გაბრიელ გარსია მარკესი - წინასიტყვაობა წიგნისა ფოთოლცვენა

„ვით არ ავღელდე, ოდეს კრეონმა
ერთ ძმას მიაგო დიდი პატივი
და მეორეს კი უპატიობა.
უბნობენ: დაფლა მან ეტეოკლე
და ღირსეული ქვესკნელსა შინა
მისცა სავანე, და პოლინიკეს,
ავბედით მოკლულს, არც დატირება
არგუნა, არცა დამარხვა, - ბრძანა
დაუტირალი დააგდონ გვამი,
ვით სანუკვარი დავლა ფრინველთა.
სათნო კრეტონი გვიბრძანებს ამას
მე და შენ, - ვამბობ
მეც-მეთქი, - და თავად
აქ ამცნობს ყველას, ვინც ჯერ არ იცის,
ის არც უბრალოდ ჰრაცხს ამ ბრძანებას - 
ურჩს ქვით ჩაქოლვა ელის საქვეყნოდ“ - ანტიგონე

მოულოდნელად მოვარდნილი გრიგალივით გადაურბინა დასახლებას ბანანის კომპანიამ და შემოდგომის გაყვითლებული ფოთლები ააფრიალა ქუჩებში. ეს დამტვერილი, ქარში აშლილი ფოთლები ბანანის კომპანიასთან დაკავშირებული ხალხის ცხოვრებისა და მათ მეხსიერებაში ცუდად გამოტანილი სიზმარივით დარჩენილი სამოქალაქო ომის განუყოფელი ნაწილი იყო.

ფოთოლცვენა არ წყდებოდა და დასახლებას დაუბანელი ბრბოს სიმყრალით, სამხედროების ოფლის სუნითა და საიდუმლოებით მოცული მკვლელობების სიმძაღით ავსებდა. აბეზარი ქარი თავის საზღვრებს ავლებდა და ჭუჭყით დამძიმებული ფოთლებით ამაგრებდა.

მალე დასახლებამ, მისი წყალობით, მდინარის გასწვრივ მდებარე მთავარი ქუჩითა და სასაფლაოთი შემოსაზღვრული ქალაქის კონტურები მიიღო. ამ საზღვრებს შიგნით ელექტროსადგურის გარდა, საავადმყოფო, რამდენიმე დუქანი, ცუდი რეპუტაციის გასართობი სახლი და სასტუმრო მოექცა, რომლის სტუმრები, ძირითადად მარტოხელა კაცები, ხის ერთი ჩემოდნითა და თითო ხელი თეთრეულით შემოეხეტნენ ქალაქში ჯორზე ამხედრებულები, სულ მალე კი საკუთარი სახლების, ხასებისა და მაღალი სამხედრო წოდებების მფლობელნი გახდნენ, რომელიც ავანსად უფრო მიიღეს, ვიდრე დამსახურებისამებრ, რადგან გვიან ჩაებნენ ომში.

მალე დიდი ქალაქების სასიყვარულო თავგადასავალმაც გადმოლახა ფოთოლთა საზღვარი და ჯერ ჭრაჭუნასაწოლიანი, ნახევრადმიწური სარდაფების სახით დამკვიდრდა ბნელ მოსახვევებში, შემდეგ ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით წამოჰყვეს თავი საროსკიპო სახლებმა და ბოლოს მეძავთა მთელი დასახლებაც კი გაჩნდა ქალაქში.

არ გასულა ცოტა ხანი და ჩვენ, ამ ადგილის პირველაღმომჩენებმა და დასახლების დამაარსებლებმა უცხოდ და უთვისტომოდ ვიგრძენით თავი შუა ქუჩაში გაშლილ კარვებსა და შიმშილით ფერდჩაცვენილ ჯორებს შორის, რომელთა პატრონები მოურიდებლად, ყველას თვალწინ იცვლიდნენ ტანისამოსს, მათი ცოლები კი გაშლილი ქოლგებით ხელში ისხდნენ ჩემოდნებზე.

ომის შემდეგ მაკონდოში რომ ჩამოვედით და ამ მიწების ნაყოფიერება ვიხილეთ, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ სულ მალე ხალხი ამ ადგილისკენ იხუვლებდა, მაგრამ, ვაი რომ ვერავინ განჭვრიტა ყველა უბედურება, რაც მათ ჩამოსვლას მოჰყვა. და ამიტომ, როცა ლავის მოახლოება ვიგრძენით და ხალხის ნიაღვარი წალეკვით დაგვემუქრა, ისღა დაგვრჩენოდა, თეფშები და დანა-ჩანგალი გამოგვედგა კარში და მოთმინებით გვეცადა, როდის შეგვამჩნევდნენ ახალმოსულები.

მალე პირველი მატარებელიც შემოჩიქჩიქდა ქალაქში. ფოთოლთა ჯარი ახლა მას ეკვეთა, მაგრამ რკინის ურჩხულს ვერაფერი დააკლო, ერთმანეთში აიზილა, დამძიმდა, ბუნებრივ პროცესს - ლპობას წინ ვეღარ აღუდგა და ნეშომპალადქცეული მიწას შეერწყა.

მაკონდო, 1909 წელი.