ედუარდ შევარდნაძე - ტერორიზმის ეპიდემია
ლექცია, წაკითხული 2004 წლის 23 ოქტომბერს, მიუნხენში, საერთაშორისო კონფერენციაზე
ტერორიზმის ეპიდემიამ დღეს უკვე მსოფლიო მოიცვა. ეს, ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო ომის გამოცხადებაა, რომელშიც არ ჩანს მტერი და რომელსაც შეიძლება ყველა ემსხვერპლოს. ტერორისტი, ყველა რელიგიური დოგმისა და ეთნიკური იმპერატივის საწინააღმდეგოდ, არ ინდობს არავის - არც სხვასა და არც საკუთარ თავს.
უშუალოდ ტერორისტებთან ბრძოლა სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია იმ სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებთან ბრძოლაც, რომლებიც ტერორიზმს ბადებს, ადამიანებს მკვლელობისა და თვითმკვლელობის იქით სხვა გზის დანახვის უნარს უსპობს.
როგორც ზემოთ ითქვა, თავის დროზე ჩეჩნები და, საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთაც მეფის რუსეთი „ველურებს“ უწოდებდა და შესაბამისად ეპყრობოდა, ჩრდილო კავკასიის ყველაზე ნოყიერ მიწებზე ცხოვრობდნენ - დაბლობზე. რუსეთმა ისინი ამ მიწებიდან განდევნა და მთებში არეკა. ეს იყო კავკასიური ომების ათწლეულები (1817-1864), რომელთაც სხვადასხვა დროს რუსეთის ყველაზე ცნობილი მხედართმთავრები ხელმძღვანელობდნენ - სუვოროვი, ერმოლოვი და სხვები. გენერლების ერთი ნაწილი რომ კავკასიას იპყრობდა, მეორე ამბოხებულ პოლონეთს არჯულებდა. დრო იყო ასეთი, დაპყრობებისა და მიწათშეკრების რო. აქ არაფერი ხდებოდა ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა, მაგრამ ხდებოდა განსაკუთრებული სისასტიკითა და შეურიგებლობით.
დღევანდელი მუსლიმანური ექსტრემიზმის და აქედან ტერორიზმის სათავე ჩრდილო კავკასიაში იქნება იქიდანაც მოდის, იმ შეურიგებლობიდან, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ - ჩრდილოკავკასიელი, აფხაზი თუ ქართველი მოსახლეობის მუსლიმანური ნაწილი სახელმწიფოდან გადაასახლეს და მუჰაჯირებად აქციეს. ამ ომებისა და უბედურების შედეგად საერთოდ გაქრა, მაგალითად ერთი ჩრდილოკავკასიელი ხალხი - უბიხები, ისევე როგორც უამრავი ხალხი გაქრა რუსეთის აღმოსავლეთის სიღრმეში, ციმბირში.
იმპერატორის დაწყებული საქმე მოგვიანებით სტალინმა გააგრძელა, როდესაც არალოიალურობის საბაბით და მისი ბრძანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეჩნები და კავკასიის სხვა ხალხები ერთ ღამეში ყაზახეთის და ცენტრალური აზიის ტრამალებში გადაასახლეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ უკან დაბრუნებულ ჩეჩნების ოჯახებს თავიანთ სამოსახლოზე სხვები დახვდნენ.
ეს ამბები ევროპაში ნაკლებად იციან. კავკასიაში იშვიათად დადიან ტურისტები, ხოლო კავკასიის ისტორია არ წარმოადგენს დასავლეთის ისტორიის იმ ნაწილს, რომლის ცოდნაც საშუალო ევროპელს მოეთხოვება. სამწუხაროდ, ბევრი ევროლეისთვის კავკასია უცხოა.
ამგვარად, ჩეჩნეთში შეფარულად თუ აშკარად მუდმივად ფეთქავდა ტკივილი ისტორიული უსამართლობის გამო, თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა მოკლული, დასახიჩრებული ან დაპატიმრებული წინაპარი. ჩეჩნებისა და რუსების მომავლისათვის საჭირო იყო, ორივე მხარე გათავისუფლებულიყო წარსულის ამ კოშმარისგან. შესაძლებელი იყო თუ არა ეს? დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იყო, თუკი თანმიმდევრულად და განუხრელად გაგრძელდებოდა ის პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთში „გლასნოსტის“ სახელით იცნობენ.
ამ პოლიტიკას საფუძვლად ედო მიდგომა, რომელიც საკუთარზე ზრუნვასთან ერთად, განსხვავებულის პატივისცემას გულისხმობს. ის, რაც „აქ“ და „ახლა“ „სხვაა“ ჩემთვის - არსებობს, მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა და ანგარიშს გავუწევ თუ არა, ჩემივე მომავლისთვის უმჯობესია, თუ ამ „სხვის“ გაცნობასა და შეცნობას შევეცდები. ასეთი მიდგომა მშვიდობის უფრო ძნელად მისაღწევი, მაგრამ ამასთან უფრო მყარი გარანტიაა, ვიდრე ძალადობასა და დათრგუნვაზე დაფუძნებული სტრატეგია. „გლასნოსტი“ სხვა არაფერია, თუ არა წარსულის რეალურად გააზრება, სხვასთან დიალოგი, მიჩქმალულის წარმოჩენა და ახალი აზროვნება ხანგრძლივი, მტკიცე მშვიდობისათვის.
რუსეთს შეეძლო ჩეჩნებისათვის ბოდიში მოეხადა, მათ წინააღმდეგ წარსულში განხორციელებული ეთნოწმენდის გამო. დიპლომატია და მოლაპარაკებები შეზღუდავდა ჩეჩენი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში ჩარჩენილი ამ ტკივილის ხელახალი გაღვივებისა და შურისძიების მოთხოვნილებად ქცევის შესაძლებლობას. რუსეთის იმპერიულმა გათვლებმა კი პირიქით, სწორედ აგრესიისა და სეპარატიზმის წაქეზება მოახდინა, ოღონდ ამ ინსპირირებული აგრესიისათვის მიმართულება უნდა შეეცვალათ: სამიზნე რუსეთის მაგივრად სხვა ქვეყანა უნდა გამხდარიყო, კერძოდ, საქართველო, სამხრეთ კავკასიაში მდებარე უძველესი კულტურის პატარა ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ მის მიმართ განხორციელებული ანექსიიდან 70 წლის შემდეგ ის-ის იყო, კვლავ აღიდგინა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავი დააღწია ძალადობით თავს მოხვეულ დიქტატს.
რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა - ანუ რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ხალხთა - კონფედერაცია, რომლის დედაქალაქადაც, როგორც ზემოთ ითქვა, სხვა ქვეყნის, საქართველოს ერთ-ერთი მიწის - აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი გამოცხადდა. კონფედერაციის ერთი „უმნიშვნელო“ დეტალიღა რჩებოდა შეუსრულებელი - ხსენებული ქალაქისა და მიწის დაპყრობა. პარალელურად, რუსეთის სპეცსამსახურები ყოველმხრივ აქეზებდნენ სეპარატიზმს ეთნიკურ აფხაზთა შორის, რომლებსაც საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის საფასურად ჯილდოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის შემადგენლობაში ჰეგემონის როლს ჰპირდებოდნენ. ასე დაიწყო რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთ-საქართველოს ომის სახელით შევიდა ისტორიაში და რომელშიცრუსეთმა თავისი იარაღით ქართველების წინააღმდეგ, დაქირავებული რუსი მეომრების გარდა, ძირითადად, ჩეჩენთა შეიარაღებული ფორმირებები აომა.
რუსეთში ამით ორ კურდღელს იჭედნენ: 1. თავიდან იცილებდნენ ჩრდილოკავკასიელთა შეიარაღებულ გაერთიანებებს - მოსახლეობის აქტიურ და დაუსაქმებელ ნაწილს; 2. ქმნიდნენ წინა პირობას შავ ზღვაზე გასასვლელი პლაცდარმის - აფხაზეთის ხელში ჩასაგდებად.
ორივე მიზანი მიღწეულ იქნა. ის, რაც აფხაზეთში მოხდა, იყო უმაღლეს დონეზე დაგეგმილი და დაფინანსებული სახელმწიფო ტერორი საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა მოახერხა აფხაზეთის ფაქტობრივი სეპარირება დანარჩენი საქართველოსგან, ხოლო ახლახან აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგებით, სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნითა და უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვით რუსეთმა უკვე დაუფარავად მოახდინა თავისი ჩანაფიქრის დემონსტრირება.
სამას ათასამდე ეთნიკური ქართველო გამოდევნეს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მიწიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. უკვე ითქვა, რომ ბევრი მათგანი მთიან გზაზე სიცივისა და შიმშილისგან დაიღუპა. ეს იყო რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების, საზღვაო-საავიაციო და სახმელეთო შენაერთების მონაწილეობიტ წარმართული ომის შედეგი.
ჩემ მიერ გაეროს სესიაზე 1992 წელს წარდგენილი მოხსენება იყო ახალი, მაგრამ ნახევრად დანგრეული საქართველოს მეთაურის პირველი გამოსვლა ამ ორგანიზაციაში. სწორედ ამ გამოსვლაზე გავაფრთხილე მსოფლიო საზოგადოება იმ გლობალური საშიშროების შესახებ, რომელიც სეპარატიზმში, ტერორიზმში, დივერსიებსა და მძევლად აყვანაში ვლინდება და მის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოვუწოდე. შემდეგ კიდევ ორჯერ, სხვადასხვა დროს, ჩემი მოთხოვნით მოიწვიეს უშიშროების საბჭოს ორი სხდომა, რომლებზეც იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს ვეხებოდი. ვერ ვიტყვი, რომ რეაქცია არ მოუხდენიათ - ოცდარვა რეზოლუცია მიიღო უშიშროების საბჭომ, ოღონდ ეგ არის, ფაქტობრივად, არც ერთი არ შესრულებულა.
მსოფლიო ისტორია გვასწავლის, რომ ყველა დიდ მოვლენას თან სდევს საწინაარმდეგო, საერთო ჯამში, კაცობრიობისათვის მიუღებელი ტენდენციებიც.
მაგალითად, „ცივი ომის“ დამთავრებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოტ წარმოქმნის ფონზე არნახული მასშტაბები მიიღო სეპარატისტულმა მოძრაობამ და ტერორიზმმა. ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ საბოლოო ჯამში ერთი წარმოშობს მეორეს, ხოლო მეორე, ე.ი. ტერორიზმი, ხშირად იკვებება აგრესიული სეპარატიზმის ნოყიერი ნიადაგით. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიომ ვერ დააკავშირა ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან, ამიტომაც მე დავასკვნი - სანამ იარსებებს აგრესიული სეპარატიზმი, როგორც მოძრაობა, ტერორიზმის საფრტხისგან არ ვართ დაზღვეულები. ამასთან, პირველ რიგში, სწორედ სეპარატიზმის ხელშემყობი სახელმწიფოები და ხალხები ზარალდებიან გარდა ცალკეული გამონაკლისისა.
2004 წლის სექტემბერში საქართველოს ახალი პრეზიდენტიც გამოვიდა გაეროს სესიაზე და ყველა საკითხი, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, მწვავედ დააყენა. ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება ამას.
იქნებ იმხანად, 1992 წელს, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ ვინმემ პოლიტიკური მოქნილობის ეტალონადაც კი მიიჩნია, მაგრამ ჩემთვის ამ მანევრის დღემოკლეობა იმთავითვე ცხადი იყო. უზნეო პოლტიკა უპერსპექტივოა. ისტორიულ უსამართლობას - წარსულში რუსეთის მიერ ჩეჩნეთში გატარებულ ეთნოწმენდას, ვერ გააწონასწორებდა ახალი უსამართლობა - ჩეჩნების მონაწილეობით ჩატარებული ეთნოწმენდა საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში. ამიტომაც მივმართე 1993 წელს რუსეთს მთელი მსოფლიოს გასაგონად: ყველაფერი ეს თქვენვე ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ-მეთქი. ასეც მოხდა, სამწუხაროდ, ჩემი წინასწარმეტყველება ახდა. დაიწყო ჩეჩნეთ-რუსეთის ომი.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა ხოცვა-ჟლეტის გამოცდილება ჩეჩენი ეროვნების ტერორისტებმა აფხაზეთში ქართველთა განადგურებისას სრულყვეს, არც მე და არც ქართველ ხალხს არ გაგვიიგივებია ჩეჩნეთი და ტერორიზმი. ჩვენ შევიფარეთ ჩეჩენი ლტოლვილები, როდესაც ისინი რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა ზამთარში სამშობლოდან საქართველოში გამოდევნეს (დაახლოებით 10 ათასი კაცი). გვიჭირდა, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, ლტოლვილი დაჭრილების, ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის საზღვარი ჩაეკეტა, ან საკუთარი მწირი ულუფა არ ეწილადა. ისიც უნდა ვთქვა, რომ როდესაც რუსეთმა აქეთ შემოგვიტია მათ გამო, ტერორისტებს იფარავთო, ყველა ჩეჩენი მამაკაცი, ვისაც კი სიარული შეეძლო, თავად გაერიდა საქართველოს, რათა ჩვენთვის პრობლემები არ შეექმნა.
ვშიშობ, რომ ევროპა არც საქართველოს იცნობს კარგად, რაც ერთობ დასანანია. საქართველო წინათაც და ახლაც ევროპის ნაწილად თვლიდა თავს თავისი წინარექრისტიანული და ქრისტიანული კულტურით, თავისი მენტალიტეტით, თავისი სახელმწიფოებრივი მიზნებიტ და ამიტომ იმ გლობალურ საშიშროებასთან ბრძოლა, როგორიც ტერორიზმია, მისი, როგორც ევროპული ქვეყნის უპირველესი ვალიცაა. ტერორიზმი იმ კულტურას ანგრევს და სპობს, რომელსაც სწორედ ევროპულ ცივილიზაციაში აქვს ფესვები გადგმული.
საერთაშორისო ტერორიზმის დაძლევაში ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ გამორჩეული როლი მაინც ევროპასა და აშშ-ს ეკისრებათ. ჩემი წინადადებაა, ევროპაში შეიქმნას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი სათანადო ფილიალებით ყველა იმ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოშიც), რომელიც მართალია, ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ტერორიზმთან ბრძოლის ერთიანი სისტემის წევრობას მოინდომებს.
ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით, ეს ორგანიზაცია უნდა გახდეს ძლიერი სტრუქტურა, რომლის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იქნება უკლებლივ ყველა მონაწილე ქვეყნისთვის. ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ტერორიზმის ნაირსახეობების, მათი კერებისა და წარმომშობი მიზეზების შესწავლისა და მიღებული დასკვნისა თუ ინფორმაციის გავრცელების ფართომასშტაბიანი პროგრამა. ასეთი ორგანიზაცია:
1. ხელს შეუწყობს ტერორიზმის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნების კოორდინირებულ და შეთანხმებულ ქმედებას;
2. დააჩქარებს იმ ქვეყნების კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის ყველაზე არსებითი ასპექტების შესახებ ადეკვატური ცოდნის გავრცელებას ევროპაში, რომლებიც არ შედიან - ან ჯერ არ შედიან - ევროპის კავშირში.
დარწმუნებული ვარ - „სხვათა“, ჩვენგან განსხვავებულთა, ჩაღრმავებული გაცნობიტ და შესწავლით აღმოვაჩენთ, რომ ის, რაც უცხოა ჩვენთვის, ასევე უცხო და მიუღებელია მათთვისაც, ვის ეროვნებასაც ან რელიგიასაც არიან ამოფარებულნი ტერორისტები. ისლამი განსხვავდება ქრისტიანობისგან, მაგრამ დიალოგი დაგვარწმუნებს, რომ 11 სექტემბრის სემზარავი და გამანადგურებელი ფანატიზმი და ბესლანის საშინელება მხოლოდ ქრისტიანებისთვის კი არ არის მიუღებელი, არამედ მუსლიმანებისთვისაც. აგრესიული ფანატიზმი და ფუნდამენტალიზმი ისევე მტრობს ისლამს, როგორც ქრისტიანობას.
ბესლანის შემაძრწუნებელი ტრაგედია მხოლოდ ჩვენთვის კი არ არის დაუჯერებელი კოშმარი, არამედ უპირველესად იმ ხალხისთვის, რომელთა წარმომადგენლებიც ამ ტერაქტის უკან მოიაზრებიან - მთის კავკასიური ღირსების კოდექსის მიხედვით ბავშვი ხომ უმაღლესი და ხელშეუხებელი ფასეულობაა.
გაერთიანებული ევროპის თითოეული ქვეყანა თავისებური და სხვისგან გასნხვავებულია, მაგრამ სხვაობის მიუხედავად, ისინი უცხონი არ არიან ერთმანეთისთვის. ევროპის ქვეყნებს არ დაუძლევიათ სხვაობა, მაგრამ დაძლიეს უცხოობა. ეს არის ახალი ევროპის უდიდესი, სამაგალითო მიღწევა და სწორედ ამ დიდებული სამშვიდობო მუხტით უნდა მიიღოს ახალმა ევროპამ ახალი საუკუნის მთავარი გამოწვევა და დასძლიოს საერთაშორისო ტერორიზმი.
სრულიად ბუნებრივია, რომ ახალი ევროპა ახლა საკუთარი თავით არის დაკავებული. აი, მაგლაითად გერმანიაში ფართომასშტაბიანი რეფორმები მიმდინარეობს. ვიმეორებ, ყველასათვის გასაგებია, რომ ევროპა ახლა „თავის თავშია ჩაკეტილი“, მაგრამ სულ მალე ის კვლავ „გაიხსნება“. ჩემი მეგობარი ჰანს-დიტრიხ გენსერი - ეს სრულიად გამორჩული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე - დამემოწმება, რომ როცა კოლეგებთან ერთად საზღვრებს ვხსნიდით და ახალი მსოფლიო წესრიგის კონცეფციას ხორცს ვასხამდით, ის როდი გვქონდა დასახული მიზნად, რომ გერმანიის გაერთიანებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დასავლური ღირებულებების დანერგვის შემდეგ გაერთიანებული ევროპა „თავის თავში ჩაკეტილიყო.“ როცა „ცივი ომის“ დაძლევა დავისახეთ მიზნად, ეს ჩვენთვის „ცივი ომის“ დასრულების პროცესს ნიშნავდა და არა „ცივი ომის“ ფრონტის ხაზის გადაადგილებას.
მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მწამს - მსოფლიო ევროპისგან ელის წამყვანი როლის შესრულებას ტერორიზმის დაძლევაში, ხოლო გზა შიშისაგან თავისუფალი, მშვიდობიანი მსოფლიოსკენ, კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგზე და ისევ და ისევ დიალოგზე გადის.
ეს არის რწმენა ადამიანისა, რომელიც მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტების მიუხედავად, სამჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს; ადამიანისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განუწყვეტელი ცილისწამების სამიზნე იყო (მე ამას მორალური ტერორი ვუწოდე) და რომელიც ამაყობს იმით, რომ კრიტიკულ ვითარებაშიც კი უსისხლოდ ახერხებდა ადამიანთა ბედის განმსაზღვრელი მოვლენების მართვას, თუნდაც პირადი ძალაუფლებისა და მდგომარეობის დათმობის ხარჯზე; ადამიანისა, რომელიც ამ ყველაფრის გამო დამარცხებულად კი არ გრძნობს თავს, არამედ - გამარჯვებლად, თან არა მარტო მორალურად, არამედ პოლიტიკურადაც, რადგან დარწმუნებულია, რომ ის მსოფხედველობა, რომელსაც თავის კოლეგებსა და თანამოაზრეებთან ერთად ხორცს ასხამდა, მალე კვლავ იდეალად დაისახება და ჩვენი საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკური თანაცხოვრების ნორმად გადაიქცევა.
გამომცემლობა პალიტრა L, 2006წ.