სააბაზანოდან იჭრება და სახლიდან ქუჩაში გამორბის. ქუჩაში სირბილს ანელებს. ახლა უკვე ვეღარ დაეწევიან უფერული ბავშვები. ისე, სრულიად სხვა გრძნობა მოარბენინებდა, ვიდრე სიფრთხის ან შიშის გრძნობა.

ელექტრომატარებელი, რომელშიც ქალი ზის, ცენტრში მიქრის, თავზე სმოგის სქელი ფენა გადმოფენია. ვაგონში ბევრი თავისუფალი ადგილია. მაგრამ ქალი დგას, ხელი სახელურისთვის ჩაუვლია და დაჟინებით იცქირება ფანჯარაში. პეიზაჟი ისე მიქრის, როგორც გაზეთის უსასრულო ლენტა სანოტაციო მანქანაზე. პეიზაჟის ფონზე ფანჯარაში კრთის ქალის შეშინებული სახე. მაგრამ მოკუმული ტუჩები. უცებ სახეს შეძრწუნებული სწევს უკანს. ეს იმ წამს, როცა გვერდით ჩაიქროლებს დაწყებითი სკოლის შენობები. კვირა დღეა, შეიძლება, უქმეც. ამიტომ ბავშვები ძალზე ცოტანი არიან, ისინი სკოლის ეზოს კუთხეში ფუსფუსებენ. ქალი რუხ ცას აპყრობს მზერას. უცქერის სიმაღლედაკარგულ მოსაწყენ, ულაზათო ცას და გული ჩვეულებისამებრ უძგერს. კიდევ უფრო მაგრამ კუმავს ტუჩებს. ესღა დარჩენია, სხვა რის გაკეთება შეუძლია. პირი, არ უნდა გააღოს და მაშინ, შეიძლება ხვალაც, იხილოს დილა, დღევანდელის მსგავსი დილა, თუნდაც ცა არაბუნებრივაც დახატული იყოს, როგორც იმ საბავშვო ოთახში.