ჯეიმს ჯოისი - დუბლინელები | დები, შეხვედრა, ეველინი, ავტორბოლის შემდეგ

დები

მისი გადარჩენის იმედი ამჯერად აღარავის ჰქონდა: ეს უკვე მესამე შეტევა იყო. ყოველ საღამოს ჩავუვლიდი ხოლმე სახლს (ეს ამბავი არდადეგების დროს მოხდა) და ფანჯრის განათებულ ოთხკუთხედს ვაკვირდებოდი, საიდანაც ყოველთვის თანაბარი, მკრთალი შუქი გამოდიოდა.

რომ მომკვდარიყო, სანთლების ანარეკლს დავინახავდი-მეთქი ჩამუქებულ ფარდაზე, ვფიქრობდი მე, რადგან ვიცოდი, რომ ორი სანთელი აუცილებლად უნდა ენთოს მიცვალებულის თავთით. ხშირად მეტყოდა ხოლმე, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერიაო, მაგრამ მისი სიტყვების არა მჯეროდა, ახლა კი ვიცი, რომ მართალს ამბობდა. ყოველ საღამოს, ფანჯარას რომ შევცქეროდი, ჩუმად ვიმეორებდი სიტყვას „დამბლა“. ეს სიტყვა ჩემს ყურში ყოველთვის უცნაურად ჟღერდა, როგორც „გნომონი“ ევკლიდესთან ან „სიმონია“ კატეხიზმოდან. ახლა კი რომელიღაც ბოროტი და ცოდვილი სულის სახელივით ჩამესმოდა, მაკრთობდა და მაშინებდა, მაგრამ ვერ ვძლევდი სურვილს ახლოს მივსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მისი მომაკვდინებელი მოქმედება.


ბებერი კოტერი ბუხრის პირას იჯდა და ჩიბუხს ეწეოდა, როცა მე სავახშმოდ ჩავედი ძირს. ვიდრე დეიდაჩემი ფაფას მისხამდა, მან, თითქოს შეწყვეტილ საუბარს განაგრძობსო, თქვა:


- არა, ვერ ვიტყვი, რომ ის მართლაც... მაგრამ, რაღაც უცნაური რამ სჭირდა...მე მგონია... - და იგი ჩიბუხის პლაკუნს მოჰყვა, რათა დრო მოეგო და სათქმელი მოეფიქრებინა. გამოჩერჩეტებული ბებერი! პირველად რომ გავიცანი, მაინც უფრო ჭკვიანი ჩანდა, არყის გამოხდის ხერხებს გვაცნობდა, მაგრამ მე მალე მომბეზრდა მისი დაუსრულებელი ლაქლაქი ერთსა და იმავეზე.


- ამ საკითხზე მე საკუთარი შეხედულება მაქვს, - თქვა მან.


- ჩემი აზრით, ეს იყო ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი... თუმცა, რა იცი კაცმა, ძნელი სათქმელია...


აქ ისევ ჩიბუხი ააპლაკუნა, მაგრამ თავისი შეხედულება მაინც არ გაგვიზიარა. ბიძამ შენიშნა ჩემი გაოცებული მზერა და მითხრა:


- ჰო, შენი მოხუცი მეგობარი გარდაიცვალა, ვიცი, გეწყინება.


- ვინ? - ვკითხე ბიძაჩემს.


- მამა ფლინი.


- მოკვდა?


- მოკვდა. სწორედ ახლა გვითხრა მისტერ კოტერმა; მისი სახლის წინ ჩამოუვლია.


ვიცოდი, რომ ყველა მემიყურებდა და ჭამა განგვაგრძე, თითქოს ამ ამბავს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბიძაჩემმა მისტერ კოტერს აუხსნა:


- განსვენებული და ეს ჩვენი ბიჭი დიდი მეგობრები იყვნენ. მამა ფლინმა ბევრი რამ ასწავლა პატარას, ამბობენ, ძალიან უყვარდაო.


- აცხონოს ღმერთმა, - სასოებით წარმოსთქვა დეიდამ. მისტერ კოტერი ერთხანს უსიტყვოდ მიყურებდა. ვგრძნობდი მისი მძივივით მრგვალი, შავი თვალების მზერას, მაგრამ თეფშიდან თავი მაინც არ ამიღია. მერე ისევ თავის ჩიბუხს მიუბრუნდა და, ბოლოს, გულმოსულმა, ბუხარში ჩააპურჭყა.


- მე პირადად, ჩემს ბავშვებს ასეთ კაცთან მეგობრობის ნებას არ დავრთავდი.


- მაგით რისი თქმა გნებავთ, მისტერ კოტერ? - ჰკითხა დეიდამ.


- იმისი, რომ ბავშვისათვის ეს საზიანოა. - უპასუხა კოტერმა.


- მე თუ მკითხავთ, პატარა ბიჭმა თავის ტოლებთან ერთად უნდა ირბინოს და ითამაშოს, და არა... მართალს ვამბობ თუ არა, ჯეკ?


- მეც მაგ აზრისა ვარ, - თქვა ბიძაჩემმა, - სჯობს თავის ქერქში დაეტიოს. სულ იმას ვეუბნები, ცოტა გაინძერი, ივარჯიშე-მეთქი, მაგრამ ვის ესმის? მაგოდენა ღლაპი რომ ვიყავი, ზამთარ-ზაფხულ, ყოველ ცისმარე დილით ცივ წყალში ვბანაობდი. იმიტომაც მომყვა აქამდე ჯანი. სწავლა-განათლება, იცოცხლე, კარგი საქმეა, მაგრამ, იქნებ მისტერ კოტერს ის ცხვრის ბარკალი გაესინჯა? - მიუბრუნდა იგი დეიდაჩემს.


- არა, არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, - იუარა კოტერმა. დეიდამ განჯინიდან ლანგრით გადმოიღო ხორცი და მაგიდაზე დადგა.


- მაინც, რატომ გგონიათ, ბატონო, რომ ეს მავნეა ბავშვებისათვის? - ჰკითხა მან მისტერ კოტერს.


- დიახ, ჩემო კარგო, ბავშვისათვის ეს საზიანოა, და აი, რატომ: ყმაწვილის გონება ჯერ მოუმწიფებელია და როცა ბავშვი ამგვარ რასმე ხედავს, როგორ გგონიათ, მასზე არ იმოქმედებს? პირი ფაფით გამოვიტენე, რადგან შემეშინდა, სიბრაზისაგან

არაფერი წამომცდენოდა. ბებერი, წითელცხვირა რეგვენი!


იმ ღამეს გვიან დამეძინა. მართალია, ძალიან გაბრაზებული ვიყავი ბებერ კოტერზე, ბავშვად რატომ მთვლის-მეთქი, მაგრამ მაინც დიდხანს ვიმტვრევდი თავს, რათა მისი გადაკრული სიტყვების აზრი გამეგო. ოთახის სიბნელეში მეჩვენებოდა, რომ კვლავ ვხედავდი დამბლადაცემულის გახევებულ, მიწისფერ სახეს. თავზე წავიხურავდი საბანს და ვცდილობდი შობის დღეებზე მეფიქრა, მაგრამ მიწისფერი სახე თვალიდან არ მშორდებოდა, განუწყვეტლივ ჩურჩულებდა, და მე მივხვდი, რაღაცის მონანიებას ლამობდა. ვგრძნობდი, როგორ ინთქმებოდა ჩემი სული ცოდვასავით ტკბილ ზმანებებში, იქ კი ისევ მიწისფერი სახე მიდარაჯებდა. ის აღსარებას მეუბნებოდა ნელი ჩურჩულით და ვერ გამეგო, რატომ იღიმებოდა გამუდმებით, ან რატომ მოსდგომოდა ტუჩებზე დორბლი. მერე გამახსენდა, რომ მოხუცი დამბლით გარდაიცვალა და ვიგრძენი, როგორ საწყალობლად გავიღიმე, თითქოს სიმონიის ცოდვა მიმეტევებინოს მისთვის.

მეორე დილით, ნასაუზმევს, გრეით-ბრიტენ-სტრიტისკენ გავეშურე, რომ ისევ იმ პატარა სახლისთვის შემევლო თვალი. ეს ერთი უბრალო, მიყრუებული სავაჭრო გახლდათ, გაურკვეველი წარწერით - „საგალანტერიო საქონელი“. საგალანტერიო საქონელში უმთავრესად ბავშვის ფეხსაცმელები და ქოლგები იგულისხმებოდა. ჩვეულებრივ, ვიტრინაში გამოკრული განცხადება გვამცნობდა, რომ აქ წარმოებდა „ქოლგების შეკეთება“, ახლა კი განცხადება არ ჩანდა, რადგან დარაბები დაეხურათ, ხოლო კარის ჩაქუჩზე შავი კრეპი შემოეხვიათ. ორი ღარიბულად ჩაცმული დედაკაცი და დეპეშის დამტარებელი ბიჭი კრეპზე ქინძისთავით მიმაგრებულ პატარა ქაღალდს კითხულობდნენ. მეც მივედი და წავიკითხე:

1 ივლისი, 1895წ.
ღირსი მამა ჯეიმს ფლინი
(წმიდა ეკატერინეს ეკლესიის ყოფილი წინამძღვარი)
სამოცდახუთი წლის.
განუსვენე, უფალო, მონასა შენსა.

ქაღალდის წაკითხვამ დამარწმუნა, რომ ის მართლა მომკვდარიყო და შევცბუნდი ამ უეცარი დაბრკოლების წინაშე. მკვდარი რომ არ ყოფილიყო, შევიდოდი დუქნის უკან პატარა ოთახში და დავინახავდი ბუხრის პირას სავარძელში ჩამჯდარს, ერთიანად შეფუთნულს თავის გრძელ პალტოში. იქნება დეიდას ერთი კოლოფი ბურნუთიც გაეტანებინა ჩემთვის, ეს საჩუქარი კი აუცილებლად გამოაფხიზლებდა გამომათაყვანებელი თვლემისგან. მე თვითონ ვუყრიდი ხოლმე ბურნუთს კოლოფიდან შავ საბურნუთეში, რადგან ხელები უცახცახებდა და ვერ ახერხებდა ამის გაკეთებას ისე, რომ ნახევარი მაინც ძირს არ დაეპნია. მაშინაც კი, როცა თავისი დიდი, მოცახცახე ხელი ცხვირთან მიჰქონდა, ბურნუთი თითებიდან უსხლტებოდა და ტანისამოსზე ეყრებოდა. ალბათ თამბაქოს ეს მუდმივი მტვერი იყო იმის მიზეზი, რომ მის გაცვეთილ, გახუნებულ ანაფორას მომწვანო ფერი გადაჰკრავდა, რადგან კვირის მანძილზე თამბაქოსგან მთლად დალაქავებული წითელი ხელსახოცი, რომლითაც მოხუცი მტვრის ჩამობერტყვას ცდილობდა, საამისოდ სავსებით გამოუსადეგარი იყო.

მინდოდა შევსულიყავი და მენახა იგი, მაგრამ დაკაკუნება ვერ გავბედე. ნელა გავუყევი ქუჩის მზიან მხარეს, თან დუქნების ვიტრინებში გამოკრულ თეატრალურ აფიშებს ვკითხულობდი. უცნაურად მეჩვენებოდა, რომ არც მე, არც ამ მზიან დღეს მწუხარება არ გვეტყობოდა და, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, როცა ერთგვარი თავისუფლება ვიგრძენი, თითქოს მის სიკვდილს მძიმე ტვირთი აეხსნას ჩემთვის. მიკვირდა ეს ამბავი, იმიტომ რომ, ბიძაჩემის წუხანდელი თქმისა არ იყოს, მოხუცმა მართლაც ბევრი რამ მასწავლა. მას რომის ირლანდიურ კოლეჯში ჰქონდა განათლება მიღებული და ლათინურის სწორად კითხვაში მავარჯიშებდა. მიამბობდა კატაკომბებსა და ნაპოლეონ ბონაპარტიზე, მიხსნიდა ღვთის მსახურების სხვადასხვა წესისა და სამღვდელო შესამოსელთა მნიშვნელობას. ზოგჯერ იმით ერთობოდა, რომ რთულ კითხვას მაძლევდა, მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს კაცი ამა თუ იმ შემთხვევაში, რომელი ცოდვაა მომაკვდინებელი და რომლის მიტევება შეიძლება, ან რა ითვლება უბრალო შეცოდებად. მისი კითხვები მარწმუნებდა, რაოდენ რთული და იდუმალი იყო ის საეკლესიო დოგმები, რომელთაც ყოველთვის უბრალო წესჩვეულებებად ვთვლიდი. მღვდლის მოვალეობანი ევქარისტიისა და აღსარების საიდუმლოს მიმართ ისე საძნელოდ მეჩვენებოდა, რომ გაოცებას ვიყავი, როგორ შეეძლო ვინმეს ნაბაყოფლობით ეტვირთა ისინი. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ წმიდა მამებს მთელ ამ ჩახლართულ საკითხთა განსამარტავად საფოსტო ცნობარებივით სქელტანიანი წიგნები დაუწერიათ თურმე, ისეთივე წვრილი შრიფტით ნაბეჭდი, როგორითაც გაზეთებში აწყობენ განცხადებებს სასამართლო პროცესების შესახებ. ხშირად, როცა ამაზე ვფიქრობდი, მის კითხვაზე პასუხის გაცემას ვეღარ ვახერხებდი, ანდა რაიმე სულელურს წამოვროშავდი ხოლმე, ის კი გაიღიმებდა და ორჯერ-სამჯერ თავს დააქნევდა. ხანდახან ჟასმინს მაკითხებდა, რომელიც უკვე ზეპირად ვიცოდი, და თუ წავიბორძიკებდი, ისევ ისე სევდიანად იღიმებოდა, თავს იქნევდა და კარგა მოზრდილ მწკივს იტენიდა ხან ერთსა და ხან მეორე ნესტოში. ღიმილის დროს დიდრონ, ჩაყვითლებულ კბილებს აჩენდა, ენა კი ქვედა ტუჩს ეფარებოდა ხოლმე. ეს ჩვეულება, თავდაპირველად, ვიდრე უკეთ გავიცნობდი მოხუცს, უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა.

ასე მივუყვებოდი ქუჩის მზიან მხარეს, თან ბებერი კოტერის ნათქვამს ვიგონებდი და ვცდილობდი გამეხსენებინა რა მოხდა მერე სიზმარში. კვლავ თვალწინ წარმომიდგა ხავერდის გრძელი ფარდები და ძველებური ფორმის ლამპა, სადღაც შორს ვიყავი, რომელიღაც უცხო მხარეში, სადაც ხალხს ჩემთვის უცნობი ჩვეულებები ჰქონდა; მგონი, სპარსეთი იყო. მაგრამ სიზმრის ბოლო ვერაფრით ვერ გავიხსენე.

საღამო ჟამს დეიდაჩემმა თან წამიყვანა მიცვალებულის სახლში. მზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ სახლების დასავლეთით მიქცეულ ფანჯრებში მეწამული ღრუბლების გრძელი მწკრივი ირეკლებოდა.

ნენი წინკარში გამოგვეგება და, რაკი ხმამაღლა მისამძიმრება უხერხული იქნებოდა, დეიდამ უსიტყვოდ ჩამოართვა ხელი. დედაბერმა ზევით გვანიშნა კითხვის გამომხატველი მზერით, და როცა დეიდამ თავი დაუქნია, ვიწრო კიბეზე აგვიძღვა წელში მოხრილი, ჩაქინდრული თავი კი თითქმის მოაჯრის დონეზე მიჰქონდა. კიბის თავზე შეჩერდა და გამამხნევებლად დაგვიქნია ხელი, თან მიცვალებულის ოთახის ღია კარისაკენ მიგვითითა. დეიდაჩემი შევიდა, მოხუცმა კი, ყოყმანი რომ შემამჩნია, ისევ დამიქნია ხელი. ფეხაკრეფით შევედი.

ფარდის მაქმანიანი კიდეებიდან ოთახში დაისის ოქროსფერი შუქი იღვრებოდა და ამ შუქზე სანთლების ალი ცეცხლის მკრთალ, სიფრიფანა ენებად ჩანდა.

მიცვალებული კუბოში იწვა. ჩვენ ნენის მივბაძეთ და კუბოსთან დავიჩოქეთ. ისეთი სახე მივიღე, თითქოს ვლოცულობდი, მაგრამ გონების მოკრება მიჭირდა. დედაბრის ბუტბუტი მაბნევდა. თან ისიც შევნიშნე, რომ კაბა უკან მრუდედ შეეკრა. ქეჩის ფეხსაცმელებზე კი ქუსლები მოჰქქცეოდა. უცებ თავში გამიელვა აზრმა, რომ მოხუცი მღვდელი კუბოში იღიმებოდა.

მაგრამ არა, როცა წამოვდექით და კუბოს თავთან მივედით, დავინახე, რომ მღვდელი არ იღიმებოდა. ზვიადი და გოროზი - ის იწვა ისე ჩაცმული, თითქოს ღვთისმსახურებისთვის ემზადებაო. დიდრონი, გულზე დაკრეფილი ხელებით ბარძიმი ეპყრა. სახე ძალზე მრისხანე ჰქონდა, ნაცრისფერი და ფართო, მეჩხერი ჭაღარა წვერით შემოსილი, ხოლო ნესტოები ორ ბნელ ხვრელს მიუგავდა. ოთახში ყვავილების მძიმე სუნი იდგა.

პირჯვარი გადავიწერეთ და გამოვედით. ქვევით, პატარა ოთახში, მის საყვარელ სავარძელში ელიზა იჯდა. მე კუთხეში ჩემს ჩვეულ ადგილს მივაშურე, ნენი კი განჯინასთან მივიდა, ხერესით სავსე სურა და რამდენიმე ჭიქა გადმოიღო, მაგიდაზე დადგა და შეგვთავაზა თითო ჭიქა დაგველია. მერე, თავისი დის ბრძანებისამებრ, ღვინო დაასხა და ჭიქები მოგვაწოდა. მე ორცხობილაც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ხმამაღლა ხრამუნის მომერიდა. დედაბერს ჩემი უარი ეწყინა, ჩუმად მივიდა დივანთან და დის ზურგს უკან დაჯდა. ხმას არავინ იღებდა. ყველანი ცარიელ ბუხარს ჩავცქეროდით.

დეიდამ აცალა, ვიდრე ელიზა ამოიოხრებდა და თქვა:

- ეჰ, რას იზამ, ახლა ის უკეთეს ქვეყანაშია.

ელიზამ ისევ ამოიოხრა და დასტურის ნიშნად თავი დახარა. დეიდამ კი, სანამ ღვინოს მოსვამდა, ხელში შეატრიალა ჭიქა.

- მაინც როგორ... მშვიდად მიიცვალა?

- ო, ისე მშვიდად, ქალბატონო, - უპასუხა ელიზამ, - ვერც კი ვიტყვი, სული როდის ამოუვიდა. ძალიან კარგი სიკვდილით მოკვდა, მადლობა უფალს.

- სხვა დანარჩენი?...

- მამა ო’რურკი იყო სამშაბათს, აზიარა და ყოველნაირად შეამზადა.

- მაშ იცოდა?

- ჰო, შერიგებული იყო იმ აზრს, რომ უნდა მომკვდარიყო.

- ეტყობა კიდეც სახეზე, - თქვა დეიდამ.

- იმ ქალმაც ეგ თქვა, გასაბანად რომ მოვიყვანეთ. ასე თქვა, გეგონება სძინავსო, ძალიან მშვიდად გამოიყურებაო. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი კარგი მიცვალებული იქნებოდა.

- მართლაც, - დაეთანხმა დეიდა და კიდევ ერთი ყლუპი ღვინო მოსვა.

მერე თქვა:

- ყოველ შემთხვევაში, მის ფლინ, თქვენთვის მაინც დიდი ნუგეშია, რომ ყველაფერი გაუკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ. თქვენ ორივენი ძალიან ზრუნავდით მისთვის.

ელიზამ კალთაზე დაისვა ხელი, კაბა გაისწორა.

- ეჰ, საწყალი ჯეიმსი, - ამოიოხრა მან, - ღმერთმა ხომ იცის, არაფერი დაგვიშურებია, დიდად არ გვილხინდა, მაგრამ გაჭირვება მაინც არ გვიგრძნობინებია მისთვის.

ნენის მუთაქაზე ჩამოედო თავი და თვლემა მორეოდა.

- აი, საცოდავ ნენისაც არაქათი გამოელია, - თქვა ელიზამ და დას შეხედა. ყველაფრის გაკეთება ჩვენ თვითონ მოგვიხდა... ქალი ვიშოვნეთ, რომ გაებანა და ჩაესვენებინა, კუბო მოვიტანეთ, მღვდელს ვაწირვინეთ ეკლესიაში... მამა ო’რურკი რომ არ ყოფილიყო, არც კი ვიცი, როგორ მოვახერხებდით ამდენ რამეს. ყვავილებიც იმან გამოგვიგზავნა, ის ორი შანდალიც სასაფლაოს საკითხის მოგვარებაც თვითონ იკისრა და საწყალი ჯეიმსის დაზღვევის ამბებსაც ეგ მოუვლის.

- მართლაც რომ ძალიან გარჯილა, - თქვა დეიდაჩემმა.

ელიზამ თვალები დახუჭა და ნელა დააქნია თავი.

- ძველ მეგობარს ვერავინ შეედრება, - თქვა მან. - თუმცა, კაცმა რომ თქვას, სხვამ ვინ უნდა უპატრონოს მიცვალებულს?

- ეგეც მართალია, - დაეთანხმა დეიდაჩემი. - ახლა ის უკვე სასუფეველშია და თქვენს სიკეთეს არ დაივიწყებს.

- ეჰ, საწყალი ჯეიმსი! - თქვა ელიზამ. - არც ისე ძალიან გვაწუხებდა. ახლა ხომ დუმს და დუმს, მაგრამ სიცოცხლეშიც დიდი უთქმელი კაცი იყო. ეგ არის, ვიცი, რომ მკვდარია, თორემ...

- ყველაფერს რომ მორჩებით, მაშინ კი ძალიან დაგაკლდებათ თვალში, - უთხრა დეიდამ.

- ვიცი რომ ეგრე იქნება, - დაეთანხმა ელიზა, - აღარ დამჭირდება მისთვის ბულიონის შეტანა, აღარც თქვენ გამოუგზავნით ხოლმე თუთუნს, ქალბატონო, ეჰ, საწყალი ჯეიმსი! - იგი გაჩუმდა, თითქოს მოგონებებში ჩაიძირაო, მერე შთამაგონებლად წარმოსთქვა:

- ამ ბოლო დროს კი ვამჩნევდი, რომ სასიკეთო არა იყო რა მის თავს. როცა არ უნდა შევსულიყავი, ლოცვანი ყოველთვის ძირს დაგდებული მხვდებოდა, თვითონ სავარძელში იყო გადაწოლილი, პირი კი ღია ჰქონდა ხოლმე.

მან თითი მიიდო ცხვირზე და შუბლი შეიჭმუხნა. მერე კვლავ განაგრძო:

- მაინც თავისას არ იშლიდა, სულ იმას ამბობდა, სანამ ზაფხული გავა, ერთ მშვენიერ დღეს როგორმე აირიშტაუნში წავალ ჩვენი ძველი სახლის სანახავადაო. იმ სახლისა, სადაც დავიბადეთ სამივე. მეც თან უნდა წამეყვანე, მეც და ნენიც. ოღონდ როგორმე მოგვეხერხებინა და ჯონი რაშთან, აქვე ჩვენს ახლოს, იაფად გვეშოვნა ის ახლებური ეტლი, გზაზე რომ არ რახრახებს, მამა ო’რურკმა უთხრა, ახლა აკეთებენ ასეთ ეტლებსო, რაღაცნაირი თვლები აქვთ და რბილად მიგორავენო. სამივე უნდა წავსულიყავით ერთ კვირა საღამოს... საწყალი ჯეიმსი, ბოლო დროს სულ ამაზე ოცნებობდა.

- ღმერთო, სასუფეველი დაუმკვიდრე მის სულს, - თქვა დეიდამ.

ელიზამ ცხვირსახოცი ამოიღო და თვალები შეიმშრალა, მერე ისევ ჯიბეში ჩაიდო და ერთ ხანს მდუმარედ ჩასცქეროდა ცარიელ ბუხარს.

- მერე როგორი პატიოსანი იყო ყოველთვის, - დაიწყო ისევ მან. - მღვდლის მოვალეობა მეტისმეტად ემძიმებოდა. მწარე ხვედრი არგუნა ბედმა, ნამდვილი ჯვარცმული იყო.

- ჰო, - თქვა დეიდამ, - ტანჯული კაცი იყო, ყველაფერზე ეტყობოდა.

პატარა ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მე ამ სიჩუმით ვისარგებლე, მაგიდასთან მივედი, ჩემი ჭიქიდან ცოტა ხერესი მოვსვი და ისევ კუთხეში პატარა სკამს დავუბრუნდი. ელიზა თითქოს ღრმა ფიქრებს წაეღო. ჩვენ მოწიწებით ველოდით, როდის დაარღვევდა მდუმარებას. გრძელი პაუზის შემდეგ მან ხმადაბლა თქვა:

- სულ იმ ბარძიმის ბრალი იყო, მაშინ რომ გაუტყდა... იქიდან დაიწყო ყველაფერი... მართალია, ამბობდნენ, ისეთი რამ მოხდა, შიგ ხომ არაფერი იყოო, მაგრამ მაინც... ისიც თქვეს, მსახური იყო დამნაშავეო... მაგრამ საწყალი ჯეიმსი ისე ღელავდა... ეჰ, ღმერთმა აცხონოს!..

- მაშ ამის ბრალი იყო? - გაიოცა დეიდამ. - მე გავიგე, თითქოს...

ელიზამ თავი დაუქნია.

- სწორედ ამის გამო აერია გონება. - თქვა მან. - მას მერე დასევდიანდა, გულჩათხრობილი გახდა, აღარავის ელაპარაკებოდა, მარტო დაეხეტებოდა. ერთ საღამოს ვიღაცის საზიარებლად დასჭირდათ და ვერსად იპოვეს, აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად იპოვეს. მერე დიაკვანმა თქვა, მოდი, ეკლესიაშიც შევიხედოთო. წაიღეს გასაღებები, გააღეს ეკლესია; დიაკვანი, მამა ო’რურკი, კიდევ ერთი მღვდელიც იყო, ყველანი შიგ შევიდნე, ჩირაღდნებით, რომ ენახათ, იქ იყო თუ არა... ჰოდა, როგორ გგონიათ, სწორედ იქ მიაგნეს. ზის მარტოდმარტო სიბნელეში, თავის პატარა სააღმსარებლოში, თვალები დაუჭყეტია და თითქოს თავისთვის იცინის...

ის უცებ გაჩუმდა, თითქოს რაღაცას მიაყურადაო, მეც სმენად ვიქეც. მაგრამ სახლში ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ვიცოდი, მოხუცი მღვდელი წყნარად იწვა თავის კუბოში, სწორედ ისეთი როგორიც ჩვენ ვნახეთ - ზვიადი და გოროზი მიცვალებული, ცარიელი ბარძიმით მკერდზე.

ელიზამ ამოიოხრა:

- თვალები დაუჭყეტია და თითქოს ჩუმად იცინის თავისთვის... მაშინ კი, რაღა თქმა უნდა, რაკი ამ დღეში ნახეს, ყველა მიხვდა, რომ სასიკეთო არა სჭირდა რა...

შეხვედრა

ველური დასავლეთი ჯო დილონმა გაგვაცნო. ჯოს პატარა ბიბლიოთეკა ჰქონდა, „ბრიტანეთის დროშის“ და „სიმამაცის“ ძველი ნომრებისა და იაფფასიანი სათავგადასავლო რომანებისგან შემდგარი. ყოველ საღამოს, სკოლიდან დაბრუნებულნი, მის ეზოში ვიკრიბებოდით და ინდიელობანას ვთამაშობდით.

ის და მისი უმცროსი ძმა ლეო, სქელი, დონლდო ბიჭი, საჯინიბოს სხვენს იცავდნენ, ჩვენ კი იერიში მიგვქონდა მასზე. ხანდახან მწვანე მოლზე ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა. მაგრმა, ჩვენი თავგანწირული ცდის მიუხედავად, ვერასოდეს ვჯობნიდით მოწინააღმდეგეს, ვერც იერიშისას და ვერც ფიცხელ ომში, ასე რომ, ყოველი ჩვენი შეტაკება ჯო დილონის საზეიმო ცეკვით მთავრდებოდა. მისი მშობლები ყოველ დილით ეკლესიაში დადიოდნენ გარდინერ-სტრიტზე, წირვის მოსასმენად, და მათი სახლის დერეფანში მისის დილონის საკმეველივით მშვიდობიანი სურნელება იფრქვეოდა. ჩვენ ჯოზე უმცროსნი, თანაც უფრო მხდალნი ვიყავით და გვეჩვენებოდა, რომ ის მეტისმეტ სიშმაგეს იჩენდა თამაშის დროს. ჯო მართლაც ნამდვილ ინდიელს ჰგავდა, როცა ბაღში დაჰქროდა, თავზე ჩამოფხატული ჩაიდნის ძველი ჩაჩით, მუშტს ურტყამდა თუნუქის ნაჭერს და გაჰკიოდა:

- იაჰ, იაკა, იაკა, იაკა!

არავის არ გვჯეროდა, როცა შევიტყვეთ, რომ მან მღვდლად გახდომა გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ეს სრული სიმართლე გახლდათ.
ჩვენ ყველანი პატარა მეამბოხეები ვიყავით და ეს მეამბოხური სული პირწმინდად შლიდა ყოველგვარ განსხვავებას თითოეული ჩვენგანის კულტურასა და მიდრეკილებებს შორის. ჩვენ ბანდებს ვქმნიდით, ზოგი თავგამოდებით, ზოგი ხუმრობით, ზოგიც თითქმის შიშით. მეც ამ უკანასკნელთა რიცხვს ვეკუთვნოდი, ამ მერყევ ინდიელებს, რომელთაც ეშინოდათ მზუთხავები ან ქალაჩუნები არ შერქმეოდათ. ის საოცარი ამბები, რომელთა შესახებაც ვკითხულობდით წიგნებში ველურ დასავლეთზე, ახლოს არ ეკარებოდნენ ჩემს გულს, მაგრამ ჩემს ფანტაზიას მაინც ჰკვებავდნენ. მე უფრო ამერიკული დეტექტიური მოთხრობები მომწონდა, რომლებშიც დროდადრო თავნება, ავსული ლამაზმანები ჩნდებოდნენ. თუმცა, ამ მოთხრობებში ცუდი არაფერი იყო და არც ლიტერატურული თვალსაზრისით დაიწუნებოდა, მაგრამ სკოლაში საიდუმლოდ გადადიოდა ხელიდან ხელში. ერთხელ მამა ბატლერმა, რომელიც რომის ისტორიიდან გავკეთილად მოცემულ ოთხ გვერდს გვეკითხებოდა, დოყლაპია ლეო დილონს „იაფფასიანი სათავგადასავლო ბიბლიოთეკის“ ერთი ნომერი აღმოუჩინა.

- რომელ გვერდზე შევჩერდით, ვინ მეტყვის? აბა, დილონ, ადექით. „ის იყო, შერიჟრაჟდა დღე იგი...“ განაგრძეთ! რომელი დღე? „ის იყო, შერიჟრაჟდა დღე იგი, ოდეს...“ ისწავლეთ ეს, თუ არა? რა გაქვთ ჯიბეში?

ყველას გულები აგვიფანცქალდა, როცა ლეო დილონმა წიგნი გაუწოდა მამა ბატლერს, და მაშინვე უცოდველი გამომეტყველება მივიღეთ. მამა ბატლერმა წიგნი გადაფურცლა და წარბი შეიკრა:

- ეს რა ნაგავია! - თქვა მან. – „ყაჩაღთა ბელადი!“ აი, თურმე რას კითხულობთ, ნაცვლად იმისა, რომ რომის ისტორია ისწავლოთ. მეორედ აღარ დამანახოთ ასეთი სისაძაგლე სასწავლებელში. ეს ალბათ ვინმე არამზადას დაწერილია, რომელიც ამგვარ რამეებს ერთი ჭიქა ღვინის საფასურად თხზავს. მიკვირს, თქვენისთანა განათლებული ბიჭები ამნაირ სისულელეებს რომ კითხულობთ. ნაციონალური სკოლის მოსწავლეები რომ იყოთ, კიდევ მესმის... გაფრთხილებტ, დილონ, მიხედეთ თქვენს საქმეს, თორემ...

ამ დატუქსვამ ჩემს თვალში დიდების შარავანდედი ჩამოაცილა ველურ დასავლეთს, ლეო დილონის შემკრთალმა ბუთხუზა სახემ კი სინდისის ქენჯნა მაგრძნობინა. მაგრამ, როგორც კი სკოლის დამთრგუნველ გავლენას გავშორდი, ნელ-ნელა მომწყურდა იმ ველური აღტკინების განცდა, ის უჩვეულო ნეტარება, რომლის მონიჭება თითქოს თავისუფალი ცხოვრების ამსახველ ამ მოთხრობებს შეეძლო მხოლოდ. საღამოობით ომობანას თამაშიც ისევე მოსაბეზრებელი მეჩვენებოდა, როგორც დილაობით გაკვეთილებზე ჯდომა. რადგან მსურდა, ნამდვილ ხიფათს გადავყროდი; მაგრამ მჯეროდა, რომ ნამდვილ ხიფათს ვერ გადაეყრება ის, ვინც დღენიადაგ შინ ზის ფეხმოუცვლელად. ხიფათი მხოლოდ სამშობლოდან შორს უნდა ეძიო.

საზაფხულო არდადეგები ახლოვდებოდა. როცა გადავწყვიტე, თუნდაც ერთი დღით დამერღვია სასკოლო ცხოვრების ერთფეროვნება. მე, ლეო დილონმა და კიდევ ერთმა ბიჭმა, გვარად მეჰონიმ, მოვილაპარაკეთ, ერთ დღეს გაკვეთილებიდან გავპარულიყავით. თითოეულმა ექვს-ექვსი პენსი შევაგროვეთ. წინა დღით დავთქვით, დილის ათი საათისთვის სამეფო არხის ხიდზე შევხვედროდით ერთმანეთს. მეჰონის უფროს დას გასამართლებელი ბარათი უნდა შეეთხზა მისთვის, ლეო დილონი კი ძმას დააბარებდა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა სკოლაში. ფეხით უნდა მივსულიყავით ნავმისადგომამდე, მერე ბორნით გადავცურავდიტ უბეს და სამტრედეს მოვინახულებდით. ლეო დილონს ეშინოდა, მამა ბატლერს ან რომელიმე სხვა მასწავლებელს არ შევხვედროდით, მაგრამ მეჰონიმ ძალიან გონივრულად შენიშვნა, რა ესაქმება მამა ბატლერს სამტრედესთანო. გული დავიმშვიდეთ და მე ჩვენი გეგმის პირველი ნახევრის განხორციელებას შევუდექი: ორივეს გამოვართვი ექვს-ექვსი პენსი და ჩემი საკუთარი ექვსი პენსიც ვაჩვენე.

როცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებდით მეორე დღისთვის, ყველანი შესამჩნევად ვღელავდით. სიცილით ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და მეჰონიმ გვითხრა:

- მაშ, ხვალამდე, მეგობრებო.

იმ ღამეს ცუდად მეძინა. დილით პირველი მივედი ხიდზე, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ვცხოვრობდი. წიგნები მაღალ ბალახებში ჩავმალე, ბაღის ბოლოს, სანაგვე ორმოს გვერდით, სადაც იშვიათად გაივლიდა ვინმე, და არხის გასწვრივ გავიქეცი.

ივნისის პირველი კვირის თბილი, მზიანი დილა იყო. ხიდის მოაჯირზე ვიჯექი და ვტკბებოდი ჩემი ძველი ტილოს ფეცსაცმელების ჭვრეტით, რომლებიც წინა დღით საგულდაგულოდ გავწმინდე ცარცით, თან ვუყურებდი, როგორ მიათრევდნენ თვინიერი ცხენები საქმიანი ხალხით სავსე ტრამვაის ვაგონს აღმართში. არხის აქეთ-იქით ჩამწკრივებული მაღალი ხეები ხასხასა მწვანეს შეემოსა. ამ სიმწვანეში ირიბად ატანდა მზის შუქი და წყლის ზედაპირზე ციმციმებდა.

გრანიტის მოაჯირი ნელ-ნელა თბებოდა. ხელს ვუთათუნებდი თბილ ქვას და თან გულში რომელიღაც სიმღერას ვღიღინებდი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ხუთი თუ ათი წუთი ვიჯექი ასე, რომ უეცრად მეჰონის ნაცრისფერ ქურთუკს მოვკარი თვალი. მან ღიმილით ამოიარა აღმართი და ჩემს გვერდით ამოფოფხდა მოაჯირზე. ლეო დილონის მოლოდინში მეჰონიმ ჯიბიდან გამოჩრილი შურდული ამოიღო და თავისი გაუმჯობესებანი განმიმარტა.

შურდული რად გინდოდა-მეთქი, ვკითხე. ჩიტებს რომ თავს არ გაუვიდეთო, მიპასუხა. მეჰონი ხშირად ხმარობდა ჟარგონს და მამა ბატლერს „ბებერ თხას“ ეძახდა. კიდევ თხუთმეტი წუთი ვიცადეთ, მაგრამ ლეო დილონი არსად ჩანდა. ბოლოს მეჰონი ძირს ჩახტა და მითხრა:

- წავიდეთ, ისედაც ვიცოდი, რომ სქელო დაითესებოდა.

- მერე იმისი ექვსი პენსი?.. - ვთქვი მე.

- ეგ ჯარიმა იყოს, - მიპასუხა, ჩვენთვის კი უკეთესია, შილინგის მაგივრად შილინგნახევარი გვექნება.

ნორთ სტრენდ როუდს გავყევით და ქიმიურ ქარხნამდე მივედით, მერე კი მარჯვნივ გავუხვიეთ და ნავსადგრუსი გზას დავადექით. როგორც კი ხალხის თვალს მივეფარეთ, მეჰონიმ ინდიელობანას თამაში წამოიწყო. ვიღაც ჩამოძონძილ გოგოებს გამოეკიდა ცარიელი შურდულის ქნევით, ხოლო როცა ორმა ჩამოძონძილმა ბიჭმა რაინდული გულისწყრომა გამოამჟღავნა და ქვების სროლა დაგვიწყო, წინადადება მომცა, შეტევაზე გადავიდეთო. მე ვიუარე, ბიჭები ძალზე პატარები არიან-მეთქი, და ისევ გზა განვაგრძეთ, ჩამოძონძილთა ბრბო კი მოგვძახოდა: - „ურჯუკებო! ურჯუკებო!“ იმათ პროტესტანტები ვეგონეთ, რადგან ისედაც შავგვრემან მეჰონის ქუდზე კრიკეტის სათამაშო კლუბის ვერცხლისფერი ნიშანი ეკეთა, როდესაც „უთომდე“ მივედით, ომობანას თამაში წამოვიწყეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, რადგან ომობანა რომ ითამაშო, სულ მცირე, სამი კაცი მაინც არის საჭირო. და ლეო დილონზე რომ ჯავრი გვეყარა, მშიშარას ვეძახდით, თან ვმკითხაობდით, რა ნიშნას დაუწერდა ბოლო გაკვეთილზე მისტერ რაიენი.

მერე მდინარის პირას მივედით. დიდხანს დავეხეტებოდით ხმაურიან ქუჩებში, რომელთაც ქვის მაღალი კედლები გასდევდა, და ვაკვირდებოდით ამწეებისა და ჯალამბრების მუშაობას. მეფორნეები კი, მძიმედ დატვირთულ საზიდრებს რომ მოარახრახებდნენ, გვეჩხუბებოდნენ, გზიდან ჩამოგვეცალეთო. შუადღე იყო, როცა ნავმისადგომს მივაღწიეთ, და რაკი ყველა მუშა საუზმობდა, ჩვენც ორი დიდი, მურაბიანი ღვეზელი ვიყიდეთ და მდინარის პირას რკინის მილებზე ჩამოვსხედით სასაუზმოდ. თან დუბლინის სავაჭრო პორტის ცხოვრების მზერით ვტკბებოდით. ბარჟები შორიდანვე იძლეოდნენ ნიშანს ბამბის ქულასავით დახვეული კვამლის ბოლქვებით, რინგსენდს იქით მეთევზეთა ყავისფერიფლოტილია მოჩანდა, მდინარის გაღმა ნაპირიდან დიდ, თეთრ იალქნიან ნავს ცლიდნენ. მეჰონიმ თქვა, კარგი სეირი იქნებოდა, იმ დიდი გემებიდან ერთ-ერთით ზღვაში გავპარულიყავითო. მეც შევყურებდი უზარმაზარ ანძებს და ვგრძნობდი, როგორ ისხამს ხორცს ჩემს წარმოდგენაში ის მცირეოდენი გეოგრაფიული ცოდნა, რომელიც სკოლაში მიმეღო. სკოლა და სახლი სადღაც შორს, ძალიან შორს დაღცა და მათი გავლენაც თითქოს უკვალოდ გაქრა.

ლიფიზე ბორნით გადავედით. ოღონდ წინასწარ ბაჟი გადავიხადეთ, რათა ორი მუშისა და ბარგიანი ჩია ებრაელის თანამგზავრობის უფლება მოგვეპოვებინა. მეტისმეტად დარბაისლურად გვეჭირა თავი, მაგრამ ამ ხანმოკლე მგზავრობისას ანაზდად თვალი თვალს მოგვიხვდა და ორივეს სიცილი წაგვსკდა. გაღმა გასულებმა, იმ კოპწია სამანძიან ხომალდს დავუწყეთ ცქერა, რომელიც ჯერ კიდევ ნაპირიდან შევნიშნეთ. იქვე, ჩვენს გვერდით მდგომმა კაცმა გვითხრა, რომ ეს ნორვეგიული გემი იყო. მე კიჩოსთან წავედი და ვცადე წარწერა წამეკითხა, მაგრამ რაკი არაფერი გამომივიდა, უკან დავბრუნდი და უცხოელ მეზღვაურებს დავუწყე თვალთვალი. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, ჰქონდა თუ არა რომელიმე მათგანს მწვანე თვალები, რადგან ჩემი აკვიატებული წარმოდგენით... მაგრამ, მეზღვაურებს მხოლოდ ლურჯი, ნაცრისფერი და შავი თვალები აღმოაჩნდათ. ერთადერთი მეზღვაური, რომლის თვალებიც შეიძლებოდა მწვანედ მოგჩვენებოდა, მაღალი კაცი იყო და ნაპირზე თავშეყრილ ხალხს იმით ართობდა, რომ ყოველი ფიცრის დაცემისას მხიარულად ყვიროდა:

- კარგია, კარგია.

როცა ცქერა მოგვბეზრდა, რინგსენდისკენ წავჩანჩალდით. ჩამოცხა, საბაყლოს ფანჯრებში მზეზე იხუხებოდნენ დაობებული ორცხობილები. ჩვენ ვიყიდეთ ორცხობილები და შოკოლადი და გემრიელად შევექეცით, თან ჭუჭყიან ქუჩებში დავეხეტებოდით, სადაც მებადურთა სახლები იდგა. რძის მაღაზიას ვერსად წავაწყდით, ამიტომ მეწვრილმანის დუქანში შევედით და თითო ბოთლი ლიმონათი ვიყიდეთ. ცოტა სული რომ მოითქვა, მეჰონი მოსახვევში კატას გამოეკიდა, მაგრამ კატა მინდორში გაექცა. ორივენი დავიქანცეთ და, როცა მინდორზე გავედით, მაშინვე პატარა ფერდობზე ჩამოვსხედით, საიდანაც დოდერი მოჩანდა.

უკვე ძალიან გვიან იყო და თანაც ძალზე დაღლილები ვიყავით საიმისოდ, რომ ჩვენი გეგმის განხორციელებაზე გვეფიქრა და სამტრედე მოგვენახულებინა. შინ ოთხ საათამდე უნდა დავბრუნებულიყავით, თორემ ჩვენს გაპარვას შეიტყობდნენ. მეჰონი გულდაწყვეტილი დაჰყურებდა თავის შურდულს და ვიდრე რკინიგზით დაბრუნება არ შევთავაზე, პირზე ღიმილი არ მომსვლია. მზე ღრუბლებს მოეფარა და სევდიან ფიქრებში ჩაფლულნი მიგვატოვა, საჭმლის ნარჩენებს შორის. მინდორში ჩვენს გარდა არავინ იყო. რამდენიმე ხანს მდუმარედ ვიწექით ფერდობზე, მერე მინდვრის თავში ჩვენსკენ მომავალი კაცი შევნიშნე. ზარმაცად ვუთვალთვალებდი იმ კაცს, თან იმ ბალახის ღეროს ვღეჭავდი, რომლითაც გოგოები მკითხაობენ ხოლმე. კაცი ნელი ნაბიჯით მოდიოდა ფერდობის ქვემოთ. ცალი ხელი თეძოზე შემოედო, მეორეში კი ჯოხი ეჭირა და მსუბუქად მოაკაკუნებდა. გაცვეთილი, მუქი მწვანე კოსტუმი ეცვა და თავზე მაღალი ქუდი ეხურა, ისეთი, ჩვენში ღამის ქოთანს რომ ეძახიან. ხნიერი მეჩვენა, რადგან ულვაშებზე ფერფლისფერი გადაჰკრავდა. ჩვენს ფეხებს რომ ჩაუარა, ერთი კი შემოგვხედა და ისევ გზა განაგრძო. თვალი გავაყოლეთ. ორმოცდაათიოდე ნაბიჯი გაიარა და ისევ უკან გამობრუნდა. ნელა მოდიოდა ჩვენსკენ ჯოხის კაკუნით, ისე ნელა, რომ ვიფიქრე, რაღაცას ეძებს-მეთქი ბალახში.

ჩვენ რომ გაგვისწორდა, შეჩერდა და მოგვესალმა. ჩვენც სალმითვე ვპასუხეთ, ისიც ფერდობზე ჩამოჯდა დიდი სიფრთხილით. მერე ამინდზე დაიწყო ლაპარაკი, ამ ზაფხულს დიდი სიცხეები იქნებაო თქვა და დაუმატა: ბედნიერი ხანა ადამიანის ცხოვრებაში სკოლის წლებიაო. ყველაფერს მივცემდი, ოღონდ ჩემი ახალგაზრდობა დამიბრუნდებოდესო. მისი ლაპარაკი ცოტა მოსაწყენი გვეჩვენებოდა და ჩუმად ვისხედით. მერე სკოლასა და წიგნებზე ჩამოგვიგდო სიტყვა. გვკითხა, წაგიკითხავთ თუ არა თომას მურის ლექსები, ან სერ უოლტერ სკოტისა და ლორდ ლიტონის ნაწარმოებებიო. თავი ისე ვაჩვენე, თითქოს მის მიერ დასახელებული ყველა წიგნი წაკიტხული მქონდა. ასე რომ, ბოლოს მითხრა:

„ოჰო, როგორც ვხედავ, შენც ჩემსავით წიგნის ჭია ყოფილხარ. შენი ამხანაგი კი - და მან მეჰონიზე მანიშნა, რომელიც თვალებდაჭყეტილი შემოგვცქეროდა, - უფრო სხვანაირი ჩანს. მაგას, ეტყობა, წიგნის კითხვას თამაში ურჩევნია. - მერე გვითხრა, რომ შინ სერ უოლტერ სკოტისა და ლორდ ლიტონის ყველა თხზულება აქვს და მათი კითხვა არასოდეს ჰბეზრდება. - თუმცა, რასაკვირველია, - დაურთო მან, - ლორდ ლიტონს ისეთი ნაწარმოებებიც აქვს, რომელნიც პატარა ბიჭებმა არ უნდა წაიკითხონ. მეჰონიმ იკითხა, რატომ არ უნდა წაიკითხონ ეს წიგნები პატარა ბიჭებმაო. ამ შეკითხვამ ამაღელვა და გული მატკინა, შემეშინდა, ვაითუ უცნობმა მეც მეჰონივით ბრიყვად ჩამთვალოს-მეთქი. მაგრამ მან მხოლოდ გაიღიმა და დავინახე, რომ რამდენიმე კბიოლი აკლდა. მერე გვკითხა, რომელს უფრო მეტი საცოლე გყავთო. მეჰონიმ დაუდევრად უპასუხა, სამი გოგო მყავსო. ახლა მე მომიბრუნდა, შენო? მე ვუპასუხე, არც ერთი-მეთქი. იმან არ დამიჯერა, დრწმუნებული ვარ, გეყოლებაო. მე ხმა არ ამომიღია.

-თქვენ თვითონ რამდენი გყავთ? - თავხედურად ჰკითხა მეჰონიმ უცნობს.

უცნობმა ისევ წინანდელივით გაიღიმა და გვითხრა, თქვენხელა რომ ვიყავი, გოგოები ბლომად მყავდაო.

-ყველა ბიჭს ჰყავს თავისი გოგო, - გვითხრა მან.

მისის ხნის კაცისგან ძალიან მეხამუშა ასეთი თავისუფალი ლაპარაკი ამ თემაზე. გულში გონივრულად მიმაჩნდა, რაც მან ბიჭებსა და გოგოებზე ილაპარაკა. მაგრამ მისი პირიდან ამის გაგონება არ მსიამოვნებდა. თანაც მიკვირდა, რატომ შეაჟრჟოლა ერთი-ორჯერ, თითქოს რაღაცის შეეშინდა, ან უეცრად შეამცივნაო. ლაპარაკს ისევ განაგრძობდა და შევნიშნე, კარგი გამოთქმა ჰქონდა. გოგოიებზე გვესაუბრებვოდა, როგორი ლამაზი და ფაფუკი თმები აქვთო, ნაზი ხელები, მაგრამ ყველა გოგო არ არის ისეთი კარგი, როგორც ერთი შეხედვით ჩანსო. ლამაზი გოგონას შეხედვას არაფერი მირჩევნიაო, გვითხრა, მიყვარს მისი ნახი თეთრი ხელებისა და მშვენიერი ფაფუკი თმის ჭვრეტაო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთხელვე დაზეპირებულს იმეორებდა, ანდა საკუთარი სიტყვებით დამაგნიტებული მისი გონება ნელნელა ბრუნავდა ერთი და იგივე ღერძის გარშემო. ხან ისე ლაპარაკობდა, თითქოს რომელიღაც ყველასთვის ნაცნობ ფაქტზე მიგვანიშნებსო, ხან კი ხმას დაუწევდა, იდუმალად გვეჩურჩულებოდა, თითქოს საიდუმლოს გვიმხელდა და არ სურდა ვისმე ყური მოეკრა. იმეორებდა და იმეორებდა ერთსა და იგივეს, ოდნავ სცვლიდა ფრაზებს და თავისი მონოტონური ხმით აერთფეროვანებდა ყველაფერს. მე ისევ ფერდობის ძირს ჩავშტერებოდი, თან უცნობის საუბარს ვუგდებდი ყურს.

კარგა ხნის შემდეგ მისი მონოლოგი შეწყდა. იგი ნელა წამოდგა, გვითხრა ერთი წუთით ან უფრო სწორად რამდენიმე წუთით დაგტოვებთო და მე თავაუღებლად დავინახე როგორ ნელა გაგვშორდა და მინდვრის ნაპირისკენ წავიდა. წამდენიმე წუთს მდუმარედ ვისხედით. უეცრად მეჰონიმ წამოიძახა:

-ერთი შეხედე, რას აკეთებს!

და რაკი არც პასუხი გავეცი, არც თავი ამიწევია, მეჰონიმ კვლავ გაიმეორა:

-შეხედე-მეთქი იმ საფრთხობელას!

-თუ გვარებს გვკითხავს, - ვთქვი მე, - შენ მერფი იყავი, მე კი სმითი ვიქნები.

ერთმანეთისათვის მეტი აღარაფერი გვითქვამს. ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვიტა, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი, რომ უცნობი დაბრუნდა და ისევ ჩვენს გვერდით დაჯდა. დაჯდომა ძლივს მოასწრო, რომ მეჰონიმ თავის გაქცეულ კატას მოჰკრა თვალი, წამოხტა და გამოედევნა. მე და უცნობი სეირს ვუყურებდით. კატამ ისევ თავს უშველა და მეჰონიმ ქვების სროლა დაუწყო ღობეს, რომელზედაც მისი მსხვერპლი გადაძვრა. როცა მობეზრდა, უმიზნო ხეტიალს მოჰყვა. მცირე სიჩუმის შემდეგ უცნობი ისევ მე მომიბრუნდა. შენი მეგობარი უხეში ბიჭიაო, მითხრა და მკითხა, ხშირად წკეპლავენ თუ არა სკოლაშიო. მინდოდა აღშფოთებით მეპასუხნა, რომ ჩვენ ნაციონალური სკოლის მოსწავლეები არ ვიყავით და ამიტომ, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, არც გვწკეპლავდნენ, მაგრამ ისევ სიჩუმე ვამჯობინე. უცნობმა საუბარი ახლა ბიჭების ფიზიკურ დასჯაზე გადაიტანა. მისი გონება, მისივე სიტყვებით დამაგნიტებული, თითქოს ისევ ნელნელა დატრიალდა ახალი ცენტრის გარშემო. ასეთი ბიჭები უნდა გაწკეპლო და თანაც კარგად გაწკეპლოო, თქვა მან. როცა ბიჭი ასეთი თავნება და ჯიუტია, გვარიანად გაწკეპვლისთანად არაფერი მოუხდებაო. ხელებში ჩარტმა ან ყურის აწევა შედეგს არ გამოიღებს, ასეთს მხოლოდ ცხელცხელი წკეპლები თუ მოარჯულებსო. მე გამაკვირვა მისმა მსჯელობამ და ჩემდაუნებურად ავხედე უცნობს. მომწვანო თვალების მზერას წავაწყდი, ეს თვალები მე მომშტერებოდნენ შეჭმუხნილ შუბლს ქვემოდან. თვალი მოვარიდე და გვერდზე გავიხედე.

უცნობი თავის მონოლოგს განაგრძობდა. წერანდელი ლიბერალობა თითქოს მთლად გადაავიწყდა. სადმე რომ ვნახო, ბიჭი გოგოს ელაპარაკებოდეს, ან გავიგო, რომ შეყვარებული ჰყავს, ზურგს ავუჭრელებდი წკეპლის ცემითო, თქვა მან. ეს გადააჩვევდა გოგონებთან ლაზღანდარობასო. მაგრამ თუ ბიჭს გულისსორი ჰყავს და მალავს, ამისთვის ტყავს გავაძრობდი ცემით, სიგრძეს სიგანედ ვუქცევდი, მე კი ამქვეყნად ამაზე მეტად არაფერი მეამებოდაო.

მეამებოდაო. საგულდაგულოდ მიხსნიდა, როგორ გაწკეპლავდა იმ ბიჭს, თითქოს დიდმნიშვნელოვან საიდუმლოს მანდობსო, და თან უმატებდა, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სიამოვნება იქნებოდა ამქვეყნადო. ამ საიდუმლოს რომ მიმჟღავნებდა, მის მონოტონურ ხმას თანდათან სინაზე შეეპარა, თითქოს თანაგრძნობას მთხოვსო.

მე შევიცადე, ვიდრე მისი მონოლოგი ხელახლა არ შეწყდა. მაშინ კი ფეხზე წამოვიჭერი. აღელვება რომ დამეფარა, ფეხსაცმლის შეკვრა დავიწყე. მერე კი ვუთხარი, წასასვლელი ვარ-მეთქი, და გამოვემშვიდობე. ნელა შევყევი ფერდობს, გულს კი შიშისაგან ბაგა-ბუგი გაჰქონდა, მეგონა კოჭებში მწვდება-მეთქი. ზევით რომ ავედი, მოვტრიალდი და, მისთვის არც შემიხედავს, ისე დავიძახე:

- მერფი!

ხმაში ნაძალადევი სიმხნევე მეტყობოდა და ჩემი უბადრუკი ცბიერებისა შემრცხვა. ხელმეორედ დამჭირდა დაძახება, ვიდრე მეჰონი დამინახავდა და გამოვეპასუხებოდი. ო, როგორ ძალუმად მიცემდა გული, როცა ჩემსკენ მორბოდა, თითქოს საშველად მოისწრაფვისო. მე კი მრცხვენოდა, მრცხვენოდა იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის ცოტათი მძულდა იგი.

ეველინი

გოგონა ფანჯარასთან იჯდა, უცქერდა, როგორ იპყრობდა საღამო პროსპექტს. თავი ფარდაზე მიედო და ნესტოებით შეიგრძნობდა მტვრიანი კრეტონის სუნს. დაღლილი იყო...

ქუჩაში რამდენიმე კაცმა გაიარა. ბოლო სახლში მცხოვრები მამაკაცი შინ მიიჩქაროდა. ეველინას კარგა ხანს ესმოდა ნაბიჯების ხმა ბეტონის ტროტუარზე, მერე წითელი სახლების წინ, დანაცრულ ბილიკზე, ჭრაჭუნის ხმაც გაკრთა...

ოდესღაც აქ, ამ ადგილას, მინდორი იყო. იქ ევიც თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად. მოგვიანებით მინდორი ვიღაც ბელფასტელმა შეისყიდა და სახლები ააგო. ადგილობრივ მოსახლეთა პატარა, ყავისფერ ქოხთა მსგავსი კი არა, აგურის ლამაზი სახლები, პრიალა სახურავებით... იმ მინდორზე პროსპექტელი ბავშვებიც იყრიდნენ თავს: დევინები, უოტერსები, დანები, პატარა საპყარი კეო, ევი და-ძმასთან ერთად... მხოლოდ ერნესტი არ თამაშობდა მათთან, გოგონას უფროსი, უსაყვარლესი ძმა. ის უკვე დიდი იყო.

გოგონას მამა, ნარშავას ეკლიანი ჯოხით შეიარაღებული, ხშირად დასდევდა, ბავშვებს, მინდვრიდან რომ გაეყარა, მაგრამ პატარა კეო ფხიზლად დარაჯობდა პატარებს და აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ...

დიდი ხნის წინ იყო ეს ყოველივე. ახლა ეველინა დიდია, გაიზარდა მისი და-ძმაც, დედა კი ცოცხალი აღარ ჰყავთ. გარდაიცვალა მათი მეგობარი ტიზი დანიც, უოტერსები კი ინგლისში დაბრუნდნენ. ყველაფერი შეიცვალა და ახლა თვითონაც მიემგზავრება, სხვების მსგავსად, თავისი კერის მიტოვებას აპირებს...

სახლი! გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, სურდა, გონებაში კიდევ ერთხელ აღებეჭდა ნაცნობი საგნები, წლების განმავლობაში მტვერს რომ წმენდდა და უკვირდა, საიდან გროვდებაო ამდენი. ამიერიდან ალბათ ვეღარასოდეს იხილავს ნივთებს, რომელთა მიტოვებაც აქამდე არასოდეს უფიქრია. წლებია, უცქერს გაყვითლებულ ფოტოსურათს, კედელზე რომ კიდია გატეხილი ფისჰარმონიის თავზე და იხსენებს მასზე გამოსახული მღვდლის სახელს. ეს მოძღვარი ოდესღაც მამამისთან მეგობრობდა და ისიც ხშირად უხსნიდა სტუმრებს, ჩემი მეგობარი ამჟამად მელბურნშიაო. ოთახს მარგარიტა მარია ალაკოკის ფერადი გრავიურაც ამშვენებს...

ეველინამ უკვე გადაწყვიტა სახლიდან გამგზავრება, თუმცა არ იყო დარწმუნებული ამ ნაბიჯის სისწორეში. სცადა, საკითხის თითოეული მხარე აეწონ-დაეწონა: შინ არც საკვები აკლდა, არც თავშესაფარი, ირგვლივ კი ის ხალხი ეხვია, ბავშვობიდანვე რომ იცნობდა. ისე კი ბევრს შრომობდა შინაც და მაღაზიაშიც. ნეტავ რას იტყოდნენ სამსახურში, როცა გაიგებდნენ, შეყვარებულს გაჰყვა ბუენოს-აირესშიო? ალბათ იტყოდნენ, რომ სისულელე გააკეთა და მის ადგილზე კონკურსს გამოაცხადებდნენ. ეს განსაკუთრებით მის გავანს გაახარებდა; ქალი სულ კრიჭაში ედგა გოგონას, განსაკუთრებით კი მაშინ ავსებდა საყვედურებით, როცა ხალხი უსმენდა. წამდაუწუმ გაჰკიოდა: „მის ჰილ, ვერ ხედავ? ქალბატონები გელოდებიან!“ ანდა - „ცოტა ცოცხლად, მის ჰილ, გეთაყვა!“

არა, მაღაზიის მიტოვება ნამდვილად არ დასწყვეტდა გულს... შემდეგ გათხოვდებოდა და ახალ სახლში გადავიდოდა, შორეულ, უცხო ქვეყანაში... ის სახლი სრულიად არ ემგვანებოდა ძველს... ამაზე ფიქრი სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა...

მამა აღზრდისას გამორჩეულად ეპყრობოდა ეველინას, არ ექცეოდა ისე, როგორც ერნესტსა და ჰარის, ევი ხომ გოგონა იყო, მაგრამ... მოგვიანებით აითვალწუნა, ერთხელ ისიც კი უთხრა, რომ მხოლოდ მიცვალებული მეუღლის ხათრით ზრუნავდა ქალიშვილზე...

იმ დღის შემდეგ გოგონას აღარავინ დარჩა დამცველი. ერნესტი დაიღუპა, ჰარი კი ეკლესიის მოხატვაზე მუშაობდა და სულ სადღაც მიიჩქაროდა... ეველინა თითქმის ყოველთვის უგზავნიდა მამას მთელ ხელფასს, შვიდ შილინგს. ჰარიც უგზავნიდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, მაგრამ გაავებული მშობელი ყოველ შაბათს ფულს ითხოვდა შვილებისგან, თვითონ კი არაფერს აძლევდა მათ. პირიქით, ქალიშვილს აყვედრიდა, დანაზოგს უაზროდ ფლანგავ, თავი მხრებზე არ გაბია, მე არასოდეს მოგცემ ჩემს წვალებით ნაგროვებ ფულს, რომ აქეთ-იქით მიმოფანტოო. ჰო, მართლაც საშინლად იქცეოდა მამა ყოველ შაბათ საღამოს... ბოლოს მიუგდებდა გოგონას ორიოდე გროშს და ავალებდა კვირისთვის სადილის მომზადებას. ისიც გარბოდა საყიდლებზე, ხელში მჭიდროდ ჩაბღუჯული შავი ტყავის საფულით, ძლივს მიიკვლევდა გზას ბრბოში, დატვირთული ჩანთით ბრუნდებოდა შინ და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა სახლისთვის და ორი ბავშვისთვის მიეხედა. ცდილობდა, რეგულარულად ეკვება ისინი, სკოლაში მოწესრიგებული გაეშვა ყოველდღე...

მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა მიემგზავრებოდა, სრულიად აღარ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი უსიამოვნოდ, არასასურველად...

ფრენკთან ალბათ სულ სხვა ცხოვრება ელოდა. ის გულღია ადამიანი იყო, კეთილი, ვაჟკაცური. ევი მასთან ერთად გემით გაემგზავრებოდა ბუენოს-აირესში და ცოლად გაჰყვებოდა, იქ ახალი სახლი ელოდა...

რა კარგად ახსოვდა პირველი შეხვედრა ფრენკთან: ბიჭს სახლი ჰქონდა ნაქირავები მთავარ ქუჩაზე, იქ კი გოგონას ხშირად უწევდა გავლა. თითქოს სულ ახლახან იყო ყველაფერი... ფრენკი ჭიშკართან იდგა, წოწოლა კეპი თავზე ჩამოემხო, თმა ქუდიდან გამოსჩროდა და გარუჯულ, ბრინჯაოსფერ სახეზე ეფარებოდა. მოგვიანებით დაახლოვდნენ. ჭაბუკი მაღაზიის კართან ხვდებოდა და სახლამდე აცილებდა. ერთხელ სპექტაკლი აჩვენა: მაიკლ უილიამ ბალფის „ბოშები“.

ევი საოცრად გახალისდა, მასთან ერთად თეატრის უჩვეულო სკამზე რომ მოკალათდა. ფრენკი მუსიკამ გაიტაცა და ჩუმად აღიღინდა. ხალხმა იცოდა, რომ ამ ორს ერთმანეთი მოსწონდა და როცა ბიჭი უმღეროდა ევის ქალიშვილზე, მეზღვაური რომ შეუყვარდა, გოგონას სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლიდა ხოლმე. ბიჭი სატრფოს ალერსით „მინდვრის ყაყაჩოს“ ეძახდა. თავდაპირველად ევის ის სიამოვნებდა, ვიღაც რომ ეტრფოდა, შემდეგ კი, თანდათან, თავადაც მოეწონა თაყვანისმცემელი.

ფრენკმა მუშაობა გემზე დაიწყო. თავდაპირველად „ალან ლაინზე“ მოეწყო თვეში ერთ გირვანქად, შემდეგ კი სხვა გემებზეც მუშაობდა და გოგონას ხშირად ეუბნებოდა იმ ხომალდთა სახელებს, რომლებზეც ემსახურა.

ბევრი ქვეყანა შემოიარა. ქალიშვილს ხშირად მოუთხრობდა შორეულ მხარეზე, საშინელ პატაგონიელებზე... ერთხელ შვებულება ბუენოს-აირესში გაატარა და მას შემდეგ ოცნებობდა ეველინასთან ერთად იქ დასახლებაზე.

ეველინას მამამ შენიშნა, მისი გოგონა შეყვარებული რომ იყო, არც ფრენკით იყო უკმაყოფილო და წყვილს შეხვედრას არ უშლიდა. თუმცა ეს იდილია მალე დამთავრდა. ერთხელ მამა და ფრენკი წაკამათდნენ და ამის შემდეგ შეყვარებულები მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

საღამომ ჩაამუქა პროსპექტი. გაფერმკრთალდა იმ ორი წერილის სითეთრე, ხელში რომ ჩაებღუჯა. ერთი ჰარის ეკუთვნოდა, მეორე კი მამას. ევის ერნესტი უფრო უყვარდა, მაგრამ ჰარიც ხომ მისი ძმა იყო. მამა კი ძალიან დაბერდა, იცოდა, მოენატრებოდა მოხუც მშობელს. ზოგჯერ იგი კეთილიც იყო. არც ისე დიდი ხნის წინ მოჩვენებათა ისტორიებს უამბობდა ავადმყოფ ქალიშვილს და ტოსტებს უბრაწავდა ცეცხლზე. ერთხელ, როცა დედაც ცოცხალი იყო, ყველანი პიკნიკზე გაემგზავრნენ ჰოუთ ჰილზე. მამამ მაშინ ქალის შლაპა დაიხურა და ოინბაზობა დაიწყო ბავშვების გასამხიარულებლად...

დრო გადიოდა, ის კი მაინც ფანჯარასთან იჯდა, თავი ისევ ფარდისთვის მიედო და ისევ შეიგრძნობდა ნესტოებით მტვრიანი კრეტონის სუნს... ქვემოდან, პროსპექტის სიღრმიდან, ქუჩის ორგანის დაკვრის ხმა მოესმა. ეველინასთვის ნაცნობი იყო ეს ჰაერი... სწორედ ახლა გაახსენდა დედისთვის მიცემული პირობა, სახლს მანამ მივხედავ, სანამ შევძლებო. გაახსენდა მისი ავადმყოფობა და ერთად გატარებული ბოლო ღამე... ქალი დახუთულ, ბნელ ოთახში იწვა და გორაკის გაღმიდან მომავალ იტალიის მელანქოლიურ ჰაერს შეიგრძნობდა. ორგანისტს მაშინ ექვსპენიანი აჩუქეს, დაკვრა რომ შეეწყვიტა და წასულიყო. მამა აღელვებული ბოლთას სცემდა ოთახში და ბუზღუნებდა: „წყეული იტალიელები, რაღა აქ მოდიან!“

დედის საბრალო მზერის და უდროო აღსასრულის გახსენებამ შიშით ააცახცახა გოგონა. ამ ქალის სიცოცხლე ხომ უბრალო ადგილისთვის მსხვერპლშეწირვა იყო მხოლოდ, ჭკუიდან შეშლით დამთავრებული. ისევ გაახსენდა მშობლის ხმა, გიჟური დაჟინებით რომ იმეორებდა: „ერე რაუნ შერაუნ! ერე რაუნ შერაუნ!“

შიშის უეცარმა იმპულსმა აიძულა ეველინა, წამომდგარიყო. გაქცევა, გაქცევაა საჭირო! ფრენკი გადაარჩენს. ის მისცემს ქალიშვილს სიცოცხლეს და ალბათ სიყვარულსაც. მას ხომ სიცოცხლე სურს, რად უნდა იყოს უბედური?! ხომ აქვს ბედნიერების უფლება!.. ფრენკი ხელში აიყვანს, გულში ჩაიკრავს და იხსნის...

***

ეველინა უკვე ნორს უოლის სადგურზე იდგა მოძრავ ბრბოში. ფრენკმა ხელი ჩაავლო და რაღაცას უმეორებდა. სადგური სავსე იყო ყავისფერბარგიანი ჯარისკაცებით. ფარდულის ფართო კარში გოგონამ გემები შენიშნა. ისინი ნავმისაბმელთან იყვნენ განლაგებული და ილუმინატორები განათებული ჰქონდათ.

ევი ხმას არ იღებდა. გრძნობდა, რომ ლოყები გაუფერმკრთალდა და გაუცივდა. გაოგნებული იყო და ღმერთს შესთხოვდა, აეხსნა, რა იყო მისი დანიშნულება, გზა ეჩვენებინა... უცებ ნისლში გემმა სამგლოვიარო ხმით დაუსტვინა... თუ წავიდოდა, ხვალ უკვე ბუენოს-აირესისკენ მიმავალი ხომალდით ზღვაში იქნებოდა გასული ფრენკთან ერთად. მათი ადგილები დაჯავშნული იყო. განა შეეძლო, წასვლა გადაეფიქრებინა მას შემდეგ, რაც ფრენკმა მისთვის გააკეთა?! მწუხარებამ სულში ზღვის ავადმყოფობა გაუღვიძა... მაინც განაგრძობდა ტუჩების ცმაცუნით, მდუმარედ, მგზნებარედ ლოცვას...

სულში ზარმა ჩამორეკა და ამ დროს იგრძნო, როგორ მოჰქაჩა ფრენკმა ხელზე: „წავედით!“

გულში სამყაროს ყველა ზღვა დაუტრიალდა, ფრენკი კი კვლავ თავისკენ იზიდავდა და ჩანდა, თავისას გაიტანდა კიდეც... გოგონა რკინის მესერს ჩაეჭიდა მთელი ძალ-ღონით. „წამოდი!“ - კვლავ შეეხმიანა ფრენკი...

არა! არა! არა!.. ეს შეუძლებელი იყო... ეველინას ხელები რკინას შეეზარდა და განრისხებულმა სიმწრით შეჰკივლა ზღვას...

„ეველინა! ევი!..“ - კვლავ ისმოდა ძახილი...

ფრენკი ბარიერს იქით იდგა უკვე და გამწარებული უხმობდა სატრფოს, მომყევიო. ევი კი... დარჩა.

გოგონა, გაფითრებული, შორიდან შეჰყურებდა გულის სწორს, პასიური იყო და უმწეო, პაწაწინა ცხოველს ჰგავდა...

ამწუთას ეველინას თვალებში აღარაფერი იკითხებოდა... აღარც სიყვარულის ნიშატი, აღარც განშორების სევდა, აღარც ცნობადობა...

ავტორბოლის შემდეგ

მანქანები დუბლინისაკენ მისრიალებდნენ, პაწაწინა ბურთულებივით მიგორავდნენ ნაას-როუდის ღარში. ინჩიკორის გორაზე ჯგუფ-ჯგუფად შეგროვებულიყვნენ ცნობისმოყვარენი, რათა შინისაკენ მობრუნებული ავტომანქანების მზერით დამტკბარიყვნენ.

სიღატაკისა და უძრაობის ამ არხით კონტინენტი თავის სიმდიდრესა და ტექნიკას მოაქროლებდა. დროდადრო მაყურებელთა  ბრბოში აღტაცების ყიჟინა გაისმოდა - ბეჩავი, გულკეთილი ირლანდიელები შეჯიბრების მონაწილეთ ესალმებოდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათი კეთილგანწყობილება უმეტესად ლურჯი მანქანების მხარეზე იყო, ეს მანქანები მათს მეგობრებს, ფრანგებს ეკითვნოდათ.

ამას გარდა, გამარჯვებულებიც, ფაქტიურად, ფრანგები იყვნენ. მათმა გუნდმა ერთად მიაღწია ფინიშს, მეორე და მესამე ადგილები დაიკავა. ხოლო პირველ ადგილზე გამოსული გერმანული მანქანის მძღოლი, როგორც ამბობდნენ, ბელგიელი იყო. ამიტომ, ყოველ ლურჯ მანქანას, რომელიც გორის თხემს გადალახავდა, გაორკეცებული სიხარულით ეგებებოდნენ, მანქანაში მსხდომნი კი მათ ყიჟინას ღიმილით და თავსი ქნევით ეპასუხებოდნენ. ამ კოპწია მანქანებიდან ერთ-ერთში ოთხი ახალგაზრდა კაცისგან შემდგარი კომპანია იჯდა. მათი გუნებაგანწყობა აშკარად მეტყველებდა, რომ მხოლოდ გალური კულტურის გამარჯვებას არ ზეიმობდნენ: მეტისმეტად ბევრს ხორხოცობდნენ. ესენი იყვნენ შარლ სეგუენი - მანქანის მფლობელი, ანდრე რივიერი - ახალგაზრდა ელექტროტექნიკოსი, წარმოშობით კანადელი, ახმახი უნგრელი, გვარად ვილონა და სალუქი ყმაწვილი, რომელსაც დოილს ეძახდენენ. სეგუენი კარგ გუნებაზე იყო, იმიტომ რომ სრულიად მოულოდნელად რამდენიმე წინასწარი დაკვეთა მიიღო (ის პარიჟში საავტომობილო საქმის წამოწყებს აპირებდა), რივიერი იმიტომ, რომ იმედოვნებდა, ამ საქმეში მმართველის პოსტი არ ამცდებაო, თანაც, ერთსაც და მეორესაც (ისინი ერთმანეთს ბიძაშვილებად მოხვდებოდნენ) ფრთებს ასხამდა ფრანგების გამარჯვება. ვილონა, გუნებაზე გემრიელ საუზმეს მოეყვანა, თან ბუნებითაც ოპტიმისტი იყო. რაც შეეხება კომპანიის მეოთხე წევრს, მას ზედმეტი აღზნებისაგან მხიარულების თავიც აღარ შერჩენოდა.

ოცდაექვსიოდე წლისა იქნებოდა, რბილი, ღია წაბლისფერი ულვაშები ამშვენებდა და გულუბრყვილოდ მომზირალი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. მამამისი ცხოვრების ასპარესზე გამოსვლისას თავგამოდებული ნაციონალისტი იყო, მაგრამ სულ მალე შეიცვალა შეხედულება. ფული კინგსტაუნში ყასბობით მოაგროვა, მერე დუბლინსა და გარეუბნებში დუქნები გახსნა და თავისი კაპიტალი ერთიათად გაზარდა. ბედი სწყალობდა. რამდენიმე სადაზღვეო პრემიაც მიიღო და, ბოლოს, ისე გამდიდრდა, რომ დუბლინის გაზეთები ვაჭრობის მეფეს უწოდებდნენ. შვილი ინგლისში გაგზავნა სასწავლებლად, დიდ კათოლიკურ კოლეჯში, მერე კი დუბლინის უნივერსიტეტში შეიყვანა სამართლის შესასწავლად. ჯიმის მაინცდამაინც დიდი სიბეჯითე არ გამოუჩენია, და ერთხანს გზასაც ასცდა. ფული ბლომად ჰქონდა, ამხანაგებს უყვარდათ და ისიც, საოცარი კია, მაგრამ მთელ თავის დროს მუსიკოსთა და ავტომრბოლელთა წრეში ატარებდა. მერე, ერთი სემესტრი კემბრიჯში დაჰყო, რომ ცოტა თვალი გაეხილა, ქვეყანა ენახა. მამამისმა ბევრი იბუზღუნა, დატუქსა კიდეც, როცა მის ვალებს ისტუმრებდა, მაგრამ გულში მაინც ამაყობდა შვილის ხელგაშლილობით. მერე შინ წამოიყვანა. სწორედ კემბრიჯში გაიცნო ჯიმიმ სეგუენი. დიდი მეგობრობა არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ჯიმის ძალიან სიამოვნებდა იმ ადამიანთან ყოფნა, რომელსაც ბევრი რამ ენახა და გამოეცადა და, როგორც ამბობდნენ, საფრანგეთში ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროს მფლობელიც იყო. ამგვარ კაცთან ღირდა ნაცნობობის გაბმა (ამაზე მამაც ეთანხმებოდა), თუნდ ასე ამოდ მოსაუბრეც არ ყოფილიყო. არც ვილონასთან მოიწყენდა კაცი - დიდებული პიანისტი გახლდათ. თუმცა, საუბედუროდ, ძალიან ღარიბი.

მანქანა მხიარულად მიაქანებდა თავის მოხორხოცე ტვირთს. ბიძაშვილები წინ ისხდნენ. ჯიმისა და მის უნგრელ მეგობარს უკანა სკამზე მოეკალათებინათ. ვილონა მართლაც მშვენიერ გუნაბაზე იყო. მილს მილზე გადიოდნენ, ის კი, მთელი გზა, თავისი ძლიერი ბანით რომელიღაც მელოდიას აგუგუნებდა. ფრანგები მახვისიტყვაობდნენ, იცინოდნენ და ზურგსუკან მსხდომთ ეხუმრებოდნენ. ჯიმი წამდაუწუმ წინ იხრებოდა, რომ მათი ნათქვამი კარგად გაეგონა. ეს არც ისე სასიამოვნო იყო, რადგან სულ იმაზე უხდებოდა ფიქრი, რომ მათი სიტყვების აზრი გამოეცნო და მერე შესაფერისი პასუხი დაეყვირა, ქარი კი ამ დროს შიგ სახეში სცემდა. ვილონას ბუბუნი, კიდევ, ვისაც გინდა, იმას აუბნევდა თავგზას; ყოველივე ამას მოტორის ხმაურიც ერთვოდა.

გაშლილ სივრცეში სწრაფი მოძრაობა ყოველთვის აღტაცებას ჰგვრის ადამიანს. ამასვე განიცდის კაცი მაშინაც, როცა ცნობილი პიროვნებაა, ანდა ბევრი ფული აქვს. აი, სამი მთავარი მიზეზი ჯიმის აღზნებულობისა. ბევრმა ნაცნობმა იხილა დღეს იგი კონტინენტიდან ჩამოსულთა საზოგადოებაში. შესასვლელთან სეგუენმა შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილე გააცნო. ჯიმიმ ქათინაურის მაგვარი რაღაც წაიბურტყუნა. პასუხად ფრანგის შევგვრემან სახეზე თეთრი კბილების მწკრივმა გაიელვა. სასიამოვნო იყო ასეთი პატივის შემდეგ საქმეში ჩაუხედავი მაყურებლის ბრბოში გარევა, მათი მუჯლუგუნებისა და მრავამნიშვნელოვანი მზრეის ხილვა. რაც შეეხება ფულს, მას მართლაც საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა. შესაძლოა, სეგუენს ეს თანხა არც ისე დიდად მოსჩვენებოდა, მაგრამ ჯიმი, მიუხედავად ყმაწვილური შეცდომებისა, მაინც საღი ინსტიქტების ღირსეული მემკვიდრე გახლდათ და მშვენივრად იცოდა, რაოდენ ძნელი იყო ამდენი ფულის მოქუჩება. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ წინათაც მისი ხელგაშლილობა დასაშვებ საზღვრებს არ გადადიოდა, და თუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქმე ღრმად განსწავლული ყმაწვილკაცის უბრალო ახირებას შეეხებოდა, მშვენივრად ჰქონდა შეგნებული, რამდენი ოფლის ღვრა სჭირდებოდა ფულის მოხვეჭას, მით უმეტეს ახლა მართებდა გონიერების გამოჩენა, რადგან სასწორზე საკუთარი ქონების მეტი ნაწილი უნდა დაედო. დიახ, ეს მას სერიოზულ საკითხად მიაჩნდა.

საქმე, რა თქმა უნდა, ნაღდი იყო. სეგუენმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ირლანდიელის წვლილს მხოლოდ მეგობრის გულისთვის უმატებდა კონცერნის კაპიტალს. ჯიმი პატივისცემით ეკიდებოდა მამამისის გამჭრიახობას კომერციულ საქმეებში, ახლა კი მამამ თვითონვე შესთავაზა წილში შესულიყო. ავტობიზნესით შეიძლებოდა ფულის გაკეთება, დიდძალი ფულის გაკეთება. გარდა ამისა, სეგუენი აშკარად ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული. ჯიმიმ ანგარიში დაიწყო. ცდილობდა, სამუშაო დღეებზე გადაენაწილებინა იმ დიდებული მანქანის ღირებულება, რომელშიც ახლა იჯდა. როგორ რბილად მისრიალებდა! რა თავმომწონედ მიჰქროდნენ გზაზე. ეს თავდავიწყებული ქროლვა ჯადოსნური ხელით ეხებოდა სიცოცხლის ჭეშმარიტ მაჯისცემას და ადამიანის ნერვიული სისტემის მექანიზმი მზად იყო აჰყოლოდა ლურჯი მხეცის შეუკავებელ სრბოლას.

ისინი დეიმ-სტრიტზე გავიდნენ, ქუჩაზე უჩვეულო მოძრაობა იყო. ისმოდა ავტომობილთა საყვირების ხმა და ტრამვაის ზარების მოუთმენელი წკარუნი. ბანკთან სეგუენმა მანქანა დაამუხრუჭა. ჯიმი და მისი ამხანაგი გადმოვიდნენ. ცნობისმოყვარეთა ბრბო შეგროვდა ტროტუარზე, რათა ღირსეული პატივი მიეგო მოთუხთუხე მანქანისათვის.

კომპანიას საღამოს სეგუენთან უნდა ესადილა, სასტუმროში, მანამდე კი ჯიმი და მისი უნგრელი უნგრელი მეგობარი, რომელიც ჯიმისთან იყო ბინად, შინ უნდა წასულიყვნენ ტანისამოსის გამოსაცვლელად. მანქანა ნელა დაიძრა გრაფტონ-სტრიტისკენ, ახალგაზრდებმა კი იდაყვები აამუშავეს და მოსეირეთა ბრბოში იწყეს გზის გაკვალვა. მერე ჩრდილოეთისკენ გასწიეს. უცნაურ გრძნობას შეეპყრო ორივე, ფეხით სიარული აღარ აკმაყოფილებდათ. მათ თავზე ქალაქი ზაფხულის საღამოს მსუბუქ ნისლში სინათლის მქრქალ ბურთულებს ჰკიდებდა.

ჯიმის შინაურთათვის ეს სადილი მთელი ამბავი იყო. მშობლების მღელვარებაში ერთგვარი სიამაყეც იგრძნობოდა; მზად  იყვნენ არაფერი დაეზოგათ, რადგან უცხოეთის დიდი ქალაქების სახელებს, სხვა რომ არა იყოს რა, ამგვარი სურვილის აღძვრა მაინც შეუძლიათ. გარდა ამისა, კოხტად გამოწყობილი ჯიმის შეხედვას არაფერი სჯობდა. როცა ჰოლში იდგა და კიდევ ერთხელ ისწორებდა ჰალსტუხის ბოლოებს. მამამისი თითქმის კომერციულ კმაყოფილებას გრძნობდა იმის გამო, რომ შვილი უზრუნველჰყო ისეთი ღირსებებით, რომელთაც ფულით ვერ იყიდდი. ვილონას მიმართაც სწორედ ამიტომ ამჟღავნებდა უჩვეულოდ კეთილ განწყობილებას, და მთელი თავისი არსებით გამოხატავდა გულწრფელ პატივისცემას უცხოური ბრწყინვალების მიმართ. მაგრამ მასპინძლის გასხეპილი თავაზიანობა შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან უნგრელ სტუმარს გვარიანად მოშივნოდა და ახლა მხოლოდ სადილზეღა ფიქრობდა.

სადილი კი მართლაც ჩინებული იყო. ჯიმის აზრით, სეგუენს მეტისმეტად დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. მათ კომპანიას ახალგაზრდა ინგლისელი შეუერთდა, გვარად რაუტი, რომელიც ჯიმის სეგუენისას ენახა, კემბრიჯში.

ახალგაზრდები ელექტრონის სანთლებით გაჩახჩახებულ მყუდრო ოთახში სადილობდნენ. თავისუფლად ეჭირათ თავი და ბევრს ლაყბობდნენ. ჯიმის ფანტაზიამ ფრთები შეისხა, უცებ ცხადად წარმოიდგინა, როგორ მოხდენილად მოერგო ფრანგების ახალგაზრდული სიკისკასე ინგლისური სიდარბაისლის მტკიცე ჩარჩოს. „ერთობ მომხიბვლელი სახეა, - გაიფიქრა მან, - თანაც, ჭეშმარიტებას გამოხატავს“. აღტაცებაში მოდიოდა იმ მოხერხებულობით, რომლითაც მასპინძელი საუბარს წარმართავდა. ხუთივეს სხვადასხვაგვარი გემოვნება ჰქონდა და  თანაც ლაპარაკის საღერღელი აშლოდათ. ვილონა ესაზღვრო პატივისცემით განუმარტავდა ინგლისური მადრიგალის მშვენიერების საიდუმლოებას, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარ ინგლისელს. თან კი ძველებურ საკრავთა დაკარგვას ჩიოდა. რივიერმა არც თუ მთლად გულწრფელად დაუწყო ჯიმის იმის ახსნა, თუ რა იყო ფრანგული ტექნიკის ტრიუმფის მიზეზი. ის იყო, უნგრელის ბოხმა ხმამ რომანტიკოს მხატვართა ულაზათო, ყალბი ნათხაპნების დაცინვა დაიწყო, რომ სეგუენმა საუბარი პოლიტიკაზე გადაიტანა. ეს ყველასთვის ახლობელი და სასურველი თემა იყო. კეთილშობილურ სწრაფვას შეეპყრო ჯიმის მთელი არსება, გრძნობდა როგორ იღვრებოდა მასში მამისეული ცეცხლი: როგორც იქნა, გამოაფხიზლა და აიყოლია ზანტი რაუტი. მოსაუბრეები თანდათან ცხარდებოდნენ და სეგუენის ამოცანა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. კამათი შეიძლებოდა პირად შეურაცხყოფაში გადაზრდილიყო. მოხერხებულმა მასპინძელმა შესაფერისი მომენტი შეარჩია და კაცობრიობის სადღეგრძელოდ ასწია ჭიქა, ხოლო როცა ყველამ შესვა შეთავაზებული სადღეგრძელო, ფანჯარასთან მივიდა და ფართოდ გამოაღო.

იმ ღამეს დუბლინს, სატახტო ქალაქის ნიღაბი აეფარებინა. ნელ-სურნელოვანი სიგარების მსუბუქ კვამლში გახვეული ხუთი ახალგაზრდა მხიარული, ხმამაღალი საუბრით მისეირნობდა სტივენს-გრინზე. მოსასხამები დაუდევრად მოეგდოთ მხრებზე. ხალხი უნებურად უთმობდა გზას. გრაფტონ-სტრიტის კუთხეში ვიღაც დაბალი, სქელ-სქელი კაცი მანქანაში იჯდა. მანქანა დაიძრა და დაბალმა კაცმა ახლაღა შენიშნა ახალგაზრდები.

- ანდრე!

- ეს ხომ ფორლია!

ამას მოჰყვა სიტყვათა მთელი ნიაღვარი. ფორლი ამერიკელი იყო. რიგიანად არავის ესმოდა რაზე საუბრობნენ. ყველაზე მეტს ვილონა და რივიერი ხმაურობდნენ. მაგრამ მათ არც დანარჩენები ჩამორჩებოდნენ, მერე მანქანაში ჩასხდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ, ყველა ერთად ცდილობდა ჩაჯდომას, ერთი გნიასი და სიცილ-ხარხარი ატეხეს. როგორც იქნა, დაიძრნენ. ხალხის ბრბო ახლა სიბნელეს შერეოდა, ადამიანები ბუნდოვნად მოჩანდნენ. მხიარულად წკარუნებდნენ ზარები. უესტლენდ-როუს სადგურზე მატარებელში გადასხდნენ და, როგორც ჯიმის მოეჩვენა, სულ რამდენიმე წამში კინგს-ტაუნის ვაგზალზე გამოვიდნენ. მოხუცი კონტროლიორი ჯიმის მიესალმა:

- მშვენიერი ღამეა, სერ!

ზაფხულის წყნარი ღამე იყო. ნავსადგური ჩამუქებულ სარკესავით მოჩანდა მათ ფეხქვეშ. ხელიხელგადახვეულებმა დაიწყეს ჩასვლა, „Cadet Roussel”-ი (ფრანგული ხალხური სიმღერა) შემოსძახეს, ფეხებს აბაკუნებდნენ და მღეროდნენ.

- No! No! Hohe vraiment! (- ჰო! ჰო! ჰოი, მართლა!)

ნავმისადგომთან ნიჩბიან ნავში ჩასხდნენ და ამერიკელის იახტისაკენ გასწიეს. იქ ვახშამი, მუსიკა და ბანქო ელოდათ.

- საუცხოოა, დიდებულია! - განაცხადა ვიღაცამ.

იახტის კაიუტაში პიანინო იდგა. ვილონამ ფორლისა და რივიერის ხათრით ვალსი დაუკრა. ფორლი კავალერი იყო, რივიერი კი ქალის მაგივრად ცეკვავდა.

ვალსს კადრილი მოჰყვა ექსპრომტად. ახალგაზრდები თვითონვე იგონებდნენ ფიგურებს. რა მხიარულება იყო! ჯიმი დიდი ხალისით მონაწილეობდა მასში. აი, ეს იყო ნამდვილი ცხოვრება. ბოლოს, ფორლიმ ვეღარ გაუძლო, გული ყელში მოებჯინა და „გეყოფათო“ დაიყვირა. მსახურმა მსუბუქი ვახშამი შემოუტანა. ახალგაზრდები ზრდილობის გულისათვის მიუსხდნენ სუფრას. სმით კი ბლომად დალიეს, ეს ჭეშმარიტად ბოჰემური საქციელი იყო. დალიეს ირლანდიის, ინგლისის, საფრანგეთის , უნგრეთის, ამერიკის შეერთებული შტატების სადღეგრძელო. ჯიმიმ სიტყვა წარმოსთქვა, ძალზე გრძელი სიტყვა, ვილონა კი კვერს უკრავდა და, როგორც კი ჯიმი სულისმოსათქმელად შეჩერდებოდა, ხმამაღლა ყვიროდა: „სწორია, სწორია!“ ხოლო როცა დაამთავრა, ტაშისცემა დიდხანს არ დამცხრალა. ალბათ კარგი სიტყვა გამოვიდა. ფორლიმ მხარზე დაჰკრა ხელი და გადაიხარხარა. რა მხიარული ბიჭები არიან. რა სასიამოვნოა მათ შორის ყოფნა.

- ბანქო, ბანქო! - მაგიდა მოასუფთავეს. ვილონა ჩუმად დაუბრუნდა პიანინოს და თავისთვის დაიწყო დაკვრა. დანარჩენები კი ხელს ხელზე თამაშობდნენ და მამაცურად მიდიოდნენ რისკზე. დალიეს აგურისა და გულის ქალების სადღეგრძელო. ჯიმის გული სწყდებოდა, რომ მსმენელი არავინ ჰყავდათ:

მახვილსიტყვაობას ბოლო არ უჩანდა. თამაში ეშხში შევიდა. მაგიდაზე ქაღალდის ფული გაჩნდა. ჯიმის კარგად ვერ გაეგო, ვინ იგებდა, ის კი იცოდა, რომ თვითონ აგებდა. მაგრამ ბრალიც თავისივე იყო - ხშირად ურევდა ქაღალდს და სხვებს უხდებოდათ მის მაგივრად ანგარიში. ღმერთივით ბიჭები იყვნენ, მაგრამ ჯიმის მაინც უნდოდა მალე დაემთავრებინათ: უკვე ძალიან გვიან იყო. ვიღაცამ შესთავაზა იახტის - „ნიუპორტის მშენებლის“ - სადღეგძელო შეესვათ. მერე კი ისევ ვიღაცამ თქვა, ბოლო, მაგარი ხელი ვითამაშოთო.

პიანინოს ხმა შეწყდა. ვილონა ალბათ გემბანზე ავიდა. ეს ბოლო ხელი შემზარავი იყო. დამთავრებას ცოტა უკლდა, რომ შეისვენეს და ბედის სადღეგრძელო დალიეს. ჯიმი მიხვდა, რომ ქაღალდი რაუტსა და სეგუენს უნდა გაეჭრათ. როგორ ღელავდნენ. ჯიმიც ღელავდა. თქმა არ უნდა, ისევ წააგებდა. ნეტავ რამდენი ჩაუწერეს? მეგობრები უკვე ფეხზე ამდგარნი თამაშობდნენ, თან გაცხარებით. ხელების ქნევით ლაპარაკობდნენ. რაუტმა მოიგო. მხიარულმა ყიჟინამ შესძრა კაიუტა, ბანქო მოაგროვეს. მერე ანგარიშის სწორებას შეუდგნენ. ფორლი და ჯიმი ყველაზე წაგებულნი აღმოჩნდნენ.

ჯიმი გრძნობდა, რომ დილით სანანებლად დაურჩებოდა თავისი საქციელი, ახლა კი მხოლოდ დასვენება სურდა; უხაროდა, რომ ბნელოდა და ეს უძრავი სიბნელე დაფარავდა მის უგუნურებას. იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თავი ხელებში ჩამალა და საფეთქლებზე პულსის თვლა დაიწყო. კაიუტის კარი გაიღო და ზღურბლზე, ნაცრისფერ ბინდბუნდში, უნგრელის ფიგურა აისვეტა:

- თენდება ბატონებო!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში