ლონდონი და გრანდ-ოტელი | კნუტ ჰამსუნისა და დაგნი იუელის ამბავი
მასალა მოამზადა: გიორგი ჭეიშვილმა
***
XIX საუკუნის ბოლოსა და ХХ საუკუნის დასაწყისში, მაშინდელი მადათოვისა და ხიდის ქუჩებზე მდებარე ორ სასტუმროში დიდი ამბები დატრიალდა.
***
XIX საუკუნის ბოლოსა და ХХ საუკუნის დასაწყისში, მაშინდელი მადათოვისა და ხიდის ქუჩებზე მდებარე ორ სასტუმროში დიდი ამბები დატრიალდა.
ეს ამბები ერთი
მხრივ ყოფილ სასტუმრო „ლონდონს“ და იქ გაჩერებულ
მომავალ ნობელიანტ მწერალს - კნუტ ჰამსუნსა და მის მეუღლეს უკავშირდება, რომლებიც,
როგორც ამბობენ, მალულად მოგზაურობდნენ; მეორე მხრივ კი ასევე ნორვეგიელ მწერალს, ფატალურ
ქალს - დაგნი იუელს, რომელიც სასტუმრო „გრანდ-ოტელის“
ნომერში მოკლეს...
"ლონდონი"
"ლონდონი ("Hotel de Londres") 1875 წელს გაიხსნა მადათოვის ქუჩის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31). ის თავიდან ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, შემდეგ მის ძმას - კონსტანტინეს, ხოლო 1901 წელს, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით ერგო მის მესამე ვაჟს პეტრეს.
ათონლის ქუჩის გასწვრივ გაშლილ გრძელ ძირითად მოცულობას ერთვის ორი ფრთა, რომელთაგან ერთი, ხიდის ქუჩის მხარეს, უფრო მასიურია, მეორე, ეზოს მხარეს, - უფრო ვიწრო. სახლი მოიცავს ასევე ორ დაბალ ფლიგელს: ერთს - ათონელის ქუჩაზე, ძირითადი ნაწილის მარჯვნივ, მეორეს - ეზოში (მისი ნაწილი ახლა უკავია „თეატრს ათონელზე“). მესამე ფლიგელს - დაბალ მოცულობას, რომელიც აგრძელებდა მოკლე ფრთას ხიდის ქუჩაზე, 1905 წლის ახლო ხანებში სართული დააშენეს და სიმაღლით ძირითად ნაწილს გაუტოლეს.
პროექტის მიხედვით, ათონელის ქუჩაზე გამომავალი გრძელი ორსართულიანი ფასადი სხვადასხვა სიმაღლის სხვადასხვაგვარად გადაწყვეტილი მონაკვეთებისგან შედგებოდა და ატიკებიანი რიზალიტებით იყო გართულებული.
მშენებლობის პროცესში თავდაპირველი ჩანაფიქრი ნაწილობრივ შეიცვალა. ამჟამად მდგარი შენობა უფრო ერთიანია, ნაკლებად დანაწევრებული. ათონელისა და ხიდის ქუჩებზე გამომავალი ფასადები ერთნაირად სადაა, კარ-ფანჯრების მართკუთხა ღიობების მწკრივებით არტიკულირებული.
სახლის მარჯვენა ნაწილი ათონელის ქუჩის მხარეს დაანგრიეს საბჭოთა პერიოდში. ამის გამო დიდი ერთსართულიანი ფლიგელი ახლა ათონელის ქუჩაზე ძირითადი შენობისაგან მოწყვეტილია, მაგრამ ემბის მას ეზოს მხარეს.
დამრეცი რელიეფის გამო უკანა მხარეს შენობას ერთი სართული ემატება. აქ არის ტრაპეციული გეგმის ეზო, რომელსაც მტკვრისკენ აგრძელებდა დეკორატიული ბაღი. ეზოსა და ბაღს სასტუმროს მთელ სიგრძეზე გაჭიმული ხის აივნები გადაჰყურებდა (ახლა აივნების დიდი ნაწილი გადაკეთებულია, ბაღი კი გაპარტახდა).
პირველ სართულზე კედლებზე რუსტიკის ფერწერული იმიტაციაა დატანილი, მეორეზე - მარმარილოს დიდი ფილებისა. კიბის უჯრედის გაფორმებაში ჩართულია ფერწერული პანოებიც. ამათგან სამი ზედ კედელზეა დახატული, ერთი - ყველაზე დიდი - მუყაოზე და ჩადგმულია მოჩარჩოებულ მართკუთხა ნიშაში პირველი სართულის კიბესთან.
პანოები (პირველი სართულის პლაფონზე დახატული პანო წარმოადგენს ბერნარდო ბელოტის სურათს „ქალაქ პირნას ხედის“ ასლს).
თბილისში 1894 წელს ჩამოსული ირანელი გენერალი მაჯდ-ოს-სალტანე (მას „ლონდონში“ არ უცხოვრია, მაგრამ, ჩანს, გულმოდგინედ დაათვალიერა) ასე აღწერს სასტუმროს:
„ფანჯრები და აივნები გადის დიდ ბულვარზე (იგულისხმება მადათოვის ქუჩა - დ.ხ.). ერთი დიდი დარბაზი სასადილოდაა განკუთვნილი; მაგიდებზე დაწყობილია გაზეთები სხვადასხვა ენებზე; პიანინო და დანარჩენი ავეჯი ამ სალონში შესანიშნავია. ზოგან ელექტრონათურებია ანთებული. დარბაზის შუაგულში უზარმაზარი ჭაღია ჩამოკიდებული.“
„ლონდონი“ საკმაოდ პატარა სასტუმრო იყო. 1896 წელს მას ჰქონდა 28 ნომერი დღე-ღამეში ერთიდან ათ მანეთამდე ფასისა, 1914 წელს - 30 ნომერი იმავე ფასებში. თუ როგორ გამოიყურებოდა „ლონდონის“ სტანდარტული (სამმანეთნახევრანი) ნომერი, შეიძლება საკმაოდ ზუსტად წარმოვიდგინოთ მეორე ირანელი მოგზაურის - მირზა აბდ ალ-ჰოსეინ ხან აფშარ ორუმის ჩანაწერების წყალობით. ის 1882 წელს ცხოვრობდა სასტუმროში და თავისი ოთახი საოცარი გულმოდგინებით აღწერა:
„ოთახს ნაძერწი ჭერი და შეღებილი მდიდრული კარ-ფანჯარა ჰქონდა. საწოლზე მშვენიერი ფერადი გადასაფარებელი ეფინა. ოთახში ძალიან კარგი ზამბარებიანი დივანი, ორი ზამბარებიანი და ოთხი ჩვეულებრივი სკამი, ერთი საწერი და ერთი სასადილო მაგიდა იდგა. კედელზე ერთი ზარ’ის (დაახლოებით 104 სმ - დ.ხ.) სიგრძის და ნახევარი ზარ’ის სიგანის ქვისჩარჩოიანი სარკე ეკიდა. ხის შეღებილ სკივრზე, რომელსაც ზემოდან ხუთი თარო ჰქონდა, თაბაშირის ორი შანდალი და ყავის სინი იდო. სინზე ბროლის გრაფინი და ჭიქები ეწყო. უჯრებიან მაგიდაზე ფაიფურის დოქი, ძალიან დიდი ტოლჩა და პირსახოცი ელაგა. მაგიდის ზემოთ პრიალა თეთრი ქვა იდო დამაგრებული. ოთახის ერთ კუთხეში ძალიან კარგი რკინის ტახტი იდგა. ტახტზე სქელი ლეიბი და თეთრი ზეწარი ეფინა. ზეწარზე აბრეშუმის მჭიდროდ ნაქსოვი გადასაფარებელი და ბუმბულის ორი ბალიში იდო. ეს ყველაფერი ისეთი სუფთა და ქათქათა იყო, თითქოს დღეს შეკერესო. ტახტის წინ იატაკზე კარგი ქურთული ხალიჩა ეფინა. კედელზე დამაგრებული იყო კაუჭებიანი ფიცარი, რომელზეც ძილის დროს ტანსაცმელს კიდებენ.“ოთახის ამ დეტალური აღწერის შემდეგ ორუმი ასევე დაწვრილებით მოგვითხრობს თუ როგორ მუშაობდა მომსახურე პერსონალი „ლონდონში“:
„დღეში ერთხელ ნომერში სპეციალური მსახური და ორი დამლაგებელი შემოდიოდნენ. მათ ოთახიდან ყველაფერი გაჰქონდათ, იქაურობას გვიდნენ და სველი პირსახოცით სარკესავით აპრიალებდნენ. მერე გარეთ გატანილ ნივთებს სათითაოდ წმენდნენ და ისევ შიგნით შეჰქონდათ. ოთახის კართან ზარი ეკიდა. ზარის გვერდით თოკი იყო მიმაგრებული. თოკის მეორე ბოლო მსახურის ოთახის ზარს უერთდებოდა. მაგალითად, თუ მსახური დაგჭირდებოდა, თოკს ჩამოწევდი, მსახურის ოთახში ზარი დარეკავდა და ისიც მაშინვე შენთან გაჩნდებოდა.“დასასრულ, ორუმი არც სანიმუშოდ მოგვარებულ უსაფრთხოებას ივიწყებს:
„ათი ათასი თუმანი ნაღდი ფული ღია საფულით ოთახში რომ დატოვო და კარები არ ჩაკეტო, ათი საათის მერეც რომ დაბრუნდე, საფულე ხელუხლებელი დაგხვდება. გინდა ნომერში იყო გინდა არა, შენი ნებართვის გარეშე შენს ოთახში ვერავინ შევა.“ოთახების შეზღუდული რაოდენობა, მომსახურების უმაღლეს დონესთან ერთად, განსაზღვრავდა სასტუმროს ელიტარულობას.
„ლონდონში“ ადგილები არასოდეს არაა თავისუფალი“ - წერდა მაჯდ ოს-სალტანე.გზამკვლევები „ლონდონს“ ერთხმად ასახელებდნენ ქალაქის ყველაზე კარგ სასტუმროთა შორის, ხოლო ბევრი სტუმარი საუკეთესოდაც თვლიდა - არა მხოლოდ თბილისში და კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაშიც. ინგლისელი ჟურნალისტი ჰენრი ნორმანი წერდა:
„მთელ რუსეთში არ არის ისეთი სუფთა და სასიამოვნო სასტუმრო, როგორიცაა „Hotel de Londres” თბილისში. „Hotel de Londres” პირველი ნამდვილად ცივილიზებული და კომფორტული სასტუმროა, რომელიც რუსეთში ვნახე.”მსგავს აზრს ვკითხულობთ ამერიკელ მოგზაურ მაიკლ შუმეიკერთანაც:
„Hotel de Londres”-ში დაბინავება უზარმაზარი კომფორტია რუსეთის ცუდი სასტუმროების შემდეგ.”კიდევ ერთი ანალოგიური შეფასება ეკუთვნის იტალიელ დიპლომატსა და ისტორიკოსს ლუიჯი ვილარის, რომელიც თბილისში 1905 წლის რევოლუციის დღეებში ცხოვრობდა:
„ხიდის თავში დგას „Hotel de Londres”, რომელიც არის არა მხოლოდ პირველი სასტუმრო კავკასიაში, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო რუსეთში, განსაკუთრებით სისუფთავის არსებითად არარუსული თვისების თვალსაზრისით (especially as regards the essentially non-Russian virtue of cleanliness).”უფრო შორს მიდის შოტლანდიელი მკვლევარი უოლტერ ბ.ჰარისი:
„Hotel de Londres”... ღირსეულად ატარებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სასტუმროს რეპუტაციას.”„ლონდონის“ დიდების ხანა 1880-90-იან წლებზე მოდის. ამ დროს აქ ჩერდებოდა ასე თუ ისე შეძლებული უცხოელი მოგზაურების უმეტესობა და ყველაზე საპატიო სტუმრები რუსეთიდან - მაგალითად, თბილისში 1883 წელს ჩამოსული რუსეთის სახელმწიფო საკუთრებათა მინისტრი მიხეილ ოსტროვსკი (დრამატურგის ძმა) თავისი ამალით.
„ლონდონის“ სტუმართა შორის იყო მრავალი გამოჩენილი ადამიანი, მათ შორის რუსი კომპოზიტორი პიოტრ ჩაიკოვსკი (1888 წელს), მარკიზი ჯორჯ კერზონი, შემდგომში ინდოეთის ვიცე-მეფე და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1892 წელს), ინგლისელი სიძველეთა მკვლევარი და პოლიტიკური ემისარი გერტრუდ ბელი (1892 წელს) და ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი (1899 წელს).
კნუტ ჰამსუნი თბილისში
კნუტ ჰამსუნისა და მისი მეუღლის - ბერგლოტ ბეხის მოგზაურობა რუსეთსა და
კავკასიაში 1899 წლის
რვა სექტემბერს დაიწყო და
სულ სამი
კვირას გასტანა
- 30 სექტემბერს ჰამსუნი
უკვე სტამბოლში
იყო.
ამ დროისთვის ჰამსუნი ცნობილი მწერალი იყო, მას უკვე
ჰქონდა დაწერილი რომანები: „შიმშილი“, „მისტერიები“, „პანი“, „ვიქტორია“. ცოლ-ქმარი
რატომღაც სხვისი გვარ-სახელებითა და საბუთებით მოგზაურობდა, ამიტომ საქართველოშიც არ
დახვედრიან ზარ-ზეიმით.
ამ ხანმოკლე, ინკოგნიტო
ვიზიტის მიუხედავად, როგორც ჩანს, თბილისისა და ზოგადად - საქართველოს მრავალფეროვნებამ მწერალზე მაგიური
შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც თავად წერდა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა მტკვრის
წყალი დალია, რადგან ვინც ასე იქცევა, მთელი სიცოცხლე კავკასიაზე უნდა იდარდოს!
მოგზაურობის შედეგად ნორვეგიელმა მწერალმა ორი
ნაწარმოები - პიესა
„დედოფალი თამარი“
და „ზღაპრული ქვეყანა“
შექმნა.
სწორედ „ზღაპრული ქვეყნიდან“ ვიგებთ, რომ ჰამსუნი და მისი მეუღლე მაშინდელი თბილისის
ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სასტუმროში დაბინავდნენ:
„ღამით აუტანლად ცხელოდა.
მოუსვენრად მეძინა. მეღვიძებოდა, შუბლზე ოფლს ვიწმენდდი, ვბორგავდი, სულს ვიბერავდი და ისევ ვიძინებდი.
სასტუმროში ჯერ კიდევ ყველას ეძინა. ვესტიბულში ჩასულს შვეიცარი შემეფეთა თვალების ფშვნეტით. ის ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანია, რომლებიც აღმოსავლეთის სასტუმროებში გხვდებიან. ისეთი არნახული სისწრაფით ლაპარაკობს ფრანგულად, როგორსაც ადრე არასდროს შევხვედრივარ.
თუმცა კარგად არ გათენებულა, მოქალაქენი თავის კართან სხედან და საუბრობენ ან ქუჩაში დასეირნობენ. კავკასიელებს არ სძინავთ. მზე ჯერ არ ამოსულა, მაგრამ თბილი და ნათელი დილაა. სასტუმროს წინ ბაღია გადაშლილი. მამაკაცთა უმრავლესობა, კავკასიურად არის ჩაცმული და ყველა იარაღს ატარებს. თუმცა ზოგიერთს სერთუკი აცვია და ცილინდრი ახურავს. ოფიცრები კი ჩოხა-ახალუხში გამოწყობილან. ქალები თითქმის არ ჩანან.
ბაღს შემოვუარე და სასტუმროში დავბრუნდი.
ჯერ არავინ ამდგარა. ვესტიბიულში შვეიცარმა საუბარი გამიბა. მისგან თავი რომ მეხსნა, რომელიღაც კარს ხელი ვკარი: სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ბედეკერის ცნობარი იდო - „რუსეთი და კავკასია“, ვიპოვე „ტიფლისი“ და კითხვას შევუდექი.
ჩემი სასტუმრო „ლონდონი“ ვარსკვლავით არის აღნიშნული. ქალაქში ას სამოცი ათასი მაცხოვრებელია, რომელთაგან, თითქოს, კაცები ქალებზე მეტნი არიან. ტიფლისში სამოცდაათამდე ენაზე საუბრობენ.“
***
მარკიზი ჯორჯ კერზონი, შემდგომში ინდოეთის ვიცე-მეფე და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის ნაწერებში „ლონდონის“ კლიენტურის საინტერესო სურათს გვიხატავს. სასტუმროში მისი ყოფნისას იქ ცხოვრობდნენ ტიანშანში ნადირობდნენ მობრუნებული ფრანგი ვიკონტი, ანგლოევროპული ტელეგრაფის მაღალი რანგის მოხელე, ორი ინგლისელი სპორტსმენი, ტრანსკასპიის რკინიგზაზე მომუშავე ირლანდიელი ინჟინერი და პოლონელი კონტრაქტორი, რომელმაც ააგო ცნობილი ხიდი ამუ-დარიაზე.
მშრალი ხიდიდან მიხეილის ხიდისაკენ მიმავალი გზა |
„ერთ-ერთი ბოლო ადგილი დასავლურ კომფორტთან დასამშვიდობებლად სპარსეთში შესვლის წინ“ - ასე მოიხსენიებდა „ლონდონს“ ამერიკელი პროფესორი ა.ვ.უილიამს ჯეკსონი.უფრო ხატოვნად ახასიათებდა სასტუმროს ჯორჯ კერზონი:
„თბილისის „Hotel de Londres” ალბათ სხვადასხვა პირთა შეხვედრის ყველაზე შესანიშნავი ადგილია აღმოსავლეთში. ის მდებარეობს ევროპისა და აზიის გამყოფ ხაზზე, მთავარ გზაზე შორეული აღმოსავკეთისაკენ, და იმ მომაკადოებელ მხარეებში მიმავალი ან უკან მობრუნებული თითქმის ყველა მგზავრი ჩერდება რაღაც ხნით მის სტუმართმოყვარე კედლებში. შორს მიმავალი მოგზაური უკანასკნელად აქ შეიგრძნობს ცივილიზაციის გემოს, სანამ უცნობ გარემოში გადაეშვებოდეს. აქვე უკან მომავალი მოგზაური ტკბება - ხშირად პირველად თვეების შემდეგ - თეთრეულის ფუფუნებიტ და ივიწყებს გადატანილ გაჭირვებას შამპანურის ჭიქასთან... თარჯიმნები, რომლებიც თან ახლდნენ გამოჩენილ მოგზაურებს და თავიანთი სახელები დატოვეს ცნობილ წიგნებში, კართან დაბორიალობენ და მგზავრობაში გაცრეცილ სარეკომენდაციო წერილებს აფრიალებენ.”ინგლისელი მოგზაური ჰარი დე ვინდტი „ლონდონს“ „თბილისის Maison Doree-ს“ უწოდებს და წერს, რომ ეს ქალაქის ევროპული ელიტის შეხვედრების საყვარელი ადგილია:
„რუსი და ქართველი ოფიცრები მდიდრულ მუქ მწვანე მუნდირებში ოქროს სირმებით და კარაკულის ბეწვით, ფრანგი და გერმანელი ვაჭრები თავიანთი ცოლებიტა და ქალიშვილებით, დემიმონდენები ოდესიდან თუ ხარკოვიდან ჩაის ხვრეპენ ან კახურ ღვინოსა და ქლიავის არაყს (kummel) სვამენ მარმარილოს პატარა მაგიდებთან და უკანასკნელ სკანდალებს განიხილავენ.“ჰ.დე ვინდტის თბილისში ყოფნა შობის დღესასწაულს დაემთხვა და სასტუმროს გადაჭედილი რესტორნიდან მას მთელი ღამე ესმოდა ხმამაღალი სიმღერა და სიცილი.
„ლონდონს“ ილია ჭავჭავაძეც სწვევია - ის სასტუმროში იქ მცხოვრებ ინგლისელ სლავისტთან უილიამ რიჩარდ მორფილთან შესახვედრად მივიდა იაკობ მანსვეტაშვილის თანხლებით.
საინტერესოა, რომ „ლონდონი“ მხატვრულ ლიტერატურაშიც აისახა - აქ დაასახლა ირანელმა მწერალმა ზაინ ალ-აბედინ მარაღაიმ თავისი რომანის „იბრაჰიმ-ბეგის მოგზაურობის დღიურის“ მთავარი პერსონაჟი.
მწერალი იმასაც კი უთითებს, რომ იბრაჰიმ-ბეგმა და მისმა თანამგზავრმა ოთხმანეთიანი (ე.ი. საშუალო სიძვირის) ნომერი აიღეს. როგორც ჩანს, მარაღაისთვის, რომელმაც რუსეთის იმპერიაში ოცი წელი იცხოვრა, ეს სასტუმრო კარგად იყო ცნობილი.
„ლონდონი“ სწრაფად ითვისებდა სიახლეებს. ეს იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელშიც მოეწყო ელექტროგანათება. 1913 წელს სასტუმროდ ჰქონდა ავტოსადგომი.
მოგზაურები ახსენებენ სასტუმროს სამკითხველოს, რომელშიც შეიძლებოდა ევროპული პრესის გაცნობა. „ლონდონის“ გამორჩეული ღირსება იყო აგრეთვე ევროპულ ენებზე მოლაპარაკე პერსონალი.
თუ უ.ს. ნელსონი 1888 წელს უკმაყოფილო დარჩა, რომ „ლონდონში“ მხოლოდ ფრანგული იცოდნენ, უკვე 1894 წელს, მაჯდოს-სალტანეს მოწმობით, მომსახურე პერსონალი ორ-სამ უცხო ენას მაინც ფლობდა. 1913 წელის სარეკლამო განცხადებით, აქ შეეძლოთ სტუმრებთან საუბარი ფრანგულად, გერმანულად და ინგლისურად.
თავიდან „ლონდონს“ ინახავდა ფრანგი ადმინისტრატორი დელორი. შემდეგ სასტუმროს მმართველები დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ცოლ-ქმარი რიხტერები - 1893 წლამდე (გარდაცვალებამდე) იოჰან ჰენრიხ რიხტერი, ხოლო 1893-1914 წლებში მისი ქვრივი კატარინა რიხტერი, „პატარა ფუსფუსა გერმანელი ქალბატონი (busting little German lady)”, როგორც მას უილიამ ელეროი კერტისი ახასიათებს. კატარინა რიხტერის სანიმუშო მასპინძლობას საგანგებოდ აღნიშნავს ბევრი ავტორი - იგივე უოლტერ ჰარისი, ინგლისელი მწერალი ფრედერიკ ჯორჯ აფლალო, ავსტრიელი გენერალი ბარონი ფონ გისლინგენი, ინგლისელი ნატურალისტი ენტონი ბაქსტონი და სხვები.
1915 წელს გ.მოსკვიჩის გზამკვლევი „ლონდონს“ კვლავ საუკეთესო სასტუმროთა შორის იხსენიებს, თუმცა იმ დროს, როცა ეს გზამკვლევი გამოვიდა, სასტუმრო უკვე აღარ არსებობდა: პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლის დეკემბერში პეტრე ზუბალაშვილმა მისი შენობა ხელისუფლებას დაუთმო სამხედრო ლაზარეთად და აღჭურვილობისათვის 20 000 მანეთიც მისცა.
ომის დასრულების შემდეგ „ლონდონი“ აღარ აღუდგენიათ. 1925 წელს ყოფილი სასტუმრო გლეხთა ცენტრალურ სახლად (Центральныи дом крестянина) აქციეს. 1950 წელს ეს სახლი ლიკვიდირებული იქნა და შენობა ერთხანს მილიციის სამმართველომ დაიკავა. დაახლოებით 1960 წელს ის საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.
***
„ლონდონის“ მსგავსად,
საკმაოდ ცნობილი იყო ხიდის ქუჩის #1-ში მდებარე სასტუმრო „გრანდ-ოტელი“.
მეზობელი სასტუმროსგან
განსხვავებით, „გრანდ ოტელს“ ცნობადობა 1901 წელს მომხდარმა მისტიკურმა მკვლელობა-თვითმკვლელობამ
მოუტანა.
მკვლელობის მეორე დღეს, ქართული პრესაში შემდეგი შინაარსის
ცნობა გამოქვეყნდა:
„მიხეილის საავადმყოფოს ექიმმა ზელცმანმა გაკვეთა მემამულე ვლადისლავ გუსტავის ძე ემერიკისა და დაგნი ფშიბიშევსკაიას გვამები, რომლებიც გარდაიცვალნენ სასტუმრო „გრანდ ოტელში“ 23 მაისს. მათი სიკვდილი გამოიწვია ტყვიისგან მიყენებულმა ჭრილობებმა. დაგნი მოკლულ იქნა ემერიკის მიერ“.
***
„გრანდ-ოტელი“
„ლონდონის“ პირდაპირ, მირზოევების სახლში, 1881 წელს ჰექტორ დელალანდმა გახსნა სასტუმრო „გრანდ-ოტელი“. მას გრძელი სამსართულიანი შენობის (ახლა საცხოვრებელი სახლია, ათონელის ქ. #29/ ხიდის ქ. #1) ნაწილი ეკავა - აქვე განლაგებული იყო მაღაზიები, აფთიაქი, საზოგადოება „ღუზის (Якорь)” კანტორა და სხვა.
1900-იან წლებში მას მ. კერესელიძე და ე. კვაჭაძე ინახავდნენ, 1910-იან წლებში - ელენა ლუნიაკინა.
გასაბჭოების მერე „გრანდ-ოტელი“ წითელ არმიას გადაეცა სამხედროთა საცხოვრებელ სახლად.
დაგნი იუელის მისტიკური მკვლელობა თბილისში
ნორვეგიელი მწერალი, ცნობილი ხელოვანის ედვარდ მუნკისა და შვედი დრამატურგის - ავგუსტ სტრინდბერგის მუზა, პოლონელი მწერლის - სტანისლავ ფშიბიშევსკის მეუღლე - დაგნი იუელი, ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილმა - 25 წლის ვლადისლავ ემერიკმა სასტუმროს ნომერში მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
შემდეგ ვარიანტში მუნკმა ჩანასახი მოხსნა...
1901 წელს, დაგნის მკვლელობისას, ვაჟიშვილი - ზენონი, რომელიც მას თან ახლდა, 6 წლისა იყო, მუნკის სურათი კი დათარიღებულია 1895 წლით...
ედვარდ მუნკი - "ეჭვიანობა" |
ნახატში - „ეჭვიანობა“ მუნკმა წითელმოსასხამიანი დაგნის ფიგურა ხან ავტორის, ანუ თავისი აღნაგობის მამაკაცთან დახატა ჩახვეული, ხან შეყვარებული წყვილი ადამ და ევად გამოსახა, წინა ხედზე აღბეჭდილ თვალებგაფართოებულ მამაკაცს კი პშიბიშევსკის ეჭვიანი სახე თუ ნიღაბი ჰქონდა.
ედვარდ მუნკს მეტოქეობას კიდევ ერთი დიდი სახელი, შვედი დრამატურგი - აუგუსტ სტრინდბერგი უწევდა. სტრინდბერგმა დაგნი ბერლინში, არტისტების თავშეყრის მთავარ ადგილას, კაფე „შავ გოჭში“ გაიცნო და არაერთი ნაწარმოებიც მიუძღვნა მას.
რაც შეეხება ვლადისლავ ემერიკისა და დაგნი იუელის კავშირს და საქართველოში მათ ჩამოსვლას. ვლადისლავ ემერიკმა საკუთარი მეგობარი - სტანისლავ ფშიბიშევსკი და მისი ოჯახი თბილისში მიიწვია, თუმცა მას მხოლოდ დაგნი და მისი 6 წლის ვაჟიშვილი - ზენონი ჩამოჰყვნენ - პშიბიშევსკი მოგვიანებით უნდა შეერთებოდათ. თავის მხრივ, ემერიკსაც მეგობარი, საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი მასპინძლობდა.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, ემერიკს დაგნი უყვარდა და მოვლენების ასეთი განვითარება იდეალური იყო ახალგაზრდა, შეყვარებული კაცის სურვილების რეალიზებისთვის...
დაგნი, მისი შვილი ზენონი და ემერიკი სასტუმრო „გრანდ-ოტელში“ დაბინავდნენ.
თვითმკვლელობამდე მკვლელმა 3 წერილი დატოვა. პირველ წერილში, რომელიც თავის თბილისელ მეგობარს დაუტოვა „გრანდ ოტელში“, ემერიკი დაგნის 6 წლის ზენონის მიხედვას და ბავშვის მამასთან დაკავშირებას ითხოვდა.
მეორე წერილი დახურულ კონვერტში იდო. კონვერტზე ეწერა, რომ წერილი უნდა გადაეცათ ზენონისთვის, როცა 24 წლის გახდებოდა.
„ძვირფასო ზენონ! მე შენ დედას გართმევ და არ ვიცი რას გიმზადებს ცხოვრება: როგორი იქნები, როგორი წარმოდგენა გექნება მასზე. უცნაურ აზრებს, რომლებსაც მასზე გაიგებ უკვე არსებული ლიტერატურული წყაროებიდან, ალბათ ნაკლებად უნდა ერწმუნო. დედაშენი ძალზე არამიწიერი იყო. ჩემს ძალებს აღემატება - გითხრა რამდენიმე სიტყვით რაიმე ამომწურავი მასზე, იმაზე, რომ იგი აბსოლუტის ერთადერთი ყოვლისშემძლე გამოვლინება და ღმერთი იყო. ის იყო წმინდანი, თან დედოფლური სიკეთით სავსე, ყველაფერი იყავი მისთვის. ის, პირველი დედოფალი და განუმეორებელი, შენს წინაშე იყო მოთვინიერებული და მიაჩნდა, რომ მთელი მისი ცხოვრების გამართლება შენ იყავი, მაგრამ მე შენ მას გართმევ.
გაყენებ საშინელ, განუზომელ ბოროტებას. იქნებ ამან ცხოვრება დაგინგრიოს, მაგრამ... სხვანაირად არ შემეძლო...“მესამე წერილი ემერიკმა დაგნის მეუღლეს დაუწერა.
„პატივცემულო ბატონო სტანისლავ ფშიბიშევსკი.
ძვირფასო სტას! რა უნდა გითხრა!!! ძალზე ცოტა. მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. მან ყველაფერი იცოდა... მერე დედობამ სძლია... ძალზე უყვარს ზენონი. ამგვარად, უნდა გადამედო ყველაფერი და ვკლავ იმ მომენტში, როცა ყველაზე ნაკლებად მოელის, როცა შენ უყვარდი და უყვარხარ. იცოდე, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ შენ უყვარდი. რომ მე შენ პატივს გცემ, გაღმერთებ და მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, დამწყევლი და ეს იქნება ჩემი უბედურება. სტას, მე მას ვკლავ და ეს უმჯობესია მისთვის. ოო, ნეტავ შეგეძლოს არ დამწყევლო!
შენი ვლადისლავი, ტიფლისი, 21 მაისი (3 ივნისი) 1901 წელი“.ამ წერილის გათვალისწინებით, არსებობს ეჭვები, რომ პშიბიშევსკიმ ცოლი ან თანხის სანაცვლოდ დათმო, ან უბრალოდ თავიდან მოიცილა.
1901 წელს, გაზეთ „ტიფლისკი
ლისტოკის“ 26 მაისის ნომერში ასეთი შინაარსის ცნობა გამოქვეყნდა:
„მცირეწლოვანი ვაჟიშვილი გიწვევთ უდროოდ გარდაცვლილი დედის, დაგნი ფშიბიშევსკაიას გამოსვენებაზე, რომელიც შედგება დღეს, 4 საათზე, მიხეილის საავადმყოფოდან. დაკრძალვა მოხდება რომაულ-კათოლიკურ სასაფლაოზე“.
დაგნი იუელი-ფშიბიშევსკაია 1901 წელს, თბილისის რომაულ-კათოლიკურ
სასაფლაოზე დაკრძალეს.
თითქმის საუკუნის შემდეგ, 1999 წლის 20 მაისს, დაგნი
კუკიის სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელთან, წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარე საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.
თუმცა, ამ თემაზე, საკმაოდ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს კინორეჟისორი - ლიანა ელიავა სტატიაში - „სიყვარულის მისტერიები“. კინორეჟისორი ჰამსუნის რომანზე - „მისტერიებზე“ ამახვილებს ყურადღებას. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარ გმირს დაგნი ჰქვია. დაგნი ერთი ნახვით უყვარდება მოხეტიალე მხატვარს - ნაგელს. პერსონაჟ დაგნისაც, რეალური დაგნის მსგავსად, ნათელი სახე, ღია ფერის სქელი თმა და ცისფერი თვალები აქვს. „მისტერიების“ დაგნი დანიშნულია და მხოლოდ 1893 წელს გამოქვეყნებულ, ჰამსუნის მომდევნო რომანში თხოვდება. რეალური დაგნიც სადღაც ამ დროს უნდა გათხოვილიყო.
დაგნი იუელის მკვლელობის ამბავი არაერთი ქართულ თუ უცხოურ - მოთხრობას, რომანსა და პიესას დაედო საფუძვლად...
ასეთი იყო ყოფილი სასტუმროების: „ლონდონისა“ და „გრანდ-ოტელის“ ისტორია, მოვლენები და ამბები, რომლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
დღეს ორივე შენობა საცხოვრებელ სახლადაა ქცეული და ძნელად
თუ მიხვდება ვინმე, რომ ამ სასტუმროებში ძველი თბილისის ისტორიის განსაკუთრებული თავები
იწერებოდა...
რა ბედი ელის „ლონდონსა“ და „გრანდ ოტელს“, როგორი იქნება მათი იერსახე, ამას ორბელიანის მოედნის სარესტავრაციო პროექტის დასრულების შემდეგ ვნახავთ...
წყარო: დავით ხოშტარია - "ძველი თბილისის სასტუმროები", არტანუჯი, 2011წ.
ლიანა ელიავა - „ჩემი სკანდინავია“, „ინტელექტი“, 2017წ.
ანდრე კარბელაშვილი - სილამაზის ბედისწერა, ჟურნალი "ომეგა", #4, 2002წ.
კნუტ ჰამსუნი - "განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში", "ინტელექტი"
ანდრე კარბელაშვილი - სილამაზის ბედისწერა, ჟურნალი "ომეგა", #4, 2002წ.
კნუტ ჰამსუნი - "განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში", "ინტელექტი"