ჰომეროსი - ჰიმნი აფროდიტეს

Andy Warhol - The birth of Venus
მუზავ, მიამბე მრავალოქროვანი კიპრისის საქმენი,
ვინც ტრფობის უტკბესი წადილი აღაგზნო უკვდავთა
კრებულში, ვინც დაიმორჩილა მოკვდავად შობილთა მრავალი ტომი და
ფრინველნიც ზევსისგან ცით ჩამოფრენილნი და ყველა არსება,
ხმელეთი რომ უჩენს მრავალგვარ საზრდოს და დიადი
პონტოსიც; 

გვირგვინით შემკული კიპრისის საქმენი მიამბე, ღმერთქალო.
სამ ქალღმერთს ვერ აცდენს და ვერ იმორჩილებს კიპრისი
მარტოდენ.

პირველად ბუსთვალა ათენა ვახსენოთ, ასული ზევსისა.
არ უყვარს ათენას მრავალოქროვანი კიპრისის საქმენი,
ბრძოლა და ყიჟინი, არესის ომები თუ მოსწონს მარტოდენ.
შებმა და კვეთება თუ მოსწონს მხოლოდ და დიადი გმირობა.
პირველად მიწაზე გაჩენილ ხუროებს ასწავლა ათენამ
სპილენძით შეჭედილ საბრძოლო ეტლების ლამაზად კეთება,
დიდ მეგარონებში აბრეშუმკაბიან ქალწულებს მიჰმადლა
ბრწყინვალე საქმენი და მკერდში ჩაუდო ხელსაქმის ხელობა,

ვერც ხმაურიან და ვერც ოქროსისრიან ღვთაება არტემისს
ვერ უნთებს სიყვარულს ღიმილის მოყვარე დიადი კიპრისი,
ისართა მიზანში სწორება იტაცებს დიდებულ არტემისს,
ცხოველთა მუსვრა, ფორმინქსთა ხმები და ფერხულთა ყიჟინა,
ჩრდილხშირი ტევრნი და სამართალშემოსილ ვაჟკაცთა
ქალაქი.

არც კდემით აღსავსე ქალიშვილს არ მოსწონს კიპრისის
საქმენი, ჰესტიას, რომელიც პირველად დაბადა ცბიერმა კრონოსმა
და მერმე სულ ბოლოს მამისგან რომ იშვა კრონიდის
წყალობით.

თვით აპოლონიც და თვით პოსეიდონიც ეტრფოდნენ
დედოფალს, არ მოიწადინა ისინი ჰესტიამ, უარყო ორივე.
ფიცი კი მართლაცდა დიადი დადო და აღსრულდა ის ფიცი,
ეგისის მპყრობელი ზევსის თავს შეეხო ფიცის დროს ჰესტია,
რომ მუდამ ქალწული დარჩება იგი და ღმერთთაგან
ბრწყინვალე.

დიადმა ზევსმა კი ქორწილის სანაცვლოდ ეს მისცა საჩუქრად -
შუაგულ სახლში ზის და ასეთნაირად ღებულობს ნაფერდალს.
პატივს არ აკლებენ ღმერთთათვის აგებულ ტაძრებში
ჰესტიას და ყველა კაცთაგან მასა აქვს ყველაზე დიადი პატივი.

ამათ ვერ აცდუნებს, ვერაფრით აჯერებს კიპრისი მარტოდენ,
სხვა ვერვინ გაურბის ლამაზ და დიდებულ ოქრო-აფროდიტეს.
ვერც ნეტარ ღმერთთაგან გაურბის ვინმე და ვერც მოკვდავ
კაცთაგან, ელვამონეტარე თვით დიად ზევსსაც კი უქცია გზა-კვალი,
რაოდენ დიადიც არ უნდა იყოს და დიდპატივგებული.
უნდოდა თუ არა, მსწრაფლ დაუბნელებდა უბრძენეს გონებას
და მერე ადვილად შერთავდა მიწიერ და მოკვდავ ასულებს,
და ავიწყდებოდა ზევსს თავად ჰერაც კი - დაცა და მეუღლეც -
იერით ყველაზე დიადი რომ არის ქალღმერთთა კრებულში,
ყველაზე ბრწყინვალე კრონოსმა დაბადა ესოდენ ცბიერმა
და დედამ - რეიემ. ზევსმა კი გონებით ეგოდენ ძალუმმა
მეუღლედ დაისვა ქალღმერთი ჭკვიანი და მუდამ მზრუნველი.

თვით აფროდიტესაც სტყორცნა და აღუძრა დიადმა
კრონიდმა მოკვდავთან ტრფიალის უტკბესი წადილი, რომ მასაც
ვერაფრით ვეღარ აეცდინა სარეცლის გაყოფა უბრალო ვაჟკაცთან,
ვეღარ შეძლებოდა ღმერთებში ტრაბახი სიცილის მოყვარე,
ტკბილად მომცინარე ოქრო-აფროდიტეს, რომ დიდი
ღმერთები მიწიერ ქალებთან წვებოდნენ ტრფიალით და მერე ისინი,
მოკვდავად შობილნი, მიწიერ შვილებსვე უშობდნენ უკვდავებს,
ისე, ვით ღმერთქალებს ერწყმიან მოკვდავად შობილი ჭაბუკნი.
შიგ სულში ჩაუდო უტკბესი წადილი გმირ ანქიზესადმი,
ხარებს რომ მწყემსავდა წყაროუხვ იდაზე, ცადაწვდილ მის
მთებში.

თავად კი უკვდავთა სადარი რომ იყო თავისი იერით,
იმჟამად იხილა სიცილის მოყვარე - კიპრისმა ანქიზე,
მყის შეუყვარდა და სასტიკი წადილი აღეძრა გულმკერდში.
კიპროსზე მოსული პაფოსში აღმართულ ამოდსურნელოვან
ტაძარში ჩაეშვა. აქ წმინდა ტევრია მისი და სამსხვერპლო.
შევიდა ტაძარში, კარები ჩაკეტა საამოდ სურნელმა.
ხოლო ქარიტებმა განბანეს კიპრისი და ზეთი წაუცხეს,
ის ნელსაცხებელი, ღვთაებებს რაცა აქვთ წასმული სხეულზე -
ტკბილი ამბროსია - თავისთვის რომ ჰქონდა
ოქრო-აფროდიტეს.

და შეიმოსა და კეთილი სამოსი მოირგო სხეულზე,
ოქროთი მოირთო სიცილის მოყვარე ბრწყინვალე კიპრისი,
დატოვა კიპროსი სურნელოვანი და ტროისკენ გასწია,
ღრუბელთა ზეგარდმო, მაღალზე კვალავდა თავის გზას
ღვთაება, და როცა მიადგა ცხოველთა დედას და წყაროუხვ იდის მთას,
მთიდან მიაშურა მწყემსების საცხოვრისს კიპრისმა, უკან კი
კუდების ქიცინით მგლებიც მას მოსდევდნენ, მზერამზე
ლომებიც, დათვები, აგრეთვე ფეხმარდი ირმების მმუსვრელი ჯიქები,
მოსდევდნენ მშვენიერს, ხედავდა იმათ და ხარობდა
ქალღმერთი.

მკერდშიგან ჩაუდო სუყველას ნდომა და ისინიც - მხეცებიც -
დაწყვილდნენ მყისვე და სიყვარულს მიეცნენ დაჩრდილულ
ხევებში.

თვით აფროდიტე კი მშვენივრად შეჭედილ კარებთან მივიდა,
იქ ნახა კიპრისმა გმირი ანქიზესი, მარტოკა რომ იყო
დიდებულ კარავში, ღმერთთაგან რომ ჰქონდა რგებული
მშვენება.

ნახირს აძოვებდნენ იმჟამად მწყემსები ბალახხშირ ველებზე,
ყველანი იქ იყვნენ, იგი კი მარტოკა ვიდოდა კარავში,
ბოლთასა სცემდა და ეულად უკრავდა საამო კითარას.
პირისპირ წარუდგა ანქიზესს კიპრისი, ასული ზევსისა,
თავისი სიმაღლით და თავის იერით გოგონას სადარი,
რომ იმის დამნახველს არ შეშინებოდა მშვენიერ ანქიზესს.
უმზერდა მოკვდავი ღმერთქალს და ფიქრობდა და დიდად
უკვირდა ქალწულის იერი და მისი სიმაღლე, ლამაზი სამოსიც,
რამეთუ პეპლოსი ბრწყინვალე იყო და ცეცხლივით კაშკაშა,
ოქროთი ნაქსოვი, მთოვარე რომ ჰქონდა ზედ ამოქარგული,
მკერდს შემოვლებული მთვარისებრ ელვარე და გასაოცარი.
საკინძეც აეხსნა, და საყურეებიც შვენოდა კიპროგენეას
და ყელსაბამებიც, ესოდენ ლამაზნი, ყელს ჰქონდა ასხმული.

“იხარე, ქალღმერთო, შენ, ვინაც ღმერთთაგან მოხვედი ამ
სახლში, ან არტემისი ხარ ან თავად ლეტო და ან ოქრო-კიპრისი,
ან გვარით კეთილი თემისი თუ ხარ და ბუსთვალა ათენე,
ან ქარიტთაგანი ხომ არ ხარ ერთ-ერთი, დიდებულ ღვთაებებს
რომ მეგობრობენ და რომელთაც უკვდავებს უხმობენ
მოკვდავნი, მშვენიერ ტევრებს რომ უფლობენ ნიმფები, იმათგან ხომ
არ ხარ? ან კიდევ მათგანი, რომელნიც ამ მთაზე ცხოვრობენ ამჟამად,
მდინარის წყაროებს უფლობენ რომელნიც და მასთან
ველებსაც. ყოველმხრივ ღია და ადვილად საჩინო ადგილზე აგიგებ
შენ საკურთხეველს და მსხვერპლსაც შემოგწირავ წმინდას და
ღვთაებრივს წლის ყოველ ხანაში, შენ კი, ო, მოწყალე მექმენ და მიბოძე,
ტროელთა მიწაზე პირველი ვიყო და ზეაღმატებული,
ქმენ, რათა შემდგომში ჩემს შთამომავლობას მიეცეს დიდება,
თავადაც ხანგრძლივად ვიცოცხლო კეთილად, მზის ნათელს
ვუცქირო სვებედნიერმა და მდიდარი ვიყო და სიბერეს ვეწიო”.

მას აგრე მიუგო ოქრო-აფროდიტემ, ასულმა ზევსისა:

“ანქიზეს, მიწაზე გაჩენილ კაცთაგან უსახელოვნესო,
არა ვარ ღვთაება და რად მიმამსგავსე ნეტავი უკვდავებს,
მოკვდავი ქალი ვარ, მოკვდავად დამბადა დედამ მე ამქვეყნად
და მამამ ატრევსმა, თუ სადმე გსმენია, დიდსახელგანთქმული,
ფრიგიის სამეფოს რომ უფლობს მთლიანად, კეთილად
ნაშენებს. მშვენივრად ვიცი მე ეგ თქვენი ენაც და ჩემიც, მშობლიურიც,
ტროელი გადია მკვებავდა ოჯახში, სრულიად პატარა
მიმიღო იმ ქალმა ძვირფასი დედისგან და თვითონ გამზარდა.
აი, თუ რად მესმის მე ასე მშვენივრად თქვენი საუბარი.
ოქროს-ისრიანი და ხმაურიანი ქალღმერთ ატრემისის
ფერხულში ვცეკვავდი, მეც იქ მომიტაცა მან
ოქროს-მტევნება არგეიფონტესმა. 

ნიმფები ირთობდნენ თავს იქ და ქალწულნი,
ხარების მომყვანნი. ურიცხვი გუნდები წრეს ქმნიდნენ
გვირგვინად, მეც იქ მომიტაცა მან, ოქროს-მტევნება არგეიფონტესმა.
მოკვდავი კაცების ნაჯაფარ ველებზე მოვყავდი ღვთაებას,
და მრავალ უდაბურ, მოუხნავ მინდვრებზე მოვყავდი,
იქ, სადაცჩრდილოვან ხევებში დაეხეტებიან ველური მხეცები.
ყოვლისმშობ მიწასაც კი არ შევხებივარ, მგონია, ფეხითაც.
მითხრა, რომ ავიდე შენს სარეცელზე და მეუღლედ გაგიხდე,
მეუღლედ გაგიხდე და მერმე ბრწყინვალე ბავშვები
რომ გიშვა. ამგვარად მითხრა, ასე გამიცხადა და მერმე კვალადვე
უკვდავთა დიდ კრებულს გასწია ძლიერმა არგეიფონტესმა.

და, აჰა, მოვედი, იძულებითა ვარ შენთან, აქ მოსული,
თუმცაღა გაფიცებ ზევსსა და აგრეთვე ბრწყინვალე შენს
მშობლებს - ხომ არ იქნებოდნენ ისინი ცუდები - ასეთის მშობელნი, -
ქალწულად მიმგვარე - ტრფიალის საქმეში ჯერ
გამოუცდელი, მამაშენს ვეახლო და მასთან დედასაც კეთილს და გონიერს
და შენს ძმებს, რომელნიც იმავე გვარიდან იღებენ დასაბამს,
მართლა ვარ თუ არა მე შენი საკადრი რძალი და საცოლე.
ჭრელტაიჭებიან ფრიგიას გაგზავნე შიკრიკი სასწრაფოდ,
მამას რომ აუწყოს და მასთან დედასაც, ჩემ გამო მწუხარეს,
გამოგიგზავნიან ოქროსაც მრავლად და ნაქსოვარ კაბებსაც,
და შენ კი, ანქიზეს, მიიღე მრავალი კეთილი მზითევი,
და როცა მიიღებ, ღირსეულ კაცთა და უკვდავთა თვალთათვის
ღირსი და ლამაზი ნადიმი მოაწყვე და დიდი ქორწილი”.

აგრე თქვა ღმერთმა და საამო წადილი აღაგზნო მის სულში,
სიყვარულს ემონა უმალვე ანქიზე, ეს სიტყვა ამოთქვა:

“მოკვდავი თუ ხარ და მოკვდავმა დედამ თუ დაგბადა
ამქვეყნად, მამა კი ატრევსი თუ არის განთქმული, როგორაც მითხარი,
მარადის უკვდავი მეგზური ჰერმესის სურვილით თუ მოხველ
აქ ჩემთან ახლა და მარადის მეუღლედ თუ უნდა გიხმობდე,
არც უკვდავ ღმერთთაგან, არც მოკვდავ კაცთაგან არავინ
არ არის, რომ შემაკავოს და ხელი შემიშალოს, რამეთუ ეხლავე
ტრფიალით შეგერთო. თვით აპოლონმაც კი ისართა
მტყორცნელმა ვერცხლისგან ნაკეთი მშვილდიდან რომ მტყორცნოს
მგმირავი ისრები, მაშინაც ვარჩევდი, მარადის არსებულ ქალღმერთთა სადარო,
შენი სარეცლიდან რომ გადავსულიყავ ჰადესის სამეფოს”.

ამგვარად უთხრა და ხელიც ჩამოიღო, სიცილით იბრუნა
კიპრისმა პირი და თვალები დახარა და ნაზად გაცურდა
ბრწყინვალედ ნაგები სარეცელისაკენ, ადრედაც რომ იყო
შალისგან ნაქსოვი ანქიზეს კვართისგან რბილად დაგებული,
ზემოდან დათვების და მძიმეხმიანი ლომების ტყავები
ეფინა სარეცელს. ანქიზესს მოეკლა ისინი ტყე-ღრეში.

მერმე კი, როდესაც კარგ-ნაკეთ საწოლზე ავიდნენ ისინი
ქალს სამკაულები ჩამოხსნა მოკვდავმა ბრწყინვალე ტანიდან,
მოხრილი ბალთები, ხვეული საკინძე და ყელსაბამები,
სარტყელიც შემოხსნა და ეგზომ ბრწყინვალე იმისი სამოსიც
გახადა ღმერთქალს და ტახტზე დაალაგა ლამაზმა ჭაბუკმა,
ვერცხლისგან ნაჭედზე, და მერმე ღმერთების ნებით და
ბრძანებით დიდ ქალღმერთს მიუწვა ასე უმეცარი მოკვდავი ანქიზე.

მერმე კი, როდესაც იალაღებიდან ბაკსა და ფარეხში
წალალეს მწყემსებმა მომთმენი ცხვრები და ზოზინა ხარები,
ძილქუში მოჰგვარა კიპრისმა ანქიზესს, თვითონ კი წამოდგა,
ლამაზი სამოსით შეიმკო სხეული სიცილის მოყვარემ.
შეიმოსა და სხეული მოირთო ღმერთთაგან ბრწყინვალემ,
საწოლთან დადგა და წარმტაცი თავითვე ლამაზად ნაკეთებ
მაღალ წირთხლს შეეხო, მზესავით განათდა იმისი სიტურფე.
ქალღმერთის, რომელიც კითერეიაა კეთილად ნაშობი.

და გამოაფხიზლა ძილიდან ანქიზე და უთხრა ამგვარად:

“ადექ, დარდანიდო, როგორ დაგწოლია თავზე ეგ ძილქუში,
ადექ და მითხარი, თუ როგორ მოვგავარ მე, ახლა აქ მდგომი,
იმ ასულს, რომელიც პირველად იხილე მაგ შენი თვალებით?”

ამგვარად ეტყოდა. ყველაფერს მიუხვდა გამოფხიზლებული.
თავზარი დაეცა, როგორც კი იხილა კიპრისის ლამაზი
ყელი და თვალები, სახე მიაქცია საბრალო ჭაბუკმა,
ქლაინე იფარა მოკვდავმა ესოდენ მშვენიერ სახეზე
და შეევედრა და ამგვარი ფრთოვანი სიტყვებით ეტყოდა:

“უმალვე გიცანი ისე, ვით პირველად, როს ჩემმა თვალებმა
გიხილეს, ღმერთქალო, ღმერთი რომ იყავი, და შენ კი თავიდან
დამალე სიმართლე, მაგრამ, ო, გაფიცებ ზევსს აიგიოხოსს,
ძალას ნუ წამართმევ, ნუ იზამ, უძლურად ვცოცხლობდე
ამქვეყნად, ო, თანამიგრძენი, რამეთუ უმალვე სუსტდება ძალღონით
ის, ვინაც ქალღმერთთან დაწოლას გაბედავს, მარადის
უკვდავთან”.

მას აგრე მიუგო ოქრო-აფროდიტემ, ასულმა ზევსისა:

“ანქიზეს, მიწიერ კაცთაგან ყველაზე უსახელოვნესო,
დამშვიდდი და მეტად ნუროდეს გაივლებ მაგგვარ შიშს
შენს გულში, რამეთუ იცოდე, აროდეს დაითმენ შენ ჩემგან სიავეს,
და არც სხვა ღმერთთაგან. ძვირფასად იხმობი უკვდავთა
კრებულში. ძე შეგეძინება, რომელიც მორჭმულად იმეფებს ტროაში
და მისი შვილები შვილებსვე გიშობენ მიწყივ და მარადის,
და მას ენეასი ერქმევა სახელად. სასტიკი სირცხვილი მტანჯავდა, 
მოკვდავთან ვიწექი როდესაც, ღმერთების მსგავსნი და ღმერთების სადარნი 
მოკვდავთა კრებულში ტანით და იერით მაგ თქვენი გვარიდან ყოფილან მუდამჟამ.
ოქროსთმებიანი განიმედესიც კი უბრძნესმა კრონიდმა
სიტურფის მიზეზით მოსტაცა დედ-მამას, რათა სასახლეში
თავის მწდედ ჰყოლოდა, ღვინო ჩამოესხა დიდებულ
ღმერთათთვის, ხილვად საოცარი და ყველა ღმერთთაგან პატივით შემკული,
ოქროს კრატერიდან მეწამულ ნექტარს რომ იღებდა
ღმერთთათვის. მამამისს ტროსსა კი,  სასტიკი ნაღველით ეწოდა გულმკერდი,
თუ სად გაიტაცა ღმრთეებრმა ქარბუქმა იმისი ნაშობი.
ყოველდღე თავის ძეს სტიროდა მშობელი დილიდან ღამემდე,
და თანაუგრძნო მას დიადმა ზევსმა და მისი ძის სანაცვლოდ
ფეხმარდი ცხენები უბოძა საჩუქრად, დიდებულ ღვთაებებს
რომ დააქროლებენ და ზევსის ნებით და მისი ბრძანებით
ყოველი აცნობა ყოველთაგამცილე არგეიფონტესმა,
უხრა რომ მისი ძე უკვდავი შეიქნა და უბერებელი.
როდესაც ისმინა და როცა შეიგნო ნამცნები ზევსისა,
მეტს აღარ ტიროდა და მას სიხარულით აევსო გულ-მკერდი
ქარბუქის-ფეხება რაშებით დაქროდა გულგახარებული.
ასე მოიტაცა ოქროსტახტოსანმა ეოსმა ტითონიც,
თქვენივე გვარისა, თავისი სიტურფით უკვდავთა სადარი.
ვედრებად წავიდა დიდ ზევსთან ეოსი შავ-ღრუბელ-მოსილთან,
შესთხოვა, უკვდავი იყოსო იგი და ჰგიებდეს მარადის.
ზევსმა კი დაუკრა თავი და აღსრულდა ეოსის წადილი.
სულელი! გულშიაც რომ აღარ გაივლო ღმერთქალმა ეოსმა,
სიყრმე რომ ეთხოვა და მუდამ სიშორე დამღუპველ სიბერის.
სანამდის ყრმა იყო იგი და თავისი სიტურფით ყვაოდა,
ეოსით ხარობდა ოქროსტახტიანით და ადრე შობილით,
თვით ოკეანოსის ნაპირას ცხოვრობდა მიწის დასალიერს.
მერმე კი, როდესაც ესოდენ მშვენიერ და ეგზომ დიდებულ
თმებსა და წვერებში პირველი ჭაღარა გაუჩნდა ტითონოსს,
დატოვა ეოსმა ოქროსტახტიანმა იმისი საწოლი,
თუმცაღა ჯერ კიდევ აჭმევდა საჭმელს და სახლშიც
აკითხავდა, პურითაც კვებავდა და ამბროსიითაც, სამოსსაც უცვლიდა,
თუმცაღა, როდესაც საშინლად დააწვა სიბერე ტითონოსს,
ვეღარ მოძრაობდა და უკვე ვერ ძრავდა ხელ-ფეხსაც
საბრალო, ყველაზე სწორ აზრად ეს აზრი ეჩვენა ქალღმერთს, მას,
მშვენიერს. სახლში დააწვინა იგი და ბრწყინვალე კარები დაუხშო
და მხოლოდ ხმა ჟონავს იქიდან ამჟამად ხმა ისმის მარტოდენ,
განქარდა ის ძალა, მის სხეულს რომ ჰქონდა და მოქნილ
ასოებს. არ ვიზამ იმას, მოკვდავად რჩებოდე მარადის დიდებულ
უკვდავთა კრებულში და მუდამ იცოცხლო და აღარ დაბერდე,
არამედ უკეთუ ამგვარი აზრისა და ტანის მქონები
იცოცხლებ მარად და ქალღმერთის მეუღლე იქნები მუდამჟამ,
ვეღარ დაფარავდა ჩემს ბრძენ სულს ვაება ესოდენ სასტიკი.

ახლა კი იცოდე, მალევე დაგფარავს კიდევაც სიბერე
მკაცრი და სასტიკი, მოკვდავებს რომ უწევს სიცოცხლის
ბოლოში, სიბერე მძიმე და ყოვლის დამღუპველი, ღმერთებსაც რომ
აფრთხობს. თუმღაცა, იცოდე, მე ეგზომ დიადმა და მარადიულმა,
შერცხვენა ვიწვნიე უკვდავი ღმერთების კრებულში შენ გამო,
დაცინვას უფრთხოდნენ ღმერთები ჩემსას და ხრიკებსაც,
რომლებით ოდესღაც მიწიერ ასულებს შევრთავდი დიდებულ ღვთაებებს.
შიშობდნენ, რამეთუ სუყველას ვიპყრობდი ჩემეულ
ზრახვებით, ახლა კი მართლაცდა აროდეს ექნება უკვდავთა კრებულში
ჩემს ბაგეს ეს ძალა. ეგზომი ტანჯვითა და უბედურებით
ვარ დათრგუნული და ესოდენ ამებნა ღვთიური გონება,
რომ მარად უკვდავმა ბავშვი ჩავისახე მოკვდავთან
ტრფობაში.

მას მერე, როდესაც პირველად იხილავს მზის სანთელს პატარა,
მას მთებზე მცხოვრები მკერდსავსე ნიმფები გაზრდიან
მზრუნველად, ესოდენ დიდსა და ესოდენ ღვთაებრივ მთაზე რომ ცხოვრობენ.
არ ჰგვანან ისინი არც მოკვდავ კაცებს და არც მარად
უკვდავებს, დიდი ხნით ცხოვრობენ და იკვებებიან უკვდავი საკვებით
და უკვდავ ღმერთებთან ერთადვე ცეკვავენ ყველა მათ
ფერხულში.

თვით სილენები და თვალებით-მართალი არგეიფონტესი
ერთვიან ტრფიალით უტკბილეს ქვაბულთა ვნებიან
სიღრმეში. ნიმფებთან ერთადვე წარმოიშობიან ფიჭვები და თანაც
მაღალი მუხები, მოკვდავთა მკვებავი მიწიდან შობილნი,
ესოდენ ლამაზნი და აყვავებულნი ამ მთების კალთებზე,
მაღალნი დგანან და უკვდავთა შეწირულ ადგილად უხმობენ
სუყველას მოკვდავნი, ვერავინ ვერ მოჭრის იმ ხეებს
კაცთაგან.

და ოდეს გაივლის ჟამი და მოირაც მოდგება სიკვდილის
ხმებიან პირველად ლამაზი ხეები მიწაზე მდგომელნი,
მერმე კი გარშემო უხმებათ ქერქიც და სცვივდებათ ტოტებიც,
ამ დროსვე სცილდება ნიმფების სულები კაშკაშა მზის
ნათელს, ისინი აჭმევენ, ისინი გაზრდიან თავისთან ჩემს შვილსაც.
და როს სიჭაბუკე ეწვევა პირველად ესოდენ საამო,
აქ მოგიყვანენ და აქვე განახებენ ღმერთქალნი ვაჟიშვილს.
და შენ კი მისმინე, სანამ შემიძლია გაუწყო, რაც მინდა:
მეხუთე წელს მოვალ და შვილსაც მოგიყვან იმჟამად, იცოდე.
როცა კი პირველად იხილავ ჩემს ნაშობს მაგ შენი თვალებით,
უზომოდ იხარებ, ღმერთების სადარი იქნება რადგანაც.

ქართაგან მონაქროლ ტროაში წაიყვან უმალვე იმას და
თუ შეგეკითხება მიწაზე გაჩენილ მოკვდავთა კაცთაგან,
ვინ დედამ მიიღო მუცლად და ვინ შობა ნანატრი ვაჟიო,
მას აგრე უთხარი, გახსოვდეს ყოველთვის, როგორაც
გიბრძანო, უთხარი, თითქოსდა ყვავილის-სახიან ნიმფამ შვა იგი-თქო,
ტყეებით დაბურულ ამ მთას რომ ცხოვრობენ ესოდენ
ლამაზნი.

უკეთუ იტყვი და კვეხნასაც დაიწყებ უგნური გონებით,
იტყვი, რომ შეერთე კეთილგვირგვინოსან ოქრო-აფროდიტეს,
ზევსს განარისხებ და შავ-ღრუბელ-მოსილი მეხს გტყორცნის
კვამლიანს.

გითხარი ყოველი და ახლა თავადვე განსაჯე გონებით.
არ გამთქვა იცოდე, უფრთხოდე უკვდავი ღმერთების
რისხებას”.

აგრე თქვა და მერმე ქარიან ზეცაში აიჭრა უმალვე.

იხარე, ქალღმერთო, კეთილად ნაგები კიპროსის მეუფევ,
მე შენით დავიწყე და ახლა სხვა ჰიმნზე გადავალ სამღერად.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"