ფრენსის ოტო მატისენი - ჰენრი დევიდ თორო

„მართლა არიან ეგრეთ წოდებული არქიტექტორები ამ ქვეყანაში, - წერდა თორო, როცა იმის აღწერა დაიწყო, თუ როგორ აიშენა ქოხი, - სხვა თუ არაფერი, ერთის შესახებ მსმენია, არქიტექტურული ჩუქურთმების შექმნის იდეას რომ გაუტაცია, მიუჩნევია, აქ არის დაფარული სიმართლის მარცვალი, საჭიროება და, აქედან გამომდინარე, მშვენიერებაცო, თითქოს ახალი რამ აღმოეჩინოს. მისი თვალით თუ შევხედავთ, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მისი მოსაზრება ჩვეულებრივ დილეტანტურ აზრზე ოდნავ უკეთესი თუ იქნება. არქიტექტურის სენტიმენტალურმა რეფორმატორმა კარნიზიდან დაიწყო და არა საძირკვლიდან“.

„უოლდენის“ ამ ნაწყვეტს საფუძვლად დაედო შემთხვევა, თოროს დღიურში 1852 წლის იანვრით რომ არის დათარიღებული. ემერსონს ჩვეული ენთუზიაზმით უჩვენებია თოროსთვის წერილი, ის-ის იყო რომ მიეღო გრინაუსაგან, და თოროს კი მოქანდაკის თეორიისათვის ერთი თვალის გადავლებამ ასეთი მძაფრი შენიშვნები გამოათქმევინა. ამ შენიშვნათა კონტექსტში შემოაქვს „უოლდენის“ ავტორს უმწვავესი არგუმენტი შრომის ამგვარი დანაწილების წინააღმდეგ, რაც იმდენად მკერავს არ აკნინებს, რამდენადაც სასულიერო პირს, ვაჭარსა და ფერმერს გადააქცევს „მჯღანავად“ (ხელნაწერში ამას ერთვის: „ეს შენიშვნა მოიცავს დღევანდელი ადამიანის მთელ ყოფას“).

თორო ისე უპირსპირდება ცხოვრების რამენაირ გართულებას, რომ არაფრად აგდებდა ნამდვილ საჭიროებას, როცა აცხადებდა, არც ერთი სახლის შეღებვა არ შეიძლება სხვა ფერად, გარდა ამშენებლის სისხლისა და ოფლის ფერისაო (დღიურის ეს გამოთქმა „უოლდენში“ შერბილებულია: „სახლი უმჯობესია თქვენი გარეგნობისფრად შეღებოთ“). ჩუქურთმებისადმი სიძულვილმა თორო იქამდე მიიყვანა, რომ აღარ ცნობდა იმ ერებს, ვინც განსჯის ნაცვლად, საკუთარ უკვდავყოფას არქიტექტურით ცდილობდა, „რაოდენ უფრო მომხიბლავია „ბჰაგავატგიტა“, ვიდრე აღმოსავლეთის მთელი ნანგრევები“.

საწყენია, რომ თოროს ფიცხმა რეაქციამ ყოველივე იმის წინააღმდეგ, რასაც ემერსონი შეთავაზებდა - დამოკიდებულება, რაც მოწაფეობიდან მოყოლებული ლამის ჩვევად ექცა - საშუალება არ მისცა მას შეეფასებინა გრინაუ, როგორც ბუნებრივი მოკავშირე, ვისი მომწიფებული აზრებიც უთუოდ გამოადგებოდა. თოროს ეგონა მოქანდაკის თეორიისაგან განსხვავებულად მსჯელობდა, როცა ამბობდა: ერთადერთი ჭეშმარიტად არქიტექტურული მშვენიერება „თანდათან შეიცვალა გარეგნულიდან იმათ ხასიათისა და საჭიროებისაკენ, ვინც შიგ ცხოვრობსო“, და მაინც, ეს უბრალო განმეორებაა, და თანაც ნაკლებ პროფესიული ენით, გრინაუს ერთ-ერთი უმთავრესი მოსაზრებისა. და ის რადიკალიზმი, რაც აიძულებდა თოროს განეცხადებინა, საუკეთესო შენობები ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უპრეტენზიო შენობებია, ტყისმჭრელთა ქოხები და ღარიბთა კოტეჯებიო, სრულყოფილ გამოძახილს პოულობს გრინაუს რწმენაში, რომ დღევანდელობის ჭეშმარიტი გემოვნება შეიცნობს „მომხიბვლელობას იანკის უხეში, სადა სახლისა, რაც თითქოს იმ მიწიდან ამოზრდილა, სადაც დგას, როგორც მუხლუხა ხოჭო ჩაჰკვრია იმ ფოთოლს, მას რომ ჰკვებავს“.

საითაც არ უნდა მიბრუნებულიყო თორო თავისი რწმენის განსამტკიცებლად ცოცხალი მაგალითების ძიებისას - ჭეშმარიტ მშვენიერებას წარმოაჩენს საჭიროება - ხედავდა, რომ „ბუნებაა უდიადესი და ჭეშმარიტი ხელოვანი“, და რომ არსებობს მსგავსება ბუნებისა და ადამიანის მოქმედებას შორის დეტალებსა და წვრილმანებშიც კი. იგი ემერსონივით მიიჩნევდა - „ადამიანის ხელოვნება გონივრულად ბაძავს იმ ფირმებს, სადაც ყოველივეს განვითარებისაკენ აქვს მიდრეკილება ხილივით და ფოთლებივითო“. ოღონდ თორომ დაწვრილებით შეისწავლა უფრო მეტი მაგალითი, ვიდრე ემერსონმა. კარის ერთი გამოღებაც კი მას ცოცხალ ნიმუშებს აწვდიდა. თუთუბო, ფიჭვი, კაკლის ხე, მის ქოხს რომ შემორტყმოდნენ, ახსენებდნენ ყველაზე უფრო სკულპტურულ ფორმებს. ყინვის ნაქარგი დახვეწილ ხაზებს სთავაზობდა; და როცა უმთავრეს გაკვეთილს გაიხსენებდა, კოლრიჯისეულ განსხვავებას მექანიკური და ორგანული ფორმებისა, საჭირო იყო მხოლოდ ერთი მუჭა მიწა მოეზიდა და შეენიშნა, რომ მიწის ნაფხვენები ცალ-ცალკე რაც არ უნდა საგულისხმო ყოფილიყო, მათი შერწყმა უბრალო, უსიცოცხლო შეერთება იყო და მეტი არაფერი. ამის სრულიად საპირისპირო გახლდათ ფორმა თუნდაც „უმარტივესი და ყველაზე უშნო სოკოსი“ და მიზეზი მისით გამოწვეული აღფრთოვანებისა თოროსთვის იყო ის, რომ: „ეს არის ნათლად ორგანული, ჩვენთვის ახლობელი რამ... ეს არის იდეის გამოხატულება; კანონს დამორჩილებული ზრდა; საგანი არა უმოქმედო, მოუხეშავი, არამედ შთაგონებული და განპირობებული სულის მიერ“. ერთი უბრალო ზრდიდან ამდენი პრინციპის ამოკრეფა რომ შეეძლო, თოროსგან საკვირველი აღარ არის მოსაზრება - „ველური უნდა იყოს კაცი, ხეებზე მეტად კორინთული სვეტები რომ აღელვებდესო“.

როცა ცდილობდა ლიტერატურაში შემოეტანა შემოქმედების ეს პრინციპები, იგი ხანდახან იმის თქმით კმაყოფილდებოდა „ჭეშმარიტი ხელოვნება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენეული გამოხატვა ბუნების სიყვარულისაო“. მაგრმა ხშირად გამოუვალ უკიდურესობაში აგდებდა არა ის, რომ ხელოვნებაზე მაღლა ბუნებას აყენებდა და მისი ფორმებით კმაყოფილდებოდა, არამედ აგრეთვე ხელოვანის სიცოცხლის შეფარდება მის ნაწარმოებთან. მან განავითარა თავისი სეხედულება მილტონის შესახებ, ჰეროიკული პოემის დაწერა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც გმირულად უცხოვრიაო. თორო ამ მოსაზრებას ასე აყალიბებდა:

„ნაწარმოებში არაფერია შემთხვევითი... საუკეთესო, რისი დაწერაც შეგიძლია, გამოვლენაა იმ საუკეთესოსი, შენში რომ არის“. თოროს უნდობლობა belles lettres, beaux arts და მათი მქადაგებლობისადმი გამომდინარეობდა მისი სურვილიდან, მოეშლა ყოველგვარი ნაძალადევი საზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის. იგი ხშირად უპირისპირდებოდა ამ პრობლემას; „იოლი არ არის ჩაწერო დღიურში ის, რაც ყოველთვის გვაღელვებს, რადგან დაწერილი ის აღარ არის, რაც გვაღელვებსო“. ერთადერთი გამოსავალი ამ დილემიდან მან ერთ-ერთი თავისი მიმდევრისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა:

„რაც შეეხება წერის სტილს, თუ ვინმეს რაიმე სათქმელი აქვს, ეს ისე უშუალოდ და სადად უნდა მოახერხოს, როგორც ქვა ეცემა მიწაზე“, იგი ამავე დასკვნამდე მივიდა, როცა ჯონ ბრაუნის სტილს აფასებდა: „კომპოზიციის ხელოვნება ისევე მარტივია, როგორც ტყვიის გასროლა თოფიდან, და მისი შედევრების მიღმა უსაზღვროდ დიდი ძალა იფარება. ამ გაუნათლებელი კაცის სიტყვები და ნაწერები ნამდვილი ინგლისურით არის შესრულებული. ზოგიერთი სიტყვა და ფრაზა, ადრე ვულგარიზმად და ამერიკანიზმად რომ იყო მონათლული, მან ნამდვილ ამერიკულად აქცია“. თორო კვლავ უფრო ახლოს იყო გრინაუსთან, ვიდრე წარმოედგინა. ჯიუტად აბრალებდა, ჩვენს მექანიკაში დანერგილი სტილი ძუნწად და უვარგისად მიიჩნიაო. პირიქით, გრინაუ ამბობდა, „ეს არის უძვირფასესი სტილი... მისი სიმარტივე სიცარიელისა და სიღააკის სიმარტივე კი არ არის, ესაა სიზუსტის სიმარტივე, მეტსაც ვიტყვი - სიმართლისა“.

როცა თორო ამბობდა - „მომეცით მარტივი, უბრალო შინაურული თემებიო“ - რას იფიქრებდა თუ მათი შერულება ადვილი იქნებოდა. მაშინაც კი, როცა აცხადებდა, ჭეშმარიტი ლექსი ის არის, რაც თვით პოეტს გადახდენიაო, უმატებდა - „კარგად შესრულებული მცირედი რამეც კი მთელს ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენასო“. იმის შეგნებამ, რომ პეოზიას ქმნის საგანთა თვისებების შეცნობა, მისთვის ჯერ კიდევ ოცდაათი წლის ასაკში გახდა ნათელი, რომ ასეთი ცოდნისათვის ადამიანს შეიძლება მიეღწია ძალზე ნელი, არაცნობიერი პროცესის მეოხებით. რადგან ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტების ერთი შეხედვით გადმოცემა: „იგი ჯერ მთელი სულითა და გულით უნდა ჩაეფლოს მასში. ის, რაც ახალგაზრდა კაცში ენთუზიაზმი იყო, მოწიფულ ადამიანში ნებისყოფად გადაიქცევა“. ეს მოსაზრება შესაძლოა შევუდაროთ ლორენსის აზრს - „ჯერ დაწვრილებით უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი, სანამ შევძლებტ გავაღწიოთ იდეალებისა და შეთანხმებების ავტომატურობის მიღმა... მხოლოდ დახვეწილი ცოდნით შევძლებთ შევიცნოთ და გავერკვეთ ჩვენს იმპულსებში“. მხოლოდ სიმწიფის პერიოდში, თოროს მოსაზრებას რომ დავუბრუნდეთ, შეძლებს პოეტის სიმართლე ისევე წარმოდინდეს მისგან, როგორც „მთიხვის სუნი მონადირის ქურთუკიდან“.

იგი ხშირად ახსენებდა ორგანულ სტილს, მისთვის ნიშანდობლივი მხატვრული სახეებით - სტილის ნელ ზრდას, იმას, თუ როგორ იკვეტება სტილი პოეტის მოთმინებით და მზრუნველობით. დონე, რასაცთორომ ამ მეტაფორით მიაღწია, ის დონეა, რითაც მისი ოსტატობა ემერსონის ოსტატობაზე შორს მიდის. მან აღიარა თავისზე უფროსის აზრი, გენიალობა ჯანმრთელობის სიჭარბეაო, მაგრამ იგი ნაკლებ თავშეკავებულია, როცა მოითხოვს, ტალანტი გენიალობას უნდა ახლდესო. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იგი არასოდეს მსჯელობს სპეციფიკურ ფორმებზე. ცხადია, მას ეჭვშეუტანლად მიაჩნდა, რომ ხელოვანის ალღო ჩამოაყალიბებს იმას, რაც მისთვის შესაფერისია და უფრო მეტიც, კარლაილის გადაჭარბებული აზრების საპირისპიროდ განაცხადა, დიდი მწერალი ახალ ფორმებს კი არ გვაცნობს, არამედ ძველ ფორმებს აცოცხლებსო, რაც არ უნდა იყოს, ამ მიხვედრით, რომ ეს განახლება სიტყვათა ახლებული დანახვით ხდება, თორო უბრალოდ ჩაწვდა უფრო არსებით კავშირს სიტყვებსა და ფიქრებს შორის, ვიდრე ემერსონი. აი, ამიტომ მიაჩნდა თარგმანი შეუძლებლად და აცხადებდა, კლასიკოსების წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი დაუღალავი წვრთნით „რასაც ათლეტები მისდევენო“.

უფრო მეტიც, თორომ აღმოაჩინა ემერსონისათვის არსებითად უცხო მეორე განსხვავებაც ნათქვამსა და დაწერილ სიტყვას შორის. იგი მიიჩნევდა - რასაც ფორუმზე მჭევრმეტყველება ჰქვია, კაბინეტში ყოველთვის უბრალო რიტორიკად იქცევა ხოლმეო, და რომ, რაც არ უნდა მოვიხიბლოთ ორატორის უნარით, სტილი, ემოცია რომ ჩამოსცილდება, უფრო ზუსტ კომპოზიციას მოითხოვს. როცა თორო მსჯელობდა პოეტზე, თითქოს ფროსტის სიტყვებს ამბობდა - „ბგერა და ჟღერადობა ხმისა უმთავრესია“, მან იცოდა, რომ „სრულყოფილი გამოხატვა მოითხოვს გარკვეულ რიტმსა და საზომს. რასაც სხვა ვერაფერი შეცვლის“. ასეთი ცოდნა - როგორც ვნახეთ, ნაყოფი მისი გრძნობადი ორგანიზმისა - გახლდათ უმტკიცესი დამცველი უფორმობისაგან, რაც აბრკოლებდა მის წადილს ჰარმონიულად ესაუბრა ბუნებასთან. თუ ეს იშვიათობა იყო მის ყმაწვილურ ლექსში - თითქმის ტიპური ნიმუში რომ იყო მექანიკური ფორმისა, მეტაფიზიკოსთა ზედაპირულ ხერხებს რომ იმეორებდა - სამაგიეროდ წარმართავდა სიზუსტესა და ტემბრს მისი მოწიფულობისდროინდელი პროზისა.

მხოლოდ ამგვარი წვრილი ძაფების დახვევით შევძელით ბოლოს და ბოლოს გვეპოვნა ამ წერილში განსხვავება თოროსა და ემერსონის შეხედულებას შორის ორგანული სტილის შესახებ. მათი ერთ-ერთი ადრეული საუბრის (1838) ემერსონისეულ ჩანაწერში თორო უკმაყოფილებას გამოთქვამს - „თუკი კაცი დიდი ტანჯვის ფასად ახერხებს თვითგამოხატვას, მაშ იდეა არ ჰქონიაო“. ემერსონი ეთანხმება, მაგრამ მიუთითებს - „ხელოვნების ტრაგედია ის არის, რომ ხელოვანი ადამიანზეა დამოკიდებულიო“. რაც არ უნდა იყოს, წლების შემდეგ უფრო ახალგაზრდა მწერალმა აღიარა ეს ფაქტი. ორი წლის მერე, როცა დააკვირდა, რომ ფერმერმა ტარბელმა ბოლოს და ბოლოს ქოხი აუშენა, თორო მიხვდა, რომ ხელოვანს შეუძლია დაასრულოს თავისი შენობა მხოლოდ შეუნელებელი „ბეჯითი ბრძოლით, ცვალებადი მარცხითა და წარმატებით“.

მან ორივე უნდა ისწავლოს, გამძლეობაცა და განზე გადგომაც, რადგან მისი საქმიანობა არის შესრულება „post-mortem მისი მცდელობისა, სანამ გარდაიცვლებოდეს“. ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას უნდა ჰქონდეს „ცივი გონება“, რათა გამოჰკვეთოს და მოაჩუქურთმოს თავისი გრძნობების ქანდაკება: საკუთარი თავის ეს დამორჩილება საქმიანობისადმი, გვაგონებს ჰოთორნის ელიოტისეულ შეფასებას: „მას ჰქონდა სიმტკიცე, ნამდვილი სიცივე, მკაცრი სიცივე ჭეშმარიტი ხელოვანისა“.