გაბრიელ გარსია მარკესი - გემ-აჩრდილის უკანასკნელი მოგზაურობა

ახლა ნახავთ ვინც ვარ მე, თქვა თავის ახლად დაბოხებული მამაკაცური ხმით. მაშინ კი, მრავალი წლის წინ პირველად რომ ნახა უზარმაზარი, მთელ სოფელზე გრძელი და ეკლესიის გუმბათზე მაღალი, ჩაბნელებული, უკაცური სასახლის მსგავსი ხომალდი, თუმცა სულ ბავშვი იყო. ქარის ღამეული სიმღერების მოსასმენად სანაპიროზე დედის ნებართვით გამოსული, მაინც ცხადად დაამახსოვრდა ყველაფერი.

ხომალდმა სოფელს ჩაუარა და სიბნელეში უხმაუროდ აიღო გეზი კოლონიური ქალაქისაკენ, რომლის მოძრავი შუქურა ყოველ თხუთმეტ წამში მკრთალად ანათებდა მეკობრეთა თავდასხმის შიშით საიმედოდ გამაგრებულ ნავსადგურსა და ზანგთა კვარტალს, ხოლო როცა მისი უღიმღამო შუქი სახლებსა და მიყრუებულ ქუჩებს დაეცემოდა, სოფელი გაქვავებულ ვულკანიან მთვარის უდაბურ ზედაპირს ემგვანებოდა. სინათლის ზოლში მოხვედრისთანავე გემი უჩინარდება და მხოლოდ სიბნელეში ხდება ხილული.

ასე, დამალობანას თამაშით, მთვარეულივით ეძებდა ნავსადგურში შესასვლელის მიმანიშნებელ ტივტივებს. მერე, თითქოს კომპასის ისარი მოეშალაო, გეზი პირდაპირ რიფებისკენ აიღო, წყალქვეშა კლდეს შეასკდა. დაიმსხვრა და უხმაუროდ ჩაიძირა. წესით, რიფებზე გემის მსხვრევას მანქანების აფეთქება და ისეთი ხმაური უნდა გამოეწვია, პრეისტორიულ ტყეში, სოფლის ბოლოდან რომ იწყებდა და ქვეყნის დასალიერამდე გრძელდებოდა, ჩაძინებულ დრაკონებს ძარღვებში სისხლი უნდა გაჰყინვოდათ, მაგრამ რადგან მსგავსი არაფერი მომხდარა, იფიქრა დამესიზმრაო.

მერე დილით უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ყველაფერი სიზმარში იხილა. უყურებდა მოლივლივე ყურეს. სანაპიროს ბორცვებზე გაფანტულ ზანგების ჭრელა-ჭრულა ბარაკებს, გუიანელ კონტრაბანდისტთა, ერთი შეხედვით უცოდველი, სინამდვილეში კი ბრილიანტებით ჩიჩახვგამოტენილი თუთიყუშებით დატვირთულ შხუნებს და თანდათან რწმუნდებოდა, ალბათ ვარსკვლავების თვალში გართულს ჩამეძინა და უზარმაზარი გემი დამესიზმრაო. ამიტომ ეს ამბავი არც არავისთვის მოუყოლია და მალე დაავიწყდა კიდეც, ვიდრე ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მარტის ერთ ღამეს, დელფინების საცქერად გამოსული ისევ იმ საიდუმლოებით მოსილ, ვეება, ჩაბნელებულ გემს არ გადააწყდა. ამჯერად უკვე მტკიცედ დარწმუნებული, რომ არ ეძინა, დედასთან გაიქცა და ყველაფერი უამბო, ის კი მთელი სამი კვირა ებუზღუნებოდა: ტვინი გაქვს გაწყლაებული ამდენი უაზრო ყიალისაგან, ეს იმიტომ, რომ საეჭვო ყოფაქცევის ხალხივით დღისით გძინავს და ღამე დაძრწიხარო.


იმხანად დედამისს ქალაქში მოუხდა წასვლა სკამის საშოვნელად, მოხერხებულად რომ დამჯდარიყო და გარდაცვლილ ქმარზე ეფიქრა, თორემ ძველი სარწეველა სავარძელი, დაქირავების შემდეგ თერთმეტი წელი რომ ემსახურა. დასაჯდომად აღარ ვარგოდა. ნავსადგურში ერთ მენავეს სთხოვა ბიჭი რიფებთან მიეყვანა. მინასავით გმაჭვირვალე ზღვის წყალში ჩანდა როგორ ნებივრობდა ვეება სკაროსები ნორჩ წყალქვეშა მცენარეებზე, როგორ ყურყუმელაობდნენ მოვარდისფრო ლიფსიტები და ზღვის ცხენები ფსკერზე გაჩენილ ჭებში, სადაც წყალი ჩვეულებრივ ზღვის წყალზე თბილი და ალერსიანი იყო, დამხრჩვალთა თმებიც კი ტივტივებდნენ წყალში, მაგრამ ღამეული ხომალდის კვალიც არსად ჩანდა. ბიჭი მაინც ჯიუტად გაიძახოდა თავისას, სანამ თავმობეზრებული დედა არ შეჰპირდა: მომავალ მარტს ერთად ჭავიდეთ სანაპიროზეო, ის კი არ იცოდა, უკანასკნელი, სადაც წასვლა დასცალდებოდა, თურქების კვარტალი იყო, სადაც ფრენსის დრეიკის დროინდელი სავარძელი იყიდა. იმავე ღამეს ოხვრით დაჯდა დასასვენებლად: ეჰ, ჩემო საბრალო ოლოფრენსეს, რომ იცოდე, რა კარგია შენზე ფიქრი ამ ხავერდის შალითაზე და დედოფლის კატაფალკის შესაფერის ფარჩაზე, მაგრამ რაც უფრო მეტს შეჰკვნესდა გარდაცვლილ ქმარს, გრძნობდა როგორ უდუღდა სისხლი ძარღვებში და როგორ აწვებოდა გულს გამდნარი შოკოლადივით, თითქოს სავარძელში კი არ იჯდა აცახცახებული და ოფლში გაღვრილი გარბოდა და ჰაერის ნაცვლად ფილტვები მიწით ევსებოდა.

გამთენიისას, ბიჭი რომ სახლში მობრუნდა, ქალი უკვე მკვდარი იყო, ჯერ კიდევ თბილი, ნახევრად გახრწნილიყო და კანი გველის დაკბენილს მიუგავდა. შემდეგ, ოთხი ქალი რომ მსგავსი სიკვდილით აღესრულა, სავარძელი შორს, ზღვაში გადაისროლეს, თურმე იმდენ ხანს ემსახურა ხალხს, რომ მოვალეობის გრძნობა სულ აღარ შერჩა. ბიჭი ნელ-ნელა შეეჩვია ობლობის სიმწარეს, თავს იმდენად მოწყალებით არ ირჩენდა, რამდენადაც ნავებიდან აწაპნილი თევზებით. სოფელში ყველა უბედურების მომტანი ქვრივის შვილად იხსენიებდა. მას კი ხმა თანდათან დაუბოხდა თავის ხომალდი არც გახსენებია მარტის იმ საღამომდე, შემთხვევით რომ გაიხედა ზღვისკენ და: ღმერთო დიდებულო! აქ არის, აქ, გამოდით, ნახეთ, - აყვირდა გაგიჟებული. შეყივარებას ძაღლების ყეფა და შეშინებული ქალების კივილიც დაერთო. სოფლის უხუცესებიც კი დაფრთხნენ, როგორც ერთ დროს მათი პაპები უილიამ დამპიერის გამოჩენისას და საწოლის ქვეშ შეძვრნენ. თუმცა ვინც გარეთ გამოვიდა, იმასაც არ შეუწუხეია თავი ხომალდის თვალიერებით, რომელიც ის-ის იყო გეზს კარგავდა და მუდმივი კატასტროფის ადგილს უახლოვდებოდა, ბიჭი მაგრად მიბეგვეს და სწორედ მაშინ იყო: ახლა გიჩვენებთ ვინც ვარ მეო, ბოღმით აღვსილმა რომ ჩაილაპარაკა, მაგრამ თავისი გეგმები არავისთვის გაუმხელია, მთელი წელწიადი მოთმინებით ელოდა მარტის დადგომას, რათა ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა.

იმ ღამეს, გემი რომ უნდა გამოჩენილიყო, ნავი მოიპარა და მთელი საღამო ზანგთა კვარტალში, ნავსადგურის სიახლოვეს გაატარა. ისე იყო ჩაფლული თავის ფიქრებში, რომ არც ინდუსების დუქანთან შეჩერებულა სპილოს ეშვზე ამოკვეთილი მანდარინების სანახავად, არც ჰოლანდიელი ზანგების ორთოპედიულ ველოსიპედზე უცინია და არც კობრასტყავიანი მალაელების დანახვაზე დამფრთხალა, ქიმერების მიერ დატყვევებული მსოფლიოს რომ უვლიდნენ გარს და საიდუმლო დუქანში ბრაზილიური ფილეთი ვაჭრობდნენ. როცა ვარსკვლავიანი ღამე ჩამოწვა ტყიდან მოვარდნილი გარდენიებისა და გახრწნილი სალამანდრების სუნით, ბიჭი ჩამქრალი სანათურით ხელში უკვე ნავში იჯდა და გზის მაჩვენებელ ტივტივებს ნავსადგურის შესასვლელისაკენ მიუყვებოდა, ნავსაგურის კონტურები თანდათან იკვეთებოდა და წყლის სუნთქვაც უფრო ნაღვლიანად გაისმოდა. ნიჩბების მოსმაში გართული ვერც მიხვდა საიდან წამოეპარა ზვიგენის შიშისმომგვრელი სუნი, ან რატომ ჩამობნელდა ისე, თითქოს ყველა ვარსკვლავი ერთად ჩაქრაო. გემმა კი, ღმერთო ჩემო, ქვეყნად ყველაზე დიდმა და ყველაზე ბნელმა, სამასი ათას ტონიანმა, ვეშაპისსუნიანმა ხომალდმა ჩქამგაუღებლად ჩაუარა გვერდით და თან წაიყოლა თავისი გარემომცველი სიჩუმე, საკუთარი ცარიელი ცა, საკუთარი უსიცოცხლო ჰაერი, გაჩერებული დრო და თავისი წილი ზღვა, სადაც დამხრჩვალი ცხოველების მთელი ჯარი ტივტივებდა.

უცებ, შუქურას სინათლის ზოლი იმ ადგილს დაეცა, სადაც გემი მიცურავდა და კარიბის ზღვა თვალისდახამხამებაში ძველებურად გამჭვირვალე გახდა, მარტის ღამეც ჩვეულებრივად ჩამოწვა და ბიჭიც მარტო დარჩა ტივტივებს შორის. ის-ის იყო გაოცებული თავის თავს შეეკითხა, ზეზეულად ხომ არ მძინავს და ხომალდს სიზმარში ხომ არ ვხედავო, რომ შუქმა სხვაგან გადაინაცვლა, ამ დროს რაღაც უხილავმა ძალამ გზის მაჩვენებელი ყველა შუქურა ჩააქრო და ხომალდიც ისევ გამოჩნდა, უკვე მიმართულებადაკარგული ნავსადგურის არარსებული შესასვლელისკენ მიიწევდა, სინამდვილეში კი რიფებისაკენ აეღო გეზი და უცებ ბიჭი მიხვდა რომ მთელი ჯადო და საიდუმლოება გზის მაჩვენებელ შუქურაში იყო და თავისი სანათური აანთო. პაწაწკინტელა, წითელი შუქი, რომელიც მესაზღვრეებმა ვერც შეამჩნიეს, ლოცმანს კი, როგორც ჩანს, ამომავალ მზესავით დაეხმარა, რადგან მისი წყალობით ხომალდმა კურსი შეიცვალა და მკვდრეთით აღმდგარი და ბედნიერი ნავსადგურში შევიდა. და მაშინ მისი ყველა შუქი ერთდროულად აინთო.

ორთქლის მანქანები ერთხმად არახრახდნენ, მის წილ ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ, დამხრჩვალი ცხოველები ფსკერზე დაეშვნენ. სამზარეულოდან თეფშების ჭახაჭუხი და დაფნის წვნიანის სუნი გამოვიდა, გემბანზე ორკესტრმა იგრიალა, კაიუტების ბინდბუნდში კი შეყვარებულთა გულების ბაგაბუგი გაისმა, მაგრამ ბიჭს გაოცებამ და მის თვალწინ მომხდარმა სასწაულმაცვერ დაავიწყა გულში ჩარჩენილი ბოღმა: ახლა ნახავთ, ვინც ვარ მე, დალახვროს ეშმაკმა, ახლა მაინც ნახავთო, თქვა და იმის მაგივრად, გვერდით გაჰყოლოდა, რათა ხომალდს არ ჩაეძირა, წინ ჩაუდგა და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, გემი ჩემს შუქურას მიჰყვებაო, გეზი კიდევ ერთხელ შეაცვლევინა, თითქოს ავშარით მიჰყავსო, ჩაძინებული სოფლისკენ წაიყვანა. ნაპირზე ეკლესიის ჯვრები და ღატაკი სახლები იკვეთებოდა. ყოველ თხუთმეტ წამში შუქურის სინათლის ზოლი გაუჩინარების მაგიერ ალუმინისფრად აელვარებდა გემს, მარცხენა გვერდზე ჩაძინებული კაპიტნით, ტრიუმოში კორიდის ხარებით წყლით სავსე ცისტერნებით და ირედენტოელი ლოცმანით, რომელსაც ფრიალო კლდე ნავსადგური ეგონა და საყვირი მისცა.

მოვარდნილმა წყალმა ბიჭი თავიდან ფეხებამდე გაწუწა და ნავიც კინაღამ ჩაძირა, მაგრამ უკვე სულ ახლოს იყო ლოკოკინებით სავსე სანაპირო, მოკირწლული ქუჩები და ურწმუნოთა სახლები. მალე ხომალდის შუქმა მთელი სოფელი გაანათა და ბიჭმაც ძლივს მოასწრო გვერდზე გახტომა, რათა გზა მიეცა სასწაულისათვის და შეშლილივით აყვირდა: აი, ხომ ხედავთ, რქიანებო, ხომ ხედავთ! ამის თქმა იყო და გემმა კორპუსით მიწა გააპო და ოთხმოცდაათი ათას ორმოცდაათი შამპანურის ბაკლის მსხვრევის ხმამ იქაურობა გააყურა და იქმნა სინათლე და სადღა იყო მარტის განთიადი, ოთხშაბათის შუადღე ჩახჩახებდა.

ხოლო ბიჭი იდგა და ტკბებოდა ურწმუნოთა გაოცებისგან დაღებული პირების ცქერით, გემი კი, გემი ეკლესიის წინ გაჩხერილიყო, მთელ სოფელზე ოთხმოცდაჩვიდმეტჯერ გრძელი. გვერდზე ლითონის ასოებით ამოტვიფრული სახელწოდებით - halabcsibling ქიმიდან კი ჯერ ისევ წვეთავდა მკვდარი ზღვების მუქი და უსიცოცხლო წვეთები.

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ