აკა მორჩილაძე - ძველი თავადი

ერთი ხნის წინათ ბევრს ვკითხულობდი ასი წლის წინანდელი ქართველების მოგონებებსა და ჩანაწერებს. იმ წაკითხულიდან რაც დამელექა თავში, იმის ერთი ნაწილი ასეთი გამოდგა. ეგებ ამ ნაწერებში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება. მეტი არაფერი.

ქართველ თავადებზე როცა ფიქრობ კაცი, უამრავი რამ გაგახსენდება. ალბათ გაგახსენდება ხმალი, სიათა თოფი, ანდა ხირიმი, ქორი და კაპუეტი და მეფის ტახტი, რომლისთვისაც ხშირად თავი დაუდიათ და ხშირად არც დაუდიათ. თუმცა, ჩვეულებრივი ტახტიც აუცილებლად გაგახსენდება. მაინცდამაინც ნამდვილი ქართველი თავადები არც გჭირდება, მოგონილიც გეყოფა.

მაგალითად, ლუარსაბ თათქარიძე: ყველაზე ცნობილი მოგონილი ქართველი თავადი. მოგონილი კაცია, მაგრამ მთლად არც არის მოგონილი. იმ დროის საქართველოში არსებობდნენ ლუარსაბზე ცუდი თავადებიც და ლუარსაბზე კარგი თავადებიც. მაგრამ ყველა ამათგანს რაღაცა ჰქონდა ლუარსაბისა, თვითონ მის ავტორს და შემქმნელსაც კი. ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა ტახტზე წამოწოლა: შინაური ხალათი, თავზე თურქული ქუდი და თამბაქო - ეს იყო მისი საყვარელი დასვენება. ასევე უყვარდა მის სიმამრსაც, თადეოზ გურამიშვილსაც.

ერთი ძველი დროის კაცი იგონებს, როგორ ნახა პირველად თადეოზ გურამიშვილი. ნამდვილი ძველი საქართველო დამიდგა თვალწინო, ასე ამბობს. ძალიან გრძელთეთრულვაშიანი კაცი იწვა ტახტზე და წინ ედო უგრძესი ჩიბუხი, რომელიც ოთახის ბოლოს სწვდებოდა და როცათადეოზს გაბოლება მოუნდებოდა, დაიყვირებდა: “ბიჭო, ცეცხლი, ბიჭო, ცეცხლი!” შემოვარდებოდა მსახური და წაუკიდებდა ამ ჩიბუხს. ასე იყო.

იმერეთისკენ რომ გადავუხვიოთ, აკაკი წერეთლის მამა, როსტომიც, დიდი მოყვარე იყო ტახტისა. წამოწვებოდაო, იხსენებს აკაკი და ასე გამოდის, რომ მშვიდობიანობაში სოფლის თავადის ადგილი იყო ტახტი. ასეცაა აღწერილი “კაცია ადამიანში?!”. იქ ყველაფერი ტახტზე ხდება - ბუზების დათვლა, საჭმელზე ლაპარაკი, ოცნებაც და საერთოდ, ეს უსაქმურობა დიდად რთული რამ ჩანს თავადისთვის. ტახტზე კოტრიალი ეგება არც იყოს უსაქმურობა, მამულებს ხომ უნდა მიხედო კაცმა! მაგრამ როცა ომი ან ნადირობა არ არის, თავადობა მოწყენილია. ეს არის ძველი, ფეოდალური ცხოვრების კანონი.

გრიგოლ ორბელიანი სწერდა თავის ძმებს თავისი შორეული სასამსახურო ადგილებიდან, ბიჭო, ის დრო წასულია, მარტო ქორი და ცხენი აღარ გვეყოფა, ახლა სწავლა არის საჭირო, ყველა სწავლობს აქაო. ქართველი თავადებიც სწავლობდნენ, ოღონდ უკვე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი სწავლა პატივში არ იყო. თვით ლუარსაბიც ამბობდა, მაშინ წახდა ქართველი კაცის საქმე, რაც ეს ეშმაკური სკოლები შემოიღესო. სწავლა არ იყო თავადის საქმე, თავადის საქმე იყო თავადობა. როსტომ წერეთელი თავის სიცოცხლეში კითხულობდა ორ წიგნს: “სახარებასა” და “ვეფხისტყაოსანს”. ეს ორი წიგნი იყო ქართველი თავადის სახლის წიგნი. შეგხვდებოდათ სხვებიც, “ყარამანიანები” და ასეთები, ოღონდ უფრო აღმოსავლეთ საქართველოში. არც ასე იყო, რომ თავადობა წერა-კითხვას ძალით არ სწავლობდა. მაშ, აბა ვინ თარგმნა “ყარამანიანი”? დავით სარდალმა. მაშ, ვინ იყვნენ პოეტები და განმანათლებლები? თავადები იყვნენ, მაგრამ თავადების უმრავლესობა მისდევდა ძველისძველ, ჩაკეტილ და მყუდრო წესს ცხოვრებისას და ლუარსაბობას. ეს ცხოვრება კი მიექანებოდა დასასრულისკენ.

რუსები რომ შემოვიდნენ, საქართველოში დაუხვდათ დიდი თავადობა, სხვანაირად რომ ვთქვათ, მეფის ოჯახს ჩაბმული ხალხი, და ასევე, ჩვეულებრივი თავადობა. ქართველ თავადობას წინ ედო დიდი ცვლილებები და დიდი მოულოდნელობები, დიდი საჩუქრები და რასაკვირველია, დიდი თავში წამორტყმებიც. დიდი დავიწყებებიც. ცოტა უბრალოდ რომ ითქვას, საქართველოში შემოსულ რუსებს დაუხვდათ ულვაში როსტომ წერეთლისა. იმ დროის თავადობაში ულვაშს მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ ქაღალდსა და საბუთს, თუკი თავადიშვილი ღირსების საქმეს მისდევდა. ულვაში, ანუ ღირსების კაცის სიტყვა. აკაკი წერეთელი იხსენებს მამამისის ცხოვრების ერთ ეპიზოდს: როსტომ წერეთელთან სახლში ფრანგები მისულან. ჭიათურის მარგანეცი, კონცესიები, მთელი ამბავი და ამ ფრანგებს მიწის ყიდვა ნდომებოდათ, სადაც საბადოების გათხრას დაიწყებდნენ, და ალბათ უნდოდათ შეემოწმებინათ, იყო რაიმე სასარგებლო წერეთლის მიწებზე თუ არა. როსტომმა მიიღო ისინი ძალიან თბილად და ქართველურად და ბოლოს საქმე საბუთების ხელმოწერაზე მიდგა: ხალხს მიწის ყიდვა უნდა და ქაღალდს ხომ უნდა მოეწეროს ხელი? როსტომ წერეთელმა არაფრით არ მოაწერა ხელი ქაღალდს. ეს დიდ დამცირებად მიიჩნია. თანხმობა ნათქვამი ჰქონდა, ულვაშზე გადაისვა ხელი და ჩათვალა, რომ ეს ყველაფერს ნიშნავდა. შვილო, მეტი რაღა ვუთხრა, სიტყვა ვუთხარი და ულვაშზე ხელი დავიდეო, - უთხრა აკაკის.

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი
საქართველო კარგა ხანს იყო ძველი, რაინდულ წესებშემორჩენილი თავადების საქართველო და ეს ყველაფერი ქრებოდა, ახალ ცხოვრებას ახალი წესი მოჰქონდა. ხოლო ძველის ყველაზე კარგი და ხილული გამოხატულება იყო თავადი ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, 1832 წლის შეთქმულების მეთაური. ძალიან თავისებური კაცი იყო ეს ალექსანდრე, ძალიან ლამაზად და ღირსეულად ხედავდა საქართველოს და ამის გამო აქილიკებდნენ კიდეც. მას რომ საქართველო წარმოედგინა, ის საქართველო ძნელი საპოვნელი იყო. სადაც ის იყო გაჩერებული, იქ აღარავინ იყო მის გარდა. ჰოდა, ვთქვათ ძველი თავადისა. ბაბუა და შვილიშვილი გავიხსენოთ, მოხუცი კაცი და პატარა გოგო, რომელიც ოთხი-ხუთი წლის თუ იქნებოდა მაშინ, როცა ბაბუა სამოცდაათს იყო მიტანებული.


ბაბუა ძველებურად ცხოვრობდა: მისი და ბებიის ოთახი იყო გრძელი და ნათელი და მოწყობილი ასევე ძველებურად. იქ არ იდგა ახალი ევროპული ავეჯი. იქ იყო ორი ქართული ტახტი, ზედ დაგებული ლეიბებითა და თექით. ერთი ტახტი ბაბუისა იყო. ტახტზე ბაბუას არა მხოლოდ ეძინა, არამედ იჯდა კიდევაც ზედ ფეხმორთხმული, ძველებური წესით. ეს ნაჩვევი წესი იყო ქართველებისთვის, სპარსული მემკვიდრეობა. ტახტზევე ბაბუას ედგა პატარა, სამფეხა მაგიდა. ეს მაგიდაც მისი ქართული წერის წესისთვის იყო საჭირო, იმიტომ, რომ ბაბუა თითქმის ყოველდღე წერდა. ის იშვიათი თავადი იყო, წერა უყვარდა. მოსდგამდა გვარითა და საქმით. ტახტის უკან იყო თახჩა, სადაც მოწესრიგებულად ელაგა ქაღალდები: ქვედა თაროზე სუფთა ფურცლები, შუათანაზე ის, რაც დაწყებული აქვს და ჯერ არ დაუმთავრებია, ზედა თაროზე კი უკვე დამთავრებულები, როგორც იტყვიან ხოლმე. ბაბუა ფანქრით წერდა, იმ დაბალ მაგიდას მიიდგამდა ტახტზე ფეხმორთხმით მჯდომი. შვილიშვილი შეიპარებოდა ხოლმე და უყვარდა იმ სიჩუმეში ყოფნა, როცა კაცი რაღაცას აკეთებდა, თითონ კი თამაშობდა ხოლმე. პატარა იყო და ხშირად მიავიწყდებოდა ბაბუა და ატეხდა ხმაურს ან სიცილს ან რაღაცას, როგორც ბავშვებმა იციან ხოლმე, როცა თოჯინებს ელაპარაკებიან. ამ დროს ბაბუა გამოხედავდა და ძალიან ტკბილად ეტყოდა, აი, ახლა აზრი გამაწყვეტინე და თუ ჩუმად არ იქნები, დავუძახებ არაფანას და წაგიყვანსო. არაფანა ლეკის ქალი იყო, შვილიშვილის გამზრდელი, თვითონ კი ბაბუის გაზრდილი იყო და არაფანა საერთოდ არ ერქვა. სახლში ანუშკას ეძახდნენ, მაგრამ ბაბუას წესად ჰქონდა, რომ ყველასთვის თავისებური სახელები დაერქმია. შამილის ომებისას ბუხრის უკან მიმალული არაფანა რუსის ჯარისკაცებმა იპოვეს ერთ ამოწყვეტილ ოჯახში. შეეცოდათ და წამოიყვანეს. მერე გოგო ყვარელში მოხვდა, სადაც მაშინ ბაბუა და ბებიაც ყოფილიყვნენ სტუმრად, და თბილისში წამოიყვანეს. ბიძამ მოძებნა მერე ეს პატარა ლეკის გოგო და წაყვანა უნდოდა, მაგრამ არაფანა არაფრით არ გაჰყვა და დარჩა ასე ბაბუას ოჯახში. ბაბუა ძველი კაცი იყო და ახალი დროების პირობაზე საკმაოდ უცნაურიც.

ყველა დიდი პატივით ექცეოდა, მაგრამ ზოგჯერ ოხუნჯობდნენ კიდეც მის გამო. ბაბუას ერქვა სწორედ ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი, ხოლო შვილიშვილს - მარიამ ქობულაშვილი. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი თავადი. ერთ-ერთი კი არა, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გამორჩეული ქართველი თავადი თავისი სიცოცხლის ბოლოს, იმიტომ, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ასეთი იერისა და შეხედულებების ქართველები უბრალოდ აღარ არსებობდნენ. ის ნაწვალები და ალალ-მართალი კაცი იყო. მეფე ერეკლეს შვილიშვილი გახლდათ, თეკლა ბატონიშვილისა და ვახტანგ ჯამბაკურ-ორბელიანის ვაჟი. მისი ოჯახის ისტორია საოცარი და დრამატული იყო და მისი ცხოვრებაც თითქოს მთლიანად გამომდინარეობდა ამ ოჯახის ისტორიიდან. მამამისი კახეთის აჯანყების ჩაქრობის დროს დაიღუპა: ერთ კახელს შეაკლა თავი, როგორც თავად ალექსანდრე გვიამბობს თავის მოგონებაში, სადაც აღწერილია ფეხმძიმე თეკლასა და ვახტანგის გამოთხოვება და ცრემლი, დარდი და ორად გახლეჩილი კაცის ტრაგიკული ამბავი, რომელიც ცოლს “ბატონოთი” მიმართავს. რუსთ ხელმწიფის სამსახურში ყოფნა ვახტანგს კახელებთან ბრძოლას ავალებდა, გული კი სხვას ეუბნებოდა. მეცნიერები წერენ, რომ მას თავი არ შეუკლავს იმ ერთი კახელისთვის, არამედ ბრძოლაში დაიღუპა. ალექსანდრე სხვასა წერს და ეს მოულოდნელიც არ არის. მარიამიც ასე იხსენებს, ოჯახში ასე ითქმებოდა, თავი შეაკლაო, ანუ მოიკლაო. მთავარმმართებლის ბრძანებას ვერ გადავიდოდა, წაუსვლელობა არ იქნებოდა, წასვლას კი ძლიერ განიცდიდა. ძველებური სიტყვა, “ორიანობა” რომ გავიხსენოთ, ვახტანგი ქართველ თავადთა ჩვეული ვითარების მსხვერპლი შეიქნა და დაურჩა სამი ვაჟი, რომელთაგან ნაბოლარას დაბადებას ვერც მოესწრო. ბაბუა იშვიათი ოჯახის შვილი იყო. მას ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა. არა ისე, როგორც ჩვეულებრივ აქვთ თავადებს. თეკლა ბატონიშვილის ვაჟი ხომ იყო, ერეკლეს ერთ-ერთი ნაბოლარა და უსაყვარლესი შვილისა.

თეკლას ბავშვობიდან ბიჭად აცმევდნენ. ეს მამის ახირება იყო და ხალისიანი სიგელიც კი არსებობს პატარა კახისა, რომ დღეიდანო, გოგო აღარ არის თეკლაო, ყველას ვუბრძანებ, რომ მას თეკლა-ბიჭი დაუძახონო. ამიტომაც, თეკლა დაოსტატებული იყო ხმალშიც და სროლაშიც. უკვე მერე, ასაკში შესული, მოხუცებული, სოლოლაკზე სეირნობის დროს, სადაც ძველთავადურად ხალიჩებს გააგებდნენ მდელოზე და წამოკოტრიალდებოდნენ, ახალგაზრდები შეუჩნდებოდნენ ხოლმე ბებია თეკლას, ესროლე, ბატონიშვილო, ესროლეო. მოუტანდნენ თოფს და ერთს არ ააცდენდა, ჩამოყრიდა ხოლმე შაშვებს. აი ასეთი იყო მოხუცი თეკლა. ახალგაზრდა თეკლა კი იყო საკმაოდ ძალმოსილი და ჭკვიანი და მოდგმით პოლიტიკოსი. სამი ვაჟი ჰყავდა და ვერცერთი ვერ გადავიდოდა ხოლმე იმის სიტყვას.

ბაბუა დიდად ნაწვალები კაცი იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც შეთქმულთა მეთაური, გადაასახლეს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ოჯახობის მდგომარეობა დამცრობილი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც გარშემო ხდებოდა. ის ძალიან განიცდიდა თავისი საქართველოს გადაკეთებას და სწრაფ ცვლას. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი იყო 1832 წლის შეთქმულების მეთაური და ეს ამბავი მის ცხოვრებაში გარდამტეხი გამოდგა. ის ძალიან შეიცვალა. ძალიან ერიდებოდა უცხოებთან ლაპარაკს. სახლშიც კი, შინაურებში, ზოგჯერ სანთლები ჩაუქრია და სიბნელეში ვილაპარაკოთო, უთქვამს, იფიქრებენ, რო გვძინავსო. მაგრამ იმავე დროს შეთქმულებამ შესძინა უზარმაზარი გამოცდილებაც. ის იყო მტკიცედ დარწმუნებული და სრულიად ურყევი, რომ რუსებისგან ხეირი არ იქნება და ძველი საქართველოსი აღარაფერი დარჩება. ძველი საქართველოს გაქრობას ის უკავშირებდა რუსების შემოსვლას და არა სამყაროს ცვლილებებს. ის თვლიდა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება იმიტომ, რომ გაუქმდა ძველი სამეფო და ქვეყანა “ოხრებმა” ჩაიგდეს ხელში. მისთვის ყველაფერი ძველი იყო კარგი, ახალი კი უვარგისი. ის განიცდიდა პაპამისის სამეფოს ისე ცოცხლად, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. ის ცხოვრობდა იმ სამეფოში. ალექსანდრე ორბელიანმა ახალი დროის და ახალი ცხოვრების არ მიიღო არაფერი - არც ანბანიდან ასოების ამოკლება, არც ტანსაცმელი, არც ავეჯი, არც ცხოვრების წესი, ტემპი თუ რიტმი. ერთადერთი, რაც მან გარესამყაროსგან და სიახლისგან მიიღო, ეს იყო შავი პარიკი. ორბელიანები ადრე მელოტდებოდნენ და ალექსანდრემ როგორღაც მოირგო პარიკი. თუმცა, ბევრმა არავინ იცოდა ესა. ასეთი კაცი იყო:

ეცვა ძველებური, ყურთმაჯებიანი კაბა, ფართე ქართული შარვალი და ძველებური თავადური წუღები. ცხოვრობდა ისე, როგორც ესმოდა და ეს გამოჩნდა, როცა ბატონყმობის გაუქმების საკითხი იდგა რუსეთში და იყო დიდი კამათი და უფროს თავადთა შფოთი ამის გამო. ის ძალიან განიცდიდა ყმების განთავისუფლებას. იტყოდა ხოლმე: ბატონყმობა ჩვენთან, ბიჭოო, ბატონყმობა არ ყოფილაო, ეს რუსებს შემოჰყვაო, ჩვენთან ბატონყმობა მამაშვილობა იყოო. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი რომანტიკოსი კაცი იყო და როგორც თვითონ ექცეოდა თავის ყმებს და როგორიც იყო საბრალო ხალხის მიმართ, ისე ეგონა სხვებიც. ალექსანდრეს ეკუთვნოდა პენსია, როგორც ბატონიშვილის შვილსა და შთამომავალს, თეკლას პენსია, როგორც სამეფო ოჯახის წევრისა. ჰოდა, ამ პენსიას რომ იღებდა, სახლში არ მიჰქონდა: მხოლოდ სამმანეთიანს გადაკეცავდა და ჩაიდებდა, ეს ჟურნალ-გაზეთებისთვისო. ჟურნალ- გაზეთები კი სჭირდებოდა იმიტომ, რომ მსოფლიოს ამბავი უნდა სცოდნოდა. მთელი სიცოცხლე შეთქმული და რევოლუციონერი იყო და თავისი სამშობლოს განთავისუფლებას ეშურებოდა და ამიტომაც. დანარჩენი ფულით კი თბილისში ზუსტად დამახსოვრებულ თავის ქვრივ-გლახაკებს ჩამოივლიდა და დაურიგებდა. როცა გარდაიცვალა, სახლის წინ უამრავმა ღატაკმა მოიყარა თავი. მოთქვამდნენ, ახლა რაღა გვეშველებაო. ასეთი თავადიშვილი იყო და, რა თქმა უნდა, ჩათვლიდა ბატონყმობას მამაშვილობად. დანანება არ იცოდა. მამულებიც ჰქონდა და შემოსავალიც, მაგრამ მდიდარი და განსაკუთრებული შეძლებისა არასოდეს ყოფილა. ცოლად ჰყავდა ბარათაშვილის ქალი კატინო, რომელზეც ასევე ძველქართული წესით, ბავშვობიდანვე იყო დაწინდული და ორი ქალიშვილი მისცა ღმერთმა. ძალიან ეიმედებოდა ჟურნალი “ცისკარი” და ცდილობდა ყველანაირად დახმარებოდა. თვითონაც ბეჭდავდა იქ თავის ნაწერებს და ამბობდა, რომ უნდა გავუფრთხილდეთო. ერთხელ მოადგნენ ივანე კერესელიძე, პეტრე უმიკაშვილი და სრულიად ახალგაზრდა აკაკი წერეთელი, უკვე “ცისკარში” მოხვედრილი თავისი პირველი ლექსებით, და უთხრეს, ძალიან ცუდად არის საქმე, ფული აღარა გვაქვს და ჟურნალი უნდა გავაჩეროთო. მოუტრიალდა ალექსანდრე კატინოს და უთხრა: აბა, გამოალაგე, რაც ვერცხლეული და რამე გაქვსო, და ცოლმა დაიჩივლა: ბატონო, რატო იცი ხოლმე ოჯახის აკლება, რატო არაფერს არ დაიტოვებო? ასეთი კაცი იყო. გამოიტანა ეს ვერცხლეული და მისცა ივანე კერესელიძეს, გინდა დააგირავე და მერე მე გამოვიტან, გინდა, თუ გირაო ვერ იშოვო, გაყიდე, ოღონდ კი ჟურნალი არ გამიჩერო არანაირად, მაგ ოხრებმა არ იფიქრონ, რომ ისე დავგლახავდით და დავსუსტდით, ერთ ჟურნალს ვერ ვინახავთო.

მეტსახელებით უამრავ რამეს გამოხატავდა ხოლმე. ეგებ ეს იყო კვალი შეთქმულების დროინდელი საიდუმლო ანბანისა და ტერმინოლოგიისა, სადაც ყოველ ადამიანს და ერს თავისი პირობითი სახელი ერქვა. ძმის, დიმიტრის ცოლს, მარიამ ორბელიანს, “რუსინკას” ეძახდა. მარიამ ორბელიანი იყო საოცარი ქალი. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ შთამბეჭდავად ლამაზი. დიუმა ამბობდა, ასეთი სანდომიანობის და გარეგნობის ქალი მე საერთოდ არ მინახავსო. დიმიტრი ყიფიანი ეძახდა “შუქურვარსკვლავს”, ალექსანდრე კი ეძახდა “რუსინკას”. იმიტომ, რომ ალექსანდრე თავის რძალს რუსული განწყობის ადამიანად ხედავდა და აუცილებლად ეტყოდა ხოლმე ძმას, როგორ არი შენი რუსინკაო. დიმიტრის სწყინდა, არ არი რუსინკაო, იმიტომ რომ კარგად იცოდა ალექსანდრეს პირობითი სიტყვები. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს ძაღლიც კი ჰყავდა გაჩვეული, აბა, როგორ გაიცინებ, როცა რუსები წავლენ აქედანო და ძაღლი წკავწკავს დაიწყებდა. მარიამს, საყვარელ შვილიშვილს, კუდრაჭას ეძახდა. ჰოდა, ნათქვამი ჰქონდა მისთვის: კუდრაჭ, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ იცოდე, რუსები რო წავლენ აქედან, სადაც ვიქნები ჩასვენებული, იქ მოდი და ჩამომძახეო. შეუსრულა კუდრაჭამ, შევიდა სიონში და უთხრა: ბედნიერო, ბედნიერო, წავიდნენო.

ასეთი კაცი იყო. ამავ დროს კი ჰყავდა ერთი ფერშალი, თანშეზრდილი რუსი, თომა შერბაშოვი. ის იყო მისი ექიმიც, პატრონიც და მომვლელიც. ზაფხულობით, როცა აიყრებოდა ხოლმე დიდი ოჯახი და ორი ტარანტასით უნდა წასულიყო მამულში, სოფელ კაზრეთში, რომელიც თურმე ოქროს საბადოზე იდგა, ალექსანდრემ კი ამისა არაფერი იცოდა, ერთი ტარანტასის ნახევარი წიგნებს და ქაღალდებს ეჭირა, მეორეში ოჯახობა იჯდა. მგზავრობა იყო გრძელი და მომქანცველი. ძველ ყაიდაზე მგზავრობდა: რაღა თქმა უნდა, შესვენებებითა და ღამისთევით. აი, ესა ჰქონდა: ყოველივე ძველის შეგრძნება და ამას თვლიდა ნამდვილ ქართულად. სტუმრად ჩამოხდომაც ასეთი წესი იყო. რომელიმე ძმის მამულში დაუხვდებოდა ყაზარა-მოურავი, ან კიდევ ცოლისძმის მამულში, იმ ცნობილ ზაალ ბარათაშვილთან გაჩერდებოდა, მერე კი გასწევდნენ კაზრეთისკენ. გზად იყო ხრამი და ამ ხრამზე ტარანტასები ვერ გადადიოდა და მთელი სოფელი, მთელი მისი გლეხები გამოეფინებოდნენ ხოლმე და ხელით გადაჰქონდათ ბატონის ორი ტარანტასი. ის კი, სოფლად რომ ჩავიდოდა, თომასთან ერთად ჩამოივლიდა ყველა სახლს: ყველას ჯანმრთელობას შეამოწმებდა, დაანიშნინებდა რამეს, ან თუ რამე წამალი ჰქონდათ, მიაცემინებდა და მერე დაიწყებდა გადანახული ფულების ჩამორიგებას. დასხამდა თავის გლეხებს და უყვებოდა, რა არის საქართველო და როგორ არის საქართველო. ასეთი კაცი იყო ჯამბაკურ-ორბელიანი, ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა. ერთ რძალს ხომ რუსეთუმეობას აბრალებდა და მეორე რძალი, ვახტანგის ცოლი, საერთოდაც, რუსი ჰყავდა - კაწკა ილინსკაია, დედით ქართველი.

ილინსკი დიდი ჩინოვნიკი იყო თბილისში, ქართველების მეგობარი და ჯამბაკურ-ორბელიანები კი ძალიან მაღლა იყვნენ ქორწინებებით სხვებთან შედარებით. დიმიტრის ქალიშვილი ელისაბედი, საერთოდაც, ბარიატინსკის ცოლი გახლდათ. ეს დიდი სიმაღლეები იყო - ბარიატინსკი მთავარმართებელი და ფელდმარშალი, ომთა გმირი, შამილის დამცემი. ალექსანდრე ამისგან განზე იდგა, მაგრამ ხშირად სტუმრობდა თავის რძალ ეკატერინე ილინსკაიას. მივიდოდა, ჩაიკეტებოდა და ელაპარაკებოდა და ელაპარაკებოდა. ის დროება იყო, ალექსანდრეს პოლიტიკურ ლაპარაკებს ძალა რომ დაჰკარგვოდა. თითქოს თანაშეთქმულად ჰყავდა კაწკა, რომელსაც საოცრად ენდობოდა. ზურგს უკან აქილიკებდნენ: პუპლიას რუსების წინააღმდეგ სანდო ადამიანად მხოლოდ რუსი ჰყავსო, ქალებს ელაპარაკება საქართველოზეო, კაცები აღარ უსმენენო. უსმენდნენ, როგორ არ უსმენდნენ, ოღონდ ძალიან ცოტანი. მეტსახელი პუპლია მოწაფეობიდან გამოჰყოლოდა, რომაულ პუბლიუსის მოქართულება იყო. ის არ არჩევდა ახალ და ძველ თაობას. აკაკის პირველი ლექსები რომ გამოჩნდა “ცისკარში”, ამბავი აუტეხეს, ეგაო მესტვირული და იმერულებიაო, ეგ რა ლექსიაო, ჩვენ, აქეთ, ლექსის წერა სხვანაირად ვიცითო. ალექსანდრემ უთხრა, არ დაუჯერო არაფრით, იმიტომ რომ ეს გახლავს ყველაზე ნამდვილი ლექსები, რაც მე წამიკითხავსო და საოცარი წინადადებაც დააყოლა, ისიც ძველი ქართველი თავადის სათქმელი: როგორც წერეთელს, გადაგეხვევი და როგორც აკაკის, გაკოცებო.

ორბელიანებს, სამ ძმას, ბიჭი ერთი ჰყავდათ: ვახტანგის ვაჟი კოლა ორბელიანი - განთქმული ვექილი, ივანე მაჩაბლის ახლო მეგობარი და მის განთქმულ საბანკო ომებში ჩაბმული, ერთხელ რევოლვერითაც რომ ავარდა სცენაზე სხდომის ჩასაშლელად. ძალიან ენაგაჩვეული კაცი იყო, როგორც ვექილი, და დიდი ნიჭის პატრონიც გახლდათ, მაგრამ ძალიან დაურიდებლად ელაპარაკებოდა ილია ჭავჭავაძეს და სახლში განიცდიდნენ ამას, რა თავადის წესიაო. მერე კოლამ ოჯახი მიატოვა და გადაეკიდა ახალგაზრდა ქალსა. მამამისი კინაღამ გადაყვა ამ ამბავს, რძალს არ იშორებდა გვერდიდან და ხალხს არ ენახვებოდა სირცხვილით. ძველი ოჯახობა იყო, ძველი. რაღაცნაირი, ძალიან ადამიანური. ალექსანდრე ხომ ამდენს ეთამაშებოდა კუდრაჭას, მაგრამ ერთხელ არ უკოცნია. ისე დავიზარდენით, ერთხელ არავისთვის უკოცნიაო. თუ ვინმეს აკოცებდაო, მხოლოდ თავის ძმებს გადაკოცნიდა ხოლმე თითოჯერო. მაგრამ მოხდა ერთხელ, რომ ბაბუამ შვილიშვილს აკოცა. ცელქი გოგო იყო და შეუჩნდა ერთხელ, კუდრაჭას რატომ მეძახი, მე ხო მარიამი მქვიაო. აგიხსნი, რატომაც გეძახიო, ბაბუამ: შენი მეორე ბებია, კაწინკა, გეძახის ჩიტუნიასო და მე იმავეს ვერ დაგიძახებო. მინდოდა, რომ მარო დამეძახა, მარა შენი ბებო გაბრაზდა, მარო ჩვენს მოსამსახურესა ჰქვიაო. მარიამი დიდი ქალის სახელია და ჯერ ვერ გეძახიო და ამიტომ კუდრაჭა დაგიძახეო. ბავშვი რაღაცას ყურს მოჰკრავს და უნდა, რომ აუცილებლად წამოისროლოს, ჰოდა კუდრაჭამაც, მაიკო დამიძახეო. მაიკოს იმიტომ არ მეძახი, ჩემი დეიდა რომ გარდაიცვალა, გიჭირს დაძახებაო? კუდრაჭა უცებ მიხვდა, რომ ბაბუას ტანში გასცრა და მისი ცრემლიც დაინახა და თვითონაც წახდა, ბოდიში, ჩემო პაპავ, გაწყენინე, გაუფრთხილებლობით მომივიდაო, და არაო, ბაბუამ, შენ როდის რა უნდა მაწყენინოო, უბრალოდ, შენ ჭრილობა გამიხსენიო, უთხრა, ამიტომაც ვერ გეძახი მაიკოს, რომ მეც მყავდა პატარა მაიკო, შენი დეიდაო და აი, მაშინ აიყვანა და შუბლზე აკოცა.

ძალიან ბევრი იარა ჰქონდა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს. უცნაური კაციაო, ამბობდნენ და ერთი ასეთი უცნაურობის კაციც იყო: დედისეულ სახლში ცხოვრობდა არქიელის მოედანზე და აივანზე რომ გადმოდგებოდა ხოლმე საღამოს, იცოდნენ, რომ თავისი ძმების სახლებს ეძებდა თვალით, რათა ძილის წინ პირჯვარი გადაეწერა მათი სამყოფელისთვის. ისეთი კაცი იყო, რომ ერთხელ ქურდები შეიპარნენ მის სახლში და ერთ-ერთმა იეჭვა, ეს ალექსანდრეს სახლია, აქ როგორ შემოვედით, ეგ აქეთ გვჩუქნის ფულს ყველასო. მაგრამ აბა, ალექსანდრე ერთი იყო. იმას რაც არ უნდა ეძახა, ჩვენი ბატონყმობა მამაშვილობა იყოო, ეს ბატონყმობა მამაშვილობა აღარ იყო. თავადის საქმე ზუსტად ისე გამოდიოდა, ილიამ რომ ათქმევინა გაყაჩაღებულ გლეხებს, კარგი რა არის, ცუდი რა იყოსო.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“