რიუნოსკე აკუტაგავა - მწერლის ათი მცნება
I. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა, კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას, ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოებებიც ფაქტიურად პროზაა.
II. პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიც არის ერთდროულად, მაშასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეული ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იხარა საიკაკუთი.
III. პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არამარტო პოეტია, არამედ ისტორიკოსიცა და ბიოგრაფიც, ამიტომ მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან - პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზემეტად განიცდის თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა სჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტურობა სჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად მძიმე ტრაგედიად გადაიქცევა (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა).
IV. ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება. პოეტის ტალანტი, ისტორიკოსისა ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენს წინაპრებს ყველაზე რთულად მიაჩნდათ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის სენარჩუნება (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ სთვლიან - ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს.
V. ვინაიდან მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწყობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ცნებები - მწერლობა და მშვიდი ცხოვრება - შეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს - მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო - ის მწერალია, ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია.
VI. მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოაწრთოს. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ცხოვრებიუსეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დასტოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობა შეიძლება), აგრეთვე, ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერი, ყველაზე წყალწაღებული იდიოტის მიმართაც კი.
VII. ლიტერატურა - სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა სიტყვის დასახვეწად შრომა არ უნდა დაზოგოს. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ ძალუძს, მაშინ არა ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს, საიკაკუს „ჰოლანდიელ საიკაკუს“ უწოდებენ არამარტო იმ დროისათვის მიღებულ პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო.
VIII. რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს. ეს ხელსაყრელია, რადგან: 1. შეიძლება საკუთრი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნობით, 2. თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოებების ავტორი შეიქნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს). გენიოსი უბრალოდ არღვევს ყველა ამ კანონს. (ამავე დროს, უცნობია, ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ), გენისოები ცაში სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალური პროგრესის (ანუ ცვლილების) მიღმა მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარეების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ მთელ ლიტერატურას ახასიათებს).
IX. კაცი, მწერლობას რომ ესწრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ ძალუძს ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, უნდა ყველაფერს ისე ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის - სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები „როგორიც ის არის“ უნდა გავიგოთ: „როგორც ის ხედავს“ და არა „როგორც ის ხედავს მაშინ, როცა თამაქსუქს უყურებს“.
X. ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ოქროს მცნება. რა თქმა უნდა, ჩემი „ათი მცნებაც“ არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა - არა.
შენიშვნა: მე ყველაფერში სკეპტიკოსი ვარ, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რამდენჯერაც არ ვცადე სკეპტიციზმი შემენარჩუნებია პოეზიასთან შეჯახებისას, არ შემეძლო სკეპტიკოსი დავრჩენიყილავი. ამავე დროს უნდა ვაღიარო, პოეზიასთან შეჯახების დროსაც, მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა.