ხორხე ლუის ბორხესი - უსამართლობათა შემოქმედი მონკ ისთმენი

ხორხე ლუის ბორხესი - მსოფლიო მზაკვრობის ისტორია

ამ ამერიკის შვილები

ლურჯ-ლაჟვარდისფერი კედლისა თუ კამკამა ცის ფონზე მკაცრ შვ კოსტუმებსა და ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი ორი ბაქია უმძიმეს ცეკვას ასრულებს: ცეკვას ერთნაირი დანებით, რომელიც მანამ გრძელდება, სანამ ერთ-ერთის ყურიდან ალისფერი მიხაკი არ გამოჩნდება, როგორც დასტური იმისა, რომ პირველის დანა ღრმად შეიჭრა მეორის სხეულში. 

ეს უკანასკნელი კი უმუსიკოდ, ჰორიზონტალური სიკვდილით ასრულებს ხსენებულ ცეკვას. პირველი ბედის მორჩილი სახით იხურავს ჩამბერგოს (ფართო შავი ქუდი, რომელიც ესპანეთიდან გავრცელდა სხვა ქვეყნებში) და მთელ თავის სიბერეს უძღვნის იმის მოყოლას, თუ რაოდენ წმინდაა მისი ტკივილი. ასეთია ბანდიტიზმის ისტორიის დეტალები ჩვენთან. ნიუ-იორკელ თავზეხელაღებულთა ისტორია კი მეტად თავბრუდამხვევი და მძიმეა.

იმ ამერიკის შვილები

ნიუ-იორკული ბანდების ისტორია (რომელიც მკითხველმა პირველად 1928 წელს ჰებერტს ასბერის ოთხასგვერდიან ინ ოქტავო ფორმატის ნაშრომში იხილა), სავსეა დაბნეულობით, სისასტიკითა და ველური კოსმოგონიით, რომელთა უმრავლესობა სრულიად უმსგავსოა: ესაა მიწურის ძველი ლუდსახარშები, სადაც ღამეს მიუსაფარი შავკანიანები ათევდნენ, ნიუ-იორკის რაქიტიანი სამსართულიანი სახლები, „ჭაობის ანგელოზების“ (Swamp Angels) მსგავსი კრიმინალთა ბანდები, რომლებიც ძირითადად კანალიზაციის ჯურღმულებში დაძვრებოდნენ სამოროდიოროდ, „განთიადის ბიჭები“ (Daybreack Boys), რომლებიც ათი-თორმეტი წლის მკვლელი-ბავშვების გადმობირებით ირთობდნენ თავს, ათლეტური და უტიფარი მარტოხელა ნაძირლები „ცილინდრიანი მახინჯები“ (Plug Uglies), უცხოთა გულიან სიცილს რომ იწვევდნენ მაღალი ქუდებისა და ქარში მოგრიალე გაღეღილი პერანგების გამო, მარჯვენას ხელკეტი, ჯიბეს კი პისტოლეტი უმშვენებდათ. ნაძირლების ბანდა „მკვდარი ბაჭიები“ (Dead Rabbits), ხელჩართული ბრძოლის დაწყების წინ ჯოხზე აგებულ მკვდარ კურდღელს რომ უჩვენებდნენ მეტოქეს, კაცები, რომლებიც ჯონი დოლანს ჰგავდნენ, ე.წ. „დენდის“, ცნობილი იმით, რომ შუბლზე გაზეთილი თმის კულული ედო, მაიმუნისთავიანი ხელჯოხი და სპილენძის დახვეწილი მოწყობილობა, რომელსაც ცერა თითზე იკეთებდა, სულ თან ჰქონდა, რათა სათანადოდ ამოეთხარა მტრის თვალის ბუდეები. ბიჭები კიტ ბერნსის მსგავსად, თვალის დახამხამებაში რომ შეეძლოთ ცოცხალი ვირთხისთვის თავის მოჭმა, ბიჭები, რომლებიც ჰგავდნენ ბრმა დენი ლიონსს, რომელსაც ქერა თმა და ფართო, მკვდარი თვალები ჰქონდა, სუტენიორი სამი მეძავისა, რომლებიც ამაყად მოძრაობდნენ შორიახლოს. სახლები ფერადფანრიან ქუჩებზე, ისეთი, ნიუ ინგლანდელი შვიდი და რომ ფლობდა და შობის ღამის შემოსავალს ქველმოქმედებაში ხარჯავდა. მშიერი ვირთხებისა და ძაღლების საბრძოლო არენა, ჩინური სათამაშო სახლები, ქალები, რომლებიც ჰგავდნენ მარადმწვანე ქვრივს, ჟღალ ნორას, „თრიების ბანდის“ (Gophers) ყველა ლიდერს რომ უყვარდა და ეამაყებოდა, ქალები, რომლებიც ჰგავდნენ „მტრედ ლიზის“, დენი ლიონსის სიკვდილით დასჯის შემდეგ ძაძები რომ ჩაიცვა, თავად კი „თვინიერმა მეგიმ“ წააცალა თავი, რადგან მისი დიდი ხნის რაყიფი იყო აწ განსვენებული ბრმა კაცის სიყვარულში; 1863 წლის ერთკვირიანი ველური ჯანყი, როცა ამბოხებულებმა ასობით სახლი გადაწვეს და ცოტა დააკლდათ ქალაქის სრულად დაპყრობამდე, ქუჩის შეტაკებები, რომელშიც წიხლებისგან სიკვდილის პირას მიყვანილი კაცი ისე იკარგებოდა, როგორც ზღვაში, „იოსკე შავკანიანისნაირი“ ცხენის ქურდები და მოვაჭრეები - სწორედ ეს ადამიანები ქარგავენ ამ ქაოტურ ისტორიას. ამ ისტორიების ყველაზე ცნობილი გმირი ედვარდ დელანია, იგივე ულიამ დელანი, ჯოზეფ მარვინი, ჯოზეფ მორისი, მონკ ისთმენი, ათასორასკაციანი ბანდის წინამძღოლი.

გმირი

ამ თანმიმდევრული ხრიკების რიგში (რომელიც ნიღბებით თამაშს ჰგავს, რადგან არ იცი, ვინ ვინაა) ჩვენი გმირის ნამდვილი სახელი არ ფიგურირებს, თუკი გავბედავთ და ვივარაუდებთ, რომ საერთოდ ჰქონდა. ერთი კია, ბრუკლინის ულიამსბურგის სამოქალაქო მდგომარეობათა ბიუროს სააქტო ჩანაწერებში მოხსენიებულია როგორც ედვარდ ოსტერმანი, მოგვიანებით გვარის ამერიკანიზებული ფორმით - ისთმენი. უცნაურია, ეს მრისხანე ბოროტმოქმედი ებრაელი იყო, ისეთი რესტორნის მფლობელის შვილი, სადაც ქოშერის სამზარეულოს მისდევენ და სადაც კაცები რაბინისეულ წვერებში უშიშრად მიირთმევენ უსისხლო და სამჯერ გარეცხილ ხორცს ხბოსას, რომელსაც თავი შესაშური სიზუსტით მოჰკვეთეს.

1892 წელს, ცხრამეტი წლის ასაკში მამის დახმარებით ზოომაღაზია გახსნა. ცხოველებისთვის თვალყურის დევნა, მათი ქცევებისა და უმანკოების ცქერა მისთვის საყვარელი საქმიანობა იყო სიცოცხლის ბოლომდე. კარიერის მწვერვალზეც კი, როცა ამრეზით ამბობდა უარს ტამანის საჰემის შემოთავაზებულ სიგარაზე და გონდოლასავით ავტომანქანით ყველაზე პომპეზურ ბორდელებს სტუმრობდა, მეორე და შენიღბული მაღაზიაც გახსნა, სადაც ასი ჯიშიანი კატა და ოთხასზე მეტი მტრედი ჰყავდა, როემლთაც ნებისმიერზე არ ჰყიდდა. ყველა თავისებურად უყვარდა, სათითაოდ იცნობდა და თავად უვლიდა. უცნაურია, მაგრამ ჩვევად ჰქონდა, უბანში მხარზე წამოსკუპებული ბედნიერი კატით ესეირნა, სანამ სხვები გოროზად მიჰყვებოდნენ უკან.

დამანგრეველი და მონუმენტური აღნაგობის კაცი იყო: ხარივით მოკლე კისერი ჰქონდა, ფართო გულმკერდი, გრძელი და საბრძოლველად შემართული ხელები, გატეხილი ცხვირი და სახე, როემლზეც, მართალია, მთელი მისი ცხოვრება ნაიარევებად აღბეჭდილიყო, ტანთან შედარებით მაინც ნაკლებად შთამბეჭდავი იყო. ფეხები მხედარივით თუ მეზღვაურივით დაგრეხილი ჰქონდა. პერანგისა და პიჯაკის გარეშეც შეეძლო სიარული, მაგრამ ციკლოპურ თავზე წამოსკუპებულ დაკუჭულ ქუდზე უარს ვერ ამბობდა. ის ჯერ კიდევ ახსოვთ. ფიზიკურად ტიპური ბანდიტი იყო კინოფილმიდან და სულაც არ ჰგავდა უღიმღამო და მსუქან კაპონეს. ვოლჰეიმზე ამბობენ, რომ ჰოლივუდში მხოლოდ იმიტომ დაასაქმეს, რომ ნაკვთებით სწორედ მონკ ისთმენს წააგავდა. ამ უკანასკნელს კი სჩვეოდა თავისი იმპერიის შემოვლა ლურჯფრთიანი მტრედით მხარზე, რითაც მოგაგონებდათ კუზიან ხარს ბენტევეოთი.

1894 წელს ნიუ-იორკში საჯარო საცეკვაო დაწესებულებები უხვად გამოჩნდა. წესრიგის შესანარჩუნელბად, ისთმენი ერთ-ერთი ასეთ დაწესებულებას მიუჩინეს. ლეგენდა ამბობს, რომ თავიდან დამსაქმებელს მისი დაქირავება არ უნდოდა, მაგრამ მონკმა უნარ-ჩვევების დემონსტრირება იქვე გადაწყვიტა და იოლად დაამარცხა ორი ახმახი, რომელთაც მისთვის ადგილის დათმობა არ სურდათ. ისთმენი 1899 წლამდე დარჩა იმ ადგილას, სადაც ყველას თავზარს სცემდა.

ყოველი მოთვინიერებული ჯიბგირის სახელზე, მონკი თავის უზარმაზარ ხელკეტზე დანით თითო ნიშანს ტოვებდა. ერთ საღამოს მისი ყურადღება მიიქცია ლუდის კათხიანმა მელოტმა კაცმა, რომელსაც ხელკეტი ისე უთავაზა თავში, საბრალომ გონება დაკარგა. მონკი კი აყვირდა, ერთი დამღა მრჩებოდა ორმოცდაათამდეო.

ძალაუფლება

1899 წლიდან ისთემი არა მხოლოდ ცნობილი კაცი იყო, მნიშვნელოვანი ზონის კანონიერად არჩეული მეთაური გახლდათ და ფულს იღებდა წითელი ფარნების ქუჩებიდან, სათამაშო სახლებიდან, ქუჩის მეძავებისა თუ ამ უბნების ბინძური დასახლებებიდან. კრიმინალური დაჯგუფებები თუ კერძო პირები ამა თუ იმ დანაშაულის ორგანიზებისათვის მას ეთათბირებოდნენ. ჰონორარი შემდეგი იყო: 15 დოლარი მოჭრილი ყურისთვის, 19 დოლარი მოტეხილი ფეხისათვის, 25 დოლარი ფეხში ნასროლი ტყვიისათვის, 25 დანით მიყენებული ჭრილობისათვის და 100 მსხვილი საქმისათვის. ზოგჯერ ფორმის შესანარჩუნებლად ისთმენი პირადად ასრულებდა შეკვეთას.

საკონტროლო ტერიტორიებზე დავამ (ისეთივე სპეციფიკურმა და უჟმურმა, როგორიც ის დავებია, საერთაშორისო სამართლის ნორმები რომ აჭიანურებენ) ისთმენი სხვა ცნობილი დაჯგუფების ლიდერთან, ვინმე პოლ კელისთან, დააპირისპირა. მაშინ დაპირისპირება პატრულის ტყვიების ზუზუნმა და ჩხუბმა გადაწყვიტა, საზღვრები მოინიშნა. ერთხელ, ალიონზე, ისთმენმა მონიშნული ტერიტორია გადაკვეთა, სადაც ხუთი ადამიანი დაესხა თავს, თავბრუდამხვევად სწრაფი, მაიმუნის მსგავსი მკლავებისა და ხელკეტის წყალობით მონკმა სამი იქვე მიაწვინა, მაგრამ დარჩენილებმა მუცელში ორი ტყვია დაახალეს და რადგან ეგონათ მოკვდაო, ქუჩაში მიაგდეს. ისთმენმა ცერა და საჩვენებელი თითი ნატყვიარზე მიიდო და ლოთივით ფორთხვით მიაღწია საავადმყოფომდე. ბრძოლა სიცოცხლეს, მაღალ ტემპერატურასა და სიკვდილს შორის რამდენიმე კვირა გაგრძელდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე არავინ დაუსმენია. როცა საავადმყოფოდან გამოეწერა, გარდაუვალი გახდა ომი, რომელიც ათას ცხრაას სამი წლის ცხრამეტ აგვისტომდე მძვინვარებდა.

რევინგტონის შეტაკება

ასობით გმირმა, ბუნდოვნად რომ გაირჩევიან მათ საქმეში გაფანტულ ფოტოებზე, ასობით თამბაქოს სუნითა და ალკოჰოლით გაჟღენთილმა გმირმა, ასობით გმირმა ფართოფარფლიან ქუდზე მოხვეული ფერადი ლენტით, ასობით უამრავი დაავადების მქონე გმირმა, მძიმე თუ მსუბუქ ფორმებში რომ აქვთ კარიესი, თირკმლისა და სასუნთქი გზების დაავადებები, ასობით უმნიშვნელო თუ დიდებულმა ნაძირალამ ტროელებისა და ხუნინელების (პროვინცია პერუში) მსგავსად, უკუნეთ ღამეს შემაღლებული თაღის ქვეშ შეტაკება მოაწყო. დაპირისპირების მიზეზი გახდა ერთგვარი გადასახადი, რომელსაც კელის ბიჭები ითხოვდნენ სათამაშო სახლის მფლობელ მონკ ისთმენის მეგობრისგან. როცა ბანდის ერთ-ერთი წევრი მოკლეს, ტყვიების ზუზუნი პისტოლეტების უთვალავ ოდენობაში გადაიზარდა, დაქირავებული ავტომანქანების ცენტრში შემაღლებულ ბოძებს ამოფარებული წვერიანი კაცები უსიტყვოდ ეცემოდნენ ძირს, მუშტი კი კოლტის რევოლვერისთვის კუშტად შეეკრათ. რას გრძნობდნენ ნეტავ ამ შეტაკების მონაწილეები? პირველი (ალბათ) - ველურ რწმენას, რომ ასობით რევოლვერის უწესრიგო გრუხუნი მიწასთან მყისიერად გაასწორებდა მათ, მეორეც (ალბათ) - სავარაუდოა, მისცემოდნენ საკმაოდ სულელურ იმედს, რომ თუ ისინი პირველმა ტყვიამ არ იმსხვერპლა, ესე იგი, დაუმარცხებელნი იყვნენ. ერთი რამ ეჭვგარეშეა - რკინის სანგრებს შეფარულები და ღამის ბინდში გახვეულები, გაცხადებით იბრძოდნენ. პოლიციამ ორჯერ სცადა ჩარეულიყო ბანდების ქუჩურ გარჩევებში, მაგრამ ორჯერვე ჩამოიშორეს. ალიონის პირველი სხივებისთანავე, შეტაკება ისე ჩაკვდა, თითქოს უცენზურო ან სპექტრული სანახაობა ყოფილიყო. რკინის დიდ თაღებქვეშ ეყარა შვიდი მძიმედ დაჭრილი, ოთხი გვამი და ერთი მკვდარი მტრედი.

ხრაშუნი

პოლიტიკური ფიგურები, რომელთაც მონკ ისთმენი სამსახურს უწევდა, საჯაროდ ყოველთვის უარყოფდნენ რომელიმე ბანდის არსებობას, ან უკიდურეს შემთხვევაში, აცხადებნდნენ, რომ ლაპარაკი იყო ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფზე, რომელსაც მხოლოდ გართობა სურდა. რივინგტონის სასტიკმა შეტაკებამ ყველა გამოაფხიზლა. ორივე ბანდის მეთაურს ზავის დასადებად უხმეს. კელმა (რომელმაც კარგად იცოდა, რომ პოლიტიკოსებს კოლტის რევოლვერებზე უკეთ შეეძლოთ პოლიციის მოვალეობის აღსრულება), მაშინვე თქვა „დიახ“, ისთემნს კი (თავისი ბრუტალური აღნაგობისგან გათამამებულს) სროლა და ბრძოლა სწყუროდა. რადგან ზავზე სასტიკი უარი განაცხადა, იძულებულები გახდნენ, ციხით დამუქრებოდნენ. ბოლოს ორი გამოჩენილი ბოროტმოქმედი ბარში სათათბიროდ დასხდა, პირში სიგარა გაირჭვეს, მარჯვენა რევოლვერს ჩასჭირდეს და იარაღიანი ბიჭებით გარშემოტყმულნი წმინდა ამერიკულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ: დაე, დავა კრივში დაპირისპირებას გადაეწყვიტა. კელი შესანიშნავი მოკრივე იყო. მატჩი ფარდულში გაიმართა და ბრწყინვალე გამოდგა. შერკინებას ას ორმოცი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მოღრეცილქუდიანი კაცები და მაღალი, მონუმენტური ვარცხნილობის ქალები. დაპირისპირება ორ საათს გასტანა და ერთმანეთის დალილავებით დასრულდა. ერთი კვირის თავზე ტყვიები კვლავ ნაპერწლკებს ყრიდნენ. მონკ ისთმენი, უკვე მერამდენედ, დააპატიმრეს. მისმა მფარველებმა შვებით ამოისუნთქეს. მოსამართლემ ისთმენს, ყველაფრის გათვალისწინებით, ათი წლით ციხე მიუსაჯა.

ისთმენი გერმანიის წინააღმდეგ

როცა ჯერ კიდევ დაბნეული მონკი სინგ-სინგის ციხიდან გამოვიდა, მისი ათასორასკაციანი ბანდა უკვე დაშლილიყო. მათი ხელახლა მოკრება ვერ შეძლო და გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა: 1917 წლის 8 სექტემბერს საჯარო დებოში მოაწყო, ამავე წლის 9 სექტემბერს გადაწყვიტა, სხვა ქაოსში მიეღო მონაწილეობა და ქვეითთა სამხედრო დანაყოფში ჩაეწერა.

მისი სამხედრო კარიერიდან ბევრი რამ ვიცით. გამალებიტ წინააღმდეგებოდა ტყვეთა აყვანას, რის გამოც ერთხე (კონდახის ერთი მოქნევით) ხსენებული ტრადიციისთვის ხელის შეშლაც მოუხდა. ვიცით, რომ დაავადმყოფოდან გაიქცა და სანგრებში დაბრუნდა. მონტფოკონის მახლობლად ბრძოლებში თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა. ბოლოს ამბობდა, ბოუერის ცეკვები უფრო საშიშია, ვიდრე ევროპული ომიო.

მისტიკური, მაგრამ ლოგიკური დასასრული

1920 წლის 25 დეკემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მონკ ისთმენის გვამს დაათენდა. ხუთი ტყვია ჰქონდა ნასროლი. სიკვდილის არმცოდნე ბედნიერი კატა კი დაბნეული, მაგრამ ჩვეული მოძრაობით გარს უვლიდა უკვე გაციებულ გვამს.

The Gangs of new York, Herbert Asbury, New York, 1927 
ესპანურიდან თარგმნა - ნინო ფიფიამ
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში