ჯონ სტაინბეკი - ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვა
მადლობა შვედეთის აკადემიას, ჩემი შრომა ამ უმაღლესი ჯილდოს ღირსად რომ სცნო. გულის სიღრმეში ვეჭვობ, ნობელის პრემიას იმ მწერლებზე მეტად ვიმსახურებდე, რომელთა მიმართაც პატივისცემითა და მოწიწებითა ვარ განსმჭვალული - თუმცა, უდავოა, მე რომ მერგო, მიხარია და მეამაყება.
ამ პრემიით დაჯილდოებული ჩვეულებრივ მეცნიერულ ან საკუთარ კომენტარებს გვთავაზობს ლიტერატურის არსისა და მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, ამ განსაკუთრებულ დროში იქნებ სჯობდეს, ლიტერატურის შემქმნელთა მაღალი დანიშნულებისა და პასუხისმგებლობის შესახებ გვესაუბრა. ნობელის პრემია და ადგილი, სადაც მე ვდგავარ, ისეთი პრესტიჟულია, მაგულიანებს მადლიერი და აპოლეგეტური თაგვივით კი არ ვიწრუწუნო, არამედ ლომივით ვიბრდღვინო იმგვარი სიამაყით, რასაც ჩემი პროფესიისა და იმ ბრწყინვალე, ნიჭიერი ადამიანების გამო განვიცდი, საუკუნეთა მანძილზე ამ ასპარეზზე რომ იღვწოდნენ. ლიტერატურა არ გაუვრცელებია ფერმკრთალ და დასაჭურისებულ, ცარიელ ეკლესიებში ლიტანიების მომღერალ შარიან სამღვდელოებას - არც მონასტერში გამომწყვდეული რჩეულების, უიმედოდ სასოწარკვეთილი, ტრაბახა მათხოვარი ბერების საქმე ყოფილა. ლიტერატურა მეტყველებასავით ძველია. ის ადამიანთა მოთხოვნილებამ აღმოაცენა, რაც დღემდე არ შეცვლილა, პირიქით, უფრო საჭირო გახდა. სკალდები, ბარდები, მწერლები არ ყოფილან განცალკევებულნი და კარჩაკეტილნი.
დასაბამიდანვე მათი დანიშნულება, მოვალეობები, პასუხისმგებლობანი ადამიანთა მოდგმამ დააკანონა. კაცობრიობა თავგზააბნეულია იმ პირქუში და უკაცრიელი დროის გამო, რომელშიც გამოვლა უხდება. ჩემმა დიდმა წინამორბედმა უილიამ ფოლკნერმა აქ გამოსვლისას, ამ დროებას უწოდა ყოვლისმომცველი შიშის ტრაგედია, რომელიც იმდენხანს გაგრძელდა, რომ სულიერებაც კი დაგვავიწყა. ამიტომ ადამიანს მხოლოდ თავის გულთან ჭიდილში შეეძლო ამის შესახებ დაეწერა. ფოლკნერმა კი ყველაზე მეტად უწყოდა, როგორც ადამიანის ძლიერების, ასევე მისი სისუსტის შესახებ. მან იცოდა, რომ შიშის შეცნობა და დაძლევა მწერლის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ეს არახალია.
მწერლის უძველესი რწმუნებულება არ შეცვლილა. მისი ვალია ჩვენი უამრავი მტანჯველი მარცხი და შეცდომა გამოააშკარაოს, გამოსამზეურებლად ამოზიდოს ჩვენი ბნელი სიღრმეებიდან საშიში წარმოსახვანი მათი გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, მწერალი უფლებამოსილია საჯაროდ განაცხადოს და დიდებით შეამკოს ადამიანის აღიარებული უნარი - მისი გულისა და სულის სიდიადე - მარცხის ვაჟკაცურად აღიარება, სიმამაცე, სიბრალული და სიყვარული. სისუსტისა და სასოწარკვეთის წინააღმდეგ დაუსრულებელ ბრძოლაში ესენია მოცილეობისა და იმედის კაშკაშა ალმების კრებული. მიმაჩნია, რომ მწერალს, რომელსაც მგზნებარედ არ სწამს ადამიანის სრულყოფილებისა, არც მოწოდება აქვს და არც ადგილი ლიტერატურაში. დღევანდელი ყოვლისმომცველი შიში ჩვენს ცოდნაში ახალი მოზღვავებული ტალღისა და მატერიალურ სამყაროში ერთგვარად სახიფათო მოვლენათა ბრუნვა-ტრიალის შედეგია. მართალია, ურთიერთგაგების სხვა ფაზებმა ჯერ ფეხი ვერ აუწყეს ამ უზარმაზარ ნაბიჯს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, ისინი ვერ ან არ ივლიან გვერდიგვერდო.
რა თქმა უნდა, ესეც მწერლის მოვალეობის ნაწილია, რათა უზრუნველყოს მისი აღსრულება. კაცობრიობას ხანგრძლივი, საამაყო ისტორია აქვს ბუნებრივი მტრების წინააღმდეგ მტკიცედ დგომისა, ზოგჯერ თითქმის დამარცხებისა და გაქრობის წინაშეც მდგარა. ჩვენ ვიქნებით მშიშრები და უგუნურნი ბრძოლის ველი რომ უდიდესი გამარჯვების წინადღეს მივატოვოთ. გასაგებია, ალფრედ ნობელის ცხოვრებას გავეცანი; როგორც წიგნებში ამოვიკითხე, განდეგილი და მოაზროვნე ყოფილა. მან შექმნა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს შემოქმედებითი სიკეთის ან დამანგრეველი ბოროტებისა, არჩევანის უქონლობის შემთხვევაში გონება და საღი აზრი რომ ვერ წარმართავს. ნობელმა დაინახა, რომ თავის გამოგონებებს სისასტიკისა და სისხლისღვრის ჩასადენად ბოროტად გამოიყენებდნენ. ეგებ წინასწარ განჭვრეტილიც კი ჰქონდა თავის გამოკვლევათა საბოლოო შედეგი - უკიდურესი ძალმომრეობისა და საბოლოო ნგრევის მისაწვდომობა.
ამბობენ, ცინიკოსიც გახდაო, მაგრამ არ მჯერა. ვფიქრობ, ის შეეცადა ზემოქმედების - უსაფრთხოების სარქველის გამოგონებას, რაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ მხოლოდ ადამიანის გონებასა და სულში ჰპოვა. მე მგონი, მისი მოსაზრება ნათლადაა გამოხატული ამ პრემიების ნომინაციაში. ისინი შემოთავაზებულია ადამიანის ცოდნისა და მისი სამყაროს მუდმივი განვითარებისათვის - ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციისათვის - რაც ლიტერატურის დანიშნულებაა და თავის მხრივ მშვიდობის შესაძლებლობის დემონსტრირებას გულისხმობს, ყველაფრის მწვერვალს რომ წარმოადგენს. ორმოცდაათ წელზე ნაკლები გავიდა მისი გარდაცვალებიდან, რაც ბუნების კარი გაიხსნა და არჩევანის საშინელი ტვირთის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ბევრი იმ ძალის უზურპირება მოვახდინეთ, რაც თავის დროზე ღმერთს მივაკუთვნეთ. შეშინებულებმა და მოუმზადებლებმა მთელი სამყაროს ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლესა და სიკვდილზე ძალაუფლება ვიტვირთეთ, თავზე ავიღეთ.
საფრთხე, გამარჯვება და არჩევანი საბოლოოდ ადამიანზეა დამოკიდებული. მისი სრულყოფილების გამოცდა ჩვენს ხელთაა. ვიტვირთეთ რა ღვთიური ძალა, ვალდებულნი ვართ საკუთარ თავში მოვიძიოთ პასუხისმგებლობა და სიბრძნე, რასაც ერთ დროს ვიღაც ღვთაებას ვევედრებოდით, გვეგონა, ის იქნებოდა მათი მფლობელი. ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა იოანე მოციქულის პერეფრაზირება მოვახდინოთ: ბოლო არის სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა.
1962 წლის 10 დეკემბერი
გამომცემლობა "ინტელექტი", ლექციები წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას ლიტერატურის დარგში (1961-1985)