თორნიკე შარაშენიძე - დიპლომატიის ისტორია 1890-1920
როცა დიდი აფეთქება მოხდა და დაიწყო ის, რასაც არავინ ელოდა, ფრანც კაფკამ ასეთი რამე თქვა (თავის მეგობარზე საუბრისას, რომელიც სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა): „მას ძლიერი წარმოსახვა ჰქონდა და ვერ აიტანა ისეთი რამ, რაც წარმოსახვის სრულმა არქონამ მოიტანა“.
ფრანც-ფერდინანდი და სოფი სახურავგადახდილ მანქანაში ისხდნენ, მათ უსაფრთხოებას მთელი ქალაქის მასშტაბით სულ რამდენიმე ათეული პოლიციელი იცავდა და თავდასხმა რთულ ამოცანას არ წარმოადგენდა. საჭირო იყო მხოლოდ ნება და გამბედაობა. და მაინც, როცა დილის ათ საათსა და ათ წუთზე მანქანამ შეთქმულებს ჩაუარა, ბევრმა მათგანმა დაბნეულობისგან ვერაფერი მოახერხა. მხოლოდ ერთმა ისროლა ყუმბარა, რომელიც ფრანც-ფერდინანდისა და სოფის მანქანის უკან აფეთქდა და სოფი მხოლოდ ოდნავ გაკაწრა. დაიჭრა იქვე მყოფი ადამიანების ჯგუფი. წყვილმა, ასე თუ ისე, მშვიდობიანად მიაღწია დანიშნულების ადგილს (ქალაქის მერიას). იქ ფრანც-ფერდინანდმა გადაწყვიტა გეგმები შეეცვალა და საავადმყოფოსკენ დაძრულიყო, სადაც ტერაქტის შედეგად დაჭრილ მოქალაქეებს მოინახულებდა. სოფი, ქმრის თხოვნის მიუხედავად, მერიაში არ დარჩა და საყვარელ მეუღლეს თან გაჰყვა. მაგრამ კორტეჟი საავადმყოფოს გზას ასცდა და ძველი გეგმებით გათვალისწინებული მარშრუტით დაიძრა. სწორედ იმ მომენტში, როცა წყვილთან ერთად მანქანაში მჯდარი ბოსნიის გუბერნატორი შეცდომას მიხვდა და მძღოლს უბრძანა, მიმართულება შეეცვალა, მანქანა ერთ-ერთი შეთქმულის, 19 წლის გავრილო პრინციპის წინ აღმოჩნდა. სანამ მძღოლმა მანქანა გააჩერა და მოატრიალა, პრინციპმა იარაღი ამოიღო და წყვილისკენ ორჯერ გაისროლა. ერთ გასროლას ფრანც-ფერდინანდი შეეწირა, რომელმაც გარდაცვალების წინ მხოლოდ ერთი რამ მოასწრო: სოფის სთხოვა, ეცოცხლა და შვილებისთვის მიეხედა. მაგრამ მის მეუღლეს მეორე ტყვია მოხვდა, რომელიც ასევე სასიკვდილო აღმოჩნდა. მართალია, მოგვიანებით პრინციპი ამბობდა, რომ მისი მეორე სამიზნე არა სოფი, არამედ გუბერნატორი იყო, მაგრამ ეს საქმეს არ ცვლიდა. მესამე ტყვიით მკვლელმა სცადა, საკუთარი სიცოცხლე მოესწრაფა, მაგრამ იქვე მყოფმა მოქალაქეებმა ირაღი წაართვეს. პრინციპს არც ციანიდმა უშველა, რომელიც დაძველებული აღმოჩნდა და მხოლოდ გულისრევა გამოიწვია (იგივე ბედი ეწია პირველ თავდამსხმელსაც).
ავსტრიელებმა ულტიმატუმზე პასუხი მიიღეს, რომელიც მათივე აღიარებით, ნამდვილი დიპლომატიური შედევრი იყო. რუსების ჩაგონებით სერბებმა არნახული კონსტრუქციულობა გამოიჩინეს, ვენას ენა მოუჩლიქეს და შემრიგებლური ტონით თითქმის ყველაფერზე დასთანხმნენ. თუკი ავსტრიელთა ულტიმატუმი განგებ ისე იყო დაწერილი, რომ სერბეთი ომში გამოეწვია, სერბების პასუხის ფორმა ავსტრიელებს ომის ყველანაირ საბაბს აცლიდა. სერბები თანხმდებოდნენ ყველანაირი ანტიავსტრიული პროპაგანდის შეწყვეტასა და ანტიავსტრიული პროპაგანდის შეწყვეტისა და ანტიავსტრიული ორგანიზაციების დაშლას. ისინი რეალურად თანხმდებოდნენ ყველაფერზე, გარდა იმ პირობისა, რომელიც მათგან გამოძიების ჩატარებისას ავსტრიელთა დაშვებას ითხოვდა. ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან იგი „კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა“. პასუხში ხაზი ესმებოდა, რომ ბელგრადი ყველაფრისთვის მზად იყო და ყველაზე მძიმე პირობების დასაკმაყოფილებლადაც კი ითანამშრომლებდა ავსრტია-უნგრეთთან „საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“. ამასთან დაკავშირებით იყო ნახსენები ჰააგის ტრიბუნალიც. ასეთი პასუხის მიუხედავად, 25 ივლისის (შაბათი) საღამოს ავსტრიელებმა სერბეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და მობილიზაციას შეუდგნენ. თავად სერბეთში მობილიზაცია უკვე დაწყებულიყო.
30 ივლისს ნიკიმ (ნიკოლოზ II) კიდევ ერთი საინტერესო წერილი მიიღო, რომელიც მისი მეუღლის, ალექანდრას სახელზე იყო დაწერილი. დედოფალს „მათი მეგობარი“ გრიგორი რასპუტინი სწერდა (როგორც წესი, რასპუტინს წერილების წერა არ სჭირდებოდა სამეფო ოჯახთან კომუნიკაციისათვის, მაგრამ ამჯერად იგი პეტერბურგისგან შორს, თავის სოფელში იყო მასზე თავდასხმის შედეგად მიყენებულ ჭრილობას იშუშებდა. მას თავს 29 ივნისს დაესხნენ, ფრანც-ფერდინანდის მკვლელობიდან ზუსტად მეორე დღეს) და მას კატეგორიულად ურჩევდა, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ნიკოლოზი დაერწმუნებინა, ომში არ ჩარეულიყო. თუკი იმპერატორი ამ რჩევას არ გაითვალისწინებდა, აღარც სამეფო ოჯახი იარსებებდა და აღარც რუსეთი, - იწერებოდა ბერი. ნიკოლოზის ცოლი რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებდა, მაგრამ ამჯერად მან რასპუტინის წერილი უბრალოდ გადახია. თუმცა, საზონოვმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი იმ შემთხვევისათვის, თუკი ნიკოლოზი გადაიფიქრებდა და მობილიზაციას გააუქმებდა. იმპერატორთან შეხვედრამდე იგი გენერალური შტაბის უფროსს ესაუბრა და მასთან შეთანხმდა, რომ, თუკი მონარქს მობილიზაციაზე დაიყოლიებდა, ამის შესახებ მაშინვე ჩააყენებდა მას (გენერალური შტაბის უფროსს) საქმის კურსში. ხოლო როცა მობილიზაციის შესახებ ბრძანებები ყველგან დაიგზავნებოდა, გენერალური შტაბის უფროსს თავისი ტელეფონი უნდა დაემტვრია და გადაკარგულიყო, რათა ნიკოლოზი მას ვეღარ დაკავშირებოდა და ბრძანება ვეღარ გაეუქმებინა. 30 ივლისის 5 საათზე ბრძანებები დაიგზავნა და გენერალური შტაბის უფროსიც გადაიკარგა.
„ანტვერპენი ზედ ინგლისის გულზე დამიზნეუბლი დამბაჩაა“, - კმაყოფილებით ამბობდა ხოლმე ნაპოლეონი.
„თუ ინლისელები ჯარს გადმოსხამენ, პოლიციელებს ვუბრძანებ და დავაპატიმრებინებ“, - იხუმრა ოდესღაც ბისმარკმა.
ნიკოლოზ II-ის გარშემო ბევრი იყო ისეთი, რომლებიც ომისგან მოსალოდნელ საფრთხეზე მიუთითებდნენ. ყველაზე ჭკვიანური არგუმენტი ვიტეს ჰქონდა: მისი თქმით, რუსეთის მმართველი რეჟიმის მთავარი საყრდენი ჯარი იყო და თუკი ჯარი ომში სერიოზულ დარტყმას მიიღებდა, ასეთსავე დარტყმას მიიღებდა რეჟიმიც, რომელსაც მრავლად ჰყავდა მტრები. მტრებს შორის განსაკუთრებით ბოლშევიკები გამოირჩეოდნენ, რომელთა ლიდერებიც საზღვარგარეთ იყვნენ გადახვეწილები და დაბრუნებისათვის ხელსაყრელ დროს ელოდნენ.
10 აგვისტოს კრეისერები „გობენი“ და „ბრესლაუ“ დარდანელში შევიდნენ. ამას, ცხადია, ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის მხრიდან სასტიკი პროტესტი მოჰყვა, მაგრამ მალევე პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ხერხი იპოვეს: კრეისერები ვითომცდა არა გერმანული, არამედ თურქული იყო - ისინი თურქებმა გერმანიისაგან იყიდეს. „გობენსა“ და „ბრესლაუს“ სახელები თურქულ ყაიდაზე გადაარქვეს, მათი ეკიპაჟები კი თურქებივით შემოსეს. მოკლედ, თურქეთი ფორმალურად არავითარ შეთანხმებას არ არღვევდა.
რუსეთში მობილიზაცია იმანაც დააჩქარა, რომ ჯერ კიდევ ივლისში ნიკოლოზმა არყის მოხმარება შეზღუდა. აგვისტოში კი უფრო შორსაც წავიდა და „ომთან დაკავშირებით“ ალკოჰოლი საერთოდ აკრძალა (მისი მიღება მხოლოდ რესტორნებში შეიძლებოდა). ეს ნამდვილად საჭირო ნაბიჯი იყო, რადგან იაპონიასთან ომის დროს არყის გამოისობით მობილიზაცია დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს გაიწელა. ტერმინი „ომთან დაკავშირებით“ იმას ნიშნავდა, რომ ომის შემდეგ აკრძალვა წესით უნდა გაუქმებულიყო. თუმცა, ნიკოლოზმა კარგად ცნობილი მიზეზების გამო ეს ვერ მოახერხა. რა შედეგი მოიტანა არყის აკრძალვამ, რთული სათქმელია. ლოთობასთან ბრძოლამ შრომის ნაყოფიერება კი გაზარდა, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო, როგორც არყის მონოპოლისტი, დიდ შემოსავალს კარგავდა (და ისიც - ომის დროს). აქვე შეუძლებელია ისიც არ მოგვაგონდეს, რომ აკრძალვიდან ოთხ წელიწადში რუსეთის იმპერია დაიშალა და ზუსტად იგივე განმეორდა XX ს-ის 80-იან წლებში, როცა ალკოჰოლს ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა. იგი საბჭოთა კავშირის უკანასკნელ ლიდერად იქცა, ისევე, როგორც ნიკოლოზი იქცა რუსეთის უკანასკნელ იმპერატორად.
იწყებოდა ცნობილი ბრძოლა პარიზთან, მდინარე მარნაზე. ეს იყო ფრანგების უკანასკნელი შანსი. როცა გალიენის ჰკითხეს, საით უნდა დაეხიათ, თუკი ამ ბრძოლასაც წააგებდნენ, გენერალმა უპასუხა: „ვერსაით“.
19 ოქტომბერს იპრის (ქალაქი ფლანდრიაში) პირველი ბრძოლა გაიმართა. ინგლისელებთან ერთად გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდნენ ფრანგები და ბელგიელებიც. [...] ერთ-ერთი მცირეთაგანი, რომელსაც იპირს პირველი ბრძოლა კარგად დაამახსოვრდა, გახლდათ კაპრალი შიკლგრუბერი (ადოლფ ჰიტლერი), რომელმაც იქ გამოჩენილი მამაცობისათვის რკინის ჯვარი მიიღო.
1915 წლის დასაწყისისთვის იპრთან შობა ერთობლივად აღნიშნეს ინგლისელებმა და გერმანელებმა, რომლებიც დალევის შემდეგ ფეხბურთშიც კი გაეჯიბრნენ ერთმანეთს. ეს მე-19 საუკუნის რაინდობის ერთ-ერთი უკანასკნელი გამოვლინება უნდა ყოფილიყო. მოყოლებული იქიდან, ორივე ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მსგავსი შემთხვევები აღარ დაეშვა. მათი ჯარისკაცები თვეობით უნდა მსხდარიყვნენ სანგრებში - მე-20 საუკუნის ომის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარში. შეტევაზე გადასვლას დიდი აზრი არ ჰქონდა, რადგან ორი ამერიკული გამოგონება - ტყვიამფრქვევი და მავთულხლართი - თითქმის ყველანაირ სიმამაცეს ანულებდა. მაგრამ, ჯარისკაცთა საუბედუროდ, მათი ხელმძღვანელობებიდან ამ რეალობას არცთუ ისე ბევრი ხვდებოდა. ეს ალბათ ყველაზე მძიმე განაჩენი იყო უკლებლივ ყველა ქვეყნისათვის.
პოლონეთში ებრაელების ჰუმანიტარული კატასტროფა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც 1915 წელს სომხებს დაატყდათ თურქეთში. „ახალგაზრდა თურქები“ დიდი ხანი იყო განტევების ვაცს ეძებდნენ და იმპერიის არათურქი ერებისგან „გაწმენდაზე“ ოცნებოდნენ. ამისთვის მშვენიერი საბაბიც მიეცათ 1914 წლის მიწურულს, როცა რუსეთიდან სომხებით დაკომპლექტებული დივიზია თურქეთში შეიჭრა და 120 ათასი კაცი (თურქები და ქურთები, ანუ მუსლიმები) დახოცა. ამ საშინელ ქმედებას პასუხად ცხადია ასეთივე საშინელება მოჰყვა, ოღონდ უფრო მსხვილი მასშტაბის - თურქეთის მთავრობამ ჯერ ჯარში მომსახურე სომხები განაიარაღა (ომის დაწყების შემდეგ ბევრი მათგანი თავისი ნებით წავიდა ფრონტზე) და შემდეგ სომხურ მოსახლეობას დაერია. ნაწილი ადგილზე დახოცეს, დიდი ნაწილი კი სირიასა და მესოპოტამიაში გარეკეს და გზაში კიდევ უამრავი დაიხოცა. ორი წლის განმავლობაში ასეულ ათასობით სომეხი დაიღუპა.
ვერდენის დამცველთა შორის იყო საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი და მისი უდიდესი ლიდერი, შარლ დე გოლი, რომელიც იქ მესამედ დაიჭრა ომის დაწყების შემდეგ, გაზით მოიწამლა და ტყვედაც ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთჯერ სცადა გაქცევა, საბოლოოდ მან თითქმის სამი წელი (ომის დასრულებამდე) გაატარა ტყვეობაში.
1916 წლის 30 დეკემბერს პეტროგრადში რასპუტინი მოკლეს. მას უკვე საკმარისზე მეტი მტერი ჰყავდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკაში ერეოდა და დედოფალზე გავლენის წყალობით ლამის მინისტრთა კაბინეტებს ნიშნავდა, არამედ იმიტომაც, რომ გავრცელებული ხმებიტ ომსაც ის წარმართავდა (თუმცა ეს ნამდვილად არ იყო მართალი - მართალია რასპუტინი დედოფლის პირით ნიკოლოზსა და მის შტაბს რჩევებით ამარაგებდა, მაგრამ მათ არავინ ითვალისწინებდა). რასპუტინი ნიკოლოზის ახლო ნათესავის სახლში მიიტყუეს და მისი მოწამვლა სცადეს. მაგრამ სტუმარი მოწამლულ საკვებს არ გაეკარა, რის შემდეგაც მას რამდენჯერმე ესროლეს... ალექსანდრას ვერაფრით დაეჯერებინა მომხდარი. მით უმეტეს, რომ რასპუტინი მთელი წლის განმავლობაში იმეორებდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ რუსეთს საშინელი განსაცდელი ელოდა. სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე კი უცნაურმა ბერმა ისიც იწინასწარმეტყველა, რომ იგი ახალ წელს ვერ მიატანდა და რომ თუკი მის სიკვდილში სამეფო ოჯახი იქნებოდა გარეული, მაშინ სამეფო ოჯახს რუსი ხალხი გაუსწორდებოდა და მასაც რასპუტინის კვალს გააყოლებდა.
„იცით, რატომ ვერ მოახერხა იესო ქრისტემ, რომ მსოფლიოს მისი სწავლებისა ერწმუნა? იმიტომ, რომ იგი მხოლოდ იდეალებზე ქადაგებდა და არ მიგვითითებდა, როგორ უნდა მიგვეღწია ამ იდეალებისათვის. მე გთავაზობთ პრაქტიკულ გზას, რათა ქრისტეს მისწრაფებები განვახორციელოთ“, - ამგვარ რამეებს ეუბნებოდა ვუდრო უილსონი თავის ევროპელ კოლეგებს.
ფრანგების დაჟინებით პარიზის კონფერენცია ფორმალურად 1919 წლის 18 იანვარს გაიხსნა ვერსალის სასახლეში. ეს იმიტომ, რომ ზუსტად 48 წლის (1871 წელს) წინ სწორედ აქ მსოფლიოს გერმანიის იმპერიის დაარსების შესახებ ეუწყა. „უსამართლობის წყალობით იშვა... ...და სამარცხვინოდ დაასრულა არსებობა“ - ასე მოიხსენია გერმანია თავის მისასალმებელ სიტყვაში პუანკრემ.
ამავე თემაზე: თორნიკე შარაშენიძე - დიპლომატიის ისტორია XIX საუკუნე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2015წ.