გურიის რესპუბლიკა

XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე.წ ,,გურიის რესპუბლიკად" ჩამოყალიბდა.

ავტორი: ირაკლი მახარაძე

„საქართველოს სხვა კუთხეებისგან გამორჩეულია ბუნებით უხვად დაჯილდოებული გურია და მისი მცხოვრებლები - ამაყი, ფიცხი, მეამბოხე და კეთილშობილი გურულები, რომლებიც განსხვავდებიან კიდეც თავიანთი ნათესავებისგან. თუ სხვა კუთხის ქართველები უპირატესად ვაჭრები არიან პროფესიით და ხასიათითაც, - გურია ხელოვანთა ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა“ - ასე წერდა გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი.

***

XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა მხარეში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდისა და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს.

***

1841 წლის გურიის ჯანყის ჩახშობის მრავალი წლის შემდეგაც, ყოველი ახალი წლის დილას, აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე გოგია ვადაჭკორია თოფს ჩრდილოეთისკენ მიაბრუნებდა და უკიჟინებდა - სიკვდილი, კილავ, რუსებს!

***

საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, მარქსისტულმა მოძღვრებამ ყველაზე ნოყიერი ნიადაგი გურიაში იპოვა. „გზა“ (#15, 1908) წერდა: ხალხს მოსწყინდა ძილი, ხალხს მოსწყურდა გამოღვიძება, გამოფხიზლება და ახალ გზაზე დადგომა და იმას მოევლინა ჩვენი ქვეყნის მოძღვრად და ღმერთად მარქსი... იპოვნა ჩვენს პაწაწინა გურიაში თბილი ჰაერი და გრძნობიერი ბუნება და გამეფდა... ცოტა ხანში მთელი გურია გაიძახოდა: „არ არის ღმერთი გარდა ღვთისა და მოციქული მისი გარდა მარქსისა“.

ამის ყველაზე მარტივად ახსნა გაზეთმა გურულის დახასიათებით სცადა: ხალხი არ უნდა მოიძებნებოდეს ქვეყანაზე იმდენად ბუნებით ცოცხალი, მოძრავი, ყველაფერი ახლისდ ა უცხო რამეს ადვილად მიმღები და შემთვისებელი, როგორც გურულებია. ყველაფერს ახალს და უცხოს, როგორც კარგს, ისე ავს, გურულები ადვილად ითვისებენ.

ამის თაობაზე ანეკდოტიც კი არსებობს: საქართველოში რევოლუციის მოხდენას გადაწყვეტენ. დაუვლიან ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს, მაგრამ ყველა სხვადასხვა მიზეზით - ყანა მაქვს გასათოხნი, ღობეა შესაკეთებელი, ბოსტანია მოსავლელი და ა.შ. - უარით ისტუმრებს. როცა გურიაში ჩავლენ და გურულებს საქმის არსს მოახსენებენ, ისინი დაუფიქრებლად შეეკითხებიან: როდის დევიწყოთ?

როგორც ცნობილია, საქართველოში პირველი მარქსისტული ჯგუფი გურულების, კერძოდ მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებლის ეგნატე ნინოშვილის მეოხებით დაფუძნდა (აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლების ქართულ პრესაში ქართული ინტელიგენცია უკვე მსჯელობდა ევროპაში მარქსიზმის გავრცელების შესახებ. იმ დროიდან ჩვენში მარქსისტული ლიტერატურაც გაჩნდა). ამ ჯგუფს „მესამე დასი“. ეს სახელი ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სილიბისტრო (სილვა) ჯიბლაძის საპროგრამო სიტყვის შემდეგ, გიორგი წერეთელმა შეურჩია. მარქსისტების პირველი კრება გაიმართა ზესტაფონში 1892 წლის 25 დეკემბერს, შობადღეს, 12 კაცის შემადგენლობით: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, მიხა ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ევგენი ვაწაძე, ისიდორე კვიცარიძე, იოსებ კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ კალაძე და სილიბისტრო ჯიბლაძე.

შეხვედრის მიზანი საქართველოსთვის განვითარების ახალი გზის გეგმის შემუშავება იყო. ორი დღე-ღამის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა - რუსული მიმდინარეობა აერჩიათ თუ მარქსიზმის პოზიციაზე გადასულიყვნენ. საბოლოოდ, ჯგუფი მარქსიზმზე შეჩერდა.

***

„მიუხედავად მძლავრი ქრისტიანული მრწამსისა, ცრურწმენა ყველა სოციალურ წრეში იყო გავრცელებული. ბავშვობის ხანაში... ჰქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და სასწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს... ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვ. ბავშვებს ჰყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს - ყველა დანარჩენი“, - იგონებდა ნოე ჟორდანია.

 ***

ცნობილი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი, როცა ინგლისში ცხოვრობდა და „ცნობის ფურცელში“ ლონდონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს, იხსენებდა 1903 წლის აპრილში „ბაფალო ბილის“ შოუში მონაწილე გურულ მოჯირითეებთან შეხვედრას:

„გურულები რამდენჯერმე ვნახე. ქართული გაზეთების ახალი ნომრები მივუტანე, ზოგიც ფოსტით გავუგზავნე. ისეთის დიდის ინტერესით სტაცეს ხელი ამ გაზეთებს, რომ სწორედ გაშტერებული დავრჩი. მაგრამ ამაზე ძლიერ უფრო მაშინ გავშტერდი, როცა ერთმა გურულმა მთხოვა: ლონდონის უნივერსიტეტის პროგრამა მიშოვე, ჩემის ძმისათვის მინდაო; აქედან ფულს ვუგზავნი და საშუალო სასწავლებელში ვზრდიო; გავოცდი მაშინაც, როცა მეორე გურულმა მიამბო: ჩემი ძმა სამკურნალო ფაკულტეტს ათავებს და ფულს აქედან ვუგზავნიო. შევყურებდი ამ გურულებს და თან სიხარულისგან ძლივსღა ვიდექ ფეხზე. კაცებმა რუსული ლაპარაკი არც კი იციან (ბ. ქაჯაიას გარდა, რომელიც ამათი მეთაურია და რუსულიც კარგი იცის), მეცნიერებისა არაფერი არ გაუგონიათ და თავიანთ ნაშოვარ ფულით ძმებს ჰზრდიან უმაღლეს სასწავლებლებში“, - ასე ვფიქრობდი და ძლიერ ვკვირობდი.

თუ ეს იშვიათი საარაკო შემთხვევა არაა, თუ გურიაში და მთელ საქართველოში საშუალო სოფლელი კაცი ასე აფასებს მეცნიერებასა და განათლებას - ეს ძლიერ კარგი ნიშანია, ეს მომავალი განვითარების თავდებია და თანაც იმის მაჩვენებელია, რომ ძველთაგანვე განათლებულ და კულტურულ ხალხს ღირსეული და საკადრისი შთამომავლები ჰყოლია.

***

რუსულ გაზეთს ასეთი ფაქტი მოჰყავს: რკინიგზიდან 25 ვერსით დაშორებულ ჩოხატაურში ფოსტა კვირაში ორჯერ მისდიოდათ. პრესა ყოველდღე რომ ჰქონოდათ, გლეხებმა საკუთარი ხარჯით დაიქირავეს ცხენოსანი, რომელიც ყოველდღე გაზეთებით ამარაგებდა ჩოხატაურელებს. ამის შემდეგ ხალხი იკრიბებოდა, გაზეთებს ხმამაღლა კითხულობდა და მსჯელობდა. „ჰხედავთ, -წერს გაზეთი, - გურულები ისეთი ველურები არ არიან, როგორც პეტერბურგში ჰგონიათო“.

***

1905 წელს საქართველოში, მათ შორის გურიაში, მოგზაურობდა ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერნესტ პული. ლანჩხუთის რაიონში ის შეხვდა ერთ ადგილობრივ ექიმს, რომელმაც აუწყა, რომ ლამის ყოველ ღამე მასთან ამოჰყავთ ახალგაზრდა გოგონები, რომელთაც გაუპატიურების გამო სისხლდენა ჰქონდათ. მან ასევე მოუყვა, თუ როგორ იძალადა ოცმა კაზაკმა ერთი კვირის წინ ერთ გოგონაზე, რომელიც მომდევნო დღეს გარდაიცვალა. „ადამიანები კი არა, ეშმაკები არიან!“ - ამბობდა ექიმი.

ყველაფერს ზღვარი აქვს და გლეხებსაც ევსებოდათ მოთმინების ფიალა. ერთხელ სოფელ აკეთში ერთმა კაზაკმა მოინდომა ქალის გაუპატიურება, მაგრამ გლეხებმა ის წალდებით დაჩეხეს. შედეგად, კრილოვის ბრძანებით, სოფელი ლამის მიწასთან გაასწორეს.

***

მთავრობამ ბევრი სკოლა და თითქმის ყველა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, როგორც „ბუდე რევოლუციისა“ დახურა: „გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო“. რასაც გურულები ასე გამოეხმაურნენ: „რუსეთის განათლების მინისტრი კი არ ანათებს, პირიქით, აბნელებსო“.

***

მალე გურულ გლეხთა მოთხოვნები გასცდა ვიწრო აგრარულ და სოციალურ საკითხებს და მათი გამოსვლა უკვე ისახავდა ფართო პოლიტიკურ მიზნებს, ის საერთო განმათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა.

„ყველანი ყელამდე ვალში ვართ გურულების წინაშე, - წერდა იაკობ გოგებაშვილი, - მათ პირველებმა გაიღვიძეს, აირჩიეს განმათავისუფლებელი გზა, შეიმუშავეს ნამდვილი დემოკრატიული პროგრამა და ამ სამაგალითო პროგრამის განხორციელებას შეუდგნენ სამაგალითო მხნეობით, იშვიათის გამბედაობით, საარაკო ვაჟკაცობით“.

იაკობ გოგებაშვილი საჭიროდ მიიჩნევდა დაარსებულიყო საყოველთაო ფონდი, რომელიც დახმარებას გაუწევდა ჯერ გურულებს და მერე სხვა გაჭირვებულ მებრძოლ ქართველებს და პირველმა ფონდში ასი მანეთი შეიტანა.

***

გურულები თურმე ამბობდნენ, რომ უნდა სიყვარულით იქორწინო და არა ფულსი გულისთვის, ამიტომ მათ, ვინც მზითვი მიიღო, ურჩიეს უკან, პატარძლის მშობლებისთვის დაებრუნებინათ. ზოგიერთი ასეც მოქცეულა. თუმცა თუ მშობლები თავისი სურვილით მისცემდნენ მზითევს, სიძეს უარი არ უნდა ეთქვა.

***

გურული ბავშვებიც კი სახალხოდ ამბობდნენ მეფისა და მთავრობის საწინააღმდეგო ლექსებსა და სიმღერებს. კაზაკებისა და პოლიციისთვის საბაბი რომ არ მიეცათ, ახალი თამაში მოიგონეს: აუშვებნდნე ხეზე პატარა ბიჭს, რომელსაც ნიკო ერქვა და მერე კი ყველა ერთხმად ყვიროდა - „ნიკოლოზ, ძირს ნიკოლოზიო!“ პოლიცია ამ შემთხვევაში უძლური იყო, რაიმე ეღონა. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, მთავრობას არ შერცხვა და 10 და 12 წლის ბავშვებიც კი დააპატიმრა და ციხეში ჩაყარაო.

***

ვისაც გურიის რევოლუციის კომიტეტი სიკვდილის განაჩენს გამოუტანდა, მას უგზავნიდნენ წერილს, რომელზეც გამოხატული იყო თოფი და კუბო და ადრესატს ამიერიდან მხოლოდ სასწაული თუ იხსნიდა. თანაც კომიტეტის მიერ მიზანში ამოღებული მსხვერპლი ისე უნდა დასჯილიყო, რომ სხვებისთვის სამაგალითო ყოფილიყო. იმ წლებში კაცის კვლა, ეჭვმიტანილ პირთა (ანუ ვისი ბრალიც ჯერ არ იყო დამტკიცებული) განადგურება ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ალბათ, ერთადერთი კაცი, რომელზეც გურიის რევოლუციურმა კომიტეტმა სამჯერ მოაწყო ტერაქტი, მაგრამ სამჯერვე გადაურჩა სიკვდილს დათიკო შევარდნაძე გახლდათ. ცოტა ხანში კი, უწინ დევნილი შევარდნაძე სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას შეუერთდა და მისი ყველაზე სახელგანთქმული და საშიში წევრი გახდა.

***

გურიის შესახებ მთელი რუსული რევოლუციური მოძრაობა ალაპარაკდა. ლევ ტოლსტოიმ გურულებს რევოლუციის ავანგარდი უწოდა. აი, რას წერდა ის ცნობილ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწე ილია ნაკაშიძეს:

„ცნობები გურიიდან, როგორ გააუქმეს მთავრობა და გათავისუფლდნენ, ამავდროულად დაიწყეს უკეთსად ცხოვრება და ბევრად უფრო თავისუფალნი გახდნენ... ცნობები, რომელიც ყიფიანმა გადმომცა, ჩემი აზრით, ფრიად მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გავაცნოთ ხალხს ის დიდმნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც გურიაში ხდება. თუმცა ვიცი, რომ გურულებს წარმოდგენაც არა აქვთ ჩემი არსებობის შესახებ, მაინც ძალიან მოსურნე ვარ, გავუზიარო მათ ის გრძნობები და აზრები, რომლებსაც ჩემში იწვევს მათი გასაოცარი მოქმედება... გადაეცით მათ, რომ არის ერთი მოხუცი, რომელიც ოცი წლის განმავლობაში სულ იმაზე ფიქრობს და წერს, რომ ადამიანთა ყველა უბედურება გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ისინი სხვებისგან, ხელისუფლებისგან ელოდებიან დახმარებას და ცხოვრების მოწყობას, ხოლო როცა ხედავენ, რომ ხელისუფლებისგან შვებას ვერ იღბენ, მაშინ იწყებენ ხელისუფალთა გამტყუნებას, მათ წინააღმდეგ ბრძოლას... საჭიროა ერთი რამ: ის, რასაც აკეთებენ ისინი, გურულები... მოაწყონ საკუთარი ცხოვრება ისე, რომ არ სჭირდებოდეთ ხელისუფლება. მთელი ძალისხმევა უნდა იყოს წარმართული იქითკენ, რომ როგორც ისინი თავად ამბობენ, იცხოვრონ ქრისტეს გზით, იცხოვრონ სინდისიერად, აღასრულონ ერტი და იგივე კანონი ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის, და მთლი კაცობრიობისთვის. ეს კანონი კი მდგომარეობს იმაში, გიყვარდეს ნებისმიერი ადამიანი და გაუკეთო სხვას ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ. თუ ისინი იცხოვრებენ ღმერთის კანონებით, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. თუ ისინი ღმერთთან იქნებიან, ღმერთიც მათთან ერთად იქნება და არავის ძალუძს, მათ ხელი შეუშალოს“.

გურიის ამბებით აღფრთოვანებული დიდი მწერალი ცდებოდა, თითქოს გურულებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ მისი არსებობის შესახებ. პირიქით, მათ ბევრი რამ იცოდნენ ტოლსტოის შესახებ. როცა ილია ნაკაშიძე ათასკაციან კრებას მის წერილს უკითხავდა და იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ტოლსტოი ამბობდა, გურულებმა არაფერი იციან ჩემ შესახებო, ხალხმა პროტესტის ნიშნად ხმაური ატეხა, ტოლსტოის დიდი ხანია ვიცნობთ, განსაკუთრებით მის ზღაპრებსო და რომანს; გურიის მასწავლებლებმა 1906 წელს წერილიც კი გაუგზავნეს ლევ ტოლსტოის, სადაც სთხოვდნენ განემარტა მას სხვადასხვა საკითხი: პირველ რიგში, პრესაში გამოქვეყნებული რუსეთსა და კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან მიძღვნილ წერილთან დაკავშირებით და ასევე, აპირებდა თუ არა ის ნაწარმოების შექმნას, რომლის მოქმედება მოხდებოდა გურიაში.

უცნობია, რა პასუხი მისწერა ტოლსტოიმ გურულებს.

***

ისედაც აღელვებულ რუსეთის იმპერიაში ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო 1905 წლის 9 იანვარს, პეტერბურგში დატრიალებული ტრაგედია, „სისხლიანი კვირა“, როდესაც ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრაცია დახვრიტა. რუსეთში რევოლუცია დაიწყო. გურულები კი ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ.

მთელი გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტობრივად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გლეხთა რევოლუციური მოძრაობა საბოლოოდ ე.წ. რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. ოცნება, რომელსაც რუსი ინტელიგენციის რამდენიმე თაობა გადაყვა, საქართველოში ასრულდა - გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურამ რევოლუცია განახორციელა.

ლუიჯი ვილარი საკმაოდ დიდ დროს უთმობს იმდროინდელი გურიის აღწერას და ზუსტად გამოხატავს იმ სიტუაციას, რაც სუფევდა ამ პატარა მიწის მონაკვეთზე, რომელმაც გაბედა და უზარმაზარ მონსტრს - რუსეთის იმპერიას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა (სხვათა შორის, ვილარის ხსენებულ წიგნში გურიისადმი მიძღვნილ თავს „რესპუბლიკა“ ჰქვია):

„მატარებლიდან ჩამოვედით, დავიქირავეთ ეტლი და გავემგზავრეთ ოზურგეთში. რაკი რკინიგზა უკან ჩამოვიტოვეთ, მასთან ერთად გაქრა მღელვარება და საშიშროება დაპატიმრებისა, რადგან ახლა ჩვენ თავისუფალ გურიაში ვიყავით“.

როდესაც საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თავშესაფარი, ისინი საზღვარგარეთ კი არ გარბოდნენ, არამედ გურიაში ჩადიოდნენ და იქ თავს დაცულად გრძნობდნენ.

აკადემიკოსი ნიკო მარი წერდა:

„გურიაში რომ ჩავედი, იქ არც პოლიცია დამხვდა, არც სტრაჟნიკები, არც კაზაკები და არც ჯარისკაცები. გადასახადს არავინ კრებს, არ არის აქციზი. მთავრობის სასამართლოები და სხვ., თუმცა ახლაც ისევე ძველებური გაჭირვება სჩანს ყველგან, გაუგებარ ხალხის გაყვლეფა გაიძვერათაგან, ათასნაირი ცრუმორწმუნეობა, ცხოვრების სიძვირე, თითქმის წინანდელზე ზედმეტი სიძვირე.

სამაგიეროდ, თავისუფლება სრულია, პრესის, სიტყვის, სარწმუნოების, წარმოების თავისუფლება. აქ დაუბრკოლებლად მოსდით და იკითხება ისეთი გამოცემები, რომლის შენახვისთვისაც კი სხვაგან შესამჩნევ სასჯელს აყენებენ... კრება კრებას მოჰყვება და გარეშე კაცი გაოცებული რჩება, როგორ ახერხებენ სოფლელები მთელდღეობით კრებაზე დასწრებას, როდესაც ყანებში დიდი საშრომელი აქვთ... კრებებს ქალები მამაკაცებთან ერთად ესწრებიან“.

გურული ქალები იმავე უფლებებით იყვნენ აღჭურვილნი, როგორითაც მამაკაცები. მათაც ჰყავდათ საკუთარი ასისთავი, ათისთავი და საზოგადოების წარმომადგენელი. გურული ქალბატონები არც ერთ მიტინგსა და კრებას არ აცდენდნენ, ისინი მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სიტყვით გამოდიოდნენ საჯარო კრებაზე და ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხის გადაჭრაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ცნობილია, რომ მრუშობაში შემჩნეულთ თავად ქალები ამხელდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ცოლი მეტ აქტივობას იჩნდა, ვიდრე ქმარი. ქალები სასტიკად იცავდნენ და ასრულებდნენ რევოლუციური კომიტეტის ყოველგვარ განკარგულებას.

გურული ქალების შესახებ ედუარდ იუონი წერდა:

ქალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის ოთხ კედელს შორის იგი სრული მბრძანებელია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არაფრით დგას მამაკაცზე უკან - თვით კონსერვატიულ წრეებშიც კი, რომლებიც ახალ სოციალურ იდეებს არ თანაუგრძნობენ. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხალხი მუდამ მაჰმადიანებით გარშემორტყმული ცხოვრობდა და ახლაც მათი უშუალო მეზობელია“.

ექვთიმე თაყაიშვილი იოსებ მეგრელიძესთან საუბარში ყვებოდა, რომ როცა გურიაში ოსმალები შემოიჭრებოდნენ ხოლმე, კივილი და კაცების გარეთ გამოცვენა ერთი იყოო.

სოფელ ვანისქედში სირაძის ქალი ყოფილა მაკივარი. მისი ხმა თურმე ასკანაში ისმოდა და მეორე მხრივ კი ჭაჭიეთ-ბასილეთში; ყველა მტერს დაედევნებოდაო!

თურმე გურულების შეგნებულმა მოქმედებამ ძლიერ იმოქმედა 10-14 წლის მოზარდებზეც. მათაც მიბაძეს უფროსებს და კრებას კრებაზე მართავდნენ. მეამბოხეთა უმცროს თაობასაც ჰყავდა საკუთრი ათისთავები და ასისთავები. უფროსების წაბაძვით შეხვედრებზე ბავშვები ერთმანეთს მიმართავდნენ. კრებაზე უმთავრესი განსახილველი თემები ბავშვების ყოფა-ქცევა და ქურდობის საქმეების გარჩევა იყო, ანუ ვინც კიტრის, ხაპის, ნესვის მოპარვასა და სხვა მცირე დანაშულში იყო შემჩნეული. პაწიები კი ვართ, ამხანაგებო, - ასე იწყებდა ერთ კრებას თავმჯდომარე, - მარა თუ აქედან არ შევუდექით პატიოსნებას, გონების განვითარებას, ხასიათის გამოსწორებას და სხვა ამფრებს, მერე გვიან იქნებაო“.

კრებაზე დაადგინეს, რომ მოზარდმა არაფერი ჩაიდინოს, ცუდი სიტყვებით არავის მიმართოს, არ იეშმაკოს, ამხანაგებს არ წაეჩხუბოს, არ შეაგინოს, მშობლების გამგონე იყოს, არაფერი არ მოიპაროს, უთავბოლო თამაშობის ნაცვლად პატარა წიგნაკები იკიტხოს... არავინ არ გაბედოს ერთი მეორის რაიმეს გამომჟღავნება, თორემ... გამოეცხადებაო“. დამნაშავეს საჯაროდ აჩოქებდნენ მუხლებზე და ის ბოდიშს იხდიდა.

ასევე შემოიღეს ურთიერთდახმარების სალარო, სადაც თითოეულს თვეში ერთი შაური უნდა შეეტანა, ვისაც არ ჰქონდა შეტანილი, მის ვინაობას ასაჯაროებდნენ.

შეკრების დასასრულს ყველას პირობა ჩამოერთვა, რომ დადგენილებას არ უღალატებდნენ და ბავშვები ძახილით დაიშალნენ.

***
ბენია ჩხიკვიშვილი

როგორც ყველგან და ყოველთვის, გურულები აქაც გამოირჩეოდნენ ორიგინალურობით. მათ საკუთარი პრეზიდენტიც კი ჰყავდათ - ბენია ჩხიკვიშვილი. მას სხვანაირად გურიის მეფესაც უწოდებდნენ. მისი გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ რკინიგზაზეც, რომელიც ხან გაფიცულთა, ხან კიდევ ხელისუფლების ხელში იყო. ჩხიკვიშვილის ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ ბათუმიდან ან სამტრედიიდან მისთვის სადელეგატო მატარებელი მიეწოდებინათ.

ჩხიკვიშვილი ყოველთვის შეიარაღებული რაზმელების თანხლებით გადაადგილდებოდა და ყოველი შემხვედრი მოწიწებით გზას უთმობდა. იმ დროს კი იგი ჯერ 25 წლისაც არ იყო.

ბენია ჩხიკვიშვილზე, რომელმაც მთელი სიცოცხლე საქართველოსთვის ბრძოლას დაუთმო, ჩვენი ისტორიოგრაფია სხვადასხვა მიზეზთა გამო, დიდად არასოდეს ამახვილებდა ყურადღბას. პროფესიით მასწავლებელი ბენია ჩხიკვიშვილი ქუთაისში გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, ავრცელებდა პარტიის არალეგალურ ფურცლებსა და ლიტერატურას. იგი შესანიშნავი ორატორი ყოფილა, მის მოსასმენად ხალხი სპეციალურად იკრიბებოდა.
მოღვაწეობდა ბათუმში, კახეთსა და შემდეგ გურიაში. ბათუმში ყოფნისას მან გამოავლინა არაჩვეულებრივი ორგანიზატორული ნიჭი, დაგეგმა და თავად მონაწილეობდა რუსი ჯარისკაცების მიერ დატყვევებული ამხანაგის გამოხსნაში, რაც განუხორციელებლად მიაჩნდა უმრავლესობას. ჩხიკვიშვილმა ბრწყინვალედ გაართვა ამ საქმეს თვი და თვით სამხედრო წრეებში აუმაღლა რეიტინგი ბათუმის კომიტეტს, ხოლო ბენია ჩხიკვიშვილს გენერალ-გუბერნატორი შეარქვეს.

იგი მონაწილეობდა 1904 წლის იაპონიასთან ომთან დაკავშირებით ჩატარებული აღლუმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში. მაშინ პოლიციასთან შეტაკება მოხდა. ჩხიკვიშვილს ხელში დროშა ეჭირა და პოლიციელების მცდელობის მიუხედავად, დროშა ხელიდან ვერ გააგდებინეს.

ისიდორე რამიშვილი იგონებდა:

ერთხელ ბათუმში, მისი ბინის ჩხრეკისას მასთან მოულოდნელად ღიღინით შემოვიდა ბენია ჩხიკვიშვილი, რომელსაც ჯიბეები გატენილი ჰქონდა არალეგალური ლიტერატურით. დაინახა თუ არა პოლიცია, არ დაიბნა და შეწუხებული სახით რამიშვილს შეეკითხა: არ იცი, სად არის მღვდელი სიმონ თოთიბაძე, მამა მიკვდება უზიარებელიო. ეს თქვა, მიტრიალდა და სწრაფად გაშორდა იქაურობას. უკან დაედევნენ სტოი, სტოი, - უყვიროდნენ, მარა რას მიეწეოდნენ, ჩიტივით მიფრინავდა.

1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, გადასახლებიდან დაბრუნებული ბენია ჩხიკვიშვილი შავი ზღვისპირეთის რკინიგზის მუშათა რწმუნებულად გაიგზავნა, სოხმის დემოკრატიულმა თვითმმართველობამ კი ქალაქის თავად აირჩია. ჩხიკვიშვილი მენშევიკური მთავრობის ერთ-ერთ გავლენიან პირად იქცა: მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად და უკანასკნელ სახალხოდ არჩეულ თბილისის მერად. როგორც აღნიშნავენ, მის დროს დედაქალაქი გაეროვნულდა და წინ წავიდა.

ბენია ჩხიკვიშვილი, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი, იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში, მან გამოაჩინა ადმინისტრატორის ჩინებული თვისებები და 1920 წელს ბათუმის ოლქის შემოერთებისას გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. 1921 წლის თებერვალში კი ჩხიკვიშვილი აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

როცა 1921 წელს, წითელ არმიასთან ბრძოლები მიმდინარეობდა, გერონტი ქიქოძე მომსწრე გახდა ერთი ამბისა: ტყვეებს შორის მძიმედ დაჭრილები ერივნენ. ერთი მათგანი რატომღაც, ერთი სახლის აივანზე დაეწვინათ სოლოლაკში. ცალი ფეხი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა. გაფითრებული ტუჩებით პაპიროსი ითხოვა. ბენია ჩხიკვიშვილმა, რომლის ვაჟკაცურ გარეგნობას და ხასიათს მაღალი ცილინდრი და თეთრი ხელთათმანები ნაკლებად შეეფერებოდა, პორტსიგარი მიაწოდა. დაჭრილს ვიღაცამ უთხრა, პაპიროსით თბილისის გენერალ-გუბერნატორი გიმასპინძლდებაო. მომაკვდავმა ეს ცნობა გულგრილად მიიღო, მხოლოდ თამბაქო ხარბად მოსწია.

გასაბჭოების შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ემიგრაციაში გაემგზავრა, მაგრამ 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად უკან ფარულად დაბრუნდა. იგი დააპატიმრეს, სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს, ცოტა ხანში კი საქართველოში გამოამგზავრეს და სადღაც რუსეთის ტერიტორიაზე ნოე ხომერიკთან, გოგიტა ფაღავასთან, გიორგი წინამძღვრიშვილთან და ვასო ნოდიასთან ერთად დახვრიტეს... ამბობენ, ვაჟკაცურად შეხვდნენ სიკვდილსო.

***

როცა პროდუქტებთან დაკავშირებით კრიზისი წარმოიშვა, გურიის მცხოვრებნი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, მიჰქონდათ პროდუქტი. სამაგიეროდ, იღებდნენ იმას, რაც დასჭირდებოდათ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, პატრონი სახლში იყო თუ არა. სამი თვის განმავლობაში (1905 წლის ბოლო თვეები) ნამდვილი კომუნიზმი იყო გურიაშიო, სიამაყით უყვებოდა ნინო ნაკაშიძე ილია ჭავჭავაძეს, რაზეც მან ღიმილით უპასუხა: - ეს კომუნიზმი არ არის, ეს ურთიერთდახმარებააო.

***

გურულები მოითხოვდნენ სკოლებიდან სამღვდელოების ჩამოშორებას: არ გვინდა, რომ სწავლის საქმეში მღვდლები ერეოდნენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს მონობას უქადაგებდნენ და მათ ფხიზელ აზრს უბნელებდნენ. ჩვენ რა ხეირი დაგვაყარა მათმა მოთმინების ქადაგებამ? ვითმინეთ, ვითმინეთ, ვითმინეთ და ყველანი ზურგზე შეგვასხდნენ. მეტი მოთმენა ჩვენ აღარ შეგვიძლია და არც მათი ქადაგებისა გვჯერა რამე... თავისუფალი მოქალაქის ნაცვლად მონებად გვზრდიან“, - ამბობდნენ გლეხები.

***

გურული სასამართლოს პოპულარობა გასცდა გურიის ფარგლებს და 1905 წელს მისი გამოცდილება საქართველოს დედაქალაქშიც გაიზიარეს.

„სახალხო სასამართლომ ჩვენამდისაც მოახწია და აქაც იჩინა თავი. ამ დღეებში ჯიბგირები... ქუჩა-ქუჩა ატარეს სახედრებით. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯიბგირები შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, როგორ უშველონ თავიანთ საქმეს. ამოირჩიეს რწმუნებულები, გაჰგზავნეს პროგრესიულ პარტიებთან და შეუთვალეს, ჩვენ ამ ხელობით ვცხოვრობთ და სანამ სხვა ხელობას თქვენ თვითონ არ გვიშოვნით, ვერ დავანებებთ მას თავსაო. ჯიბგირებმა აგრეთვე დაადგინეს, სანამ ამ პარტიებიდან პასუხი მოვიდოდეს, ჯიბგირს თავი გაანებონ“.

***

ქართველი საზოგადოება წინ აღუდგა კავკასიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას და გურიის დარბევაზე ხელის აღება მოსთხოვა. იმავე ცნობით, სასწრაფოდ შედგა დეპუტაცია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან. [...] დეპუტაციას ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მთვრობა არ დააბრუნებს ალიხანოვ-ავარსკის, მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავისხათ და გურულებთან ერთად გავწყდეთო - „ляжем“ - ძვლებად დავიყრებითო (ეს განცხადება ილია ჭავჭავაძემ რუსულ ენაზე გააკეთა). ვაჟა-ფშაველას კი უთქვამს, ორას შეიარაღებულ ფშავ-ხევსურს ჩამოვიყვანო. ეს დეპუტაცია მოწმობს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იმ დროს ყველა სოციალური კლასის წარმომადგენელი ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი გურიისა და მისი ხალხის დასაცავად.

***

კრიმ-გრეი ხშირად პირისპირ ესაუბრებოდა გურულ გლეხებს და მათთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. ერთ ჩოხატაურელს ეუბნებოდა, - თქვენ, გურულები, იმიტომ ხართ ნიჭიერი და გონებამკვირცხლი ხალხი, რომ მდიდარი ბუნების კალთაში ცხოვრობთ და ბუნებამ გაგიხსნათ გონებაო. გურულმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: „რას ბრძანებთ, ბატონო, მჟავე ტყემალი ნამეტარს უხსნის ადამიანს გონებასო“.

***

ნიკო მარის თქმით, მცირემიწიანობის გამო გურულმა გლეხებმა სახნავ-სათესად გამოიყენეს ბაღ-ვენახები, რის გამოც მოისპო ადგილობრივი ყურძნის საუკეთესო ჯიშები, ხოლო მის მაგივრად კი შემოვიდა ადესა, იგივე იზაბელა, რომელსაც გლეხი ხეზე ან კიდევ ხეივანზე უშვებდა.

***

გურული გლეხების გულისხმიერ დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს გურიის ასაწიოკებლად გაგზავნილი დამსჯელი რაზმის ერთი რუსი ოფიცერი. მისი თქმით, ყველა გაოცებული იყო, რისთვის გაგზავნეს ამ მხარეში. გლეხები მათ კარგად ეპყრობოდნენ. ერთხელ ის მარტო მიდიოდა ტყეში და გული წასვლია. ბედზე ორმა გურულმა გლეხმა გამოიარა და საკუთარ სახლში წაიყვანა. მთელი ღამე უვლიდნენ, მთელი საწოლი წყლით გააფუჭეს, რომ გონზე მოეყვანათ. როცა ოფიცერი მოსულიერდა, ნახა, რომ იმყოფებოდა ღარიბულ ქოხში, რომელსაც მიწის იატაკი ჰქონდა და მას უვლიდნენ მტრები, ვისთან საომრადაც იყო გაგზავნილი. დამშვიდობებისას, მან თავის გადამრჩენელს მრავალჯერ გადაუხადა მადლობა და ხუთი მანეთი გაუწოდა, რათა ბავშვებისთვის, რომელბიც დახეული ტანსაცმლით ეზოში დარბოდნენ, ახალი სამოსი ეყიდა. გურულმა იუკადრისა და ფული არ აიღო. მე რომ დამხმარებოდით, ნუთუ თქვენ ჩემგან აიღებდით ფულს? ამ ჩემმა მტერმა დამიპყრო მე სიყვარულით, რომელიც ცხოვრების მთავარი ძალა და მამოძრავებელიაო, - ამბობდა რუსი ოფიცერი.

***

თბილისში ილია ჭავჭავაძე შეხვდა გურულების ჯგუფს და დაინტერესდა, რა მიზეზით დაესხნენ გურულები ნასაკირალზე პლასტუნებს თავს, რაზეც ერთმა გურულმა უპასუხა: „ჩვენ გვეგონა, ჩვენ დაგვესხა, თვარა ჩვენ როგორ დავეცემოდით. ჩვენ, ბატონო, ძმობა გვინდა ყველასთანო“.

***

ნასაკირალზე მომხდარმა თავდასხმამ და მაზრაში მიმდინარე უმართავმა მოვლენებმა ხელისუფლება განარისხა და ოზურგეთის მაზრაში ისევ გაგზავნეს ჯარი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით, რომელსაც გენერალ ფიოდორ გრიაზნოვის ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე, ყოველმხრივ ოზურგეთამდის და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც მთელი სოფლები მოესპოთ, სახლები გადაებუგათ და მცხოვრებნი დაეპატიმრებინათ - წერდა მოგონებებში ექვთიმე თაყაიშვილი.

ისიდორე რამიშვილის ცნობით, მას ვორონცოვის ხიდზე ეტლით მიმავალი სულთან კრიმ-გრეი შეხვდა, რომელსა გულში სიმპატია ჰქონდა გურულებისადმი და საიდუმლო  ხმით წაილაპარაკა: - სისხლი სწყურიათ, გურიაში იგზავნება დამსჯელი ექსპედიცია ფართო უფლებებით და მიიღეთ ზომები, გადაარჩინეთ ხალხიო; საჩქაროდ გააქანა ეტლი და გაქრა.

ქართველი საზოგადოება კვლავ აღსდგა გურიის დასაცავად. თბილისში, ნაძალადევში გაიმართა 3000 კაციანი მიტინგი, რომელმაც მოითხოვა გურიის დასარბევად წასული ჯარის გამოწვევა და სამხედრო წესების მოხსნა. გურიაში მომხდარ ამბებს გამოეხმაურა სრულიად რუსეთის გლეხთა კავშირის, სახალხო მასწავლებელთა და სახალხო განათლების მუშაკთა გაერთიანებული კრება, რომელმაც ქართველ მებრძოლებს, კერძოდ გურულებს, მისასალმებელი და გამამხნევებელი დეპეშა გაუგზავნა.

ვორონცოვ-დაშკოვს კახეთიდან ჩამოსული ივრის ხეობის სხვადასხვა სოფლის წარმომადგენელთა 30-კაციანი ცხენოსანი დელეგაცია ეწვია, მათ საყოველთაო გაფიცვის მუქარით მოითხოვეს სადამსჯელო ჯარის შეჩერება.

„კახეთიც აამღელვარა თავისუფლებისთვის მებრძოლი გურიის განსაცდელმა. კახეთმაც ხმა ამოიღო და ადგილობრივ მთავრობას გურულების საქმეში თავისი გადაჭრილი სარჩელი გამოუცხადა. სოფლის წარმომადგენლები ცხენდაცხენ ჩამოვიდნენ ტფილისში, თანაგრძნობა გამოუცხადეს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გურიის გამსარჩლების საქმეში, მივიდნენ გაზეთის რედაქციებში და მათ გურულების გამოსარჩლება დაავალეს, გამოცხადდნენ ნამესტნიკთან. შეხვედრაზე კახელების წარმომადგენელმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მწერლმა იოსებ იმედაშვილმა ვორონცოვ-დაშკოვს ასე მიმართა: უკან ქალაქს 5000 კაცი ამომდგარი გარე კახეთ-ივრის ხეობის გლეხობაა, რომელნიც, თუ სხვა ვერაფერი გააწყვეს, თვიანთ ძვლებს აქ დაჰყრიან. ჟურნალ-გაზეთები ხალხს მოუწოდებდნენ, დახმარების ხელი გაეწოდებინათ გურიის მოსახლეობისთვის და ფულის შეგროვება დაეწყოთ.

დავით სარაჯიშვილის ბინაში შეიკრიბნენ ქართველი ინტელიგენტები და გადაწყვიტეს, რომ ვორონცოვ-დაშკოვთან კიდევ ერთხელ გაეგზავნათ დეპუტაცია, რათა ეთხოვათ, რომ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი გამოეწვია და გურია დაღუპვას გადაერჩინათ. ილია ჭავჭვაძემ ამჯერად წასვლაზე უარი განაცხადა, რადგან „ცოტა ხნის წინათ ვირწმუნებოდით, რომ გურულები მთავრობას აღარავითარ წინააღმდეგობას აღარ გაუწევენო“.

ახალი დეპუტაციის წევრები: ეპისკოპოსი გიორგი, გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოადგილე თავად ა.ი. ჯამბაკურ-ორბელიანი, ქალაქის მოურავის მოადგილე ვ.ნ. ჩერქეზიშვილი, თავადები: ვ.გ. მაჩაბელი, ვ.ს. მიქელაძე, პ.დ. ერისთავი, ასევე დ.ზ. სარაჯიშვილი, ი.ი. ზურაბიშვილი, ე. თაყაიშვილი მეფისნაცვლას ეწვივნენ. ვორონცოვ-დაშკოვმა ისინი თავის კაბინეტში მიიღო.

ყურადღებით მოუსმინა ყველას და პასუხად უთხრა: „ამბობთ, რომ გურულები არ არიან რუსეთის მთავრობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს საიდან ჩანს? ჯერ ერთი, სამი წელიწადია სახელმწიფო გადასახადი არ შემოუტანიათ, მაზრის უფროსი გააძევეს, რუსის პოლიცია მოხსნეს, სამომრიგებლო სასამართლო გაიჩინეს, ესეც არ აკმარეს და ახლა ჩვენს ჯარს დაესხნენ და ამოწყვიტეს... მე ახლა ჯარის დაბრუნება უკან აღარ შემიძლია, ეს ყოვლად შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა“.

ამ პასუხის შემდეგ, ნებართვის გარეშე, ექვთიმე თაყაიშვილმა საუბარი დაიწყო:

„მმართველის მოვალეობაა მშვიდობიანი გზით გადაჭრას ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სამხედრო რეპრესიების დაუხმარებლად, როცა კი შესაძლებელია. მე თვითონ გურული ვარ, - კარგად ვიცნობ გურიას და ღრმადა ვარ დარწმუნებული, მათ რომ სცოდნოდათ მანიფესტის ამბავი... ეს ინციდნეტი არ მოხდებოდა, ვინაიდან მანიფესტი იძლევა ყველაფერს, ან თითქმის ყველაფერს, რასაც ისინი მოითხოვდნენ და ესწრაფვოდნენ... ჯერ კიდევ საკითხავია, გურულები დაესხნენ თავს სამხედრო რაზმს, თუ სამხედრო რაზმი გურულებს“.

ექვთიმე თყაიშვილი დეპუტაციის სახელით დაბეჯითებით მოითხოვდა მეფისნაცვლის ნდობით აღჭურვილი პირის გაგზავნას გურიაში. ვორონცოვ-დაშკოვი ცოტა ხნით გაჩუმდა და დეპუტაციას გამოუცხადა, - „დავფიქრდები და შემდეგ გაცნობებთო“. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მათ აცნობეს, რომ ვორონცოვი თანახმაა, გურიაში გაიგზავნოს დეპუტაცია.

როცა ეს ამბავი ილია ჭავჭავაძემ გაიგო, გაუკვირდა და თქვა: „დიდი, დიდი მიღწევაა, მე არ მოველოდი ამას“.

***

1906 წლის 9 იანვარს, „სისხლიანი კვირის“ წლისთავის აღსანიშნავად, ოზურგეთში, მთავარ მოედანზე თავი მოიყარა გურიის თითქმის ყველა წითელრაზმელმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, დაახლოებით 10 000-ზე მეტმა კაცმა. მათ შორის ორი ათასი დემონსტრანტი თვითნაკეთი ბომბებით იყვნენ შეიარაღებული. შეკრებილებმა დროშებით და სიმღერით მთელი ქალაქი შემოიარეს, მიტინგი გამართეს, სადაც გამოვიდა ჩხიკვიშვილი, რომელმაც ასე დაასრულა სიტყვა: „ძირს სამარცხვინო მთავრობა, ძირს თვითმპყრობელობა, გაუმარჯოს რესპუბლიკას!“

***

ქვეყნის სხვადასხვა ადგილას იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები და საღამოები, ხოლო შემოსავლები გლეხებს ეგზავნებოდათ. ერთ-ერთმა პირველმა ილია ჭავჭავაძემ შეიტანა 25 მანეთი. თურმე კომიტეტის ერთი წევრი, რომელიც ნინო ნაკაშიძეს მოხსენიებული ჰყავს, როგორც N, ამდგარა და განუცხადებია, დავალებული მაქვს, გადმოგცეთ, რომ ილია ჭავჭავაძის შემოწირულობა არ მიიღოს კომიტეტმა და ეს უნდა განაცხადოს გაზეთშიო. ამაზე ამტყდარა ცხარე კამათი, შემდგომმა მოვლენებმა კი ეს ამბავი დავიწყებას მისცა.

დაპირისპირების ერთ-ერთი დასტურია ილია ჭავჭავაძის და ლიდერის ნოე ჟორდანიას საგაზეთო პოლემიკა.

„თუ თავდაპირველად ქართველი სოციალ-დემოკრატების პროგრამაში ეროვნული სოციალიზმის იდეებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, XIX - XX საუკუნეების მიჯნაზე იქ ფეხს იკიდებს რუსული სოციალ-დემოკრატიის იდეები, რის გამოც ხდება დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობასა და ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით. წელს ლონდონის ყრილობაზე... ქართველი სოციალ-დემოკრატია პროგრამულადაც და ორგანიზაციულადაც საბოლოოდ რუსის სოციალ-დემოკრატიას შეუკავშირდა.... - წერდა გერონტი ქიქოძე, - აქედან იწყება ჩვენი მესამე დასის გადაგვარება, მისი გათქვეფა რუსულ უსახო და უფორმო ოპორტუნიზმში. ერთ დროს ამ ხალხმა თითქმის სრულიად დაივიწყა საკუთარი ტრადიციები და რუსულ-ებრაული ჟარგონი შეითვისა. გადაგვარების პროცესმა არ დაინდო თვით ნოე ჟორდანია. სექტანტურმა ჟინიანობამ დაჩრდილა მისი ნათელი აზროვნება, მენშევიკებისა და ბუნდისტების გავლენამ მას ნაკლებ სასიქადულო სტრიქონები უკარნახა ფედერალისტებისა და ტერიტორიული ავტონომიის წინააღმდეგ“.

იმის მაგივრად, რომ მარქსისტებს საკუთარი ძალები სხვა გზით წარემართათ, მოწინააღმდეგედ ის ადამიანები, ის ჯგუფი ამოირჩიეს, რომელსაც პატრიოტულად განწყობილი საქართველოს დიდი ნაწილი უჭერდა მხარეს. კიცხავდნენ მესამედასელებს ეროვნული ნიჰილიზმისა და ინდეფერენტიზმისთვის, ამ უკანასკნელთ კი ეროვნული არაფერი აინტერესებდათ. მათი აზრით, მუშას, რევოლუციის მამოძრავებელ ძალას, სამშობლო არა აქვს, ერი მაშინ გათავისუფლდება, როცა ქვეყანაში სოციალიზმი გაიმარჯვებდა.

1918 წელს, თითქოს ციდან ჩამოვარდნილი დამოუკიდებლობის შესახებ ნოე ჟორდანია წერდა:

„დღის წესრიგში დაისვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს იყო სრულიად მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ამბავი, მისი გატარება ჩვენს რევოლუციურ ორგანიზაციაში გახდა დიდი თავსამტვრევი ამოცანა“.

დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობა გამომდინარეობდა იმდროინდელი მსოფლიო სიტუაციიდან, როცა რუსეთმა საქართველოზე კონტროლი დაკარგა, შიდა ეროვნულმა ძალებმა მოძრაობა დაიწყეს და აქედან გამომდინარე, სოციალ-დემოკრატები იძულებულნი იყვნენ, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, დამდგარიყვნენ ეროვნულ ნიადაგზე, ანუ გადაედგათ ის ნაბიჯი, რის წინააღმდეგაც ისინი წლების განმავლობასი გააფთრებით იბრძოდნენ.

სოციალიზმის კრიზისმა და დაშლამ ხელი შეუწყო ქართველი მენშევიკების თვითგამორკვევას, მათ მობრუნებას საკუთარი წარსულის, ე.ი. მესამე დასის ტრადიციებისკენ.

ნებსით თუ უნებლიეთ, მომდევნო არასრული სამი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჟორდანიას მთავრობის მიერ შექმნილი საქართველოს კონსტიტუცია, რომლის შესახებ გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰანს დიტრიხ გენშერი ამბობდა, რომ იმ დროისთვის კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე.

უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებას, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რამზეი მაკდონალდის თქმით კი, მისი სურვილი იქნებოდა ასეთივე კონსტიტუცია საკუთარ ქვეყანაში ეხილა.

კონსტიტუციას რეალურად არ უმოქმედია, რადგან მიღებიდან რამდენიმე დღეში საქართველო საბჭოთ რუსეთში დაიპყრო.

***

გურულებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს მწერალსა და ჟურნალისტ ბ. ნევინსონზე, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად აოხრებული გურიის სანახავად იყო ჩასული. მათ დაათვალიერეს და ფოტოზე აღბეჭდეს გადამწვარ-დანგრეული შენობები, მოინახულეს კარვებში საზამთროდ თავშეფარებული ოჯახები - ბარბაროსობის მსხვერპლნი. ჩასულები განცვიფრებულნი დარჩნენ გურულების გულმაგრობითა და თავდაჭერილობით.

„არ გაგვიგონია არც ტირილი, არც კვნესა, არც ჩივილი... ისე ღირსეულად ეჭირა თავი ყველას, კაცსა თუ ქალს, ბავშვებიც კი სერიოზულად გვიგდებდნენ ყურს“.

გლეხებმა უცხოელ სტუმარს უამბეს წლების ამბები, გლეხთა რესპუბლიკა, კრებები, გასამართლება მთელი ყრილობის წინაშე...

„როდესაც ჩვენმა მასპინძლებმა ხელი ჩამოგვართვეს და ღამე ნებისა გვისურვეს, - წერს ჩერქეზიშვილი, - ნევინსონმა წამოიძახა: „რომ არ მენახა, არაფრით არ დავიჯერებდი, რომ ეს ზრდილი მოსაუბრენი უბრალო გლეხები არიან. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, მოგვითხრობდნენ ტრაგედიას, რომელიც ეს-ესაა თავს გადახდათ და ყველა ამას ჩადიოდნენ როგორც უმაღლესად და უფაქიზესად აღზრდილი ხალხი“.

***

1906 წლის იანვრის ბოლოს, გურიის 25 საზოგადოებიდან, მთავრობის ერთგულებაზე მხოლოდ ექვსს ჰქონდა მიღებული ფიცი. მაგრამ ერთგულებაზე დაფიცება სოფელს არ შველოდა და მათ დამსჯელი რაზმი ისევე ექცეოდა, როგორც ერთი მელექედურელი ქალი ყვებოდა:

„სულ არ მოველოდი, დაფიცებული ქე ვიყავით ერთგულებაზე და რა ვიცოდი მე უბედურმა, მაინც თუ დამწვავდნენ. საღამოს... თერთმეტი კაზაკი დევინახე. მეც მომადგნენ კარზე და... საჭმელი მოითხოვეს... ჩვენ ვახშმათ ლობიე და მჭადი გვქონდა, მარა იგინიზა შენახული ხორცი მქონდა. გამოვიღე და მივართვი, ღვინო, ცხელი მჭადი... აფერი დამიკლია... ეგერ მიღმა დაჯდნენ და დეიწყეს ჭამა, კიდევაც ათავებდნენ, რომ საცხაიდან მოარდა დაკაპიწებული ერთი კაზაკი, შემოურბინა სახლს და გუუქნია სფიჩქა. ცეცხლმა იბდღიალა და ავარდა ზეით. მაშინათვე მე მივაშურე შვილებიანა, ერტმა ჩემმა შვილმა კიბე მუარბენია, მიიდგა, უნდოდა დამიეძრო ისლი, მარა სწორედ ამ დროზე მუარდა აი თერთმეტი ნავახშმევი კაზაკები და ჩამოათრიეს ძირს. ჩემმა მეზობელმა ბრმა კაცმა მუაშურა, უნდოდა რაცხა მომხმარებოდა, მარა ერთმა კაზაკმა იშიშვლა სატევარი და გამოეკიდა ამ ბერიკაცს. იმის შიშმა ცალკე მომკლა მე უბედური, მარა რას ვიზამდი, კივილის მეტს? ...დამჯდარი ბატი მყავდა, იმას მაინც გადავარჩენდი, რომ იმის სიცოდავემ მომკლა. ამ დროზე გევიხედე, რომ კაზაკს დუუგდია მიწაზე ჩმი უნცროსი ბაღანა, და დუუბიჯებია მუხლი გულზე... დედავ, თვალი რეიზა არ დამეფსო მე საცოდავს, ამის მაყურებელს... ჩემი სახლი, ჩემი სიყმის ნაკტავ-ნანწვავები რაფერ ჩამოხვავდა, თათარს და ურიას შეებრალებოდა. ნახევარ საათში გაქრა... საღორეც კი დამიწვეს... ახლა სხვისას ვაგდივარ“.

გამომცემლობა „აზრი“, 2016წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში