ალბერ კამიუ - მოღალატე ცოლი
ერთი უცნაურად გალეული ბუზი ფანჯრებდახურულ ავტობუსში უხმოდ დაფრინავდა და უღონოდ აქეთ-იქით აწყდებოდა. ჟანინმა ერთხანს ის მხედველობიდან დაკარგა, მაგრამ მალე თავის მეუღლის ხელზე დამჯდარს მოჰკრა თვალი. ციოდა. ქვიშა ხმაურით ეყრებოდა მინებს და ბუზიც ცახცახებდა ქარის ყოველ წამოქროლვაზე. ზამთრის ნაცრისფერი დილის მკრთალ შუქზე ავტობუსი ძრავისა და ღერძის ღრჭიალით ნელა მიიწევდა წინ, და რწევა-რწევით საცოდავად მიჯაყჯაყებდა. ჟანინმა მეუღლეს გახედა. ვიწრო შუბლზე ჩამოყრილი ჭაღარაშერეული, ჯაგარივით უხეში თმა, ფართო ცხვირი და უსწორმასწორო პირი მარსელს გაბუტული ფავნუსის იერს აძლევდა. ოღროჩოღროებზე გავლისას კაცი ხან ეხლებოდა თავის ცოლს, ხან უკან ვარდებოდა, მძიმედ იჯდა მუხლებგაშლილი, გაშეშებული და ინერტული, არაამქვეყნიური თვალებით წინ იმზირებოდა. ნაცრისფერი ფანელის პიჯაკი პერანგის სახელოებს და მაჯებს უფარავდა და კიდევ უფრო მოკლეს აჩენდა მის უბალნო, მსხვილ ხელებს, სხეულის სხვა ნაწილებზე მეტად რომ შერჩენოდათ სიცოცხლის ნიშანწყალი. ამ ხელებს ისე მაგრად ჩაებღუჯათ მუხლებს შორის მოქცეული პატარა ნაჭრის ჩემოდანი...