რონალდ დ.ასმუსი - მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა

უკვე ღიად ვლაპარაკობდით იმ ზაფხულს რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკ-ფაქტორის თაობაზე. რამდენიმე კვირის წინ სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის კონფიდენციალური სამშვიდობო წინადადება ჰქონდა გაგზავნილი აფხაზეთთან დაკავშირებით და იმედოვნებდა, პასუხს მეორე დღისთვის ყაზახეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებდა. ხოლო ახლა, დუბროვნიკში, ერთდროულად ცდილობდა ბოლოდროინდელი დასავლური დიპლომატიის ინიციატივების გულწრფელი მომხრე გამხდარიყო და თან შავ ბაზარზე სტინგერის მსგავსი თანამედროვე შეიარაღებაც შეეძინა - იმ შემთხვევისთვის, თუკი დაძაბულობა უკვე სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდებოდა.

აშშ-მა და ევროპამ მოსკოვის მიერ სამხედრო გზით ტერიტორიების მიტაცების შედეგები ვერ აღმოფხვრეს და ომამდელი სტატუს-კვო ვერ აღადგინეს; ამერიკის ახლო პარტნიორს და ნატო-ს წევრობის კანდიდატ ქვეყანას შემოესივნენ და მის დასახმარებლად თავი დიდად ვერც ვაშინგტონმა გამოიდო და ვერც - ატლანტიკურმა ალიანსმა.

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება - 7 აგვისტოს ბრძოლის დაწყებასთან დაკავშირებით - გარკვეულ ლოგიკას ემყარებოდა: მისი ქმედება სასოწარკვეთილი პასუხი იყო იმ გარდაუვალ საფრთხეზე, რაც საქართველოს ათობით ათასი მოქალაქის ეთნიკურ წმენდას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ერთხელ და სამუდამოდ დაკარგვასა და რუსების თავად თბილისში შემოჭრის ალბათობასაც გულისხმობდა; ამავე დროს, იგი დარწმუნებული იყო, რომ პოლიტიკურადაც ვეღარ გაძლებდა, თუ თავადაც არ გამოიღებდა ხელს. მაგრამ ეს არგუმენტები იმას არ ნიშნავს, რომ ბრძნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული: პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოიწყო ომი, რომლის დაწყებასაც არც ერთი მოკავშირე არ ურჩევდა - აკი აფრთხილებდნენ კიდეც, რომ ამ წამოწყებას მხარს არ დაუჭერდნენ და რომ ამ ომის „მოგება“ მისთვის იმთავითვე შეუძლებელი ჩანდა.

საქართველოში პირველად ჩასულებს, ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი აფრთხილებდა კიდეც - ქართული პოლიტიკის უპირველესი წესი ყველაფრის 25%-ით და იქნებ კიდევ უფრო მეტით გაზვიადებააო.

სააკაშვილმა ომში ჩაბმა გადაწყვიტა. ეს მყისიერი გადაწყვეტილება გახლდათ - სწორედ ის, რაც ევროკავშირის დამოუკიდებელმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში (IIFFMCG) და მისმა ხელმძღვანელმა, საგანგებო ელჩმა, ჰეიდი ტალიავინმა შემდგომში საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისით გაუმართლებლად მიიჩნია.

ქართულ შეიარაღებულ ძალებს ბევრი რამ აკლდა, თუმცა თბილისმა თანხები არ დაიშურა შორ მანძილზე სათვალთვალო მოწყობილობების - მათ შორის, ღამით დაკვირვების თერმული აღჭურვილობის შესაძენად. ომში ჩაბმის საბოლოო ბრძანების გაცემისაკენ სააკაშვილს რამდენიმე ფაქტორმა უბიძგა: ოსურმა თუ რუსულმა მხარეებმა უპასუხოდ დატოვეს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის მისი ინიციატივა, იმავე საღამოს განაახლეს ქართული სოფლების დაბომბვა. რუსული შენაერთები კი კვლავინდებურად აგრძელებდნენ წინსვლას, ამავე დროს, დაზვერვის ახალი მონაცემების თანახმად, დაღამებისთანავე რუსეთის დამატებითი ძალებიც აპირებდნენ როკის გვირაბის გამოვლას. თუმცა ბოლო წვეთი მაინც ქართული დაზვერვის მიერ უშუალოდ დაფიქსირებული ის კოლონა გახლდათ, რომელიც ჯავიდან ცხინვალისაკენ მოემართებოდა. მისი რაოდენობა და აღჭურვილობა - ტანკები, ჯავშანმანქანები და არტილერია - ქართულ მხარეს საფუძველს აძლევდა დაესკვნა, რომ კოლონა არც სამხრეთ და არც ჩრდილო ოსეთის „მოხალისეებისაგან“ არ შედგებოდა - ეს რუსული არმია იყო.

მოსკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 8 აგვისტოს, დღის 14 საათზე შევიდნენ, თუმცა ეს განცხადება, უბრალოდ, სიცრუეა.

თითქოს რაღაც წეს-ჩვეულებადაც კი იქცა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის ბოლო საარტილერიო ბათქა-ბუთქის ატეხა ივლისის მიწურულსა თუ აგვისტოს დასაწყისში - შემდგომი საზაფხულო „დაზავებების“ წინ. სცენარიც თითქოს მუდმივად მეორდებოდა: ზაფხულობით სამხრეთ ოსეთის მხარე სროლას ატეხდა, ქართველები უპასუხებდნენ, და მერე, ერთი-ორი დღის შემდეგ, რომელიმე მხარე - ჩვეულებრივ, ოღონდ არა ყოველთვის, საქართველო - ცეცხლს წყვეტდა ხოლმე. ერთადერთი გამონაკლისი 2004 წელი იყო, როცა ვითარება ქართულმა მხარემ დაძაბა და უკანაც მხოლოდ მას შემდეგ დაიხია, რაც მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. ეს გაკვეთილი თბილისს არ დავიწყებია და შემდგომში ბევრად უფრო ფრთხილად მოქმედებდა. 2007 წლის ზაფხულში ორმა რუსულმა თვითმფრინავმა სოფელ წითელუბანთან, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური ზონის საზღვრის სიახლოვეს, ქართული სარადარო სისტემა დაბომბა. ერთ-ერთი გაშვებული რაკეტა არ აფეთქდა და, მოსკოვის ფიცი-მტკიცის მიუხედავად, დასავლელ ექსპერტებს მისი რუსული წარმოშობის დამტკიცება არ გასჭირვებიათ.

მართალია ბევრი კეთილისმსურველი მრჩეველი და დასავლელი მეგობარი ურჩევდა - მიივიწყე გაყინული კონფლიქტების მნიშვნელობა, დააბრალე მათი დაკარგვა წინამორბედებს - მაგრამ სააკაშვილს მაინც მხურვალედ სჯეროდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა და ამ სეპარატისტული პროვინციის დაბრუნებას თავისი პოლიტიკური მანიფესტის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აცხადებდა.

ვინ და როგორც არ უნდა შეაფასოს ქართული საბრძოლო ძალების მოქმედება, არც თავად ქვეყანა და არც მისი არმია სამხრეთ ოსეთში შეტევითი სამხედრო ოპერაციის წამოწყებისათვის მზად არ იყო. არადა მოგვიანებით, მოსკოვის პროპაგანდა თბილისს სწორედაც რომ შეტევის დაწყებას უკიჟინებდა.

იაკობაშვილი შტაბში მივიდა და გენერალთან ერთი ერთზე დაჯდა სასაუბროდ. კულახმეტოვმა კაბინეტში ჩამხშობი აპარატურა ჩართო, რათა მათი საუბარი საიდუმლოდ დარჩენილიყო. შემდგომ, იაკობაშვილის თქმით, კულახმეტოვმა გულწრფელად აღიარა, რომ სროლები ქართული მხარის მიმართულებით მართლაც რუსი სამშვიდობოების პოზიციების ახლომდებარე ტერიტორიებიდან ან უშუალოდ ამ პოზიციებიდანვე ხდებოდა, ანუ - სამხრეთ ოსური მხარე ნამდვილად იყენებდა ფარად რუს სამშვიდობოებს. თურმე ისიც უთქვამს, მე ამას აღვკვეთ, რადგან მე ისინი უკვე აღარც მემორჩილებიანო.

სხვადასხვა დროს, ბევრ ამერიკელ ჩინოსანს ასე ვთქვათ, კულუარულად უჩვენეს რუკები - მათ შორის, თავად სააკაშვილმაც - სადაც ქართული შეიარაღებული ძალების შესაძლო გადაადგილებები იყო დაფიქსირებული.

დასავლური პოლიტიკის პრობლემა სამხედრო ავანტიურისათვის რაღაც მითიური მწვანე შუქის ანთება-არანთებაში არ მდგომარეობდა; ეს უფრო რუსეთის მიერ საქართველოს დასჯის განზრახ შეუფასებლობა გახლდათ. იმის ცხადად გაუაზრებლობა, როგორ შექმნა კოსოვომ და ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა ამ განზრახვის აღსრულების წინაპირობები; და ასევე, დიპლომატიის მარცხი - მოსკოვის შესაჩერებლად და რეგიონში ვითარების სათანადო გაწონასწორების უზრუნველსაყოფად. ერთი მხრივ, საქართველოს გაფრთხილებას - სისულელეებისაგან თავი შეიკავეთო, მეორე მხრივ თან არ ახლდა ის აუცილებელი დიპლომატიური სტრატეგია, რაც მოსკოვს დასახული გეზიდან გადაახვევინებდა. მოკლედ, ომის თავიდან ასაცილებლად საკმაოდ მოკრძალებული და თან დაგვიანებული ნაბიჯები იქნა გადადგმული.

ერთ საღამოს, ომიდან უკვე 6 თვის შემდეგ, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში ვისხედით, პირდაპირ ვკითხე - მისი აზრით, რა მოხდებოდა, თუკი რჩევას ყურად იღებდა, 7 აგვისტოს იმ საბედისწერო საღამოს არაფერს მოიმოქმედებდა და დაელოდებოდა, სანამ დანარჩენი მსოფლიო თვითონ გაერკვეოდა - ვის მიუძღოდა ბრალი და საქართველოს დასახმარებლად ხელს გამოიღებდა? პასუხი ერთმნიშვნელოვანი გახლდათ - მას არ სჯეროდა, რომ როგორც პრეზიდენტი გადარჩებოდა, რადგან ქართველი ხალხი არც ერთ პრეზიდენტს არასოდეს აპატიებდა უმოქმედობას და იმასთან შეგუებას, უბრძოლველად როგორ კარგავდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს! მას ისიც ეეჭვებოდა, რომ დღევანდელი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩებოდა, რადგან მისი ღრმა რწმენით, რუსეთის ჭეშმარიტი მიზანი სეპარატისტული რეგიონების გაკონტროლება კი არა, პირადად მისი ხელისუფლების დისკრედიტაცია და დამხობა იყო საქართველოს პროდასავლური კურსიდან გადასაცდენად.

ქართველი მაღალჩინოსნები იხსენებენ ერთ-ერთ განსაკუთრებით პირდაპირ რომ არა ვთქვათ, უხეშ საუბარს პუტინსა და სააკაშვილს შორის (პეტერბურგი, 2006 წლის ზაფხული). მაშინ პუტინმა მიღებამდე სამი საათი ალოდინა სააკაშვილს - იმის ხაზგასასმელად, ვინ ვის სჭირდებოდა და უფრო მეტად, რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ დაანახა, რომ საქართველოს თავად უნდა აერჩია, რომელ მხარეს აპირებდა დგომას. როცა იგივე სააკაშვილი თუ სხვა ქართველი მაღალჩინოსნები სვამდნენ კითხვას: პრაქტიკული თვალსაზრისით რას გულისხმობდა რუსეთთან მოკავშირეობა, პასუხი მუდამ ერთი იყო: "თავადაც კარგად იცით, რაც უნდა ქნათ!" ანუ საქართველოს თავის პროდასავლურ გეზსა და ნატო-საკენ სწრაფვაზე უნდა ეთქვა უარი.

2007 წლის გაზაფხულზე სამხრეთ ოსეთში მივემგზავრებოდი მანქანით და გზაში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელი მიამბობდა იმ არაერთი ფაქტის შესახებ, როგორ ცდილობდნენ რუსები საქართველოს პოლიტიკაში უხეშ ჩარევას. როცა ვკითხე, შენს ამგვარ მოხსენებებზე შენივე მთავრობა როგორ რეაგირებს-მეთქი, მიპასუხა: "ვერ ვბედავ ყველაფრის მიწერას, რაც აქ ხდება. არავის სურს ამის  მოსმენა და არც არავინ დამიჯერებს. ეს არის ველური დასავლეთი."

2008 წლის გაზაფხულზე კოსოვოს აღიარებით დასავლურმა დიპლომატიამ ეს პრინციპი არ დაიცვა და უნებლიედ, იმავე წლის ზაფხულში, საქართველოში ომი გაჩაღებას შეუწყო ხელი. დასავლეთი ისე უჭერდა მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომ არავითარ კოორინირებულ მცდელობას არ ახორციელებდა ამ ნაბიჯის საქართველოს გაყინულ კონფლიქტებზე "გავლენის" თავიდან ასაცილებლად. ომის ხელშემწყობ პირობად ისიც იქცა, როგორ მოქმედებდა დასავლეთი ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, სადაც საქართველოსა და უკრაინისათვის "მაპ"-ის მიცემა-არმიცემის საკითხი იხილებოდა. ცხადია, არც ერთ შემთხვევაში, არც აშშ-ს და არც ევროპას, შეგნებულად საქართველოსთვის კვანტის დადების სურვილი არ ამოძრავებდა; უბრალოდ, მათი შეცდომა ის იყო, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს და მზადაც არ აღმოჩნდნენ გაეთვალისწინებინათ, სათავისოდ როგორ გამოიყენებდა მოსკოვი ამ ვითარებას.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხუთი დღის შემდეგ, პუტინი და სააკაშვილი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს დსთ-ის არაფორმალური სამიტის ფარგლებში. საუბარი კოსოვოს ამ ნაბიჯსა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობას შეეხო. ქარტული მხარის გადმოცემით, პუტინს სააკაშვილისათვის უთქვამს: აუცილებელია რეაგირება იმაზე, რაც ევროპამ კოსოვოში მოიმოქმედა; ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს და თქვენც გაითვალისწინეთ, რა წნეხს განვიცდით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მხრიდან - როგორღაც ხომ გამოვეპასუხოთ მათ მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ... არ გვესმის, რატომ წამოიწყო ამერიკამ ევროპის ისლამიზაციის კამპანია - მას მერე, რაც ალბანელებმა თავისი გაიტანეს, მეტსაც მოინდომებენ და ახლა მაკედონიასაც მისდგებიან! ხომ გესმით, რომ კოსოვოს შემდეგ, დასავლეთს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ - მართალია ვწუხვარ, მაგრამ თქვენც ამ პასუხის ნაწილად მოიაზრებით...

... ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ერთი პირი ლექცია კიდევ წაიკითხა ნატო-ში გაწევრიანების საფრთხეების თაობაზე: მას მერე, რაც ნატო კიდევ უფრო გაფართოვდება აღმოსავლეთით და საქართველოც ამ ორგანიზაციის წევრი გახდება, თქვენ ამ ბლოკის წესების დაცვა მოგიწევთ და შესაბამისად, ჩვენი ბირთვული და სამხედრო შესაძლებლობებისათვის სავარაუდო საფრთხეც შეიძლება გახდეთ. როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება, თავს არავინ შეიწუხებს თქვენი მოსაზრებების მოსმენით, ისევე, როგორც კაციშვილი არ ჰკითხავს პოლონელებსა და ჩეხებს, რას ფიქრობენ მათ ქვეყნებში ამერიკული თავდაცვითი სარაკეტო სისტემების განლაგების თაობაზე... ნატო-ს მიზანი რუსეთის სუვერენიტეტის ხელყოფაა... კონდი (კონდოლიზა რაისი) იმ დოკუმენტის გამოგზავნას დამპირდა, რაც ამერიკული რადარების რუსეთის მხრიდან სადღეღამისო მეთვალყურეობის უფლებას დაადასტურებს. მაგრამ, სად ჯანდაბაშია ეს დოკუმენტი?! ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ თქვენი დამოუკიდებლობაც შეიზღუდება და საქართველო უკვე მართლა საფრთხედ იქცევა ჩვენთვის!

ბუქარესტში მაპ-თან დაკავშირებული დავა-კამათი მხოლოდ იმას არ შეეხებოდა, რამდენად პასუხობდნენ საქართველო და უკრაინა ტექნიკურ მოთხოვნებს და რამდენად "ჯდებოდნენ" ისინი ნატო-ს დოქტრინით გათვალისწინებულ ზოგად სტანდარტებში. დავა ნატო-ს სამომავლო გაფართოეაზე, ალიანსის ბედსა და რუსეთთან ურთიერთობების გამო მიდიოდა. მაპ-ი უბრალოდ საბაბად იქცა ალიანსის სტრატეგიული მიმართულებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო.

როცა აცხადებდნენ - უკრაინა და საქართველო ჯერ მზად არ არიანო, ამით იმასაც აღიარებდნენ, არც ჩვენ ვართ მზადო.

მიუნჰენში, ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ისინი (მერკელი და სააკაშვილი) პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მცირე ხანს ისაუბრეს და ამ საუბართან დაკავშირებით ორივეს უსიამო შთაბეჭდილება დარჩა. ... მერე მერკელის თანაშემწეები იხსენებდნენ - ჩვენს კანცლერს ამაზე უარესი შეხვედრა არასოდეს ჰქონიაო...

ნიკოლა სარკოზი, როგორც იმხანად ის პარიზში სტუმრად ჩასულ კოლეგებს ეუბნებოდა, ჩემსა და შირაკს შორის უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ ჩემი წინამორბედი "ანტიბუშისტი" იყო, მე კი "ანტიპუტინისტი" ვარო.

"არ შეიძლება რუსებისთვის ვეტოს უფლების მიცემა", - თქვა კაჩინსკიმ, - "ეს უსამართლობა იქნება საქართველოს და უკრაინის მიმართ... ნატო ასე არ მუშაობს". "საქმე არც რუსეთია და არც მისი ვეტო", - შეეპასუხა მერკელი - "მთავარია, მზად არიან ეს ქვეყნები მაპ-ისთვის თუ არა; და კიდევ, - რამდენად შესაფერისი დროა ახლა მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად". საუბარში ბესესკუც ჩაერთო, მერკელს შეხედა და ჰკითხა: "იმაში თუ ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყნები ნატო-ს წევრობას იმსახურებენ და ვეტოს უფლებაც არავის უნდა ჰქონდეს?" მერკელმა თქვა, ეგ საკამათო არაა და ყველა ერთ აზრზე ვდგავართო. ბესესკუს ადამკუსმაც აუბა მხარი: "ანუ ვთანხმდებით, რომ ისინი ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ?" "მაგაზე ვთანხმდებით", - მიუგო მერკელმა - "უბრალოდ, ვადებთან დაკავშირებით გვაქვს სხვადასხვა აზრი". "მერედა, ასეც ჩავწეროთ!" - ლამის მაშინვე ერთხმად წამოიძახა სამივე პრეზიდენტმა.

21 ივნისით დათარიღებულ წერილში, სააკაშვილმა პრობლემის შუალედური მოგვარების გეგმა წარმოადგინა, სადაც თავიდან იყო არიდებული სიტყვა "გაყოფა", მაგრამ იგულისხმებოდა პროვინციის (აფხაზეთის) ორ ნაწილად გაცალკევება - ერთში საქართველოს გავლენა გავრცელდებოდა, მეორე კი, ფაქტობრივად, რუსეთის ხელში რჩებოდა. პირველ ნაწილში მოიაზრებოდა გალისა და ოჩამჩირის რაიონები, სადაც ომამდე ძირითადად ეთნიკური ქართველები სახლობდნენ და ომის შემდეგაც მთლიანად მაინც არ მიუტოვებიათ იქაურობა. იგულისხმებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც ერთობლივად უნდა ემართათ - შერეულ აფხაზურ-ქართულ ან საერთაშორისო ადმინისტრაციას - და რომლის არსებობაც აფხაზებს გარე სამყაროსთან ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემდა. თბილისი ასევე სთავაზობდა შერეული კანონდამცავი სტრუქტურების შექმნას - საერთაშორისო ძალების მონაწილეობითა და ზედამხედველობით - საზღვრისპირა რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

სადილზე მაგიდას ჩვენთან ერთად ელმარ ბროკიც უჯდა - ევროპარლამენტის ერთ-ერთი თვალსაჩინო გერმანელი დეპუტატი. მან გვითხრა - ამას წინათ ევროკავშირში რუსეთის ელჩ ვლადიმერ ჩიჟოვს შევხვდი ბრიუსელში და ვუთხარი - სექტემბერში საქართველოში ჩასვლას ვგეგმავ-მეთქი. რუს დიპლომატს კი ჩაუღიმია და უთქვამს - იქნებ უფრო ადრე ჩასულიყავით, ვაითუ სექტემბერში გვიანი იყოსო... და ასეც მოხდა.

მოკლედ, იმ საღამოს, ადგილობრივმა მოხელეებმა ბორისოვი და კოლპაჩენკოვი დასალევად მიიპატიჟეს. რუსი გენერლების გარდა, სუფრთასთან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსანდრე ლომაიაც იჯდა. მწირი პურ-მარილი გაიშალა - პური, ყველი, თევზის კონსერვი, მოხარშული სოსისი, რამდენიმე ბოთლი ლიმონათი და, ცხადია, არაყი. ლომაიამ რუს გენერლებს ჰკითხა - რა გინდათ საქართველოში და საერთოდ, აწი რას აპირებთო? კოლპაჩენკოვი, როგორც ჩანს, შეკითხვამ არ გააკვირვა - ის კი არა, თითქოს ელოდა კიდეც. მერე მარჯვენა ხელი ასწია და ხელისგულთან მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მიიტანა: „აი, საქართველო...“ - თქვა - „დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე. იოლად დასათრევი ქვეყანაა. დასავლეთით აფხაზეთის და აღმოსავლეთით სამხრეთ ოსეთის ხელში ჩაგდებით, ამ ქვეყანას ახლა სულ ნაწილ-ნაწილ ვშლით... მთავარ საჰაერო და საზღვაო პორტებს ვბომბავთ, არმიას მომარაგების გარეშე ვტოვებთ, მერე კი ვსხდებით და ველოდებით, სანამ სასოწარკვეთილი მოსახლეობა ხელისუფლებას არ დაამხობს!“ ლომაიამ გენერალს ეს იშვიათი პირდაპირობა შეუქო; კალპაჩენკოვმა გაიღიმა და უპასუხა - მე ხომ ერთი უბრალო ჯარისკაცი ვარო.

ვაშინგტონი შიშობდა, რომ მოსკოვი კიდევ უფრო შორს წავიდოდა, სრულად ისარგებლებდა სააკაშვილის შეცდომით და უმძიმეს დარტყმასაც მიაყენებდა მას. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოსანმა განაცხადა: ვიცოდით, რა მოუთმენლად ელოდა მოსკოვი ამ შანსს და მთელი ჩვენი პოლიტიკა ამის შეჩერება და შეზღუდვა უნდა ყოფილიყოო.

იმავდროულად, იმასაც ანგარიშობდნენ - ხომ არ იყო მოსკოვის ეს ქმედებები უფრო ფართო შეტევითი პოლიტიკის მხოლოდ პირველი საფეხური, რაც შემდგომ, შესაძლოა, ყირიმში ან სულაც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებშიც გაგრძელებულიყო, და თუკი მართლა ეს იყო ჩაფიქრებული, სად უნდა გაევლო აშშ-ს საკუთარი „წითელი ხაზი“?

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთმა მაღალჩინოსანმა კერძო საუბარში გარკვევით მიანიშნა, რა ადგილი ეკავა საქართველოსა და ამიერკავკასიას მისი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტთა ნუსხაში: „საქართველო არაა, არც არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს მოხვდება საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესის არეალში; მაგრამ ჩვენი ამოცანაა თავად ევროკავშირის ფარგლებში მისი განხეთქილების ვაშლად გადაქცევა არ დავუშვათ- შესაბამისად, შუალედურ პოზიციას დავიკავებთ მათ შორის, ვისაც, ერთი მხრივ, მისი მეტი დახმარება სურს და, მეორე მხრივ - ვინც ამისაგან თავს იკავებს“.

სტუბი კუშნერს დაუკავშირდა და შეთანხმდნენ, რომ თბილისში ერთად ჩავიდოდნენ, როგორც ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები. ჩამოსვლისთანავე ისინი სააკაშვილთან შეხვედრაზე მიიწვიეს, შეხვედრის შემდეგ კი - ვახშამზე, რესტორან „კოპოლაში“ სუფრასთან საუბარი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ეხებოდა და მთელ ამ სცენას ერთგვარი სიურრეალიზმის ელფერი დაჰკრავდა - ქვეყანაში ომი იყო გაჩაღებული, თბილისს კი არაფერი ეტყობოდა და ხალხიც ერთობოდა - ძირითადად, რესტორნებში ატარებდა დროს! როცა კუშნერმა და სტუბმა ეს გაიკვირვეს, სააკაშვილმა ურჩია - გორში ჩადით და თქვენი თვალით ნახეთ, რას ნიშნავს ომიო... მაგრამ შუაღამეს გადაცილებული იყო, და სტუმრებმაც დილამდე მოცდა ამჯობინეს.

პუტინსა და სარკოზის შორის საკმაოდ დაძაბული სიტყვიერი ფარიკაობა შედგა, რაც შემდგომ ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა კიდეც: „მინდა, რომ სააკაშვილი კაკლებით ჩამოვკიდო!“ - თქვა პუტინმა. „როგორ თუ ჩამოკიდო?!“ - გაიკვირვა სარკოზიმ. „რატომ არა?“ - დაეკითხა პუტინი - „ამერიკელებმა ხომ ჩამოკიდეს სადამი!“ „განა თქვენც ბუშივით გინდათ დაამთავროთ?“ - ჩაეღიმა საფრანგეთის პრეზიდენტს. პუტინმა ცოტა ხანს შეიცადა და მერე თქვა: „ამაში კი მართალი ხარ...“

მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა