ფრიდრიხ ნიცშე - ზარატუსტრას სიტყვანი სამი ცვალებისათვის

გეტყვით სულის სამ ცვალებას: როგორ იქმნება სული აქლემად, აქლემი ლომად, და ბოლოს ლომი ბავშვად.

მრავალი არიან სიმძიმენი სულისათვის, ძლიერი და ბრგე სულისათვის, რომელს თაყვანისცემა წაიღობს; მძიმესა და უმძიმესს მოითხოვს ძლიერება მისი.

რა არის მძიმე? ამას ჰკითხულობს სული ამტანი, მუხლს იდრეკს, ვით აქლემი, და ჰსურს მძიმედ დატვირთვა.

რა არის უმძიმესი, გმირნო? ამას ჰკითხულობს ამტანი სული, რათა იგი აღვიღო და განვიხარო ჩემს ძლიერებითა.

რას მოასწავებს ესე: დამდაბლდე, რათა აწუხებდე ამპარტავნობასა შენსა? აბრწყინო შეშლილობა შენი, რათა სცინოდე სიბრძნესა შენსა?

თუ იგი მოასწავებს: მივატოვოთ საქმე ჩვენი, ოდეს იგი ზეიმობს გამარჯვებასა თვისსა? ახვიდე მაღალ მთად, რათა მაცდურს გამოსცდიდე?

თუ იგი მოასწავებს: იკვებებოდა რკოითა და ბალახითა ცნობადისა და ჭეშმარიტების სიყვარულით სულისა სიმშილით იტანჯებოდე?

თუ იგი მოასწავებს იყო სნეულად და ნუგეშისმცემელთ შინ ისტუმრებდე და მოყვრობდე ყრუთ, რომელთა აროდეს ესმით თუ რა გწადიან?

თუ იგი მოასწავებს: შეხვიდე უწმინდურს წყალში, უკეთუ იგი ჭეშმარიტების წყალია, და არ იგერიებდე ცივ ბაყაყთ და ცხელ მყუართ?

თუ იგი მოასწავებს: გიყვარებდეთ მოძულეთა ჩვენთა და ხელს უწვდიდეთ მოჩვენებას, ოდეს მას ჩვენი შეშინება ჰსურს?

სული ძლიერი იტვირთება ყოვლითა ამით უმძიმესთა: და ვით აქლემი, რომელი დატვირთული, უდაბნოს მიაშურებს, იგიც მიაშურებს უდაბნოსა თვისსა.

ხოლო უმწირესს უდაბნოში იქმნება მეორე ცვალება: აქ სული ლომად იქცევა, თავისუფლება ჰსურს მოიპოვოს და იყოს უფალი თვისი საკუთარი უდაბნოსი.

თვის უკანასკნელს უფალს ეძიებს იგი აქ: მისი მტრობა განუზრახავს და თავისი უკანასკნელი ღმერთის, უნდა გამარჯვებისათვის შეებრძოლოს დიდს ვეშაპსა.

რომელია დიდი ვეშაპი, სულს რომ აღარა სწადიან უწოდოს არც უფალი და არც ღმერთი? „შენ მოვალე ხარ“ - ესე ეწოდება დიდს ვეშაპს. ხოლო ლომის სული იტყვის „მე მსურს“.

„შენ მოვალე ხარ“ გზად ეღობება ოქროდ-ელვარე, ქიცვოსანი მხეცი, და ყოველ ქიცვზე ბრწყინავს „შენ მოვალე ხარ!“

ათასწლოვანი ღირებულებანი ბრწყინავენ ამ ქიცვზე და ესე იტყვის უძლიერესი ყოველ ვეშაპთა შორის: „ჩემზე ბრწყინავს ყოველი ღირებულება“.

„ყველა ღირებულებანი უკვე ქმნილ არიან და ყოველი ქმნილი ღირებულება - ვარ მე. ჭეშმარიტად არარ უნდა ყოფდეს „მე მსურს“. ესე იტყვის ვეშაპი.

ძმანო, რა საჭიროა ლომი სულში? რად არა კმარა ცხოველი მუშა, მორჩილი და პატივისმცემელი?

ახალ ღირებულებათა ქმნა - კვლავ ლომსა არ ძალუძს: ხოლო თავისუფლების მოპოვება ახალ ქმნადობისათვის - ჯერ არს ლომის ძლიერებისა.

თავისუფლების მოპოვება და ღვთაებრივი „არა“-ს თქმა თვით მოვალეობისათვის; ამისათვისაა, ძმანო, საჭირო ლომი.

ახალ ღირებულებათა ქმნის უფლების მოპოვება, - უფროსად საშინელი მტაცებლობაა მორჩილი და პატივისმცემელი სულისათვის. ჭეშმარიტად ეს მისთვის ავაზაკობაა და ავაზაკი ცხოველის საქმე.

ერთ დროს თვით წმიდა-წმიდათა უყვარდა მას: „შენ მოვალე ხარ“, აწ მისთვის ჯერ არს ჰპოვოს თვით წმიდა-წმიდაში შეცდომა და თვითნებობა, რათა თვის სიყვარულს თავისუფლება მოსტაცოს: ამ ავაზაკობისათვის ლომია საჭირო.

ხოლო მითხარით, ძმანო, რასა ჰქმნის ბავშვი, რასაც ვერ იქმდეს ლომი? რადაა საჭირო მტაცებელი ლომისათვის ბავშვად ყოფა?

ბავშვი უმანკოებაა და დავიწყება, ახალი დასაბამი, ლაღობა (თამაში), თვით-ძრული ბორბალი, პირველი ძვრა, თქმა ღვთაებრივი დასტურისა.

დიახ, შემოქმედ ლაღობისათვის (თამაშისათვის), ძმანო, ჯერ არს წმიდა დასტურის თქმა: აწ სულს თვისი ნება ჰსურს, თვის ქვეყნიერებას შეიძენს ქვეყნის დამკარგავი.

გიამბეთ სულის სამი ცვლილება: როგორც იქმნა სული აქლემად და აქლემი ლომად და ბოლოს ლომი ბავშვად.

ესე იტყოდა ზარატუსტრა. და ამ დროს იგი იმყოფებოდა ქალაქს სახელად: ჭრელი ძროხა.


გერმანულიდან თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა
საგამომცემლო საზოგადოება „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“, თბილისი, 2012

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში