როსტომ ჩხეიძე - ტრიადა: ენა, რომანი, სახელმწიფო
უეცრად რომ მოვინდომოთ და:თედო სახოკიას „ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმათა“ სამტომეულს პოსტმოდერნისტული რომანი ვუწოდოთ და დასავლურ სალიტერატურო ცხოვრების შუაგულში მოვაქციოთ, ეგებ ვერც მიხვდნენ, ავტორს ასეთი რამ ფიქრადაც რომ არ მოსვლია; გაიზიარონ ამ ლექსიკონის ეს ახლებური ჟანრობრივი განსაზღვრება და ისიც ისევე აღიარონ რომან-ლექსიკონად, როგორც მილორად პავიჩმა გამოუძებნა ეს ორიგინალური ქვესათაური თავის თხზულებას „ხაზარული სიტყვისკონა“.
თითქოს მართლაც ლექსიკონს ადგენდეს.
სინამდვილეში მხატვრული წარმოსახვის წყალობით ქმნის დატირების ვეება ტექსტს უკვალოდ გამქრალ ხალხზე, როგორც გაფრთხილებას კაცობრიობისათვის - არ აჰყვნენ გლობალისტურ იდეებს, თორემ ამ პროცესების შეუქცევადობის ფონზე მხოლოდ მცირერიცხოვან ერებს კი არ მოელით ტრაგიკული აღსასრული დედაწულიანად, არამედ მათ თანდათან მრავალრიცხოვანი ერებიც მიჰყვებიან და კაცობრიობა თავს ისე ამოიჭამს, ადამიანის გასაგისიც რომ აღარ დარჩება დედამიწაზე.
არარაიდან დავუბრუნდებით არარაისვე...
მილორად პავიჩი უკიდურესი სიმძაფრით აღიქვამს და გაიაზრებს გლობალიზმის მომხრეთა მიზანმიმართულ პოლიტიკას და მისგან მოსალოდნელ საბედისწერო შედეგს, რაკიღა სერბი გახლავთ, მცირერიცხოვანი ხალხის შვილი, და მაშ მოსალოდნელია სერბები ერთ-ერთი პირველნი შეეწირონ გლობალიზმის ბომონს.
გულს ნურავინ დაიმშვიდებსო, - ესეც „ხაზარული სიტყვისკონის“ დედააზრიც და მხატვრული მრწამსიც.
და სწორედ ასევე აღიქვამს დასავლელი მკითხველი თედო სახოკიას „ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმებსაც“, რომან-ლექსიკონად და გაფრთხილებად კაცობრიობისადმი - გადასარჩენი და საზრუნავია ის საუნჯე, რასაც მცირერიცხოვან ხალხთა კულტურა ჰქვია და გამოხატულებას ჰპოვებს ენაშიც და ეთნოგრაფიულ თავისებურებებშიცო...
წერით არავისზე ნაკლები ხელოვნებით არ წერდა თედო სახოკია და მისი ეთნოგრაფიული თხზულებანიც - მოგზაურობის დღიურები იქნება თუ ენათმეცნიერული ყაიდის ნარკვევები - ბელეტრისტული მიმზიდველობით ამიტომაც იკითხება, და ეს ლექსიკონიც დოკუმენტურ ნოველათა მომხიბლავ ციკლადაც წარმოგვიდგება და მოზაიკური აგებულების რომანადაც.
ხომ განგაშად გაისმის ჩვენთვისაც მილორად პავიჩის ეს რომანი!..
კიდევ უფრო შემძვრელ განგაშად შევიგრძნობთ თედო სახოკიას ამ ენათმეცნიერულ მონაპოვარსაც, თუკი რომანად მოვიხსენიებთ და „ხაზარული სიტყვისკონის“ გვერდით დავაყენებთ!..
ამ განგაშით იქნებოდა გამსჭვალული ჩემი რეცენზია-ესეიც „ჩვენ - როგორც ხაზარები“ („ლიტერატურული გაზეთი“, 2011, 17 ივნისი), გარეგნულად უფრო ლიტერატურული ყაიდისა, თუმც მსჯელობაში თავისთავად შემოიჭრებოდა ის სატკივარი, რისთვისაც ეს რომანი შეიქმნა და რაც ჩვენთვისაც არანაკლებ მწვავეა.
იქ: გიორგი ლეონიძის „ხაზარული“ განწყობილებანი იტრიალებდა.
იქ: ვასილ ბარნოვის „ხაზართა სასძლოს“ ირგვლივ გაიშლებოდა მსჯელობა, მისი მხატვრული ქართლის ცხოვრების ამ ერთ-ერთი თვალსაჩინო ქმნილების.
იქ: საგანგებოდ აღინიშნებოდა გურამ გოგიაშვილის მთარგმნელობითი ხელოვნებაც, სტილური არტისტიზმისა და ექსპრესიულობის შენარჩუნებით ისე რომ წაგვაკითხებდა ამ რომან-ლექსიკონს, თითქოს სერბ მწერალს საქართველოს დრამატულ ბედისწერაზე დაეწეროს.
ანკი რას გაეყო სერბეთისა და ჩვენი ხვედრი გლობალიზმის უზარმაზარ ტალღებში ერთნაირად მოქცეულებისა და უნიჩბო ნავებით მსრბოლელთა საითკენღაც?!.
და აქ კვლავ ვიმეორებ ზოგიერთ მაშინდელ ფრაზასა და ზოგად სულისკვეთებას?
გაუნელებელ სატკივარზე დაუმცხრალი ლაპარაკის მოთხოვნილება იწვევს ამგვარ სურვილს, მითუმეტეს, მილორად პავიჩიც თუ გიდასტურებს:
- გულისყურიანი მკითხველი უთუოდ შეამჩნევს ზოგიერთ რასმე განმეორებას აქაც და სხვა წიგნებშიც. ეს განმეორებანი იმით უნდა ავხსნათ, რომ ყოველი რამ ორჯერ უნდა ითქვას, რათა ერთხელ მაინც გაიგონონ...
ამიტომაც გამოსცემდა „ინტელექტი“ ამ რომანს ხელმეორედ: ეგებ ერთხელ მაინც გაიგონო...
და დაე მეც გავიმეორო „ხაზარული სიტყვისკონის“ გამორჩეული მნიშვნელობა ჩვენი სამწერლო და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, რათა ერთხელ მაინც გავაგებინო მკითხველს... გავაგებინო და დავამახსოვრებინო...
მითუმეტეს, ასეთი რანგის თარგმანთა მკითხველნი ყოველთვის არა ვართ, მშობლიური ენის სიღრმეებში ასე რომ იყოს შეჭრილი ლიტერატორი და ამ სტიქიის ძალმოსილებას შენც ხელშესახებად განგაცდევინებდეს.
სიტყვა „თარგმანი“ უარყო გურამ გოგიაშვილმა.
ამჯერადაც: გადმოვაენეო, - ირწმუნება.
ეტყობა „თარგმნა“ მოძველებულ გამოთქმად მიაჩნია და ახლით ამიტომაც ჩაუნაცვლებია, თანდათან კიდეც რომ შეგვაჩვია. მიზანი კი ის არის ამგვარი შენაცვლებისა, რომ გამოკვეთოს სწორედაც მნიშვნელობა ახალი ენობრივი გარსისა, რომელშიც უცხოენოვანი ტექსტი უნდა მოექცეს, ანუ: დედნისეული მასალის საფუძველზე ხელახლა ამოიზარდოს ქართული ენის სტიქიიდან, თავბრუდამხვევი სამყაროდან, რომლის მადლს შეიგრძნობ თუ არა, უჩვეულო სილამაზის მხილველიც შეიქნები - რა არის თურმე შენი მშობლიური მეტყველება თავის უკეთეს გამოვლინებაში, საიდან მოდიხარ და რისი გადარჩენა გევალება.
ამ სილამაზის ნათელყოფაა გურამ გოგიაშვილის ხელიდან ამოზრდილი წიგნებიც, რომელთა სათავეშიც ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“ დგას, და ამ ნაკადში ასე არტისტულად ჩართულა „ხაზარული სიტყვისკონა“, რომელიც სწორედ ასეთი ენობრივი სტილითა და მადლით უნდა მოვლენოდა ჩვენს სინამდვილეს, რათა: აზრობრივად რომ შევიმეცნებთ მცირერიცხოვან ერთა გადაშენების საფრთხეს, ენობრივადაც განვიცადოთ, რისი გაქრობის წინაშე ვდგავართ.
წაგვიხდება ენა ჩვენი გულგრილობით, არხეინობითა თუ სხვა რამ მიზეზებით?
მაშ სახელმწიფოსაც და ეროვნებასაც სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ!..
მტერსაც არ ვუსურვებთ ასეთ ბედს?
მაშ საკუთარი თავი როგორღა უნდა გავიმეტოთ საამისოდ?
- მწერალი მკითხველს ამ წიგნის ხელში აღებას არ ურჩევს, თუკი მან ამის დიდი საჭიროება არ დაინახაო, - მილორად პავიჩი საკმაოდ მკაცრია მათ მიმართ, რომელნიც შესაძლოა გაიოლებულად თუ სასხვათაშორისოდ მიადგნენ ამ რომანსაც, და იდეალური მკითხველის საკუთარ მოდელს გვთავაზობს, დარწმუნებული, ისინი ნამდვილად გამიხდებიან თანამოაზრეებადო: - ხოლო ერთხელაც თუ წიგნის მიმართ გულისყური გაეღვიძა და იფიქრა, მოდი ერთი, ვნახო, რა წერია შიგაო, მაშინ ისეთ დღეს უნდა ჩაუჯდეს, ოდეს იგრძნობს, რომ გონებასა და წინდახედულობას უფრო ღრმად წვდომის უნარი შესწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ. კითხვამ ისევე უნდა გათანგოს მკითხველი, ვითარცა ციებ-ცხელებამ თუ ცხრომა იცის, სნებამ, რომელიც დღეჩაგდებით უტევს სიცხისაგან გათაკარანებულ მოავადეს და ოდენ შვიდეულის მდედრულ დღეებში აბაბანებს...
რომანს სახელმწიფოსთან რომ აიგივებს მილორად პავიჩი და ამტკიცებს:
- სახელმწიფოს აქვს თავისი ენა, ენას კი თავისი გრამატიკა. თავისი ენა და გრამატიკა აქვს რომანსაც. რომანს, როგორც რომ სახელმწიფოს, აქვს აგრეთვე თავისი გეოგრაფიული რუკა. ეს არის რომანის ენათა რუკა. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს წარმოშობა. არიან „ჯიშიანი“ სახელმწიფოები, წარმოშობით დიდებულნი და უძველესნი, და არიან, ღვინის ქინქლისა, ანუ ბურნისა არ იყოს, ერთი სეზონისთვის გაჩენილი სახელმწიფოები...
ეს შეხედულება ზუსტად მოერგება თედო სახოკიას სიტყვისკონასაც - მის გეოგრაფიულ რუკას, რომლის მიღმაც ასე თვალნათლივ ილანდება ჩვენი სახელმწიფოს კონტურები, წარმოშობით სწორედაც დიდებულისა და უძველესის... და იქიდან, ამ ქართული რომან-ლექსიკონიდან, ამოჭრილი განგაშის ხმა, „ხაზარული სიტყვისკონის“ დრამატული სულისკვეთებისა არ იყოს, გამუდმებით უნდა მიგვანიშნებდეს სიმბოლურ სურათს - ზღვის ბობოქარ ტალღებზე ათამაშებულ უნიჩბო ნავს!..
***
ვინც მეტს ეძებს, მით მეტს ღებულობსო, - ძველი სიბრძნის თავისებური ვარიაციით შეგვაგონებს მილორად პავიჩი.