მიშელ ტურნიე - თოვლის ბებია
სოფელ პულდრეზიკს ოდესმე თუ ჰქონია მშვიდობიანობის პერიოდი? ხუთი წლის განმავლობაში სოფელი კლერიკალებს და რადიკალებს, სულიერ ძმათა და ერისკაცთა სკოლებს, მღვდელსა და მასწავლებელს შორის არსებულმა დაპირისპირებამ დაღალა. უთანხმოებამ, წელიწადის დროების მიხედვით რომ იცვლებოდა, წლის დასასრულს ლეგენდარული ელფერი მიიღო.
პრაქტიკული მიზეზების გამო შუაღამის მესა 24 დეკემბერს საღამოს 6 საათზე ტარდებოდა. ამ დროს თოვლის ბაბუას ტანსაცმელში გადაცმული მასწავლებელი საერო სკოლის მოსწავლეებს ურიგებდა სათამაშოებს. როგორც წარმართული გმირი, თოვლის ბაბუა ხდებოდა რადიკალი და ანტიკლერიკალი. მღვდელი კი მას, როგორც ეშმაკის წინ ასხამენ ნაკურთხ წყალს, უპირისპირებდა ცოცხალ ბაგას პატარა იესოთი.
დიახ, პულდრეზიკმა არ იცოდა, რა იყო ზავი. ისე მოხდა, რომ ძველი მასწავლებელი პენსიაზე გავიდა და ის შეცვალა ყველასათვის უცნობმა მასწავლებელმა ქალმა. ყველა მას აკვირდებოდა, ყველას აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენდა იგი. ეს გახლდათ მადამ უაზლენი, ორი შვილის დედა, უმცროსი ჯერ მხოლოდ სამი თვისა იყო.
მადამი განქორწინებული იყო, ეს ფაქტი კი მისი ანტიკლერიკალური მსოფლმხედველობის გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კლერიკალურმა პარტიამ პირველივე დღეს იზეიმა თავისი გამარჯვება, როცა ახალი მასწავლებელი ყველას დასანახად ეკლესიაში შევიდა. ეტყობა კენჭი ყარეს და გადაწყვიტეს, რომ „შუაღამის“ მესის დროს აღარ იქნებოდა წამბილწველი საშობაო ნაძვის ხე და მღვდელიც მარტო დარჩებოდა თავის სამფლობელოში. თუმცა, დიდი იყო სოფლელების გაოცება, როცა მადამ უაზლენმა მოსწავლეებს განუცხადა, რომ არაფერი შეიცვლებოდა და თოვლის ბაბუა, ტრადიციისამებრ, დაარიგებდა საჩუქრებს.
საინტერესო იყო, რა ედო გულში, ვინ აპირებდა თოვლის ბაბუის როლის შესრულებას? ფოსტალიონი და სოფლის პოლიციელი, რომლებიც სოციალისტური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ამ საქმის არაფერი გაეგებოდათ. გაკვირვებამ ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა გაიგეს, რომ მადამ უაზლენი თავის ჩვილს მღვდელს მიანდობდა ცოცხალი ბაგის მოსამზადებლად.თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო. პატარა უაზლენს მუშტები მოეკუმა და მშვიდად ეძინა. მორწმუნენი ჩამწკრივებულიყვნენ ბაგის წინ და ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ მას. იქ იყო ხარი და სახედარი - ნამდვილი ხარი და ნამდვილი სახედარი. ჩანდა, რომ ისინიც მოენუსხა მიწიერ ყრმას, რომელიც ასე სასწაულებრივად გარდასახულიყო მესიად.
ჩვილი ევანგელიის კითხვის დროს აფუთფუთდა, ხოლო როცა მღვდელი კათედრაზე ადიოდა, წამოიტირა. არავის არასოდეს გაუგია ჩვილის ასეთი გამყინავი ხმა. ამაოდ არწევდა თავის სუსტ მკერდზე მიკრულ ბავშვს გოგონა, რომელიც წმინდა მარიამს განასახიერებდა. სიბრაზისაგან გაწითლებული ჩვილი ხელებსა და ფეხებს ასავსავებდა და კივილით ავსებდა ეკლესიის კამარას. მღვდელმა ერთი სიტყვის თქმაც ვერ შეძლო. ბოლოს ქოროდან ერთ-ერთ ბავშვს დაუძახა და ყურში რაღაც წასჩურჩულა. ახალგაზრდა ბიჭი გავიდა, მისი ხის ფეხსაცმელების ხმამ ნელ-ნელა იკლო. რამდენიმე წუთის შემდეგ ნეფში შეკრებილი სოფლის კლერიკალთა უმრავლესობა მოწმე გახდა გაუგონარი ზმანებისა, რაც სამუდამოდ ჩაიწერა ბიგუდენის ოქროს ლეგენდაში...
დაინახეს, როგორ შეიჭრა ეკლესიაში თავად თოვლის ბაბუა. იგი დიდი ნაბიჯებით გაემართა ბაგისაკენ, მოიხსნა თეთრი ბამბისაგან გაკეთებული დიდი წვერი, შეიხსნა წითელი მოსასხამის საკინძე და პატარა იესოს სავსე ძუძუ შეაგება. მესია მაშინვე დამშვიდდა...