უილიამ ფოლკნერი - უოში
სატპენი ტახტთან იდგა, რომელზეც დედა და ბავშვი იწვნენ. ადრეული მზის სხივები ფანქრის ხაზებივით ატანდნენ კედლის გამხმარ ფიცრებში, სატპენის განზე გადგმულ ფეხებსა და მათრახაინ ხელე ტყდებოდნენ და დედის უძრავ სხეულს ეცემოდნენ. ახალგაზრდა ქალი ქვემოდან შესცქეროდა სატპენს მშვიდი, იდუმალებით მოცული, დაღვრემილი თვალებით. ბავშვი დაძენძილ, თუმცა სუფთა ნაჭერში გაეხვიათ. ბებერი ზანგი დედაკაცი იქვე, მონგრეულ ბუხართან ჩაცუცქულიყო, რომელშიც მინელებული ცეცხლი ბჟუტავდა.
- ეჰ, მილი, ნეტავ ფაშატი მაინც იყო, - თქვა სატპენმა - მაშინ ერთ რიგიან ბაგას მიგიჩენდი ჩემს თავშლაში.
ქალი არ განძრეულა, ისევ ისე უაზროდ შეჰყურებდა. ახალგაზრდა, ნაღვლიანი, ამოუცნობი სახე ცოტა ხნის წინ გადატანილი ტკივილებისაგან გაფითრებოდა. სატპენი შეირხა, მზის დამსხვრეულ სხივებში სამოცი წლის კაცის სახე გამოჩნდა. მან წყნარად მიმართა ჩაცუცქულ ზანგ დედაკას:
- გრიზელდამ კვიცი მოიგო ამ დილით.
- ფაშატი თუ ულაყი? - იკითხა ზანგმა.
- ულაყი. ზორბა კვიცია... ეს ვიღაა? - მათრახიანი ხელი საწოლისაკენ გაიშვირა.
- ეს, მგონი, ფაშატია.
- უჰ, ზორბა კვიცია, ზედგამოჭრილი რობ-როი დადგება. ჩრდილოეთისაკენ რომ გავაჭენე 61-ში, გახსოვს?
- დიახ, სერ.
- ეჰ, - თვალი ისევ ტახტს შეავლო. ვერ იტყოდით, ქალი კიდევ უთვალთვალებდა თუ არა. მათრახიანი ხელი ტახტისკენ გაიშვირა:
- კარგად მიხედე, არაფერი დაიშურო.
მორყეულ კარში გავიდა და გაბადრულ ბალახში ჩააბიჯა (გარედან, აივნის კუთხეზე ჟანგიანი ცელი იყო მიყუდებული, რომელიც უოშმა ამ სამი თვის წინ გამოართვა სატპენს ბალახის გასათიბად), სადაც მისი ცხენი იცდიდა და უოში იდგა აღვირით ხელში.
როდესაც პოლკოვნიკი სატპენი იანკებთან საბრძოლველად გაემგზავრა, უოში თან არ გაჰყოლია. განუკითხავად ყველას ამას ეუბნებოდა: პოლკოვნიკის კარმიდამოსა და ზანგებს უნდა მივხედოო. გამხდარი კაცი იყო. ერთ დროს ციება გადაეტანა. წყალ-წყალა, ცნობისმოყვარე თვალები ჰქონდა; ოცდათხუთმეტიოდე წლის კაცსა ჰგავდა, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ქალიშვილი და რვა წლის შვილიშვილი გოგონა ჰყავდა. უოშის მსმენელთა უმრავლესობას (შინ დარჩენილ რამდენიმე მამაკაცს, თვრამეტი წლისა იქნებოდა თუ ორმოცდაათისა) არ სჯეროდა მისი მონაჩმახი, თუმცა, ზოგს მიაჩნდა, თვითონ ნამდვილად სწამსო თავისი ნათქვამი, მაგრამ ესენიც კი დარწმუნებულნი იყვნენ, უოშს იმდენი ჭკუა აქვს, ეს აზრი ქალბატონ სატპენთან ან სატპენის მონებთან არ წამოროშოსო. ან ნამდვილად გონიერია, ან სიზარმაცით მოსდისო, ამბობდნენ ისინი, ვინც იცოდა, რომ სატპენის პლანტაციასთან უოშს ერთადერთი საერთი ისა ჰქონდა, რომ კარგა ხნის წინ სატპენს, როცა ჯერ კიდევ უცოლო იყო, მისთვის ნება დაურთავს დასახლებულიყო ერთ ნახევრად დანგრეულ ქოხში, რომელიც მდინარის დაჭაობებულ კალაპოტში სათევზაო სადგომად აეგო. მას შემდეგ ეს ქოხი უპატრონობით დაძველდა, ნახევრად ჩაიქცა და ახლა ბებერსა და საზარელ ავადმყოფ ნადირსა ჰგავდა, სიკვდილის წინ წყლის სასმელად რომ მიბობღავს.
სატპენის მონებსაც მოეკრათ ყური უოშის ამ განცხადებისათვის. ისინი იცინოდნენ. უწინაც ხშირად აეგდოთ მასხრად. ზურგს უკან „თეთრ ნაგავს“ ეძახდნენ. ახლა პირდაპირ დაუწყეს გამოკითხვა: ჯგუფ-ჯგუფად დახვდებოდნენ ხოლმე ოდნავ გაკვალულ ბილიკზე, მდინარის დაჭაობებული კალაპოტიდან და ძველი სათევზაო სადგომიდან რომ მოდიოდა, და ეკითხებოდნენ:
- ომში რატომ არ წახვედი, თეთრო?
შეჩერდებოდა და თვალს მოავლებდა შავი სახეების წრეს, თეთრ კბილებსა და თვალებს, რომელთა სიღრმეში დაცინვა იმალებოდა.
- იმიტომ, რომ ჩემს შვილსა და ოჯახს უნდა მივხედო, - უპასუხებდა უოში, - გზიდან გამეცალეთ, თქვე ტურტლიანებო.
- ტურტლიანებო? - იმეორებდნენ ისინი, - ტურტლიანებო? - ეცინებოდათ, - თვითონ ვინა გდია, ტურტლიანებს რომ გვეძახის.
- ომში როგორ წავიდოდი, ერთი ზანგიც კი არ გამაჩნია, ჩემი ოჯახისთვის რომ მიეხედა, - თავს იმართლებდა უოში.
- არც იმ დამპალი ქოხის მეტი გაბადია რამე, რომელიც პოლკოვნიკმა ჩვენც კი ვერ შემოგვკადრა საცხოვრებლად.
მაშინ ლანძღვა-გინებას მოჰყვებოდა. ხანდახან ჯოხს დასტაცებდა ხელს და შეუტევდა. ისინი გაიფანტებოდნენ ხოლმე, მაგრამ თითქოს ისევ გარს ეხვივნენ. მოუხელთებელნი და აბეზარნი, გამქირდავი შავი სიცილით დასტრიალებდნენ თავს: მერე კი გაცოფებულ, ღონემიხდილ და სულშეხუთულ უოშს მარტო სტოვებდნენ ბილიკზე. ერთხელ, ამგვარი რამ თვით დიდი სახლის უკანა ეზოშიც შეემთხვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტენესის მთებიდან და ვიკსბურგიდან მწარე ამბებმა ჩამოაღწია; შერმანმა გადათელა პლანტაცია და ზანგების უმრავლესობა თან გაიყოლა. ფედერალურმა ჯარმა თითქმის ცარიელზე დატოვა სატპენის ოჯახი და ქალბატონმა სატპენმა უოშს შეუთვალა, ველური ყურძნის დასაკრეფად მოსულიყო, რომელიც სახლის უკან, ტალავერში მწიფდებოდა. უოშს ამჯერად ერთმა შინამოსამსახურემ დაუცაცხანა, ეს ქალი ერთ-ერთი იმ რამდენიმე ზანგთაგანი იყო, რომლებიც შინ დარჩნენ. მან კიბის საფეხურები აირბინა და შემობრუნდა.
- მანდ დაეტიე. თეთრო. ფეხი არ მოიცვალო. სანამ პოლკოვნიკი აქ იყო, ამ კიბეს არ გაჰკარებიხარ და ვერც ახლა გაეკარები.
ქალი მართალს ამბობდა, მაგრამ უოშს თითქოს ეამაყებოდა კიდეც: არასოდეს დაუპირებია დიდ სახლში შესვლა, თუმცა სწამდა, თუ მოინდომებდა, სატპენი შესვლას არ დაუშლიდა, მასპინძლობასაც გაუწევდა.
- ეგღა მაკლია, ტურტლიანმა ზანგმა მიკარნახოს, საით წავიდე და საით არა, - ჩაილაპარაკა თავისთვის, - მაგრამ არც ის მინდა, ზანგები გალანძღონ ჩემი გულისთვის.
ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა სატპენთან, თუმცა კვირადღით, როდესაც პოლკოვნიკს სტუმრები არ ჰყავდა, უოშს არა ერთი საღამო გაუტარებია მასთან. გულში ალბათ გრძნობდა, რომ სატპენს მეტი არაფერი დარჩენოდა; ისეთი კაცი იყო. მარტოობას ვერ იტანდა. მთელ საღამოს ერთად ისხდნენ ხოლმე ტალავერში; ჰამაკში ჩაწოლილი სატპენი და ტალავრის ბოძთან ჩაცუცქული უოში შუაში წყლის ბადიას ჩაიდგამდნენ და ერთსა და იმავე მოწნულ ბოცას რიგრიგობით იყუდებდნენ. კვირის დანარჩენ დღეებში უოში თვალს მოჰკრავდა ხოლმე სატპენს - ახოვან, ზვიად კაცს (ერთი ხნისანი იყვნენ, თითქმის ერთ დღეს დაბადებულნი, თუმცა არც ერთი არ დაფიქრებულა ამაზე. ალბათ იმიტომ, რომ უოშს უკვე შვილიშვილიც ჰყავდა, სატპენის შვილი კი ჯერ მცირეწლოვანი იყო და სკოლაში სწავლობდა), ზორბა, ამაყ ბედაურზე ამხერდრებული პლანტაციაში ცხენს დააჭენებდა. ასეთ წამებში თავს მშვიდად გრძნობდა; გული სიამაყით ევსებოდა. ეჩვენებოდა, თითქოს ეს ქვეყანა - სადაც ყოველ ნაბიჯზე შავი სიცილის დამცინავი გამოძახილი ჩაესმოდა, სიზმარი იყო მხოლოდ ან ილუზია, ხოლო ნამდვილი სამყარო იქ ეგულებოდა, სადაც მისი დიდების ეული ლანდი შავ ბედაურს მიაგელვებდა. ფიქრობდა: „დაბადებაში ნათქვამია, გამჩენმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნაო. ჰოდა, ყველა ადამიანს, ღმერთის თვალში მაინც, ერთი სახე უნდა ჰქონდეს. მაშ თუ ასეა, საკუთარ თავზეც შეუძლია თქვას: „ახოვანი, ზვიადი კაცი, თვით ზეციერი მეუფე რომ გამოცხადდეს ამქვეყნად, ალბათ ასეთ სახეს აირჩევს“.
სატპენი 1865 წელს დაბრუნდა, თავის შავ ბედაურზე ამხედრებული. ათი წლით დაბერებული ჩანდა. შვილი ზამთარში დაეღუპა ბრძოლის ველზე; ცოლიც იმავ ზამთარს გარდაეცვალა. გენერალ ლის მიერ ნაბოძები, გმირობის დამადასტურებელი ქაღალდით დაუბრუნდა თავის გაპარტახებულ პლანტაციას, სადაც, აი, უკვე ერთი წლის მანძილზე მის ქალიშვილს ძლივძლივობით გაჰქონდა თავი იმ ადამიანის ნაწყალობევით, ვისთვისაც საპტენს თხუთმეტი წლის წინ ერთი ნახევრად დანგრეული სათევზაო სადგომი გაემეტებინა და ვისი არსებობა აღარც კი ახსოვდა. უოში დასახვედრად მოსულიყო. ძველებურად აწოწილს ახალგაზრდული იერი და წყალწყალა თვალების ცნობისმოყვარე გამოხედვა შერჩენოდა. მორიდებულად, ოდნავ ქედმოხრილად, თან ძმაბიჭურად მიმართა სატპენს:
- გაგვწყვიტეს, პოლკოვნიკო, მაგრამ მაინც ვერაფერი დაგვაკლეს. ხომ მართალს ვამბობ?
მომდევნო ხუთი წლის მანძილზე მუდამ ომზე საუბრობდნენ. ახლა უკვე იაფფასიან ვისკის სვამდნენ თიხის დოქიდან. ტალავრის მაგივრად, პატარა მაღაზიის უკანა ოთახში ისხდნენ ხოლმე. ეს მაღაზია - თაროებით გაწყობილი ოთახი - სატპენმა გახსნა შარაგზაზე და უოშის დახმარებით ჰყიდდა სხვადასხვა საქონელს: სურსათ - სანოვაგეს, ნავთს, უგემურ, ჭრელ-ჭრელ ტკბილეულობას და იაფფასიან მძივებსა და ბაფთებს. უოში ერთსა და იმავე დროს ნოქარიც იყო და დარაჯიც. მყიდველები - ზანგები და უოშივით ღარიბ-ღატაკი თეთრკანიანები - ფეხით ან გაძვალტყავებულ ჯორებზე შემომსხდარნი მოდიოდნენ და თითოეულ ცენტზე გულსაკლავად ევაჭრებოდნენ კაცს, რომელიც ერთ დროს ჭენებით შემოუვლიდა ხოლმე ათი მილის მანძილზე გადაჭიმულ თავის ნოყიერ მიწას (შავი ბედაური ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მისი საჯინიბო უკეთ იყო მოვლილი, ვიდრე თვით დიდი სახლი) და რომელიც ომში ვაჟკაცურად მიუძღვოდა წინ მხედრობას. ბოლოს გაცეცხლებული სატპენი ყველას გაჰყრიდა მაღაზიიდან და კარს შიგნიდან ჩარაზავდა. შემდეგ უოშთან ერთად უკანა ოთახს და დოქს მიაშურებდა. ახლა მათი საუბარი უკვე ისეთი მშვიდი აღარ იყო, როგორც მაშინ, როდესაც ჰამაკში წამოწოლილი სატპენი ქედმაღლური მონოგოებით ირთობდა ხოლმე თავს, ბოძთან ჩაცუცქული უოში კი სიცილით იფხრიწებოდა. ახლა ორივენი ისხდნენ. სატპენი ერთადერთ სკამს ჩაიგდებდა ხელში, უოში კი რაიმე ყუთს ან პატარა კასრს მისწვდებოდა და ზედ მოიკალათებდა. მერე, თავისი უძლურობით გააფთრებული სატპენი, სამხრეთელების დამარცხებას ჯერაც რომ ვერ შერიგებოდა, ბარბაცით წამოდგებოდა ფეხზე და მუქარას მოჰყვებოდა, დამბაჩამომარჯვებული: ცალი ხელით შევაჭენებ ჩემს შავ ბედაურს ვაშინგტონში და სიცოცხლეს გამოვასალმებ ლინკოლნსა და შერმანსო (პირველი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მეორე კი ადრევე გადადგა სამსახურიდან და იმჟამად უბრალო მოქალაქედ ითვლებოდა).
- დავხოცავ! - ღრიალებდა სატპენი, - ჩემი ხელით ჩავაძაღლებ მაგ ძაღლიშვილებს!
- ჰო, პოლკოვნიკო; აბა რა, - კვერს უკრავდა უოში და ხელს აშველებდა, ფეხმოკვეთილი სატპენი მიწაზე რომ არ დაცემულიყო. შემდეგ პირველსავე ჩამვლელს ოთხთვალას წაართმევდა; ან, თუ არავინ გამოჩნდებოდა, მახლობელ მეზობლამდე ერთ მილს გაივლიდა, ფურგონს ითხოვდა, უკან დაბრუნდებოდა და სატპენს სახლში წაიყვანდა. ახლა სახლშიც შედიოდა, კარგა ხნის წინ მოიპოვა ამის უფლება. ნათხოვარი ფურგონით მოიყვანდა ხოლმე სატპენს შინ და ალერსიანი ჩურჩულით, თითქოს ცხენს უყვავებსო, აიძულებდა გადაედგა ნაბიჯი. სატპენის ქალიშვილი სახლთან ხვდებოდა და კარს უსიტყვოდ უღებდა. უოშს შეჰქონდა თავისი ტვირთი კარში, ერთ დროს სახლის თეთრ სადარბაზოში შესასვლელს რომ წარმოადგენდა და შემკობილი იყო ევროპიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოტანილი მარაოსმაგვარი ფანჯრით, რომელსაც მინა ჩამტვრეოდა და ახლა ფიცრით შეეკეთებინათ. გაივლიდა გაცრეცილ ხავერდის ხალიჩაზე და აყვებოდა სადარბაზო კიბეს (წარსული დიდების მიმქრალ ლანდს, რომლის გაყვლეფილ ფიცრებს საღებავს ორი ზოლიღა შერჩენოდა) და საძილე ოთახს მიადგებოდა. ამასობაში კიდეც ბინდდებოდა. უოში თავის ტვირთს საწოლზე დაუშვებდა და ტანსაცმელს გახდიდა. მერე წყნარად ჩამოჯდებოდა სკამზე, საწოლის გვერდით. ცოტა ხნის სემდეგ სატპენის ქალიშვილი მოადგებოდა კარს.
- ახლა აღარაფერი გვიშავს. ნუ ღელავთ, მის ჯუდი, - ეუბნებოდა უოში.
შემდეგ, რომ დაბნელდებოდა, უოში საწოლის გვერდით, იატაკზე დაწვებოდა, თუმცა ძილს არ აპირებდა, რადგან მალე, ღამით, სატპენი გაინძრეოდა, დაიკვნესებდა და ხმას გაიღებდა:
- უოშ!
- აქ ვარ, პოლკოვნიკო, დაიძინე. მაინც ხომ ვერაფერი დაგვაკლეს არა მე და შენ ადვილად ვერ დაგვჯაბნიან. მაგათ ვუჩვენებთ სერის.
მაშინ უკვე შემჩნეული ჰქონდა ის ბაფთა შვილიშვილის წელზე. ახლა თხუთმეტი წლისა იყო: ადრე მომწიფებული, როგორც მისი ჯიშის ქალებსა სჩვევიათ. იცოდა, საიდანაც გაჩნდა ის ბაფთა. შვილიშვილს რომ მოეტყუებინა კიდეც, იმ სამი წლის მანძილზე ისეთი ბაფთების მეტი რა უნახავს! მაგრამ გოგონას არ დაუმალავს. შიშნარევი სითამამით, პირქუშად უთხრა სიმართლე.
- ჰო, კარგი. თუ პოლკოვნიკმა მოისურვა და ეგ ბაფთა გაჩუქა, იმედი მაქვს მადლობა მაინც გადაუხადე, - უთხრა უოშმა.
არც მაშინ აღელვებულა, ახალი კაბა რომ შენიშნა. ოღონდ, როცა შეიტყო, რომ კაბის შეკერვაში სატპენის ქალიშვილი, მის ჯუდითი მიხმარებოდა. გოგონას გამომწვევ, იდუმალებით მოცულ, შიშნარევ თვალებს ჩააცქერდა. საღამოს კი, მაღაზია რომ დახურა და სატპენს უკანა ოთახში შეჰყვა, ხუმრობის ხასიათზე აღარ იყო.
- მოიტა დოქი, - ბრძანა სატპენმა.
- მოიცა, ერთი წუთი მოითმინე, - მიუგო უოშმა.
სატპენს კაბის ამბავი არ გადაუთქვამს. „მერე რაო?“ - იკითხა. მაგრამ უოშმა მის ქედმაღლურ მზერას თვალი გაუსწორა. მშვიდად ლაპარაკობდა:
- ოცი წელია გიცნობ, მუდამ შენი მონა-მორჩილი ვიყავი. სამოცი წლისა მოვიყარე, ის კი ერთი თხუთმეტი წლის გოგოა და მეტი არაფერი.
- გგონია ვავნებ რამეს? მე, შენი ხნის კაცი?
- შენ რომ სხვებსა ჰგავდე, ვიტყოდი, ჩემი ხნისაა-მეთქი. ასეა თუ ისე, არც იმ კაბის ტარების ნებას დავრთავდი და სხვა საჩუქრებზედაც უარს ვათქმევინებდი, მაგრამ შენ სულ სხვა ხარ.
- მაინც როგორი?
უოშმა არაფერი უპასუხა, წყალწყალა ფხიზელი თვალებით უცქერდა, თითქოს რაღაცას ეკითხებოდა.
- მაშ იმიტომ გეშინია ჩემი?
ახლა უოშის თვალებში კითხვა გაჰქრა. მისი მზერა მშვიდი, უშფოთველი იყო:
- შენი არ მეშინია იმიტომ, რომ ვაჟკაცი ხარ. იმ ვაჟკაცობაზე არ გეუბნები, რომელიც კაცმა შეიძლება ერთ წუთში ან ერთ დღეს გამოიჩინოს და დასტურად გენერალ ლის ქაღალდი მიიღოს. შენი ვაჟკაცობა თვით შენი სიცოცხლე და შენი სუნთქვაა. ამიტომ გითხარი, სხვა ხარ-მეთქი. არავის ქაღალდი არ მჭირდება ამის დასადასტურებლად. მჯერა, რასაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, მთელი ასეული იქნება, ერთი ტუტუცი გოგო თუ ძაღლი - ყველაფერს კაცურად გაართმევ თავს.
ახლა სატპენმა მოარიდა თვალი. უცებ მკვეთრად მიბრუნდა.
- მოიტა დოქი, - მკაცრად მიმართა უოშს.
- ახლავე, პოლკოვნიკო - უპასუხა უოშმა.
ორი წლის შემდეგ, კვირა დილით, გარიჟრაჟზე, სამი მილი რომ გაიარა ზანგია ბებიაქალის მოსაყვანად და შემდეგ შორიდან თვალით მიაცილა სახლის კარამდე, საიდანაც შვილიშვილის კივილი ესმოდა, უოში ისევ გულდამშვიდებული იყო, თუმცა გოგოს ჯავრი კი აწუხებდა. იცოდა რასაც ამბობდნენ თავიანთ ქოხმახებში გამოკეტილი ზანგები და თეთრკანიანები, მთელი დღე უსაქმოდ რომ დაყიალობდნენ მაღაზიასთან და სამივეს - სატპენს, მას და მის შვილიშვილს - თვალს ადევნებდნენ: თითქოს სცენაზე სამი მსახიობი აერჩიათ და მათ ყოველ ნაბიჯს უკვირდებოდნენ. „ვიცი, რას ეუბნებიან ერთმანეთს“, - ფიქრობდა უოში: - „თითქოს მესმის კიდეც: როგორც იქნა, უოშ ჯონსმა ბებერი სატპენი გამოიჭირა. ოცი წელი შეალია, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა“.
გათენებას ცოტაღა უკლდა. მბჟუტავი ლამპის შუქით განათებული ოთახის კარიდან გოგონას გმინვა ისე გამოზომილად მოისმოდა, თითქოს საათივით მოემართათ; უოშის თავში კი ბრმად მიიკვლევდა გზას ცხენის თქარათქურში არეული გაურკვეველი ფიქრი, ვიდრე მის მდორე დინებას გაჭენებულ, ამაყ ბედაურზე ამხედრებული, ახოვანი, ზვიადი მხედარი დაუსხლტებოდა, ცხენისთვის თავი რომ მიეცა. მერე თვით ამ ფიქრის საგანიც განთავისუფლდა და მკაფიოდ გამოიკვეთა აპოთეოზივით - ეული, ნათელი, ადამიანის მიერ წაუბილწავი: „ის უფრო დიდია, ვიდრე იანკები, რომლებმაც ცოლ-შვილი დაუხოცეს, ზანგები წაართვეს და სახლ-კარი დაუქციეს; უფრო დიდია, ვიდრე ეს წყეული ქვეყანა, ასე აბუჩად რომ აიგდო და სოფლის ერთი საცოდავი ფარდულის მესაკუთრეობა მიუგდო, უფრო დიდიცაა, ვიდრე თვით ეს განაჩენი, წუთისოფელმა საღვთო წერილსი სიმწრის ფიალასავით რომ მიაგება პირთან. როგორ მოხდა, რომ ოცი წლის მანძილზე მასთან ასე ახლოს ყოფნამ არც შემცვალა და არც არაფერი მასწავლა? ალბათ იმიტომ, რომ მეც მასავით ბუმბერაზი არა ვარ, ცხენიც არასოდეს მიჭენებია. მაგრამ გვერდში ხომ მაინც მივჩანჩალებდი. ერთად ყველაფერს გავართმევთ თავს, ოღონდ მიკარნახოს, რას მოელის ჩემგან“.
შემდეგ ინათა. უცებ გაარჩია სახლი და ბებერი ზანგი ქალი, რომელიც ზღურბლზე იდგა და მისკენ იყურებოდა. შემდეგ შეამჩნია, რომ შვილიშვილის კივილი შემწყდარიყო.
- გოგოა. თუ გინდა, წადი და შეატყობინე, - თქვა ზანგმა ქალმა და სახლში შებრუნდა.
- გოგო, - გაიმეორა უოშმა, - გოგო, - გაოგნებულს კვლავ ცხენის თქარათქურის ხმა ჩაესმა და გაჭენებული ამაყი მხედარი გამოეცხადა. თითქოს თვალი გააყოლა კიდეც, როგორ ჩაუქროლა კერპთა წყებას, დაგროვილი დროის, წლების აღსანიშნავად რომ დამდგარიყვნენ, სანამ იმ უმაღლეს წერტილს არ მიაღწია, სადაც ხმალამოწვდილი მხედარი ელვისფერ, თვალისმომჭრელ ცის კამარაზე დაღმა მიჰქროდა ტყვიებით დაცხრილული დროშის ქვეშ. სიცოცხლეში პირველად გაიფიქრა, იქნებ სატპენიც ჩემსავით მოხუცი კაციაო.
- გოგო, - ისევ განცვიფრებით გაიმეორა. შემდეგ ბავშვივით კმაყოფილმა, გაკვირვებით გაიფიქრა: „დიახ, სერ, ძაღლის შვილი ვიყო თუ ამ სიბერეში დიდ პაპობასაც არ მოვესწარი“.
სახლში შევიდა. უხერხულად, ფეხაკრებით აბიჯებდა, თითქოს იმ სახლში აღარ ცხოვრობდა, თითქოს ჩვილმა, მისმავე სისხლმა და ხორცმა, რომელმაც ის იყო პირველად ჩაისუნთქა ჰაერი და სინათლით შეწუხებულმა ღრიალი მორთო, სახლიდან გააძევა იგი. ძლივს გაარჩია საწოლზე შვილიშვილის მიმქრალი, გატანჯული სახე. შემდეგ, ბუხართან ჩაცუცქულმა ზანგმა ქალმა თქვა:
- თუ აპირებ, გიჯობს ახლავე წახვიდე და შეატყობინო. უკვე გათენდა. მაგრამ წასვლა აღარ დასჭირვებია. აივნის კუთხეს რომ შემოუარა და ბალახში ჩააბიჯა (ამ ბალახის გასათიბად სამი თვის წინ ითხოვა ცელი, ახლა კი იქვე აეყუდებინა, უპატრონოდ მიტოვებული და დაჟანგული), თვით სატპენი გამოჩნდა თავისი ბებერი ულაყით. უოში არც კი დაფიქრებულა, ვინ მიუტანაო ენა პოლკოვნიკს. თავისთავად იგულისხმა, რომ კვირა დღეს, უთენია, უსათუოდ ეს ამბავი წამოაგდებდა ფეხზე. მოუცადა, სანამ ჩამოიქვეითებდა, აღვირი გამოართვა, გამარჯვებულის იერით შეაცქერდა სატპენს და პირხმელ, მოქანცულ სახეზე სულელური ღიმილი აღებეჭდა:
- გოგოა, პოლკოვნიკო. მამაძაღლი ვიყო, ჩემი ხნისა ყოფილხარ. - სატპენმა გვერდით ჩაუარა და სახლში შევიდა. შინ არ შეჰყოლია აღვირით ხელში იდგა და ესმოდა, როგორ გაიარა სატპენმა ოთახი და საწოლს მიაშურა. მის სიტყვებსაც მოჰკრა ყური და მოეჩვენა, თითქოს მკერდში წამით რაღაც ჩაეყინა, მერე... კვლავ შეიგრძნო საკუთრი გულსი ძგერა.
მზე უკვე ამოსულიყო, მისისიპის განედების სწრაფი მზე. მას კი ეჩვენებოდა, რომ უცხო ცის ქვეშ იდგა, უცხო მხარეშე; იქაურობა თითქოს სიზმარში ენახა. ასე ესიზმრება ხოლმე ძირს ვარდნა კაცს, რომელიც მაღლა არასოდეს აცოცებულა. „შეუძლებელია, ალბათ მომეჩვენა, რაც გავიგონე“ - გაიფიქრა - „ვერ დავიჯერებ“. ხმა კი, ნაცნობი ხმა, ის სიტყვები რომ წარმოსთქვა, ლაპარაკს განაგრძობდა; ახლა ბებერ ზანგ ქალს ეუბნებოდა, ამ დილით კვიცი დაიბადაო. „თურმე რისთვის ამდგარა ასე უთენია“, - გაიფიქრა მან - „აი, რა მომხდარა, მე და ჩემი ნაშიერი კი არ ვადარდებთ. სისხლის ყივილმაც კი ვერ წამოაყენა საწოლიდან“.
კარებში სატპენი გამოჩნდა. გაბარდულ ბალახში ჩამოაბიჯა, მძიმედ, დინჯად მოძრაობდა. ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ალბათ აჩქარდებოდა. უოშისთვის არც შეუხედავს.
- დისი დარჩება და მიხედავს. შენ კი გიჯობს... - შემდეგ თითქოს შენიშნა მის წინ ატუზული უოში და შეჩერდა:
- რაო?
- შენ თქვი, - საკუთარი ხმა ყრუდ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩაესმა უოშს, - შენ თქვი, ფაშატი რომ ყოფილიყო, ერთ რიგიან ბაგას მივუჩენდი ჩემს თავლაშიო.
- რაო, მერე? - შეუბღვირა სატპენმა. თვალები შეკუმშული მუშტებივით დაუწვრილდა, მერე ისევ გაუფართოვდა (გაშლილი ხელივით), როდესაც წელში ოდნავ მოხრილი უოში მისკენ დაიძრა. წამით გაქვავდა. განცვიფრებული უცქერდა კაცს, რომელიც ოცი წლის განმავლობაში მისი ცხენივით, მხოლოდ მისი ნება-სურვილისა და ბრძანების მიხედვით მოძრაობდა. ისევ მოწკურა თვალები, მერე კვლავ დააბრალა. არ განძრეულა, მაგრამ უეცრად თითქოს წელში გაიმართა.
- უკან დაიწი, - მოწყვეტით მიახალა უოშს, - ხელი არ მახლო.
- ჭკუას გასწავლი, პოლკოვნიკო, - თქვა უოშმა ისეთივე ყრუ, ჩუმი, თითქმის რბილი ხმით, თან წინ მიიწევდა.
სატპენმა მათრახიანი ხელი მაღლა ასწია. დაბრეცილი კარიდან ბებერმა ზანგმა ქალმა გამოიჭყიტა. არაქათგაწყვეტილი ჯუჯის საზარელი, შავი სახე ჰქონდა.
- უკან დაიწი, უოშ. - გაიმეორა სატპენმა და მათრახი შემოჰკრა. ბებერი ზანგი ქალი თხასავით მკვირცხლად ჩახტა ბალახში და მოჰკურცხლა. სატპენმა ერთხელაც გადაუჭირა უოშს მათრახი სახეზე და მუხლებზე დასცა. როდესაც უოში ფეხზე წამოგა და სატპენისკენ დაიძრა, ხელში უკვე ცელი ეჭირა, რომელიც სამი თვის წინ გამოართვა სატპენს და რომელიც ამ უკანასკნელს აღარასოდეს დასჭირდებოდა.
სახლში რომ შევიდა, გოგონა შეკრთა და შეშინებული ხმით დაუძახა:
- რა მოხდა?
- სადა, გენაცვალე?
- რა ღრიანცელი იყო გარეთ?
- არაფერი, - ალერსიანად მიუგო უოშმა, საწოლთან დაიჩოქა და მოუხეშავად შეახო ხელი გოგონას ცხელ შუბლს, - რამე ხომ არ მოგიტანო?
- წყალი დამალევინე, - სთხოვა გოგონამ ჩივილით, - რამდენი ხანია ასე ვწევარ და ერთი ყლუპი მენატრება. ჩემთვის კი არავის სცხელა.
- ჰო, ახლავე- დაუყვავა უოშმა. გახევებული ფეხები გამართა, წყლით სავსე ჯამი მოიტანა, თავი აუწია, წყალი დაალევინა და ისევ დააწვინა: თვალი მოჰკრა, როგორ მიაბრუნა გოგონამ გაქვავებული სახე ბავშვისაკენ. შემდეგ უცებ შენიშნა, რომ ჩუმად ტიროდა.
- კარგი, ახლა- დააწყნარა უოშმა, - შენს ადგილზე რომ ვიყო, რა ამატირებდა. ბებერი დისი ამბობს, მშვენიერი გოგოაო. ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა, გათავდა ყველაფერი, ნუღარ ტირი.
ის კი, მობუზული, ჩუმად განაგრზობდა ქვითინს. უოში წამოიმართა. ერთხანს უხერხულად იდგა საწოლთან, ფიქრებში გართული (გაახსენდა ის დრო, ცოლი რომ ჰყავდა ამ დღეში; მერე კი შვილის ჯერიც დადგა; მაშინაც ასევე გაიტაცა ფიქრებმა): „დედაკაცებს ვერაფერს გაუგებ კაცი. თითქოს უნდათ კიდეც შვილის ყოლა. მერე, თუ ეყოლათ, ტირიან. ვერაფერი გამიგია. ვერც ვერავინ გაუგებს თავსა და ბოლოს“. შემდეგ საწოლს მოშორდა, ფანჯარასთან სკამი მიათრია და ჩამოჯდა.
მთელი ის გრძელი, მზიანი დილა ფანჯარასთან იჯდა და ელოდა. ხანდახან ადგებოდა ხოლმე და ფეხაკრეფით მივიდოდა საწოლთან. გოგონას ჩასძინებოდა, სახეზე მშვიდი სევდა და დაღლილობა ჰქონდა აღბეჭდილი: ბავშვი იდაყვში მოხრილ მკლავზე ეწვინა. შემდეგ ისევ თავის სკამს უბრუნდებოდა, ჩამოჯდებოდა და იცდიდა. უკვირდა, რატომ იგვიანებენო. მერე გაახსენდა, რომ კვირადღე იყო. საღამოს უოში ისევ ფანჯარასთან იჯდა, როდესაც პატარა თეთრკანიანმა ბიჭმა სახლის კუთხეს შემოუარა და გვამს წააწყდა: სულშეხუთულმა ერთი შეჰყვირა, ზევით აიხედა და წამით მონუსხულივით მიაშტერდა უოშს, შემდეგ შებრუნდა და გაიქცა. მერე უოში ადგა და ისევ ფეხაკრეფით მივიდა საწოლთან.
გოგონას აღარ ეძინა. ალბათ, ბიჭის ყვირილმა გააღვიძა, თურმე ყვირილი კი არ გაეგონა.
- მოგშივდა, მილი? - ჰკითხა უოშმა. გოგონამ არაფერი უპასუხა და პირი იბრუნა. უოშმა წინადღით მოტანილი ქონი და სიმინდის ცივი კვერი გადმოიღო, ბუხარი გააჩაღა და საჭმელი მოამზადა. ჭუჭყიან ყავადანში წყალი ჩაასხა და გააცხელა. თეფში შვილიშვილს მიუტანა, მაგრამ გოგონა კერძს არ გაეკარა. თვითონ შეექცა, მარტოდმარტო, აუჩქარებლად. თეფშები იქვე დატოვა და ფანჯარას დაუბრუნდა.
ახლა თითქოს გრძნობდა, თითქოს ხედავდა კიდეც, თუ როგორ იკრიბებიან თოფებიანი ცხენოსნები ძაღლებით, (ცნობისმოყვარენი და შურისმაძიებელნი, საპტენის მსგავსნი, მის სუფრასთან რომ ილხენდნენ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც უოში არათუ დიდ სახლთან, თვით ტალავერთანაც კი ახლოს გაკარებას ერიდებოდა), ხალხი, რომელმაც ყველას უჩვენა, თუ როგორ უნდოდა შერკინება ბრძოლის ველზე. ალბათ, მათთვისაც უბოძებიათ გენერლებს უმამაცესთა შორის პირველობის დამამტკიცებელი საბუთები. ძველად ისინიც გულზვიადად და ამაყად დააჭენებდენენ ლამაზ ბედაურებს თავიანთ მშვენიერ პლანტაციებში; ერთსა და იმავე დროს აღტაცებისა და იმედის სიმბოლოც იყვნენ და უბედურებისა და განწირულობის იარაღიც.
ისინი ალბათ იფიქრებდენენ, დაგვიფრთხებაო. უოშის აზრით კი გაქცევაც და იქ დარჩენაც სულ ერთი იყო. რომ გაქცეულიყო, მხოლოდ გაბოროტებული, ბღენძია ლანდების ერთ ხროვას დაემალებოდა და მეორეს შეეყრებოდა, ვინაიდან ყველანი ერთმანეთის მსგავსნი არიან მთელი დედამიწის ზურგზე, ის კი ერთი, უკვე საკმაოდ მოხუცებული ბერიკაცია. რომ გაიქცეს კდიეც, შორს ვერსად წაუვა. რაგინდ ბევრი ირბინოს და დიდი მანძილიც გაიაროს, თავს მაინც ვერ დააღწევს: მესამოცე წელში გადამდგარ კაცს ამდენი სიმარდე სადა აქვს, დედამიწის კიდეგანს მაინც ვერ გასცდება. აქ კი ყველგან ისინი არიან და ცხოვრების ეს წესი და რიგიც მათი მოგონილია. იმ ხუთი წლის მანძილზე, მაშინ პირველად მიხვდა თუ როგორ მოხდა, რომ იანკებმა ბუღი ადინეს ამ სახელოვან, ამაყსა და შეუპოვარ ხალხს, სახელგანთქმულსა და ყველასაგან რჩეულს, სიმამაცის, პატიოსნებისა და სიამაყის განსახირებას. მათთან ერთად ომში რომ წასულიყო, იქნებ უფრო ადრე გამოეცნო ისინი, მაგრამ მაშინ როგორღა იცოცხლებდა. იმ ხუთ წელიწადს რა გააძლებინებდა, თავის ძველ ცხოვრებაზე რომ ეფიქრა.
მზე გადაიხარა. ბავშვი ატირებულიყო. როდესაც უოში საწოლთან მივიდა, შვილიშვილი შეცბუნებული, კუშტი, გულჩათხრობილი სახით ამშვიდებდა ჩვილს.
- არ მოგშივდა? - ჰკითხა უოშმა.
- არაფერი არ მინდა.
- უსათუოდ უნდა ჭამო.
გოგონას პასუხი აღარ გაუცია, ბავშვს დასცქეროდა. უოში სკამს დაუბრუნდა და დაინახა, რომ მზე ჩასულიყო. „მეტს აღარ დააყოვნებენო“, გაიფიქრა. მოეჩვენა, თითქოს იქვე, მის გვერდით იყვნენ, ცნობისმოყვარენი და შურისძიების წყურვილით გაბოროტებულნი. თითქოს ესმოდა კიდეც, რას ამბობდნენ მასზე, წამიერი გაგულისების შემდეგ ფარული წრმენა გასჩენოდათ: „ბებერმა უოშ ჯონსმა ბოლოს მაინც წამოჰკრა ფეხი, ეგონა, უკვე ხელში ჰყავდა სატპენი, იფიქრა, ახლა კი უძულებული იქნება, ან გოგო შეირთოს ან ფული მომცესო. იმან კი გააბრიყვა“.
- განა ამას ველოდი, პოლკოვნიკო! - ხმამაღლა წამოიყვირა უოშმა და საკუთარი ხმის გაგონებაზე ენა ჩაუვარდა, სწრაფად მიიხედა უკან და გოგონას თვალებს წააწყდა.
- ახლა ვიღას ელაპარაკები? - ჰკითხა იმან.
- ისე, არავის. ფიქრებში გავერთე და ხმამაღლა დავილაპარაკე.
ბინდბუნდში გოგონას მობუზული სახე ისევ გაურკვეველ ლაქად იქცა.
- ჰო, ილაპარაკე და იყავი შენთვის. მარტო ლაპარაკით ვერას გახდები. გინდაც ხაფი ხმით იღრიალო, იმ სახლში მაინც ვერ მიაწვდენ ხმას. გინდაც გააგონო, მარტო ღრიალით იმას აქ ვერ მოიყვან.
- კარგი ახლა, ნუ ჯავრობ, - დაუყვავა უოშმა: ფიქრი კი თავისას არ იშლიდა: „ხომ იცოდი, არასოდეს არავისთვის მითხოვია რაიმე და არც ვინმესგან მოველოდი იმას, რასაც შენგან ველოდი. მაგრამ არც შენთვის მითხოვია. არ მეგონა თუ დამჭირდებოდა. არ მინდა-მეთქი, ვამბობდი. უოშ ჯონსისთანა კაცმა ეჭვი როგორ მიიტანოს-მეთქი ასეთ ადამიანზე, რომელსაც თვით გენერალი ლი საკუთარი ხელით დაწერილ ცნობაში გმირს უწოდებს. გმირიო, უმჯობესი იქნებოდა არც ერთი სამხრეთელი არ დაბრუნებულიყო 65-ში. სჯობდა, ჩემისთანა და მაგისთანა ხალხი სულ არ გაჩენილიყო ამქვეყნად. ან იქნებ ის აჯობებდა, ყველა, ვინც კი ცოცხალი გადარჩა, აღგვილიყო დედამიწის პირიდან, რათა სხვა უოშ ჯონსის სიცოცხლე არ დაფერფლილიყო ცეცხლზე დაგდებული, დაკრუნჩხული ნაჭუჭის მსგავსად“.
გაინაბა, ფიქრი შეწყვიტა. უცებ ნათლად გაარჩია ცხენების ფეხის ხმა; მალე ფარანიც გამოჩნდა; ფარნის მოძრაც შუქზე რაღაც ლანდებს მოჰკრა თვალი და აქა-იქ თოფის ლულამაც გაიელვა. მაინც არ განძრეულა. უკვე კარგად ჩამობნელდა. უოშს ბუჩქებიდან მათი ლაპარაკი და ფაჩუნი ესმოდა: სახლს ალყას არტყამდნენ. თვით ფარანიც მოახლოვდა. ფარნის შუქი ბალახში გაშოტილ უძრავ სხეულს დაეცა და შეჩერდა. ცხენების გრძელი, ბუნდოვანი ლანდები გამოჩნდა, ვიღაცა ჩამოქვეითდა და ფარნის სინათლეში, მოკლულის თავზე დაიხარა, ხელში დამბაჩა ეჭირა; წელში გაიმართა და სახლისკენ მიბრუნდა.
- ჯონს, - დაუძახა მან.
- აქა ვარ, - მშვიდად გამოეხმაურა უოში ფანჯრიდან, - შენა ხარ, მაიორო?
- გარეთ გამოდი.
- ახლავე, - წყნარად მიუგო უოშმა, - ერთი ჩემს შვილიშვილს მივხედო.
- მაგას ჩვენ მივხედავთ; გამოდი.
- ახლავე, მაიორო, ერთი წუთი მომითმინეთ.
- სინათლე გვიჩვენე; ლამპა აანთე.
- ჰო, ამ წუთში.
გარეთ ესმოდათ, როგორ გაშორდა უოში ფანჯარას და ოთახის სიღრმეში გადაინაცვლა, თუმცა სიბნელეში ვერ ხედავდნენ. უოში სწრაფად მივიდა საკვამურის ბაზართან, სადაც თავისი ყასბის დანა ეგულებოდა: ერთადერთი საამაყო ნივთი (ვინაიდან სამართებელივით ბასრი იყო) მის ბინძურ სახლსა და ცხოვრებაში. შემდეგ საწოლისკენ მიბრუნდა შვილიშვილის ხმაზე.
- ვინ არიან? ლამპა აანთე, ბაბუა.
- ლამპა არ დაგვჭირდება, გენაცვალე. სულ ერთი წუთის საქმეა, - ჩაიჩოქა, ხელი მოუთათუნა და ჩურჩულით ჰკითხა, - სადა ხარ?
- აქა ვარ, - მიუგო შემკრთალმა, - სად უნდა ვიყო? რა არის... - უოშის ხელი მის სახეს შეეხო, - რას სჩადი... ბაბუა! ბაბუა...
- ჯონს, გამო მანდედა, - დაუძახა შერიფმა.
- ერთი წუთი, მაიორო, - ხმა მოაწვდინა იმან.
წამოდგა; სწრაფად მოძრაობდა, იცოდა, სად იდგა სიბნელეში ნავთის ბიდონი, ისიც იცოდა, რომ ჭურჭელი სავსე იყო, რადგან ორი დღის უკან თვითონ გაავსო მაღაზიაში და იქვე ჰქონდა, სანამ სახლში გადმოსატანად ოთხთვალა იშოვა, ვინაიდან ხუთი გალონი ემძიმა ხელით წასაღებად. ბუხარში კიდევ დარჩენილიყო ნაღვერდალი; ესეც არ იყოს, თვით ის ფარღალალა შენობაც აბედივით იყო გამომშრალი. ნახშირმა, ბუხარმა და კედლებმა ერთიან, თვალისმომჭრელ, ცისფერ ალად იფეთქა. მოლოდინში მყოფმა ხალხმა მის სინათლეზე დაინახა, თუ რა შემზარავი გამეხებით გადმოეშვა მათკენ ცელმომარჯვებული უოში. ცხენებმა პირი იბრუნეს და აირივნენ. მხედრებმა ცხენები დაიმორჩილეს და ისევ აგიზგიზებული ხანძრისკენ მიაბრუნეს, რომელის ელვარე შუქზე შემაძრწუნებლად გამოკვეთილი გამხდარი, აწოწილი ლანდი მათკენ გამორბოდა, მოქნეული ცელით ხელში.
- ჯონს! - დაიღრიალა შერიფმა, - შესდექ! შედექ, თორემ გესვრი ჯონს!
უოშის გამხდარი, გაშმაგებული ლანდი კი მათკენ მოიწევდა აგუგუნებული ხანძრის მოელვარე ენების ფონზე. უხმოდ, კრიჭაშეკრული, აღმართული ცელით ხელში მოექანებოდა მათკენ - ცხენების ველური, ანთებული თვალებისაკენ, მოელვარე თოფის ლულებისაკენ.
ინგლისურიდან თარგმნა გივი დაუშვილმა