გაბრიელ გარსია მარკესი - წინასიტყვაობა წიგნისა ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი

1985 წლის დასაწყისში, ჩილელი კინორეჟისორი მიგელ ლიტინი, რომელიც იმ ხუთი ათას კაციან სიაში ფიგურირებდა, კატეგორიულად რომ ეკრძალებოდათ სამშობლოში დაბრუნება, არალეგალურად შეიპარა ჩილეში, იქ 3 კვირა დაჰყო და 7000 მეტრზე მეტი ფირი დახარჯა, რომელზეც თავისი ქვეყნის რეალობა ასახა 12 წლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ.

ლიტინმა, რომელსაც შეუცვალეს სახე, ლაპარაკის მანერა, ჩასმის სტილი და ყალბი საბუთებით მოამარაგეს, არალეგალურად მომუშავე დემოკრატიული ორგანიზაციების დახმარებით ქვეყნის მთელი ტერიტორია შემოიარა, „ლა მონედაშიც“ (ასე უწოდებენ ჩილეს მთავრობის სასახლეს) შეაღწია და ექვს ადგილობრივ, ახალგაზრდულ ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად სამ ევროპულ გადამღებ ჯგუფს უხელმძღვანელა, რომლებიც სხვადასხვა ლეგენდით, ლეგალურად შევიდნენ ჩილეში.

ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა 4 საათიანი სატელევიზიო ფილმი და მისი ორ საათიანი კინოვერსია, რომელსაც ამ დღეებში მთელ მსოფლიოში აჩვენებენ.

ექვსი თვის წინ, როცა მიგელ ლიტინმა მადრიდში მიამბო რა და როგორ გააკეთა, ვიფიქრე, რომ მისი ფილმის მიღმა კიდევ ერთი ფილმი იმალებოდა, რომელსაც ალბათ ვერავინ ნახავდა. ამიტომ დავითანხმე და თითქმის ერთკვირიანი დამქანცველი დაკითხვა მოვუწყვე, რომლის აუდიო ვერსია 18 საათიანი ფირის სახით შევინახე, გადავამუშავე და შედეგად ათი თავისგან შემდგარი, მისი პროფესიული და პოლიტიკური მოსაზრებებით გაჯერებული ადამიანური თავგადასავალი მივიღე. მხოლოდ ზოგიერთი სახელი და მოქმედების ადგილი შევცვალე, იმ ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად, რომლებიც ჩილეში ცხოვრობენ.

მონათხრობი პირველ პირში დავტოვე, შევეცადე ლიტინის თხრობის მანერა და ტონი შემენარჩუნებინა და თავიდან ამეცილებინა დრამატიზმი და ისტორიული პრეტენზიები. ტექსტის სტილი, რა თქმა უნდა, ჩემია, სხვანაირად არც გამოვიდოდა, მე ხომ თითქმის ექვსასი გვერდიდან ას ორმოცდაათი გამოვადნე. ძალიან ვეცადე, ხელუხლებლად დამეტოვებინა ჩილური იდიომები და მთხრობელის მოსაზრებები, რაც ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩემსას.

მასალის თავისებურებიდან გამომდინარე, ეს რეპორტაჟია, უფრო ზუსტად, ერთი თავგადასავლის რეკონსტრუქცია ემოციურ ჭრილში, რომლის ფინალი იმაზე გულშიჩამწვდომი და სულისშემძვრელი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან იყო ჩაფიქრებული - უბრალოდ ფილმის გადაღება, რომლითაც სამხედრო რეჟიმისთვის უნდა დაეცინათ.

თვითონ ლიტინმა მითხრა: „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე გმირული კი არა, ყველაზე ღირსეული საქციელი იყოო“. ჩემი აზრით, სწორედ ამაშია მისი სიდიადე.

გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში