ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი - ორი ციხე-კოშკი
დახოცილებში ოთხი მოზრდილი, ჩასკვნილი, შავგვრემანი, წვრილთვალება, სქელფეხებიანი და გრძელხელებიანი გობლინი ჯარისკაცი ერია. ეს ოთხეული არა ორკების საყვარელი იატაგანებით, არამედ მოკლე, ფართოპირიანი ხმლებითა და ადამიანებისთვისაც მოსახერხებელი ზომის ურთხლის მშვილდებით იყო შეიარაღებული. მათ შავ ფარზე უცნაური ნიშანი ეხატა: პატარა, თეთრი ხელის მტევანი, რკინის ჩაჩქანებში კი რომელიღაც თეთრი ლითონისგან გამოჭედილი ს-რუნა იყო ჩასმული - „ს“ სარუმანს აღნიშნავს, იზენგარდი ბოროტების სავანედ იქცა.
როჰარიმები ამაყი და თავნება ხალხია, მაგრამ ამასთან, გულმართალი, დიდსულოვანი და უშურველი; გაბედულება არ აკლიათ, თუმცა სასტიკად არავის ეპყრობიან; არც სიბრძნე აკლიათ, ოღონდ განსწავლულები არ არიან. მათი სიბრძნე ძველისძველ ხალხურ თქმულებებსა და არაკებში ინახება და არა - წიგნებში, რადგან დამწერლობა არ გააჩნიათ. [...] საუკუნეების განმავლობაში გონდორელებთან მეგობრობენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წარმოშობისანი არიან. უხსოვარ დროს გამოსახლდნენ ჩრდილოეთიდან ეორლ ყმაწვილის მეთაურობით და უფრო ველსა და ბნელტევრის კიდეში მცხოვრები ბარდისა და ბეორნის შთამომავლებს ენათესავებიან, რომელთა შორის ბევრს შეხვდებოდით როჰანელი მხედრებივით მაღალსა და პირმშვენიერს.
როცა დიადნი იღუპებიან, მცირენი აგრძელებენ მათ დაწყებულ გზას.
კეთილი და ბოროტი არასდროს იცვლება; რაც იყო, იგივე დარჩა, გინდა ელფებისთვის, გინდა ჯუჯებისთვის და გინდაც ადამიანებისთვის. ნებისმიერის ვალია, თავად განსაზღვროს, რა არის ცუდი და რა - კარგი, სდაც უნდა იყოს - ოქროს ტყესა თუ საკუთარ სახლში.
არსებობს ზოგიერთი რამ, რის გაკეთებაზეც უარი არასდროს უნდა თქვა, თუნდაც წინასწარ იცოდე, რომ მწარე აღსასრული გელის.
ფანგორნის ტყე - მხოლოდ სიმღერები არსებობს, რომელშიც მოთხრობილია, როგორ ცხოვრობდნენ აქ უხსოვარ დროს ონოდრიმები, ანუ ადამიანების ენაზე - ენტები. ფანგორნი ხომ ძალიან ძველი ტყეა, თვით ელფების გადასახედიდანაც უძველესი. ყორღნის გორაკების ტყესავით ძველია, თანაც, გაცილებით დიდი. ელრონდი ამბობს, რომ ორივე ადრეული დღეების ვრცელი და გაუვალი ტყეების ნაშთია, სადაც პირველშობილნი დაეხეტებოდნენ, როცა ადამიანებს ჯერაც არ გამოღვიძებოდათ ღრმა ძილიდან. თუმცა ფანგორნი თავის საიდუმლოსაც ინახავს.
იცოდეთ, დიადი თვალის მზერას არაფერი გამოეპარება.
***
ჰობიტები ყველაზე არაჩვეულებრივ - ენტის სახეს შეეჩეხნენ. სახე უზარმაზარი ადამიანისმაგვარ, თითქმის ტროლისოდენა, ასე რვა წყრთის სიმაღლის, ღონიერ და ერთმანეთში თავკისერშეზრდილ არსებას ეკუთვნოდა. ვერ გაარკვევდით, მისი ტანი მუქმწვანე ხის ღეროს წარმოადგენდა თუ სამოსი ეცვა ასეთი. ყოველ შემთხვევაში, ტანიდან ტოტებივით გამოჩრილ მკლავებზე მცირედი ნაოჭიც არ ეტყობოდა და ყავისფერი ტკიცინა კანი გადაჰკვროდა. ფეხებზე შვიდ-შვიდი თითი ჰქონდა. გრძელი სახის ქვედა ნაწილზე დაბუჩქული რუხი წვერი ამოზრდოდა, რომელიც ხშირ ტოტებად იშლებოდა. თმის ღერების ბოლოები კი უფრო მეჩხერი და ხავსისებრი ჰქონდა - ჭკვიანი თვალები, გეგონებოდათ, უძირო ჭაში იყურებოდით, უამრავი საუკუნის განმავბლოაში დაგროვილი ცოდნითა და ხანგრძლივი, ნელი, მშვიდი ნაფიქრით სავსეში; თუმცა თვალების ზედაპირზე აწმყოს ნაპერწკალი უკვესავდა, როგორც მზე დაციმციმებს ბუმბერაზი ხის კენწეროს ფოთლებს ან მილივლივე ღრმა ტბას. [...] - მე ენტი ვარ, ანუ ასე მეძახიან. ჰო, ჩემნაირ არსებას ენტი ჰქვია. უფროსი ენტი, აი, ვინ ვარ მე თქვენთვის. ზოგიერთი ფანგორნსაც მიწოდებს, ზოგი კი - ხისწვერას.
[...]
ხისწვერა იგივე ფანგორნია, ტყის მცველი. უხუცესი ენტია, ყველაზე მხცოვანი არსება, რომელიც კი დღესდღეობით შუახმელეთზე დააბიჯებს.
ისმინე წარმოშობა ცოცხალ ქმნილებათა! ჯერ მოდის ოთხი ერი თავისუფალი: პირველშობილნი, მოდგმა ელფების, ჯუჯები, ოსტატები, მარჯვე მჭედელნი, ენტები, ტყეთამკვიდრნი, მთებზე უხნესნი, კაცნი, მოკვდავნი, უზადო მხერდარნი. ჰმ, ჰმ, ჰმ.
ძველ ენტურზე, საკუთარი სახელი განვლილ ცხოვრებას ასახავს. ამ ენაზე ლაპარაკი სასიამოვნოა, მაგრამ ერთი სიტყვის თქმასაც კი დიდი ხანი სჭირდება. ამიტომაცაა, რომ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ, როცა მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტა გვიხდება.
*
ჩვენ, მოხუცი ენტები, ხომ ხის მწყემსები ვართ. სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალიან ცოტანი დავრჩით. ნათქვამია, მწყემსი ცხვრებს ემსგავსება და ცხვრები მწყემსსო, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება, ბუნებას არც ერთისთვის არ უბოძებია ხანგრძლივი სიცოცხლე. თუმცა ენტებისა და ხეების ურთიერთობა სხვაგვარია, საუკუნეებია, ერთად მოვდივართ. ენტები ხომ უფრო მეტად ელფებს ვგავართ: საკუთარი თავი ისე ძლიერ არ გვაწუხებს, როგორც ადამიანებს; სხვა ქმნილებათა წუხილის გაგება უფრო გვეხერხება. მეორე მხრივ, რაღაცით ადამიანებს უფრო ვგავართ, ვიდრე ელფებს - უფრო ცვალებადნი და წუთისოფლის ამყოლნი ვართ, ზოგი თვისებებით კი ორივეს ვჯობივართ: უფრო გამძლეები ვართ და უფრო მეტი რამ გვახსოვს.
ჩემი ბევრი თანამოძმე იმდენად გახევებულია, მიწაც რომ იძროდეს, ყურსაც არ შეიბერტყავს; ლაპარაკიც ეზარებათ, მხოლოდ ჩურჩულებენ. ამ დროს კი, ჩემი სამწყსოდან ზოგი ხე უფრო მოქნილი გახდა და ბევრი მელაპარაკება კიდეც. რა თქმა უნდა, ეს ელფებმა დაიწყეს, ხეეებს აღვიზებდნენ და ლაპარაკს ასწავლიდნენ, მერე მათგან ხეების ენას ითვისებდნენ. ძველ ელფებს ყოველ ქმნილებასთან სურდათ საუბარი. მაგრამ, როდესაც დიდი წყვდიადი ჩამოწვა, ელფები ზღვის გაღმა გაიქცნენ ან შორეულ ხეობებს შეაფარეს თავი და შეთხზეს სიმღერები გარდასულ ჟამზე, რომელიც აღარასოდეს დადგება.
*
სიბერთი არც ერთი ენტი არ ვკვდებით. ზოგი ხანგრძლივი დროის უბედურ შემთხვევებს შეეწირა, უმეტესობა კი გახევდა. ძალიან ბევრი არც არასდროს ვყოფილვართ და რაც მატება აღარ გვაქვს, უფრო დავცოტავდით. უკვე მრავალი, აურაცხელად მრავალი წელია, ენტუნები, ანუ შვილები არ გაგვაჩნია. იცით, დედაენტები დავკარგეთ!
[...]
სამყაროს სიყრმის ჟამს, როცა უღრან ტყეებს კიდე-განი არ უჩანდა, ენტები და დედაენტები - აჰ! რა მშვენიერი ენტქალები იყვნენ მაშინ: ვინ შეედრებოდა მომხიბვლელობაში ჩემს ფიმბრეთილს, ტურფა ნაზტოტას! - იმას ვამბობდი, რომ ენტები და დედაენტები ერთად დასეირნობდნენ და სახლობდნენ. თუმცა გული სხვადასხვა მხარეს მიგვიწევდა: ენტებს ხეტიალი უყვარდათ და თავიანთ სიყვარულს გზადაგზა შემხვედრ სამყაროს ქმნილებებს უძღვნიდნენ, დედაენტები კი სიყვარულს სხვანაირად გამოხატავდნენ. ენტებს ბუმბერაზი ხეები, უღრანი ტყეები და მაღალი მთების ფერდობები მოსწონდათ, სვამდნენ მთის ანკარა წყაროს წყალს, მიირთმევდნენ მხოლოდ ძირს ჩამოცვენილ, გადამწიფებულ ხილს, სწავლობდნენ ელფებისგან და ესაუბრებოდნენ ხეებს. დედაენტები პატარა ჭალებსა და მზის შუქით მოსილ ტყისპირა ტრიალ მინდვრებს დაჰფოფინებდნენ; ძირკვავდნენ სარეველებს, გაზაფხულზე უვლიდნენ ტყის ვაშლსა და ალუბალს, ზაფხულში - ჭაობების ჯეჯილს, შემოდგომაზე ყანებში მარცვლეულს თესავდნენ. დედაენტების მიზანი არა ამ მცენარეებთან საუბარი, არამედ მათი დამოძღვრა და დარიგება იყო. დედაენტები უბრძანებდნენ მცენარეებს, რომ მათი სურვილების მიხედვით გაზრდილიყვნენ, გამოეღოთ ფოთლები და გამოესხათ ხილი - ისეთი, როგორიც თვითონ მოეწონებოდათ; რადგან დედაენტები მუდამ წესრიგს, სიუხვესა და მშვიდობას (რაშიც იმას გულისხმობდნენ, რომ ყველაფერი იქვე დარჩენილიყო, სადაც თვითონ დარგავდნენ) ესწრაფოდნენ. ამიტომაც დედაენტებმა საკუთარი ბაღნარის გაშენებას მიჰყვეს ხელი, ენტები კი ისევ უდარდელად დავხეტიალებდით და მათ წალკოტებში დროდადრო შევივლიდით ხოლმე. მას მერე, რაც ჩრდილოეთს წყვდიადი გადაეფინა, დედაენტები დიდ მდინარეზე გადავიდნენ, სადაც ახალი ბაღები გააშენეს და ყამირი მიწები დაამუშავეს. უკვე იშვიათად ვახერხებდით მათ ნახვას. როდესაც წყვდიადმა უკან დაიხია, დედაენტების მიწა ისეთი ნაყოფიერი გახდა, რომ მუდმივად უხვი მოსავალი მოდიოდა. უამრავმა ერმა გადაიღო მათი ხელობა და დედაენტებს უდიდესი პატივისცემით იხსენიებდნენ. ენტებზე კი ხალხს ყოველთვის ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა და ყოველთვის კრძალვით ახსენებდნენ ტყის შუაგულში მობინადრე იდუმალ არსებებს. თუმცა ჩვენ ისევ აქ ვართ, აი, დედაენტების ბაღებისგან კი მხოლოდ უდაბნოებია დარჩენილი: ადამიანები ამ ადგილებს ახლა ხრიოკ მიწებს უწოდებენ.
მახსოვს, დიდი ხნის წინათ - იმ დროს საურონსა და ზღვიდან მოსულ ადამიანებს შორის ომი მიმდინარეობდა - ფიმბრეთილის მონახულება მომინდა. ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მისი მშვენიერი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას სულაც აღარ გახლდათ ისეტი, როგორიც ახალგაზრდა ენტქალობისას იყო. დედაენტებს ხომ დაუღალავი შრომის შედეგად კანი უუხეშდებოდატ, მზის სხივები თმას მწიფე თავთავისფრად უხუნებდა, ლოყებს კი წითელი ვაშლივით უღაჟღაჟებდა. თუმცა ენტური მწვანე თვალები ისევ ძველებურად უბრწყინავდათ. ჩვენ ანდუინზე გადავედით, მაგრამ მათი წალკოტების ადგილზე უდაბნო დაგვხვდა: ომს გადაევლო მათზე და ერთიანად აეოხრებინა. დედაენტები იქ აღარ იყვნენ. დიდხანს ვეძებდით, დიდხანს ვეძახდით და ყველა შემხვედრს ვეკითხებოდით, საით წავიდნენ დედაენტები. ზოგი გვეუბნებოდა, არ გვინახავსო, ზოგი ამბობდა, დასავლეთით გაემართნენო, ზოგი - აღმოსავლეთით, ზოგი კიდევ, სამხრეთითო. მაგრამ, რომელ მხარესაც წავედით, მათ ვერსად მივაგენით. უსაზღვრო იყო ჩვენი წუხილი, მაგრამ უღრან ტყეებს პატრონი სჭირდებოდა და ჩვენც უკან დაბრუნება მოგვიხდა. თავიდან ყოველ წელს შორს მივდიოდით საძებრად და ლამაზი სახელებით ვუხმობდით დედაენტებს, მერე თანდათან ძებნას ვუკელით, ბოლოს კი თავი დავანებეთ. დედაენტები ჩვენთვის მხოლოდ ფერმკრთალ მოგონებად იქცა, წვერიც გაგვიჭაღარავდა და გაგვეზარდა. ელფებმა უამრავი სიმღერა შეთხზეს, როგორ დაეძებდნენ ენტები თავიანთ მეუღლეებს, და ზოგი სიმღერა ადამიანებმა თავიანთ ენაზეც გადათარგმნეს. ჩვენ თვითონ სიმღერები არ შეგვითხზავს, მხოლოდ დედაენტების ლამაზი სახელების ღიღინით ვკმაყოფილდებოდით. ისე კი, ნაწინასწარმეტყველებია, როდესაც ყველაფერი, რაც ენტებსა და დედაენტებს ძალიან უყვარტ, განადგურდება, ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთსო. ვფიქრობ, ამ დრომ უკვე მოაწია. მაშინ საურონი მხოლოდ ბაღებს აოხრებდა, დღეს კი მტერი, როგორც ჩანს, ტყეების ერთიანად ამოძირკვას აპირებს.
***
დიდი წყვდიადის ქვეშ შობილი ორკები, ბოროტი არსებები მზის შუქს ვერ იტანენ, აი, სარუმანის ორკები კი, მიუხედავად უდიდესი სიძულვილისა, დღის სინათლეს მაინც უძლებენ. ნეტავ რა იჯადოქრა სარუმანმა? ადამიანები გადააგვარა თუ ორკები და ადამიანები შეაჯვარა?
ტროლები მხოლოდ დიდ წყვდიადში საუკუნო მეტოქის მიერ ენტებთან დასაპირისპირებლად შექმნილი არსებებია, ისევე, როგორც ორკები - ელფებთან.
წინასწარმეტყველება ხომ ხესავითაა, თავის დროზე და თავისებურად გამოაქვს ნაყოფი: ზოგჯერ საერთოდ უდროოდ ჭკნება.
თავის სასახლეში მეფეს უნდა სულელურად მოიქცევა, უნდა ბრძნულად.
როცა ორჭოფობს, ღირსეული ადამიანი ისევ საკუთარ სიბრძნეს უნდა დაეყრდნოს.
ორი განზრახვით შეიძლება კაცი ავის მაუწყებლად მოვიდეს. ის შეიძლება თავად იყოს ავის მოქმედი ანდა ავი ცნობების შეტყობისნებასთან ერთად, გაჭირვებიდან თავის დასაღწევად დახმარების ხელიც გამოგიწოდოს.
შეუძლებელია ერთდროულად ტირანიც იყო და თან სხვებს ჭკუას არიგებდე.
ბედისწერას ვერაფერს გაუგებ! ზოგჯერ ბოროტება თავის თავს ვნებს!
ერთხელ რომ ცხელ წყალში დაითუთქები, მერე ცივთანაც ფრთხილად იქნები.
რთული საკითხების სამართლიანად განსასჯელად მცირე ხნით დაყოვნება ღირს.
სიკვდილის ცნობას ფრთები ასხია.
მტრის ავი ხრიკების მეშვეობითა თუ ჟამთასვლის წყალობით, ელფები და ადამიანები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. ახლა ადამიანები უფრთხიან და არ ენდობიან ელფებს, რადგან ბევრი არაფერი ახსოვთ მათზე. ჩვენ, გონდორელებიც, უბრალო ადამიანებს, როჰარიმებს ვემსგავსებით; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბნელი მეუფის მტრები ვართ. ელფებს, პირველშობილ ერს, მაინც თავს ვარიდებთ და ოქროს ტყეზე შეძრწუნებით ვლაპარაკობთ.
მგონი, ყოველთვის ასე ხდება. აი, საგმირო სიმღერებსა თუ თქმულებებშიც, ბატონო ფროდო, მე რომ თავგადასავლებს ვეძახდი. მაშინ მეგონა, თავგადასავლების მოყვარული გმირები ნებით მიდიოდნენ ფათერაკებთან შესახვედრა მოწყენილი ცხოვრების გასახალისებლად. ან გასართობად, თუ შეიძლება, ასეც ითქვას. ახლა ვხედავ, რომ ეგრე მარტივად არ ყოფილა ძველი თქმულებების საქმე; თქვენი თქმისა არ იყოს, ჩვენი ზღაპრული გმირებიც თითქოს იმიტომ გაეხვნენ საარაკო ამბებში, რომ ასეთი გზა ერგოთ გასავლელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენსავით იმათაც უამრავჯერ ექნებოდათ უკან დახევის შესაძლებლობა, მაგრამ არ დაიხიეს. რომ დაეხიათ, ამას ვერასდროს გავიგებდით, რადგან ასეთებს უმალვე მიივიწყებდნენ. ჩვენ მხოლოდ იმათზე ვიგებთ, ვინც ბოლომდე მივიდა, თან ეს ბოლო ყოველთვის არ ყოფილა კეთილი; ყოველ შემთხვევაში, არა ისეთი, რასაც ზღაპრის გმირები ან მსმენელები კეთილ ბოლოს უწოდებენ. ისეთი, როგორც მოხუცი ბატონი ბილბოს შემთხვევაში იყო: სამოგზაუროდ წავიდა, უკან მშვიდობით დაბრუნდა და შინაც მთლად ძველებურად არა, მაგრამ ყველაფერი წესრიგში დახვდა. ასეთი ზღაპრები მოსასმენად არც ისე კარგია, სამაგიეროდ, მათში მოხვედრას არავინ იუარებდა! ნეტავ ჩვენ როგორ ზღაპარში მოვხვდით?
***
უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა გვირაბში ბაბაჭუა, ავსული ობობას სხეულით; მისი მსგავსნი, დღეს უკვე ზღვაში ჩაძირული დასავლეთის ელფთა მიწაზე ბინადრობდნენ; სწორედ ასეთი ურჩხულები დაამარცხა ბერენმა დორიათის შემზარავ მთებში, საიდანაც მათუთებით შემოსილ მდელოზე დაეშვა და მთვარის შუქზე მოცეკვავე ლუთიენს შეხვდა. როგორ გადაურჩა ბაბაჭუა ზღვაში ჩაძირვასა და ნგრევას, თქმულებებს არ შემოუნახავთ, რადგან შავბნელი წლებიდან ჩვენამდე ბევრ თქმულებას არ მოუღწევია. ასეა თუ ისე, ბაბაჭუა იმ ადგილებში საურონამდე ადრე გადმოსახლდა, მაშინ, როცა ბარად-დურის საძირკველიც კი არ იყო ჩაყრილი. ის არავის ემსახურებოდა, ელფებისა და ადამიანების სისხლიან ნადიმებს მართავდა, შავბნელ ქსელებს აბამდა; ყოველი სულიერით იკვებებოდა და წყვდიადს არწყევდა. მისი ნაშიერები, ნაბუშრები საცოდავი მეწყვილეებისგან, რომელთაც ბოლოს ყველას ხოცავდა, მთასა და ბარს ედებოდნენ, სახლდებოდნენ ყველგან ელფურ დუათიდან აღმოსავლეთ მთიანეთამდე, დოლ გულდურამდე და უღრან ბნელტევრამდე, მაგრამ ვერც ერთი ვერ შეედრებოდა დიად ბაბაჭუას, თავად უნგოლიანტის უკანასკნელ შთამომავალს, თითქოს სატანჯველად რომ შემორჩენოდა უბედურ წუთისოფელს.
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ამავე თემაზე: ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი - ბეჭდის საძმო