უილიამ სომერსეტ მოემი - ღვთისმსახური
იმ ნაშუადღევს წმ. პეტრეს ტაძარში ნათლობა იყო, ნევილის სკვერში, ხოლო ალბერტ ედვარდ ფორემენს კვლავ ემოსა ღვთისმსახურის სამოსი. ახალს კი, რომელიც არ იყო ალპაკას მატყლისგან დამზადებული, და რომლის ნაკეცებიც ფართო და მოუქნელი იყო, დაკრძალვებისა და ჯვრისწერებისთვის ინახავდა (ასეთი ცერემონიებისთვის წმ. პეტრეს ტაძარი, ნევილის სკვერში ძალიან პრესტიჟული იყო მოდას აყოლილთა წრეში) შესაბამისად ახლა მას მხოლოდ მეორეხარისხოვანი ემოსა. იგი ამაყობდა ამ სამოსით, რადგან იგი მისი სამსახურის ღირსეული სიმბოლო იყო და მის გარეშე დაბნეულობის შეგრძნება ეუფლებოდა (დაუშვად, როდესაც იგი სახლში წასვლის დროს იხდიდა მას), შეგრძნება იმისა თითქოს არ იყო საკმარისად შემოსილი.
ღვთისმსახური ძალ-ღონეს არ იშურებდა მის მოსავლელად; თავად რეცხავდა და აუთოებდა მას. თექვსმეტი წლის მანძილზე მსახურობდა იგი ამ ეკლესიაში, უთვალავი სამოსი ჰქონია ამ ხნის მანძილზე, მაგრამ არასდროს იმის ძალა, რომ რომელიმე მათგანი გადაეგდო, როდესაც ისინი გაცვდებოდნენ და ამის გამო, თითოეული მათგანი, კოხტად ჩალაგებული და გახვეული ყავისფერ ქაღალდში, მის საძინებელში განისვენებდა გარდერობის ბოლო უჯრაში. ღვთისმსახური წყნარად ასრულებდა თავის საქმეს, მარმარილოს ემბაზს ააცალა მოხატული ხის საფარი, გაიტანა სკამი, რომელიც შეუძლოდ მყოფ მოხუც ქალბატონს მოუტანეს და უცდიდა მღდველს როდის გამოვიდოდა სამლოცველოდან, რომ მიელაგებინა იქაურობა და სახლში წასულიყო. თუმცა თვალი მოკრა, როგორ ჩაუარა მან გვერდით საკურთხეველს, მუხლი მოიყარა მის წინაშე და გამოვიდა რიგებს შორიდან; მღდველს ჯერ კიდევ ანაფორა ემოსა.
"რას დაყუდებულა ნეტავ” ეკითხებოდა თავის თავს ღვთისმსახური, ”არ იცის რომ ჩაი მინდა?"
მღდველი წითური სახის, ენერგიული ასე ორმოც წლამდე მამაკაცი ახალი დანიშნული იყო, ალბერტ ედვარდი კი ისევ მის წინამორბედს მისტიროდა, ძველი თაობის წარმომადგენელს, რომელიც აუღელვებლად, ნელა ქადაგებდა თავისი წმინდა ხმით და ხშირად სადილობდა გარეთ თავის მეტად არისტოკრატიულ მრევლთან ერთად; მას მოსწონდა ყველაფერი ისე, როგორც იყო, არასოდეს აპროტესტებდა; არ იყო ის ადამიანი, რომელიც ყველას საქმეში ცხვირს ჰყოფდა. ალბერტ ედვარდი ტოლერანტული იყო.
წმ. პეტრეს ტაძარი კარგ უბანში მდებარეობდა და მრევლიც სასიამოვნო კლასის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ახალი მღვდელი ისტ ენდიდან იყო და ასე უცებ ჯერ ვერ დაახლოვდებოდა მისი მოდური მრევლის ყველა წარმომადგენელს. ”რა საჩქაროა” ამბობდა ალბერტ ედვარდი; ”ადროვეთ, ისწავლის”. როდესაც მღვდელი ისე მიუახლოვდა ღვთისმსახურს, რომ მის ხმას ხმის აწევის გარეშეც გაიგონებდა, შეჩერდა და უთხრა: ”ფორემენ, შეგიძლია სამლოცველოში ამოხვიდე ერთი წუთით, რაღაც მაქვს სათქმელი”. ”კარგი, ბატონო”. მღვდელი დაელოდა მას და მათ ერთად გაიარეს გზა სამლოცველომდე. ”კარგი ნათლობა იყო, ასე მგონია.
საოცარია არაა, როდესაც ბავშვი ხელში აიყვანეთ მაშინვე შეწყვიტა ტირილი”. ”მეც შევამჩნიე, ყოველთვის ასე ხდება” ღიმილით უპასუხა მღვდელმა. ”ბოლოს და ბოლოს მე კარგი გამოცდილება მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის”. ეს რაღაც ფარული სიამაყის გრძნობა იყო მისთვის, რადგან თითქმის ყოველთვის შეეძლო ატირებული ჩვილის გაჩუმება, ხელში აყვანით, მას თავში არ უვარდებოდა მშობლების და ძიძების აღტაცებული მზერა, როდესაც იგი მათ შვილს მკლავზე იწვენდა და ამშვიდებდა. ალბერტმა იცოდა, რომ მას სიამოვნებდა შექება. მღვდელი ღვთისმსახურს სამლოცველოში შეუძღვა. აქ ალბერტ ედვარდი მცირედ გაოცდა, როდესაც ორი ეკონომუსი დახვდა; არ გაუგია მათი მოსვლა.
ეკონომუსები თავის დაკვრით მიესალმნენ. „შუადღე მშვიდობისა თქვენი უწმინდესობავ, შუადღე მშვიდობისა, ბატონო“ მიესალმა მათ ერთიმეორის მიყოლებით. ისინი ხანშიშესული მამაკაცები იყვნენ, და ეკონომუსებად მსახურობდნენ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ალბერტ ედვარდი ღვთისმსახური იყო. ახლა ისინი ლამაზი, სატრაპეზო მაგიდის გარშემო ისხდნენ, რომელიც ძველმა მღვდელმა იტალიიდან ჩამოიტანა მრავალი წლის წინ, მღვდელიც დაჯდა, მათ შორის მდებარე ცარიელ სკამზე. ალბერტ ედვარდი უხერხულად და გაოცებით ხან მათ შეჰყურებდა და ხან მაგიდას და აინტერესებდა რაში იყო საქმე. მას კვლავ ახსოვდა შემთხვევა, რომელშიც ორღანისტი გაება და ის ხლაფორთი, რომელიც გადაიტანეს, ამ საქმის ჩასაფარცხად. ისეთი ეკლესია, როგორიც იყო წმ. პეტრეს ეკლესია, ნევილის სკვერში, ასეთ სკანდალს ვერ დაუშვებდა. მღვდელის წითურ სახეზე, მკვეთრად კეთილი გამომეტყველება მოჩანდა, ხოლო დანარჩენები მცირედ შეშფოთებული სახით ისხნდნენ. „ტვინი შეუჭამა ალბათ ამათ“ გაიფიქრა ღვთისმსახურმა. „დააბოლა ალბათ ისინი, რომ რაღაც ისეთი გაეკეთებინათ, რაც არ უნდოდათ რა“. „აი ეგრეა ზუსტად, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“.
თუმცა მისი ფიქრები არ ასახულა ალბერტ ედვარდის წმინდა და გამორჩეულ ნაკვთებზე. ის იდგა პატივისცემით მაგრამ არა მორჩილებით.
საეკლესიო თანამდებობაზე დანიშვნამდე ის მსახურობდა, მაგრამ მხოლოდ ძალიან კარგ სახლებში და მისი მანერები და ქცევა უნაკლო ნამდვილად იყო. დაიწყო, როგორც პაჟმა ვაჭარი-პრინცის კარზე, შემდეგ იერარქიულად მეოთხე ხარისხის ლაქიის პოზიციიდან დაწინაურდა პირველ ხარისხამდე, ერთი წლის განმავლობაში იყო მსახურთუფროსი ქვრივი ლედის ოჯახში და ვიდრე წმ. პეტრეს ეკლესიაში ვაკანსია გამოჩნდებოდა, იგი გადამდგარი ელჩის ოჯახში მსახურობდა მსახურთუფროსად, სადაც ორი ქვეშევრდომი ჰყავდა. გარეგნულად იყო მაღალი, გამხდარი, სერიოზული და ამაყი. შეიძლება როგორც ჰერცოგი ისე არ გამოიყურებოდა, მაგრამ ჰგავდა იმ მსახიობს, რომელიც მუდამ ჰერცოგის როლებს ასრულებს. გამოირჩეოდა ტაქტით, სიმტკიცით და თვიდაჯერებულობით. მოკლედ, შეუდარებელი ხასიათი ჰქონდა.
მღვდელმა ცოცხლად წამოიწყო საუბარი. „ფორემენ, რაღაც არასასიამოვნო უნდა გითხრათ. შენ აქ მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდი, ბატონებიც მეთანხმებიან, რომ შენ კარგად ასრულებ შენს მოვალეობებს, რითაც ყველა კმაყოფილია“. ორივე ეკონომუსმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. „ამას წინათ მეტად საოცარი რამ გავიგე და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე მათთვისაც გამეზიარებინა იგი. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ თქვენ არც წერა და არც კითხვა არ შეგიძლიათ“.
ღვთისმსახურის სახეზე უხერხულობის ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნეოდა.
„ბოლო მღვდელმა იცოდა ამის შესახებ, ბატონო“ - უპასუხა მან.
„მეუბნებოდა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მსოფლიოში საკმარისზე მეტი განათლება იყო რაც მის გემოვნებას აკმაყოფილებდა“.
„ეს ყველაზე დიდი საოცრებაა რაც კი ოდესმე მსმენია“ - წამოიძახა ერთ-ერთმა ეკონომუსმა. „შენ ამბობ, რომ თექვსმეტი წელია მსახურობ ამ ეკლესიაში და წერა-კითხვა არასოდეს გისწავლია?“
მუშაობა თორმეტი წლისამ დავიწყე ბატონო. ერთხელ მზარეული ცდილობდა ესწავლებინა ჩემთვის, მაგრამ ეტყობა ამის ფხა არა მქონდა, შემდეგ კიდე ხან რას ვაწყდებოდი და ხან რას, ამის დრო არასოდეს მქონია და სიმართლე გითხრათ არც მდომებია. ჩემი აზრით ეს ახალგაზრდები დროს უქმად კარგავენ კითხვაში, როდესაც გარშემო ამდენი სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლება“. „და არასოდეს გინდოდა ახალი ამბების გაგება?“ - შეეკითხა ეკონომუსმა.
„წერილის დაწერაც არ დაგჭირვებია?“
„არა, თქვენო უწმონდესობავ, მის გარეშეც იოლად გავდივარ. ამ ბოლო წლებში გაზეთების დასურათებაც დაიწყეს და ისედაც კარგად ვიგებ რა ხდება ქვეყანაზე. ჩემი ცოლი კარგი განათლების ქალია და როცა მჭირდება წერილს ის მიწერს.“
ეკონომუსებმა შეშფოთებით გადახედეს ერთიმეორეს და მაგიდას ჩააშტერდნენ. „მაშ, ფორემენ, მე ვიმსჯელე ჯენტლმენებთან ამ საკითხის ირგვლივ და ისინი სავსებით მეთანხმებიან, რომ სიტუაცია გამოუვალია. ისეთი ადგილი, როგორიც არის წმ. პეტრეს ეკლესია ნევილის სკვერში, ვერ შეინახავს წერა-კითხვის უცოდინარ ღვთისმსახურს“.
ალბერტ ედვარდს გამხდარი, მიწისფერი სახე წამოუწითლდა და უხერხულად ამოძრავდა, თუმცა სიტყვა არ დაუძრავს.
გამიგე ფორემენ, მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. შენ კარგად ასრულებ შენს საქმეს, მე ზეშეხედულება მაქვს როგორც შენს ხასიათზე, ასევე შენს შესაძლებლობებზე; მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება გავრისკოთ რადგან რაიმე შემთხვევით შეიძლება გამოჩნდეს შენი საცოდავი უცოდინრობა. ეს არა მხოლოდ წინდახედულობის არამედ პრინციპის საკითხიც არის“.
„და არ შეგიძლიათ ისწავლოთ, ფორემენ?“ - შეეკითხა ეკონომუსი.
„არა ბატონო, ვშიშობ რომ არ შემიძლია, უკვე აღარ. იცით, მე აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა როგორც ადრე და თუ ჩემს თავში ვერაფერი შევიდა ბავშვობაში, არა მგონია ახლა ამის უფრო მეტი შანსი მქონდეს“. „ჩვენ არ გვსურს მკაცრად მოგექცეთ, ფორემენ“ - თქვა მღვდელმა.
„მაგრამ მე და ეკონომუსებმა მივიღეთ გადაწყვეტილება. გაძლევთ სამ თვეს და თუ ამ პერიოდის შემდეგ თქვენ ვერ ისწავლით წერა-კითხვას, ვშიშობ, რომ უნდა დატოვოთ აქაურობა“.
ალბერტ ედვარდს არასდროს მოსწონდა ახალი მღვდელი. დასაწყისში აღნიშნა მან რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც იგი მიიღეს წმინდა პეტრეს ეკლესიაში. ის არ იყო იმ ტიპის კაცი, რომელიც მისაღები იქნებოდა ისეთი მაღალი კლასის მრევლისთვის, რომელიც მათ ჰყავდათ. და აი ცოტა წელში წამოიმართა. მან იცოდა თავის ფასი და არ აპირებდა ასე იოლად მიეღო დატუქსვა.
„მე ძალიან ვწუხვარ, ვიცი რომ ეს არ არის კარგი, მაგრამ ბებერი ძაღლი ახალ ხრიკებს ვეღარ ისწავლის ბატონო. მრავალი წელი ვიცხოვრე წერა-კითხვის ცოდნის გარეშე, ამით აღტაცებული არც ვყოფილვარ, საკუთარი თავით აღტაცება არც არის სასურველი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამ ცხოვრებაში ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, ვაკეთებდი იმას რაც ბედისწერამ ჩემთვის გამოიმეტა და ახლა რომც შემეძლოს სწავლა, რაღაც არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მე ეს მინდა.“
„მაშინ ფორემენ, ვწუხვარ, მაგრამ უნდა წახვიდეთ“.
„კი ბატონო, მესმის თქვენი. გამეხარდება თუ მალე იპოვით ჩემს შემცვლელს“.
მაგრამ როდესაც ალბერტ ედვარდმა მისი ჩვეული ზრდილობით გაიხურა ეკლესიის კარი და დატოვა მღვდელი და ეკონომუსები, ვეღარ აიტანა ეს ღირსეული სიმშვიდე და აკანკალდა. იგი ნელი ნაბიჯით გაემართა სამლოცველოსკენ, ჩამოკიდა ღვთისმსახურის სამოსი იმავე საკიდარზე, თვალწინ წარმოუდგა ყველა ის დიდებული დასაფლავება და ლამაზი ქორწილები, რომელიც მას აქ ენახა და სინანულით ამოიოხრა. გაიხურა ეკლესიის კარი და დაეშვა სკვერისკენ, ღრმად ჩაძირული თავის სევდიან ფიქრებში; შინისკენ არ მიდიოდა, სადაც ფინჯანი ცხელი ჩაი ელოდა; მან სხვაგან გაუხვია; დამძიმებული გულით ნელა მიუყვებოდა ქუჩებს; არ იცოდა რა ექნა, საგონებელში იყო ჩავარდნილი; ამდენი წლის განმავლობაში საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იყო, რაც უნდათ ის თქვან მღვდელმა და ეკონომუსებმა, იგი დიდებულად უძღვებოდა საქმეებს წმ. პეტრეს ტაძარში, ნევილის სკვერში, თავს ვერ დაიმცირებდა ამ სიტუაციასთან შეგუებით. მცირეოდენი დანაზოგი კი ჰქონდა გადანახული, მაგრამ ამის იმედზე ვერ იცხოვრებდა, ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდებოდა. ასეთი საკითხების წინაშე არასოდეს დამდგარა იგი. წმ. პეტრეს ტაძრის ღვთისმსახურები რომის პაპებივით, მთელი ცხოვრებით იყვნენ. ხშირად გაიფიქრებდა ხოლმე თუ რა სასიამოვნო იქნებოდა, როდესაც მღვდელი, მისი, ღვთისმსახურ ალბერტ ედვარდ ფორემენის გარდაცვალებიდან პირველ კვირა დღეს ქადაგებაში მოიხსენიებდა მას მისი ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისთვის და სანიმუშო ყოფაქცევისთვის. ღრმად ამოიოხრა.
ალბერტ ედვარდი არც მსმელი იყო და არც მწეველი, თუმცა რაღაც თავისუფალი მიდგომა ჰქონდა ამის მიმართ; უყვარდა სადილობისას კათხა ლუდი და დაღლილობისას ერთი ღერი სიგარეტი. ახლაც, იგრძნო, რომ ერთი ღერი სიგარეტი მისწრება იქნებოდა მისთვის და ვინაიდან თან არ დაჰქონდა, დაიწყო მაღაზიის ძებნა სადაც იყიდიდა ერთ კოლოფ „გოლდ ფლეიკს“. მიმოიხედა და ერთი მაღაზიაც ვერ ნახა ისეთი სადაც სიგარეტს შეიძენდა, გრძელი ქუჩა იყო უამრავი სხვადასხვა მაღაზიით, თუმცა არა თამბაქოსი.
„რა უცნაურია“ თქვა ალბერტ ედვარდმა, ცოტაც კიდევ გაიარა რათა დარწმუნებულიყო; არა ნამდვილად ასე იყო; გაჩერდა და ჩაფიქრებით მიმოავლო ქუჩას თვალი. „მე ხომ ერთადერთი არ ვარ ვინც ამ ქუჩაზე ამოიარა და გაბოლება მოუნდა“ - თქვა მან. „ წარმომიდგენია რა კარგად ააწყობს საქმეს ადამიანი აქ პატარა მაღაზია რომ გახსნას. თამბაქო და ტკბილეული“, მაგალითისთვის.
„მშვენიერი იდეაა“ წამოიძახა მან.
„უცნაურია, როგორ მოგდის იდეები, როდესაც სულ არ ელი მათ“.
შემდეგ შემოტრიალდა და წავიდა სახლისკენ, სადაც მშვიდად შეექცა ჩაის.
„დღეს რაღაც ჩუმად ხარ, ალბერტ" - აღნიშნა ცოლმა.
„ვფიქრობ“ - უპასუხა ალბერტმა.
ყველა შესაძლო კუთხით განიხილა საკითხი და მომდევნო დღეს კვლავ გაიარა იმავე ქუჩაზე და იპოვა პატარა მისთვის შესაფერისი მაღაზია.
ზუსტად ოცდაოთხ საათში შეიძინა იგი და ნევილის სკვერში წმ. პეტრეს ტაძრიდან წამოსვლიდან ერთი თვის თავზე, ალბერტ ედვარდ ფორემენმა შესანიშნავი ბიზნესი ააწყო თამბაქოს და ჟურნალ-გაზეთების კუთხით. მისი მეუღლე ამ საქმიანობას წმ. პეტრეს ტაძარში მსახურების ფონზე საშინელ დამცირებად თვლიდა, რაზეც ფორემენი პასუხობდა, რომ დროს არ უნდა ჩამორჩენოდნენ, ეკლესია ის აღარ იყო რაც ადრე და ამის შემდეგ დაე მიიიღოს კეისარმა კეისრისა, აღნიშნავდა ის.
ალბერტ ედვარდს კარგად მისდიოდა საქმეები. ის ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ერთ წელში მან მეორე მაღაზია გახსნა და მენეჯერიც დაიქირავა. შემდეგ მეორე გრძელი ქუჩის ძებნა დაიწყო სადაც არ იყო თამბაქოს მაღაზია და როდესაც იპოვა, იყიდა იქაც მაღაზია და გახსნა. ეს კიდევ ერთი წარმატება იყო.
ფორემენმა იფიქრა თუ ორი მაღაზიის მუშაობა შეუძლია რატომ არა უფრო მეტი, ასე რომ მან დაიწყო ლონდონში სიარული და ქუჩების დათვალიერება, როგორც კი გრძელ ქუჩას ნახავდა თამბაქოს მაღაზიის გარეშე, მაშინვე ხსნიდა მას. ათი წლის მანძილზე მინიმუმ ათი მაღაზია ჰქონდა უკვე გახსნილი და ფული ჩეჩქივით შემოსდიოდა. ყოველ ორშაბათს ჩამოუვლიდა თავის მაღაზიებს, კვირის შემოსავალს შეკრებდა და შეჰქონდა ბანკში.
ერთ დილას როდესაც მიიტანა ვერცხლით სავსე მძიმე ტომარა და ბანკნოტების მთელი დასტა მოლარესთან, მოლარემ უთხრა, რომ მენეჯერს მისი ნახვა სურდა. მოლარე მენეჯერის კაბინეტში შეუძღვა.
„ბატონო ფორემენ, მსურდა თქვენთან მესაუბრა იმ თანხების შესახებ, რომელსაც ჩვენთან ინახავთ. იცით მაინც რამდენი გაქვთ უკვე შენახული?“ - იკითხა მენეჯერმა.
„ერთი და ორი ფუნტი არ იქნება სერ, მაგრამ არც ზუსტად ვიცი რამდენი მაქვს“.
„დღევანდელის გარდა, თითქმის ოცთაათი ათას ფუნტზე მეტია. ეს საკმაოდ მსხვილი თანხაა, მე შემოგთავაზებდით მის ინვესტირებას“.
„გარისკვა არ მინდა, სერ. ბანკში უფრო დაცულია“.
“თქვენ იოტისოდენადაც არ შეწუხდებით. საუკეთესო პირველი კლასის აქციების ნუსხას შემოგთავაზებთ. უფრო მაღალ პროცენტს მოგიტანთ ვიდრე ჩვენ გთავაზობთ”.
ბატონ ფორემენის შესანიშნავ სახეზე აღელვებული გამომეტყველება შეინიშნებოდა. „აზრზე არ ვარ ამ აქციებს რა უნდა ვუყო, თქვენთვის მომიბარებია“ - თქვა მან. მენეჯერმა გაიღიმა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ მხოლოდ ხელი უნდა მოაწეროთ გარიგებებს“.
„მაგას კი გავაკეთებ, თქვა ალბერტმა ყოყმანით“. „მაგრამ აბა რა ვიცი რას ვაწერ ხელს?“
„ვგონებ კითხვა შეგიძლიათ“ - თქვა მენეჯერმა თითქმის მკვახედ.
ფორემენმა ალალად გაუღიმა.
აი ეგ არის. არ შემიძლია. ვიცი სასაცილოდ გეჩვენებათ მაგრამ ასეა. მე არც კითხვა შემიძლია და არც წერა, მხოლოდ ჩემი სახელის წერა ვიცი, ისიც მაშინ ვისწავლე როდესაც ბიზნესი დავიწყე“.
მენეჯერი სავარძლიდან წამოხტა გაოცებისგან.
„მსგავსი არაფერი მსმენია“- წამოიძახა მან.
„ხო ასეა, არასოდეს მქონია ამის შესაძლებლობა და როცა მომეცა გვიანი აღმოჩნდა და უკვე აღარც მინდოდა. თითქოს პრინციპულად“.
მენეჯერი ისე უყურებდა ფორემენს როგორც პრეისტორიულ მონსტრს.
„და შენ გინდა თქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ბიზნესი ააწყე და ოცდაათი ათასი ფუნტის ღირებულების ქონება დააგროვე წერა-კითხვის ცოდნის გარეშე???“
"ოოჰ, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა იქნებოდი, შენ რომ წერა-კითხვა გცოდნოდა??“ „მაგასაც გეტყვით სერ“ -თქვა ფორემენმა, ღიმილით მის არისტოკრატიულ ნაკვთებზე.
„ღვთისმსახური, წმ. პეტრეს ტაძარში, ნევილის სკვერში“.