ჯ.კ. როულინგი - სამი ძმის ამბავი | მგოსანი ბიდლის ზღაპრები
იყო და არა იყო რა, ცხოვრობდა სამი ძმანი. ერთხელაც ძმები დაკლაკნილსა და უკაცრიელ გზას მიუყვებოდნენ. ბინდბუნდი მოიწევდა. ძმებს წინ მდინარე გადაეღობათ: გასატოპად ღრმა და გადასაცურად სახიფათო.
ჯადოქრობაში დახელოვნებულმა ძმებმა ჯოხი გაიქნიეს და საშიშ წყალზე ხიდიც გადაიჭიმა. ნახევარი ხიდი მოიტოვეს რა, წინ ვიღაც პირშებურული აესვეტათ. ეს თავად სიკვდილი გახლდათ. სიკვდილი ძმებს გამოელაპარაკა. პირდაპირ ბოღმა ახრჩობდა, სამი მსხვერპლი როგორ დამისხლტაო (ამ მდინარეში, როგორც წესი, ყველა მგზავრი იხრჩობოდა), მაგრამ ცბიერი ღიმილით შეუქო მგზავრებს ჯადოქრობა და მიუგო, რახან ჩემი თავიდან არიდება შეძელით, გამჭრიახობის გამო სამივეს დაგაჯილდოებთო.
უფროსი ძმა ჩხუბისთავი გახლდათ და ისეთი ძლიერი ჯოხი სთხოვა, როგორიც არასოდეს არავის ჰქონია - ჯოხი, რომლის პატრონსაც ორთაბრძოლაში მუდამ გამარჯვება ეწერა და, როგორსაც სიკვდილის მძლეველი ჯადოქარი იმსახურებდა! სიკვდილი მდინარის პირას მდგარ დიდგულას ხესთან მივიდა, ტოტი მოატეხა, ჯადოსნური ჯოხი შექმნა და უფროს ძმას გადასცა.
შუათანა ძმა ქედმაღალი იყო. გადაწყვიტა, კიდევ უფრო დაემცირებინა სიკვდილი და გარდაცვლილთა გამოხმობის ძალა სთხოვა. სიკვდილმა აიღო მდინარის პირას დაგდებული ქვა, შუათანა ძმას უბოძა და უთხრა, ამ ქვას მიცვალებულთა დაბრუნების ძალა ექნებაო.
მერე სიკვდილი მესამე, უმცროს ძმას მიუბრუნდა, შენ რაღას ისურვებო. უმცროსი ძმა უფროსებზე თავმდაბალი და ბრძენი გახლდათ, ამიტომაც არ ენდო პირშებურულ სიკვდილს და სთხოვა, ისეთი რამ მიბოძე, რაც აქედან ისე წამიყვანს, რომ უკან ვერ გამომყვეო. სიკვდილმაც, თუმცა უხალისოდ და ყოყმანობით, თავისი უჩინმაჩინის მოსასხამი გადასცა. მერე განზე გადგა და ძმებს გზა მისცა. მათაც გზა განაგრძეს. გაოცებულები იყვნენ თავს გადამხდარი ამბით და სიკვდილის გასაოცარი საჩუქრებით.
გამოხდა ხანი და თითოეული ძმა თავ - თავის გზას დაადგა. უფროსმა ძმამ კვირის თავზე იარა ერთ შორეულ სოფელს ესტუმრა, სადაც მისი ნაცნობი ჯადოქარი სახლობდა. იმ ჯადოქართან უწინ ნაჩხუბარი იყო და ახლა ორთაბრძოლაში გამოიწვია. განა დიდგულას ჯოხის პატრონს რა დაამარცხებდა! მტერი უსულოდ დასცა, თვითონ კი ფუნდუკს შეაფარა თავი ღამის გასათევად. იქ ბაქიბუქს მოჰყვა, თვით სიკვდილს წავართვი უძლეველი ჯოხი და ჩემი მომრევიც ქვეყნად არავინაო.
იმ ღამითვე ღვინით გალეშილ მძინარე უფროს ძმას რომელიღაც ჯადოქარი მიეპარა, ჯოხი ააცალა და, თავის დასაზღვევად ყელიც გამოსჭრა. ასე დაისაკუთრა სიკვდილმა უფროსი ძმა.
ამასობაში კი შუათანა ძმა საკუთარ კერას დაბრუნებოდა. ამოიღო მიცვალებულთა გამომხმობი ქვა და სამჯერ შეატრიალა ხელში. მისდა გასაკვირად და გასახარად, მის წინ იმწამსვე გაჩნდა ქალიშვილი, რომლის ცოლად შერთვასაც აპირებდა, სიკვდილს რომ არ წაერთმია მისი თავი. თუმცა, საიქიოდან დაბრუნებული ქალიშვილი ცივი და სევდიანი იყო და შუათანა ძმისაგან თითქოს საბურველი აშორებდა. მოკვდავთა სამყაროს კი დაუბრუნდა, მაგრამ ბოლომდე სააქაოსაც არ ეკუთვნოდა და ძლიერ იტანჯებოდა. ბოლოს შუათანა ძმა ჭკუიდან შერყევამდეც კი მიიყვანა უიმედო სურვილმა, საცოლეს შეჰხებოდა, და თავი მოიკლა, რათა სატრფოსთან მიახლოვება ამ გზით მაინც შეძლებოდა. ამგვარად დაისაკუთრა სიკვდილმა მეორე ძმაც.
უმცროს კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ წელს დაეძებდა, სიკვდილმა ვერაგზით ვერ იპოვა. უმცროსმა ძმამ მხოლოდ ღრმა სიბერის ჟამს მოიხსნა უჩინმაჩინის მოსასხამი და თავის ვაჟს გადაულოცა. თვითონ კი ისე შეეგება სიკვდილს, როგორც თანასწორ ძველ მეგობარს და სიხარულით გაჰყვა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.