უილიამ ფოლკნერი - ჭრელი ცხენები

-1-
კი, ეგრე იყო. ფლემ სნოუპსმა შემოგვისია ის გადარეული ჭრელი ცხენები. ყოველ ნაბიჯზე გაიგონებ კაცი, როგორ დასდევენ ჩვენებურები აღმა-დაღმა ყვირილითა და დედის გინებით; ცხენებიც ფეთიანებივით დაშლიგინებენ - ისეთი თქარათქურით გადაირბენენ ხოლმე ჩვენი პატარა ხიდების ფიცარნაგს, გეგონება ჭექა-ქუხილი ამტყდარაო. 

აგერ, ამ დილასაც ქალაქამდე ლამის უკვე ნახევარი გზა მქონდა გამოვლილი, ჩემი წყვილი ჯორი თავისთვის მოთოხარიკობდა, მეც გემრიელად ვთვლემდი კოფოზე და უცებ, ბუჩქებიდან რაღაც გამოენთო, ქარის მოტაცებული ცირკის აფიშისოდენა, მიწაზე ფეხის დაუკარებლად გადაევლო შარას  და ფორანს შევარდენივით გადაუშხუილა. მთელი ნახევარი საათით ვიჯახირე მერე, სანამ დაფეთებულ ჯორებს დავაოკებდი, აბურდული მოსართავებიდან გამოვხსნიდი, ისევ შევაბამდი და გზას გავაგრძელებდი.

სწორედ ფლემ სნოუპსმა! ძაღლიშვილი ვიყო, თუ ამ ამბავშიც მაგის ხელი არ ერიოს. ერთ დილას, ასე, ათი წლის წინ, ბიჭები ვარნერის დუქნის წინ შევიყარეთ - მოსაწევად, ენის მოსაფხანად - და უცებ დუქნის კარებში ფლემი გამობრძანდა: პერანგისამარა, შუაზე თმაგაყოფილი, უკვე მთლად გაშინაურებული, თითქოს მანამდეც ათი წელი ემუშავა ვარნერთან ნოქრად. შორიდან კი ვიცნობდით, მაგის გვარის ხალხი ბევრი სახლობდა ჩვენს მხარეში, ხევის გაღმა-გამოღმა... ყოველ შემთხვევაში, იმ დროს მაინც. მეტწილად მოჯამაგირეობდნენ. ერთ ადგილას წელიწადზე დიდხანს არასოდეს ჩერდებოდნენ; წლისთავზე უეჭველად სხვაგან გადაბარგდებოდნენ ხოლმე და ტყუპს თუ არა, ერთ პატარას მაინც გაიყოლებდა ყველა ოჯახი იმ წლის ნამატად. ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სნოუპსებზე ვამბობ. ყველანი, ოღონდ ფლემი - არა. სხვები მიწას ჩიჩქნიდნენ, ოფლს ღვრიდნენ, ფერმერობდნენ - ხან სად და ხან ვისთან, მაგრამ აი, ერთ მშვენიერ დღეს ფლემიც გამოჩნდა, ისე მძიმე-მძიმედ გამოალაჯა ჯოდი ვარნერის დუქნიდან, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი ყოფილიყო. მერე, სულ რაღაც ერთ, ჰა-ჰა ორ წელიწადში ყველა მივხვდით - კიდე ათი წელი ის და ჯოდი ამ დუქანში თუ იმუშავებდნენ, უმალ ჯოდის მოუწევდა იმის ხელქვეითობა. თავიდანვე მაგარი ვინმე იყო, კოჭებში ეტყობოდა: რწყილს ატყავებდა. სადაც სხვას ხუთი ცენტისთვის ნემსის ყუნწში გაძვრომა უხდებოდა, იმას იქ თავისით უვარდებოდა ხელში. მე თვითონაც ორჯერ გამაცუცურაკა და მე რო კაცი ვაჭრობაში ჭკუას მომიგებს, სინდისს ვფიცავ, ჩემზე მალე თუ არ იშოვოს დიდი ქონება. ეგრეა.

მოკლედ, ეს ჩვენი ფლემი თავიდან ვარნერებთან მუშაობდა ნოქრად, აქ ხუთ ცენტს მოტეხავდა, იქ - ათს, ოღონდ კრინტს არავისთან არაფერზე ძრავდა, მაგის ჩიტი იყო?! იმის საქმეებისას საერთოდ ვერასდროს ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, ისევ ფლემის გაცუცურაკებული ვინმე თუ არ დააღებდა მერე თვითონ პირს... იჯდა ხოლმე დუქანში, დახლს იქით დადგმულ სკამზე, თამბაქოს ღეჭავდა და თავის ამბებში კაციშვილს არ რევდა. მერე, ერთი ან ორი კვირის თავზე, უცებ გაირკვეოდა - მავანისთვის, რაღაც მამაძაღლობით, აწყობილი საქმე წაურთმევიაო. ამაზეც თავად სიბრაზისგან გადარეული მსხვერპლი თუ აყაყანდებოდა ხოლმე, თორე ფლემს ზედმეტი ლაილაი არ უყვარდა. იმთავითვე ეგეთი ჯეელი იყო, სხვა ჩამოსხმა. ათი წელი მივეცით მაშინ ვადა, ჯოდი ვარნერს ათ წელიწადში გაფცქვნის და გაატყავებს-მეთქი, ოღონდ მაგდენიც არ დაჭირვებია. ძია ბილ ვარნერის უმცროს გოგოს, იულას, ჯოდის დას, ვინ არ იცნობს. ყოველ შაბათს, ნაშუადღევს, რაც ჩვენს მხარეში ყვითელბორბლიანი პეწენიკი ორთვალები და ნაქები, ფეხმარდი ცხენებია, ყველას პატრონი ბილ ვარნერის ეზოსთან მოგროვდებოდა ხოლმე; მაგარ-მაგარი ბიჭები იქ იყრიდნენ თავს, ისე დასტრიალებდნენ იულას, როგორც ბუზები - თაფლს. იულა ტანადი, ჩათქვირული გოგო იყო, ერთთავად სახეგაბადრული, მშვიდად მოღიმარი. ბიჭებიდან სხვაზე ადრე იქიდან წამოსვლა ცოცხალი თავით არავის უნდოდა და ლამის შუაღამემდე შერჩებოდნენ ხოლმე ვარნერების კარ-მიდამოს; არადა, ზოგს სახლამდე ცხრა-ათი მილიც ქონდა გასავლელი, მეორე დილით კი უთენია უნდა ამდგარიყვნენ და ისევ გუთანს მოჭიდებოდნენ, როდის-როდის, ყველა ერთად გამოიკრიფებოდა, გამოეცლებოდა იქაურობას, მერე მდინარის პირას ჩაბიდოდნენ და იქ დაერეოდნენ ერთმანეთს, ცხვირ-პირს დაუსისხლიანებდნენ და თავთავიანთი ბედაურ-ორთვალებით სახლებში წავიდ-წამოვიდოდნენ.

ჰოო. ერთ დღესაც, ჯერ წელიწადი არ იქნება გასული, რომელიღაც ორთვალას პატრონი და ერთ-ერთი სანაქებო ბედაურის მხედარიც უკვალოდ აორთქლდნენ ამ ჩვენი ოლქიდან; ყური მოვკარით, ტეხასისკენ დააღერეს თავიო. მეორე დღეს ქალაქში ეტლით ძია ბილი, იულა და ფლემი გამოგვეცხადნენ და როცა შინ ისევ გაბრუნდნენ, ფლემსა და იულას უკვე ცოლ-ქმარი ერქვათ, მერე კიდევ ერთი დღეც გავიდა და ხმა გავარდა - აქაურობა სხვა ორმა ყვითელბორბლიანმა ორთვალამაც დატოვაო. ვინ იცის, იქნება იმათაც ტეხასს მიაშურეს - დიდი შტატია, ყველას დაიტევს.

ასე იყო თუ ისე, ჯვრისწერიდან ერთი თვის თავზე ფლემი და იულაც ტეხასს გაემგზავრნენ, მერე ლამის წელიწადი აღარ გამოჩენილან, გასულ თვეში კი, ერთ მშვენიერ დღეს, იულა ბავშით დაბრუნდა. ცოტა მივთვალ-მოვთვალეთ და გამოვითვალეთ - ასე სამი თვისა უნდა ყოფილიყო, მარა ჩვენ მხარეში ამოდენა სამი თვის ბავში ჯერ არავის ენახა, უკვე სკამზეც თავისით ახერხებდა აფორთხებას. ეტყობა, ეგეც ტეხასის ამბავი უნდა იყოს; შტატი ხო დიდია და დიდი, ეტყობა იქ ბავშვებიც სხვანაირად დიდები იბადებიან. ეგ არ ვიცი და, ასე თუ გააგრძელა, სანამ რვა წლისა გახდება, თამბაქოს ღეჭვასაც მოისურვილებს და საულვაშეც შეეღინღლება...

მერე, გასულ პარასკევს, თვითონ ფლემიც გამოჩნდა; ფორანზე იჯდა, ვიღაც უცხო კაცთან ერთად. იმას ფართოფარფლებიანი, ტეხასური ქუდი ეხურა, შარვლის ერთი უკანა ჯიბიდან დამბაჩის სპილოსძვლიანი ტარი მოუჩანდა, მეორედან კი - ქიშმიშიანი ორცხობილას გაუხსნელი პარკი, ერთმანეთზე ეკლიანი მავთულით გადაბმული, ასე ოცდახუთიოდე ტეხასური ჯიშის მომცრო ტანის ცხენიც ჩაეყენებინათ ფორნისთვის კვალში, ფერად, ჭრელ-ჭრელ თუთიყუშებს გავდნენ, ერთი შეხედვით უწყინრები ჩანდნენ, არადა ზედ ეტყობოდათ, ჩხრიალა გველზე ბრაზიანები იქნებოდნენ და იმაზე სწრაფადაც მოუჭებდნენ კაცს ბოლოს. არც ერთს არ ჰქონდა ერთი ფერის ორივე თვალი და არიფიც მიხვდებოდა, აღვირი ჯერ შორიდანაც არ ენახათ. მერე, როცა ტეხასელი ფორნიდან ჩამოხტა და უკან გამობმულ ცხენებს მიუახლოვდა - ნახეთ ეს რა გუგულები მყვანანო - ერთმა ისე გაკრა კბილი, ტყავის ჟილეტი სამართებლით დასერილივით გადაუხსნა ზურგზე.

ამ დროს ფლემი უკვე აღარსად ჩანდა, ალბათ ცოლის მოსანახულებლად თუ წავიდა, ანდა იმის შესამოწმებლად, ჩემი ბიჭი უკვე ხვნაში ხოარ ეხმარება ბაბუამისსო. ცხენებიც მარტო ტეხასელმა წაასხა მისის ლითლჯონის ეზოსკენ. თავიდან ცოტა გაუჭირდა, როცა ჭიშკარს მიადგნენ - იმ ჭრელ გიჟებს ხომ ღობე არასოდეს ენახათ. ბოლოს და ბოლოს, როგორღაც ყველა შიგნით შედენა, მერე საიდანღაც გრძელტარიანი მავთულის საკვნეტი გააჩინა, ცხენები ერთმანეთს დააშორიშორა, თავლაშიც შერეკა და ბაგაში ურჩევი შვრია ჩაუყარა. იმ დამთხვეულმა ქაჯებმა ლამის მთელი თავლა ზედ დაიმხეს - ეტყობა ურჩევი შვრია ბაღლინჯოები თუ ეგონათ და ამაზე მთლად გადაირივნენ. ტეხასელი დროზე გამოერიდა, აცალა, ისევ ეზოში გამოცვენილიყვნენ და ხმამაღლა გამოგვიცხადა: ვაჭრობა ხვალ, სისხამ დილით გაიმართებაო. ღამე ჩამოიწვერა და ჩვენც ყველანი მისის ლითლჯონის აივანზე ვისხედით, სავსე მთვარე ანათებდა, კარგად ჩანდა ჭრელი ალქაჯები როგორ დაშლიგინებდნენ მთელი მესრის გაყოლებაზე, ისე ირეოდნენ და გაუჩერებლად ბზრიალებდნენ მთელ ეზოში, როგორც ფერად-ფერადი თევზები საგუბარში. ხანდახან თავლის კედელთან მოგროვდნებოდნენ და ერთმანეთის კბენა-წიხლვით ერთობოდნენ. ეტყობოდათ, ძალიან ხალისობდნენ. ჯერ ტურასავით შეკივლებდა რომელიღაცა და მერე კედელზე ფლოქვების ჯერსაც მიაყოლებდა - ბაბამ -თითქოს თოფი გავარდაო. კაცი იფიქრებდი, ვიღაც უღმერთოდ გალეშილა და უაზრო სროლით იქცევს თავსო...

-2-
კაციშვილმა ჯერაც არ იცოდა, ფლემის საკუთრება იყო ეს ჭრელი ქარავანი, თუ არა, მხოლოდ ერთში ვიყავით დარწმუნებულები - სიმართლეს ვერასოდეს შევიტყობდით, არასოდეს გვეცოდინებოდა, იქნებ სულაც ქალაქის შემოგარენში დაემგზავრა ფლემი ამ ფორანს, როცა დარჩენილი გზის ფეხით გავა დაეზარა?! ფლემის ღვიძლი ბიძაშვილი, ეკ სნოუპსიც არ იყო ბაიბურში, ოღონდ არც ეს გაკვირვებია ვინმეს. მშვენივრად ვიცოდით, თუ დაჭირდებოდა, ეკსაც ისევე გააცუცურაკებდა, როგორც ნებისმიერ სხვას.

მეორე დილით მზე ის-ის იყო ამოიწვერა და ისინიც გამოჩნდნენ. ზოგს თორმეტი მილი გამოევლო, ზოგს თექვსმეტი... შავი დღისთვის გადანახული ფული თამბაქოს ქისებში გამოეკრათ და მაგრად ბღუჯავდნენ. ცოტა შემკრთალები კი ჩანდნენ, მესერთან ჩანწკრივებულები, როცა მისის ლითლჯონის სახლიდან ახალნასაუზმევი ტეხასელი გამოვიდა და ჭიშკრის ბოძს ზედ მოექცა. პისტოლეტის თეთრი ტარი ისევ ისე ბზინავდა იმისი შარვლის უკანა ჯიბეში. მერე ქიშმიშიანი ორცხობილას ახალი პარკი დააძრო, კბილებით გახსნა, თითქოს სიგარას თავი მოაკვნიტაო, ქაღალდი გადმოაფურთხა და აუქციონს გახსნილად ვაცხადებო - გადმოგვძახა. არადა, ხალხი ჯერ კიდევ მოდიოდა და მოდიოდა, ურმებით, ფორნებით თუ ორთვალებით, ჯორებზე თუ ცხენებზე ამხედრებულები და მალე გზის გადაღმა ცხენ-ჯორ-ურმის გვარიანი რიგი დადგა, მესერთანაც აშკარად იმატა ხალხმა. აი, ფლემი კი არსად ჩანდა. ბევრი კი მოგროვდა, მაგრამ ჯერ ყველა უხმოდ მიჩერებოდა ტეხასელს, ვაჭრობა ვერა და ვერ გახურდა, ტეხასელმაც ეკის შეგულიანება დაიწყო. წუხელ სწორედ ეკი მიეხმარა ცხენების თავლაში შეყრაში და იმათთვის საჭმლის მიცემაში. ისეთი ამბავი ატეხეს, წყალმა თითქოს კაშხალი გაანგრიაო და ეკმაც, მილეწ-მოლეწილი კაშხლიდან გამოქცეულმა, ძლივს აასწრო თავის ფორანზე.

სწორედ ეკს აბოლებდა, როცა ჰენრი არმსთიდის ორთვალაც გამოჩნდა. ეკი ამბობდა, რომც მაჩუქო, მაინც არ მინდა ეგ შენი გადარეული ცხენი, გუშინაც ბეწვზე გადავრჩიო. ტეხასელი კი თაფლავდა: „ამ პონისი გეშინია? ამ ერთი ბეწო ცხენის?“ მერე მიწაზე ჩამოხტა და ცხენებისკენ დააღერა თავი. ისინი გაიფანტნენ და ტეხასელიც უკან მიყვა. გაშლილ ხელს ისე იქნევდა, თითქოს ჰაერში ბუზის დაჭერა უნდაო. იმდენი ქნა, სამი თუ ოთხი ცხენი კუთხეში მიიმწყვდია, მიიმწყვდია და მიახტა კიდეც ზედ, მერე მტვერში ვერაფერს ვხედავდით, საშინელი მტვრის ბუღი დადგა, ხანდახან თუ გაკრთებოდა დაყვლეპილი თვალი, თუ ჭრელად დაწინწკლული გავა. ხან ერთი და ხან მეორე ცხენი მტვრის ამ ღრუბლიდან კალიასავით ამოხტებოდა ხოლმე და თავქუდმოგლეჯილი ღმერთმა იცის, საით გარბოდა, მერე მტვერი თანდათან დაჯდა და ტეხასელი გამოჩნდა - ერთ-ერთ ცხენს ჩაფრენოდა კისერში, თავი ისე შემოეტრიალებინა იმისთვის, ბუმ რომ იცის უკან ყურება, ცხენს ფეხები გაქვავებოდა, ტანი პატარძალივით უცახცახებდა და ბირდაბირი ხერხივით ხროტინებდა, კისერმოგრეხილი, შეშლილი თვალებით ასცქეროდა ცას და ხარბად ისუნთქავდა ჰაერს, „აჰა, შეხედეთ“, ქოშინოდბა ტეხასელი, წაღების მაღალი ქუსლები ღრმად ჩაერჭო მიწაში, ჯიბიდან პისტოლეტის თეთრი ტარი მოუჩანდა და კისრის ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა, თან ცხენს უყვავებდა და ჩვენთან ყბედობდა: „კარგად შეხედეთ, ამ ჩერჩეტისა კაცს როგორ უნდა შეეშინდეს? ახლოს მოდით, ხელიც გადაუსვით, აირჩიეთ, რომელი გინდათ...“. მერე ისევ ავარდა მტვერი და ჭრელი ორომტრიალის გარდა ცოტა ხანს აღარაფერი ჩანდა. ხო, და კიდე ტეხასელის წაღების ქუსლები - სანახევროდ მიწაში ჩაფლული წყვილი კაკალივით... მერე მტვრიდან იმის ფართოფარფლებიანი ქუდი გამოფრინდა და ნება-ნება, ჩასუქებული ვარიასავით გადაევლო ღობეს.

როცა მტვერი ერთხელაც გაიფანდა, ტეხასელი ღობის შორეულ კუთხეში იდა და ტანსაცმელს იფერთხავდა, ქუდსაც დასწვდა, გადაწმინდა, ბარძაყზე ერთი-ორჯერ დაირტყა და ისევ ჭიშკრის ბოძზე აფორთხდა. მძიმე-მძიმედ სუნთქავდა, ჯიბიდან პარკი ამოიღო, ორი თითით ორცხობილა ამოაძვრინა და პირში ჩაიდო. ძლივს იბრუნებდა სულს, კისერმოღრეცილი ცხენი ახლა გაუჩერებლად უვლიდა წრეებს მთელ ეზოში, თითქოს კარუსელი დატრიალდა ბაზრობაზეო. ამ დროს იყო სწორედ, ჭიშკართან ჰენრი არმსთიდიც რომ გამოჩნდა, თავისი დაკემსილ-დაკერებული კომბინეზონი ეცვა და უმკლავებო პერანგი. მანამდე არავის შეგვიმჩნევია იმისი მოსვლა, ყველანი ტეხასელსა და იმის ცხენებს მივჩერებოდით, მისის ლითლჯონიც კი, რომელიც ის-ს იყო უკანა ეზოში გამოსულიყო და სარეცხის დიდი ქვაბისთვის ცეცხლი შეენთო, ცოტა ხანს იდგა იქ, მერე შინ შებრუნდა, ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა სარეცხდაიღლიავებული და ახლაც ტეხასელისა და ცხენებისკენ გაექცა თვალი. მოკლედ, ამ დროს ჰენრიც გამოგვეცხადა, ჰენრი და იმის კვალში ჩამდგარი მისის არმსთიდიც - გახუნებული კაბა ეცვა, თავზეც გახუნებული ქუდი ეხურა და ფეხებიც რეზინისძირიან ფეხსაცმელში წაეყარა. „წადი, ურემში დაჯექი, მე რას მომყვები“,-ეუბნება ჰენრი.

„ჰენრი“,-რაღაცის თქმა უნდა ქალს.

„აბა ბიჭებო“, საქმეში ერევა ტეხასელი, „ქალბატონი გამოვატაროთ, თავისი თვალით ნახოს რა ხდება. შენც მობრძანდი ჰენრი, ეხლა კი შეგიძლია მართლა ასიამოვნო მეუღლეს და ის ცხენი უყიდო, რომელსაც თვალს დაადგამს. ათ დოლარზე რას იტყოდი, ჰენრი?“

„ჰენრი“,ეუბნება მისის არმსთიდი, თან მკლავში კიდებს ქმარს ხელს, ის კიდე უხეშად აშვებინებს.

„წადი, ურემში ჩაჯექი-მეთქი, ვერ გაიგე?“ამბობს არმსთიდი.

მისის არმსთიდი ფეხს არ იცვლიდა, ჰენრის ზურგსუკან იდგა, ხელებით კაბის კალთას იწვალებდა და არავის უყურებდა. „თითქოს დარდი გვაკლდეს, ამ ეშმაკის ნაშიერის ყიდვაღა გვაკლია“, ლამის იყო გული ამოაყოლა სათქმელს ქალმა, „ხუთი დოლარის მეტი არც გვაბადია, მერე მთლად სამათხოვროდ გაგვიხდება საქმე, თითქოს გვაკლდეს დარდი“. სიმართლეს ამბობდა. თვიდან თვემდე ძლივს გაქონდათ თავი, ოთხი შვილი ყავდათ ჩაუცმელ-დაუხურავი, ქალი კი, სანამ ჰენრის ეძინა, ღამეებს თეთრად ათენებდა სხვებისთვის ტანისამოსის კერვაში.

„ენა გააჩუმე და ურემთან დაბრუნდი“, ეუბნება ჰენრი, „ნუ ერევი, რაც ქალის საქმე არ არი“.

ტეხასელმა ერთხელაც შეავლო თვალი ქალს და ისევ ეკს მიუბრუნდა, ჰენრის თითქოს საერთოდ არ იმჩნევდა, მაგრამ ეკი გვარიანად შეშინებული ჩანდა. „უმალ მორიელს ვიყიდი, ანდა გველგესლას, ამ ცხენებში კი ფულის გადამხდელი არა ვარ“.

ამის თქმა იყო და ტეხასელმაც ბოლო ღონეს მიმართა, უთხრა ერთ ცხენს გაჩუქებო: „აუქციონიც დაიწყენა და თან წუხელ მომეხმარე კიდეც. მოკლედ მეორე ცხენს ფასს თუ დაუძახებ, ერთს ფეშქაშად გამოვდივარ, აი იმას, კისერი რომ მოვუგრიხე“.

ნეტა გენახათ, რა სახეები დაედოთ, იდგნენ იქ, ჯიბეებში სიმწრით მოქუჩებულ ფულს ბღუჯავდნენ და თვალგაშტერებულები მისჩერებოდნენ, როგორ აჩუქა ტეხასელმა ეკ სნოუპსს ცოცხალი ცხენი, თან მზად იყვენ, ბრიყვად მოენათლათ ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღებდა საჩუქარს, თუ უარს იტყოდა. ბოლოს და ბოლოს ეკი გატყდა და დაყაბულდა. „ ოღონდ ერთი პირობით“, თქვა ცოტა ნირწამხდარმა, „მე ფასს კი გამოვალ, მარა თუ არავინ მოუმატა, ვალდებული არ ვიქნები, თვითონ ვიყიდო“. კარგიო, უთხრა ტეხასელმა და ეკიც მეორე ცხენზე დოლარს ჩამოვიდა. ჰენრი არმსთიდიც იქვე იდგა და რაღაცის თქმას აპირებდა, თან ცოფიანი ძაღლივით აბრიალებდა თვალებს. „ერთი დოლარი!“ დაიძახა ეკმა.

ტეხასელმა გადახედა, იმასაც უკვე პირი დაეღო რაღაცის სათქმელად, თუმცა სიტყვა შუა გზაზე გაუწყდა, თქმამდე დაკარგა აზრი, „დოლარი?“ ჩაეძია ეკს, „ერთი დოლარი? მოიცა, შენ რა, მასხრობ ეკ?“

„კარგი“, გატყდა ეკი, „ორი დოლარი იყოს“.

გენახათ ერთი, რა სახე დაედო ტეხასელს, ისევ ამოაძვრინა ორცხობილას პარკი, ჩახედა, რაცაც გაუბედავად, თითქოს შიგ ბრილიანტის ბეჭედი ანდა შხამიანი ობობა ეგულებოდა, მერე მოჭმუჭნა, მოისროლა და ოფლიან სახეზე ბენდენა გადაისვა.

„კარგი“, თქვა მერე, „კეთილი და პატიოსანი... ორი დოლარი. ორი დოლარიო! გული ხოარ აგიფრიალდა, ეკ ? ან ღამღამობით ოფლიანობა ხოარ გაწუხებს ბოლო დროს? რა გაეწყობა“, დაყარა ფარხმალი, „უნდა დაგთანხმდე, მაგრამ თქვენ, ბიჭებო, რას აპირებთ? იდგებით და უყურებთ, როგორ წაიყვანს ეკი ორ ცხენს თითო დოლარად?“

 აი, ამან კი გაჭრა, ძაღლისშვილი ვიყო, ფლემ სნოუპსს თუ ჩამორჩებოდა ეშმაკობაში, ჯერ კისტყვა ხეირიანად არც კი დაემთავრებინა და ჰენრი არმსთიდმა ჰაერში ხელის ქნევა დაიწყო. „სამი დოლარი“, ასძახა ტეხასელს. მისის არმსთიდი ერთხელაც შეეცადა ქმრის გაჩერებას, იმან ქალი უხეშად მოიშორა და ჭიშკრის ბოძს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

„ბატონო“, ისევ ამოიღო ხმა მისის არმსთიდმა, „სახლში მშიერი შვილები გველოდებიან, ქათმებისთვის საკენკი ვერ დაგვიყრია... ღამეები ვათენე ჭრა-კერვაში, ჩემი შვილებისთვის ეს ხუთი დოლარი რომ მეშოვა, სანამ ეს ლოგინში ხვრინავდა... ჩვემ კიდევ სადარდებლის მომატება გვინდა?“

„ჰენრი სამ დოლას გამოვიდა“, დაიძახა ტეხასელმა. „დოლარი დაუმატე და ცხენი შენია, ეკ“.

„ჰენრი“, გაუბრძოლა ქალმა.

„დაუმატე, ეკ“, არ ცხრებოდა ტეხასელი.

„ოთხი დოლარი“, თქვა ეკმა.

„ხუთი დოლარი“, დაიძახა ჰენრიმ და ჰაერში მუშტი შეათამაშა. უკვე ჭიშკართან იდგა, მისის არმსთიდი ტეხასელს არ აშორენდა თვალს.

„ბატონო, თუ ჩემს შვილებს ამ სიმწრით ნაშოვნ ხუთ დოლარს წაართმევთ, წყევლა არ აგცდებათ არც თქვე და არც თქვენს მოდგმას“.

მაგრამ ჰენრის უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა, ჭიშკრის ბოძს ლამის ზედ აკრული, ახლა უკვე ტეხასელს უღერებდა მუშტს, მერე მუშტი გაშალა, მუჭში სულ ხურდა ფული ჩაებღუჯა და ერთიც ქაღალდის დოლარიანი, რძედამშრალი ძროხის ცურს რომ გავდა. „ხუთი დოლარი-მეთქი’, ამოიხრიალა, „და თუ ვინმე რამეს მოუმატებს, ან მე მომაჭრას ჯერ თავი, ან არადა, მე მოვაჭრი, იქით“.

„კარგი, კარგი“, დაამშვიდა ტეხასელმა, „ხუთი დოლარი და მოვრჩეთ, ოღონდ, თუ ძმა ხარ, ხელებს ნუ მიქნევ“.

-3-
თითქმის მზე გადაიხარა, როცა ბოლო ცხენიც გაასაღა. ერთი რო გაახურა მყიდველები, მაზანდამ ლამის შიდ-ნახევარ დოლარამდე აიწია, თუმცა ცხენების უმრავლესობა მაინც სმ ან ოთხ დოლარად გაიყიდა. მთელი დღე ჭიშკრის ბოძზე იდგა და რაღაც ჯადო სიტყვით რიგრიგობით გამოყავდა გასაყიდი ცხენი საერთო ჯგუფიდან. 

მისის ლითლჯონიც მთელი დღე უნდთებდა ცეცხლს სარეცხის ქვაბს, დროდადრო მესერთან გაჩერდებოდა ხოლმე, ცოტა ხანს შეხედავდა, რა ხდებოდა, და მერე თავის საქმეს უბრუნდებოდა. ისიც გვარიანად დაიღალა, სარეცხი უკანა ეზოში ეკიდა თოკზე და უკვე ცოცხლზე შემომდგარი ვახშმის სუნიც გვცემდა. მოკლედ, ბოლოს და ბოლოს ყველა ჭრელ ცხენს გამოუჩნდა პატრონი იმ ორის გარდა, რომლებიც ტეხასელმა თავის ფორანთან ერთად ადრევე გადაცვალა მსუბუქ ოთხთვალაში.

ყველანი გვარიანად დავიქანცეთ, მაგრამ ჰენრუ არმსთიდი ახლა უფრო მეტად გავდა ცოფიან ძაღლს, ვიდრე როდისმე. ცხენი რომ იყიდა, მისის არმსთიდი ურემთან დაბრუნდა და კოფოზე დაჯდა. ურემში ორი გაძვალტყავებული, კურდღლისოდენა ჯორი ება და თავადაც ისეთი შესახედი იყო, იფიქრებდი, ჯორები ფეხს მოიცვლიან თუ არა, ნაწილ-ნაწილ დაიშლებაო. დილით ჰენრიმ შუაგზაზევე გააჩერა და იქვე დატოვა, ახლაც იქ იყო გამოჩხერილი. ქალი იჯდა, არავის და არაფერს უყურებდა, დილის მერე საერთოდ აღარც შეუხედავს ზედ არავისთვის.

ჰენრი ჭიშკართან იდგა, ტეხასელს ელაპარაკებოდა: „ცხენი ვიყიდე და ნაღდი ფულიც გადავიხადე“, ეუბნებოდა გაღიზიანებული, „რა გგონია, მთელი დღე აქ ვიდგები ჩემი ცხენის ლოდინში, სანამ შენ ბოლომდე დაიცლი ხელს?: ახლავე უნდა წავიყვანო“.

ტეხასელმა თვალი თვალში გაუყარა, სეთი ხმით ლაპარაკობდა, თითქოს მაგიდასთან ზის და ფინჯან ყავას ითხოვსო.

„წაიყვანე შენი ცხენი“, უთხრა ჰენრის.

ჰენრის თვალი აარიდა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ჭიშკარს ჩაავლო ხელი, „შენ არ მომეხმარები?“, ჰკითხა ტეხასელს.

„ჩემი ცხენი ხომ არ არის?“ მიუგო ტეხასელმა.

ჰენრის იმისთვის მეტი აღარც შეუხედავს, არც იმისთვის და არც ვინმე სხვისთვის. „მომეხმარება ვინმე ჩემი ცხენის დაჭერაში?“ იკითხა ისე, უმისამართოდ. ხმა არავის ამოუღია. „გუთნის საბელი მომიტანე’, გასძახა ცოლს. მისის არმსთიდი ურმიდან ჩამოვიდა და საბელი მიუტანა, ტეხასელი ერთხელაც ჩამოხტა ბოძიდან, ქალმა უხმოდ ჩაუარა გვერდით, ხელში თოკი ეჭირა.

„ნუ შეხვალთ მანდ, ქალბატონო“, უთხრა ტეხასელმა.

ჰენრიმ ჭიშკარი გამოაღო და წამომყევიო, უკანმოუხედავად დაუგდო სიტყვა ცოლს.

„არ გინდათ, ნუ შეხვალთ, ქალბატონო“, გაუმეორა ტეხასელმა.

მისის არმსთიდი არავის უყურებდა, ორივე ხელით მაგრად ჩაებღუჯა თოკი და გულზე მიეხუტებინა. „ჯობია შევყვე“, ჩაილაპარაკა ჩუმად. ის და ჰენრი ჭიშკარში შევიდნენ, ცხენები დაფრთხნენ და გაიქცნენ. ჰენრი და მისის არმსთიდი უკან მიყვნენ.

„კუთხეში მივიმწყვდიოთ“, უთხრა ჰენრიმ. როგორც იქნა, ბოლოს მართლა მიიმწყვდიეს. ჰენრიმ თოკი მოიმარჯვა, მაგრამ ამ დროს ცოლმა ცხენს გაქცევა აცალა. ისევ იჯახირეს, ისევ მოახერხა ცხენის კუთხეში მომწყვდევა, მაგრამ ამჯერადაც იგივე განმეორდა. გამწარებული ჰენრი შემოტრიალდა და ქალს თოკი გადაჰკრა. „წინიდან რატომ არ დაუდექი“ უღრალა ცოლს და ერთხელ კიდევ გადაჰკრა თოკი, „ჩემ ჯინაზე?“ სწორედ მაშინ იყო, მოვიხედე და შორიახლოს მდგარი ფლემ სნოუპსი დავინახე.

მერე საქმეში ტეხასელი ჩაერია. ზორბა კაცის კვალობაზე, საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა. ჰენრის მესამედ მოქნეული თოკი ჰაერში დაუჭირა, ჰენრიც გველნაკბენივით შემოტრიალდა, ვიფიქრეთ ესაა, ტეხასელს დაეტაკებაო, ოღონდ არაფერი მომხდარა, ტეხასელმა მკლავში ჩაავლო ხელი და ისევ გარეთ გამოიყვანა, მისის არმსთიდიც უკან მოსდევდათ. ტეხასელმა ჯიბიდან ფული ამოიღო და მისის არმსთიდს ჩაუდო ხელში. „ურემზე დასვით და შინ წაიყვანეთ“, ისეთი ხმით უთხრა ქალს, თითქოს გემრიელი ვახშმისთვის ეუბნებოდა მადლობას.

მერე ფლემიც მიუახლოვდა ამ სამეულს. „რა ხდება, ბაკ?“ დაეკითხა ტეხასელს.

„გონია, ერთ-ერთი პონი იყიდა“, უთხრა ტეხასელმა. „წაიყვანეთ შინ, ქალბატონო“, გაუმეორა ქალს, მაგრამ ჰენრი ფეხს არ იცვლიდა.

„დაუბრუნე ეგ ფული“, უთხრა ცოლს. „ცხენი ვიყიდე და ახლა სულ ერთია, მკვდარს ან ცოცხალს მაინც წავიყვან აქედან“. ფლემი იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, იღეჭებოდა და ისეთი სახე ედო, თითქოს შემთხვევით შესწრებოდა ამ ამბავს.

„შენ შენი ფული აიღე, მე ჩემს ცხენს წავიყვან“, არ ცხრებოდა ჰენრი. „დაუბრუნე-მეთქი ფული“, უყვირა მისის არმსთიდს.

„შენ ამ ცხენებიდან არცერთი არ გეკუთვნის“, თქვა ტეხასელმა. „შინ წაიყვანეთ, ქალბატონო“.

მერე ჰენრიმ ფლემი დაინახა, „ვიცი ამ ცხენებთან შენცა გაქვს რაღაც საქმე, მე ერთი ვიყიდე, აი, ფულიც გადავიხადე“, მისის არმსთიდს მუჭიდან ქაღალდის დოლარიანი ამოაცალა და ფლემს აუფრიალა,  „ვიყიდე-მეთქი, კითხე მაგას, აი, ფული“, თქვა და მერე დოლარიანი, დანარჩენ ხურდა ფულთან ერთად ფლემს გაუწოდა.

ფლემმა რო არმსთიდს ფული გამოართვა, ტეხასელმა ხელიდან გამოგლეჯილი თოკი ძირს დააგდო, ცოტა ხნის წინ დუქნიდან ეკ სნოუპსის ბიჭის მოტანილი ქიშმიშიანი ორცხობილას ახალი პარკი ჯიბიდან ამოიღო და შიგ ჩაიხედა. პარკი ცარიელი იყო. კაცმა მოჭმუჭნა და ძირს დააგდო:  „მისტერ სნოუპსი ხვალისთვის დაგახვედრებთ თქვენს ფულს, ხვალ შეგეძლებათ გამოართვათ, თქვენს ქმარს არაფერიც არ უყიდია, ცხენი თქვენი ქმრის არ არის. ახლა მოკიდეთ ხელი, დასვით ურემზე და შინ წაიყვანეთ“. მისის არმსთიდი ურემთან მივიდა და კოფოზე დაჯდა.  „აბა, სად არის ჩემი ახალი ოთხთვალა?“ იკითხა ტეხასელმა. უკვე მოსაღამოვდა. ცოტა ხანში მისის ლითლჯონი პარმაღზე გამოვიდა და ვახშმის ზარი შემოჰკრა.

-4-
შევედი და ვახშამი ვჭამე, მისის ლითლჯონსაც ხან დაჭრილი პური შემოჰქონდა ლანგრით, ხან რაღაცას დაგვიმატებდა, მერე ცოტა ხნით პარმაღზე გადიოდა, დაზვერავდა რა ხდებოდა და ჩვენც გვეუბნებოდა: ტეხასელმა თავისი ცხენები ახალ ოთხთვალაში შეაბა, რაშიც ძველი ფორანი და დარჩენილი ორი ჭრელი ცხენი გადაცვალა, მერე კი ის და ფლემი სადღაც წავიდნენო; ისიც გვითრა, დანარჩენები, ვისაც თოკები არ ჰქონდათ თან, ი.ო. სნოუპსთან ერთად დუქანში გაეშურნენ თოკების მოსატანად და ჭიშკართან ახლა ჰენრი არმსთიდის მეტი აღარავინაა დარჩენილიო. მისის არმსთიდი ისევ შუა გზაში გახირულ ურემზე ზის და ეკ სნოუპსი და იმის ბიჭიც იქვე შორიახლოს დაბორიალობენო.

„სულ არ მენაღვლება, რამდენი სულელი კაცი მოეკვლევინება ამ დამთხვეულ ცხენებს“, გვითხრა მისის ლითლჯონმა, „თუმცა ეკ სნოუოპსს უფლებას არ მივცემ, ბავშვი ისევ შეიყვანოს იმათთან“, მერე გავიდა და ცოტა ხანს აღარ გამოჩენილა. როცა შემობრუნდა, არც ეკი მოუყვანია თან და არც იმის ბიჭი.

„დარდი ნუ გაქვთ“, ვეუბნები, „ის ბიჭი პერანგშია დაბადებული, ზუსტად მამამისის ზურგსუკან იდგა, როცა ეკი ტეხასელს ცხენებისთის საჭმლის დაყრაში ეხმარებოდა. მთელი გადარეული რემა ისე გადაახტა თავზე, ერთი არ გაკარებია. აი, მამამისმა კი სტაცა ხელი, ფორანთან მიათრია და იმდენი ურტყა აღვირის ძუა, ძლივს გამოვგლიჯეთ სამმა კაცმა“.

მოკლედ, ვახშამი მოვითავეთ. მეც ჩემს ოთახში ავედი, დაწოლას ვაპირებდი, მეორე დღეს გრძელი გზა მედო წინ, უაითლიფში უნდა ჩავსულიყავი და როგორმე უნდა მომეხერხებინა, მისის ბანდრენისთვის საკერავი მანქანა მიმესაღებინა. მაშინ იყო სწორედ, ჰენრი არმსთიდმა ჭიშკარი რომ გააღო და მარტო შევიდა, არ დაელოდა როდის დაბრუნდებოდნენ დანარჩენები თავისი თოკებით. მერე ეკ სნოუპსი ამბობდა, ვეცადე ჰენრი გამეჩერებინაო, მაგრამ ვინ მოუსმინა, ჰენრი ცხენებთან მისულა, ცხენებიც, ცხადია, ისევე გადარეულან და საცოდავი ჰენრი გადაუჯეგავთ. ეკმა თქვა, ზუსტად დროზე მოვასწარი ჩემი ბიჭისთვის ხელი მეკრა და დაფეთებულ-გადარეული ჭრელი ნიაღვარიც ჭიშკარს მიაწყდაო; მერე იქ შორიახლოს მდგარი ურმები, ფორნები და ფურგონები გადაუთელავთ, ყველაფერი მიულეწ მოულეწავთ და კოფოზე ხისგან გამოკვეთილ ქანდაკებასავით გარინდული მისის არმსთიდისკენ დაუღერებიათ თავი, იქღა გაფანტულან აქეთ-იქით და ჩვენიანების დამფრთხალი ცხენ-ჯორიც თავ-თავისი აღკაზმულობის ნაფლეთებით უკან მიჰყოლიან.

„აგე, აგე ჩვენი“, ყვიროდა ეკის ბიჭი, „მისის ლითლჯონის სახლისკენ მირბის“, ეკმა თქვა, ცხენმა კიბეები აირბინა და შინ შევიდა, თითქოს ვახშამზე დაგვიანებული მდგმური ყოფილიყოო. მჯერა ეგრე იქნებოდა. ასეა თუ ისე, მე ჯერ ჩემ ოთახში ვიყავი, ნიფხავ-პერანგის ამარა და ფანჯრიდან ვიყურებოდი, როცა მთელი სახლი აზანზარდა. გავიგონე, როგორ მიასკდა რაღაც წინკარში მდგარ პიანინოს, თითქოს ორთქმავალმა დაიგრგვინაო, მერე უცებ ჩემი ოთახის კარიც ანჯამებიდან ამოვარდა, ჩემკენ გამოფრინდა, მოვიხედე და თვალებბრიალა საფრთხობელა დავლანდე, ჭრელად აალებულ მაშხალასავით მოქროდა ჩემკენ. მაგრამ არ დავახანე და დროზე ვისკუპე ფანჯრიდან. მაგარი დამფრთხალი იყო, მანამდე არც ეკლიანი მავთული ჰქონდა ნანახი და არც ურჩევი შვრია; ნიფხავ-პერანგიანი კაცის დანახვა ხო მთლად გადარევდა, მით უმეტეს, თუ ეს კაცი საკერავი მანქანებით მოვაჭრე იქნებოდა. მოკლედ, ადგილზე დაბზრიალდა, ისევ წინკარში გავარდა და მერე საერთოდ გავიდა სახლიდან. იქ კიბეებთან ეკსა და იმის ბიჭს გადააწყდა, თოკი მოქონდათ. ერთხელაც იცვალა გეზი, ისევ წინკარი გადაირბინა და უკანა კარს მიაწყდა, საიდანაც მისის ლითლჯონი შემოდიოდა, სარეცხი მოქონდა დაიღლიავებული, მეორე ხელში კი სარეცხის სახეხი ფიცარი ეჭირა. სწორედ ამ დროს მიეფეთა ცხენი. მისის ლითლჯონს ბევრი არ უფიქრია, გაეთრიე ჩემი სახლიდან შე წყეულოო, მიაძახა და სარეცხის დაფა ცხვირ-პირში მიათხლიშა. დაფა ნამსხვრევებად იქცა, თითქოს ცული დასცხესო. მერე, ცხენი ისევ რომ დაბზრიალდა ადგილზე და ისევ გაჭენდა, ქალმა დაფის მონარჩენი, რაც ხელში ეჭირა, უკან მიაყოლა, ოღონდ თავშე ვეღარ მოარტყა, „ფეხი არ ვნახო შენი აქ“, მიაძახა.

ამ დროს ეკსა და იმის ბიჭს ნახევარი გზა უკვე გამოვლილი ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ ცხენი ეკსაც ცეცხლოვან მაშხალად მოეჩვენა. „თავს უშველე, ედ“, უყვირა შვილს, ოღონდ დრო აღარ იყო, თვითონ იატაკს განერთხა, ბიჭი კი არც განძრეულა, ერთი ციდა იყო, ისეთივე კომბინეზონი ეცვა, როგორც მამამისს. ცხენი ახლაც თავზე გადაევლო, მარა ბიჭს ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდნია. ამ დროს წინა კიბით ამოვდიოდი, ხელში ისევ ცალი წინდა მეჭირა, ისევ ნიფხავ-პერანგის ამარა ვიყავი და ამ დროს ცხენი ისევ პარმაღზე გამოვარდა, ერთი შემავლო თვალი, დაბზრიალდა, პარმაღის მოაჯირს გადაახტა, მერე შევარდენივით გადაევლო ღობეს, ჭიშკართან მიირბინა, ასე ათიოდე ამოტრიალებული ფორან ურემი გადაჯეგა და ქვევითკენ დაუყვა შარაგზას. სავსე მთვარე ანათებდა, მისის არმსთიდი ჯერაც ხის ქანდაკებასავით იჯდა კოფოზე, ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული.

აი, ეგეთი ცხენი იყო. ნაბიჯი არ შეუნელებია, საათში 40 მილის სიჩქარით მიქროდა, როცა ჩვენ ხიდს მიადგა ნაკადულზე; წესით ამ დროს ხიდი ცარიელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავის ბედად ვერნონ თალიც მაშინ შემოეხეტა მეორე მხრიდან. ქალაქიდან ბრუნდებოდა, აუქციონის არაფერი სმენოდა. თვითონ, იმის ცოლი, სამი ქალიშვილი და ხოლის დეიდა ფორანში ისხდნენ, ყველას ეძინა, ჯორების ჩათვლით. მაშინღა გამოეღვიძათ, როცა ცხენმა ხიდზე შედგა ფეხი, მაგრამ თალმა თქვა აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა შუა ხიდზე ჯორებმა მობრუნება დააპირეს, მაშინ ვკიდე თვალი ჭრელ ალქაჯს, ჯორებს შუაში რო გაურბინა და ხელნაყზე ციყვივით ამოირბინაო. როგორც თქვა, მარტო ერთხელ მოუსწრია ცხვირ-პირში მათრახის ტარის ჩარტყმა, რადგან მერე საცალფეხო ხიდზე ჯორებს ბოლოს და ბოლოს მოუხერხებიათ ფორნის მოტრიალება, ცხენსაც ერთ-ერთისთვის ზურგზე გადაურბენია, ისევ ხიდზე გადამხტარა და გაუჩინარებულა, შეშლილი ვერნონ თალი ფორნის კოფოზე მდგარა და უაზროდ იქნევდა თურმე ხელებს.

ჯორენი მთლად გადასულან ჭკუიდან, თავი დაუხსნიათ და იმათაც ფორანზე დაუპირებიათ აფორთხება. თალი გაშმაგევბული იგერიებდა და ამ დროს სადავე მაჯაზე დახვევია. მერე მარტო ამოყირავებულ სკამებსა და ქალების აშვერილ ფეხებს ვხედავდი მთვარის შუქზე, ჩემი ჯორები კი იმ ჭრელ მოჩვენებას გაეკიდნენ შარაგზაზეო.

კაი ხანი უთრევიათ თალიც, სანამ სადავე გაწყდებოდა... თავიდან მკვდარიც ეგონათ, როცა ტავზე დასტრიალებდნენ და ხიდის ფიხრების ხიჭვებს აცლიდნენ. ეკსა და იმის ბიჭსაც მოურბენიათ თავიანთი თოკით. საით გაიქცაო, უკითხავს ეკს, ნარბენი მამა-შვილი თურმე ძლივს იბრუნებდა სულს.

-5-
შინ შევბრუნდი, შარვალი და ფეხსაცმელი ჩავიცვი და დროზე გამოვედი გარეთ, საწყალი ჰენრი არმსთიდის წამოყენებაში რომ მივხმარებოდი. ძაღლისშვილი ვიყო, თუ მკვდარს არ გავდა, თავი უკან გადავარდნოდა, დაკრეჭილი კბილები მთვარის შუქზე უელავდა და თვალის უპეებიც ამოთეთრებოდა, აქეთ-იქიდან ცხენების თქარათქური ჯერ ისევ გვესმოდა, აქაურობას არ იცნობდნენ და 4-5 მილის იქით არც ერთი არ წასულა, ეტყობა მაგის ბრალი თუ იყო. ცხენების თქარათქურიც გვესმოდა და შეძახილებიც - არიქა, წინიდან დაუარეთო.

ჰენრი ავიტატეთ და მისის ლითლჯონისთან შევიყვანეთ. სახლის პატრონი წინკარში დაგვხვდა, სარეცხი ისევ ამოიღლიავებული ჰქონდა, დაფის ტარი დადო, ლამპა აიღო და ერთ-ერთი თავისუფალი ოთახის კარი შეაღო, „აქ შეიყვანეთ“.

შევიყვანეთ და საწოლზე დავაწვინეთ, მისის ლითლჯონმა ლამპა პატარა მაგიდაზე დადგა, სარეცხს ისევ თან დაატარებდა, „მაგრები ხართ კაცები“, გადმოგვკრა მწარედ. თითის წვერებზე შემდგარი ჩვენი ჩრდილები კედელზე აწოწილივნენ. მარტო საკუთარი სუნთქვაღა გვესმოდა. „ჯობია ამის ცოლი მოვიყვანოთ“, გვითხრა მისის ლითლჯონმა, მერე ოთახიდან გავიდა, სარეცხის დაბინავებას თუ აპირებდა.

„მართალს ამბობს“, თქვა ქუიკმა, „მიდით, ვინმემ დაუძახეთ“.

„შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ?“, ჰკითხა უინთერბოთომმა.

„ერნესტმა მოიყვანოს“, თქვა დარლიმ, „მაგათ მეზობლად ცხოვრობს“.

ერნესტი უხმოდ გავიდა, ძაღლიშვილი ვიყო, მართლა მიცვალებულს თუ არ ჰგავდა ჰენრი. ამასობაში მისის ლითლჯონს ვედროთი წყალ და რაღაც პირსახოცები მოეტანა, ჰენრის დასტრიალებდა, როცა მისის არმსთიდი და ერნესტი მოვიდნენ. მისის არმსთიდი საწოლის ფეხებთან გაჩერდა, ხელები წინსაფრის ქვეშ შეემალა, უხმოდ ადევნებდა თვალს მისის ლითლჯონის ფუსფუსს.

„თქვენ, კაცებო, ტყუილად მედებით ფეხებში, გარეთ გადით, იქნებ სხვა გასართობი ნახოთ და ერთი-ორმა სხვამაც წაიტეხოს კისერი“.

„მოკვდა?“ ჰკითხა უინთერბოთომმა.

„შენი ბრალი არ არის, თუ არ მომკვდარა“, უთხრა მისის ლითლჯონმა, „წადით, ვინმემ უილ ვარნერს უთხარით, აქ მოვიდეს. როგორც ვატყობ, კაცი ჯორისგან ბევრად არ განსხვავდება, რა ჯორისთვის გამოუშვია სისხლი და რა ამისთვის, თუმცა ალბათ ჯორებისგან ხეირი მეტია“.

ძია ბილისთან წავედით. სავსე მთვარე ანათებდა, დროდადრო ისევ გვესმოდა იმათი ხმები, სადღაც ოთხი მილის მოშორებით: „არიქა, წინიდან დაუარეთ“. მთელი ჩვენი მხარე სავსე იყო გადარეული ცხენებით, ყველა ხიდი და ბოგირი იმათ ფლოქვებქვეშ დგანდგარებდა, „არიქა, აგე, ჩაიქროლა, არ გაუშვათ“.

შორს არ ვიყავით წასული, ჰენრის ყვირილი რო მოგვესმა. ეტყობა. მისის ლითლჯონის წყალმა გამოაბვრუნა, მკვდარი ნაღდად არ იყო. ისევ ძია ბილის ეზო-კარისკენ გავაგრძელეთ გზა, სახლი ჩაბნელებული დაგვხვდა. ცპტა ხანს ვეძახეთ, მერე ფანჯარა გაიღო, ძია ბილიმ კოდალასავით მოუსვენარი თავი გამოყო და უხმოდ მოგვაჩერდა, „ისევ დასდევენ იმ წყეულ ბაჭიებს?“ გვკითხა ბოლოს, მერე ქვემოთ ჩამოვიდა, შარვალი პირდაპირ გრძელ ღამის პერანგზე ამოეცვა და აჭიმებიც თეძოებთან ეთრეოდა, ხელში თავისი განუყრელი ჩანთა ეჭირა. „ეგრეა, კი“, ჩაიცინა ულვაშებში, თან მართლა კოდალასავით აცანცარებდა თავს, „ჯერაც დასდევენ“.

სანამი მისის ლითლჯონის სახლამდე მივიდოდით, ჰენრის ხმა მანამდე მოგვესმა, ცას წვდებოდა იმისი კვნესა და ოხვრა. ჩვენ ეზოში გავჩერდით, ძია ბილი შინ შევიდა, ჰენრი არ ჩუმდებოდა, ეზოში ვიდექით და აქეთ-იქიდან ისევ გვესმოდა ფლოქვების თქარათქური და ცხენებზე მონადირეების გადაძახილი.

„ეკ სნოუპსმა თავისი უნდა დაიჭიროს“,თქვა ერნესტმა.

„ეგ ისეთია, დაიჭერს კიდეც“ მიუგო ვინთერბოთომმა, სახლიდან ჰენრის მოგუდული კვნესა ისმოდა, მერე უცებ აღრიალდა.

„შეუდგა საქმეს ძია ბილი“, თქვა ქუიკმა. წინკარში შევიჭვრიტეთ, კარების ღრიჭოდან შუქმა გამოანათა, მერე ოთახიდან მისის ლითლჯონი გამოვიდა.

„დახმარება გვჭირდება“, გვითხრა ქალმა. „შენ ერნესტ, შენ ივარგებ“, ერნესტი უხმოდ მიყვა უკან.

„გესმით?“ იკითხა ქუიკმა, „ეგ ხმა გაღმელების ხიდიდან მოდის“. ხმა მართლაც ისმოდა, თითქოს სადღაც შორს ჭექა-ქუხილმა გადაიარაო და მალევე მიწყდა.

„არიქა“ ახლა უკვე ვიღაცის ყიჟინა მოისმა.

ჰენრი ისევ კვნესოდა.

„უკვე ორივე შეუდგა საქმეს“ თქვა უინთერბოთომმა.

„ჩვენ ერნესტსაც დაუკაპიწებია მკლავები“.

ღამე თანდათან ძალას იკრებდა. ეგ არაფერი, ბიჭებს დილამდე ბევრი დრო ექნებოდათ ცხენების სადევნელად და ჰენრიც მოიოხებდა გულს გათენებამდე კვნესა-ღრიალით, მე შენ გეტყვი, ძია ბილი გამაყუჩებელს მიცემდა რამეს! დილით ადრიანად კი მოუწევდა ფლემთან მისვლა... ისე, როგორ გგონიათ, ფლემი რას ამბობს ამ ყველაფერზე?

სწორი ბრძანდებით, არც არაფერს. იქ საერთოდ არ ყოფილა და რა უნდა ეთქვა. რაც ტეხასელმა გუდა-ნაბადი აიკრა, მას მერე ფლემისთვის შორიდანაც არ მოგვიკრავს თვალი.

-6-
ეს ყველაფერი შაბათ ღამე ხდებოდა. დილით, უთენია, მისის არმსთიდი ეტყობა შინ წავიდა ბავშვების დასახედავად. ღმერთმანი, არ ვიცი, ისინი რას ფიქრობდნენ, დედ-მამა სად ეგულებოდათ. კიდე კარგი უფროსი გოგო, ასე, თორმეტი წლისა, გონიერი ყავდათ და პატარებს მიხედავდა. ასეც მოხდა. კიდევ ორი დღე მთელი ოჯახი იმის ანაბარა რჩებოდა, მისის არმსთიდს თან ჰენრისთვის უნდა მოევლო და თან სამზარეულოშიც უნდა მიხმარებოდა მისის ლითლჯონს; აბა მუქთად ვინ მიცემდათ ოთახს და ვინ აჭმევდათ პურს... ნაშუადღევს ურმით, ოთხი მილის დაშორებით შინ მიდიოდა ბავშვების დასახედავად. რამე შეჭამანდს გაუკეთებდა ნაუცბათევად, ქურაზე უტოვებდა. სახლა და პატარებს უფროსი გოგო უვლიდა... ამ დილით ყური მოვკარი სამზარეულოში იმის და მისის ლითლჯონის ლაპარაკს, „რას შვრებიან ბავშვები?“ კითხა მისის ლითლჯონმა.

„არიან, არა უშავთ“, უპასუხა მისის არმსთიდმა.

„ღამღამობით არ ეშინიათ?“

„მე რომ მოვდივარ, ინამეი კარს შიგნიდან ადებს ურდულს“, აუხსნა მისის არმსთიდმა, „თან საწოლში ცული უდევს, მე მგონი, არაფერი გაუჭირდება“. მგონი მართლა ეგრე იყო და იმასაც ვფიქრობ, მისის არმსთიდი მანამდე არ მოიცვლიდა ფეხს, სანამ ფლემი არ დაბრუნდებოდა. ეს დღეები საერთოდ არსად გამოჩენილა. ტეხასელმა კი ქალს უთრა შენ ფულს ფლემი შეგინახავსო, ისიც უცდიდა, სხვა რა ექნა, რო?

მოკლედ, ამ დილით, სანამ ვსაუზმობდი, მესმოდა რას ლაპარაკობდნენ სამზარეულოში მისის არმსთიდი და მისის ლითლჯონი. მისის ლითლჯონმა უთრა, ფლემი დაბრუნებულაო, „მიდი და მოთხოვე შენი ხუთი დოლარი“, აგულიანებდა მისის არმსთიდს.

„გგონიათ დამიბრუნებს?“ ჰკითხა მისის არმსთიდმა.

მისის ლითლჯონი თეფშებს რეცხავდა, რაღაცნაირად კაცურად, თან ისე, თითქოს თეფშები რკინის ყოფილიყო, „არა“, თქვა მან, „ოღონდ მოთხოვნით საქმე არ გაფუჭდება. მე არა მგონია, მაგრამ იქნება და...“.

„თუ დამბრუნებელი არ არი, მაშინ თხოვნასაც რა აზრი აქვს?“ თქვა მისის არმსთიდმა.

„შენ სცადე“ მიუგო მისის ლითლჯონმა, „შენი ფულია, სხვისი ხომ არა?“.

თეფშების რახარუხი ისმოდა.

„გგონიათ დამიბრუნებს?“, ისევ წამოიწყო მისის არმსთიდმა, „იმ ტეხასელმა მითრა, მოგცემსო, მოგვიანებვით მისტერ სნოუპსთან მიდი და ის დაგიბრუნებსო“.

„ჰოდა მიდი და სთხოვე“, უთხრა ლითლჯონმა.

თეფშების რახარუხი მესმოდა.

„არაფერსაც არ დამიბრუნებს“ თქვა მისის არმსთიდმა.

„კარგი“ უთხრა მისის ლითლჯონმა, „მაშინ ნუ მიცვალ და ნუ თხოვ ნურაფერს“.

თეფშების ხმა მესმოდა. მისის არმსთიდიც ეხმარებოდა რეცხვაში. „არ გგონიათ რომ დამიბრუნებს, არა?“ ჰკითხა ჩუმად.

მისის ლითლჯონს არაფერი უპასუხია. ისეთი ხმა გამოდიოდა სამზარეულოდან, თითქოს თეფშებს ძალით ანარცხებდნენ ერთმანეთზე. „ალბათ ჯობია მივიდე და ჰენრის დაველაპარაკო“ თქვა მისის არმსთიდმა.

„მე ეგრე ვიზამდი“, თქვა მისის ლითლჯონმა. ძაღლისშვილი ვიყო, თუ ეხლა თითო ხელში თითო თეფში არ ეჭირა და ერთმანეთს არ ურახუნებდა მთელი ძალით.

„მერე შენი ჰენრი წავა და იმ ხუთი დოლარით სხვა ცხენს იყიდის, იქნებ ისეთიც შეხვდეს, მართლა გააფრთხობინოს სული. მაგის იმედი რომ მქონდეს, იმ ფულს ჩემი ჯიბიდან მოგცემდი“.

„მაინც ვფიქრობ, ჯერ ჰენრის დაველაპარაკო“, თქვა მისის არმსთიდმა, მერე ისეთი იჭექა, ეტყობა მისის ლითლჯონმა ყველა თეფშს ერთად მოუსვა ხელი და ქურაზე დაანარცხა. მაშინ იყო, ავდექი და გარეთ გამოვედი.

ეს ამ დილანდელი ამბავია, მერე მე ბანდრენთან ჩავედი, უკან დავბრუნდი, მეგონა ყველაფერი დალაგდა-მეთქი. ამიტომ ნასადილევს გულდინჯად მივადექი დუქანს, ფლემი იქ დამხვდა, თავის საყვარელ სკამზე იჯდა და დანით ჯოხს ჩორკნიდა - თითქოს მას მერე არ მოეცვალა ფეხი, რაც ჯოდი ვარნერთან დაიწყო ნოქრად მუშაობაო.

ი.ო. კარს მიყუდებოდა, მოკლემკლავებიანი თეთრი პერანგი ეცვა და თმაც ზუსტად ისე გაეყო შუაზე, როგორც ფლემი იყოფდა ხოლმე, სანამ ნოქრობას ი.ო.-ს გადააბარებდა. უცნაური ამბავი ჭირთ ამ სნოუპსებს, ერთი დედმამიშვილებს გვანან, არადა ძმები საერთოდ არ ურევია ამათში, ყველანი ბიძაშვილებად ერგებიან ერთმანეთს - როგორც ფლემი და ეკი, ანდა ფლემი და ი.ო. ეკიც იქ იყო, კედელტან ჩაცუცქული, თითონაც და იმის ბიჭიც; ბიჭი ყველს და კრეკერებს ჭამდა პირდაპირ პარკიდან. როგორც მითხრეს, ეკი იმ ღამეს საერთოდ არ მისულა შინ, არც ლონ ქუიკი დაბრუნებულა თურმე ქალაქში, თავისი ცხენისთვის სამსონის ხიდამდე უდევნია და ღამეც იქ გაუთევია. სხვათა შორის, ეკს ბოლოს და ბოლოს მართლა უმარჯვია და საკუთარი ცხენი დაუჭერია. მაყვლიანში გაბლანდულს, იმან და იმის ბიჭმა როგორღაც მოსდეს კისერზე თოკი, ოღონდ იქიდან რომ მოიყვანეს, ცხენი ერთი დამდუღრულივით დაბზრიალებულა, კისერი მოუღერებია და შურდულივით მომწყდარა ადგილიდან, წამში აღარც ის ჩანდა და აღარც თოკი, ერთი კი გაუელვია საშობაო მაშხალასავით და კარგად მეყოლეთო. „ხელახლა გაკიდება აღარ გიცდია, ეკ?“-ვეკითხები.

„არა“ მეუბნება, მერე დანის წვერით პარკიდან ყველის ნაჭერს იღებს და პირში იდებს, „კისერიც უტეხია...“

მოკლედ, ექვსიოდე კაცი ვიყავით ჩაცუცქული, ვლაპარაკობდით, უფრო ფლემის გასაგონად. არავინ ვიცოდითფლემსაც ქონდა თუ არა რამე ხეირი იმ ცხენებიდან. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითე. „ფლემ, უკვე იმდენჯერ გაგვაცურე, ვამაყობ შენით, მოდი, გვითხარი, მაინც რამდენი იშოვეთ შენ და იმ ტეხასელმა მაგ ჭრელ ცხენებში? ჩვენ რას გვიმალავ, აქ ვინცა ვართ, ეკის გარდა, ცხენია არც ერთს არ გვიყიდია. ვინც იყიდა და, ისინი ჯერაცხ აღმა-დაღმა დარბიან. თან ეკი შენი ღვიძლი ბიძაშვილია, გაუხარდება კიდეც სიმართლის გაგება. ჰა თქვუ, მაინც რამდენი?“

ყველას ჯაყვები მოემარჯვებინა და თავ-თავიანთ ჯოხებს თლიდნენ, ფლემს არავინ უყურებდა, თუმცა იმის პასუხის გაგება ყველას გულით უნდოდა: ქინძისთავის დაცემის ხმას გაიგონებდი. ი.ო. აქამდე კარზე იფხანდა ზურგს, მთელ სიგრძეზე, ახლა კი გაჩერდა, ისიც ფლემს მიაჩერდა, მაძებარი ძაღლივით გაფაციცებული. ლემმა ერთი ჯოხის მოჩუქურთმება მოათავა და გრძლად გააწიტა გზისკენ, მთელ პარმაღს გადააცილა ნერწყვი. „ეგ ჩემი ცხენები არ ყოფილა“, თქვა მერე.

ი,ო. ქათამივით აკრიახდა და ორივე ხელი მოწყვეტით დაირტყა ბარძაყებზე: „ვეღარ უნდა გაიგოთ, ბიჭებო? ფლემთან ეგეთები არ გაგივათ“.

ამ დროს დავინახე, როგორ გამოვიდა მისის ლითლჯონის სახლიდან მისის არმსთიდი და გზას გამოუყვა. არაფერი შევიმჩნიე. მერე ვთქვი: „ჰოო, ისე, კაცი თუ ვაჭრობაში ჭკუას წააგებს, სხვას არც არაფერი უნდა დააბრალოს“. ფლემს ხმა არ ამოუღია, უკვე ახალ ჯოხს ჩორკნიდა... „დიახ, ბატონო ჩემო“, წამოვიწყე ისევ, „ჰენრი არმსთიდისნაირმა კაცმა, საკუთარი თავის გარდა, სხვას არავის უნდა დააბრალოს რამე“.

„მა, რა“, გამოცოცხლდა ი.ო. ქალს ჯერ ვერც ის ხედავდა. „ჰენრი არმსტდი დაბადებით ბრიყვია და ბრიყვად მოკვდება. ფლემი არ იქნებოდა, სხვა ჩაიჯიბავდა იმის ფულს“.

ყველამ ფლემს შევხედეთ, ის არც შერხეულა. მისის არმსთიდი ნელნელა გვიახლოვდებოდა.

„ეგრეა“, დავუკარი კვერი, „მარა, ისიც ვთქვათ, ჰენრის ცხენი რომ არ უყიდია?“ ისევ ფლემისკენ გაგვექცა მზერა; ასანთის ღერის დაცემას გაიგონებდი. „ტეხასელმა ქალს უთხრა, ხუთ დოლარს ხვალ ფლემი დაგიბრუნებსო. მე მგონი, ფლემი უკვე მისულიც იქნება მისის ლითლჯონთან და ის ფულიც მიცემული ექნება არმსთიდებისთვის“.

ფლემს არ ვაშორებდით თვალს, ი.ო.-მ ერთხელაც შეწყვიტა ზურგის ფხანა, ცოტა ხანში ფლემმა თავი აწია, ისევ გააპურჭყა, ისევ პარმაღს გადააცილა. ი.ო. ქათამივით აკრიახდა. „არა, ხო მაგარია? თქვით!“

მისის არმსთიდი გვიახლოვდებოდა და მეც ლაპარაკს ვაგრძელებდი, მინდოდა მენახა, ფლემი თუ აწევდა თავს და ქალისკენ გაიხედავდა. მერე თალზეც ჩამოვაგდე სიტყვა, ფლემს ვუთარი, სასამართლოში გიპირებს ჩივილს-მეთქი. ის კიდე ზის, ჯოხს ჩორკნის, ხმას არ იღებს... კრინტი არ დაუძრავს მას მერე, რაც ერთი მოგვიგდო - ცხენები ჩემი არ ყოფილაო.

მერე, უცებ ი.ო.-მ გზისკენ გაიხედა და ქალი დაინახა: „სსსუუუუ!“-ჩაისისინა. ფლემმა თავი აიღო. „აქეთ მოდის“, თქვა ი.ო.-მ, „უკანა კარიდან გადი, ვეტყვი, ქალაქში წავიდა-მეთქი“.

ოღონდ ფლემი არც განძრეულა, იჯდა და ჯოხს ჩორკნიდა, მისის არმსთიდი პარლაღზე ამოვიდა, გახუნებული კაბა ეცვა და გახუნებული ქუდი ეხურა, იმის რეზინისძირიანი ფეხსაცმელები თაგვებივით მოწრიპინებდნენ საფეხურებზე. ამოვიდა და გაჩერდა, გულზე ხელებდაკრეფილი. არავისთვის შეუხედავს თვალებში.

„შაბათს მითხრა...“ დაიწყო ქალმა, „ჰენრის ცხენს არ მივყიდიო. თქვენზე თქვა, ფულს ის მოგცემსო“. ფლემმა თავი ასწია, თუმცა ჯოხის ჩორკნა არ შეუწყვეტია, ისე აჩუქურთმებდა, თითქოს ჯოხისთვის თვალი არც მოუშორებიაო. „როცა წავიდა, ის ფულიც თან გაიყოლა“, უთხრა ქალს.

მისის არმსთიდი საერთოდ არავის უცქერდა, ჩვენც თვალს ვარიდებდით, ყველა, ეკის ბიჭის გარდა. იმას თვალებად ქცეულს ხელში ჩაკბეჩილი კრეკერი ეჭირა და ილოღნებოდა.

„მითხრა, ჰენრის არაფერი ცხენი არ უყიდიაო“, თავისი გააგრძელა ქალმა, „ასე თქვა, ვითომ დღეს უნდა მოვსულიყავი და ფულს თქვენ დამიბრუნებდით“.

„ეტყობა რაღაც აურია ან დაავიწყდა“, თქვა ფლემმა. „შაბათს რომ წავიდა, ის ფულიც თან გაიყოლა“. ისევ ჯოხს მიუბრუნდა, ი.ო.-მაც ზურგის ფხანა გააგრძელა - ნელნელა, აუჩქარებლად, თან ტუჩებს ილოკავდა. ცოტა ხანში ქალმა გზას გახედა, შორს გორაკისკენ, სასაფლაოს მხარეს. ერთი პირობა ასე იყურებოდა, ეკის ბიჭი თვალს არ აშორებდა, ი.ო.-ც ისევ ნელნელა იფხანდა კარებზე ზურგს. მერე ქალი კიბისკენ შეტრიალდა.

„მე მგონი დროა სადილს მივხედო“.

„ჰენრი როგორ იყო დღეს მისის არმსთიდ? ჰკითხა უინთერბოთომმა.

ქალმა სახეში შეხედა, წამით შეჩერდა კიდეც: „ისვენებს. დიდი მადლობა მოკითხვისთვის“.

ფლემი წამოდგა, დანა დაკეცა და სკამზე დადო, ერთხელაც გადააპურჭყა პარმაღიდან. „ცოტა ხანი მომიცადეთ, მისის არმსთიდ“, უთხრა ქალს; ქალი კიბესთან შეჩერდა, ფლემისთვის არ შეუხედავს. ფლემი დუქანში შევიდა, ი.ო.-მ ზურგის ფხანა შეწყვიტა და ფლემს გააყოლა თვალი. მისის არმსთიდი იდგა, ხელები წინსაფრის ქვეშ დაეკრიფა და ისევ არავის უცქერდა. გზაზე ფორანი გამოჩნდა, ჩაიარა... ფრიმენი იყო, ქალაქში მიდიოდა. მერე ფლემი გამოვიდა, ი.ო. თვალს არ აშორებდა; ფლემს ხელში პატარა ზოლებიანი პარკი ეჭირა, კანფეტებიანი - ერთ დროს ჯოდი ვარნერს რო ააფცქვნა. ნიძლავს დავდებ, ჯოდის ათი ცენტი ისევ მართებს. ისე ჩაუდო პარკი ქალს ხელში, თითქოს გამხმარი ხის ფუღუროში შეინახაო, ერთხელაც გადააპურჭყა: „ცოტა რაღაც ტკბილეულია ბავშვებისთვის“, უთხრა ქალს.

„ძალიან კეთილი ბრძანდებით“, მისის არმსთიდს პარკი ხელში ეჭირა და ისევ არავის და არაფერს უცქერდა; სამაგიეროდ, ეკის ბიჭი ჭამდა პარკს თვალებით, ახლაც ჩაკბეჩილი კრეკერი ეჭირა, ოღონდ აღარ ილოღნებოდა. ქალმა პარკი წინსაფარში გამოიხვია. „სადილობის დრო მოდის, წავალ, მისის ლითლჯონს მივეხმარები“, შეტრიალდა და კიბეს დაუყვა. ფლემი ისევ დაჯდა, დანა გახსნა, მერე გადააპურჭყა, სულ ცოტათი ააცილა მისის არმსთიდს. ქალმა კიბე ჩაათავა და მისის ლითლჯობის სახლისკენ გაუყვა გზას, რაღაცნაირად გახევებული მიდიოდა, არაქალურად, თითქოს ტანისამოსი გახევებოდა ტანზე, თითქოს ნელი დინება წყლიდან ამოშვერილ გამხმარ ხეს მიათრევსო...

დავინახეთ, როგორ შეუხვია ეზოში და თვალს მიეფარა. ფლემი ჯოხს ჩორკნიდა, ი.ო.-მ ისევ ზურგის ფხანა დაიწყო, მერე ქათამივით აკრიახდა:

„გეყოთ, ბიჭებო! ხო ხედავთ, ამასთან ფეხი არ ჩაგივათ. ფლემს ვერავინ აჯობებთ, ახლოსაც ვერ მიხვალთ... ხო მაგარია? თქვით!“

მართალს ამბობდა, ძაღლისშვილი ვიყო. მე რო ჩამომეყვანა საიდანღაც ამისთანა გადარეული, კაციჭამია მხეცები და ნათესავებ-მეზობლებისთვის მიმეყიდა, ცოცხლად გამაძრობდნენ ტყავს. ეგრეა, ისე, ახიც იქნებოდა...

"ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა" 
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის მიერ