გაბრიელ გარსია მარკესი - ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი

მე, მიგელ ლიტინი, ერნანისა და კატალინას ვაჟი, პროფესიით კინორეჟისორი და ერთ-ერთი იმ 5000 ჩილელთაგანი, რომლებსაც სასტიკად გვეკრძალებოდა სამშობლოში დაბრუნება, 12 წლიანი ემიგრაციის შემდეგ კვლავ ჩემს ქვეყანაში ვიყავი, ღრმად ჩამალული საკუთარ, თავიდან ფეხებამდე შეცვლილ გარეგნობაში, ყალბი საბუთებითა და ყალბი ცოლით.

ჩვენი მიზანი ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა, სინამდვილეში კი ერთობ სარისკო იყო. უნდა გადაგვეღო დოკუმენტური ფილმი ჩილეში 12 წლიანი სამხედრო დიქტატურის რეალობაზე.

გარდაქმნა ყოველდღიური ბრძოლაა, რომელშიც პიროვნება ხშირად ეწინააღმდეგება საკუთარ მცდელობას გახდეს სხვა ადამიანი და ცდილობს დარჩეს იმად ვინც იყო. ისე რომ, მთავარი სირთული ახალი წეს-ჩვეულებებისა და მანერების შესწავლა კი არ გამოდგა, როგორც თავიდან მეგონა, არამედ ჩემი სულის უნებლიე ამბოხის ჩახშობა, რომელიც ჩემ ფიზიკურ და ქცევის წესების გადასხვაფერებას ედგა კრიჭაში. აღარ უნდა ეარსება ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ვიყავი და უნდა შეგვექმნა სრულიად განსხვავებული პიროვნება, ვინც ეჭვს არ აღუძრავდა იმავე პოლიციას, რომელმაც ქვეყნის დატოვება მაიძულა. ...მოკლედ, ჩემში უნდა ჩამეკლა გაღლეტილი და მეამბოხე რეჟისორი და გადავქცეულიყავი კმაყოფილ ბურჟუად, ანუ მუმიად, როგორც ჩვენთან, ჩილეში უწოდებენ და რაც ყველაზე მეტად მძულდა ცხოვრებაში.

ახლა, იმ უცნაურ ექსპერიმენტს რომ ვიხსენებ, საკუთარ თვს ვეკითხები: რით არ ვიყავით იდეალური ცოლ-ქმარი? ჩვენ ხომ ძლივს ვიტანდით ერთმანეთს ერთ ჭერქვეშ.

ჩილეში მორიგი კომენდანტის საათი გამოცხადდა. ასე უპასუხა მთავრობამ ჩიკაგოს სკოლის ეკონომიკური ავანტურის კრახით დასრულების შემდეგ ამდენი წლის თავზე პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ერთსულოვან აქციებს. 1983 წლის მაისში ქუჩის საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც ახალგაზრდები, უმეტესად ქალები შეუერთდნენ და რასაც სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა. ლეგალურმა და არალეგალურმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებსაც პირველად აჰყვა ბურჟუაზიული სექტორის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი, ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა მოაწყეს. ხალხის ძალამ და ერთსულოვნებამ დიქტატურა გაამწარა და კომენდანტის საათი გამოაცხადებინა. გაცოფებული პინოჩეტის მიერ წამოსროლილმა მუქარამ ოპერის არიის ექოსავით შემოიარა მსოფლიო: - ასე თუ გაგრძელდება, ახალი 11 სექტემბერი უნდა მოვაწყოთ. (1973 წლის 11 სექტემბერს ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რასაც მაშინდელი პრეზიდენტი, სალვადორ ალიენდე შეეწირა)

გული მხოლოდ მაშინ ამიფანცქალდა, სანტიაგო დე ჩილეს აეროპორტში თვითმფრინავის კარი რომ გაიღო და სამარისებურ სიჩუმეში, 12 წლის შემდეგ ანდებიდან მომავალი ყინულივით ცივი ჰაერი ჩავისუნთქე. აეროპორტის ფასადზე უზარმაზარი, ცისფერი ასოებით ეწერა: „ჩილე ვითარდება მწყობრად და მშვიდობიანად“.  საათს დავხედე. კომენდანტის საათის დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი.

ირგვლივ არც სიღტაკის კვალი შემიმჩნევია, როგორც ველოდი, არც საომარი მდგომარეობის ნიშნები. ისიც მართალია, რომ ლოს სერილიოსის უზარმაზარ და პირქუშ აეროპორტში კი არ ვიყავი, საიდანაც 12 წლის წინ, ოქტომბრის წვიმიან საღამოს გამაძევეს ქვეყნიდან, არამედ პუდაუელის აეროპორტის თანამედროვე შენობაში, სადაც სამხედრო გადატრიალებამდე სულ ერთხელ და ისიც გავლით მოვხვდი. ეს არ იყო სუბიექტური შთაბეჭდილება. არსად ჩანდნენ შეიარაღებული სამხედროები, რომელთა დანახვასაც ველოდი კომენდანტის საათის დროს. აეროპორტი იყო სუფთა და გაჩახჩახებული, საითაც არ უნდა გაგეხედა, სარეკლამო ბანერების მხიარული ფერები და იმპორტული საქონლით სავსე დიდი, ლამაზად მორთული მაღაზიები ჩანდა და მთელ ამ ტერიტორიაზე წამლად ვერ იპოვნიდი ფორმიან კაცს, დაბნეული მგზავრისთვის გზა რომ ესწავლებინა. აეროპორტის შესასვლელთან ერთ რიგში ჩამწკრივებულიყვნენ ტაქსისტები, ძველი დანჯღრეული მანქანები კი არა, გაპრიალებული, ახალი იაპონური მოდელები, ყველა ერთმანეთის მსგავსი და მოწესრიგებული.

კაცებზე მონადირე ღამის ბოზებიც კი ნაკლებად ნაღვლიანები და ღატაკები ჩანდნენ.

ცენტრს რომ მივუახლოვდით, გადავწყვიტე ხბოს აღტაცებით აღარ მეყურებინა მატერიალური ბრწყინვალებისთვის, რითაც დიქტატურა 40 000 დახოცილის, 2 000 უგზო-უკვლოდ დაკარგულის  და 1 მლნ. გადასახლებულის კვალის დაფარვას ცდილობდა. ახლა ხალხს დავუწყე თვალიერება. მოახლოებული კომენდანტის საათის შიშით ადამიანები ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობდნენ, მაგრამ მარტო ამას არ გავუოცებივარ. სახეებზე თითქოს თავიანთი სულები აკვროდათ, რომლებიც ალბათ ძვალ-რბილში გამჭოლმა ქარმა ამოაფრიალა მათივე სხეულის სიღრმიდან. არავინ ლაპარაკობდ, არავინ იყურებოდა ერთი კონკრეტული მიმართულებით, მუქი ფერის ქურთუკებში გახვეულები ხელებსაც კი არ იქნევდნენ, თავიანთი სულიერი მდგომარეობა რომ არ გაეცათ. თითქოს ყველანი მარტოები იყვნენ უცხო ქალაქში. მათ გადათეთრებულ სახეებზე ვერაფერს ამოიკითხავდი, მათ შორის, ვერც შიშს. მაშინ იყო გუნება რომ შემეცვალა და მანქანიდან გადმოსვლა და ხალხში გარევა გადავწყვიტე.

აქა-იქ შეკრებილი ადამიანების რამდენიმე ჯგუფი დაბალ ხმაზე საუბრობდა ერთმანეთში. ფრთხილობდნენ, მათი სიტყვები ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულ ტირანიის ყურებს არ გაეგოთ.

უცებ, ჩემს გვერდით ვიღაცამ პაბლო მილანესის ცნობილი სიმღერა წაიმღერა: „კვლავ გავივლი სანტიაგოს სისხლით მორწყულ ქუჩებში“. ამის გაგონებაზე ყელში ბურთივით გამეჩხირა გრძნობები, დამავიწყდა კომენდანეტის საათი, ჩემი გამოგონილი ვინაობა, არალეგალის სტატუსი, ჩემს დაბრუნებულ ქალაქში ისევ მიგელ ლიტინად ვიქეცი და მზად ვიყავი მთელი ხმით მეყვირა საკუთარი სახელი და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლა სახლში დარჩენის უფლების მოსაპოვებლად.

ტანსაცმელი გავიხადე და ტკბილი ძილისთვის მოვემზადე, მაგრამ ვერ შევძელი. საწოლში გავსწორდი თუ არა, კომენდანტის საათის შიშისმომგვრელი სიჩუმე ვიგრძენი. ქვეყნად არ არსებობს ამაზე შემაძრწუნებელი სიჩუმე. ის მაჯლაჯუნასავით მაწვებოდა მკერდზე და მახრჩობდა. ამ პროცესს ბოლო არ უჩანდა. ქალაქში, რომელიც თითქოს ჩამრთველიდან გამორთესო, ჩქამი არსაიდან ისმოდა.

რამდენიმე წუთის წინ ჩვენი თვალით რომ არ გვენახა ქუჩაში დაყრილი დახოცილები, სისხლგამდინარი დაჭრილი, რომელსაც არავინ ეხმარებოდა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ხროვა, დაუნდობლად რომ უსწორდებოდა პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს მომხრეებს, ეს ყველაფერი თამაში გვეგონებოდა. ვნახეთ კედელთან მიყენებული ტყვეები, რომლებსაც სამხედროები დახვრეტით ემუქრებოდნენ. თუმცა ჩვენზე მომაგრებული ჯარისკაცები აქეთ გვეკითხებოდნენ რა ხდებაო და იმეორებდნენ „ჩვენ ნეიტრალურები ვართო“. გარშემო ჭკუიდან გადამყვანი აურზაური სუფევდა.

ქუჩის პირას ჩამწკრივებული სახლების ზოგიერთ ფანჯარაში დროშები გადმოეფინათ. ამით სამხედროებს ანიშნებდნენ თქვენი მომხრეები ვართო.

მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ფორმიანი ხალხის ნაკლებობა, რამაც ჩამოსვლის დღეს ასე გამაოცა, მხოლოდ ოპტიკური ილუზია იყო. მეტროს ყველა სადგურზე პატრულები დადიოდნენ, მთავარი ქუჩების სიახლოვეს კი სპეციალური მანქანები იყო მზადყოფნაში, წყლის ძლიერი ჭავლით რომ გაეფანტათ ნებისმიერი სახის საპროტესტო მსვლელობა.

დილით სანტიაგოს ერთი ჩვეულებრივი დღის ატმოსფერო უნდა გადაგვეღო და ხალხს დავკვირვებოდით, რომელიც ჩამოსვლის დღიდან იმაზე ნაკლებად კომუნიკაბელური მეჩვენებოდა, ვიდრე ჩემს გადასახლებამდე იყო. ადამიანები უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, გარშემო თითქმის არ იყურებოდნენ. თუ ორი კაცი ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ამას ხმადაბლა და უჟესტიკულაციოდ აკეთებდა. ძველად ყველაფერი პირიქით მახსოვდა, გადასახლებაში მყოფი ჩილელებიც ხომ ხმამაღლა და ხელების ქნევით ვსაუბრობთ.

ერთი ქალბატონის გვერდით ჩამოვჯექი ხის სკამზე, რომლის მწვანედ შეღებილ ფიცრებს, შეყვარებულთა რამდენიმე თაობის მიერ, დანის წვერით უკვდავყოფილი სახელები და გულები ეტყობოდა.

- ურუგვაელი ვარ, - ვუპასუხე. - მშურს თქვენი ბედის, - თქვა მან. ურუგვაიში ახლადშემოღებული საარჩევნო სისტემა ჰქონდა მხედველობაში და სახეზე საკუთარი წარსულის მონატრება ეხატა. თავი მოვისულელე, ვითომ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რომ საკუთარ თავზე მოეყოლა რამე, სამაგიეროდ გულახდილად ისაუბრა ჩილეში არსებულ უმუშევრობასა და პიროვნული თავისუფლების დეფიციტზე, მოედნის ერთ კუთხეში შექუჩული მუსიკოსების , ჯამბაზებისა და ჟონგლიორებისკენ გამახედა და თქვა: - მთელი დღეები აქ დგანან და დახმარებას ელიან, რადგან შამუშაო არა აქვთ. ჩვენს ქვეყანაში შიმშილია.

ჩილეში ყოველთვის იყვნენ ქუჩის გამყიდველები, მაგრამ ამდენი - არასოდეს. ისინი სავაჭრო ცენტრებთან იდგნენ გრძელ რიგად, უხმაუროდ ყიდდნენ ათას წვრილმანს და თავიანთი არსებობით ააშკარავებდნენ საზოგადოების სოციალურ დრამას. აქ ნახავდით უმუშევრად დარჩენილ ექიმებს, ინჟინრებს, მარკიზას გამომეტყველებისა და მიმოხვრის მქონე ქალს, რომელიც ძველი დროიდან შემორჩენილ ძვირფას ტანსაცმელს ჰყიდდა გროშებად, უპატრონო ბავშვებს, რომლებიც მოპარული ნივთების გასაღებას ცდილობდნენ და გაჭირვებულ ქალებს, თავიანთ გამომცხვარ პურს რომ სთავაზობდნენ გამვლელებს. გაჭირვებით გაერთიანებულ ამ ხალხს ბევრი რამ დაეკარგა ღირსების გარდა. ქუჩაში სავაჭროდ გამოსულები ისე გამოწყობილიყვნენ, როგორც თავის დროზე თავიანთ ოფისებში მიდიოდნენ სამუშაოდ.

...რამდენჯერმე ჩემკენაც გამოიხედეს, ოღონდ ეჭვადაც არ გაუვლიათ, რამდენი ბედნიერი დღე გვქონდა გატარებული ერთად. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რა უსასრულოდ გაწელილიყვნენ და რამხელა ზიანი მოეტანათ გადატრიალების წლებს, მარტო ჩვენთვის, წასულებისთვის კი არა, ქვეყანაში დარჩენილთათვისაც.

ყველაფერი, რასაც გადასახლებაში მოვწყდი, სამშობლოშიც მიუწვდომელი დარჩა. საკუთარ მიწაზე კვლავ ემიგრანტად დავრჩი, ეს კი გადასახლების ყველაზე მძიმე ფორმაა.


ალიენდეს მთავრობაში მისვლამდე ჩილე იმდენად ღარიბი ქვეყანა იყო, რომ მისი ბურჟუაზიის კონსერვატორი წარმომადგენლებიც კი თავს ვალდებულად თვლიდნენ მომჭირნედ ეცხოვრათ. სამხედრო ხუნტამ, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის იმიჯის შესაქმნელად პრივატიზაცია გაუკეთა ყველაფერს, რაც მანამდე ალიენდემ სახელმწიფოს კუთვნილებად გამოაცხადა და მთელი ქვეყანა ნაწილ-ნაწილ მიჰყიდა მდიდარ საერთაშორისო კორპორაციებს. ამის შედეგად ქვეყანა თვალისმომჭრელი, ძვირფასი და უსარგებლო საგნებით გაივსო და ისეთი შენობები აიგო, რომ მის მნახველს ქვეყნის ეკონომიკურ აყვავებაში ეჭვი აღარ შეეპარებოდა. მარტო ერთ ხუთწლედში საზღვარგარეთიდან შემოზიდული საქონლის რაოდენობამ, მთლი 200 წლის მანძილზე იმპორტირებული საქონლის რაოდენობას გადააჭარბა. ეს ყველაფერი დოლარში აღებული კრედიტით კეთდებოდა, რასაც ეროვნული ბანკი ამყარებდა საწაროების პრივატიზაციისგან მიღებული ფულის მასით. ვალების გასტუმრების დრო რომ მოვიდა, ცხადი გახდა, რომ ნაძვის ხის სათამაშოსავით აბრჭყვიალებულ-გაპრიალებული ქვეყანა საგარეო ვალების ჭაობში იყო ჩაძირული, ალიენდეს მმართველობის ბოლო წელს აღებული 4 მილიარდი საგარეო ვალი კი 23 მილიარდად ქცეულიყო. იმ 19-მა მილიარდმა ისედაც მდიდარი ხალხი კიდევ უფრო გაამდიდრა, ღარიბები კი მთლიანად გააღატაკა. ამას თვალსაჩინოდ იგრძნობდი მდინარე მაპოჩოს გაყოლებაზე ჩამწკრივებელ ბაზრებში.

ბევრი წლის წინ, მხოლოდ პარიზში მქონდა ნანახი ქუჩაში გამომზეურებული ამდენი სიყვარული. სანტიაგო მორიდებულ, უემოციო ქალაქად მახსოვდა,ახლა კი, როცა პარიზსა და დანარჩენ მსოფლიოში ქუჩის სიყვარულის ტალღა შესუსტდა, ესტაფეტა სანტიაგომ გადაიბარა. მაშინ გამახსენდა, როგორ მითხრა მადრიდში ერთმა ნაცნობმა: „სიყვარული ჟამიანობის დროს იფურჩქნებაო“.

ქალაქში სხვა თაობა ამხვდა. მე რომ ქვეყანა დავტოვე ისინი ალბათ 10 წლისანი იყვნენ და ვერც აცნობიერებდნენ, რა უბედურება დაატყდა თავს ჩილეს. ახლა ის ბავშვები 22 წლის ახალგაზრდებად ქცეულიყვნენ, რომლებსაც საკუთარი გრძნობების ქუჩაში გამომზეურების არ ერიდებოდათ, დიქტატურის მარაზმშიც კი თავიანთი წესებით ცხოვრობდნენ, თავისებურად ესმოდათ სიყვარული, ხელოვნება და პოლიტიკა. მათ ვერანაირი რეპრესია ვეღარ შეაჩერებთ. მუსიკა, რომელიც ყოველი მხრიდან, პოლიციის დაჯავშნული მანქანებიდანაც კი ისმის, კუბელების სილვიო როდრიგესისა და პაბლო მილანესის სიმღერებია. ბავშვები, რომლებიც სალვადორ ალიენდეს დროს დაწყებით სკოლაში სწავლობდნენ, ახლა ოპოზიციის ლიდერები არიან.

ნერუდა გამახსენდა: „ზოგან პური, ზოგან ბრინჯი, ზოგან ვაშლები, ჩილეში კი მარტოდმარტო მავთულხლართები“.

კონსეპსიონიდან დაიწყო 60-იან წლებში სტუდენტური მოძრაობა, იქ მიიღო ყველაზე მეტი ხმა სალვადორ ალიენდემ, იქ გაატარა ყველაზე სისხლიანი რეპრიესიები პრეზიდენტმა გაბრიელ გონსალეს ვიდელამ 1946 წელს, რის შემდეგაც პისაგუას საკონცენტრაციო ბანაკი დააარსა, სადაც თავის დროზე ახალგაზრდა ოფიცერი აუგუსტო პინოჩეტი გაწვრთნეს ადამიანების დახოცვასა და დატერორებაში.

ჩილეს დიდი ქალაქების ღატაკი გარეუბნების მოსახლეობა არაბული ქალაქების კასბების მსგავსად საკუთარ, ლაბირინთებიან სამყაროში ცხოვრობს. პოლიცია და ჯარი ცდილობს ცხვირი არ სეყოს ღარიბთა ამ სამფლობელოში, სადაც შეიძლება უკვალოდ გაუჩინარდეს სპილო და რომლის მოსახლეობაც ორიგინალური და წარმოუდგენელი მეთოდებით ახერხებს რეპრესიებისგან თავის დაღწევას. ამ ისტორიულმა ხვედრმა აქაური მოსახლეობა დემოკრატიული არჩევნების ძირითად მამოძრავებელ ძალად და მთავრობებისთვის დიდ თავსატეხად აქცია.

ქვეყნის სათავეში მოსვლისას პინოჩეტიმ განაცხადა, რომ იქამდე აპირებდა მთავრობაში დარჩენას, სანამ საბოლოოდ არ ამოშანთავდა ახალი თაობის მეხსიერებიდან დემოკრატიული სისტემის ბუნდოვან მოგონებასაც კი. მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ მისივე რეჟიმი გახდებოდა ამ აგრესიის მსხვერპლი. ცოტა ხნის წინ, იმ ბიჭების წინააღმდეგ გამოსვლისას, რომლებიც სადამსჯელო რაზმებს არ ეპუებიან და ქვების სროლით ეგებებიან, რომლებიც კონსპირაციულად იბრძვიან და არც იარაღის გამოყენებას ერიდებიან იმ სისტემის დასაბრუნებლად, რომელსაც არც კი მოსწრებიან, გამწარებულმა იყვირა: ეს ახალგაზრდები იმიტომ იქცევიან ასე,რომ წარმოდგენა არა აქვთ როგორი დემოკრატია იყო ჩილეშიო. ოპოზიციონერებს წარსულთან სალვადორ ალიენდეს სახელი აკავშირებთ, რომელიც ხალხმა მითოლოგიური გმირის შარავანდედით შემოსა.

უკვე პრეზიდენტი რომ იყო (სალვადორ ალიენდე), ერთ-ერთ მანიფესტაციაზე ვიღაცამ ასეთი ლოზუნგი გამოიტანა - „მთავრობა უვარგისია, მაგრამ ეს ჩემი მთავრობაა“. ალიენდე ფეხზე წამოდგა, ტაში დაუკრა, ხალხში ჩავიდა და იმ კაცს ხელი ჩამოართვა.

„პატრიოტული ფრონტი“ იმ თაობის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც პინოჩეტის მთავრობაში მოსვლისას დაწყებით სკოლაში სწავლობდნენ. ისინი ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით დაემხოთ დიქტატურა და დაებრუნებინათ ჩილეში დემოკრატია, რომ ხალხს თავად შეძლებოდა საკუთარი ბედის გადაწყვეტა.

პინოჩეტმა ამდენი ხანი იმიტომ გაძლო ქვეყნის სათავეში, რომ სამსახურიდან დაითხოვა თავისი თაობის გენერლები და საპასუხისმგებლო პოსტები ახალგაზრდა ოფიცრებს ჩააბარა, რომლებიც რანგით მასზე ბევრად დაბლა იდგნენ, გენერალს უსიტყვოს და უპირობოდ ემორჩილებოდნენ და არც ერთი მათგანი მისი მეგობარი არ იყო. თუმცა სწორედ ეს ბირთვი იყო პინოჩეტის მთავრობის ყველაზე სუსტი წერტილი, რადგან მათი უმეტესობა თვლიდა, რომ ისინი არც პრეზიდენტ ალიენდეს მკვლელობაში იყვნენ დამნაშავეები და არც მომდევნო წლების სისხლიან და დაუნდობელ რეპრესიებში. ამიტომ მზად იყვნენ სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებით უსისხლოდ და უმტკივნეულოდ დაებრუნებინათ დემოკრატია.

დიქტატურის ბრჭყალებში მოქცეული სანტიაგო ჭორების ბუდეა. აქ დღეში რამდენჯერმე მოისმენ სენსაციურ ამბებს, რომელთა ნაწილი მოგვიანებით ქარწყლდება, თუმცა მათი უმეტესობა სიმართლეა.

პარიზში კი გამაფრთხილეს, თავიდან სხვა ადამიანად გარდაქმნა გაგიჭირდება, მერე კი ამ როლიდან გამოსვლაო, მაგრამ ჭკვიანი ხალხის ეს სიტყვები იქ დამავიწყდა, სადაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

უცებ რამდენიმე ბავშვი მომიჯდა გვერდით. - გადაუღეთ სურათი ქვეყნის მომავალს, - მითხრეს. ამ ფრაზამ გამაოცა, რადგან ზუსტად ასეთი რამ მქონდა მიწერილი „ჟიტანის“ კოლოფზე. არ არსებობდა ადამიანი ჩილეში, დიდი თუ პატარა, ქვეყნის მომავალზე რომ არ ეფიქტრა. ეს განსაკუთრებით გასაოცარი იყო ბავშვებისგან, რომლებსაც სხვა წყობა არ ენახატ და მაინც ფიქრობდნენ საკუთარ მომავალზე.

...ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, სანამ თვით გენერალმა პინოჩეტმა არ ჩაგვიარა ერთი სამხედრო და ორი სამოქალაქო თანაშემწის თანხლებით. შეშუპებულ სახეზე მომწვანო ფერი ედო. ისე ახლოს გაგვიარა, რომ გარკვევიტ გავიგეთ როგორ ეუბნებოდა თანმხლებ პირებს: - ქალებს სიმართლეც არ დაეჯერებათ.

ტაქსი დიქტატურის წინააღმდეგ მოწყობილ მორიგ მშვიდობიან, საპროტესტო აქციაში გაიჭედა, რომელიც სებასტიან ასევედოს მიერ კონსეპსიონში თავის დაწვის შემდეგ იმართებოდა ხოლმე დროდადრო. პოლიციამ მანიფესტანტების მიმართულებით წყლის ძლიერი ჭავლი მიუშვა, 200 თავიდან ფეხებამდე გაწუწული დემონსტრანტი ფეხმოუცვლელად იდგა კედელთან და სიყვარულის ჰიმნს მღეროდა.

...მე კი უკვე აღარ შემეძლო სხვის ტყავში დარჩნა. დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა წამოვმხტარიყავი და მთელი ხმით მეყვირა: „ჯანდაბამდე გზა გქონიათ! მე კონორეჟისორი მიგელ ლიტინი ვარ, კრისტინასა და ერნანის შვილი და არავის აქვს უფლება ჩემს ქვეყანაში ჩემი სახელით და ჩემი გარეგნობით ცხოვრება ამიკრძალოს“. მაგრამ ჩემამდე რომ მოვიდნენ, ჩემი მეორე მეს ჯავშანში ჩავიმალე და უდარდელად გავუწოდე პასპორტი.


ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ 
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing