ერიკ-ემანუელ შმიტი - ულისე ბაღდადიდან

“უცხოა მხოლოდ ის, რაც არაადამიანურია”, - ჟან ჟიროდუ, “ელპენორი”

მე მქვია საად საადი, რაც არაბულად “იმედ იმედს”, ხოლო ინგლისურად “სევდიან სევდიანს” ნიშნავს. კვირების განმავლობაში, ზოგჯერ სულ რაღაც ერტი საათით, ხან წამიერადაც კი, ჩემი არსება არაბული ენიდან ინგლისურში გადადინდება ხოლმე. იმასაც გააჩნია, რა გუნება-განწყობაზე ვარ - იმედიანზე თუ უიმედოზე. აქედან გამომდინარე, ხან “საად იმედად”, ხანაც “საად სევდად” გარდავიქმნები.

დაბადების ლატარეის გათამაშებისას ადამიანი ხან იღბლიან ბილეთს გამოკრავს ხელს, ხან - უიღბლოს. თუ ამერიკაში, ევროპაში ან იაპონიაში გიწევს დაშვება, ერთხელ მოიკიდებ მიწაზე ფეხს და მორჩა, ანუ იბადები ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფრის თავიდან დაწყების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგება. მაგრამ ქვეყნიერებას, აი აფრიკის კონტინენტზე ან ახლო აღმოსავლეთში თუ მოევლინე...

ხშირად მესიზმრება, რომ დაბადებამდე უკვე ვარსებობდი. თვალნათლივ ვხედავ და ვცხოვრობ იმ წუთებით, ჩემს ჩასახვას რომ უძღოდა წინ. ამ დროს ყველაფრის შესწორებისა და გადაკეთების სრუვილი მიპყრობს, ვცდილბ, ჩემ გემოზე ვმართო ის მანქანა დანადგარი, უჯრედებს, მოლეკულებსა და გენებს ერთმანეთში რომ ურევს. ხანაც შედეგის შეცვლის მიზნით აღებული კურსიდან მის გადაცდენასაც კი ვლამობ. ამას იმიტომ კი არ ჩავდივარ, რომ მსურს, განსხვავებული ვიყო, უბრალოდ მინდა, სხვაგან აღმოვცენდე და გავიფურჩქნო სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, რასაკვირველია იმავე მუცელში, იმავე დედის საშოში, რომელსაც ვეთაყვანები, მაგრამ საშოში, რომელიც ისეთ მიწაზე მომავლენს, სადაც გავიზრდები და თავიდან ამაცილებს იმ ღრმულს, საიდანაც წელის ამოთრევა ოცი წლის თავზე მომიწევს.

მე მეძახიან საად საადს, რაც არაბულად “იმედ იმედს”, ინგლისურად კი “სევდიან სევდიანს” ნიშნავს. ჩემთვის უფრო ძვირფასი და ღირებული ამ სახელის არაბული მნიშვნელობაა, რომელიც ცაზე პირდაპირ ყვავილებით მორთულ დაპირებებს ქარგავს. ვისურვებდი, ერთადერთ ძალად და დასაყრდენად სიამაყე მქონოდა, ფესვები გამედგა, ტანი ამეყარა, სული ამომეშვა იქ, სადაც აღმოვცენდი, ვითარცა მუხა, თავის დართა შორის რომ წამოიჯგიმა, გაიდგა ფესვები, ამოიყარა, განშტოვდა ამით დაასრულა თავისი უძრავი გადანაცვლება დროში. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნებოდა, ბედნიერ და ნეტარ ადამიანთა ილუზიების ზიარი რომ ვყოფილიყავი; მერწმუნა, რომ ისინი დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში სახლობენ და მას მიჯაჭვულნი სხვაგან მოგზაურობაზე არც კი ფიქრობენ, რაც თავისტავად მათში სხვადასხვა ქვეყნის ერთმანეთთან შედარების სურვილს გააჩენდა... მაგრამ ომმა, დიქტატურამ, ქაოსმა, უსასრულო ტანჯვა-წამებამ და დაღუპულთა უთვალავმა რაოდენობამ ამ ნეტარების შანსი ხელიდან წამგლიჯა და სამარადჟამოდ დაასამარა.

ყოველ ჯერზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ტელევიზორში ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანი ორჭოფობის ყოველგვარ გრძნობასაა მოკლებული, რასაც ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ბუში ამაყობს იმით, რომ ამერიკელია, გეგონება ამაში თვითონ მიუძღვოდეს ლომის წილი... ამერიკაში არც კი დაბადებულა, მაგრამ ეს ქვეყანა მან გამოიგონა. დიახ, ამერიკა მან შეაკოწიწა პირველ განავალთან ერთად, სამშობიარო სახლში, დახვეწა, მაშინ, როცა ბაგა-ბაღში საფენამოცმული დარბოდა და აღუ-აღუს გაიძახოდა... დაწყებითი კლასის მერხზე კი, ფერად-ფერადი ფანქრებით ხელდამშვენებულმა, მისი ჩამოყალიბება დაასრულა. ბუნებრივია, რომ სრულწლოვან ასაკში ქვეყნის მართვას შეუდგა. ქრისტეფორე კოლუმბი არ უნდა უხსენო, საშინლად ღიზიანდება. არც ის უნდა შეჰბედო, რომ ამერიკა მისი სიკვდილის შემდეგაც იარსებებს, ეს მას მოუშუშებელ ჭრლობას აყენებს. თავისი დაბადებით იმდენად აღფრთოვანებულია, შეიძლება იფიქრო, რომ თვითონ უზრუნველყო ეს; საკუთარი ტავისა და არა მშობლების ვაჟიშვილი საკუთარი პიროვნებისავე დამსახურებად მიიჩნევს იმას, რაც მას წილად ხვდა, რაც მას არგუნეს. საოცარი რამაა ქედმაღლობა და მედიდურობა! ბრწყინვალეა უგუნური, ბრიყვული თვითკმაყოფილება... შესანიშნავია პატივმოყვარეობა და თავმომწონეობა იმ ადამიანისა, სხვისგან ბოძებულზე მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე რომ იტვირთავს. არა, მე ნამდვილად მშურს ბუშის, ასევე მშურს ყველა იმ ადამიანის, განგებამ ნორმალური ცხოვრებისათვის ვარგის მიწაზე რომ მოავლინა და დალხენილი ცხოვრების შანსი უბოძა.

მე მქვია საად საადი, რაც არაბულად, როგორც “იმედი იმედი” - ჟღერს, ინგლისურად კი, როგორც “სევდიანი სევდიანი”. ასე რომ, ხან “საად იმედი” ვარ, ხანაც “საად სევდიანი”, თუმცა უმრავლესობის თვალში არც არავინ.

დანაშაულის გრძნობის მოხსნის მიზნით, ამ სტრიქონებს სწორედ მაშინ ვწერ, როცა ერთი მოგზაურობა დასრულდა და მეორე დაიწყო. დავიბადე ისეთ ადგილას, სადაც წესით არ უნდა დავბადებულიყავი. მოგვიანებით მისი დატოვება გადავწყვიტე. ლტოლვილის სტატუსის ძიებაში არაერთხელ ვიცვალე იერსახე. ვიყავი ახალმოსახლე, მაწანწალა-მათხოვარი, უსაბუთო არალეგალი, უფლებააყრილი უმუშევარი. ახლა ერთადერთი სიტყვა, ჩემს დასახასიათებლად რომ ივარგებს, არალეგალია და არა - პარაზიტი. არალეგალი ცხადია, ცოტას დამინდობდა. არც გამორჩენის მაძიებელი იქნებოდა უპრიანი, გამომძალველის ხსენება არც კი მინდა. არა, არალეგალი პირდაპირ ზედგამოჭრილია. არ ვეკუთვნი არც ერთ ერს, არც იმ ქვეყანას, რომელსაც გამოვექეცი და არც იმას, სადაც მსურს დავმკვიდრდე; ცხადია, არც იმათ, რომელთა გამოვლა მიწევს. არა, მოკლედ და კონკრეტულად, არალეგალი ვარ, ყველგან არასასრუველი, ყველგან უცხო.

მე საად საადი მქვია, მაგრამ ამ სახელს მემკვიდრეობით ალბათ არავის გადავცემ. ორკვადრატუმეტრიან დროებით საცხოვრებელში შეჩურთულს გამრავლებაზე ფიქრისას სირცხვილის გრძნობა მიპყრობს. მემკვიდრე ხომ უბედურებას უსასრულობაში გადაიყვანდა. მამაჩემისა და დედაჩემის გულის დასათუთქად, ასეთი ზარ-ზეიმით რომ აღნიშნეს ჩემი ამქვეყნად მოვლინებ,ა მე ვიქნები საადების მოდგმის ბოლო ნაშიერი, სევდიანთა თუ იმედიანთა შორის უკანასკნელი... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რომელთა შორის? მთავარია, უკანაკსნელი...

დავიბადე ბაღდადში სწორედ იმ დღეს, როდესაც სადამ ჰუსეინი საკუთარ სასახლეში საკუთარ სხეულზე ჭაღარა თმის აღმოჩენის შემდეგ ლამის ჭკუიდან გადადგა. ...ჩემს მშობლებს მოსალხენად ორი მიზეზი აღმოაჩნდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაჟი შეეძინათ, დიქტატორმა კი დაბერება იწყო.

წარმოიდგინეთ, სანამ ხმას გამოვცემდი ან რამე გონივრულს მოვიმოქმედებდი, უკვე მეთაყვანებოდნენ.

სკოლა ბაასის სახელობისა იყო და ბიბლიოთეკაც ბაასის - პრეზიდენტის პარტიის - სახელით იყო მონათლული. იგივე სახელი ერქვა რადიოსა და ტელევიზიას, აუზსა და სპორტულ დარბაზს, კინოთეატრებსა და კეფეებსაც... თქვენ წარმოიდგინეთ საროსკიპოსაც კი.

თუ ბავშვობის ხანაში უდრტვინველად ვეგუებიტ აბსოლუტურ მბრძანებლებსა და შეთითხნილ კერპებს, მოზარდობისას ვანგრევთ, ვაცამტვერებთ მათ. ისინი ჩვენში მხოლოდ ზიზღს აღძრავენ. წვერის ამოსვლასთან ერთად ჩემში პოლიტიკურმა თვითშეგნებამაც გაიღვიძა.

მას დანაშაული არაფერში არ მიუძღოდა. ბრალად ედებოდა მხოლოდ ის, რომ მასზე ეჭვი დაებადათ. იმხანად ნებსმიერი ერაყელი შეიძლებოდა ეჭვმიტანილი გამხდარიყო...

ეჭვიანი და ფხუკიანი პრეზიდენტის თვალში არც ერთი ერაყელი არ იყო სანდო. დიახ, ისინი ყველანი ეჭვმიტანილები იყვნენ. „თუ თქვენ ყველანი სადამის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაზე პირს შეკრავთ, ჩვენი პრეზიდენტის კაცებს ეს მხედველობიდან არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებათ. მართალია, დროდადრო ჩვენ ვცდებოდით, მაგრამ ახლა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. სჯობს, უცოდველი გამოასალმოს სიცოცხლეს, ვიდრე დამნაშავეს გაფურჩქვნისა და ფესვების გადგმის საშუალება მისცე. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა! ისღა დაგრჩენიათ, მორჩილად განერთხათ მიწაზე და პირი მომუწოთ.“

ეპისკოპოსი ბოსუე და მარკიზ დე სადი სიბილწეს, უწესობასა და გაიძვერობაში თანაზიარი და თანამოძმეები აღმოჩნდნენ და ჯოჯოხეთში შავ კუპრში ერთმანეთის გვერდიგვერდ ხარშვა მიესაჯათ; პარტიის მიერ წიგნებზე გამოცხადებულ ნადირობას ერთი კეთილშობილი შედეგი უდავოდ ჰქონდა - მამაჩემმა შესაშურ კოლექციას მოუყარა თავი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, შეძლებულმა, მაძღარმა და აღშფოთებულმა პოლიტიკოსებმა ერთი წამით მაინც თუ იფიქრეს, მსგავსი სანქციის გატარებით რა დღე დაგვადგებოდა ჩვენ, უბრალო ერაყელების. რა თქმა უნდა, არ უფუქრიათ და ეს ერთადერთი გამართლებაა, მათ საქციელს რომ გამოვუძებნე. სადამის შესავიწროვებლად და გონზე მოსაყვანად მოწოდებული ემბარგო მძიმე ტვირთად ჩვენ, უბრალო ადამიანებს დაგვაწვა მხრებზე.

ემბარგო ცემენტია ტკივილებისათვის, ბეტონი დიქტატორების გასამტკიცებლად. ემბარგოს გამოცხადებამდე ადამიანის უფლებებს ერაყში პატივს არც არავინ სცემდა და მათ დაცვაზე არც ემბარგოს მოქმედების ათწლიან პერიოდში უფიქრია ვინმეს.


ემბარგომ უკუშედეგი გამოიღო: სადამ ჰუსეინი ზეადამიანად, მხსნელად და პირსისხლიანი ურდოებისაგან ერაელი ხალხის დაცვის ერთადერთ ბასტიონად აქცია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის მარჯვე და გაწაფული პოლიტიკოსები, ერაყს მსგავსი გაუსაძლისი ტანჯვის განაჩენი რომ გამოუტანეს, თავიანთ ქვეყნებში მშვიდად და წყნარად დაელოდებიან სიბერის დღეებს, ამაში დარწმუნებული ვარ. თავიანთი ჰუმანური და საკაცობრიო ქმედებებისათვის პატივმოსილების და ჩინ-მედლებით დახუნძლულებს მათი გამოისობით პროვოცირებული საშინელებების მოგონება (იციან კი საერთოდ ამის შესახებ?) ღამის მშვიდ ძილს ერთხელად არ დაუფრთხობს.

ჭორები დროდადრო ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე და არაბული მეტყველების სისწრაფით ვრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი ჟანგბადი, ჩვენი იმედი, მართლია, აქროლადი, მაგრამ უკვე გამოკვეთილი კონტურებით; იმედი იმისა, რომ ერთ მშვენიერ დრეს ტირანიასაც მოეღებოდა ბოლო.

სადამს ერთდროულად ტირილიც და სიგარის მოწევაც უყვარდა. ვერც ვერასდროს დავადგინეთ, ცრემლების ნაკადულის მიზეზი კვამლი იყო თუ ადამიანური გრძნობების მოზღვავება.

ყოველ არაბ სუვერენს თავი პალმა ჰგონია. ცაში რომ აიზვირთოს და სივრცეებს დაეპატრონოს, ცდილობს, ქვედა ფენიდან ფეხი ამოიკვეთოს, გამოცალკევდეს და მისგან რაც შეიძლება შორს დაიჭიროს თავი. პალმის ხე მას დესპოტიზმისკენ უბიძგებს.

ისე, ადამიანები დიქტატურის პირობებშიც კი მშვენივრად ხალისობენ. სიცილი გადარჩენის უებარი საშუალებაა.

- იცი, რა გააცამტვერა სადამმა ამ ქვეყანაში? ნდობა! მას არავისი სწამს, ყველას უნდობლობა გამოუცხადა, ჩამოაყალიბა თავისი მსგავსი საზოგადოება, სადაც ყველა დაზაფრულია, ყველას ღალატის ჭია ღრღნის, მოქალაქეები მარტო მეზობლებს კი არა, საკუთარ თავსაც უთვალთვალებენ. უახლოეს ადამიანში უცხო, შორეული, გამყიდველი, დამსმენი და პოტენციური მტერი ელანდებათ. იმ გადარეულმა ყველანი დაგვაავადმყოფა, ამის გამო ამჟამად ერაყი უფროა სნეული, ვიდრე თვითონ. ერთ დღესაც მის პარპაშს წერტილი რომც დაესვას, შევძლებთ კი ამ ინფექციისგან განკურნებას?!

ჩემი ამხანაგებისგან განხვავებით, ამერიკელების მიმართ ზიზღის გრძნობით არასოდეს ვყოფილვარ გამსჭვალული. მამაჩემის ბიბლიოთეკამ, ჩვენმა „ჯიბის ბაბილონმა“ დამინდო ამ ნაკლის განვითარებისგან.

ადამიანი ყოველ ჯერზე განსხვავებულად ჟღერს, იმის მიხედვით, თუ რომელ შინაგან ხმას აამეტყველებს.

სწორედ ამაში შეიცნობა კრეტინი: მას მუდამ ჰარმონიაში სურს ცხოვრება და საკუთარ თავს არ ეწინააღმდეგება, მასთნ ბრძოლას გაურბის. რატომ ამბობენ ზარივით სულელიაო? იმიტომ, რომ ზარი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბგერას გამოსცემს.

იმ დღეს როდესაც ფირდოუსის მოედანზე სადამ ჰუსეინის ქანდაკება ძირს ჩამოვაგდეთ, არა ერთი ღვრიდა ბედნიერების გულწრფელ ცრემლებს და გრძნობამორეული ყვიროდა. ოცდაათტონიან ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოგდებასთან ერთად, ნაცარტუტად იქცა ოცდაათი ხანგრძლივი, შავბნელი და ტყვიისფერი წელიწადი. ტირანია დასასრულს უახლოვდებოდა.

საკუთარ სინდის-ნამუსთან თავი რომ გაიმართლოს, ადამიანი უარესზე ფიქრით იქცევს თავს, რაც მას რეალობაზე თვალის დახუჭვის საშუალებას აძლევს.

ტერორიზსთან არ მასლაათობენ, შვილო, ყურს უგდებენ და ნათქვამს თავის კანტურით უდასტურებენ. სხვათა შორის, ტერორისტი გარკვეული თვალსაზრისით მონოლოგს ნიშნავს და არა დიალოგს.

მოგზაურობა, რომელიც უსინათლო ჰომეროსმა აღგვიწერა, თავისთავად იმის დასტურია, რომ ადამიანს წარმოსახულის გადმოცემა ბევრად უკეთესად ძალუძს, ვიდრე საკუთარი თვალით ხილულის.

უპირატესობა სისასტიკისა და ულმობლობის ამსახველ დეტალებს მიანიჭე, მარტო იმას ნუ მოუყვები, რაც იყო. მოიგონე და გააბუქე, დაგვესესხე უბედურებებს ჩვენ, დაესესხე ჩვენს მეგობრებს. და ყველაფერი შენ სასარგებლოდ გამოიყენე, თორემ გაეროს ხალხს დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ შენზე უარეს დღეში მყოფნიც არსებობენ.

დიქტატურა იქ მაინც არ თვალთმაქცობს, პირდაპირ ღიად მოქმედებს და ეს არავისთვის არ არის საიდუმლო: მთელი აღმასრულებელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. ირგვლივ განუკითხაობა და დაუსჯელობის სინდრომი მეფობს. დასავლეთში ეს ყველაფერი ბევრად უფრო გარყვნილი და მანკიერია. მართლია, დიქტატორი ღიად არ ჩანს, სამაგიეროდ ადმინისტრაციებთან მისასვლელ გზას ვერ იპოვი. მათი კანონების ნუსხა 100-ჯერ უფრო სქელია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ტელეფონების წიგნი და ვინ თითქხნის მათ? ყველაზე კეთილი ადამიანები. შედეგი? - იკითხავ შენ. იგივე აბსურდული პასუხები! შენი არ სჯერათ, საერთოდ არ გაგდებენ სათვალავში. შენს ცხოვრებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ვთქვათ, შენ სულაც არ გჭირდება, მთავრობას თავი მოაწონო ან ელაქუცო. ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ თურმე სისტემისთვის მიუღებელი ხარ.

თქვენ დაიბადეთ? არამც და არამც, ბატონო. თქვენ ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გაგაჩნიათ!

არსებობს ოცნებები, რომლისგანაც მთქნარება და ძილი მოგვეჯარება ხოლმე და არსებობს ოცნებები, თვალს რომ არ მოგვახუჭინებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ციხეს გავურბივართ, არადა, საკნის გისოსებს მუდამ თან დავათრევთ.

გეშინოდეს იმ სიცრუის, ხშირად რომ იმეორებენ. ერთ მშვენიერ დღეს ეს მონაჩმახი შესაძლოა რეალობას იქცეს. თავს კრეტინად დიდხანს თუ გაასახებ, მართლა გახდები კრეტინი.

მომავალი ბედნიერების მოლოდინში ხშირად დღევანდელს ვანგრევთ.

მე მინდა, რომ ერთხელაც, როცა ვიტყვი „ჩვენ“, ის გონიერ და საზრიან, მშვიდობის მაძებარ ადამიანთა გაერთიანებას ნიშნავდეს.

ადამიანთა პრობლემა ის გახლავთ, რომ საერთო ენას მხოლოდ მაშინ პოულობენ, როცა სხვების წინააღმდეგ გალაშქრება აქვთ გადაწყვეტილი. მხოლოდ საერთო მტერი თუ ახერხებს მათ გაერთიანებას.

აი, სწორედ ეს არის ბარბაროსობის დასაბამი, როცა არ გსურს, მეორეში შენი დარი ამოიცნო; როცა სხვებს არაადამიანებად მიიჩნევ; როცა ადამიანთა მოდგმას იერარქიულ კატეგორიებად, ხარისხებად ყოფ და ზოგიერთებისთვის ამხელა სამყაროში ერთი პატარა ადგილიც კი არ გემეტება.

ცივილიზაცია თავად ღალატობს საკუთარ თავს, როცა ერთს „გადამთიელს“, მეორეს „ბოროტს“, მესამეს კი „არაცივილურისა“ თუ „ცივილურის“ იარლიყს აკერებს.

თავიდან მესახებოდა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ სამი რამ იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი: საკუთარი ოჯახი, ღმერთი და პრეზიდენტი. ამ ფრაზის წერისას გავისიგრძეგანე, რომ მხოლოდ სამშობლოდან დაშორებამ გამაბედინა საგანთა მსგავსი წყობის წარმოდგენა. იმხანად ერაყელს ჩემ მიერ წარმოდგენილი კლასიფიკაციის გამო დილეგში უკრავდნენ თავს. რა თქმა უნდა, უპრიანი იქნებოდა, ადამიანის იერარქიულობა ასე წარმოეჩინა: პრეზიდენტი, ალაჰი და ბოლოს ოჯახი.

ყველგან გაკრული ფოტოებიდან პრეზიდენტი თვალს არ აცილებდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენი სახელმძღვანელოები გადაძეძგილი იყო იმავე ნეგატივებით. მისი სიფათი ამშვენებდა ადმინისტრაციული შენობების ფასადებს, კერძო საკუთრებებს - ბარათებით დაწყებული, რესტორნებით დამთავრებული, ქსოვილების, ჭურჭლისა თუ სურსათ-სანოვაგის მაღაზიების ჩათვლით. რწმენის, სიფრთხილისა თუ სილაჩრის გამო ყველა ერაყელი ცდილობდა, ის კლიშე გამოემზეურებინა, არაბულ მეგზურში რომ იყო განთავსებული. ნებისმიერ სასწაულმოქმედ ავგაროზზე ქმედითი და ეფექტური, სადამ ჰუსეინის ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანს თავი თუნდაც ავი თვალისგან დაეცვა. იგივე პორტრეტი, აუცილებელი, მაგრამ ვერ ვიტყვი, საკმარისი იყო იმისათვის, რომ თვითნებური დაკავებისა თუ აუხსნელი დატუსაღებისგან, წვიმებზე მეტად რომ გახშირდა, თავი დაზღვეულად მიგეჩნიათ. ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტი ამ გამოსახულებიდან გვაკვირდებოდა, უბრალოდ მუყაოზე კი არ იყო აღბეჭდილი, ნურას უკაცრავად: ის იქვე შორიახლო იდგა, ის ჩვენ შორის იყო დამალული, ქაღალდის ყურები კი მხოლოდ ჩამონტაჟებულ მიკროფონებს ნიღბავდნენ.

სადამი თვალს არ აცილებდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას და ხარბად ისრუტავდა, რასაც ვყბედობდით. მისი რეპროდუქციების სიახლოვეს, რაც უნდა მომხდარიყო, ერთ მისხალსაც ვერ გამოაპარებდით, ყველაფერი ზედმიწევნით უწყოდა.
როგორც ბევრი ერაყელი მოწაფე, მეც სადამ ჰუსეინს ათასგვარი ჯურის უნარს მივაწერდი ხოლმე. ლოგიკურია, სხვანაირად წარმოუდგენელიც კი იყო: ის ყველა სავარაუდო თვისებით იყო შემკული და ყველაფერი ხელეწიფებოდა.

დროდადრო ადამიანები ქრებოდნენ... მაშინაც კი, როცა მათ ოჯახებიც ჰყავდათ, მეუღლეებიც, გვარის გამგრძელებლებიც და ნათესავებიც. ასე მოულოდნელად, ერთ მშვენიერ დღეს, უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და მათ ასავალ-დასავალს კაციშვილი ვერ იგებდა. მსგავს შემთხვევაში ადამიანს ორ მიზეზზე შეეძლო ეფიქრა: დაკარგული სადამ ჰუსეინს ან ოპოზიციაში ჩაუდგა და ახლა იმალებოდა, ან კიდევ წინააღმდეგობის გაწევისთვის ვირის აბანოში უკრეს თავი, აწამეს და ბოლოს საიქიოს გზას გაუყენეს. სიმართლის დადგენის ალბათობა იმდენად მცირე იყო, რომ ვერავის ეტვირთა ამ ორი ჰიპოტეზის სერიოზული შესწავლა-განხილვა. აქედან გამომდინარე, გამქრალებს გაქრობის სრული თავისუფლება ეძლეოდათ. არავინ იცხელებდა თავს იმის გარკვევით, ისინი ყოფილი ქურთისტანის მთებში იმალებოდნენ თუ მათი ძვლები მჟავების ზემოქმედების შედეგად იშლებოდა.

ჩემი მცირე ასაკის გამო ვფიქრობდი, რომ ეს ერთდროულად საშინელიც იყო, შემზარავიც და ბუნებრივიც; როგორც ეს ყრმა მოაზროვნის ლოგიკისთვისაა ნიშნეული, მივიჩნევდი, რომ ყოველივე ჩემ მიერ აღმოჩენილი ფენომენი ნორმის ფარგლებს არ სცილდებოდა. მეტიც, პირდაპირ მივეჯაჭვე იმ ურჩხულებს, რომელთა დანახვაზე ძარღვებში სისხლი მეყინებოდა. თავი სასტიკი ამბების სერიალის მაყურებელი მეგონა და მამაჩემის მიერ მოთხრობილი გილგამეშისა და მისთანათა თავგადასავლებით გაბრუებული საკუთარ ბედსა და ხვედრს აღვიქვამდი, როგორც დესპოტურსა და შავბნელ საფრთხობელას.

სამყარო სადამ ჰუსეინის, მის მიერ დამყარებული აბსოლუტური მონარქიის, მისი ახირებების,სიძულვილის, ღვარძლის, გუნება-განწყობის ცვალებადობის, მიუტევებლობისა და სიცრუის გარეშე ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი შეიქნა. მე გამიტაცა სადამმა, მეტიც - მისით ერთგვარად მოვინუსხე. ერთნაირად ვეთაყვანებოდი, ვაღმერთებდი და მეშინოდა კიდეც მისი. ერთადერთი განსხვავება იგავ-არაკებსა და რეალურ სამყაროს შორის ის გახლდათ, რომ აქ, ზღაპრის წიგნის გვერდებს მიღმა, ზღაპრული სამეფოდან შორს კაციჭამია ბაყბაყდევს სადამ ჰუსეინი ერქვა.

ჩემი ღრმა რწმენით, ღმერთი სადამის - არც მეტი არც ნაკლები - კონკურენტი იყო, მისი დაუნდობელი, შეუდრეკელი მოქიშპე. ბევრი რამ ჰქონდათ თანაზიარი, განმასხვავებელი კი თითქმის არაფერი. ღმერთის დარად, სადამის მიმართაც შიში, რიდი და პატივისცემა გვმართებდა. მოზრდილები მას ჩუმად მოკრძალებულ საყვედურებს უთვლიდნენ, ხმამაღლა კი ქება-დიდებად იღვრებოდნენ. სადამთან პირდაპირ შეპასუხებას ნებისმიერ ფასად უნდა მოვრიდებოდით. პირადად მე ხანდახან ორჭოფობა შემიპყრობდა ხოლმე, ვერ გადამეწყვიტა, აუცილებელი არჩევანის წინაშე თუ აღმოვჩნდებოდი, ვის გავყოლოდი: ღმერთს თუ სადამ ჰუსეინს? მიუხედავად ყველაფრისა, ზეგავლენისთვის ბრძოლაში ეს ორი თანაბარ საშუალებებს როდი მიმართავდა.

სადამისკენ იმიტომ ვიხრებოდი, რომ ის ნაკლებად ერეოდა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, განსაკუთრებით ბაღდადში... ღმერთი კი იმიტომ მომწონდა, რომ სადამთან შედარებიტ ის შურისძიებას მეტ დროს ანდომებდა და ურიცხვ შეურაცხყოფას უდრტვინველად იტანდა. სადამი კი სადამსჯელო ღონისძიებებს უკმაყოფილებისა და ლანძღვა-გინების წარმოთქმამდე იწყებდა. დიახ, სწორედ ეს მესახებოდა ღმერთის განმასხვავებელ ნიშან-თვისებად. მაღლი ღმერთი ნაკლებად პირსისხლიანი და ღვარძლიანი, მე ვიტყოდი უფრო ელეგანტური გახლდათ. მეტიც, დროდადრო ერთობ დაბნეული და გულმავიწყიც კი მეჩვენებოდა...

მე ერთი ჰიპოტეზის წამოყენებაც კი გავრისკე: თუ ღმერთი რეპრესიებს ასე აჭიანურებს, იმიტომ ხომ არა, რომ ზედმეტად კეთილია? ამაში ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული. ის კია, რომ ღმერთის მიერ საკუთარი უფლებების მსგავსი უგულებელყოფა აშკარად ჩემი ჰიპოტეზის წისქვილზე ასხამდა წყალს. ღმერთი თავაზიანი და სიმპათიური მესახებოდა, ბევრად უფრო თავაზიანი და სიმპათიური, ვიდრე ჰუსეინია. ღმერთი ასევე სარგებლობდა უფროსობისა და ნამსახურეობის უპირატესობით. თუმცა მთელი ჩემი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სადამს ყოველთვის მისი კუთვნილი გამორჩეული ადგილი ეკავა. მოკლედ რომ მოვჭრა, პირადად მე უფლის მრევლი მერჩივნა სადამისას, ანუ ჩემს თვალში ცისფერუთუთოებიანი, წვერიანი იმამები წერა-კითხვას ყურანის დახმარებით რომ გვასწავლიდნენ, მოგვიანებით კი მის დამოუკიდებელ კითხვას გვაჩვევდნენ, განსაკუთრებულ ყურადღებას, გულისხმიერებასა და სითბოს აფრქვევდნენ. მათ კაცთმოყვარეობასა და სათნოებას ვერანაირად ვერ შეადარებდით ბაასის (სადამ ჰუსეინის პარტია) მიმდევართა გაუთლელ და უხეშ ქცევას. იმამებს არაფერი ჰქონდათ საერთო სადამის ეჭვიან მოხელეებთან, შეუწყალებელ, გულქვა გენერლებთან, პირსისხლიან და ულმობელ მოსამართლეებთან, კაცისმკვლელ პოლიციელებთან, იმ ჯარისკაცებთან, ჩახმახის გამოსაკვრელად ყოველ წამს მზად რომ იყვნენ; ეჭვგარეშეა, უფალმა სადამზე ბევრად უკეთესად უწყოდა, ვინ შემოეკრიბა გარშემო. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სადამი ერთი შეხედვით თავადაც სცემდა უფალს პატივს. ისე, საინტერესოა, სინამდვილეში ვის წინაშე იდრეკდა ის მუხლს?

შორს სადამისგან, შიშის ზარს რომ მცემდა, შორს ღმერთისაგან, ასეთი ამოუცნობი და იდუმალი რომ ჩანდა, მხოლოდ ოჯახი მგვრიდა უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას და მკვებავდა მომავალი თავგადასავლების იმედით.

იდეალური ტერორისტის მცნებები შვიდს არ აღემატება:

პირველი - იქონიე მხოლოდ ერთი აზრი, რამეთუ ორის ქონა უკვე აზროვნების დაწყებას ნიშნავს. ფანატიკოსმა იცის, ის არ ფიქრობს.

მეორე - გაანადგურე ყველაფერი, რაც ამ აზრს ეწინააღმდეგება. არ აღიარო განსხვავებული მოსაზრებები, მით უმეტეს - საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი.

მესამე - იდეის ყოველ მოწინააღმდეგეს გაუსწორდი. მოწინააღმდეგეები არსებობის უფლებას არ იმსახურებენ, ისინი აზრისთვის, აზრის უსაფრთხოებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.

მეოთხე - აღიარე, რომ აზრი უმჯობესია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე, საკუთარის ჩათვლით. იყო ფანატიკოსი, ნიშნავს ეზიარო ღირებულებას, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ინდივიდუმები.

მეხუთე - ნუ ითაკილებ ძალადობას, ვინაიდან სწორედ ის შეადგენს მამოძრავებელ ძალას. ძალადობას მარად სუფთა ხელები აქვს, მაშინაც კი, როცა სისხლით მხრებამდეა მოსვრილი.

მეექვსე - მიიჩნიე, რომ შენი სამართლიანი აგრესიის ყოველი მსხვერპლი დამნაშავეა. დაღუპულთაგან შესაძლოა რომელიმე გეთანხმებოდა, შენს მოსაზრებებს იზიარებდა. ტერორისტი, თავი რომ გაინადგურა, უცდველი მსხვერპლი კი არაა, არამედ მეორე მარტვილი.

მეშვიდე - ნუ მისცემ საკუთარ თავს ორჭოფობის უფლებას, განდევნე ის შენგან. როგორც კი იგრძნობ, რომ სინდისის ქენჯნა მოგეძალა, ისროლე: ერთდროულად მოკლავ ეჭვსაც და შეკითხვასაც. ძირს კრიტიკული აზროვნება!

ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2013წ.