ჯონ რეი - ლოლიტა
“ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება”: ასეთი იყო ორმაგი სათაური უცნაური ტექსტისა, რომელიც ხელთ ჩაუვარდა წინამდებარე ჩანაწერის ავტორს.
თვით “ჰუმბერტ ჰუმბერტი” გულის აორტის დაცობის შედეგად პატიმრობაში გარდაიცვალა 1952 წლის 16 ნოემბერს, მისი სასამართლო საქმის გარჩევის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ჰუმბერტის დამცველი გახლდათ ჩემი ნათესავი და კარგი მეგობარი კლერენს კლარკი (ამჟამად ის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს ადვოკატია), რომელმაც მთხოვა, ამ მანუსკრიპტის რედაქტირება გამეწია.
მისი კლიენტის ანდერძის ერთი პუნქტი ჩემს ბიძაშვილს უფლებას აძლევდა, მიეღო “ლოლიტას” გამოსაქვეყნებლად საჭირო ყოველგვარი ზომები. ბატონი კლარკის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ მის მიერ შერჩეული რედაქტორი ცოტა ხნის წინ დაჯილდოვდა პოლინგის სახელობის პრემიით მოკრძალებული ნაშრომისთვის (“შეიძლება თუ არა, თანავუგრძნოთ გრძნობებს?”), სადაც განხილულია ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა და ზნეობრივი სიმახინჯე.
ჩემი ამოცანა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან გვეგონა. ის დაიყვანებოდა აშკარა შეცდომების შესწორებასა და ზოგიერთი ჯიუტი დეტალის აღმოფხვრაზე, რომლებიც, “ჰ. ჰ.”-ს მცდელობის მიუხედავად, მაინც გვხვდებოდა ტექსტში (ეს იყო სამახსოვრო მითითებები გარკვეულ ადამიანებსა და ადგილებზე; წესიერების მოთხოვნები კრძალავდა მათ დასახელებას, ხოლო კაცთმოყვარეობა მათ დანდობას მოითხოვდა). ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს შესანიშნავი ჩანაწერები ხელუხლებლად გამოვაქვეყნეთ. ავტორის უჩვეულო ფსევდონიმი მისი შეთხზულია; თავისთავად იგულისხმება, რომ ეს ნიღაბი - რომელშიც თითქოს ორი მომნუსხავი, ბრიალა თვალი გამოსჭვივის - მისი მატარებელი პირის ნება-სურვილის მიხედვით, თავის ადგილზე უნდა დაგვეტოვებინა. “ჰეიზი” მხოლოდ ერითმება ნაწარმოების პერსონაჟის გვარს, ხოლო გოგონას სახელი იმდენად მჭიდროდ არის გადახლართული წიგნის ფარულ ქსოვილთან, რომ მისი შეცვლა წარმოუდგენელია. თუმცა, ამის ფაქტობრივი აუცილებლობა არც არსებობს (რაშიც მკითხველი თავად დარწმუნდება). ცნობისმოყვარეებს შეუძლიათ, მოიპოვონ ცნობები “ჰ. ჰ.”-ს მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ 1952 წლის სექტემბერ-ოქტომბრის გაზეთებში; მისი მიზეზები და მიზანი საიდუმლოებით მოსილი დარჩებოდა, წინამდებარე მემუარები ჩემი სამაგიდო ნათურის წრიულ შუქში რომ არ მოხვედრილიყო.
ძველი ყაიდის მკითხველებს, ჩვეულებრივ, აინტერესებთ “ცოცხალი ნიმუშების” ბედი, რომელიც “მართალი მოთხრობის” ჰორიზონტს მიღმა იგულისხმება. საგანგებოდ მათთვის ვიმოწმებ ქ. “რამზდელის” მკვიდრის, ბ-ნი “ვინდმიულერისგან” მიღებულ მითითებებს. მან მოისურვა, უცნობი დარჩენილიყო, რათა ამ “ბინძური და სავალალო ამბის გრძელ ჩრდილს” არ მიეღწია იმ ქალაქამდე, სადაც მას პატივი აქვს იცხოვროს. მისი ქალიშვილი “ლუიზა” ახლა მეორე კურსის სტუდენტია, “მონა დალი” პარიზის უნივერსიტეტში სწავლობს. “რიტა” ახლახან სასტუმროს პატრონზე გათხოვდა ფლორიდაში. “რიჩარდ სქილერის” ცოლს მკვდარი გოგონა გაუჩნდა და მშობიარობას გადაჰყვა - 1952 წლის 25 დეკემბერს, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, “რუხ ვარსკვლავად” წოდებულ ერთ შორეულ დაბაში. ქ-ნმა ვივიან დამორბლოკმა (დამორი - სცენაზე, ბლოკი - ერთ-ერთი პირველი ქმრის გვარია) დაწერა თავისი ძველი მეგობრის ბიოგრაფია (კალამბურული სათაურით “ჩემი კულტი”), რომელიც მალე გამოქვეყნდება; კრიტიკოსების ნაწილი უკვე გაეცნო ხელნაწერს და ირწმუნება, ეს ავტორის საუკეთესო თხზულებააო. “ჰ. ჰ.”-ის მემუარებში მოხსენიებულ სასაფლაოთა დარაჯები არაფერს იუწყებიან საფლავებიდან აღმდგარი მიცვალებულების შესახებ.
ცინიკოსი იტყვის, რომ ამის პრეტენზიას პროფესიონალი პორნოგრაფიც აცხადებს; ერუდიტი შეგვედავება, რომ “ჰ. ჰ.”-ის მგზნებარე აღსარება სინჯარაში ატეხილ ქარიშხლამდე დაიყვანება; რომ ყოველწლიურად მოზრდილი ამერიკელი მამაკაცების არანაკლებ 12%-ისა - თუ დ-რ ბიანკა შვარცმანს დავუჯერებთ, ეს ყველაზე მცირე რიცხვია (ერთ კერძო ცნობას ვიმოწმებ) - იმ განსაკუთრებულ გამოცდილებას იძენს, რომელსაც ასეთი სასოწარკვეთით აღწერს “ჰ. ჰ.” ხოლო ჩვენს შეშლილ მემუარისტს 1947 წლის იმ საბედისწერო ზაფხულს კომპეტენტური ფსიქოპათოლოგისთვის რომ მიემართა, არავითარი უბედურება არ მოხდებოდა. ეს ასეა, - მაგრამ მაშინ წიგნიც არ გვექნებოდა.
დაე, კომენტატორს ეპატიოს, თუ ის გაიმეორებს შეხედულებას, რომელსაც დაჟინებით ამტკიცებდა თავის ნაშრომებსა და ლექციებში; სახელდობრ, “უხამსი” ხშირად “უჩვეულოს” იგივეობრივია, ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწარმოები ყოველთვის ორიგინალურია. მისმა არსმა უნდა შეგვძრას და განგვაცვიფროს, ესე იგი, ჩვენი “შოკირება” განახორციელოს.
“ჰ. ჰ.”- ს განდიდების არავითარი სურვილი არა მაქვს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ბილწი, სულმდაბალი პიროვნება ზნეობრივი კეთროვნების თვალსაჩინო ნიმუშია; რომ მასში შერწყმულია მძვინვარება და სიანცე, რაც, ალბათ, ჰუმბერტის უღრმეს ტანჯვას მოწმობს, მაგრამ მის ზოგიერთ გამონათქვამს მიმზიდველობას ვერ ანიჭებს. ჰუმბერტის უცნაურობა, რა თქმა უნდა, ტლანქია. ამერიკის ბუნებისა და მკვიდრთა შესახებ მის მიერ გამოთქმული ბევრი შეხედულება სასაცილოა. თავგადადებული პატიოსნება, რაც ჰუმბერტის აღსარებაში გამოკრთის, სულაც არ ამართლებს გმირის ეშმაკეულ დახვეწილობას. ის არანორმალურია. ის ჯენტლმენი არ არის, მაგრამ მისი მღერადი ვიოლინო ჯადოსნური ძალით აღვიძებს სინაზით სავსე თანაგრძნობას ლოლიტას მიმართ და, ავტორისადმი ზიზღის მიუხედავად, გვაიძულებს, თავდავიწყებით ჩავუღრმავდეთ წიგნს.
როგორც კლინიკური შემთხვევის აღწერას, “ლოლიტას” უეჭველად ფსიქიატრიული ლიტერატურის ერთ-ერთ კლასიკურ ნაწარმოებად ქცევა უწერია. უდავოა, რომ ათი წლის შემდეგ ტერმინს - “ნიმფეტები” - ლექსიკონებსა და გაზეთებში იპოვით. როგორც მხატვრული ქმნილება, “ლოლიტა” სცილდება მომნანიებელი აღსარების საზღვრებს, მაგრამ მის სამეცნიერო მნიშვნელობასა და მხატვრულ ღირებულებაზე გაცილებით ფასეულია წიგნის ზნეობრივი ზემოქმედება სერიოზულ მკითხველზე, რადგან კერძო შემთხვევის ეს მტანჯველი ანალიზი ზოგად მორალსაც შეიცავს.
უპატრონოდ მიტოვებული გოგონა, საკუთარი ცხოვრებით გართული დედა, ჟინისგან სულშეხუთული მანიაკი - ისინი ამ თავისებურად განუმეორებელი ნაწარმოების მარტოოდენ ხატოვანი პერსონაჟები როდი არიან; რომანი გვაფრთხილებს სახიფათო გადახრების შესახებ და მიუთითებს მოსალოდნელ უბედურებაზე. “ლოლიტამ” ჩვენ ყველანი - მშობლები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები - უნდა გვაიძულოს, განუხრელი სიფრთხილითა და გამჭრიახობით განვახორციელოთ უფრო ჯანსაღი თაობის აღზრდა უფრო საიმედო სამყაროში.
ჯონ რეი, ფილოსოფიის დოქტორი, ვიდვორტი, მასაჩუსეტსი 1955 წლის 5 აგვისტო
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"