თუკიდიდე - პელოპონესის ომის ისტორია | პირველი წიგნი
თუკიდიდე ათენელმა აღწერა პელოპონესელთა ომი ათენელების წინააღმდეგ. ის თავისი ნაშრომის წერას ომის დაწყებისთანავე შეუდგა, რადგან თავიდანვე მიხვდა, რომ ეს ომი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი იქნებოდა აქამდე წარმოებულ ყველა ომს შორის.
მან ასე განსაჯა, რადგან ორივე მხარე ბრძოლის დაწყებას თავისი ძლიერების ზენიტში და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდა. გარდა ამისა, ის ხედავდა, რომ სხვა ბერძნული ქალაქებიც ან უკვე მიემხრნენ რომელიმე მხარეს, ან აპირებდნენ ამას. მართლაც, ომმა შეძრა ელინებიც და ბარბაროსთა ნაწილიც, შეიძლება ითქვას, კაცობრიობის დიდი ნაწილი. მართალია, ჩვენგან დროში დაშორების გამო, ძნელია ზუსტად დადგენა, თუ რა უძღოდა წინ ამ ომს და, მით უმეტეს, რა ხდებოდა კიდევ უფრო ადრე, მაგრამ სარწმუნო ცნობების საფუძველზე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ძველი ისტორიული მოვლენები არ იყო მნიშვნელოვანი არც სამხედრო და არც სხვა რამ თვალსაზრისით.
ცხადია, ახლა ელადად წოდებულ ქვეყანას ცოტა ხნის წინ გაუჩნდა ბინადარი მოსახლეობა. ძველად აქ გადაადგილდებოდნენ ტომები და ყოველი ტომი თავის საცხოვრისს უფრო ძლიერი მომხვდურის ზეწოლის შედეგად ტოვებდა. მაშინ ჯერ არ არსებობდა არც დღევანდელი ვაჭრობა და არც ტომებს შორის ურთიერთობა ზღვასა თუ ხმელეთზე. მიწას მხოლოდ იმდენს ამუშავებდნენ, რომ თავი გამოეკვებათ. მათ არ გააჩნდათ ზედმეტი ქონება, არ რგავდნენ ხეხილს, რადგან არ იცოდნენ, როდის დაესხმოდა თავს მტერი და წაართმევდა ყველაფერს, მით უმეტეს, რომ მათი დასახლებები არ იყო გამაგრებული. ხალხი თავისუფლად ტოვებდა თავის მიწას იმ იმედით, რომ სხვაგანაც იოლად მოიპოვებდა სარჩოს. ამიტომ არ ჰქონდათ დიდი ქალაქები და მნიშვნელოვანი ავლადიდება. მოსახლეობის ასეთი გადაადგილებები მეტწილად ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერ მხარეებში ხდებოდა: თესალიაში, ბეოტიაში, პელოპონესის დიდ ნაწილში (არკადიის გამოკლებით) და სხვ., რადგან სწორედ იქ, სადაც მიწის ნაყოფიერებას ადამიანისთვის კეთილდღეობა მოჰქონდა, ჩნდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება. დასახლება კარგავდა თავდაცვის უნარს და თანაც უცხოელთა სიხარბეს აღძრავდა. მწირ ატიკაში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა შინააშლილობა და ხალხიც ერთი და იგივე ცხოვრობდა. იმის შედეგად, რომ ელადის სხვა მხარეებში ატიკასთან შედარებით მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, წარჩინებული ლტოლვილები მთელი ელადიდან იყრიდნენ თავს ათენში და მოქალაქეობასაც იღებდნენ, რადგან იქ უსაფრთხოდ იყვნენ. ატიკა კი ამდენ ხალხს ვეღარ იტევდა და მოგვიანებით ათენელებმა დაიწყეს მოახალშენეთა გაყვანა იონიაში.
ძველი დროის მწირ სახსრებზე მიუთითებს ისიც, რომ ტროის ომამდე ელადას, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი არაფერი ჩაუდენია. ვგონებ, ქვეყანას მაშინ არც ერქვა ასე, ხოლო ელინამდე, დევკალიონის ძემდე, ეს სახელი არც არსებობდა. სხვადასხვა ტომი (პელასგებიც და სხვებიც) აძლევდა ქვეყანას თავის სახელს. მას შემდეგ, რაც ელინმა და მისმა ვაჟებმა ხელისუფლება მოიპოვეს ფთიაში და სხვა ქალაქებმაც დაიწყეს მათთვის დახმარების თხოვნა, ეს სახელი თანდათანობით გავრცელდა, მაგრამ საყოველთაოდ მიღებული სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ამის საუკეთესო საბუთს ჰომეროსი გვაწვდის. ჰომეროსი ხომ ტროის ომზე ბევრად გვიან ცხოვრობდა, მაგრამ ის ელინებს უწოდებს მხოლოდ აქილევსის რაზმელებს ფთიადან - ისინი იყვნენ პირველი ელინები. ხოლო სხვა ტომების ზოგად სახელად ჰომეროსთან გვევლინება დანაელები, არგოსელები, აქაველები. ის არ ხმარობს ასევე სიტყვას ბარბაროსი, ალბათ იმიტომ, რომ ელინები ჯერ არ იყვნენ მათგან გამოყოფილი და საკუთარი საერთო სახელით გაერთიანებული.
გადმოცემით ვიცით, რომ მინოსი იყო პირველი მბრძანებელი, ვინც შექმნა ფლოტი და ელინთა ზღვის დიდ ნაწილზე მოიპოვა ბატონობა. მან დაიპყრო კიკლადების კუნძულები, ბევრგან შექმნა ახალშენები, განდევნა კარიელები და მმართველებად საკუთარი ვაჟები გამოაცხადა. მანვე შეუტია მეკობრეებს, რათა შეძლებისდაგვარად გაეზარდა საკუთარი შემოსავალი.
უძველესი დროიდან, როგორც კი საზღვაო ვაჭრობა გამოცოცხლდა, ელინებმაც და ბარბაროსებმაც ნაპირსა და კუნძულებზე მეკობრეობას მიჰყვეს ხელი. ამის მოთავეები იყვნენ წარჩინებულები, რომლებიც ხეირსა და ღარიბთა დაპურებას ესწრაფვოდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ დაუცველ სოფლებს, ძარცვავდნენ მათ და ასე მოიპოვებდნენ საარსებო საშუალებას. ეს ითვლებოდა არა სამარცხვინო, არამედ საგმირო საქმედ. ამაზე მიუთითებს როგორც ზოგი ხალხის ჩვეულებები (მათთვის დღემდე საამაყოა ამგვარ საქმეებში გაწაფულობა), ასევე ძველი პოეტები, მათთან მასპინძელი მეზღვაურს ყოველთვის ეკითხება, მეკობრე ხომ არ ხარო - ჩანს, არც ერთ მხარეს ეს საქმე სათაკილოდ არ მიაჩნდა. ხალხი ძარცვავდა ერთმანეთს ხმელეთზეც. დღემდე ელადის ბევრ მხარეში შემორჩა ხალხი, ვინც ამ ძველ წესს მისდევს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იარაღის ტარების ჩვევაც სწორედ აქედან მოდის.
ძველად მთელი ელადა შეიარაღებული დადიოდა, რადგან არც სოფლები იყო გამაგრებული და არც გზები - უსაფრთხო. ამიტომ ხალხი, ბარბაროსების მსგავსად, იარაღს სახლშიც არ იხსნიდა. ელადის ის ოლქები, სადაც ამგვარი წესი ჯერაც შემორჩა, ნათელი საბუთია იმისა, რომ ოდესღაც მთელი ელადა ასე ცხოვრობდა. ათენელებმა ყველაზე ადრე თქვეს უარი იარაღის ტარებაზე მშვიდობიან დროს და ფუფუნებით ცხოვრება დაიწყეს. ხნიერი ხალხი წარჩინებულთა წრიდან მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ შეელია ფუფუნების ისეთ ნიშნებს, როგორიცაა სელის ქიტონი და რთული ვარცხნილობა. ათენელთა მონათესავე იონიელებსაც დიდხანს შემორჩათ ამგვარად ჩაცმის ჩვევა. ლაკედემონელებმა პირველებმა შემოიღეს თანამედროვე უბრალო სამოსი და მათი წარჩინებულებიც რიგით მოქალაქეთა მსგავსად ცხოვრობდნენ.
ქალაქები (რომლებიც დაარსდა მას შემდეგ, რაც ზღვაოსნობა შედარებით უსაფრთხო გახდა და შემოსავალი გაიზარდა), უშუალოდ ზღვის ნაპირზე, ვაჭრობისა და თავდაცვისთვის მოსახერხებელ ადგილას შენდებოდა და იცავდა გალავანი. ძველი ქალაქები კი, პირიქით, ზღვისგან მოშორებით მდებარეობდა, რათა მუდმივი ყაჩაღური თავდასხმებისგან ყოფილიყო დაცული.
მეკობრე კარიელები და ფინიკიელები ბევრ კუნძულზე ცხოვრობდნენ. როდესაც ათენელებმა ომის დროს დელოსი გაწმინდეს და სამარხები გაიტანეს კუნძულიდან, ჩატანებული იარაღის და დაკრძალვის წესის მიხედვით გაირკვა, რომ მიცვალებულთა ნახევარზე მეტი კარიელი იყო. ზღვაზე მეკობრეთა განდევნისა და მინოსის ბატონობის დამყარების შემდეგ ზღვაოსნობა გამოცოცხლდა, მინოსმა დაასახლა მეკობრეთაგან დაცლილი კუნძულების უმრავლესობა. სანაპიროს მცხოვრებლებმა, რომლებიც გამდიდრდნენ და დამკვიდრდნენ ამ მიწაზე, გალავნები შემოარტყეს თავიანთ ქალაქებს. გამდიდრების სურვილი აიძულებდა უფრო სუსტ ქალაქებს, აეტანათ ძლიერთა პოლიტიკური დამოკიდებულება, ხოლო ძლიერები სარგებლობდნენ საკუთარი სიმდიდრით და იმორჩილებდნენ სუსტებს. ელინთა ქალაქები დიდხანს იმყოფებოდნენ ამ მდგომარეობაში, თუმცა ტროაზე სალაშქროდ მხოლოდ მოგვიანებით გაემართნენ.
აგამემნონი, ჩემი აზრით, იმიტომ კი არ სარდლობდა ამ ლაშქრობას, რომ ელენეს ყოფილი საქმროები ტინდარევსისადმი მიცემული ფიცის გამო გაჰყვნენ მას, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვეთა შორის ის უძლიერესი იყო. იმ ხალხთა გადმოცემით, ვისაც წინაპართაგან სანდო ცნობები ჰქონდა პელოპონესის ისტორიის შესახებ, პელოპონესმა პირველმა მოიპოვა ძალაუფლება იმ განძის წყალობით, რომელიც აზიიდან ჩამოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი იყო, მან მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მისი სახელი ეწოდა, ხოლო მისი მემკვიდრეები გაძლიერდნენ. ევრისთევსი ატიკაში დაიღუპა ჰერაკლიდებთან ბრძოლაში, ხოლო სანამ იქ წავიდოდა, მან თავის დედის ძმას, ატრევსს ჩააბარა მიკენი და სამეფო ხელისუფლება. რაკი ევრისთევსი ვეღარ დაბრუნდა ლაშქრობიდან, ჰერაკლიდებისგან დაშინებულმა მიკენელებმა მეფობა ნებაყოფლობით გადასცეს ძლევამოსილ ატრევსს, მან კი ევრისთევსის ქვეშევრდომების კეთილგანწყობა მოიპოვა. ასე გახდნენ პელოპიდები პერსევსის შთამომავლებზე უფრო ძლიერნი. მთელი ეს ძალაუფლება აგამემნონს ერგო მემკვიდრეობით. გარდა ამისა, მისი ფლოტი აღემატებოდა სხვებისას. ასე რომ, ის ჩაუდგა ლაშქარს სათავეში და არა იმიტომ, რომ სხვა ბელადებს უყვარდათ იგი, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდათ მისი. მან თვითონაც უამრავი ხომალდი გამოიყვანა და, თუ ჰომეროსს ვენდობით, არკადიელებსაც მისცა ხომალდები. ჰომეროსი კვერთხის მემკვიდრეობით მიღების ამბავთან დაკავშირებითაც გვამცნობს, რომ აგამემნონი უამრავ კუნძულზე და არგოსის ვრცელ სამეფოზე მბრძანებლობდა. ცხადია, მატერიკზე მცხოვრებ აგამემნონს არ შეეძლო დაემორჩილებინა კუნძულები ძლიერი ფლოტის გარეშე. ამდენად, ტროაზე ლაშქრობა წარმოდგენას გვიქმნის მაშინდელი ელადის ზოგად მდგომარეობაზე.
მიკენი ძალიან პატარაც რომ ყოფილიყო (დღეს ჩვენ ყველა ძველი ქალაქი უმნიშვნელოდ გვეჩვენება), ეს არ იქნებოდა საკმარისი საფუძველი ტროაზე ლაშქრობის დიდების დასამცრობად. წარმოვიდგინოთ, რომ ლაკედემონელთა ქალაქი დაინგრა და მისგან გადარჩა მხოლოდ სამლოცველოები და საჯარო დაწესებულებათა საძირკვლები. ვფიქრობ, მრავალი წლის შემდეგ ჩვენს მემკვიდრეებს გაუჩნდათ ეჭვი, შეესაბამება თუ არა მათი რეალური ძალა მათსავე სახელს. დღეს ლაკედემონელები ფლობენ პელოპონესის ორ მესამედს, ხელმძღვანელობენ მთელ ნახევარკუნძულს და მრავალ მოკავშირეს დანარჩენ ელადაში. მაგრამ სპარტა არ არის ერთი მთლიანობა, მას არ გააჩნია ბრწყინვალე ტაძრები და საჯარო ნაგებობები. ძველი ელინური ქალაქების მსგავსად, ის შედგება სოფლებისაგან და მისი ძლიერება ბევრად უმნიშვნელოდ მოეჩვენებოდათ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. იგივე ბედი რომ ათენელებს სწეოდათ, გარეგნული ნიშნის მიხედვით, მათ ძლიერებას რეალურზე ორჯერ მეტად წარმოიდგენდნენ. ამიტომ, ამჯერად ნუ მოვეკიდებით უნდობლად გადმოცემას და ნუ მივანიჭებთ ქალაქების გარეგნულ იერს მეტ მნიშვნელობას, ვიდრე მათ ნამდვილ ძალას. თუ ისევ ჰომეროსს დავეყრდნობით, ძველ ლაშქრობათა შორის ტროაზე ლაშქრობა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად, მაგრამ ის ჩამოუვარდება დღევანდელ ომებს. პოეტმა ალბათ შეალამაზა და გააზვიადა მოვლენები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ლაშქრობა მაინც უმნიშვნელოდ გამოიყურება. პოეტი მოიხსენიებს ათას ორას ხომალდს. მისი თქმით, ბეოტიელთა თითო ხომალდზე ას ოცი კაცი იყო, ფილოქტეტესის ხომალდზე კი - ორმოცდაათი. როგორც ჩანს, იგი ყველაზე დიდ და ყველაზე პატარა ხომალდებს ახსენებს. სხვათა ზომებზე, ყოველ შემთხვევაში, “ხომალდთა კატალოგში” ჰომეროსი არაფერს ამბობს. ხომალდზე თითოეული კაცი რომ მეომარიც იყო და მენიჩბეც, აშკარად ჩანს ფილოქტეტესის გემების აღწერილობიდან. მართლაც, ყოველ მენიჩბეს ის მოისარსაც უწოდებს. საეჭვოა, ხომალდებზე მენიჩბეების გარდა ყოფილიყო ვინმე, მეფეებსა და გამორჩეულ ბელადებს თუ არ ჩავთვლით, მით უფრო, რომ მათ ზღვის გადაცურვა სრული აღჭურვილობით უწევდათ. ხომალდებს არ ჰქონდა ზედა გემბანი და ისინი ძველი წესით იგებოდა, მეკობრეთა ნავების მსგავსად. ყოველ შემთხვევაში, თუ ავიღებთ მებრძოლთა საშუალო რაოდენობას ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ხომალდისთვის, ცხადია ხდება, რომ ომში არც ისე ბევრი აქაველი წასულა, არადა ლაშქარი მთელ ელადას წარმოადგენდა.
ამის მიზეზი იყო არა ადამიანების, არამედ ფულის ნაკლებობა. მომარაგების სირთულის გამო, აქაველებმა წაიყვანეს იმდენი მეომარი, რამდენის ადგილზე გამოკვების იმედიც ჰქონდათ. მაშინაც კი, როდესაც ჩასვლისთანავე აქაველებმა პირველი ბრძოლა მოიგეს (ცხადია, სხვანაირად ვერ შემოავლებდნენ გალავანს თავის ბანაკს), მათ ომში არ გამოუყენებიათ მთელი ლაშქარი. საკვების მოპოვების საჭიროებამ აიძულა ისინი, მიწის დამუშავება და ყაჩაღობა დაეწყოთ. სწორედ აქაველთა რაზმების დაქსაქსულობის გამო, ტროელები გაშლილ ველზე ათი წლის განმავლობაში უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ყოველთვის მზად იყვნენ შებმოდნენ ადგილზე დარჩენილ მტერს. აქაველები რომ საკვების დიდი მარაგით ჩამოსულიყვნენ და ხვნა-თესვისა და ყაჩაღობის ნაცვლად, მთელი ძალითა და მონდომებით ეომათ, ისინი იოლად აიღებდნენ ტროას. თუმცა არსებული ძალების ნაწილის გამოყენებითაც ისინი წარმატებით იბრძოდნენ; ალყაში რომ მოექციათ, ტროას უფრო სწრაფად და დაუძაბავად სძლევდნენ. ამდენად, ძველი ლაშქრობები უმნიშვნელო იყო სახსრების სიმწირის გამო, მათ შორის ყველაზე ცნობილიც კი აღარ გამოიყურება ისე ბრწყინვალედ, როგორც ეს პოეტების გადმოცემაშია.
ელადაში ტროის ომის შემდეგაც ხდებოდა ტომთა გადაადგილება, იქმნებოდა ახალი დასახლებები, ქვეყანა ვერ ახერხებდა მშვიდობიან განვითარებას.
ილიონიდან ელინთა დაგვიანებულ დაბრუნებას ქალაქებში ცვლილებები და შინააშლილობა მოჰყვა, რის შედეგადაც დევნილები აარსებენ ახალ ქალაქებს. მაგალითად, თესალიელთა მიერ გამოდევნილი თანამედროვე ბეოტიელთა წინაპრები, დღევანდელ ბეოტიაში (რომელიც ადრე კადმეად იწოდებოდა), ილიონის აღებიდან სამოცი წლის შემდეგ გადასახლდნენ, ხოლო ტროას დაცემიდან ოთხმოცი წლის შემდეგ დორიელებმა ჰერაკლიდებთან ერთად დაიპყრეს პელოპონესი. მტკიცე მშვიდობა თანდათანობით დამყარდა, შეწყდა ხალხთა იძულებითი გადაადგილება და ელინებმა უცხო ქვეყნების კოლონიზაცია დაიწყეს. ათენელები იონიაში და მრავალ კუნძულზე დასახლდნენ, ხოლო პელოპონესელები ძირითადად იტალიასა და სიცილიაში, ასევე დანარჩენი ელადის ზოგ მხარეში დამკვიდრდნენ. ეს დასახლებები უკვე ტროას ომის შემდეგ გაჩნდა.
ელადა სულ უფრო ძლიერდებოდა და მდიდრდებოდა. მდიდარი ქალაქების უმრავლესობა ტირანთა ხელში აღმოჩნდა. ადრე აქ მემკვიდრეობითი სამეფო ხელისუფლება იყო გარკვეული საპატიო უფლებებითა და პრივილეგიებით. ელინებმა დაიწყეს ხომალდების აგება და ზღვაოსნობა. გადმოცემით, პირველებმა კორინთელებმა ააგეს თანამედროვეს მსგავსი მეთოდით ხომალდები, მათვე შექმნეს პირველი ტრიერები. კორინთელმა გემთმშენებელმა ამინოკლესმა, რომელიც სამოსზე ამ ომის დასრულებამდე ჩავიდა, იქაც ააგო ოთხი ხომალდი. პირველი საზღვაო ბრძოლა, რამდენადაც ვიცი, მოხდა კორინთელებსა და კერკირელებს შორის ორას სამოცი წლის წინ. კორინთელები ხომ უძველესი დროიდან სახლობდნენ ისთმოსის ყელზე, იქ სავაჭრო ნავსადგურს ფლობდნენ. რადგან ადრე პელოპონესში და მის გარეთ მცხოვრები ელინები კორინთელთა ქვეყნის გავლით ეწეოდნენ სახმელეთო ვაჭრობას, კორინთოსი ძალიან გამდიდრდა, როგორც ამას პოეტები გვამცნობენ. ზღვაოსნობისა და საზღვაო ვაჭრობის გამოცოცხლებასთან ერთად კორინთელები შეუდგნენ მეკობრეობასთან ბრძოლას. სავაჭრო ნავსადგურის მოწყობის შემდეგ კორინთელთა ქვეყანა კიდევ უფრო გამდიდრდა ზღვიდან და ხმელეთიდან მომდინარე შემოსავლებით. იონიელებს ფლოტი ბევრად უფრო გვიან გაუჩნდათ, უკვე კიროსის, პირველი სპარსელი მეფის და მისი ვაჟის, კამბისესის დროს. ამ ფლოტით იონიელები კიროსთან ომში ერთხანს ინარჩუნებდნენ უპირატესობას ზღვაზე, საკუთარ ნაპირებთან. სამოსის ტირანს - პოლიკრატესაც ჰყავდა ძლიერი ფლოტი კამბისესის დროს. სხვა კუნძულებს შორის მან დაიმორჩილა რენიაც, და იგი დელოსელ აპოლონს უძღვნა. დაბოლოს, ფოკეელები, რომლებმაც დააარსეს მასალია, ამარცხებდნენ კართაგენელებს საზღვაო ბრძოლებში.
ეს იყო ყველაზე ძლიერი საზღვაო ქვეყნები. მართალია, ტროას ომის შემდეგ მრავალი თაობა შეიცვალა, მაგრამ ყველა ამ ქვეყანას, სავარაუდოდ, ცოტა ტრიერი ჰყავდათ და ისინიც პენტეკონტორებითა და ტროის ომისდროინდელის მსგავსი გრძელი სამხედრო ხომალდებით დაცურავდნენ. მხოლოდ მიდიურ ომებამდე და დარიოსის გარდაცვალებამდე (რომელიც სპარსელთა მეფე გახდა კამბისესის შემდეგ) ცოტა ხნით ადრე გაუჩნდათ სიცილიელ ტირანებსა და კერკირელებს მრავალი ტრიერი. ესენი ხომ უძლიერესი საზღვაო ქვეყნები იყვნენ ქსერქსეს ლაშქრობამდე. ეგინელები, ათენელები და, შესაძლოა, ზოგი სხვაც მაშინ მხოლოდ მცირე ხომალდებს, ძირითადად, პენტეკონტორებს ფლობდნენ. მხოლოდ მოგვიანებით, ეგინელებთან ომის დროს, როდესაც უკვე ბარბაროსთა თავდასხმას ელოდნენ, თემისტოკლესმა დაარწმუნა ათენელები, შეექმნათ სახელოვანი ფლოტი, რომლითაც ისინი ბარბაროსებს შეებნენ. თუმცა, არც ამ ხომალდებს ჰქონდა ზედა გემბანი.
ასეთი მოკრძალებული იყო ელინთა საზღვაო ძალები ძველ დროშიც და შემდგომშიც. და მაინც, ის ქვეყნები, რომლებიც ბეჯითად მისდევდნენ ზღვაოსნობას, აღწევდნენ მეტ ძლიერებას, მდიდრდებოდნენ და იმორჩილებდნენ სხვა ქვეყნებს. თავისი ხომალდებით ისინი თავს ესხმოდნენ და იპყრობდნენ კუნძულებს. მაგრამ ხმელეთზე საქმე არ მიდიოდა ისეთ ომამდე, რომელიც დიდი სამხედრო ძალის გაჩენას გამოიწვევდა. ყველა ომი მეზობლებს შორის ხდებოდა, შორეულ დაპყრობით ლაშქრობებს ელინები არ აწყობდნენ. ძლიერ ქვეყნებს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰყავდათ დამოკიდებული მოკავშირეები, ხოლო სუსტებს არ სურდათ საერთო ლაშქრობებში მონაწილეობა. ელინური ქვეყნები ძველ დროში მხოლოდ ერთხელ, ქალკიდელთა და ერეტრიელთა ომში ჩაებნენ ერთის ან მეორის მხარეზე.
ცალკეული ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა გარემოება აფერხებდა. იონიელების მომძლავრებისთანავე მათზე გაილაშქრა კიროსმა. კროისოსის სამეფოს დამარცხების შემდეგ მან დაიმორჩილა მთელი ხმელეთი მდინარე ჰალისიდან ზღვამდე და თავისუფლება წაართვა ქალაქებს მატერიკზე. მოგვიანებით დარიოსმა ფინიკიელთა ფლოტის დახმარებით კუნძულებიც დაიპყრო.
ყველა ტირანი ელინურ ქვეყნებში მხოლოდ პირადი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. მათი პოლიტიკა არსებითად საკუთარ თავზე, სახლზე და მისი მდგომარეობის განმტკიცებაზე ზრუნვა გახლდათ, მათ მეზობლებთან ომის გარდა არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ სიცილიის ტირანებმა მიაღწიეს დიდ წარმატებებს. ამდენად, ელადის განვითარებას დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა რამ აფერხებდა. ამიტომ საერთო დიდი საქმეების კეთება ვერ ხერხდებოდა, ცალკეული ქვეყანა კი ფხას ვერ იჩენდა.
ათენისა და დანარჩენი ელადის ტირანები (ელადას დიდხანს ტირანები მართავდნენ), სიცილიელი ტირანების გარდა, ლაკედემონელებმა განდევნეს. რამდენადაც ვიცი, ლაკედემონი იქ დორიელების დასახლების შემდეგ, სხვა ქვეყნებზე მეტად დაზარალდა შინაომებისგან. მაგრამ ქვეყანა კარგი კანონებით იმართებოდა და მას არასოდეს დაპატრონებია ტირანი. დაახლოებით ოთხასი წელი ან მეტი იცხოვრეს ლაკედემონელებმა ერთი სახელმწიფო წყობის პირობებში. ამიტომ მათ დიდ ძლიერებას მიაღწიეს და შეეცადნენ, სხვა ქვეყნებშიც დაემყარებინათ მსგავსი კანონები. ელადიდან ტირანების განდევნიდან რამდენიმე წლის შემდეგ მარათონთან მოხდა ბრძოლა მიდიელებსა და ათენელებს შორის. ხოლო ამ ბრძოლიდან მეათე წელს ბარბაროსი კვლავ დაიძრა დიდი ლაშქრით ელადის დასამონებლად. ელადას უდიდესი საფრთხე დაემუქრა და ლაკედემონელები, როგორც ყველაზე ძლევამოსილები, სათავეში ჩაუდგნენ ელინთა გაერთიანებულ ლაშქარს, ათენელებმა კი მიდიელთა შემოსევისას საკუთარი ქალაქი მიატოვეს, მთელი ქონება გემებზე აიტანეს და ზღვაოსნები გახდნენ. საერთო ძალებით ბარბაროსის განდევნის შემდეგ მეფისაგან განთავისუფლებული ელინებიდან და მათი მოკავშირეებიდან ზოგი ათენელებს მიემხრო, ზოგი - ლაკედემონელებს. ეს ორი ქვეყანა მაშინ ყველაზე ძლიერი იყო, ერთი ხმელეთზე, მეორე - ზღვაზე. მაგრამ ეს სამხედრო კავშირი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ლაკედემონელები და ათენელები მტრობამ დააშორა, ისინი მოკავშირეებთან ერთად ებრძოდნენ ერთმანეთს. ელინური ქვეყნებიც, ყოველთვის, როცა მათ შორის შუღლი იფეთქებდა, ან ათენს უერთდებოდნენ, ან ლაკედემონს. ამიტომ მიდიური ომების დამთავრებიდან ამ ომამდე ისინი ხან ზავს დებდნენ, ხანაც ეომებოდნენ ერთმანეთს ან ყოფილ მოკავშირეებს, ხვეწდნენ სამხედრო ოსტატობას, იძენდნენ გამოცდილებას, ეჩვეოდნენ ხიფათს.
ლაკედემონელები არ სთხოვდნენ თავის მოკავშირეებს ხარკს, მაგრამ ცდილობდნენ ლაკედემონელების მოსაწონი ოლიგარქიული მმართველობა დაემყარებინათ. ათენელებმა კი დროთა განმავლობაში მოკავშირეებს (ქიოსელებისა და ლესბოსელების გარდა) ხომალდების გაყვანა და ფულადი გადასახადი დაუწესეს. ამიტომ მათი საბრძოლო ძალა ომის წინ კიდევ უფრო გაიზარდა.
აი, სადამდე მივედი ელადის ძველი მდგომარეობის გამოკვლევისას, თუმცა ძნელია ბოლომდე ენდო ნებისმიერ ცნობას. ადამიანებს ხომ სჩვევიათ, შემოწმების გარეშე ირწმუნონ უფროსი თაობისგან მოსმენილი ამბები წარსულზე, თუნდაც ეს მათ სამშობლოს ეხებოდეს. ელინებს ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ ისეთ წეს- ჩვეულებებზეც კი, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე შემორჩა. ადამიანთა უმრავლესობა თავს არ იწუხებს ჭეშმარიტების ძიებით და თანახმაა მზა აზრები მიიღოს.
რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ისტორიული კვლევა, დიდად არ შეცდება ის, ვინც ჩათვლის, რომ მოვლენები ძველად დაახლოებით ისე ვითარდებოდა, როგორც მე აღვწერე. ვინც არ დაუჯერებს პოეტებს, რომლებიც ალამაზებენ, აზვიადებენ და უმღერიან მოვლენებს, ვინც არ დაუჯერებს არც ლოგოგრაფოსების უფრო ლამაზ, ვიდრე მართალ ისტორიებს. ზემოთ მოყვანილი აშკარა მტკიცებულებების საფუძველზე, ის შეიძლება დარწმუნდეს, რომ ესოდენ ძველი ამბების კვლევის შედეგი საკმაოდ სანდოა. მართალია, ადამიანები, ჩვეულებრივ, მიმდინარე ომს აღიქვამენ უმნიშვნელოვანესად, მაგრამ მისი დამთავრების შემდეგ მათ უფრო ძველი ომები აოცებთ. ახლანდელი ომი კი დაუმტკიცებს ხალხს, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადრეული ომები.
რაც შეეხება როგორც ომამდე, ისე მისი მსვლელობისას წარმოთქმულ სიტყვებს, მათი ზუსტად დამახსოვრება და გადმოცემა შეუძლებელია - ჩემ მიერ მოსმენილისაც და სხვისი მონაყოლისაც. ჩემს ისტორიაში ორატორებს ის ვათქმევინე, რაც, ჩემი აზრით, შეეფერებოდა სიტუაციას. ამასთან, მე შეძლებისდაგვარად მივდევ გამოსვლის ნამდვილ დედააზრს. ომის მსვლელობის გადმოცემისას მე არ მომაქვს პირველი შემხვედრის მონაყოლი ან პირადი მოსაზრებები, არამედ ვცდილობ აღვწერო, ერთი მხრივ, მხოლოდ ის მოვლენები, რომელთა თვითმხილველიც ვიყავი და, მეორე მხრივ, დეტალურად გავარჩიო სხვათა ცნობები. მათი საფუძვლიანი შემოწმება არ იყო იოლი საქმე, რადგანაც მოწმეების შეფასებები დამოკიდებული იყო მათ პოლიტიკურ სიმპათიებსა და მახსოვრობაზე. ზღაპრულ ამბებს მოკლებული ჩემი თხრობა შეიძლება არ მოგეჩვენოთ მიმზიდველად, მაგრამ თუ ვინმე მოინდომებს შეისწავლოს ძველ მოვლენათა სანდოობა და მომავალში მოხდენის შესაძლებლობა - ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მოვლენები შეიძლება გამეორდეს ამა თუ იმ სახით - მე კმაყოფილი ვიქნები, თუ ის ჩემს შრომას სასარგებლოდ ჩათვლის. ჩემი ნაშრომი შექმნილია სამარადჟამოდ და არა მსმენელთა წუთიერი ტკბობისათვის.
ძველი მოვლენებიდან პელოპონესის ომამდე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიდიური ომი, მაგრამ მისი ბედი სწრაფად გადაწყდა ორი საზღვაო და ორი სახმელეთო ბრძოლის შედეგად. ახლანდელი ომი კი დიდხანს გაგრძელდა და მისი მსვლელობისას ელადას არნახული უბედურება გადახდა.
არასოდეს დაუპყრიათ და დაუნგრევიათ ამდენი ქალაქი, არასოდეს ყოფილა ამდენი ლტოლვილი და მოკლული (როგორც საბრძოლო მოქმედებების, ასევე შინააშლილობის შედეგად). რაც ადრე მხოლოდ გადმოცემით იყო ცნობილი, სინამდვილეში კი არ დასტურდებოდა, ახლა ჩვეულებრივ ამბად იქცა: საშინელმა მიწისძვრებმა გადაუარა ელადას, გახშირდა მზის დაბნელებები, დაიწყო გვალვა და შიმშილი. ათენის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჭირმა იმსხვერპლა. ყველა ეს უბედურება ამ ომთან ერთად დაატყდა თავს ელადას. ათენელებისა და პელოპონესელების ომი ევბეის დაპყრობის შემდეგ დადებული ოცდაათწლიანი ზავის დარღვევით დაიწყო. პირველ რიგში განვიხილავ ზავის დარღვევის მიზეზებსა და მხარეთა ურთიერთბრალდებებს. ძირითადი, თუმცა ფარული მიზეზი, ჩემი ღრმა რწმენით, იყო ლაკედემონელთა შიში ათენის მზარდი ძლიერების გამო. ღიად კი ორივე მხარე ასახელებდა ზავის დარღვევისა და საომარ მოქმედებათა დაწყების შემდეგ მიზეზებს:
იონიის ყურის შესასვლელთან მდებარეობს ქალაქი ეპიდამნოსი. ის კერკირელებმა დააარსეს, ხოლო დამფუძნებელი, წესისამებრ, მეტროპოლიიდან, კორინთოსიდან მიიწვიეს. კოლონიის დასახლებაში კორინთელებთან ერთად სხვა დორიელებიც მონაწილეობდნენ. დროთა განმავლობაში ეპიდამნოსის მოსახლეობა გამრავლდა, ქვეყანა გაძლიერდა, თუმცა მოგვიანებით, შინაომებისა და ბარბაროს მეზობლებთან განცდილი მარცხის გამო ნაწილობრივ შესუსტდა. ამ ომამდე ცოტა ხნით ადრე ხალხმა განდევნა წარჩინებულ გვართა წარმომადგენლები. ისინი კი ბარბაროსებს დაუკავშირდნენ და ზღვასა თუ ხმელეთზე მოქალაქეთა ძარცვა დაიწყეს. მოქალაქეებმა საშველად კერკირას მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.
იმედგაცრუებულმა მოქალაქეებმა დელფოში გაგზავნეს ელჩები და ღმერთებს დაეკითხნენ, კორინთოსის, მეორე მეტროპოლიის მფარველობა ხომ არ ეთხოვათ, რაზეც თანხმობა მიიღეს. ასეც მოიქცნენ. კორინთელები დაეხმარნენ ეპიდამნოსს, რადგანაც ის მათ კოლონიადაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო. ამასთან, კორინთელებს კერკირელების მტრობაც ამოძრავებდათ. ეს უკანასკნელი ხომ მეტროპოლიის მიმართ ჯეროვან მოწიწებას არ იჩენდა. კორინთელებს კერკირელთა სახალხო დღესასწაულებსა და რიტუალებში არ უთმობდნენ საპატიო ადგილს, როგორც ეს სხვა კოლონიებს ჰქონდათ წესად, და, საერთოდ, მათ ზემოდან უყურებდნენ, რადგანაც იმ დროისათვის კერკირა უმდიდრეს ელინურ ქვეყანათა რიცხვში შედიოდა და ომისთვისაც სხვებზე მეტად იყო მზად. კერკირელები ამაყობდნენ საკუთარი ძლიერი ფლოტით, რომლის შექმნასაც ისინი მათ კუნძულზე ოდესღაც მცხოვრებ სახელოვან ზღვაოსნებს, ფეაკებს უკავშირებდნენ და რომელიც ომის დასაწყისში ას ოც ტრიერს შეადგენდა.
კერკირელებზე ნაწყენმა კორინთელებმა სიამოვნებით გაუწოდეს დახმარების ხელი ეპიდამნოსს. მათ იქ გადასახლების ნება დართეს ნებისმიერ მსურველს და გააგზავნეს გარნიზონი. ზღვაზე კერკირელთა თავდასხმის შიშით ისინი ხმელეთით გაემართნენ. ეპიდამნოსში კოლონისტებისა და გარნიზონის ჩასვლასა და კოლონიის კორინთოსის მფარველობის ქვეშ გადასვლას კერკირაზე მტრულად შეხვდნენ. მათ მაშინვე გაგზავნეს ეპიდამნოსში ოცდახუთი ხომალდი და შემდეგ კიდევ მეორე ესკადრა და მოითხოვეს როგორც დევნილთა დაბრუნება (ამ დროისათვის კერკირაზე ეპიდამნოსიდან დევნილმა არისტოკრატებმა მოიყარეს თავი, ისინი ითხოვდნენ წინაპართა საფლავებთან და ნათესავებთან დაბრუნებას), ასევე კოლონისტებისა და გარნიზონის გაწვევა. ეპიდამნოსი არ დაემორჩილა და კერკირელებმა ილირიელებთან ერთად ორმოცი ხომალდით გაილაშქრეს მასზე. თან დევნილები მიჰყავდათ, რათა ძალით დაებრუნებინათ ისინი სამშობლოში. კერკირელები ქალაქის მისადგომებთან დაბანაკდნენ და მაცნეს მეშვეობით განაცხადეს: “ნებისმიერ მოქალაქესა თუ უცხოელს დაუბრკოლებლად შეუძლია ქალაქის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ როგორც მტრებს, ისე მოექცევიან.” ეპიდამნოსი კვლავ არ დაემორჩილა მათ და დაიწყო ქალაქის ალყაში მოქცევა.
შიკრიკმა ეს ამბავი კორინთელებს მიუტანა და მათაც მაშინვე სალაშქროდ დაიწყეს მზადება, თანაც ყველა მსურველს ეპატიჟებოდნენ ეპიდამნოსში, რათა ახალი კოლონიის თანასწორუფლებიანი თანადამაარსებლები გამხდარიყვნენ. თუ მსურველი არ იყო სალაშქროდ მზად, შეეძლო ორმოცდაათი კორინთული დრაქმა შეეტანა ხაზინაში. წამსვლელიც ბევრი აღმოჩნდა და ფულის შემტანიც. კორინთელებმა დახმარებისთვის მოკავშირეებს მიმართეს, ზოგმა ხომალდები გამოგზავნა, ზოგმაც ფული. თვით კორინთოსმა ოცდაათი ხომალდი და სამი ათასი ჰოპლიტი აღჭურვა.
როდესაც კერკირელებმა ამ სამზადისის შესახებ შეიტყვეს, ჩამოვიდნენ კორინთოსში ლაკედემონელ და სიკიონელ ელჩებთან ერთად და კიდევ ერთხელ მოითხოვეს გარნიზონისა და კოლონისტების ეპიდამნოსიდან გაწვევა. პასუხად კი მიიღეს: თუ კორინთოსს რამე პრეტენზია აქვს ამ ქალაქზე, მაშინ კერკირელები საქმის განხილვას სასამართლოში სთავაზობენ. შეარჩიონ პელოპონესში ქვეყნები, რომლებიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება და მათ გადაწყვიტონ, ვინ ფლობდეს ეპიდამნოსს. კერკირელები, ასევე, თანახმა იყვნენ დელფოს სამისნოსათვის ეთხოვათ მათი განსჯა.
„ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა“