დენ ბრაუნი - ინფერნო

ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი
განკუთვნილია მათთვის, ვინც მორალური
კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე დგას.

ფაქტები:

წიგნში ნახსენები ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშები, სამეცნიერო მონაცემები თუ ისტორიული მოვლენები ნამდვილია.

„კონსორციუმი“ კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში აქვს. მისი ნამდვილი სახელი, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, წიგნში შეცვლილია.

„ინფერნო“ - მიცვალებულთა სამეფო, აღწერილი დანტე ალიგიერის ეპიკურ პოემა „ღვთაებრივ კომედიაში“ - რთულად ორგანიზებული მიწისქვეშა სამყაროა, რომელშიც ე.წ. აჩრდილები, ანუ სიცოცხლისა და სიკვდილს შორის დარჩენილი უსხეული სულები ბინადრობენ.

მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა და მოწინააღმდეგეთა მხრიდან დაცინვებისა, ბოსის მორალური კრედო კლდესავით მტკიცე რჩებოდა. საკუთარი რეპუტაცია და მთელი კონსორციუმი მან ორ ოქროს წესზე ააგო: 1. არასდროს დაჰპირდე იმას, რისი შესრულებაც არ ძალგიძს. 2. არასდროს მოატყუო კლიენტი. არასდროს. [...] კონსორციუმის მთელი საქმიანობა პერსონალს შორის მკაცრად განსაზღვრულ მოვალეობებზე იყო აგებული. შეასრულე მხოლოდ შენი სამუშაო. არავის არაფერი უამბო.

ადრენალინის გამომუშავებისთვის ტკივილზე უკეთესი საშუალება არ არსებობს.

მარტის სუფთა და გრილი ჰაერი თითქოსდა მთებიდან წამოსულ მზის სინათლეს აძლიერებდა. იტალიელები ამას „მხატვრის სინათლეს“ უწოდებენ.

ლენგდონი ყველაზე მეტად „დავითის“ გენიალური პოზით მოიხიბლა: მიქელანჯელომ გამოიყენა კლასიკური ხერხი სახელწოდებით „კონტრაპოსტი“ და შექმნა იმის ილუზია, რომ ოდნავ მარჯვნივ დახრილი დავითი პრაქტიკულად არ ეყრდნობოდა მარცხენა ფეხს, მაშინ როდესაც სწორედ ამ ფეხისთვის რამდენიმე ტონა მარმარილო იყო გამოყენებული.

სიმბოლოთა სამყაროში, უჩვეულო ნისკარტიანი ნიღაბი შავი სიკვდილის სინონიმია - საშინელი შავი ჭირის ეპიდემიის, რომელმაც მეთოთხმეტე საუკუნეში ევროპას გადაუარა და მის ცალკეულ რეგიონებში მოსახლეობის მესამედი გაწყვიტა. ბევრს მიაჩნია, რომ სიტყვა „შავი“ სახელწოდებაში „შავი სიკვდილი“ აღნიშნავს შავი ჭირით დაავადებულთა სხეულებზე იმ შავ ლაქებს, რომლებიც განგრენისა და კანქვეშა სისხლჩაქცევების შედეგად წარმოიქმნება, მაგრამ, სინამდვილეში, ის იმ პანიკის სიმბოლოა, რომელიც ხალხში ეპიდემიამ გამოიწვია. ამ ნიღაბს ნისკარტისმაგვარი ცხვირებით შუა საუკუნის ექიმბაშები, შავ ჭირთან მებრძოლები ატარებდნენ, ამგვარ ხერხს იმიტომ მიმართავდნენ, რომ სასუნთქი ორგანოები ავადმყოფების მოვლის დროს გადამდები დაავადებისგან დაეცვათ. დღესდღეობით კი ასეთ ნიღბებს მხოლოდ ვენეციის კარნავალებზე თუ შეხვდებით. ის იტალიის ისტორიაში ყველაზე საზარელი დროის სამსახსოვრო სიმბოლოა.

***

ჰიერონიმუს ბოსხი - შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, 1475-1480
ლენგდონმა ფრთხილად დაატრიალა დეკორატიული ცილინდრი და მისი გულდასმით შესწავლა დაიწყო. მაშინვე შეამჩნია, რომ პლომბზე გამოსახული იყო საზარელი სახის მქონე სამთავიანი რქიანი ეშმაკი, რომელიც ერთდროულად სამ ადამიანს ჭამდა. თითო პირით - თითოს. ... ლენგდონმა მზერა ამ საშინელი სურათის ქვეშ მიწერილ წარწერაზე შეაჩერა. როგორც ნებისმიერ საბეჭდ საშუალებაზე, აქაც სარკული წარწერა იყო გაკეთებული, თუმცა ლენგდონმა სულ ადვილად წაიკითხა ნატიფად გამოყვანილი ასოები: SALIGIA. [...] ეს ლათინური აკრონომია, რომელიც შუა საუკუნეებში ვატიკანის სასულიერო პირებმა მოიგონეს, რათა მორწმუნეებისთვის ამ ერთი სიტყვით შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა შეეხსენებინათ. ის შედეგება ცოდვების ლათინური დასახელებების პირველი ასოებისგან, ესენია: Superbia, Avaritia, Luxuria, Invidia, Gula, Ira და Acedia. ... ამპარტავნება, სიძვა, ანგარება, შური, ნაყროვანება, მრისხანება და სასოწარკვეთილება.

სამთავიანი ეშმაკი ადამიანებს ჭამს - ეს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი გამოსახულებაა, სურათი, რომელიც შავ სიკვდილთან ასოცირდებოდა. სამი გაუმაძღარი პირი, რომელიც თავის მსხვერპლს გლეჯს, ისეთივე დაუნდობელია, როგორც შავი ჭირი, ევროპის მოსახლეობას რომ უსწორდებოდა. [...] Saligia მთელი კაცობრიობის ერთობლივი ცოდვების აღმნიშვნელია, რომელმაც, შუა საუკუნეების რელიგიური სწავლებით კაცობრიობა მიიყვანა იქამდე, რომ ღმერთმა მას სასჯელად შავი ჭირი მოუვლინა.

***

სანდრო ბოტიჩელი - La Carte de l'Enfer, 1480 - 1490
ძვლის მილმა კედელზე გამოსახა ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი, რომელზეც კაცობრიობის ტანჯვა იყო ასახული - ათასობით სული, რომლებიც ჯოჯოხეთის სხვადასხვა საფეხურზე საშინლად იტანჯებოდნენ. ჯოჯოხეთი გიგანტური ზომის უფსკრულის სახით იყო გამოსახული ვერტიკალურ ჭრილში, რომელიც თვალუწვდენ სიღრმეზე ეშვებოდა მიწისქვეშ. ეს ჯოჯოხეთური ჭა წრიულ ტერასებად იყო დაყოფილი. რაც უფრო ღრმად ეშვებოდა, მით მეტად საშინელი იყო და ამ ქვედაღმავალ საფეხურებზე ყველა შესაძლო სახის ცოდვილები იტანჯებოდნენ. გამოსახულის ფერწერის შედევრი, „La Mappa dell’Inferno”, იტალიური აღორძინების ხანის ერთ-ერთ გიგანტს - სანდრო ბოტიჩელის ფუნჯს ეკუთვნოდა. 

უხვი დეტალით დატვირთული „ჯოჯოხეთის რუკა“ კაცობრიობის ისტორიაში იმქვეყნიური ცხოვრების ყველაზე შემაძრწუნებელ სურათს წარმოადგენდა. დღესაც უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს ამ საზარელი სახეებით მოხატული პირქუში ტილო. ნათელი და სიცოცხლით სავსე ნამუსევრების, „გაზაფხულისა“ და „ვენერას დაბადების“ ავტორი „ჯოჯოხეთის რუკის“ შექმნისას ფერთა მხოლოდ პირქუში პალიტრით - წითლით, ყავისფერითა და სეპიათი შემოიფარგლა. [...] ნახატზე გამოსახული საზარელი სცენები ბოტიჩელის ფანტაზიის ნაყოფს არ წარმოადგენდა. ეს სცენები სულ სხვა გენიოსის შექმნილი იყო - გენიოსის, რომელიც მხატვარზე ორასი წლით ადრე ცხოვრობდა. ხელოვნების ერთმა დიდებულმა ნიმუშმა წარმოშვა მეორე. „ჯოჯოხეთის რუკის“ შთაგონება ბოტიჩელიმ მეთოთხმეტე საუკუნის პოეტური შედევრისგან, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ლიტერატურული ნაწარმოებიდან მიიღო; პირქუში და დიდებული ხილვისგან, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს ადამიანთა სულებში ღრმა მღელვარების გამოწვევის უნარი. ეს არის დანტეს „ჯოჯოხეთი“.

***

Inferno di Dante ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ლიტერატურულ შედევრად აღიარებული „ჯოჯოხეთი“ დანტე ალიგიერის ტრილოგიის - „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ტომია. ეპიკური პოემა 14 233 სტროფისგან შედგება და მასში მოთხრობილია, თუ როგორ ჩავიდა წიგნის ავტორი იმქვეყნიურ პირქუშ სამყაროში, გაიარა განსაწმენდელი და ბოლოს სამოთხესი ავიდა. ტრილოგიის სამი ნაწილიდან: „ჯოჯოხეთი“, „განსაწმენდელი“ და „სამოთხე“, მსოფლიოში ყველაზე მეტად კითხულობდნენ და ყველაზე უკეთ იცნობდნენ პირველ მათგანს, რომლის სახელწოდება იტალიურად ასე ჟღერს: „ინფერნო“.

მეთოთხმეტე საუკუნის ადრეულ ხანებში დანტეს მიერ შექმნილმა „ჯოჯოხეთმა“ ფაქტობრივად სრულიად გარდაქმნა შუა საუკუნეებში გამეფებული წარმოდგენები სიკვდილის შემდგომი ტანჯვის შესახებ. მანამდე არასდროს დაუპყრია ამ რაოდენობის ხალხის გონება ჯოჯოხეთის სატანჯველის თემას. დანტეს ქმნილებამ ერთი დარტყმით შეცვალა ჯოჯოხეთის აბსტრაქტულობის იდეა მკვეთრი და საზარელი სურათით - თვალხილული, მომნუსხველი და დაუვიწყარი სცენებით. გასაკვირი არც არის, რომ პოემის გამოქვეყნების შემდეგ კათოლიკურ ეკლესიას დაზაფრულ მორწმუნეთა ნაკადი მიაწყდა, რომლებიც იმ საზარელი სასჯელისგან სხსნას ეძებდნენ, რომელთაც მათ ქვესკნელის ახლებური სურათი უქადდა.

ბოტიჩელიმ დანტესეული ჯოჯოხეთი ღრმა ძაბრისებური ფორმით გამოსახა. იქ დაწყევლილი სულები იტანჯებოდნენ. ეს იყო გიგანტური ზომის მიწისქვეშა ღრუ ცეცხლით, გოგირდით, უწმინდურობით, ურჩხულებითა და თავად მრისხანე სატანით, რომელიც თავის მსხვერპლთ ფსკერზე მყოფი მოელოდა. ამ ღრმულს ცხადად გამოკვეთილი ცხრა საფეხური ჰქონდა და ცოდვილნიც თავიანთი ცოდვების სიმძიმის შესაბამისად იყვნენ განაწილებულნი ამ საფეხურებზე. ყველაზე მაღლა იყვნენ სიძვით დაცემულნი ანუ ისინი, „ვინც საკუთარი გონება ავხორცობას დაუმორჩილა“. ისინი მარადიულად მქროლავ ქარს დაჰქონდა აქეთ-იქით. დაუცხრომელი ქარი მათი დაუკოებელი ვნებების სიმბოლო იყო. მათ ქვემოთ ნაყროვანებით დაცემულნი ეყარნენ პირქვე - უწმინდურობასა და თავიანთი გაუმაძღრობის ნარჩენებში. უფრო ქვემოთ - ერეტიკოსები გავარვარებულ სამარხებში მარადიული ტანჯვისთვის იყვნენ განწირულნი. და ასე გრძელდებოდა... ყოველი მომდევნო საფეხური წინაზე უარესი იყო.

ამ პოემის შექმნიდან შვიდი საუკუნის მანძილზე დანტეს ჯოჯოხეთის ამსახველი ეს გრანდიოზული სურათი უამრავ ხელოვანს შთააგონებდა. მისით აღფრთოვანებულნი იტალიურ დედანს სხვადასხვა ენაზე თარგმნიდნენ და მის თემაზე აურაცხელ ვარიაციას ქმნიდნენ. ლონგფელო, ჩოსერი, მარქსი, მილტონი, ბალზაკი, ბორხესი და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე პაპიც კი. თითოეულ ზემოჩამოთვლილს აქვს დაწერილი დანტეს „ჯოჯოხეთის“ თემაზე აგებული ნაწარმოები. მონტევერდიმ, ლისტმა, ვაგნერმა, ჩაიკოვსკიმ და პუჩინიმ დანტეს ეს შედევრი თავიანთი მუსიკალური ნაწარმოებების შესაქმნელად გამოიყენეს.

***

ბოტიჩელის სახელგანთქმული ნახატის გარდა არსებობდა როდენის უკვდავი სკულპტურა „სამი აჩრდილი“ სერიიდან „ჯოჯოხეთის კარიბჭე“... ასევე სტრადანუსის ილუსტრაცია, რომელზეც ფლეგიუსის ნავი კვეთს სტიქსის ჭაობებს, რომელშიც ცოდვილები იძირებიან. ასევე უილიამ ბლეიკის „ვნებათმოყვარენი“, რომლებიც მარადიულ გრიგალში მოხვედრილები იტანჯებოდნენ. ბუგეროს სრულიად უცნაური ეროტიკული ხილვა, რომელშიც დანტე და ვერგილიუსი ორ შიშველ მებრძოლს აკვირდებიან... ბაიროსის ცოდვილი სულები, რომლებიც გავარვარებული ქვების წვიმასა და ცეცხლოვანი სეტყვის ქვეშ იტანჯებიან... სალვადორ დალის ხეზე ამოკვეთილი და აკვარელში შესრულებული უცნაური გრავიურების სერია... დაბოლოს, დორეს გრავიურების უდიდესი კოლექცია, რომლებზეც გამოსახულია ყველაფერი, დაწყებული ჯოჯოხეთში მიმავალი გვირაბითა და თავად ფრთოსანი სატანით დამთავრებული.

ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფლორენციულ ქუჩას ნიკოლო მაკიაველის ბულვარი ეწოდება. გამწვანებულ რაიონში განთავსებული, ცოცხალი ღობეებითა და ფოთლოვანი ხეებით გარემოცული ეს ქუჩა უკვე დიდი ხანია ველოსიპედისტებისა და „ფერარის“ თაყვანისმცემელების საყვარელი თავშეყრის ადგილია.

დანტეს მოყვარულთა ყველაზე ძირძველი ამერიკული საზოგადოება 1881 წელს გაჩნდა მასაჩუსეტსის ჯემბრიჯში. ის ჰენრი უოდსვორთ ლონგფელომ დააარსა. ეს ცნობილი პოეტი, წარმოშობით ახალი ინგლისიდან, „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ამერიკელი მთარგმნელი იყო.

***

დანტე ალიგიერი, ამ ფლორენციელი მწერლისა და ფილოსოფოსის ცხოვრების წლები 1265-დან 1321 წლამდე გრძელდება. ამ პორტრეტზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენზე, დანტე გამოსახულია წითელი კაპუჩოთი - ესაა თავზე მჭიდროდ მომჯდარი ქუდი, რომელიც ჟოლოსფერ ლაბადასთან ერთად (ქალაქ ლუკადან), ჩვენთვის მისი ტანისამოსის ჩვეულ დეტალად იქცა.

ლენგდონმა იპოვა სლაიდი ბოტიჩელისეული დანტეს პორტრეტისა უფიცის გალერეიდან, რომელიც მისი სახის ყველაზე დამახასიათებელ შტრიხებს გამოხატავდა - მძიმე ნიკაპსა და კეხიან ცხვირს.

- აქ ჩვენ ისევ ვხედავთ დანტეს უჩვეულო სახეს წითლი კაპუჩოს თანხლებით, თუმცაღა ბოტიჩელიმ ამ ქუდს შემატა დაფნის გვირგვინი - უმაღლესი მიღწევის სიმბოლო - მოცემულ შემთხვევაში, პოეტური ხელოვნების სფეროში. ეს ტრადიციული სიმბოლო კაცობრიობამ მემკვიდრეობით მიიღო ძველი ბერძნებისგან. როგორც იცით, ასეთი გვირგვინებით დღესაც ამკობენ პოეტ-ლაურეატებსა და ნობელის პრემიის ლაურეატებს.

[...]

- როგორც იცით, დანტეს სახელი გაუთქვა, უპირველეს ყოვლისა, მისმა მონუმენტურმა ლიტერატურულმა შედევრმა - „ღვთაებრივმა კომედიამ“, რომელშიც ბუნებრივი სიცხდითაა მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა ავტორი ჯოჯოხეთში, გაიარა განსაწმენდელი და ავიდა სამოთხეში, თავად ღმერთთან შესახვედრად. არსებული შეხედულებით, „ღვთაებრივ კომედიაში“ არაფერია კომიკური. მას კომედია სრულიად სხვა მიზეზის გამო ეწოდება: მეთოთხმეტე საუკუნეში მთელი იტალიური ლიტერატურა ორ მკვეთრად განსაზღვრულ კატეგორიებად იყოფოდა. ტრაგედიები მიიჩნეოდა მაღალი დონის ლიტერატურად და იწერებოდა „ოფიციალურ“ იტალიურ ენაზე, ხოლო კომედიებს მიაკუთვნებდნენ მდარე ხარისხის ლიტერატურას და წერდნენ ჩვეულებრივ, უბრალო მოსახლეობისთვის განკუთვნილ სასაუბრო ენაზე.

[...]

- როგორც სახელწოდებითაც მიხვდებოდით, - „ღვთაებრივი კომედია“ სალაპარაკო იტალიურ ენაზე, ანუ უბრალო ხალხის, გლეხების ენაზე დაიწერა... ეს ნაწარმოები რელიგიის, პოლიტიკის, ფილოსოფიისა და პუბლიცისტიკის გენიალური, ლიტერატურული ფორმით გამოხატული ნაზავია, რომელიც თავისი არსით მეტად დამღლელი იყო. მიუხედავად ამისა, ის სავსებით ხელმისაწვდომი გახლდათ ფართო მასებისთვის. ეს ნაშრომი იტალიური კულტურის ჭეშმარიტ ბურჯად იქცა და შემთხვევით არ მიაჩნიათ, რომ სწორედ მან ჩაუყარა საფუზველი თანამედროვე იტალიურ ენას.

[...]

„ის დედამიწის ყველა შვილზე უფრო აღმატებულია“ - მიქელანჯელო. მის კალამს სამასამდე ლექსი ეკუთვნის. ერთ-ერთ მათგანს „დანტე“ ეწოდება და ეძღვნება გენიას, რომელმაც ისე ხატოვნად აღწერა ჯოჯოხეთი, რომ მიქელანჯელო შთააგონა შეექმნა ტილო: „საშინელი სამსჯავრო“. წაიკითხეთ დანტეს „ჯოჯოხეთის“ მესამე ქება, შემდეგ კი მიბრძანდით სიქსტის კაპელაში და იქ, პირდაპირ საკურთხევლის თავზე ნახავთ, აი, ამ ნაცნობ სახეს, - ლენგდონმა სლაიდები დაატრიალა და შეჩერდა მძვინვარე გიგანტის გამოსახულებაზე, რომელიც ნიჩბით სცემდა შეშინებულ ხალხს, - სურათის ამ ფრაგმენტზე ჯოჯოხეთში ადამიანთა სულების ნავით გადამყვანი ქირონი ჩამორჩენილ მგზავრებს ნიჩბით სცემს.

მიქელანჯელო - საშინელი სამსჯავრო
ლენგდონმა გადაინაცვლა მომდევნო სლაიდზე, რომელზეც „საშინელი სამსჯავროს“ სხვა ფრაგმენტი იყო გამოსახული. სურათზე ვიღაც კაცს ჯვარზე აკრავდნენ. - ეს გახლავთ ამან აგაგიტი. წმინდა წერილის თანახმად, ის ჩამოახრჩვეს, თუმცაღა დანტეს პოემაში ის კი არ ჩამოახრჩვეს, არამედ ჯვარზე გააკრეს. როგორც ხედავთ, მიქელანჯელომ დანტესეული ვერსია ამჯობინა ბიბლიურს.

[...]

დედამიწაზე არ მოიპოვება დანტეს ჯოჯოხეთის უფრო დეტალურად აღმწერი რუკა, ვიდრე სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარი - „La Mappa dell’inferno“. დანტეს ნაწარმოების მრავალი ილუსტრატორისგან განსხვავებით, ბოტიჩელი დედნისეული ვერსიიდან ნებისმიერ გადახვევას ერიდებოდა. „ღვთაებრივ კომედიას“ ის უდიდესი აღფრთოვანებით კითხულობდა. ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებლის, ჯორჯო ვაზარის თქმით, ბოტიჩელი იმდენად გადაეშვა დანტეს შემოქმედებაში, რომ „მან მის ცხოვრებაში ძალიან დიდი უწესრიგობა შეიტანა“.

***

მედიჩების უმთავრესი მემკვიდრეობა არა ფინანსებს ან პოლიტიკას, არამედ სამხატვრო ხელოვნებას უკავშირდება. ხელოვნების სამყაროს ყველაზე გულუხვი მბრძანებლები ფულს არ იშურებდნენ შეკვეთებზე, რომელთა შედეგადაც რენესანსის ყველაზე დიდებული ყვავილები აყვავდა. იმ ცნობილ ადამიანთა სახელებს შორის, რომლებიც აღნიშნული ოჯახის მფარველობით სარგებლობდნენ, არიან გიგანტებიც - ლეონარდო და ვინჩი, გალილეი, ბოტიჩელი... ამ უკანასკნელის ყველაზე სახელგანთქმული ტილო „ვენერას დაბადება“, ლორენცო მედიჩის შეკვეთით დაიხატა - მან გადაწყვიტა, თავისი ნახევარძმისთვის საქორწინო საჩუქრად ეროტიკული ნახატი მიეძღვნა, რათა მას იგი თავისი საქორწინო სარეცლის თავთან დაეკიდა.

თავისი გულუხვობის წყალობით ლორენცო მედიჩიმ ზეწოდება „დიდებული“ დაიმსახურა, თავადაც არ ყოფილა ცუდი პოეტი და მხატვარი - უდიდესი ნიჭის პატრონი იყო. 1489 წელს ის ერთი დამწყები მოქანდაკის ნამუშევრებმა დააინტერესა და ახალგაზრდა ტალანტი მედიჩების სასახლეში საცხოვრებლად მიიწვია, სადაც შემოქმედეს თავისი ოსტატობის გამოვლენა თვალწარმტაცი შედევრების გარემოცვაში, დახვეწილი პოეზიისა და მაღალი კულტურის ატმოსფეროში შეეძლო. მედიჩის მეურვეობის ქვეშ მყოფმა ხელოვანმა მალე დაიპყრო დიდების მწვერვალები და საბოლოოდ შექმნა ორი ყველაზე ცნობილი სკულპტურა ისტორიაში: „პიეტა“ და „დავითი“. ჩვენ დღესდღეობით ამ ადამიანს მიქელანჯელოს სახელით ვიცნობთ. ამ გენიალურ შემოქმდეს ხანდახან უწოდებენ უდიდეს საჩუქარს, რომელიც კაცობრიობამ მედიჩებისგან მიიღო.

***

ხუთასთა დარბაზი, ფლორენცია
ხუთასთა დარბაზში შედგა ერთგვარი ფერწერული დუელი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ პიერო სოდერინი და მაკიაველი. მათ ერმანეთს შეაჯიბრეს აღორძინების ორი ტიტანი - მიქელანჯელო და ლეონარდო, ფრესკები შეუკვეთეს ერტი და იმავე დარბაზის ორი მოპირდაპირე კედლისთვის.

ქრისტიანობაში ციფრი რვა მეორედ დაბადების გამომხატველია. რვაწახნაგა ფორმა ხილული მინიშნება იყო შესაქმის ექვს დღეზე, მეშვიდე დღეზე, როდესაც ღმერთმა დაისვენა და მერვე დღეზე, როდესაც ქრისტიანები მეორედ იბადებოდნენ ანუ ნათლობით ხელახლა „იშვებოდნენ“. რვაწახნაგოვნება იქცა მთელ მსოფლიოში სანათლავებისა და ბაპტისტერიუმების ჩვეულ ფორმად.

საზღვარგარეთული ფუფუნების საგნებისადმი ლტოლვა ვენეციისთვის დამღუპველი აღმოჩნდა - შავი სიკვდილი ჩინეთიდან მოცურდა სავაჭრო გემების ტრიუმებში მყოფ ვირთხებთან ერთად. შავმა ჭირმა, რომელმაც ჩინეთის უთვალავი მოსახლეობის ერთი მესამედი გაანადგურა, ევროპასაც მოაღწია და ყოველი მესამე ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს - ახალგაზრდები და მოხუცები, მდიდრები და ღარიბები, განურჩევლად ყველა. ლენგდონს წაეკითხა, როგორ ცხოვრობდა ვენეცია შავი ჭირის ეპიდემიისას. გარდაცვლილების დასამარხად მიწა არ ჰყოფნიდათ, არხებში გარდაცვლილთა გასიებული გვამები დაცურავდა და რამდენიმე ადგილი იმდენად იყო გადაჭედილი, რომ მუშები მეტივეების მსგავსად ზღვისკენ უბიძგებდნენ გვამებს. ვერანაირი ლოცვა-ვედრება ვერ აჩერებდა შავ ჭირს. როდესაც ქალაქის ხელისუფლება მიხვდა, რომ შავი ჭირი ვირთხებმა შემოიტანეს, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. გარდა ამისა, ვენეციამ დააწესა, რომ ქალაქის წყლებში ყოველი შემოსული ხომალდი რეიდზე სრული ორმოცი დღის მანძილზე უნდა მდგარიყო, სანამ ჩამოტვირთვის უფლებას მიიღებდა. და დღემდე რიცხვი ორმოცი, იტალიურად - quaranta - სიტყვა „კარანტინის“ წარმოშობის პირქუში მოგონებაა.

360 წელს აშენებული აია-სოფია 1204 წლამდე მართლმადიდებულური ტაძარი იყო, სანამ ენრიკო დონდოლოს მეთაურობით ქალაქის დამპყრობელი მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა ის კათოლიკურ ტაძრად არ გადააკეთეს. მოგვიანებით, მეთხუთმეტე საუკუნეში, სულთან მეჰმედ ფატიჰის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთად გადააკეთეს და 1935 წლამდე რჩებოდა მუსულმანთა სალოცავ სახლად, სანამ შენობაში მუზეუმს მოაწყობდნენ.

აია-სოფიას დანახვისას ლენგდონს გაახსენდა, რომ, როდესაც ტაძრის შენობა დაასრულეს, იმპერატორმა იუსტინიანემ ამაყად განაცხადა: „სოლომონ, მე შენ აღგემატე!“



მთარგმნელი გიორგი რაზმაძე

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში