ედვარდ კარი - მეამბოხისა და დისიდენტის როლი ისტორიაში
მეამბოხე პიროვნების პორტრეტის დასახატად, რომელიც საზოგადოებასთან დაპირისპირების გამო პოპულარობით სარგებლობს, საკმარისია გადავხედოთ მცდარ ანტითეზას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოუკიდებლობის შესახებ.
არც ერთი საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი. ნებისმიერი საზოგადოება სოციალური კონფლიქტის სარბიელს წარმოადგენს, ხოლო ის პიროვნებები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, ისეთივე შედეგი და განსახიერებაა საზოგადოებისა, როგორც არსებული წესის მხარდამჭერნი.
რიჩარდ II და ეკატერინე დიდი ძალაუფლების ტიპური წარმომადგენლები არიან, პირველი მე-14 საუკუნის ინგლისისა და მეორე - მე-18 საუკუნის რუსეთისა. მაგრამ იმავე სოციალური ძალების პირმშონი არიან უოტ ტაილერი და პუგაჩოვი - უდიდესი ამბოხებების წინამძღოლნი. მონარქებიცა და მეამბოხეებიც საკუთარი დროისა და ქვეყნის შვილები არიან. ყოველი მათგანისათვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო. უოტ ტაილერისა და პუგაჩოვის პიროვნებათა მოაზრება როგორც უბრალოდ საზოგადოების წინააღმდეგ მებრძოლებისა, საკითხის გამარტივება იქნებოდა. თუ ისინი მართლა ასეთები იყვნენ, ისტორიკოსი დროს არ დაკარგავდა მათზე. ორივენი თავიანთ როლს ისტორიაში მათ მიმდევრებს უნდა უმადლოდნენ; ისინი მნიშვნელოვანნი იყვნენ, როგორც სოციალური ფენომენი და მეტი არაფერი.
ანდა განვიხილოთ თუნდაც გამოჩენილი მეამბოხისა და ინდივიდუალისტის მაგალითი უფრო სხვა დონეზე. ცოტა თუ ვინმე გამოდიოდა მეტი სიმძაფრითა და რადიკალურობით საკუთარი ქვეყნის საზოგადოების წინააღმდეგ, ვიდრე ნიცშე. ის იყო ტიპური წარმომადგენელი ევროპული, კერძოდ, გერმანული საზოგადოებისა - ფენომენი, რომელიც ვერ იჩენდა თავს ვერც ჩინეთში და ვერც პერუში; ნიცშეს სიკვდილის შემდეგ მოსული თაობისათვის უფრო ცხადი გახდა ევროპული და, კერძოდ, გერმანული სოციალური ძალების სიძლიერე, რომლის გამომხატველიც ნიცშე იყო; ამიტომ გახდა იგი უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი თაობებისათვის, ვიდრე მისი თანამედროვეებისათვის.
ხშირად მეამბოხისა და რომელიმე დიდი პიროვნების როლი ერთნაირადაა შეფასებული ისტორიის მიერ. დიდი პიროვნების თეორია ისტორიულ მეცნიერებაში - კერძოდ, „კარგი დედოფალი ბესის“ მოძღვრება დიდი ხანი არაა, რაც მოდიდან გადავიდა, თუმცა, ხანდახან ახლაც წამოყოფს ხოლმე თავს. პოპულარული ისტორიული სახელმძღვანელოების გამომცემლები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში თავიანთ ავტორებს სთავაზობდნენ წიგნი დაეწყოთ რომელიმე ღირსშესანიშნავი პიროვნების ბიოგრაფიით. მისტერ ა.წ. ტეილორმა კი თავის ესსეში პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ „თანამედროვე ევროპის ისტორია შეიძლება დაიწეროს მხოლოდ სამი ტიტანის ჭრილში: ნაპოლეონი, ბისმარკი და ლენინი“. თუმცა, უფრო სერიოზულ ნაშრომებში იგივე ავტორი ნაკლებად რადიკალურია.
რა როლი ეკისრება დიდ პიროვნებას ისტორიაში? დიდი ადამიანი წარმოადგენს პიროვნებას და როგორც ღირსშესანიშნავი პიროვნება, ის აგრეთვე უდიდესი მნიშვნელობის სოციალური ფენომენია. გიბონის აზრით, „ყველასათვის ცხადია, რომ დროის პერიოდები უნდა შეესაბამდებოდეს გამოჩენილ მოღვაწეებს და კრომველის გენია დროა წარსულს ჩაბარდეს“. მარქსი ნაშრომში „ლუი ბონაპარტის 18 ბრიუმერი“ საპირისპიროს ამტკიცებს: „კლასობრივმა ბრძოლამ საფრანგეთში შექმნა ისეთი პირობები და ურთიერთობები, რომელიც აიძულებს უტვინო მდარე ყაიდის ადამიანებს გმირის სამოსში გამოეწყონ“. ბისმარკი რომ მე-19 საუკუნეში დაბადებული - რა აბსურდული ჰიპოთეზაა არა? - მაშინ არც ბისმარკი იქნებოდა, ვერც გერმანიას გააერთიანებდა და საერთოდ არ იქნებოდა ღირსშესანიშნავი პიროვნება, მაგრამ არ ღირს ტოლსტოის დარად დიდი პიროვნებები განვიხილოთ, როგორც მარტოოდენ „იარლიყი, რომლებიც სახელს აძლევს ამა თუ იმ მოვლენას“. ზოგჯერ - რასაკვირველია, დიდი პიროვნებების კულტი დამღუპველ ინტერპრეტაციას იღებს. ნიცშეს ზეადამიანი ზიზღს იმსახურებს. იგივე ითქმის ჰიტლერზე და პიროვნების კულტის საშინელ მხარეებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირში.
მაგრამ ჩემს ამოცანას სრულებით არ წარმოადგენს დიდი პიროვნებათა დაკნინება, არც იმის მტკიცებას მოვყვები, რომ „დიდი პიროვნება აუცილებლად ცუდი ადამიანია“. მე მხოლოდ მსურს შევეწინაარმდეგო მოსაზრებას, რომელიც დიდ პიროვნებებს განიხილავს ისტორიისგან მოწყვეტით და თავს ახვევენ ისტორიას თავის სიდიადეს, როგორც „სათამაშო, ყუთში მოთავსებული კაცუნას ფიგურა, თავსახურის ახდისას უცებ რომ გამოყოფს ხოლმე თავს, რათა თავისი გამოჩენით შეაჩეროს ისტორიის რეალური მიმდინარეობა“.
არა მგონია, დღესაც კი ჰეგელზე უკეთ დავახასიათოთ ეს მოვლენა; იგი წერდა: „ეპოქის დიდ პიროვნებას ძალუძს სიტყვებით გადმოსცეს დროის ნება, უთხრას თანამედროვეობას ეს ნება და მისი განხორციელების გზები; რასაც აკეთებს ეს პიროვნება, სწორედ ამაშია მისი დროის სული და გული, მისი არსი; პიროვნება ახორციელებს თავის ეპოქას“.
დოქტორ ლევისსაც დაახლოებით იგივე აქვს მხედველობაში, როცა ამბობს, რომ დიდი მწერლები „მაშინ უფრო მნიშვნელოვანნი ხდებიან ჩვენთვის, თუ კარგად იცნობენ ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერენ“.
დიდი პიროვნება ყოველთვის წარმომადგენელია ან უკვე არსებული ძალებისა, ან იმ ძალებისა, რომლის წარმოქმნაშიც თავად მონაწილეობს, რადგან ეჭვით უყურებს ძველ ხელისუფლებას. მაგრამ ძალიან ძნელია განსაზღვრო, რომელი პიროვნება უფრო ღირსშესანიშნავია: ის, ვინც კრომველისა და ლენინის მსგავსად თავის სიდიადეს ძველის ნგრევით მიაღწიეს, თუ ნაპოლეონისა და ბისმარკის მსგავსად ძველ, უკვე არსებულ ძალებზე დაყრდნობით.
არც იმ დიდი პიროვნებების დავიწყება გვარგებს, რომლებსაც საკუთარმა დრომ ვერ გაუგო და მათი სიდიადე მხოლოდ შემდგომმა თაობებმა აღიარეს.
ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი პიროვნება აღქმულ იქნას ორ ჭრილში: ერთის მხრივ, როგორც პირმშო და მონაწილე ისტორიული პროცესისა და მეორეს მხრივ, წარმომადგენელი და შემქმნელი იმ სოციალური ძალებისა, რომლებიც ცვლიან სამყაროს და ადამიანთა შეხედულებებს.