ალბერ კამიუ - სტუმარი
მასწავლებელმა სკოლისაკენ მომავალი ორი მგზავრი დაინახა. ერთი ცხენზე იყო ამხედრებული, მეორე ფეხით მოდიოდა. მათ ჯერ ვერ მიეღწიათ ციცაბო ბილიკისათვის, რომლის ბოლოშიც სკოლა იყო. დაღლილები ვრცელსა და უკაცრიელ პლატოზე, თოვლსა და ქვებში ნელა იკვლევდნენ გზას. მასწავლებელი კარგად ხედავდა დაღლილი ცხენების ნესტოებიდან გამოშვებულ ორთქლს.
ეტყობოდა, რომ ერთ-ერთი მგზავრი კარგად იცნობდა ამ მხარეს. ისინი მიუყვებოდნენ ბილიკს, რომლის კვალი სამი დღის წინ თოვლს დაეფარა. მასწავლებელმა გამოთვალა: მგზავრები გორაკზე ნახევარ საათზე ადრე ვერ ავიდოდნენ. ციოდა. ის სკოლაში შებრუნდა ჯემპრის ასაღებად. ცივი და ცარიელი საკლასო ოთახი გაიარა. უკვე სამი დღე იყო, შავ დაფაზე საფრანგეთის ოთხი მდინარე ეხატა ოთხი სხვადასხვა ფერის ცარცით. ისინი საერთო შესართავისკენ მიედინებოდნენ.
რვათვიანი გვალვის შემდეგ შუა ოქტომბერში დიდი თოვლი მოვიდა და რადგან წვიმას სიცივეები მოჰყვა, ის ოციოდე მოსწავლეც კი, რომლებიც პლატოზე გაფანტულ სოფლებში ცხოვრობდნენ, სკოლაში აღარ მოდიოდა. კარგ ამინდს კი ჯერ პირი არ უჩანდა. დარიუ ვერ თბებოდა თავის ოთახში, რომელიც საკლასო ოთახზე აღმოსავლეთიდან იყო მიშენებული. ოთახის ფანჯარა სამხრეთისკენ გადიოდა. სკოლა რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც პლატო სამხრეთით ეშვებოდა. მზიან დღეებში ფერდობზე უამრავი ია ხარობს, იქიდან კი ვრცელი უდაბნო იშლება.
დარიუ ცოტა გათბა. ფანჯრისკენ შეტრიალდა და ორი მამაკაცი შეამჩნია. ისინი უკვე აღმართს მოუყვებოდნენ. ცა ნელ-ნელა იწმინდებოდა. ღამით თოვა შეწყვეტილიყო, ცა შავ ღრუბლებს დაეფარა და ამიტომ დილითაც ბნელოდა. მხოლოდ შუადღის ორი საათისათვის შეგეძლო გეთქვა თენდებაო. მაგრამ იმ დღეს მაინც უკეთესი ამინდი იყო, ვიდრე წინა სამი დღის განმავლობაში, როცა თოვდა და უკუნეთ სიბნელეში ქარი უბერავდა. დარიუ მთელ დღეებს ოთახში ატარებდა, მხოლოდ ფარდულში დამწყვდეული ქათმების მოსავლელად და ნახშირის მარაგის შესავსებად გადიოდა გარეთ.
საბედნიეროდ, ჩრდილოეთით მდებარე ყველაზე ახლო სოფლიდან, ტაბჟიდიდან, ქარბუქის ამოვარდნამდე ორი დღით ადრე მანქანით სურსათი ჩამოიტანეს. მანქანას გზის დასაფარავად ორმოცდარვა საათი დასჭირდა. მასწავლებლის პატარა ოთახი სავსე იყო ხორბლის ტომრებით, რომლებიც ადმინისტრაციამ იმ ბავშვებისთვის გამოჰყო, რომელთა ოჯახებიც გვალვის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. დარიუ მოსწავლეებს ურიგებდა დღიურ ულუფას, თუმცა, კარგად იცოდა, რომ ეს საკმარისი არ იყო ამ მძიმე დღეებში. დარიუ იმ საღამოსაც ელოდა ბავშვების მამებს ან მათ უფროს ძმებს ხორბლის გადასაცემად.
აქედანვე საჭირო იყო მომავალი მოსავლისათვის მზადება. ხორბლით დატვირთული გემები ახლა საფრანგეთიდან ჩამოდიოდნენ. მართალია, მძიმე დღეები უკან დარჩა, მაგრამ მაინც შეუძლებელი იყო ძველი სიღატაკის, მზის ქვეშ მოხეტიალე ჩამოძონძილი აჩრდილების, თვეების განმავლობაში გამოფიტული მიწებისა და მტვერში მოელვარე ქვების დავიწყება.
სკოლაში ყოველდღე მოდიოდა ათასობით ცხვრისა და ადამიანის სიკვდილის ამბავი. ამ სიღარიბეში, მიკარგულ სკოლაში ბერივით მცხოვრები მასწავლებელი ბატონივით გრძნობდა თავს. ბათქაშიანი კედლებით, თეთრი ხის თაროებით და ვიწრო, პატარა ტახტით ის სრულიად კმაყოფილი იყო. კმაყოფილი იყო იმით, რომ ჰქონდა ჭა და ყოველდღიური წყლისა და საკვების მარაგი. განუწყვეტელმა წვიმამ თოვლი მოიტანა. ასეთი იყო ეს მხარე, დაწყევლილი და უკაცრიელი, სადაც ადამიანები უძლურნი იყვნენ. მაგრამ დარიუ აქ დაიბადა და სხვაგან თავს უცხოდ, დევნილად გრძნობდა.
სკოლიდან გამოვიდა და მგზავრებს გახედა, რომლებიც შუა ფერდობამდე მოსულიყვნენ. ცხენოსანში ძველი ჟანდარმი - ბალდუსი შეიცნო, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. ბალდუსს თოკით მოჰყავდა არაბი, რომელიც ხელებშეკრული და თავჩაქინდრული მოსდევდა. ჟანდარმი მიესალმა დარიუს, რომელმაც არ უპასუხა. ის გაოცებული შესცქეროდა ლურჯ ქულაჯიან არაბს, რომელსაც ფეხები სქელი შალის წინდებით შეეფუთა და სანდლებში ჩაეყო, თავზე კი ვიწრო დოლბანდი ჰქონდა შემოხვეული.
ისინი ნელა მიიწევდნენ წინ. ბალდუსიმ დარიუს გასძახა:
ერთი საათია, რაც ელ ამორიდან მოვდივართ!
დარიუმ არაფერი უპასუხა. დაბალი და ჩასხმული მასწავლებელი, რომელსაც სქელი ქულაჯა ჩაეცვა, მათ შესცქეროდა. არაბმა მხოლოდ ერთხელ ასწია თავი.
გამარჯობა! - თქვა დარიუმ, როცა ისინი ფერდობიდან ამოვიდნენ, - შემოდით, გათბით!
ბალდუსი ძლივს ჩამოვიდა ცხენიდან, თან თოკს ხელს არ უშვებდა. ჟანდარმმა აბურძგნული ულვაშებიდან გაუღიმა მასწავლებელს. მზემოკიდებული შუბლის ქვეშ ჩასმული წვრილი მუქი თვალები, დანაოჭებული სახე სანდომიან და ჭკვიან იერს აძლევდა. დარიუმ სადავეს ჩაავლო ხელი და ცხენი ფარდულში შეიყვანა. შემდეგ სკოლაში შევიდა, სადაც მგზავრები ელოდნენ. დარიუმ ისინი ოთახში შეიპატიჟა და უთხრა:
- ახლავე გავათბობ ოთახს და უფრო კარგად იგრძნობთ თავს.
როცა დარიუ მეორედ შევიდა ოთახში, დაინახა, რომ ბალდუსი ტახტზე წამოწოლილიყო. ჟანდარმს თოკი შეეხსნა არაბისთვის, რომელიც ღუმელთან ჩაცუცქულიყო და ფანჯრისკენ იყურებოდა. პირველად დარიუმ მისი მსხვილი და გადატკეცილი, თითქმის ზანგური ტუჩები დაინახა. ცხვირი სწორი ჰქონდა, მუქი თვალები - აღგზნებული. დოლბანდი ჯიუტ შუბლს უფარავდა, გადამწვარი კანი, რომელიც სიცივისგან ოდნავ გაფერმკრთალებოდა, ერთდროულად შეწუხებულ და დაუმორჩილებელ იერს აძლევდა. არაბი დარიუსკენ შეტრიალდა. მისმა გამჭოლმა მზერამ მასწავლებელი ააღელვა.
აქეთ მოდით, ახლავე მოგიმზადებთ პიტნიან ჩაის, - თქვა დარიუმ.
მეტად მძიმე სამუშაოა ჩემთვის, დროა დავისვენო, - თქვა ბალდუსიმ, შემდეგ ტყვეს დაუძახა:
მოდი!
არაბი ხელებგადაჭდობილი წამოდგა და ნელა გაემართა ჟანდარმისაკენ. დარიუმ ჩაისთან ერთად სკამიც შემოიტანა. მაგრამ ბალდუსის უკვე დაეკავებინა მოსწავლის პირველი მერხი. არაბი კი მის ფეხებთან ჩაცუცქულიყო, ღუმელის პირდაპირ, რომელიც საწერ მაგიდასა და ფანჯარას შუა იდგა. როცა მასწავლებელმა ტყვეს ჭიქით ჩაი მიაწოდა, ჟანდარმს მის შეკრულ ხელებზე ანიშნა.
ახლა კი შეიძლება თოკის მოხსნა, - დარწმუნებით თქვა ბალდუსიმ, - ეს მხოლოდ გზაში იყო საჭირო.
ტყვემ წამოდგომა დააპირა, მაგრამ დარიუმ ჭიქა დადგა და ჩაიმუხლა. არაბმა აღგზნებული თვალები მასწავლებელს შეანათა, ხელები გაითავისუფლა, დასიებული მაჯები დაიზილა, ჭიქა აიღო და ცხელი სითხე პატარა და სწრაფი ყლუპებით შესვა.
ახლა რას აპირებ? - ჰკითხა დარიუმ ბალდუსის.
ბალდუსიმ ჩაი მოსვა და თქვა:
აქ, ჩემო ძმაო, უცნაური მოსწავლეები გყოლია. აქ იძინებ, ხოლმე? - შემდეგ კი კითხვაზე უპასუხა, - ელ ამორში უნდა დავბრუნდე, შენ ამას ტენგიში ჩაიყვან, იქ ელოდებიან.
ბალდუსიმ დარიუს მეგობრულად გაუღიმა.
რას ამბობ, გაგიჟდი? - შეშფოთდა მასწავლებელი.
ასეთია ბრძანება.
ბრძანება?! მე არა ვარ... - დარიუ გაჩუმდა, მას არ სურდა მოხუცი კორსიკელის წყენინება, - ეს ხომ ჩემი საქმე არ არის...
ო, მერე რა? ომის დროს ყველანაირი საქმე უნდა აკეთო.
მაშინ დაველოდები ომის გამოცხადებას.
ბალდუსიმ თავი დაუქნია.
კარგი, მაგრამ იცოდე, რომ კანონები იქაც მოქმედებს და შენც გეხება. როგორც ჩანს, ხალხი ღელავს. უკვე მომავალ აჯანყებაზეც ლაპარაკობენ. ჩვენ ყველანი მზად ვართ.
დარიუს ისევ ჯიუტი იერი ჰქონდა.
მისმინე, შვილო, - უთხრა ბალდუსიმ, - ძალიან მიყვარხარ, უნდა იცოდე, რომ ჩვენ ელ ამორში სულ თოთხმეტიოდე ადამიანი ვზვერავთ ერთი პატარა დეპარტამენტის ტერიტორიას. ჩემი დაბრუნება აუცილებელია. ბრძანების თანახმად, შენ უნდა ჩაგაბარო ეს ტყვე, მე კი დაუყოვნებლივ დავბრუნდე. არაბის მეთვალყურეობისთვის იქ არავის ეცალა. მისი სოფელიც აჯანყებულია. ხვალ ის ტენგიში უნდა ჩაიყვანო. ვიცი, რომ ის ოციოდე კილომეტრი ისეთ ყოჩაღ კაცს, როგორიც შენა ხარ, ვერ შეაშინებს. აი, სულ ეს არის. ამის შემდეგ მოსწავლეებიც გეყოლება და კმაყოფილიც იქნები.
კედლის უკან ცხენის ფრუტუნი და ფლოქვების ხმაური ისმოდა. დარიუ ფანჯარაში იყურებოდა. თენდებოდა. დილის შუქი თოვლიან პლატოზე იშლებოდა. როცა თოვლი დადნება, მზე ისევ ამობრწყინდება და კიდევ ერთხელ გადაწვავს ქვიან მინდვრებს, ისევ გაანათებს ამ უკაცრიელ სივრცეს, სადაც ადამიანის არსებობაზე არაფერი მეტყველებს.
დარიუმ, ისე რომ ბალდუსისაკენ არც შემოტრიალებულა, თქვა:
რა ჩაიდინა ასეთი? - და სანამ პასუხს მიიღებდა, ისევ ჰკითხა: - ლაპარაკობს ფრანგულად?
არც ერთ სიტყვას. ერთი თვე ეძებდნენ, იმალებოდა. თავისი ბიძაშვილი მოკლა.
ჩვენ ხომ არ გვებრძვის?
არა მგონია, თუმცა, რას გაიგებ.
რატომ მოკლა?
მგონი ოჯახური ამბების გამო. ერთს მეორის ხორბლის ვალი უნდა ჰქონოდა, თუ რაღაც ამგვარი. მოკლედ, გაურკვეველი საქმეა. ერთი სიტყვით, ბიძაშვილი დანით მოკლა, ცხვარს რომ კლავენ, ისე...
ბალდუსიმ დანა გაისვა კისერზე. როცა არაბმა ეს შენიშნა, შეწუხებულმა შეხედა ჟანდარმს.
უეცრად დარიუმ ზიზღი იგრძნო ამ კაცის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთაც ბოროტება, სიძულვილი და სიფიცხე ახასიათებდათ.
ღუმელზე ჩაიდანი დუღდა. მასწავლებელმა ჯერ ბალდუსის დაუსხა ჩაი, შემდეგ ერთ ხანს მერყეობდა, მაგრამ ბოლოს მეორედ მიაწოდა არაბს ჭიქა. მან ხარბად მოსვა ჩაი. ოდნავ გაღეღილ ქულაჯაში მასწავლებელმა მისი გამხდარი და დაკუნთული მკერდი შეამჩნია.
გმადლობთ, ჩემო კარგო, - თქვა ბალდუსიმ, - ახლა კი წავედი.
იგი წამოდგა, არაბისკენ გაემართა და ჯიბიდან პატარა თოკი ამოიღო. ბალდუსიმ მასწავლებელს თოკზე მიანიშნა.
არ არის საჭირო.
მოხუცი ჟანდარმი შეყოვნდა.
როგორც გინდა, ალბათ იარაღი გაქვს.
სანადირო თოფი მაქვს.
სად?
ჩემოდანში.
საწოლთან უნდა დაიდო.
რისთვის? არაფრის მეშინია.
ხომ არ გაგიჟდი, შვილო? თუ ისინი აჯანყდნენ, თავშესაფარი აღარ გვექნება და ყველანი დავიღუპებით.
სანამ აქ მოვლენ, დრო მექნება თავის დასაცავად.
ბალდუსიმ გაიცინა, მაგრამ ულვაშებმა უმალვე დაფარეს მისი ჯერ კიდევ თეთრი კბილები.
დრო? მეც იმას ვამბობდი, რომ შენ ცოტათი შეშლილი ხარ. სწორედ ამიტომ მომწონხარ. ჩემი ბიჭიც ასეთი იყო, მაინც შეინახე, ელ ამორამდე ორი იარაღი რად მინდა.
იარაღი შავ მაგიდაზე ელავდა. ჟანდარმი შებრუნდა, მასწავლებელმა მისი ტანსაცმლის და ცხენის სუნი იგრძნო.
მისმინე, ბალდუსი, - თქვა უცებ დარიუმ, - ეს რაღაც არ მომწონს. ამ ბიჭს, იცოდე, არ ჩავიყვან ქალაქში და სასამართლოს არ გადავცემ.
მოხუცი ჟანდარმი მის წინ იდგა და მკაცრად უყურებდა.
რა სისულელეებს მეუბნები, - თქვა მან, - ასეთები არ გამაგონო...
მე არ გადავცემ, - გაიმეორა დარიუმ.
ჩემო ბიჭო, გიმეორებ, რომ ეს ბრძანებაა.
მათაც გაუმეორე, რასაც გეუბნები. მე მას სასამართლოს არ გადავცემ, - ჩაფიქრებული ბალდუსი უყურებდა არაბს და დარიუს, ბოლოს თქვა:
იმათ მე არაფერს ვეტყვი. ჩვენი მიტოვება თუ გინდა, როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
მე ბრძანებას ვასრულებ. მოგიყვანე ტყვე, ახლა კი ხელი მომიწერე ქაღალდზე.
რა საჭიროა, არ უარვყოფ, რომ ტყვე დამიტოვე.
ნუ ხარ ჯიუტი, ხელი უნდა მოაწერო, ეს წესია.
დარიუმ უჯრიდან ამოიღო იასამნისფერი მელნის ოთხკუთხა შუშა, წითელი ხის კალმისტარი და ხელი მოაწერა. ჟანდარმმა გულმოდგინედ დაკეცა ფურცელი და საქაღალდეში ჩაიდო. შემდეგ კარისკენ გაემართა.
გაგაცილებთ, - შესთავაზა დარიუმ.
არ მინდა, - თქვა ბალდუსიმ, - თავაზიანობა არ გაკლია, მაგრამ უკვე შეურაცყოფა მომაყენე.
მოხუცმა გაუნძრევლად მყოფ არაბს შეხედა, შეწუხებულმა ამოისუნთქა და კარისკენ შებრუნდა.
მშვიდობით.
კარი დაიხურა. მალე ბალდუსი ფანჯარასთან გამოჩნდა, შემდეგ ისევ გაუჩინარდა. მისი ნაკვალევი თოვლში ჩაიკარგა. მოისმა ცხენის ფრუტუნი ტიხარის უკან, ქათმებიც დაფრთხნენ. ბალდუსი ისევ გამოჩნდა ფანჯარასთან, ცხენი თოკით გამოიყვანა და უკანმოუხედავად გაეშურა ციცაბო ბილიკისაკენ. ცოტა ხანში მოხუცი აღარ ჩანდა, ცხენიც გაუჩინარდა. მალე დიდი ქვის დაგორების სუსტი ხმა მოისმა.
დარიუ ტყვესთან დაბრუნდა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ისევ გაუნძრევლად იჯდა.
- ერთი წუთით, - თქვა მასწავლებელმა და ოთახისკენ გაემართა, მაგრამ როცა ზღურბლს გადააბიჯა, შეყოვნდა, გადაიფიქრა და უკან შებრუნდა, რევოლვერი აიღო და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ უკანმოუხედავად გავიდა ოთახში. დივანზე წამოწოლილი დარიუ უყურებდა ცას, რომელიც ნელ-ნელა მუქდებოდა.
ომის შემდგომ, პირველ ხანებში, ამ უნაყოფო და ქვებით სავსე მიწაზე სიჩუმისა და სიმარტოვის ატანა ძალიან გაუჭირდა. გადათხრილ მინდვრებს მხოლოდ იმისთვის ამუშავებდნენ, რომ ქვები მოეგროვებინათ. დანამდვილებით შეიძლებოდა გეთქვა, რომ ამ მხარის სამი მეოთხედი ქვებით იყო დაფარული. აქ ქალაქებიც ყოფილა გაშენებული, მაგრამ ისინი მალევე გაქრნენ. ხალხიც მოდიოდა, სახლდებოდნენ, ოჯახებსაც ქმნიდნენ, ზოგჯერ წაეკიდებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს იხოცებოდნენ. ამ უდაბნოში არავინ, არც ის და არც მისი სტუმარი, არაფერს წარმოადგენდნენ და მაინც ამ უდაბნოს გარეშე ნამდვილ ცხოვრებას ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებდა. მასწავლებელი წამოდგა. საკლასო ოთახიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
უცებ გაამხიარულა იმ აზრმა, რომ არაბს გაქცევა შეეძლო, ხოლო თვითონ - მარტო დარჩენა. მაგრამ ტყვე ჯერ აქ იყო, ბუხარსა და საწერ მაგიდას შუა გაწოლილი და ჭერზე თვალმიბჯენილი. ამ მდგომარეობაშიც კი კარგად გაარჩევდით მის მსხვილ ტუჩებს, რომელიც გაბუტულ იერს აძლევდა.
- მოდი, - უთხრა დარიუმ. არაბი წამოდგა და უკან გაჰყვა.
მასწავლებელმა მაგიდასთან ახლოს, ფანჯრის ქვეშ მდგარ სკამზე მიუთითა. არაბმა ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუცილებია, ადგილი დაიკავა.
- გშია?
- დიახ! - თქვა ტყვემ.
დარიუმ ჭურჭელი გამოიტანა. ფქვილისა და ზეთისაგან გალეტის ცომი მოზილა, პატარა გაზქურა აანთო. სანამ გალეტი გამოცხვებოდა, ფარდულიდან ამოიტანა ყველი, კვერცხები, ხურმა და შესქელებული რძე. როცა გალეტი გამოცხვა, ფანჯრის რაფაზე დადო გასაცივებლად, მერე შესქელებული რძე გააცხელა და ერბოკვერცხიც შეწვა. ჯიბეში ჩაჩრილმა რევოლვერმა საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჯამი მაგიდაზე დადო, საკლასო ოთახიდან გავიდა და რევოლვერი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა.
ოთახში რომ დაბრუნდა, უკვე ღამდებოდა. შუქი აანთო და არაბს უთხრა:
- ჭამე.
ტყვემ გალეტის ნაჭერი აიღო, პირისაკენ გააქანა, მაგრამ უცებ შეჩერდა.
- შენ? - ჰკითხა მან.
- მერე შევჭამ.
ტყვემ პირი გააღო და ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ გალეტი ჩაკბიჩა. სადილი დამთავრდა. არაბი მასწავლებელს თვალს არ აცილებდა.
- შენ მოსამართლე ხარ?
- არა, მხოლოდ ხვალამდე იქნები ჩემთან.
- რატომ ჭამ ჩემთან ერთად?
- მშია.
ის გაჩუმდა. დარიუ ოთახიდან გავიდა, ფარდულიდან საწოლი ამოიტანა და თავისი საწოლის პერპენდიკულარულად გაშალა მაგიდასა და ბუხარს შუა. შემდეგ დიდი ჩემოდნიდან, რომელიც ერთ კუთხეში იდგა და „ეტაჟერის“ მაგივრობას სწევდა, ორი საბანი ამოიღო და საწოლზე დადო. უკვე აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა და საწოლზე ჩამოჯდა. ამ კაცის ყურების გარდა საქმე არაფერი ჰქონდა. უყურებდა და ცდილობდა, წარმოედგინა მისი გაშმაგებული სახე, თუმცა ვერ ახერხებდა. მხოლოდ მის ანთებულ თვალებს და ცხოველურ პირს ხედავდა.
- რატომ მოკალი? - დარიუმ ისეთი მტრული ტონით ჰკითხა, რომ თვითონაც გაოცდა.
არაბმა შეხედა.
- მან თავს უშველა, მე უკან მივდევდი...
ტყვე დარიუს მოლოდინით სავსე თვალებით შესცქეროდა:
- ახლა რას მიზამენ?
- გეშინია?
არაბი თითქოს არ ელოდაო, ადგილზე გაშეშდა.
- რამეს ხომ არ ნანობ?
არაბი პირდაღებული უყურებდა მასწავლებელს. ეტყობოდა, ნათქვამი ვერ გაიგო.
დარიუ გაღიზიანდა და ორ საწოლს შუა მოქცეულმა უხერხულად იგრძნო თავი.
- აქ დაიძინე, - უთხრა მასწავლებელმა, - ეს შენი საწოლია.
არაბი არ განძრეულა. დარიუს დაუძახა:
- მითხარი, ჟანდარმი დაბრუნდება ხვალ?
- არ ვიცი.
- შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ?
- არ ვიცი, რატომ მეკითხები?
ტყვე წამოდგა და საწოლში ჩაწვა ფეხებით ფანჯრისაკენ. ელექტრონათურის შუქი პირდაპირ თვალებში ეცემოდა. თვალები დახუჭა. საწოლთან მდგარმა დარიუმ გაუმეორა:
- რატომ შემეკითხე?
არაბმა, დამაბრმავებელი შუქის მიუხედავად, თვალები გაახილა და სცადა, მასწავლებლისთვის ისე შეეხედა, რომ თვალი არ დაეხამხამებინა.
- წამოდი ჩვენთან ერთად, - უთხრა მან.
შუაღამე იყო. დარიუს არ ეძინა. ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში ჩაწვა.
ჩვეულებრივ, შიშველი წვებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად გადაიფიქრა და ისევ ჩაიცვა. დარიუს შეეძლო საწოლიდან დაკვირვებოდა არაბს. ის ზურგზე იწვა გაუნძრევლად, თვალები დახუჭული ჰქონდა. დარიუმ შუქი ჩააქრო. ოთახში სიბნელე ჩამოწვა. მალე ცა განათდა, ღრუბლები ნელა მოძრაობდნენ.
მასწავლებელმა მის წინ გაშოტილი სხეული გაარჩია. არაბი ისევ არ ინძრეოდა, მაგრამ ჩანდა, რომ თვალები ღია ჰქონდა. სკოლის გარშემო მსუბუქი ქარი ქროდა. ალბათ ღრუბლებს გაფანტავდა და მზეც გამოჩნდებოდა. ღამით ქარი გაძლიერდა. ქათმები აკრიახდნენ, მერე ისევ მიჩუმდნენ. არაბმა გვერდი იცვალა. დარიუს მისი კვნესა მოესმა. ყურს უგდებდა არაბის სუნთქვას, რომელიც უფრო და უფრო ძლიერი და თანაბარი ხდებოდა. მასწავლებელი ვერ იძინებდა. ამ ოთახში ერთი წლის განმავლობაში მას მარტოს ეძინა და ახლა სტუმრის ყოფნა უხერხულობას უქმნიდა. თუმცა, არაბის არსებობა დარიუს ნათესაურ გრძნობას უღვიძებდა. ადამიანები, ჯარისკაცები თუ ტყვეები, რომელთაც ერთსა და იმავე ოთახში სძინავთ, უცნაური ძალით უკავშირდებიან ერთმანეთს და, მიუხედავად მათი განსხვავებისა, ყოველ საღამოს ოცნებისა და დაღლილობის სამყაროში ერთად შედიან. დარიუ ცდილობდა, ასეთი სისულელეები თავიდან ამოეგდო. მას უნდა დაეძინა.
არაბი შეინძრა, მასწავლებელს ისევ არ ეძინა. მის მეორე შერხევაზე დარიუ უკვე ფხიზლად იყო. ტყვემ თითქმის მთვარეული მოძრაობით ნელა წამოიწია მკლავებზე და საწოლზე წამომჯდარი ცოტა ხანს იცდიდა ისე, რომ დარიუსკენ არც გაუხედავს.
მასწავლებელი არ განძრეულა. უცებ გაახსენდა, რომ რევოლვერი საწერი მაგიდის უჯრაში დარჩა. ახლავე უნდა ემოქმედა. დარიუ აკვირდებოდა ტყვეს, რომელმაც უხმაუროდ გადმოყო ფეხები საწოლიდან, მერე ნელა წამოდგა. მასწავლებელი გამოლაპარაკებას აპირებდა, რომ არაბმა ძალიან ბუნებრივად და ჩუმად დაიწყო ოთახში სიარული. ის უკანა კარისკენ გაემართა, რომელიც ფარდულში გადიოდა, ფრთხილად გააღო საკეტი და გავიდა. არაბმა კარი გაიხურა, მაგრამ არ დაუკეტავს.
დარიუ არ განძრეულა, მხოლოდ გაიფიქრა: ნამდვილად გაქცევას აპირებს და მეც გავთავისუფლდები. მაინც მიაყურადა, ქათმები არ ხმაურობდნენ. არაბი პლატოზე გასულიყო. წყლის სუსტმა ჩხრიალმა ყველაფერს მიახვედრა. მალე არაბიც გამოჩნდა, კარი დიდი მზრუნველობით დაკეტა და უხმაუროდ ჩაწვა. დარიუ შეტრიალდა, ისევ ჩაეძინა; რომ გაეღვიძა, უკვე გათენებული იყო. ცუდად დახურული ფანჯრიდან ცივი და სუფთა ჰაერი შემოდიოდა. არაბი საბნებში მოკუნტულიყო და პირღიას ეძინა.
დარიუმ მძინარე შეანჯღრია, ტყვე წამოხტა და ისეთი აღგზნებული და შეშინებული თვალებით შეხედა დარიუს, რომ მასწავლებელმა უკან დაიხია.
- ნუ გეშინია, მე ვარ, ჭამის დროა.
არაბი გამოფხიზლდა და თავიც დაუქნია თანხმობის ნიშნად. სახეც დაუწყნარდა, მაგრამ დაბნეულობა მაინც ეტყობოდა. ყავა მზად იყო. საწოლზე ჩამოსხდნენ და გალეტის ნაჭრებს და ცხელ ყავას შეექცნენ. დარიუმ არაბი ფარდულში ჩაიყვანა და ონკანი უჩვენა, სადაც პირს იბანდა ხოლმე, თვითონ ოთახში დაბრუნდა, საბნები დაკეცა, საწოლი გაასწორა და ოთახიც დაასუფთავა. მერე სკოლიდან გავიდა. ცისფერ ცაზე მზე ამოდიოდა, მისი სხივები უკაცრიელ პლატოს ანათებდა.
ფერდობზე თოვლი დამდნარიყო, აქა-იქ ქვები მოჩანდა. მასწავლებელი ბალდუსზე ფიქრობდა, რომელსაც აწყენინა. გაახსენდა მასთან გამომშვიდობება, გული ეტკინა და სხეულში სიცარიელე იგრძნო.
ამ დროს სკოლის მეორე მხარეს ტყვემ დაახველა. დარიუს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. შემდეგ გაბრაზებულმა ქვა გაისროლა, რომელიც ზუზუნით ჩავარდა თოვლში. დარიუ არაბის სულელურმა დანაშაულმა აღაშფოთა, მაგრამ მისი სასამართლოსთვის გადაცემა მაინც არ სურდა, რადგან მისთვის ეს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო. შეუკურთხა თავისიანებს, ტყვე რომ გამოუგზავნეს და ამ არაბსაც, რომელმაც კაცი მოკლა, გაქცევა კი ვერ მოეხერხებინა.
დარიუ სკოლაში შევიდა და ტყვეს დაუძახა. ორივენი ოთახში შევიდნენ. დარიუმ სანადირო ქურთუკი და ფეხსაცმელები ჩაიცვა. ერთ ხანს იცდიდა, სანამ არაბი დოლბანდს წაიკრავდა და ფეხებს სანდლებში ჩაჰყოფდა. მასწავლებელმა ტყვეს გასასვლელი უჩვენა.
- წადი! - უთხრა მას.
ტყვე არ განძრეულა.
- მეც მოვალ! - გაუმეორა დარიუმ.
არაბი გავიდა. დარიუ ოთახში შებრუნდა, შეახვია ორცხობილა, ხურმა და შაქარი.
სანამ გამოვიდოდა, საწერი მაგიდის წინ შეყოვნდა, მაგრამ გადაიფიქრა, ზღურბლს გადააბიჯა და კარები ჩაკეტა.
- აქეთ უნდა წავიდეთ! - თქვა დარიუმ და აღმოსავლეთით გაემართა.
დარიუ მიდიოდა, სკოლასთან ჯერ კიდევ ახლოს იყო, ხმაური რომ მოესმა. ნაბიჯი შეანელა, მიდამო შეათვალიერა; არავინ ჩანდა. არაბი გაოცებული შესცქეროდა დარიუს.
- წავედით! - თქვა ბოლოს მასწავლებელმა.
ერთი საათის სიარულის შემდეგ ერთ კირის სვეტთან შეისვენეს. თოვლი დნებოდა, მზემ გუბეებში წყალი ამოაშრო და პლატომაც სახე იცვალა. ისევ გაუდგნენ გზას. მათი ნაბიჯების ქვეშ თოვლი ხრაშუნობდა. სადღაც ჰაერში ჩიტი გალობდა.
დარიუ სიამოვნებით ისუნთქავდა წმინდა ჰაერს, აღფრთოვანებული იყო ნაცნობი სივრცის ხილვით, რომელიც ლურჯი ცის კამარის ქვეშ საუცხოოდ გაყვითლებულიყო. კიდევ ერთი საათი იარეს და სამხრეთისკენ დაეშვნენ. ბოლოს ამაღლებულ გორაკზე გაჩერდნენ. აქედან აღმოსავლეთით პლატო დაბლობისკენ მიემართებოდა, სადაც რამდენიმე გამხმარი ხე იდგა, ხოლო სამხრეთით კლდეების გროვისკენ ჩადიოდა. ეს კლდეები ბუნებას მწუხარე იერს აძლევდა. დარიუმ ორივე მხარეს გაიხედა. ჰორიზონტზე კაცის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ცა მოჩანდა. არაბისკენ შეტრიალდა, რომელიც ვერაფერს მიმხვდარიყო. დარიუმ მას ფუთა გაუწოდა.
- აიღე, - უთხრა, - ხურმა, პური და შაქარია. ორ დღეს გეყოფა. აი, კიდევ ათასი ფრანკი.
ტყვემ ფუთა და ფული გამოართვა. სავსე ხელები მკერდზე მიიხუტა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს არ იცოდა, სად წაეღო.
- შეხედე, - უთხრა მასწავლებელმა და უჩვენა აღმოსავლეთის მიმართულება, - აქეთ ტენგის გზაა. იქ ორ საათში ჩახვალ. ტენგის ადმინისტრაცია და პოლიცია შენ გელოდება.
მკერდზე ფუთამიხუტებული არაბი აღმოსავლეთისაკენ იყურებოდა. შემდეგ დარიუმ ხელი ჩაავლო და უხეშად შეატრიალა სამხრეთისაკენ. გორაკიდან, სადაც ისინი იდგნენ, ძლივს მოჩანდა დახაზული გზა.
ეს კვალი პლატოს კვეთს. აქედან ერთი გზის სავალზე მიადგები საძოვრებსა და მომთაბარე ხალხს, რომლებიც თავიანთი წესისამებრ მიგიღებენ და შეგიფარებენ.
არაბი დარიუსკენ მიტრიალდა. სახეზე შიში აღბეჭდოდა.
- მისმინე! - თქვა მან.
დარიუმ თავი გააქნია:
- არა, გაჩუმდი! ახლა დაგტოვებ!
ერთი კი შეხედა უძრავად მდგარ არაბს, მერე შეტრიალდა და ორი დიდი ნაბიჯი გადადგა სკოლისკენ. რამდენიმე წუთი მხოლოდ თავისი ნაბიჯების ხმა ესმოდა, რომელსაც გაყინული მიწა გამოსცემდა. დარიუს არაბისკენ არ მოუხედავს, მაგრამ ერთხელ მაინც შეტრიალდა და დაინახა, რომ ის ისევ იქ იდგა, გორაკის ბოლოს, ხელები დაეშვა და მასწავლებელს შესცქეროდა. დარიუს თითქოს ყელში წაუჭირესო, მაგრამ თავი შეიკავა და ანიშნა - წადიო. თვითონ ისევ გზას გაუდგა.
კარგა მანძილი რომ გაიარა, გაჩერდა და მოიხედა, გორაკზე არავინ იყო. მზე საკმაოდ მაღლა იყო.მისი სხივები შუბლს უწვავდნენ დარიუს. უცებ გადაწყვეტილება მიიღო.
აქოშინებულმა გორაკზე აირბინა და შეჩერდა. სამხრეთისკენ ცისფერ ცაზე კარგად ჩანდა კლდოვანი ველები, აღმოსავლეთით კი დაბლობს სიცხის ოხშივარი ასდიოდა.
გულნატკენმა დარიუმ მსუბუქ ნისლში არაბი შეამჩნია - ის ნელა მიიკვლევდა გზას საპყრობილისაკენ.
მოგვიანებით საკლასო ოთახის ფანჯრის წინ მდგარი მასწავლებელი ვერ ამჩნევდა მზის სხივებს, ციდან პლატოზე რომ ეშვებოდნენ. მის უკან, შავ დაფაზე დახატულ მდინარეთა კლაკნილებს შორის დაუხვეწავი ხელით ეწერა: „შენ სასამართლოს გადაეცი ჩვენი ძმა, ამისთვის პასუხს აგებ“.
დარიუ შესცქეროდა ცას, პლატოს და უხილავ მიწებს, ზღვამდე რომ იშლებოდნენ. ამ ვრცელ მხარეში, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა, მარტო იყო.