ვაჟა ფშაველა - მოხსენება გამგეობას | წერილი რედაქციასთან
მოხსენება
უმორჩილესად ვთხოვ პატივცემულ გამგეობას, მომცეს უფასოდ, რასაკვირველია, ჩემი თქვენ მიერ გამოცემული „პოემების და მოთხრობების“ იმდენი ეკზემპლიარი, რამდენიც მიგიციათ სხვა ავტორებისათვის. ეს წიგნები გადაეცეს ბ-ნს შიო ქუჩუკაშვილს, რომელიც ფოსტით მე გამომიგზავნის.
1899წ. 23 ქრისტეშობისთვე.
წერილი რედაქციასთან
გიგზავნით ამ მასალას: ზოგს „კვალში“ დასაბეჭდად და სხვასაც „ჯეჯილში“, ერთსა გთხოვთ, კორექტურას გაუფრთხილდით. უკანასკნელს „ჯეჯილი“-ს ნომერში ხუთი თუ ექვსი შეცდომაა კორექტურული, სადაც უნდა იყოს - „ნუ დაალუბებ“ (გაამჭლევებ), სწერია - „დააგუბებ“. უნდა იყოს „ამირანს“, სწერია - „ამირან“ - და სხვ. ლექსს ამისთანა შეცდომები ძალიან ამახინჯებს. ამასთან გთხოვთ უმორჩილესად ბგერა „ჰ“ დაიცვათ ჩემს ნაწერებში ისე, როგორც მე ვხმარობ.
გთხოვთაგრეთვე მომიხერხოთ და ცოტაოდენი ფულიც გამომიგზავნოთ. „კვალისათვის“ მოთხრობას ვწერ: ნახევარი დაწერილი მაქვს, ჯერ არ დამიმთავრებია. თუ მოისურვებთ, შემატყობინეთ წერილით. ამ ნახევარს გამოგიგზავნით და სხვა ნომრისათვის მეორე ნახევარს მოგაშველებთ.
1894წ. ბოლო რიცხვები.