სტივენ კინგი - გაზაფხული ნიუ-შარონში
უცნობი მანიაი...
ეს ორი სიტყვა დღევანდელი დილის გაზეთში ამოვიკითხე და მყისვე მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ეს რვა წლის წინ მოხდა. საერთ-ეროვნული ტელევიზიის არხზე - უოლტერ კრონკაიტის საინფორმაციო გამოშვების დროს მოვლენათა შუაგულში საკუთარ თავს მოვკარი თვალი. ჩემმა სახემ მხოლოდ გაიელვა ბრბოში რეპორტაჟის წამყვანის ზურგს უკან, მაგრამ ჩემებმა მაინც შემნიშნეს. მაშინვე საქალაქთაშორისო ზარი გაისმა. მამაჩემს საქმის ვითარება აინტერესებდა ჩემეული განსჯით; მის ხმაში ყალბი უზრნუველობა ისმოდა, დედაჩემს კი მხოლოდ ერთი რამ სურდა: რომ დაუყონებლივ მათთან ჩავსულიყავი. მე კი ეს სულაც არ მინდოდა.
იმ გაზაფხულს ხშირი ნისლების წყვდიადითა და ცივსისხლიანი მკვლელის აჩრდილით ვიყავი დაინტრიგებული, რომელიც უჩინრად დაძრწოდა ნისლის საფარქვეშ ამ რვა წლის წინ.
ახალ ინგლისში ასეთ გაზაფხულს „რძიან კისელს“ ეძახიან. ეს სახელი უხსოვარი დროიდან შეარქვეს. იგი ათ წელიწადში ერთხელ ხდება. რაც შეეხება იმ სამახსოვრო გაზაფხულზე ნიუ-შარონ ტიჩურზის კოლეჯში დატრიალებულ მოვლენებს, მათი პროგნოზირება ვერავინ შეძლო.
ნიუ-შარონში ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ პირველად 1968 წლის 16 მარტს დათბა, რითაც წერტილი დაესვა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზამთარს. გამუდმებით წვიმდა და ზღვის სურნელი ატლანტიკის სანაპირობით ათეულობით მილზე იფანტებოდა. ნამქერები ღვარებად მიედინებოდა და კამპუსის ბილიკები ფაფისმაგვარ მასად გადაიქცა. თოვლის ქანდაკებებმა, რომებმაც ზამთრის ბაზრობის შემდეგ კიდევ ორ თვემდე გასტანა, დნობა იწყო.
კარიკატურულ ლინდონ ჯონსონს, რომელიც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის წინ გამოექანდაკებინათ, ღვრად სდიოდა ცრემლები.
ღამით ნისლი ჩამოწვა. იგი აუჩქარებლად მიიზლაზნებოდა ვიწრო ქუჩებსა და ავტოსტრადებზე. ნელ-ნელა დაფარა სავაჭრო რიგები და მდინარეს დაეიფინა, თანდათან შთანთქა პატარა ხიდი და სამოქალაქო ომისდროინდელი ზარბაზნები, მხოლოდ ფიჭვები ატუზულიყო, თითქოს ვიღაც გოლიათი თითებით ხვრეტდა ცას. არემარე უცნაურად, ოდნავ ზღაპრულად გამოიყურბოდა. სტუდენტური სასადილოს უზრუნველი სტუმარი, აურზაურითა და ქანცისგამწყვეტი მუსიკალური ავტომატებით სავსე გაჩახჩახებული დარბაზიდან ქუჩაში გასვლისას მოულოდნელად ნისლიან მდუმარებაში ხვდებოდა, სადაც მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების ხმა და წარღვნამდელ ღარში გამდინარე წყლის ჩხრიალი ესმოდა. ასეთ დროს შენ გვერდით რომელიღაც ტროლი შეიძლება გამოძვრეს, მიბრუნდები და ზურგს უკან სასადილოს ნაცვლად ურთხმელის ჭალა და ჭაობები გადაიშლება, დრუიდების მაგიური წრე ან ჩრდილოეთის ციალი.
იმ წელს მუსიკალური ავტომატები „ნაღვლიან სიყვარულს“, „ჰეი ჯუდს“ (კვლავ და კვლავ) და „სკარბოროს ბაზრობას“ უკრავდნენ.
საღამოს, რვის ათ წუთზე, პირველკურსელი ჯონ დანსი, რომელიც საერთო საცხოვრებელში ბრუნდებოდა, ავტოსადგომის მყუდრო კუთხეში გვამს წააწყდა. დანსს შიშიგან წიგნები ხელიდან გაუვარდა. ცხედარი ყელგამოჭრილი გოგონა აღმოჩნდა და ისეთი გაბრწყინებული თვალებით, თითქოს წუთის წინ რაღაც დიდი წარმატებისთვის მიეღწია. ჯონ დანსმა ღრიალი მორთო და დიდხანს ვეღარ დაწყნარდა. მომდევნო დღე ავდარიანი და პირქუში გამოდგა. გაკვეთილებზე ყველას ერთი და იგივე გვაფორიაქებდა: ვინ? რატომ? როდის დაიჭერენ? და განსაკუთრებით დამაინტრიგებელი: ინცობდი?
დიახ, ჩვენ სამხატვრო სახელოსნოში ვხვდებოდით.
დიახ, ჩემი მეგობარი წინა სემესტრში შეხვდა მას საერთო საცხოვრებელთან.
დიახ, ერთხელ სიგარეტი მთხოვდა. ბარში მეზობელ მაგიდებთან ვისხედით.
დიახ, ჩვენ მასთან ერთად...
დიახ... დიახ... როგორ არა!
არ მოიძებნებოდა სტუდენტი, რომელიც არ იცნობდა გეილ ჰერმანს ხელოვნების განყოფილებიდან. ტანკენეარი გოგონა დიდ სათვალეს ატარებდა. ბიჭებში წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ გოგონებს, რომლებიც მასთან ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, გულზე დიდად არ ეხატებოდათ. პაემნებზე იშვიათად დადიოდა, თუმცა მისებრი ქარაფშუტა მთელ კოლეჯში არ მოიძებნებოდა. ოდნავ შეუხედავი მაინც მუდამ მომიხბვლელი იყო - მსუბუქი ხასიათის, მაგრამ სიტყვაძუნწი და გაუცინარი. მის დამსახურებათა სიაში ლეიკემია და აბორტი „იწონებდა“ თავს. ამასთან, ლესბოსელობაშიც იყო შემჩნეული და როგორც ამბობდნენ, იმ ყმაწვილმა მოკლა, ვისთანაც ბოლო რომანი ქონდა გაჩაღებული. 17 მარტს, როდესაც ნიუ-შარონი „რძიან კისელში“ ჩაიძირა, მთელი კოლეჯი მხოლოდ გეილ ქერმანზე ლაპარაკობდა.
მალე პოლიციის მანქანები გამოჩნდა და თითქმის ყველამ ჯუდით ფრანკლინ ჰოლის შესასვლელთან მოიყარა თავი, სადაც ქერმანი ცხოვრობდა. როდესაც გვერდით ჩავიარე, გამაჩერეს და სტუდენტის მომწომა მთხოვეს. საბედნიეროდ, ეს საბუთი აღმომაჩნდა, რომეზეც ვამპირის ეშვების გარეშე ვიყავი გადაღებული.
- ცივ იარაღს ხომ არ ატარებ?-დაინტერესდა პოლიციელი.
-გეილ ქერმანთან დაკავშირებით მეკითხებით? - ვიკითხე მას შემდეგ, რაც ავუხსენი, რომ ჩემი ცივი იარაღი მხოლოდ ბრელოკი „კურდღლის თათია“.
-შენ რატომღა მკითხე? -ეჭვით შემათვალიერა მან.
შედეგად კლასში ხუთი წუთით დავიგვიანე. გაზაფხული ხანგრძლივ „რძიან კისელად“ გადაიქცა. იმ საღამოს არავის გაურისკავს მარტოს ესეირნა კამპუსზე - ნახევრად რეალურსა და ნახევრად ფანტასტიკურზე. კვლავ ჩამოწვა ნისლი, ხშირი და შემპარავი, რომელმაც ზღვის სურნელი მოიტანა.
უკვე ორი საათის განმავლობაში ვაკლავდი თავს ნაშრომს ჯონ მილტონის შესახებ, როდესაც დაახლოებით საღამოს ცხრისთვის ოთახში ჩემი მეზობელი ყვირილით შემოიჭრა:
-დაიჭირეს! მე თვითონ მოვისმინე სასადილოში.
-ვინ თქვა? -იმას არ ვიცნობ. მოკლედ, მისმა მეგობარმა მოკლა, კარლ ამალარამ.
სკამის საზურგეზე გადავწექი, ერთდროულად შვებითა და იმედგაცრუებით. მაშ ასე, კიდევ ერთი საძაგელი დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე.
-ძალიან კარგი, -ვთქვი მე.
ჩემმა მეზობელმა მთელ საერთო საცხოვრებელს მოსდო ახალი ამბავი. მე კვლავ მილტონს დავუბრუნდი, მაგრამ გული ვეღარ დავუდე და დავანებე თავი.
მომდევნო დღეს გაზეთებმა ამალარას ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც, როგორც ჩანდა, სკოლის დამთავრების აღსანიშნავ ზეიმზე იყო გადაღებული: ნაღვლიანი ბიჭუნა, შავგრემანი სახე, შავი თვალები, ნაყვავილარი ცხვირი. ამალარა ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ უამრავი ფაქტი მეტყველებდა. ბოლო პერიოდში ის და გეილ ქერმანი ხშირად კინკლაობდნენ, ხოლო ერთი კვირის წინ საერთოდ შეწყვიტეს ურთიერთობა. ამალარას მეზობელმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ იგი „რაღაც ჩაფიქრებული, დათრგუნვილი“ დადიოდა. მის საწოლქვეშ, პატარა სკივრში პოლიციამ შვიდ დიუმიანი მონადირის დანა აღმოაჩინა „ლ.ლ ბენზის“ მაღაზიიდან, აგრეთვე მაკრატლით დაჭრილი მოკლულის ფოტოსურათი.
ამალარას ფოტოსურათის გვედით გაზეთებმა გეილ ქერმანის სურათი განათავსეს: მოკრძალებული შესახედაობის ქერათმიან გოგონას თვალები მოეჭუტა და თითქოს ნაძალადევად იღიმებოდა. ცალი ხელი ძაღლის თავზე ედო.
ღამით კვლავ ნისლმა დაფარა ყველაფერი. თავის ტკივილმა შემაწუხა და სუფთა ჰაერზე გადავწყვიტე გასერინება: გაზაფხულის სინსეტის მომჟავო სუნი იგრძნობოდა, თოვლი ნელ-ნელა დნებოდა და მიწას აშიშვლებდა.
ის ღამე სასიამოვნო მოგონებად დამრჩა. ქუჩის ფარების შარავანდედის ქვეშ ნელა მოძრაობდნენ გამვლელები. არემარეს ჯადოსნური სუდარა ეფარა. თითქმის შუადღემდე დავეხეტებოდი, სანამ მთლად არ დავსველდი, მოგონებებსა და აჩრდილებს შორის...
დილით ჰოლიდან მომავალმა ჩოჩქოლმა გამაღვიძა. გარეთ გამოვედი, ორივე ხელით ნაუცბათევად ვისწორებდი თმას და ვცდილობდი ენა ამემოძრავებინა, რომელიც მუხლუხოსავით მიმკრობოდა ზედა სასაზე.
-ახალი მსხვერპლი!-დაიძახა ვიღაცამ, რომელსაც მკვდრისფერი ედო სახეზე. -ასე რომ, ის გაუშვეს.
-ვინ?
-ამალარა! - მხიარულად შესძახა მეორემ. -ეს როცა მოხდა, ამალარა ვირის აბანოში იჯდა.
-მაინც რა მოხდა?- დავინტერესდი მე.
-იმ ტიპმა ღამით ახალი მსხვერპლი მოკლა, თავი მოაჭრა!
ნიუ-შერონის კოლეჯი არც ახლაა დიდი, მაშინ ხომ კიდევ უფრო პატარა იყო-ასეთ დაწესებულებებს „სტუდენტურ კომუნებს“ ეძახიან. ის მართლაც კომუნა იყო, ყოველ შემთხვევაში რვა წლის წინ: შეხვედრისას ყველა ერთმანეთს ესალმებოდა, თუმცა შესაძლოა ერთი სიტყვაც არასოდეს ეთქვათ ერთმანეთისთვის.
მეორე მსხვერპლი ენ ბრეი გახლდათ: ერთი წლით ადრე მან მეორე ადგილი დაიკავა „მის ახალი ინგლისის“ კონკურსში. სხვა მხრივაც გამოირჩეოდა - სტუდენტური ყოველკვირეულის (უფრო ზუსტად, საგაზეთო ფურცლის, რომელიც პოლიტიკური კარიკატურებითა და სტუდენტური თვითშემოქმედებით იყო აჭრელებული) რედაქტორი, დრამწრის მონაწილე და ქალთა ეროვნული ორგანიზაციის ადგილობრივი განყოფილებს პრეზიდენტი იყო. პირველ კურსზე მის გაზეთში მასალა მივიტანე, მას კი პაემანი დავუნიშნე - და ერთბაშად ორი უარი მივიღე.
და აი, ახლა ის მკვდარია... მკდვარზე უარესი.
ამჯერად არავინ დაუპატიმრებიათ. პოლიციის მანქანები ნისლში ცისფერი ხოჭოებით დღედაღამ სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე დაცოცავდნენ თვრამეტიდან ოცამდე. მათი ფარების შუქი ყველა კუთხესა და კუნჭულს ჩხრეკდა. ადმინისტრაციამ კომენდანტის საათი შემოიღო - 21:00. შეყვარებულმა წყვილმა, რომლებსაც სუფთა ჰაერზე ძალიან გაუგრძელდათ ალერსი, საპოლიციო უბანში ამოყო თავი, სადაც სამი საათი აყურყუტეს.
20 მარტს ცრუ განგაში გაისმა, მას შემდეგ, რაც იმავე ავტოსადგომზე, სადაც გეილ ქერმანი მოკლეს, გონებადაკარგული ჭაბუკი აღმოაჩინეს. დაბნეულმა პოლიციელმა, ისე, რომ პულსიც არ გაუსინჯავს, უგრძნობი სხეული მანქანის უკანა საჯდომზე მოათავსა, სახეზე ადგილობრივი ტოპოგრაფიული რუკა გადააფარა და ჩართული საყვირებით უახლოეს საავადმყოფოში გაქანდა. ისეთი ღმუილი ისმოდა, თითქოს კუდიანების გუნდი მიფრინავდა თავის შაბაშზე. შუა გზაზე მიცვალებული მოსულიერდ, წამოჯდა და ყრუ ხმით იკითხა: „სადა ვარ, ჰა?“ პოლიციელს კინაღამ გული გაუსკდა. „მიცვალებული“ პირველკურსელი დონალდ მორისი აღმოჩნდა. იგი მძიმე გრიპისგან ორი დღე ავადმყოფობდა, მერე სასადილოში შებოდიალდა და იქიდან გამოსვლისას წაუვიდა გული.
ზამთრის სითბო კი გრძელდებოდა. ხალხი ჯგუფებად იკრიბებოდა, რომლებიც მალე იშლებოდა და ასევე მალე კვლავ ერთიანდებოდა. შეუძლებელი იყო ერთი და იმავე სახეების დიდხანს ყურება - უსიამოვნო ფიქრები იშლებოდა. ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ჭორები. ვიღაცამ პატივცემული პროფესორი შენიშნა ხიდთან ახლოს, რომელიც ხან გულამოსკვნით ტიროდა, ხან შეშლილივით ხორხოცებდა. გეილ ქერმანს სიკვდილამდე ავტოსადგომის კედელზე წინასწარმეტყველური სიტყვები ამოეჩხაპნა. იმასაც ამბობდნენ, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო პოლიტიკური ელფერით, რომელიც თითქოოს ერთმა ექსტრემალისტმა, ორგანიზაცია „სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ ყოფილმა წევრმა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ჩაიდინა. მოკლედ, გაზაფხულის ამ შეშლილი კვირის განმავლობაში ჩვენ იმით ვიყავით დაკავებულნი, რომ ყველგან იდუმალ ბოროტმოქმედს ვზვერავდით.
21 მარტს ხშირი წვიმა წამოვიდა. სავაჭრო რიგები და შიდა ეზო ჭაობად იქცა. პოლიციამ განაცხადა, რომ ორჯერ ამცირებდა საპატრულო მანქანების რაოდენობას, სმააგიეროდ, გადაცმულ აგენტებს გამოიყენებდა. იმაში, რომ მკვლელი მამაკცი იყო, ეჭვი არავის ეპარებოდა, მისი თანამზრახველი კი ქალბატონი - ბურუსი გახლდათ. ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს ჩვენი პატარა კოლეჯი უნებურად ამ ორი შეშლილის მხურვალე ამბორში მოექცა, რომელთა საქორწინო სარეცელიც სისხლით იყო ნაკურთხი. რაც უნდა მეკეთებინა, გამუდმებით ერთი ავბედითი კითხვა მიფრთხობდა სულს: „ნუთუ ამით დამთავრდა ყველაფერი?“ ჩემს ოთახში მეზობელი შემოვიდა და კარი ფრთხილად მიხურა.
-მალე მოთოვს, -თქვა მან.
მთელი ტანით მისკენ შევბრუნდი.
-რა, რადიოში გამოაცხადეს ამინდის პროგონოზი?
-არა, -თქვა მან. -აქ პროგნოზი არც არის საჭირო. „რძიანი კისელი“ გაგიგია?
-მსმენია თითქოს, -ვთქვი მე.
-ბავშვობაში. ეს რაღაც ჩვენი ბებიების ლექსიკონიდანაა. ის ჩემ გვერდით იდგა და ფანჯრიდან მოახლოებულ წყვდიადს გასცქეროდა.
-ბებრის ყვავილობა ყოველ წელს არ დგება, -თქვა მან,-ასეთი გაზაფხული კი საერთოდ იშვიათია. ამ მხარეში ნამდვილი ბებრის ყვავილობა (ნაგვიანევი ზაფხული) სამ წელში ერთხელაა, ასეთი კი, ალბათ - ათ წელში ერთხელ. ეს ცრუ გაზაფხულია, მატყუარა... ზუსტად ისეთი, როგორი მატყუარა ზაფხულიცაა ბებრის ყვავილობა.
მან გაიღიმა და გახსნილი კოლოფიდან სიგარეტის ღერი გამოაძრო.
-მე ყველაზე მაქვს ეჭვი, ჩვენ ორს გარდა, - თქვა მან ნაძალადევი ღიმილით. -თუმცა ხანდახან შენზეც ვეჭვიანობ. რა ვქნათ, წავიდეთ კლუბში?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-მომავალ კვირას საკონტროლო გვაქვს ტრიგონომეტრიაში.
ის წავიდა, მე კი კვლავ დიდხანს ვუყურებდი ფანჯარაში.
როდესაც წიგნი გადავშალე და კითხვას შევუდექი, აზრობრივად ისევ იქ ვიყავიმ მწუხრის მოხეტიალე აჩრდილებს შორის, იქ, სადაც აჩრდილთა მთავარი თავის უფლებებს ახორციელებდა...
იმ ღამეს ადელ პარკინსი მოკლეს... პოლიციის ექვი მანქანა და ჩვიდმეტი გადაცმული აგენი (მათ შორის რვა გოგონა), რომელთაც ვერაფრით გამოარჩევდით სტუდენტებისგან, კამპუსს პატრულირებდნენ. და მაინც, მკვლელმა აღასრულა თავისი სისხლიანი საქმე და ცრუ, მატყუარა გაზაფხული მისი შემწე იყო, მისი წამქეზებელი. მან მორიგი მსხვერპლი მოკლა და მისი 1964 წლის „დოჯის“ საჭესთან დააგდო, სადაც დილით ნახეს კიდეც. საქარე მინაზე სისხლიანი ასოებით იყო ამოკაწრული (არა ეს ჭორი აღარ ყოფილა): „ჰა!ჰა!“
ქალაქი პანიკამ მოიცვა. ადელ პაკინსს ახლოს არ ვიცნობდით - შეუმჩნეველი, ნატანჯი ქალი იყო, რომელიც წელს იწყვეტდა სტუდენტურ სასადილოში. მისთვის უკანასკნელი სამუშაო დღეები შედარებით მსუბუქი გამოდგა: კომენდანტის საათს მკაცრად იცავდნენ და საღამოს ცხრის შემდეგ სასადილოს მხოლოდ მშიერი პოლიციელები და ღამის დარაჯები სტუმრობნენ.
პოლიციამ უწყინარი ჰომოსექსუალი, სოციოლოგიის განყოფილების ბოლოკურსელი, ვინმე ჰენსონ გრეი დააპატიმრა მხოლოდ იმის გამო, რომ მას „ხეირიანად არც ახსოვდა“ სად გაატარა სამი თუ ოთხი ღამე. გრეის ბრალდება წაუყენეს, სამსახურეობრივი მოსმენაც დანიშნეს და... შინ გაუშვეს, მშობლიურ ნიუ-ჰემპშირში, მას შემდეგ, რაც ამ შეშლილი გაზაფხულის უკანასკნელ ღამეს სავაჭრო რიგების რაიონში მარშა კურანი მოკლეს.
როგორ აღმოჩნდა იგი ქუჩაში მარტოდმარტო, სამუდამო გამოცანად დარჩება. ამ სანდომიან სქელუას თავის სამ მეგობართან ერთად ჰქონდა ბინა დაქირავებული. რამ მიიყვანა იგი კამპუსზე? ვინ იცის, იქნებ, ინსტიქტი, რომელმაც ქუჩაში გაიყვანა, ისე ღრმად ჰქონდა გამდჯარი და ისე მბრძანებლობდა მასზე, როგორც მისი მკვლელის ინსტინქტი. შესაძლოა ეს ინსტინქტი ერეკებოდა მას ერთადერთი ვნების შესახვედრად, რათა სამუდამოდ შერწყმოდა იმ ღამეს, თბილ ბურუსს, ზღვის სურნელებასა და დანის ცივ პირს.
ეს 23-ში მოხდა. 24 მარტს კი კოლეჯის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ წელს საგაზაფხულო არდადეგები ადრე დაიწყებოდა. ეს ახალი ამბავი, რომელიც ადრე ასერიგად გაგვახარებდა ყოველგვარი აღფრთოვანების გარეშე მივიღეთ და სხვადასხვა მხარეს გავიფანტეთ - როგორც შეშინებული კრავები ჭექა-ქუხილის წინ, დაცარიელებული კამპუსი კი მოფუსფუსე პოლიციელებს შევატოვეთ.
ჩემი მანქანით კიდევ ექვსი გავიყოლე. მათ ფაციფუცით მიყარეს თავიანთი ბარგი-ბარხანა და მთელი სისწრაფით გავქანდით. მგზავრობისგან განსაკუთრებული სიხარული არავის მიგვიღია. არცთუ მთლად სასიამოვნოა ფიქრი, რომ შენი მეზობელი, შესაძლოა, მკვლელი აღმოჩნდეს.
იმ ღამეს ვერცხლისფერი სვეტი ერთბაშად თხუთმეტი გრადუსით დაეცა და ახალ ინგლისს ღმუილით დაატყდა თავს ჩრდილოეთის ქარი: თოვლჭყაპით დაიწყო და თოვლის ნამქერებით დამთავრდა. შემდეგ კი უეცრად, თითქოს ჯადოსნური ჯოხის დაქნევთ, დადგა აპრილი - თბილი ღვართქაფებითა და ვარსკვლავებიანი ღამეებით.
ღმერთმა იცის, ვინ მოიგონე პირველად „რძიანი კისელი“ - ეს ხანმოკლე ჟამი უამური, მატყუარაა და ათ წელიწადში ერთხელ დგება. ბურუსთან ერთად ქალაქი იდუმალმა მკვლელმაც დატოვა. ივნისის დასაწყისში კამპუსი კვლავ ჩვეულ სისხლსავსე ცხოვრებას დაუბრუნდა - პროტესტებით არმიაში გაწვევის წინააღმდეგ და მჯდომარე გაფიცვით ნაპალმის ცნობილი მწარმოებლის ოფისთან. მანიაკს აღარვინ იხსენებდა, თუმცა, როგორც ჩანს, სულის სიღრმეში, ბევრი კვლავ აანალიზებდა უახლოეს მოვლენებს და იმედოვნებდნენ, რომ ადრე თუ გვიან მთელ ამ ისტორიას ნათელი მოეფინებოდა.
იმ წელს კოლეჯი დავამთავრე, მომდევნო წელს კი დავქორწინდი. ადგილობრივ გამომცემლობაში შესაფერ სამუშაოზე მოვეწყე. 1971 წელს ბავშვი შეგვეძინა, სულ მალე სკოლაშიც წავა. კარგი, გულისხმიერი ბიჭუნაა, სულ ჩემი თვალები აქვს.
და უცებ - დღევანდელი გაზეთი.
მე, რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ის კვლავ გვეწვევა. ჯერ კიდევ გუშინ მივხვდი, როდესაც წყლის ხმამ გამაღვიძა, ხოლო პარმაღზე ოკეანის მლაშე სურნელი შევისუნთქე, რომელსაც ათამდე მილი გვაშორებს. მივხვდი, რომ ჩვენს მხარეში კვლავ დადგა უცნაური გაზაფხული, რომ სამუშაოდან დაბრუნებისას აუცილებლად უნდა ავანთო შორი ნათების ფარები, რათა გზა გავიკვლიო მონაცრისფრო ნისლში, რომელიც მინდვრებიდან მოძვრება, ნიღბავს შენობათა მოხაზულობებს, ქუჩის ლამპიონთა ირგვლივ ბოლქვებად იშლება, როგორც ოქროსფერი შარავანდი საბავშვო ზღაპრებიდან.
დღევანდელი გაზეთი იუწყება, რომ ღამით სტუდენტური კამპუსის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ომისდროინდელ ზარბაზნებთან ახლოს გოგონა მოკლეს. მას მდინარის სანაპიროზე, ნამქერში მიაგნეს.
ჩემი მეუღლე საშინელ განცდებშია. ერთი სული აქვს გაიგოს, თუ სად ვიყავი ამ ღამეს. მაგრამ მე არ შემიძლია ვუთხრა, იმიტომ რომ არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ, სამუშაოს შემდეგ როგორ ჩავჯექი მანქანაში, როგორ ავანთე ფარები, გადავკვეთე ლამაზი, ბოლქვებად გაშლილი მირაჟი, შემდეგ კი... აღარაფერი მახსოვს.
მე სხვა ნისლიან ღამეზე ვფიქრობ, როდესაც თავი საშნლად ამტკივდა და სუფთა ჰაერზე გავედი, ჩემ გვერდით კი უფორმო, უხორცო ჩრდილები დასრიალებდნენ. კიდევ, ჩემს მანქანაზე ვფიქრობ, უფრო სწორად საბარგულზე, - რა საშინელი სიტყვაა, არა? - და ვერაფრით ამიხსნია, ასე რატომ მაშინებს მისი გაღება.
ვწერ ამ ყველაფერს, გვერდით ოთახში კი ცოლი ქვითინებს. საბრალოს ჰგონია, რომ ეს ღამე სხვა ქალთან გავატარე, იცის ღმერთმა, რომ მეც ასე ვფიქრობ.