ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი - მეფის დაბრუნება
სულგრძელობა და ღირსეული საქმეები ცივი გონებით არ ფასდება. *** ხმელეთს გრძელი ჩრდილი მუქარით აწევს, დასავლეთით იწვდენს წყვდიადი თათებს, ზანზარებს სიმაგრე, ჩაინთქა ბნელში მეფეთა აკლდამები; წამოდგნენ მკვდრები; ჟამმა მოაწია, ფიცის გამტეხნი ნისლიდან გამოდიან, ბუკის ხმა ესმით, კვლავ კარს ეხვევიან ერეხის დიდ ქვას; ნეტავი ვინ უხმობს დავიწყებულ ხალხს? ის ძველი ხელმწიფის მოდის მემკვიდრე, ომში ერთგულება ვისაც შეჰფიცეს; დიდი ომის ელის მას, და ჭიდილი, მისთვის გაიხსნება მკვდართა ბილიკი. მკვდრებმა ფიცი დადეს, რომ საურონს შეებრძოლებოდნენ. შესაბამისად, ახლა ბრძოლა მოუწევთ, თუკი პირობის შესრულებას აპირებენ. ერეხში დღესაც დევს შავი ქვა, რომელიც, როგორც ამბობენ, თავად ისილდურმა ჩამოიტანა ნუმენორიდან; ქვა ბორცვის წვერზე დევს; სწორედ მასზე შეჰფიცა მთების ხელმწიფემ გონდორის სამეფოს ერთგულება. თუმცა, როცა საურონი დაბრუნდა და ისევ გაძლიერდა, მთის ხალხი ისილდურის გამოძახებას არ გამოეხმაურა და უარი თქვა ბრძოლაზე: შავბნელ წლებში ისინი საურონს თაყვანს სცემდნენ. მაშინ ისილდურმა მა...