ნილ გეიმანი - ამერიკელი ღმერთები

ციხეში ჯდომის ყველაზე დიდი უპირატესობა, ერთადერთი უპირატესობა - შვების განცდა იყო; განცდა იმისა, რომ მთლად ფსკერზე დაეცა. აღარ ღელავდა, რომ დაიჭერდნენ, რადგან უკვე დაიჭირეს. შეძრწუნებულს აღარ ეღვიძებოდა; აღარ ეშინოდა იმის, რას მოუტანდა ხვალინდელი დღე, რადგან მოსახდენი გუშინ უკვე მოხდა.

ინფორმაცია და ცოდნა: ეს ორი ვალუტა არასდროს გაუფასურდება.

არავინაა იმაზე ბრმა, ვინც არ ისმენს.

ენა ვირუსია, რელიგია - ოპერაციული სისტემა, ლოცვები კი - სპამი, უსარგებლო ინფორმაცია.

ძალიან ბევრს ლაპარაკობს ხალხი. ლაქლაქებენ და ლაქლაქებენ. ეს ქვეყანა ბევრად უკეთესი იქნებოდა, ხალხს ჩუმად წუხილი რომ შეეძლოს.

ყოველი საათი მორიგი ჭრილობაა, ბოლო საათი - მომაკვდინებელი.

თუ ყველანაირ განცდას გულში ღრმად ინახავ და არ ამჟღავნებ, შესაძლოა ერთ დღესაც საერთოდ ვეღარაფერი იგრძნო.

ღმერთები იხოცებიან. და როცა ღმერთები ნამდვილად იხოცებიან, მათ აღარავინ გლოვობს ან იხსენებს. იდეა ადამიანზე ძნელად მოსაკლავია, მაგრამ იდეის მოკვლაც შეიძლება.

როცა მკვდარი ხარ, სულერთია, რას იტყვი. ფოტოსავითაა, რა. დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

საქმე ისაა, რომ მხოლოდ სიმართლეს ამბობენ, ხალხს კი სიმართლის მოსმენა სულაც არ უნდა. სიმართლე ცუდი რამაა და ხალხს აწუხებს.

- ჰკითხე, რა უნდოდა?
- არა, არ მიკითხავს.
- აჯობებს, ჰკითხო. მკვდარს ამაზე გონივრულს ვერაფერს ჰკითხავს ცოცხალი ადამიანი. ზოგჯერ მკვდრები პასუხს იძლევიან.

***

ფიქციაა, თითქოს ამერიკა რწმენის თავისუფლების მაძიებელი პილიგრიმების დაარსებული იყოს, რომ ისინი ამერიკის ცარიელ მიწებზე დასახლდნენ და გამრავლდნენ.

სინამდვილეში, ამერიკის კოლონიები ნაგავსაყრელი, ყველასგან დასავიწყებელი ადგილიც იმდენადვე იყო, რამდენადაც დევნილთა თავშესაფარი. იმ ძველ დღეებში, როცა ადამიანს თორმეტი პენის ქურდობისთვის ლონდონში ტაიბერნის სამკენწეროვან ხეზე კიდებდნენ, ამერიკა მეორე შანსის, შეწყალების სიმბოლოდ იქცა. თუმცა, ამერიკაში გადასახლებულებს მგზავრობა და ცხოვრება ისეთ პირობებში უწევდათ, ზოგიერთს უტოტო ხიდან გადმოხტომა და ჰაერში ცეკვა ერჩია. რადგან ცეკვა უფრო მალე მორჩებოდა.

მსჯავრდებულს კაპიტანს მიჰყიდდნენ, ჩასვამდნენ მონებით მოვაჭრეთა გემივით გატენილ გემში და გაუყენებდნენ ამერიკის კოლონიებს ან უესტინდოეთის გზას. ხმელეთზე კაპიტანი მსჯავრდებულებს გარკვეული დროით, სასჯელის ვადის ამოწურვამდე, ვინმეს მსახურად მიჰყიდდა ხოლმე. მსჯავრდებულს მძიმე შრომა უწევდა, მაგრამ ინგლისის ციხეში მაინც არ ელოდა ჩამოხრჩობა (იმ დროს ციხე ისეთ ადგილს ერქვა, სადაც გათავისუფლებას, გადასახლებას ან ჩამოხრჩობას ელოდა ადამიანი: ციხეში სასჯელს არავინ იხდიდა) და ახალი სამყაროს უკეთ გაცნობის საშუალება ეძლეოდა. გარდა ამისა, შეიძლებოდა კაპიტნის მოქრთამვაც და ინგლისში გადასახლების ვადის ამოწურვამდე დაბრუნებაც. ზოგი ასეც იქცეოდა. მაგრამ თუ ამ დროს გამოიჭერდნენ - მაგალითად, ძველი მტერი ან ანგარიშის გასწორების მოსურნე ძველი მეგობარი დროზე ადრე დაბრუნებულს სადმე შეამჩნევდა და ხელისუფლებასთან დააბეზღებდა - თვალის დაუხამხამებლად ჩამოკიდებდნენ სახრჩობელაზე.


***

ქალბატონი თავისუფლება, როგორც ამერიკელების სათაყვანო ღვთაებათა უმეტესობა, ესეც უცხოელია. ამ შემთხვევაში ფრანგთან გვაქვს საქმე. თუმცა, ფრანგებმა ამერიკელთა გრძნობებს მკერდი დაუფარეს.

[...]

- თავისუფლება კახპაა, რომელთანაც გვამების ლეიბზე უნდა დაწვე.

[...]

აი, ვისი ქანდაკება უდგათ ნიუ-იორკის ნავსადგურში: კახპისა, რომელიც გილიოტინიდან გადმოყრილი ნარჩენების გროვაზე ტყნაურობდა. რაც უნდა მაღლა ასწიო ეგ შენი ჩირაღდანი, ჩემო კარგო, შენი კაბის ქვეშ მაინც ვირთხები დაძვრებიან, ფეხზე კი ცივი თესლი ჩამოგდის.

***

კაცობრიობის მარადიული უგუნურება, ადამიანი გამუდმებით ტკბილ ხორცს დასდევს, იმას კი ვერ ხვდება, რომ ხორცი მხოლოდ ძვლების ლამაზი გარსია. მატლების საკვები, ღამღამობით მატლების საკვებს ეხახუნები.

***

ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც არ იცის რას წარმოადგენს. დანარჩენებმა იციან. არავის არასდროს მოუვა თავში აზრად ნორვეგიის გული ან მოზამბიკის სული იპოვოს. იქ ისედაც იციან, ვინც და რაც არიან.

ხანდახან უმოკლესი გზა ყველაზე გრძელია.

***

როცა ამერიკაში ხალხი გადმოსახლდა, ჩვენც (ღმერთები) თან ჩამოგვიყოლეს. მათ ჩამოგვიყვანეს მე, ლოკი, თორი, ანანსი და ლომ-ღმერთი, ლეპრეკონები, კლურიკონები და ბანშიები, კუბერა, ფრაუ ჰოლე და აშტაროთი. მათ ჩამოგიყვანეს თქვენც. ახალმოსახლეების გონებას ოკეანის გადაღმიდან ჩამოვყევით და აქ, უცხო მიწაზე დავფუძნდით.

ეს მიწა ვრცელია. მალე ხალხმა დაგვივიწყა, მხოლოდ შინ, ძველ სამშობლოში დატოვებულ არსებებადღა გვიხსენებდნენ. ჩვენი ჭეშმარიტი მორწმუნეები დაიხოცნენ, ზოგს რწმენა შეერყა და ჩვენც შეშინებულები, გზააბნეულები და უსახლკაროები დავრჩით, მხოლოდ რწმენისა და თაყვანისცემის ნარჩენებით ვსულდგმულობთ. თავი ძლივძლივობით გაგვაქვს.

აქამდე ასე გაჭირვებით მოვაღწიეთ - სიფრთხილით, მალულად, რომ თვალში არავის მოვხვედროდით.

მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ხალხზე ვერანაირ გავლენას ვეღარ ვახდენთ. მხოლოდ ვნადირობთ მათზე, ვართმევთ იმას, რაც საარსებოდ გვჭირდება. შიშვლები ვცეკვავთ, ვბოზობთ და ვლოთობთ, ვთაღლითობთ და ვქურდობთ, საზოგადოებისგან გარიყულები ვართ. ძველი ღმერთები ვართ ამ ახალ, უღმერთო მიწაზე.

***

ალბათ თავადაც მრავალგზის გექნებოდათ ამაში დარწმუნების შესაძლებლობა, რომ ახლა ამერიკაში ახლებური რწმენით ნაკვები ახალი ღმერთები ჩნდებიან: საკრედიტო ბარათისა და ავტოსტრადის, ინტერნეტისა და ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიისა და საავადმყოფოს, პლასტმასის, პეიჯერისა და ნეონის ღმერთები; ქედმაღლები, მსუქანი და ყეყეჩი არსებები, თავიანთი სიახლითა და მნიშვნელოვნებით გაბღენძილები. მათ ჩვენი არსებობის შესახებ იციან, ეშინიათ ჩვენი, ყველანი ვძულვართ, - თქვა ოდინმა, - ტყუილად თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ ასე არაა. ეცდებიან, გაგვანადგურონ. უნდა გავერთიანდეთ. დროა, რამე ვიღონოთ.

ადამიანის რწმენა მის შეგრძნებებს ემყარება: სამყაროს მხედველობის, შეხებისა და მეხსიერების მეშვეობით აღიქვამს. თუკი რომელიმე გრძნობა ატყუებს, ადამიანი ვეღარაფერს ენდობა. მაგრამ თუნდაც არაფრის გვჯეროდეს, მხოლოდ იმ გზით სიარული შეგვიძლია, რომელსაც ჩვენი გრძნობები გვკარნახობს; და ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ.

***

წიგნში ეწერა, რომ დაახლოებით ხუთი ათასი წლის ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროები ერთმანეთს შეერწყა, ხოლო მანამდე, როცა მარჯვენა ნახევარსფერო რაიმე სიგნალს იძლეოდა, ადამიანებს ეგონათ, რომ მათ ღმერთები კარნახობდნენ, რა ექნათ. ტვინები ასეა მოწყობილი.

- მე ჩემი თეორია უფრო მომწონს, - თქვა შედოუმ.
- შენი თეორია რომელია?
- რომ ძველად ადამიანები ხანდახან მართლა ხვდებოდნენ ღმერთებს.



მთარმგმნელი - ნიკა სამუშია

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში