Monday, August 22, 2016

ნილ გეიმანი - ამერიკელი ღმერთების შესახებ

არ ვიცი, ამ წიგნის წაკიხვისას რას გრძნობენ. მხოლოდ ის ვიცი, რას ვგრძნობდი მისი წერისას. 

ამერიკაში 1992 წელს გადავედი საცხოვრებლად. აზრები გამიჩნდა, თავში მიტრიალებდა მნიშვნელოვანი (ამას ვგრძნობდი), მაგრამ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი იდეები ორი ადამიანის შეხვედრაზე თვითმფრინავში, ყინულზე მდგარ მანქანაზე, მონეტის ფოკუსებზე და, რაც მთავარია, ამერიკაზე: უცნაურ, ვრცელ ადგილზე, სადაც დავსახლდი და რომლისაც არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ძალიან მსურდა, მის შესახებ მცოდნოდა. უფრო მეტიც, ამერიკის აღწერა მომინდა.

ერთხელაც, როცა ისლანდიაში გადაჯდომისას ჩემს რეისს ველოდებოდი, ლეიფ ერიქსონის მოგზაურობებისადმი მიძღვნილ ტურისტულ დიორამას მოვკარი თვალი და ყველა დეტალი შეერთდა. ჩემს აგენტსა და რედაქტორს წერილი გავუგზავნე, ახალ წიგნზე მუშაობას ვიწყებ-მეთქი. ტექსტს თავზე „ამერიკელი ღმერთები“ დავაწერე, თუმცა მაშინ ვიმედოვნებდი, უკეთეს სათაურს მოვიფიქრებდი.

ორი კვირის შემდეგ რედაქტორმა ყდის ნიმუში გამომიგზავნა. ყდაზე მოჩანდა გზა, ელვით დასერილი ცა და სათაური: „ამერიკელი ღმერთები“. ეს იყო ყდა წიგნისა, რომელიც მე უნდა დამეწერა.

წიგნამდე მისი ყდის ხილვამ თან დამაბნია, თან გამამხიარულა. კედელზე დავკიდე და შეცბუნებული დიდხანს ვუყურებდი. ახალ სათაურზე ფიქრი მაშინვე შევწყვიტე. გადაწყდა. ეს იყო წიგნის ყდა. ასე ექმეოდა წიგნს.

ახლა წიგნი უნდა დამეწერა.

პირველი თავი ჩიკაგოდან სან-დიეგოში მატარებლით მგზავრობისას დავწერე. ვმოგზაურობდი და ვწერდი. მინეაპოლისიდან ფლორიდაში სოფლის გზებით წავედი, რადგან ვიფიქრე, წიგნში შედოუ სწორედ ამ მარშრუტს გაივლიდა. ვწერდი და ხანდახან, როცა გავიჭედებოდი, გზას დავადგებოდი ხოლმე. მიჩიგანის ზედა ნახევარკუნძულზე ღვეზლებს ვჭამდი, კაიროში - სიმინდის კვერებს. ვცდილობდი, ისეთი ადგილები არ აღმეწერა, სადაც არასდროს ვყოფილვარ.

წიგნზე ბევრგან ვმუშაობდი: ჩემს სახლში, ფლორიდაში, ვისკონსინის ტბისპირა კოტეჯში, ლას-ვეგასის სასტუმროს ნომერში...

შედოუს კვალდაკვალ დავდიოდი. ხანდახან, როცა აღარ ვიცოდი, შედოუს რა დაემართა, „ამერიკაში ჩასვლის“ ამბის წერას დავიწყებდი და სანამ დავამთავრებდი, ვხვდებოდი, შედოუ რასაც აკეთებდა და ისევ მას ვუბრუნდებოდი. გეგმის მიხედვით, დღეში ორი ათასი სიტყვა უნდა დამეწერა, მაგრამ თუ ათას სიტყვას დავწერდი, მიხაროდა.

მახსოვს, როცა ტექსტის პირველ ვარიანტზე მუშაობა დავამთავრე, ჩემს ნაცნობთაგან ყველაზე ჭკვიან, საუკეთსო რომანების ავტორ ჯინ ვულფს ვუთხარი, რომანის წერა ვისწავლე-მეთქი. ჯინმა შემომხედა და კეთილად გამიღიმა.

- რომანის წერას ვერასდროს ისწავლი, - მითხრა მან, - მხოლოდ იმ რომანის წერას სწავლობ, რომელზეც მუშაობ.

მართალიც იყო. იმ რომანის წერა ვისწავლე, რომელზეც ვმუშაობდი და მეტი არაფერი. და მაინც, ამ მშვენიერი, უცნაური რომანის წერის შესწავლით ძალიან ვისიამოვნე. მართალია, ისეთი ლამაზი, ბრწყინვალე არ გამომივიდა, როგორიც გონებაში წარმომედგინა, მაგრამ უკმაყოფილო მაინც არ დავრჩენილვარ.

წიგნზე მუშაობისას წვერი მოვუშვი და თმა ერთხელაც არ შემიჭრია, ბევრმა იფიქრა, რომ ახირებულად ვიქცეოდი (მხოლოდ შვედებს არ გაჰკვირვებიათ, მითხრეს, ჩვენმა მეფემაც რაღაც მსგავსი ქნა, ოღონდ რომანის წერისას არაო). ტექსტის პირველი ვარიანტის დამთავრებისთანავე გავიპარსე წვერი და წარმოუდგენლად გრძელი თმაც მალევე შევიჭერი.

ტექსტის მეორე ვარიანტზე მუშაობა გარკვეული მონაკვეთების გაშალაშინებასა და დაზუსტებას გულისხმობს. სადაც რამეა ჩასამატებელი, ამატებ, სადაც გამოსაკლებია, აკლებ.

რამდნეიმე რამის მიღწევას ვცდილობდი. მინდოდა, დიდი, უჩვეულო და ჩახლართული წიგნი დამეწერა. მინდოდა და დავწერე კიდეც. მინდოდა, წიგნში აღმეწერა ამერიკის ის მხარეები, რომლებმაც გამიტაცეს და აღმაფრთოვანეს; რომლებსაც ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში არ აჩვენებენ.

როგორც იქნა, რომანზე მუშაობას მოვრჩი და ტექსტი რედაქტორს გავუგზავნე. თავს ძველი გამოთქმით ვიმშვიდებდი, რომ რომანი, ეს არის დიდტანიანი პროზაული ნაწარმოები, რომელიც უნაკლო ვერ იქნება. დარწმუნებული ვიყავი, მეც ზუსტად ასეთი რამ დავწერე.

ჩემს რედაქტორს წიგნი მეტისმეტად დიდი და ჩახლართული მოეჩვენა (უცნაურობის საწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა) და მისი შემოკლება მთხოვა. ასეც მოვიქეცი. ვფიქრობ, არც შემცდარა, რადგან რომანმა წარმატება მოიპოვა, მისი უამრავი ეგზემპლარი გაიყიდა და რამდენიმე ლიტერატურული პრემიაც, მათ შორის „ნებულა“, „ჰიუგო“ (რომლითაც ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებები ჯილდოვდება), „ბრემ სტოკერი“ (საშინელებათა ჟანრი) და „ლოკუსი“ (ფენტეზის ჟანრი) დაიმსახურა, რამაც მისი არაჩვეულებრიობა ცხადჰყო; მიუხედავად პოპულარობისა, ამ წიგნს კონკრეტულად ამა თუ იმ ჟანრს ვერავინ მიაკუთვნებდა.

თუმცა, ამ ყველაფრამდე წიგნის გამოცემის საკითხი დადგა. გამოცემის პროცესი იმდენად საინტერესო მომეჩვენა, რომ ონლაინ-ბლოგი შევქმენი (ამ ბლოგზე დღემდე ვაქვეყნებ ჩანაწერებს) და დეტალების აღწერა დავიწყე. წიგნის გამოცემის შემდეგ ჯერ აშშ-ში მოვაწყვე საპრეზენტაციო ტურნე, შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და კანადაში და ბოლოს შინ დავბრუნდი. პრეზენტაცია 2001 წლის ივნისში მსოფლიო სავაჭრო ცენტრში „ბორდერს ბუქსში“ გაიმართა. 2001 წლის 11 სექტემბერს, შინ დაბრუნდებიდან ორიოდე დღეში, წიგნის მაღაზიაც და მსოფლიო სავაჭრო ცენტრიც განადგურდა.

ჩემდა გასაკვირად, წიგნმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ჩემი წინა ნაწარმოებები ხალხს ან მოსწონდა, ან საერთოდ არ კითხულობდა. მანამდე მკითხველებს შორის განხეთქილების გამომწვევი არაფერი დამეწერა. ეს რომანი კი ზოგს უყვარს, ზოგს სძულს. მათ, ვისაც სძულთ, თუნდაც ჩემი სხვა წგინების მოყვარულებს, ნამდვილად სძულთ. ზოგი იმას ჩივის, წიგნი საკმაოდ ამერიკული არ არისო, ზოგიც - მეტისმეტად ამერიკულიაო; შედოუ მკითხველის სიმპათიას ვერ იწვევსო; ამბობენ, რომ მე შევცდი და ამერიკის ნამდვილი რელიგია სინამდვილეში სპორტია და ა.შ. რასაკვირველია, მართებული შენიშვნებია. თუმცა, ჩემი აზრით, წიგნმა თავისი მკითხველი მაინც იპოვა. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ეს წიგნი ბევრს მოეწონა და დღემდე მოსწონს.

ვიმედოვნებ, ერთ დღეს ისევ დავუბრუნდები ამ ამბავს. ბოლოს და ბოლოს, შედოუ უკვე ათი წლით უფროსია. ამერიკაც. ღმერთები იცდიან.

ნილ გეიმანი
2010 წლის სექტემბერი

მთარმგმნელი - ნიკა სამუშია